არამშვიდობა – საქართველოს დაქცევის ვარიანტები


”არამშვიდობა”
———————-
04.08.2009

ქ-ნმა იამ დასვა ძალიან სერიოზული კითხვა, რომ ”თუ არ იქნება სამართალი – არ იქნება მშვიდობა” (მარტინ ლუთერ კინგი, და არა სტივენ კინგი, როგორც ბატონ არმანდუჩის ზოგჯერ ეშლება!), მაშინ რა შეიძლება იყოს ამ ”არმშვიდობის” ვარიანტები.

ჩემი არამეცნიერული ლოგიკით შევეცდები მოგაწოდოთ ის ვარიანტები, რაც მე არასასურველად, მაგრამ პოტენციურად საკმაოდ შესაძლებლად მიმაჩნია.

არამშვიდობა 1. – ”1937/1984”
————
– ეს უკვე გავლილი გვაქვს.
და ეს უკვე გამეორებით იწყება.

საქმე ეხება ხერხემლის გარკინებას, ან გაძვალებას მაინც. შეიძლება თქვათ -ხერხემალი ისედაც ძვალი არააო?

არა, ბატონებო. ხერხემალი ძვლების შემცველი სტრუქტურაა, მაგრამ დრეკადი, თუმცა მისი გაძვალება ორგანიზმის მოძარაობის ფუნქციის დაკარგვას იწვევს.

მაშ ასე, ვანო მერაბიშვილის მსახვრალი ხელი იწყებს პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ გაფართოებულ დაშინება-დასჯის ოპერაციას. პირველ რიგში იჭერენ პოლიტიკური პარტიების ხელმძღვანელების ახლობლებს და მათი ოჯახის წევრებს (რა თქმა უნდა, არაპოლიტიკური მოტივებით, რათა ახლადგამოჩეკილ ვითომ-სახალხო- და სინამდვილეში სახელმწიფოს-დამცველს საშუალება ჰქონდეს ეს დაჭერილები პოლიტპატიმრებად არც განიხილოს). ნებისმიერი მიზეზი – იარაღის ან ნარკოტიკის ჩადება,. მეზობლების მიერ განხორციელებული დასმენები, საკუთრების ჩამორთმევა, საგადასახადო ინსპექციის ყურით მოთრეული მიზეზები, სატელევიზიო შავი პიარი, სკოლებშო და ინსტიტუტებში მათი ოჯახის წევრების შევიწროება… ამას ემატება გაზაფხულის საპროტესტო აქციებში დაფიქსირებული პირების სამსახურებიდან განთავისუფლება ან ორგანეობში დაბარება და საპროცესო შეთანხმებაზე დაყოლიება სხვების ჩაშვების ფასად. მოკლე მუშნი ზარანდიას, და ვარლამ არევიძის მეთოდოლოგია შეფუთული დემოკრატიულობის ვარდისფერ ტონებში და გერშვინის მუსიკითა და ობამას მზის ფიცით.

გამოსავალი:
1ა) საქართველო იძირება დიქტატურაში.

დაახლოებით 3-5 წლის შემდეგ მასობრივი ემიგრაციის, საერთაშორისო დახმარების შეწყვეტის და წარმოების და ეკონომიკის სრული კრახის ფონზე ხდება სისხლიანი გადატრიალება, რომელსაც მოჰყვება რამდენიმეწლიანი ქაოსი. დასაშვებია საქართველოს დაშლა რამდენიმე რეგიონად, რომლებიც სხვადასხვა მარიონეტული ძალების და სხვადასხვა სახელმწიფოების მიერ იქნება კონტროლირებადი.

1ბ) საქართველო ახდენს ინტეგრაციას ასეთი რეჟიმის ბუნებრივ მოკავშირესთან – . რუსეთთან.

მიხეილ სააკაშვილი ქრება პოლიტიკური არენიდან, აბარებს რა ხელისუფლებას ვანო მერაბიშვილს. საქართველო უარს ამბობს ნატოსა და დასავლურ ღირებულებებზე, რაც სახალხო პროტესტის ტალღებით ფორმდება. საქართველო ხდება რუსეთთან ასოცირებული სახელმწიფო და ერთიანდება საქართველოს კონფედერაციაში სამხრეთ ოსეთთან, აფხაზეთთან და აჭარასთან თანაბარი უფლებებით. არაა გამორიცხული ამ კონფედერაციაში სხვა სუბიექტების – სვანეთი, სამეგრელო – გაერთიანებაც. სამცხე-ჯავახეთი გამოეყოფა საქართველოს და გადადის სომხეთის პროტექტორტში, რაც რამდენიმე ათწელულის შემდეგ სომხეთთან ამ რეგიონის სრული მიერთებით მთავრდება. არაა გამორიცხული იგივე მოხდეს აჭარის და თურქეთის შემთხვევაში. ასეთი ვარიანტი გამორიცხავს აზერბაიჯანის დასხლტომასაც რუსეთის გავლენიდან და იგიც ინტეგრირდება მინი-საბჭოთა კავშირის აღდგენილ იმპერიაში, რომლის არსებობის ხანგრძლივობა ასევე სათუოა, მაგრამ ამჯერად ამის განხილვას თავს ვანებებ.
საინტერესო ისაა, რომ ამ ვარიანტში რუსეთი ინარჩუნებს სამხრეთ კავკასიაში არსებულ ენერგომატარებლების ქსელის სრულ ინფრასტრუქტურას, რომელსაც რუსეთი და აშშ ერთობლივად აკონტროლებენ. არაა გამორიცხული, ამ ვარიანტის გათამაშების შემთხვევაში რუსეთმა სრული კარტ-ბლანში მისცეს აშშ-ს და ისრაელს ირანის მიმართ სამხედრო ოპერაციის განსახორციელებლად, რაც ლამის აღადგენს 70-იანი წლების იმპერიულ სტატუს-კვოს რეგიონში.

1გ) დასავლეთი ახდენს მიხეილ სააკაშვილის რეჟიმისაგან სრულ დისტანცირებას და იწყებს ოპოზიციური მოძრაობის აშკარა მხარდაჭერას.

დღეს ეს ვარიანტი ყველაზე ნაკლებმოსალოდნელად მეჩვენება, თუმცა მისი გამორიცხვა ძნელია და გამოყენებული მეთოდების პროგნოზირებაც პრაქტიკულად შეუძლებელი. არაა გამორიცხული, ამ შემთხვევაში, სააკაშვილმა, გარკვეული გარანტიების ფასად, დათმოს ხელისუფლება და რუსეთის ანექსიის დასავლეთის მხრიდან ნეიტრალიზიაციის შემთხვევაში (ეს შეიძლება იყოს დასავლეთის მხრიდან აფხაზეთის, მაგრამ არა – სამხრეთ ოსეთის ცნობა) საქართველოში დასავლური მეთვალყურობით ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები. რუსეთმა გაიყვანოს ჯარები სამხრეთ ოსეთიდან. ამ შემთხვევაში საქართველო შეიძლება გახდეს ევროკავშირის წევრიც კი, თუ უარს იტყვის აფხაზეთის ძალით დაბრუნებაზე. აღნიშნული შეიძლება განხორციელდეს მთიან ყარაბაღში კონფლიქტი მოწესრიგების პარალელურად, სადაც სომხეთმა შეიძლება დააბრუნოს აზერბაიჯანისგან მიტაცებული ტერიტორიები ნახიჩევანის ოლქის სანაცვლოდ.

——————

არამშვიდობა 2. ეკონომიკური კოლაფსი.

ოპოზიციის გახლეჩვის პირობებში და დასავლეთის მხრიდან ”შეჩვეული ჭირი სჯობს” დევიზით ხელმძღვანელობის ფონზე სააკაშვილის რეჟიმი ახერხებს საზოგადოების კიდევ ერთხელ ”დაშოშმინებას” დიადი მომავლის დაპირებებით, კონცერტებით და ახალი შადრევნებით. მაგრამ ვერ ახერხებს ეკონომიკის სტაბილიზაციას, ინვესტიციები მირაჟივით ქრება, 2010 წელს იწყება მზარდი ინფლაცია, ამას ემატება მოსახლეობის მზარდი სიდუხჭირე და სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების სრული კოლაფსი, რასაც მოჰყვება ოპოზიციის მხრიდან არამართული მილიონების მარში. სააკაშვილი დატოვებს ქვეყანას, რომელიც განწირული იქნება იგივე ხანგრძლივი ეკონომიკური პარალიზისათვის, როგორშიც რუმინეთი აღმოჩნდა ჩაუშესკუს შემდეგ. ნებისმიერი პოსტ-სააკაშვილური მთავრობა განწირული იქნება საგარეო ვალის პროცენტების და შინაგანად ამბოხებისათვის მზადმყოფნი ძალზე ფეთქებადი მასის მიერ რევოლუციური ვულკანური პროცესებისათვის. თუ არა სერიოზული და გრძელვადიანი დახმარების პროგრამა დასავლეთიდან (და ისიც – პატრიოტული და ეკონომიკურად სტრატეგიული ხედვის მქონე მთავრობის, და არა ახალი გრანტიჭამიების ხელში), საქართველო ვერ გადარჩება და მწიფე ლეღვივით ჩაუვარდება ხახაში რუსეთს.

—————-

არამშვიდობა 3. ტერორისტული ქაოსი.

სააკაშვილის (და მისი ”გუნდის”) ფიზიკური ლიკვიდაცია სულ უფრო ნაკლებად გამოსარიცხი ხდება იმის კვალობაზე, როგორ იზრდება ამაში დაინტერესებულ პირთა რიცხვი, და როგორ აშკარა ხდება, რომ ეს მთავრობა არასდროს არ დაუშვებს, ადგილი დაუთმოს სხვა ძალას.

მათი ხელისუფლებაში ყოფნის ყოველი დღე ახალი დანაშაულებებით, ახალი ვალებით და ქვეყნის სიმდიდრეების ახალი გაყიდვებით აღინიშნება. ამიტომ რაც უფრო დიდხანს ზიან სკამებზე, მით უფრო ღრმად ეფლობიან კრიმინალურ ჭაობში, რომლიდან გამოსავალი აღარ დარჩა.

თუ დუდაევის და ბასაევის ლიკვიდაციის დროს მაინცდამაინც არ იყო საჭირო მარჩიელობა იმაზე, ნეტა ვის აწყობდა ეს, ამჟამად დაინტერესებულ პირთა წრე გაცილებით დიდია. რაც იმის საფრთხეს ზრდის, რომ ვინმე მართლაც წავიდეს ამ საშინელ ნაბიჯზე, რადგანაც დიდი შანსია, რომ მასზე მაინც არ იფიქრბენ. და თუ იფიქრებენ, კვალის სხვა კარებამდე მიტანის მეთოდები იმის შანსს ტოვებს, რომ ეჭვები ბევრის მიმართ იარსებებს.

მინდა გასაგებად ვთქვა, მიხეილ სააკაშვილს, როგორც ”პოლიტიკოსს” მე ჩამოწერილად ვთვლი. მას ელემენტარულად პერსპექტივა აღ აქვს. მაგრამ მიუხედავად ამისა, როგორც ადამიანი, საქართველოს მოქალაქე და ერთდროს საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი (მიუხედავად ვარდების რევოლუციის ძალიან სათუო ”ლეგიტიმურობისა”, ვერავინ უარყოფს, რომ 2004 წელს იგი ქართველმა ხალხმა აირჩია), მე იგი ნამდვილად არ მემეტება ასეთი საშინელი დასასრულისათვის და მიმაჩნია, რომ ნებისმიერმა წესიერმა და პატრიოტმა პოლიტიკოსმა ეს ”გზა” უნდა გამორიცხოს. საქართველოც არ იმსახურებს კიდევ ერთ მოკლულ პრეზიდენტს.
ეს საქართველოს მართლაც დაღუპავს.

მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ – ეს ვარიანტი გამორიცხული სულაც არაა.

პუტინი იქნება ეს, თუ საქართველოდან წასული კრიმინალური ავტორიტეტები, მათ სწორედ რომ შეუძლიათ ასეთი ტერორისტული აქტის დაგეგმვაც, განხორციელებაც (ტყუილად ჰგონია, ვანო მერაბიშვილს, რომ იგი სუპერმენია, მისი სუპერმენობა კინო ”რუსთაველთან” ზონდერჯგუფების გაგზავნის, დაჩი ცაგურიას სასტიკად ცემის და ყალბი და დაუჯერებელი კინოფილმების დადგმით ამოიწურება, თორემ ”მოსადამდე” და CIA-მდე ჯერ ძაან შორია…) და სხვის კარებამდე – ვთქვათ, რომელიმე გამწარებული ქართველი პოლიტიკოსის პარტიის წევრამდე სისხლიანი კვალის მიტანაც.

გამოსავალი იქნება კატასტროფული!

ეს შეიძლება იყოს ყველას ომი ყველას წინააღმდეგ (თუ რა თქმა უნდა ეს თავად იმ ძალამ არ დაგეგმა და განახორციელა, ვისაც ამის პრევენცია ევალება, მაშინ მივალთ ვარიანტ 1ბ-მდე).

———————-

ვიცი, რომ ეს ყველაფერი ძალიან ზერელე და ძალიან დაუჯერებელი შეიძლება მოგეჩვენოთ. ზერელე რომ არის, გეთანხმებით.

მაგრამ, ნუ იფიქრებთ, რომ დაუჯერებელია. და დაფიქრდით იმაზე, რამდენი თქვენთაგანი წარმოიდგენდა 2003 წლის ბოლოს, რომ 2009-ში იქ ვიქნებოდით, სადაც ახლა ვართ!

მოგებული ყოველთვის არის ის, ვინც ყველაზე საშინელ ვარიანტსაც კი ითვლის. ხოლო ვინც ცუდ ვარიანტზე არ ფიქრობს, ყოველთვის მარცხდება.

ვიცი, ქ-ნ უნას ბ-ნი გოგის და ბ-ნი ნიკოს ბლოგების კითხვა უყვარს – კარგ ხასიათზე დგება… და მე ეს სულ არ მიკვირს.

ამ ქვეყანაში რომ არ დავბადებულიყავი, ან ამ ქვეყნიდან გაქცევა რომ მეფიქრა 1989-ში, 1992-ში, 1993-ში, 1999-ში, 2003-ში, 2005-ში ან 2008-ში, ალბათ მეც დეტექტიური სერიალების ყურებაში, ძველი რომის ქრონიკების კითხვაში და ”პინკ ფლოიდის” მოსმენაში გავატარებდი დღევანდელ საღამოს, მაგრამ…

ქ-ნმა იამ დასვა კითხვა.
მე შევეცადე, მეპასუხა.
ისე, როგორც შემიძლია.

დამიჯერეთ, თქვენზე ნაკლებად არ მინდა, რომ ყველაფერი კარგად იყოს.

თუნდაც – მიხეილ სააკაშვილის ხელში…

ბოლოს კი, ეპილოგის ნაცვლად, ცოტაოდენი ლირიკა Queen-ის რეპერტუარიდან:

Just look at all those hungry mouths we have to feed
Take a look at all the suffering we breed
So many lonely faces scattered all around
Searching for what they need

Is this the world we created?
What did we do it for?
Is this the world we invaded
Against the law?
So it seems in the end
Is this what were all living for today?
The world that we created

You know that every day a helpless child is born
Who needs some loving care inside a happy home
Somewhere a wealthy man is sitting on his throne
Waiting for life to go by

Is this the world we created?
We made it on our own
Is this the world we devastated
Right to the bone?
If theres a God in the sky looking down
What can he think of what weve done
To the world that he created?

თუ ვინმეს მოსმენა გინდათ, მგონი ეს კონცერტი შეუდარებელი იყო:

http://www.youtube.com/watch?v=8ziFgHslcs4

 

ავტორი: სოლომონი საიდან გვწერთ: თერნალი

06.03.2010 20:45

ასე მგონია, რომ დღეს ბლოგის მიტოვება არ შეიძლება. დღეს ჩვენს ქვეყანას უჭირს და ბეწვის ხიდზე გადის. წინა გასვლები ყოველთვის ჩავარდნით დამთავრდა, თან ის მომენტებიც კი, როცა ვითომ აღმავლობის გზას შევუდექით – შემდგომში სრული თუ ნაწილობრივი კატასტროფის საწყის წერტილად იქნა შეფასებული. არც კი ვიცი, რა ვთქვა – რა ბედი გვაქვს, რა ზნე გვჭირსა…
დღეს ქვეყანა გაცილებით უფრო მეტად გავს ქვეყანას, ვიდრე 1995, 1999 ანდა თუნდაც 2003 წელს. და მაინც სწორედ ამ სტრუქტურით ვითომდა და აწყობილ ქვეყანას აქვს გაცილებით უფრო მძიმე და სერიოზული პრობლემები, ვიდრე ამ წინა პერიოდებში. ქვეყანა არის სრული დეგრადაციის და დეზინტეგრაციის საშიშროების წინაშე, რადგან ხალხის ხელში ხელისუფლების ნატამალიც კი არ არის, ხოლო ვისაც ეს ხელისუფლება უპყრია ხელთ, აბსოლუტურად არ აინტერესებს არავინ და არაფერი, გარდა ერთისა, რომ ეს ხელისუფლება და ძალაუფლება მუდმივად და უფრო მეტი ხარისხითაც კი შეინარჩუნოს!. საკმაოდ დიდი ხნის წინ დავწერე რამდენიმე კომენტარი, სახელით “არამშვიდობა” და ასე მგონია, რომ მის შემდეგ ამ არამშვიდობის შანსი მხოლოდ თუ გაიზარდა და გამძაფრდა.

პრობლემა იმაშია, რომ რაც უფრო მეტად შევდივართ კრიზისში, მით უფრო აშკარა ხდება, რომ არსებული ხელისუფლება ამ კრიზისს ვერ მოერევა და მხოლოდ უფრო დაამძიმებს. მაგრამ რადგანაც ხელისუფლება საერთოდ არ განიხილავს თავისი მოვალეობების, უფლებების და პასუხისმგებლობების თუნდაც ნაწილობრივ გადანაწილებას საზოგადოებისა ან პოლიტიკური ოპონენტების მიმართ, ამიტომ ის თითქოს ცინიკურად ეუბნება მათ – ვიცი, არ მოგწონვართ, მაგრამ მე სულ ფეხებზე მკიდია, თქვენ რას ფიქრობთ – მინდა და ვანგრევ, მინდა და ვყიდი ქვეყანას, მინდა და ვარ კორუმპირებული, მინდა და ვუნაწილებს სიმდიდრეებს ჩემს კლანს და თქვენ კი სულ უფრო მეტად გიჭერთ ხუნდებს (ბიზნესი ხომ საერთოდ მოსპეს რეგულარული გატყავებებით), მინდა და ვანგრევ განათლებას, ჯანდაცვას, სოციალურ დახმარებას ვაძლევ არა იმას, ვისაც სჭირდება, არამედ ჩემს ისედაც მდიდარ მოყვრებს… თუ მაგრები ხართ, მოდით და გადამაგდეთ, მოდით და მომიგეთ გაყალბებული არჩევნები, მოდით და ნუ შეგეშინდებათ ჩემი ბინძური მეთოდების – დაშინების, ქონების წართმევის, სახელის გატეხვის, თავის გატეხვის, ნარკოტიკების ჩადების…

არ ვიცი, დამეთანხმებით თუ არა, მაგრამ თუ არ ჩავთვლით 1992-93 წლების ყველაზე შავბნელ პერიოდს, როცა საქართველოს ყაჩაღები მართავდნენ და როცა საშინელი ომი და ძარცვა-გლეჯა გადავიტანეთ, როცა მთელი არსებული ინფრასტრუქტურა დაინგრა, – მის მერე საქართველოს ასეთი ბანდიტი და უსირცხვილო მთავრობა არ ჰყოლია.

ამიტომ, მე მგონია, რომ მე ვიბრძვი და უნდა ვიბრძოლო.

ჩემი და თქვენი შვილების ბედნიერებისათვის.

იმისთვის, რომ რუკაზე საქართველო დარჩეს, ქართული ლექსი, ცეკვა და სიმღერა არ ჩაანაცვლოს სრულად ლექსსენის, “მულატკის”, და სტრიპტიზის ზედახორამ.

რომ მთელი საქართველო არ გადაბარგდეს ევროპასა და ამერიკაში და ჩინეთი და ნიგერია – ჩუღურეთში.

რომ პოლიციელი არ იყოს ერთადერთი დალხინებული პროფესიის აღმნიშვნელი და რომ სკოლის დირექტორებს არჩევნების გაყალბებისთვის არ აძლევდნენ პრემიებს.

ჰოდა, ვერ ვიქნები მე ვერც მშვიდი და ვერც უდრტვინველი. ვერ ვიქნები 100% ობიექტურიც ალბათ, რადგან განსხვავებით გავრცელებული ცინიკური გამოთქმისა – Nothing Personal, Just Business! ეს ყველაფერი – რად იქცა საქართველო და რა მოელის – ჩემთვის ძალიანაც პერსონალურია.

მე მზად ვარ ვიკამათო ყველასთან, ვინც სახეში სიაფანდს არ შემაბოლებს და ვის კედელზეც (ვოლზე :)) რამდენიმე შეყრილი ცერცვი მაინც შეიძლება დარჩეს…



Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s