პოსტი (7) ია ანთაძის ბლოგზე – “მოდით, ვილაპარაკოთ…”


ავტორი: სოლომონ
21.05.2009 00:43
გუბაზ,
კარგია, რომ თქვენი შეხედულებები გაგვაცანით, თორემ რაღაც ანეგდოტურ – ხაშლამაზე სულისმიმბერავ პერსონაჟად – აღგიქვამდი მეც და შეიძლება სხვებიც, ხოლო თქვენ ბოროტებაზე ფიქრობთ თურმე… ოღონდ არა კონკრეტულ, არამედ ზოგადსაკაცობრიო, როგორც ინგლისურად ამბობენ eternal evil – მარადიულ ბოროტებაზე.

ანუ, იმ დროს, როცა ჩვენ რაღაც კონკრეტული ლავიწის და ყვრიმალის ძვლები გვტკივა, ნეკნები, ხოლო ზოგს ელენთაც გაგვიხეთქეს და რაც მთავარია ქსნის და კოდორის ხეობები ამოგგვგლიჯეს თავის დედიან-ბავშვიან-მოხუცებიანად, თქვენ იმაზე ჩაფიქრებულხართ – ადოლფ ჰიტლერის უმრავლესობის გამარჯვება ხომ არ იყოო დემოკრატიის ნიმუში.

ორივე ხელი ამიწევია, გუბაზ!

მე თქვენთან ვერ მოვალ ახლოს! მე უფრო მცირე ფრინველად მიმაჩნია თავი და ჩემი ამოცანა იმად მიმაჩნია, მივხვდე, რითი ჰგავს და რითი ჯერ ვერა ეს ჩვენი, ვაგლახ, რომ ჯიშიანი, მაგრამ – ფარისეველი მმართველი სწორედ იმ ფსიქოპათს, რომელმაც “დემოკრატიული არჩევნებით” მოიგო და მოაჯდა ჯერ თავის ხალხს, მერე ევროპას, მერე მსოფლიოს და მერე ეს ყველაფერი კინაღამ ჯოჯოხეთში დანთქა.

გუბაზ, მართლა გგონია, რომ ჰიტლერი დემოკრატიული გზით აირჩიეს?

კარგად იცნობ მაშინდროინდელი გერმანიის საარჩევნო და პროპაგანდისტულ სისტემას, ჰინდენბურგის როლს ამ ავბედით გამარჯვებაში, ჰიტლერის დროებითი პარტნიორების დაბნელებულ ცნობიერებაზე გვაქვს შენ და მე სწორი და უტყუარი ინფორმაცია?

მე ნამდვილად ვერ დავიკვეხნი, თუმცა მაინტერესებს ეს დრო და მისი ლიდერები, მაგრამ არა მგონია, დღევანდელი თვალთახედვიდან 1927-1933 წლების გერმანია ჩამოყალიბებულ დემოკრატიად ჩათვლილიყო – ალბათ ზოგიერთ ასპექტებში დიდად არც განსხვავდებოდა საქართველოს დემოკრატიისაგან 1996-2003 წლებში, ზოგიერთში – წინ იყო, ზოგიერთში კი – შეიძლება ჩამორჩებოდა კიდეც.

მაგრამ ვთქვათ-და – ძალიან კარგი დემოკრატია იყო.
მერე?

ჰიტლერი რომ აირჩიეს, მერე რომ გაქრა, დააჩოქეს, დააჩმორეს და გააუპატიურეს ეს დემოკრატია, ესე იგი ვერ იყო მაგარი, ხომ? ანუ ეს დემოკრატია რომ მართლა იმდროინდელი გერმანელი ხალხის ძვალში და რბილში ყოფილიყო გამჯდარი, ვითომ ასე აიყოლიებდა ეს ნიჭიერი, ფსიქოპათი ეფრეიტორი (როგორი პარალელებია, ჰა?) მილიონებს?

ადამიანის ქონისგან რომ საპნის დამზადების მოწინავე ფრონტზე მუშაობს ვაჟკაცი, კაი მაგარი წარმოსახვა (ფანტაზია, როგორც „პროგრესული“ მწერს!) უნდა ჰქონდეს, რომ თავი დემოკრატად მიაჩნდეს, ხომ?
ავტორი: სოლომონ
21.05.2009 00:45
GUBAZ-s (Part 2)

ასე რომ, მე ნუ მომაწერ უმრავლესობის მოწიწებას!

გეთანხმები, რომ უმრავლესობა უხშირესად მცდარია!
მთავარი ისაა, რომ დემოკრატია უნდა იყოს არა უმრავლესობის ნების გამოხატვა უმცირესობის ნების გათელვით – ეს სწორედ რომ მაია ნადირაძის “დემოკრატიაა”, არამედ – უმრავლესობის ნების განხორციელება უმცირესობის ნების გათვალისწინებით!

ყოველმა უმრავლესობამ უნდა იცოდეს, რომ მისი უმრავლესობა ადრე თუ გვიან უმცირესობად იქცევა და ფაქტიურად თავის მომავალ სტატუსს უნდა სცემდეს პატივს, როცა თავის მოწინააღმდეგეს პატივს სცემს და არ სცემს (წიხლებით და ხელკეტებით!)

სტალინი არ გვინდა, რა! სტალინი უფრო მძიმე შემთხვევაა და მისი მოხსენება ამ კონტექსტში თქვენს ფილოსოფიურ რეიტინგს ძალიან დაბლა აგდებს.
ჩავთვალე, რომ წამოგცდათ.
სად სტალინი და სად არჩევნები?
უმრავლესობა მხარს უჭერდაო? და ვინ გაზომა? იქნებ ბუხარინს მეტი უჭერდა მხარს? იქნებ ტროცკის? ან იქნებ სულაც დენიკინს? ძალა როცა აღმართს ხნავს და “ვინც მე ხმა არ მომეცით, იმ კედელთან ჩამწკრივდით, შუბლით – კედლისკენ!” ლოზუნგი მეფობს, იქ უმრავლესობა შიშით დაზაფრულია და ერთადერთი, რაშიც რა ვქნა და ვერ ვეთანხმები რუსთაველს – “შიში შეიქმს სიყვარულსაო!” რომ ბრძანა. შიში მორჩილებას შეიქმს და თუ ეს მორჩილება სიყვარულია, ეს იგი, ამ სიყვარულის პატრონი მონაა. რაც მას, რა თქმა უნდა სიყვარულის უნარს არ უკარგავს. მაგრამ რამდენად ეს ადამიანი თავისუფლებას აფასებს, ამას მე მაშინ ვხედავ, როცა პოლიციელები ფარებზე ხელკეტებს აბრახუნებენ და იძახიან – “მიშა, მიშა!”

ასე რომ ჩვენ პროგრესი გვაქვს ერთურთის გაგებაში – უმრავლესობის მონები არ ვართ არცერთი! უმრავლესობის შეუცდომლობის არ გვჯერა.

მაგრამ ყველა ის უმრავლესობა, თქვენ რომ ახსენებთ, ციციკორე ძიას თამადობით – დემოკრატები არ იყვნენ.

სად- მარტინ ლუთერ კინგი, სად – მაჰათმა განდი და სად – ციციკორეს ლოგიკა (და ნარგიზას ძუძუებში ჩაცურებული თვალები)!
პირიქით, თქვენი პერსონაჟები დემოკრატიის დაუძინებელი მტრები იყვნენ, თავისუფლების შიშით გაუმრავლესებულები! მათი უმრავლესობა ზუსტად რომ ოჩიაურის, წიკლაურის და მალაშხიას უმრავლესობა იყო – ჭანჭიკების უმრავლესობა. მე მაგათი წინააღმდეგი ვარ, პიროვნულად კი არა, უბრალოდ – შარიკოვების (პოსრედსტვენნოსტ-ს რომ ეტყვიან რუსები) უმრავლესობის… და თქვენ რომ მე მეკამათებით – რა გამოდის? რომ თქვენ მათ იცავთ?

თქვენ – მარიტას დამცველ ჯიშიან ქართველს – მოგწონთ ვანო მერაბიშვილი და მის მიერ ჩამოყალიბებული ლეგიონი? მოგწონთ ხალხი, რომელთაც ახალი ფიურერი შეიტკბეს, ახალი “მაინ კამფ” დაწერეს და ქართველებიდან ახალი რასის – “ჰომო ნაცმოძრაობიკუს” (მომეწონა ეს ტერმინი) აღზრდას იწყებენ საყოველთაომოსმენებით, ფიროსმანის და საგანძურის მოტეხვით და 13-14 წლის ბავშვების დაკითხვებით? “ხალხის მტერ” ოთანაძის შვილის სკოლიდან გარიცხვით?

და თქვენ მე მიმტკიცებთ, რომ უმრავლესობა ცუდია? ამინ!!!
ასეთი უმრავლესობა – სატანის ლეგიონია, რადგან არა მარტო სჯის, არამედ რყვნის! “სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერმე – სულსა!”

მე არ მითქვამს, რომ ვარლამ არავიძე არავისტი იყო! ცუდია, თუ სხვებმაც ასე გაიგეს ჩემი ნათქვამი. მე იმის თქმა მინდოდა, რომ დღეს, დღევანდელ პრაქტიკულ სიტუაციაში და დღევანდელი საშინელი პერსპექტივის გათვალისწინებით – დღეს არავისტობა = არავიძეობას!

ასე რომ, მე გარემოების საყვირი ვარ, თქვენ – მარადიული სიმართლის საყვირი. ისე არ გამოვიდეს, რომ სანამ მარადფილოსოფიურ აზრებში ჩაფლულხართ, ქუჩაში ციციკორეებმა და შეთეებმა მარიტა ჩაქოლონ… თორემ მერე გვიან იქნება ეროსისეული მიფურთხება – “ფურთხის ღირსი ხარ, შენ საქართველოვ!..” ამ დროს უპრიანი იქნება საკუთარი ნაფურთხი საკუთარსვე ფეხსაცმლის ჭვინტზე რომ დაგეცეს…

რატომღაც სპინოზა გამახსენდა, გუბაზ… ხომ არ შეიცვლიდით ამ საკრალურ ნიკს? “სპინოზა” მგონი უფრო მოუხდებოდა თქვენს ფაქტურას. თითქმის ისე, როგორც – პოროსის მარმარილო – ბ-ნ ბონავენტურას.

დროებით.
პროგრესული და კავკასიოლოგი მომიკითხეთ. თქვენ რომ არ მწერდეთ, გასკდებოდა გული მარტოობაში…



Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s