მიშა ვოლდემორტი და ხალხთმოყვარეობის აპოთეოზი, ანუ გამოპავლეების ცრუმოსურნეები


„დიახ, ჩვენ ჯადოქრები ვართ და კიდევ ბევრ სასწაულს ელოდეთ!“ – ექიდნურად გაიღიმა ლორდმა ვოლდემორტმა და კიბეებზე გაუჩინარდა. გაიჩინარდა, რათა დუბაიდან და სინგაპურის ფორუმებიდან მოგვევლინოს და ფურცლებზე დაბეჭდილი რეიტინგების ფრიალით მოგვაჯადოოს, გრძნეულმა…

მისი გაოპოზიციონერებული გუნდი კი მათ მიერ 300 მილიონად დაუმთავრებელ ქაჯთა გამჭვირვალე სასახლეში გამაგრდა. იმ ერთადერთ დარბაზში, სადაც ჯერ წვიმა არ ჩამოდის და ვირთხებიც არ დარბიან. და მედგრად იშიშვლა ხმალი სამართლის და ჩაგრულთა დასაცავად:

-         როდის მოუმატებს მთავრობა ხელფასებს?

-         როდის მოხდება პენსიების მომატება?

-         როდის გაიაფდება გაზი, დენი და წყალი?

-         როდის გაიაფდება საბანკო კრედიტის განაკვეთი?

-         როდის გაიხსნება რუსეთის ბაზარი ქართული პროდუქტებისათვის?

-         როდის   დაუკანონდებათ ლტოლვილებს საცხოვრებელი ფართები?

„როდის?“ „რამდენი?“ „როგორ?“ – ისმოდა რისხვიანი შეკითხვები უმცირესობად ქცეული ახალხანს უმრავლესობისაგან.

მათი შეკითხვები, მათი იერსახე, მათი პათოსი სავსე იყო შემართებით – ქართველი ხალხის, ჩაგრულების, ლტოლვილების, გაჭირვებულების, უილაჯოების, დედების, ბავშვების, ავადმყოფების, ბიზნესმენების, უმუშევრების – ყველას სახელით და ყველას ინტერესების დასაცავად ბრდღვინავდა და თვალებიდან რისხვას აკვესებდა ნაცმოძრაობა!

ისინი არ მისცემენ უფლებას!.. ისინი ყოველთვის დაიცავენ!.. ისინი არ დაუშვებენ ქართველი ხალხის ფუნდამენტალური ინტერესების შელახვას!..

ისინი არ დაუშვებენ ზეწოლას!.. ისინი მიმართავენ მთელ მსოფლიოს იმაზე, რა საშინელებებს აპირებს „ქართული ოცნება“! როგორ აპირებს, რომ პარლამენტში შექმნას კონსტიტუციური უმრავლესობა! ეს ხომ დაუშვებელია?!

-         „ქართველი ხალხის სახელით!“ გამოდიოდნენ გოკა და ბოცო, ჩიორა და კაკო, გოგა და გოგი…

იყო ერთი ჟრიამული, რისხვათცვენა და ვოქსპოპულისტობა…

წესით და რიგით, ქართველი ხალხი ტაშით უნდა დახვედროდა პარლამენტის შენობასთან მათი ბედნიერებისათვის დამაშვრალ რაინდებს… წესით და რიგით დღესვე უნდა დაწყებულიყო ტელევიზიებში აღშფოთებულ ტელემაყურებელთა და ფეისბუქში გადარეულ ინტერნეტმომხმარებელთა დარაზმვა გოგი ოჩიაურის, გოკა გაბაშვილის, ნუგზარ წიკლაურის და გოგა ხაჩიძის ირგვლივ! უნდა მომხდარიყო შეშფოთებული აქტივისტების მიერ ფეისბუქზე ჯგუფის რეგისტრაცია ლოზუნგით – „მოვითხოვთ ბიძინა ივანიშვილის მთავრობის გადაყენებას!“ მერე რა, რომ ივანიშვილის მთავრობა ჯერ არც დამტკიცებულა, მთავარია, რომ გული გულობდეს – რაც მალე მოვითხოვთ, მით უკეთესი!

მეტი კონკრეტიკაა საჭირო! „ვადები, ვადები, ვადები – ჩქარა!“ „მოვითხოვთ, ხალხის სახელით!..“ „სადაა დაპირებული ინვესტიციები?“ „საიდან ეს არარეალური დაპირებები!“„ერთი წამით არ მოვასვენებთ! ჩვენ გვეჩქარება!…“ და ბოლოს საერთოდ ფანტასმაგორიული – „როგორ თუ წელიწადნახევარში წახვალთ? სად წახვალთ?!“

ნაცმოძრაობა არც დაუშვებს, და არც გაუშვებს!

ძალიან საინტერესო იყო ის, რომ ჩამოლაბორანტებული უმცირესობა რისხვით და მკვეთრი შეკითხვებით თავს დაატყდა სწორედ იმ კანდიდატს, ვინც მათმა სათაყვანებელმა ვოლდემორტმა წარადგინა. სრულიად სამართლიანად დაწერა ფეისბუქზე ბ-ნმა ირაკლი შავიშვილმა – მარტო ამიტომ დასაფასებელია პირველი ოქტომბერიო! წარმოიდგინეთ, მთელი 9 წლის განმავლობაში, როდესმე და რამეში ნაცმოძრაობის დეპუტაციას გაუწევია წინააღმდეგობა თავისი ფიურერისათვის?

ა-რ-ა-ს-ო-დ-ე-ს!

დღეს კი მისი დასახელებული კანდიდატი დაიწუნეს და ისიც კი გაბედეს და თქვეს – ამ კაცს ხმას არ მივცემთო!

ბუნტია „კოსტა კონკორდიაზე“, მაჭკატ!

მაგრამ ვინ არიან ეს სამართლის და დამაშვრალთა დასაცავად ხმალამოღებულთა შეუპოვარი ჯგუფი?

ეს, შემთხვევით, ის ხალხი ხომ არაა, ვინც საქართველოში უსამართლობის და უზენობის პარპაში დაუშვა მთელი 9 წელი?

ეს ის ხალხი ხომ არაა, ვინც საქართველოში 35-ლარიანი უპატრონოდ დაგდებული ფიცრის მოპარვისთვის 65 წლის ლტოლვილს 1 წლით ციხეში უშვებდა, ხოლო თავად ათობით და ასობით მილიონის ხე-ტყეს იპრავდა, ქვეყნის სტრატეგიულ სიმდიდრეებს „უპრაგონოდ“ ჰყიდდა და 1 ლარად აჩუქებდა? ვინც საკუთარი ქონება მილიარდებამდეც კი გაზარდა?

ეს ის ხალხი ხომ არაა, ლტოლვილებს პოლიციის ძალით რტყმევით რომ ყრიდა მრავალწლიანი საცხოვრებელი ადგილებიდან და კუნგის ტიპის დახურული  ავტოფურგონებით საცხოვრებლად შეუფერებელ გეტოებსა და რეზერვაციებში ეზიდებოდა?

ეს ის ხალხი ხომ არაა, ვინც ყველა ბიზნესი გათელა და ქვეშ  მოიგდო, მონოპოლიები და კარტელური გარიგებები ნორმად აქცია, ვინც საბანკო კრედიტის განაკვეთი ევროპაში უმაღლეს დონეზე ასწია, ხოლო საცხოვრებელი მინიმუმის დონეს მუდამ ხელოვნურად ამცირებდა და აყალბებდა! ვინც ერთ დღეში ბიზნესის დაფუძნების გაპიარებით ნახევარ ღამეში ბიზნესის ახევის მათეული პრაქტიკა მიჩქმალა?

ეს ის ხალხი ხომ არ ლაპარაკობს ზეწოლებსა და გადაბირების მცდელობებზე (და აბსოლუტურად უსაფუძვლოდ და უარგუმენტოდ ლაპარაკობს!) ვინც პოლიტიკური პოლიციისა და ზონდერბრიგადების გამოყენებით ასობით და ათასობით ადამიანზე რომ ძალადობდა ხანგრძლივად? ვინც ხალხს პოლიტიკური ნიშნით აწინაურებდა საჯარო სამსახურებში და პოლიტიკური ნიშნით ათავისუფლებდა სამსახურიდან?

ეს ის ხალხი ხომ არ ახსენებს სიტყვა „სამართალს“, რომელთა მიერ სამართალი ყველა დონეზე შეგინებული და გაუპატიურებული იქნა?

ეს ის ხალხია – ახლა რომ „მერყევი ფსიქიკის“ ბრალდებებს უსაფუძვლოდ ისვრიან, – ვინც მართლაც და ფეთქებადი ფსიქიკის ლიდერს დითირამბებს უმღეროდა ცხრა წელი?

ეს ის ხალხია, ვინაც 2008 წლისთვის დაპირებული 100 დოლარიანი პენსია დღემდე არ შეასრულა, ახლა რომ წამდაუწუმ ჰკითხულობს – 220 ლარს როდის გახდის პენსიებს ივანიშვილიო?

ეს ის კაბინეტი ხომ არ არის, რომლის წევრები სადისტობას, ჯალათობას, კრიმინალებთან მეგობრობას და უზნეობას – დემოკრატიის შუქურვარსკვლავობას და კეკლუცხათუნობას რომ უთავსებდა?

დაბოლოს, ეს ის პოლიტიკური ძალა არ არის, რომელთა მინისტრები სამარცხვინოდ „მოტყდნენ“ ქვეყნიდან და ახლა ეპისტოლარულ-ფეისბუქურად გვეკონტაქტებიან და გვარწმუნებენ – არასოდეს არ მიგატოვებთოD:D:D? ეს ის ხალხი ხომ არაა, ვითომდა, პრეზიდენტთან შესახვედრად წასული, მძღოლს რომ მობილურს უტოვებდა მანქანაში და თავად აეროპორტიდან ფრანკფურტში ტყდებოდა ოჯახთან ერთად?  ეს ხომ ის ლიდერებია, რომლებიც გაიქცნენ, რადგან, სავარაუდოდ, ყველა საფუძველი არსებობს, რომ მრავალწლიანი ციხე ემუქრებათ, როგორც კრიმინალებს და მაფიის ბოსებს?

და ისე, ნამეტანი ხომ არ მომდის, რომ ამ ავაზაკთა ბანდას „ხალხს“ ვუძახი? უფრო უპრიანი არ იქნება ან – “ფლიდები”, ან – “ვერაგები”, ან -„ახვრები“, ან – „თუქსუსები“?.. აი აქ კი მჭირდება დახმარება, იმის გასარკვევად, ჩამოთვლილთაგან რომელი ტერმინი უფრო სწორია მათთან მიმართებაში.

ჩამოუმცირესობებული ნეობოლშევიკების ტაქტიკა სრულიად აშკარაა:

  1. რაც შეიძლება ადრე – ახალი მთავრობის მიერ ძალაუფლების აღებამდე (და განსაკუთრებით, სასამართლოებსა და პროკურატურაში ცვლილებების მოხდენამდე) – მოახდინონ საზოგადოებაში ნიჰილიზმის და ეჭვის დათესვა იმის თაობაზე, რამდენად მოახერხებს ივანიშვილის მთავრობა [წინა ხელისუფლების მიერ კატასტროფულად ჩასვრილი საქმეების გამოსწორებას და] სხვადასხვა სფეროებში ხალხისთვის გაუმჯობებსების რეალურად მოხდენას. ეს განსაკუთრებით ეჩქარებათ მანამ, სანამ უკვე ოფიციალურად გამოაშკარავდება მათ მიერ ხაზინის კატასტროფულ მდგომარეობაში დატოვება. უკვე არის ინფორმაცია, რომ ნაცვლად მერაბიშვილის მიერ გაცხადებული 2 მილიარდისა, ხაზინაში მხოლოდ 200 მილიონია!
  2. ყველანაირად მოახდინონ იმის იმიტაცია, რომ ჩაგრული პოლიტიკური ძალა არიან! რომ არიან დემოკრატიის მებაირახტრეები, რომელთაც გამარჯვებული უმრავლესობა საშინლად და უკანონოდ ჩაგრავს!
  3. როდესაც უახლოეს ხანებში დაიწყება იმის სრულმასშტაბიანი გამოაშკარავება, რა დონის და როგორი მასშტაბური კრიმინალი აქვს ჩადენილი ნაციონალურ მოძრაობას, როდესაც სასამართლოებში არა ათობით, არამედ – ათასობით საჩივარი შევა, როცა ყველასთვის (მათ შორის – დასავლელი ლიდერებისთვისაც) ცხადი გახდება, როგორი ძალადობის ხარჯზე არსებობდა ეს ვარდისფერი გულაგი, ეს ყველაფერი შერაცხონ მათ პოლიტიკურ დევნად და დასავლური დემოკრატიებისაგან და ანგაჟირებული მხარდამჭერებისაგან (ვილფრედ მარტენსი, კარლ ბილდტი, დონალდ ტრამპი და სხვები) მოითხოვონ მფარველობა!
  4. დარაზმონ ყველა ის ძალა, რომელთა მოთხოვნილებებს თავად მრავალ წელს აბსოლუტურ იგნორირებას უკეთებდნენ, მასიური საბოტაჟის და გამოსვლების ორგანიზებისათვის. ამის განსაკუთრებით თვალნათელი მაგალითებია დევნილთა მიერ შენობებში შეჭრის, მიტაცების და უკანონოდ დასაკუთრების კატასტროფულად გახშირებული ფაქტები. იქამდე მივიდა საქმე, რომ დევნილები უკვე იმ ორგანიზაციების შენობებსაც იტაცებენ, რომლებიც ნორმალურად ფუნქციონირებენ, ან რომლებიც სხვა დევნილებისთვის არის დაკანონებული. ყველაზე  საინტერესო კი ისაა, რომ ამ მიმტაცებელთა შორის არიან აბსოლუტურად გაურკვეველი „ბექგრაუნდის“ მქონე პირები, რომლებიც არ არიან ლტოლვილები ანდა არც უარყოფენ, რომ მათ უკვე აქვთ დაკანონებული საცხოვრებელი, მაგრამ „სურთ საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება და გაფართოება“ !!! აშკარა, რომ ეს არის კოორდინირებული ქმედება, რომლის უკან მაცმოძრაობის ინტერესები აშკარად იკვეთება – ეს არის ქვეყანაში უკანონო მდგომარეობის და ანარქიის შექმნა, რომ მოსახლეობას ნაცმოძრაობის მიერ გარანტირებული „წესრიგი“ მოენატროს!
  5. მოახერხონ ადგილობრივ თვითმმართველობებში და გამგეობებში, მერების და გუბერნატორებისათვის პრეზიდენტის მიერ სასწრაფოდ გადასროლილი სახსრების და ქონების ხარჯზე რეგიონალური „ვანდეის“ ჩამოყალიბება და საბოტაჟის და პროპაგანდის მეშვეობით საფუძვლის მომზადება 2013 წლის აპრილის თვეში პრეზიდენტის მიერ პარლამენტის დაშლისა და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში რევანშისთვის.

„ნაცმოძრაობის მთავარი შეცდომა იყო, რომ ნაცმოძრაობა ზედმეტად დემოკრატიული იყო!“ – იძახის ზომბირებული ექსპერტი გია ნოდია. თურმე, „დემაგოგია, ზოგადად, პოლიტიკოსთა წესია“ და „ არ ღირს შევაჯიბროთ, ვისი დემაგოგია უფრო დემაგოგიურია“. „ზედმეტად დემოკრატიულად“ მიიჩნევს იგი იმას, რაც ხდებოდა სასამართლოებში, პროკურატურაში, ციხეებში, სკოლებში… როცა ეკითხებიან კონკრეტულ – უკვე გამოვლენილ – დანაშაულებებზე, მხრებს იჩეჩავს, რომ არ იცის… ეჩქარება ბატონ გიას დემოგოგიური გამოსვლების ციკლის ჩამთავრება. ზუსტად ისე, როგორც ეჩქარებათ ბარამიძეს და გაბაშვილს, წიკლაურს და ბობოხიძეს, კუბლაშვილებს (სასამართლოს რეიტინგით მოტრაბახე ბ-ნ კონსტანტინეს!) და ოჩიაურებს (მსოფლიო ბანკის რეიტინგებით მოტრაბახე ბ-ნ გოგის)… როცა ასობით და ათასობით სასამართლო პროცესი დაიწყება და ყველასთვის აშკარა გახდება, თურმე რა საშინელება იფარებოდა ვარდისფერი ფასადის მიღმა, მერე ხომ უკვე ძალიან გაძნელდება „მე რა ვიცოდი?“-ს ტიპის „ნაივური“ მხრების აჩეჩვა?! ქართული ავტობანები, იუსტიციის სასახლეები და ნეონის ნათურები ხომ მანამდეა თვალისმომჭრელი, სანამ ციხეებში არსებულ ძალადობას გაეცნობი?!

P.S. ახლა კი, წარმოიდგინეთ ასეთი მოდელირებული სურათი -

1949 წლის გერმანია.

კონრად ადენაუერის მთავრობის დამტკიცების წინ ბუნდესტაგის ტრიბუნაზე რიგრიგობით ადიან იოზეფ გებელსი, ჰაინრიხ ჰიმლერი, ჰერმან ჰერინგი, იოაკიმ ფონ რიბენტროპი, ჰაინრიხ მიულერი… თავად ფიურერიც (როგორც ოპოზიციის ლიდერი!) და ფოლადისებური ხმით ჩამჭრელ კითხვებს უსვამენ კანცლერობის კანდიდატს:

-         რას გააკეთებთ გერმანელი ხალხის ბედნიერებისათვის?

-         როდის დაიბრუნებთ პრუსიას და ელზასს?

-         როდის აღადგენთ დანგრეულ მრეწველობას?

-         როდისთვის მოახერხებთ გერმანული საფინანსო სისტემის სტაბილიზაციას?

-         როდის გახდება მინიმალური პენსია 1000 მარკა?

-         როდის დატოვებენ უცხო ქვეყნების ჯარები გერმანულ მიწებს?

ხოლო სესიის შემდეგ გებელსი ამაყად გაიძახის ჟურნალისტების მიკროფონების წინ:

- ჩვენ არ დავუშვებთ გერმანელი ხალხის მოტყუებას! ადენაუერს არ გაუვა პროპაგანდისტული ხრიკები! ჩვენ სიმართლეს მოვითხოვთ!

ჰიმლერიც ასევე ამაყად იძლევა ინტერვიუს:

- გერმანელი ხალხი ყოველთვის იყო ტოლერანტულობის ნიმუში და ჩვენ არ მივცემთ უფლებას ახალ უმრავლესობას, ფეხქვეშ გათელოს პოლონელი თუ რუსი ტყვეების უფლებები, მოვითხოვთ მათთვის სამართლიან სამუშაო კონტრაქტებს, თანაბარ ანაზღაურებას და უმუშევრობის დახმარებას!

ხოლო გესტაპოს შეფი მიულერი სულაც ებრაელების და სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვის აუცილებლობაზე  წარმოთქვამს მგზნებარე სიტყვას!

თვალისდაუხამხამებლად!

რამეს ხომ არ გაგონებთ ეს „მოდელირებული წარსული“?

იმის კვალობაზე, როგორ სულ უფრო გულისშემძვრელი ფაქტები ხდება ნათელი იმ მასობრივ ძალადობაზე, რაც დემოკრატიის შუქურად წოდებულმა ძალამ მასობრივი ტერორის ლაბორატორიად ქცეულ საქართველოში დანერგა, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოსთვის ნიურნბერგის მსგავსი პროცესი აუცილებელია. და სამართლიანობის აღდგენის ეს პროცესი თავად საქართველომ უნდა ჩაატაროს. ვფიქრობ, დიდი შანსი არსებობს, რომ ამან ისევე დაუდოს საფუძველი საქართველოს სახელმწიფოს, სამართლიანობის, საზოგადოების და ეკონომიკის აღორძინებას, როგორც ეს 50-იანი წლების გერმანიაში მოხდა.

WITHOUT  JUSTICE,  THERE  CAN  BE  NO  PEACE!


კუჭის კანონიდან – ჯოკერის კანონამდე


ჩემო მეგობრებო, საქართველოს თავდადებულო მოქალაქეებო! გუშინ თავისუფალო ხალხო!

მადლობა მინდა გითხრათ და თავი დაბლა დავხარო!

როგორც წინა ხელისუფლების ერთ დროს პრემიერი და აწ-დამწვარი ბანკირი იტყოდა: „მისმა უდიდებულესობა ხალხმა ილაპარაკა და ჩვენ შევისმინეთ!“

ჩვენ კი შევისმინეთ, მაგრამ ნინიას ბაღის – დემოკრატიად გამსაღებელ ავაზაკთა ბანდას შესმენამდე ძალიან ბევრი უკლია და ჩვენი თავისუფლებისათვის ბრძოლა არ დამთავრებულა, უბრალოდ – გადამწყვეტ ფაზში შედის!

ჯერ მიმდევრობით.

როგორც სათნოდ სალათისფერმა და უბიწოდ თეთრმა ცესკომ აგვისახა რეალობა, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 2,197,000 ამომრჩეველმა, რაც თუ უაღრესად პატიოსან ასდუკ-ის ქურუმს – ასევე გამწვანებულ (პირდაპირ ხალიფატია, ნუ!) მამუკა კაციტაძეს დავუჯერებთ (მე – პას!) საქართველოს ამომრჩეველთა 3,613,851-იანი არმიის 60,7%!

მაგრამ ეს იყო პირველი რამ, რაც ცესკომ გვაჭამა! სცადა, რომ ეჭმია დაღლილი და ბედნიერებით დამთვრალი ხალხისათვის, მაგრამ გაბრაზებულზე უეცრად გადაგვივლის ბახუსი და სრული სერიოზულობით მინდა ვუთხრა მათემატიკოს ზურა ხარატიშვილს – არ ჩვენ ვართ ოროსნები, ბიძავ!

საქმე იმაშია, რომ საქართველოში ნამდვილად არ არის 3,6 მლნ ამომრჩეველი! არ ვიცი, ამდენი საერთოდ ადამიანი თუ ცხოვრობს დღეს საქართველოში. როგორც ამასწინ ბლოგისთვის („საქართველოვ, შენ სადა გყავს შვილი, დასაკარგავი?“) მოვიძიე, საერთაშორისო ორგანიზაციების (UN, IOM, WB) მონაცემებით, საქართელოდან მიგრანტთა რაოდენობამ 2012 წელს უკვე   1,16-1.2 მლნ-ს მიაღწია. საქართველოს მთავრობამ სწორედ იმიტომ არ ჩაატარა 2010 წელს ჩასატარებელი მოსახლეობის საყოველთაო აღრიცხვა, რომ ქვეყანაში დარჩენილ და მიგრანტ მოქალაქეთა ზუსტი რიცხვი არ გამოჩენილიყო, თორემ ლაზიკის მაშენებელ ხელისუფლებას და მსოფლიოში რამის მე-16 ადგილზე გამოჭიმულ ეკონომიკას ფულის არქონა დააშინებდა? ამასვე ემსახურებოდა ზურაბ თარხნიშვილის და გრიგოლ ვაშაძის უდიდესი ტყუილი იმაზე, რომ თურმე საზღვარგარეთ (თუნდაც რუსეთის გარეშე!) მხოლო 42,163 ქართველი ამომრჩეველი ყოფილა!.

სიმართლე კი იმაშია, რომ ქართველ ამომრჩეველთა რაოდენობა ქვეყანაში, ყველა ნორმალური და მიუმხრობელი გათვლით 3 მილიონზე მეტი არ უნდა იყოს, ხოლო სავსებით რეალურია, რომ სულაც 2,5 მილიონი იყოს. ასე რომ, ჩემო ძვირფასებო, ვინც ნახეთ გუშინ საარჩევნო უბნებზე ხელჯოხებით და ყავარჯნებით მოსული მოხუცები, ინვალიდის კალიასკით მოქანებული ინვალიდები და ვეტერანები, ადამიანები, რომელთაც ალბათ სულ რაღაც ერთი თვის წინ შეუსრულდათ 18 წელი და უკვე ცნობისმოყვარედ და ამაყად მოჰყვებოდნენ თავიანთ მშობლებს და ბაბუა-ბებიებს, ვინც ნახეთ არა მარტო რიგები, არამედ ისიც, როგორ მთელი საქართველო, მოხუც-ახალგაზრდიანად და ჯანმრთელ-ავადმყოფიანად იდგა უდრტვინველად ამ რიგებში, იცით, რომ ჩვენ ბახტრიონზე მძიმე ბრძოლა მოვიგეთ და უკლებლივ ყველა, ვისაც სული ედგა ან ძლივს მაინც ეჭირა, ყველა იქ ვიყავით, რადგან ჩვენს უკან საქართველო იყო!

ანუ, ამომრჩეველთა აქტივობა არა 60,7% იყო, არამედ ჩემი საფუძვლიანი და ძალიან გონივრული ეჭვით – 73%-დან -88%-ს შორის მერყეობდა!

ახლა გავიხსენოთ საზღვარგარეთ მყოფი ის, მინიმუმ, 700,000 ამომრჩეველი, რომელიც უსინდისოდ გამოთიშეს არჩევნებიდან ამ ქართველთყლაპიებმა! საზღვარგარეთ კი არცერთ უბანზე ქართულ ოცნებას არ წაუგია: პარიზი – 60%, ნიუ-იორკი – 73%, ლონდონი – 75%, ბერლინი –  77%! გაამრავლეთ ეს პოტენციურ 700 ათას ამომრჩეველზე და მიხვდებით, რომ სავარაუდოდ ნახევარი მილიონი ხმა „კულტურულმა“ ვაშაძემ და მათემატიკოსმა ხარატიშვილმა უცხოეთიდან მოგვპარეს!

მოდით, ახლა ის გავიხსენოთ, რომ ყველა უბანზე 10-20%-ით ნაკლები საარჩევნო ბიულეტენი მიიტანეს! ამ დროს, ბიულეტენთა რაოდენობა კანონით არ შეიძლება იყოს უბანზე სიაში არსებულ ამომრჩეველთა ოდენობაზე ნაკლები! ლოგიკით, პირიქით, ოდნავ მეტიც კი უნდა იყოს, რომ თუ ბიულეტენი შემთხვევით გაფუჭდება, უბნის თავმჯდომარეს ოლქსა და ცესკოში შიკრიკების გაგზავნა არ დაჭირდეს!

ხარატიშვილმა განაცხადა – ეს იმიტომ, რომ ხომ იყო სპეცუბნები და გადასატანი ყუთები, ამიტომ ძირითად საარჩევნო უბნებს ბიულეტენები პროპორციულად მოაკლდაო! დიდი ბოდიში, ჩვენო პითაგორავ თუ იბნ-სინავ, მაგრამ რამდენია სპეცუბნებზე რეგისტრირებული? არა მგონია, ძალოვნების რაოდენობა 100,000-ს აღმატებოდეს! + 24,000 პატიმარი + იმ დღეს გადასატანი ყუთის მოსურნე, დავუშვათ, – 50,000. ეს კი სულ 175,000 ბიულეტენია მაქსიმუმ. რაც სულ 4,8%-ს შეადგენს და არა – 10%-ს ან – 20%-ს!!!

გარკვეულწილად, ცესკოს საქციელში ლოგიკა არის!

ეს ის ლოგიკაა, რომ სინამდვილეში ვაშაძემ, კაციტაძემ, ხარატიშვილმა და მიშამ ხომ იციან, რომ ასდუკის მიერ „გაპრავებულ“ სიაში უცხოეთში მყოფი ათეულ და ასეულ ათასობით ადამიანია ჩაწერილი! ისიც, ხომ იციან, რომ მათი 95% იმ დღეს ვერ ჩამოვიდოდა სამშობლოში ფინანსური თუ სხვა პრობლემების გამო! ჰოდა, მოაკლეს ამ დედუქციის დედა-ოსტატებმა ეს ხალხი და უბნებზე ბიულეტენები, სინამდვილეში, სწორედაც რომ მეტობით დაარიგეს! ამას ის ადასტურებს, რომ უბანზე ბიულეტენის დაკლების ფაქტი, მგონი, არ ყოფილა. ანუ სიაში კი იყო მეტი, მაგრამ ის მეტი არ მისულა მარტივი მიზეზის გამო – ვერც მივიდოდა, საზღვარგარეთაა! ამ ლოგიკით ჩემი დასკვნები დასტურდება – რომ ქვეყანაში 3,6 მლნ ამომრჩეველი ის ბლეფია, რომელსაც ცესკო, როცა უნდა სიმართლედ გვატენის, ხოლო როცა უნდათ, მშვენივრად იყენებენ სათავისოდ!

მაგრამ სინამდვილეში ამ გამყალბებლების (ბატონო ზურაბ, როგორც ვხედავ, მათემატიკოსები უფრო უკეთესი გამყალბებლები შეიძლება იყონ ხოლმე, სიყალბეზე იმუნიტეტი კი მათემატიკოსობაში არ ყრია) ნამდვილი მიზანი სულ სხვაა! ის დაბეჭდილი და სადღაც აორთქლებული ბიულეტენები, სავარაუდოდ 500 – 700 ათასი (!) არის ის მასალა, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში აქტიურად ყალბდებოდა! სწორედ ამისთვის აგროვებდნენ მთელი წლები მასწავლებლები – მშობლების და საჯარო სამსახურის უფროსები – მოზრდილთა პირადობის მოწმობების ასლებს. პირადობის მოწმობის და მოქალაქეთა ხელმოწერის ნიმუშების ასლები აქვთ ყველა სადაზღვევო კომპანიაშიც, რომელნიც უპირობოდ და შეკითხვის გარეშე გადასცემდნენ ცესკოს ამ ფასდაუდებელ (და კონფიდენციალურ!) ბაზას, სადაც დაახლოებით 1,5 მილიონი მოქალაქის მონაცემებია!

მაშინ, როცა ჩვენ ნაადრევად ვზეიმობთ, ნაცმოძრაობის სტრატეგების – მიხეილ მაჭავარიანის და ხათუნა გოგორიშვილის – მიერ დაქირავებულ კალიგრაფთა და ხელმოწერის გამყალბებელთა ათეულები და ოცეულები სავარაუდოდ სადღაც, რომელიმე სკოლის ან უნივერსიტეტის ოთახებში სხედან და ძალიან კონფიდენციალურ სამუშაოს ატარებენ – ასობით ადამიანის ხელმოწერებს აყალბებენ, რომ მერე უბნის ოქმები ამ ახალი საარჩევნო ყუთების ნაჩალიჩარ „შიგთავსს“ მიარგონ! იტყვით, უბნის ოქმის გაყალბება ძალიან ძნელიაო? „ძნელი“ შეუძლებელს არ ნიშნავს!

იტყვით, რომ ეს ჩემი ფანტაზიის ნაყოფია?

არ გამოვრიცხავ, მაგრამ ჩემი ფანტაზია ხომ თქვენი შემოქმედების ნაყოფია, საყვარელო ნაცმოძელებო?!!! ეს თქვენი განმუხურის და ხურჩის სპექტაკლების ნაყოფია, ეს თქვენი „მოდელირებული ქრონიკის“ ნაყოფია, ეს თქვენი ლაზიკის და ანაკლიის მირაჟების და გარედან გიპსოკარდონით და ბიაზით „შემოსილი“ შენობების ნაყოფია, ეს ლაფანყურის სისხლიანი დადგმული ტრაგედიის ნაყოფია! ეს არის სწორედ ხათუნა გოგორიშვილის, მიხეილ მაჭავარიანის, პალიკო კუბლაშვილის, ცრემლებამდე აღშოფთებული გოკა გაბაშვილის, კასტეტიანი „რაინდის“ პეტო ცისკარიშვილის, ყველაფრის გამპრავებელი ტუტუცის თეა თუთბერიძის, ტალანტი ურნალისტის – თამარა ჩერგოლეიშვილის,  „უმანკოდ თვალებგაფართოებული“ ჩიორა თაქთაქიშვილის და მათი მთავარი ყალბისმქნელი სარდლის – მიხეილ სააკაშვილის მრავალწლიანი „მოღვაწეობის“ ნაყოფი!

არ მჯერა თქვენი, თქვე ოღრაშებო!

რამდენი დაგვიჯერებია, იმდენი მოგიტყუებივართ! რამდენჯერ არ დავიჯერე, იმდენჯერ ზუსტად მართალი აღმოვჩნდი, თქვე სუპერსიაფანდებო!

მაგრამ არის კიდევ ერთი მტკიცებულება, რაც უფლებას მაძლევს ვამტკიცო, რომ ყველა ჩემი ეჭვი საფუძვლიანი და ლეგიტიმურია! – თქვენს მიერ უკვე გამოჩენილ ოქმებში ძალიან საინტერესოა, რომ ერთსადაიმავე უბანზე ხშირად ორ-ორი ბეჭედი ფიქსირდება, რაც კანონით დაუშვებელია! ეს ორი ბეჭედი სპეციალურად იმისთვისაა, რომ მერე ერთი – რომელიც საუბნო კომისიის ორიგინალურ ოქმებზე იქნება, ყალბად გამოაცხადოთ, ხოლო მეორე, რომელიც თქვენს მიერ ღამით შეთითხნილ ოქმებს დაამშვენებს  – სწორუპოვრად და ლეგიტიმურად!

ძალიან ბევრ რამეზე კი გიფიქრიათ, ჩვენი სიყალბის გაუსებო და მიკი მაუსებო!

მაგრამ როგორც იტყვიან – и мы тоже не лыком шиты! – თქვენი გაკვეთილების წყალობით, ჩვენო „განმანათლებლებო“!

მიხეილ სააკაშვილის ღამეული გამოჩენა და „აღიარება“ სინამდვილეში მხოლოდ იმის აღიარება იყო, რომ მან ისე ვერ გაიმარჯვა, როგორც უნდოდა – 70%-ით!, თორემ ეს არ იყო დამარცხების აღიარება. ამ ფლიდობის გროსმეისტერს, ხვლიკის არ იყოს, კუდის შეტოვების ფანტასტიური უნარი აქვს! და ყველაზე დიდი შეცდომა, რაც არაერთხელ მომსვლია, არის ის, თუ ან მისი ნიანგის ცრემლების გამო შემცოდებია ან როდესმე დროზე ადრე ჩამითვლია, რომ წააგო და ამას შეეგუა!

ახლა ნაცმოძრაობის ტაქტიკა ძალიან აშკარაა:

1)      ყველანაირად ცდილობენ, რომ დღეს საღამოს ეუთოს მიერ დანიშნულ წინასწარი ანგარიშის გამოქვეყნებამდე კრავებად და ანგელოზებად მოგვაჩვენონ თავი! მათიუ მთავარი ამოცანა ახლა ისაა, რომ ეუთოს ODIHR-მა და სხვა ავტორიტეტულმა ორგანიზაციებმა დაწერონ, რომ „არჩევნები, მიუხედავად   მრავალი გადაცდომისა და დარღვევისა, მთლიანობაში შეესაბამებოდა დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნების სტანდარტებს!“ თუ ამ დასკვნას მოიპოვებენ, რასაც წინასწარი განცხადებით აშშ ადმინისტრაციაც უცვლელად გაიზიარებს, მერე ნაცმოძელ ყალბისმქნელებს რამდენიმეთვიანი ვადა ექნება, სანამ საბოლოო დასკვნა დაიდება და ამ რამდენიმე თვეში ისინი მრავალ საზიზღრობებს მოაწყობენ, განსაკუთრებით ხმის დათვლაში და თუ საჭირო გახდა – განმეორებით არჩევნებში (მაგალითად, ხაშურის ოლქში, სადაც მიშას ტაქტიკამ უმტყუნა, გელაშვილის მიმართ ბოღმა ვერ მოთოკა და თავისი აფთრის სიფათი სრულად გამოავლინა!)

2)      ზემოთხსენებული გამო დღეს საღამომდე, ხარატიშვილის კომისია ეცდება, რომ ყველა იმ უბნის პირველად დათვლით, სადაც ნაცმოს უპირატესობა აქვს, მართალია შეინარჩუნოს ქართული ოცნების 50%-ზე მეტი მაჩვენებელი, მაგრამ სულ უფრო მიუახლოვოს 50%-ს ნაცმოს ციფრი. ნახეთ როგორ იცვლება დინამიკა, როგორ თანდათან მცირდება სხვაობა ქართულ ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობას შორის – 56-39(17%), 57-41(16%), 54-42(12%), 53.3-41.6(11.7%)-ზე!

3)      ამავდროულად ხდება მასიური გაყალბება ყველა იმ უბნის პირველად დოკუმენტაციაში, სადაც ნაცმოძელებს იმედი აქვთ, რომ გაყალბება გაუვათ! არ დაგავიწყდეთ, რომ ისინი მარტო არ არიან, მათთან ერთად იბრძვიან ნამუსგარეცხილი და საბოლოოდ ლუსტრირებული ლეიბორისტები, მემარჯვენეები და ქრისტიან-დემოკრატები! მათ ვერ მოახერხეს ბარიერის გადალახვა და ახლა, როგორც ჭეშმარიტი კოლაბორაციონისტები, საკუთარ მეტ-ნაკლებად „უზრუნველ“ მომავალს ისევ ნაცმოს გამარჯვებაში ხედავენ! ქრისტიან-დემოკრატებს ჯერ კიდე არ დაუკარგავთ იმედი, რომპატარკაციშვილის გაყიდვის და „იმედის“ ჩაბარების ღვაწლს მიშა არ დაუკარგავთ და ბოლო მომენტში სანუკვარ 5%-მდე აქაჩავს ხარატიშვილი! ეს მართლაც არაა გამორიცხული, თუ ნაციონალების მიმართ კრიტიკა და გამოსვლები სერიოზულად დაემუქრება არჩევნების გაყალბების მათეულ სქემას და ისინი, საკუთარ უცოდველობას ქდმ-ს უეცრად მაღალი პროცენტით ახსნიან!

4)      თუ დღეს ეუთოს სადამკვირვებლო მისია (სხვები არ ვიცი, რას იზამენ, სავარაუდოდ IRI ასევე მიშასთვის მისაღებ დასკვნას დადებს, NDI – არა მგონია!) დღეს იმ დასკვნას დადებს, რაც მიშას მანქურთებს ხელებს გაუხსნის – ტერორი ახალი ძალით არის მოსალოდნელი! ხაშური მერე შეიძლება ყველგან განმეორდეს!

5)      დააკვირდით ყველა იმ უბნებს, სადაც ეგზიტპოლით „ქართული ოცნება“ შთამბეჭდავად იგებდა: ყველგან იდება მხოლოდ რამდენიმე უბანი (თუმცა პრობლემა არ იყო, უკვე მთელი ოლქიც დაედოთ იქ, სადაც მოსახლეობა მცირერიცხვოვანია!), რომელშიც ეგზიტპოლის შედეგების გაბათილებას ცდილობენ – მარტვილში მურთაზ ხურცილავა, რომელსაც ეგზიტპოლში 82%-მდე ჰქონდა, თურმე აგებს 20 წლიან მარადიულ მაჟორიტარ, კორუფციის სიმბოლო ნაული ჯანაშიასთან! აღარაფერს ვამბობ ირაკლი ალასანიას სულ უფრო გაუარესებულ მაჩვენებელზე ახალაიების ბანდის მთავარ სათარეშოში! არსებობს მინიმიუმ ერთი საუბნო ოქმი ზუგდიდში, სადაც გაყალბება აშკარაა: უბანზე ალასანიას აქვს მიღებული 83 ხმა, ხოლო როლანდ ახალაიას – მხოლოდ 15, რომელსაც მერე წინ, უკვე გადახაზულ უჯრაში მსხვილად მიწერილი 3-იანი 315-ად აქცევს!

განსაკუთრებული წნეხი მიდის გარდაბნის ოლქზე (სადაც მამუკა არეშიძის დაძირვის ბრძანება აქვს ხარატიშვილს, რადგან არეშიძემ ლაფანყურის შემზარავი დანაშაულის დეტალები ძალიან კარგად გაშიფრა!), ახმეტაში ( სადაც ცისკარიშვილისთვი ზვიადაურთან წაგება, ნაცმოს აზრით – არ უნდა დაუშვან), თეთრიწყარო (სადაც ბეჟუაშვილის დახარჯულმა ფულებმა მართლაც გამოიღო რაღაც შედეგი, მაგრამ თუ სამართლიანობა იზეიმებს, მან უნდა წააგოს), ტყიბულზე, სადაც პალიკო კუბლაშვილის გადასარჩენად ყველა ღონეს იხმარს ნაცმოძრაობა, წყალტუბო, სადაც წარმოუდგენლად განსხვავებული ციფრებია წარმოდგენილი ცესკოდან, რომ ნაცმოძრაობის ძველმა ბიჭმა კაკოია ბობოხიძემ პაატა ზაქარეიშვილს მოუგოს, რომელსაც ხელისუფლება ორგანულად ვერ იტანს აფხაზეთის საკითხში ხელისუფლების მრავალი უსინდისობის გამოაშკარავების გამო, ჩხოროწყუ – ლევან იზორიას მიმართ შსს-ს განსაკუთრებული აქტივობა ახასიათებს…

მოკლედ, მგონი, ნაადრევი იყო ის ზეიმი! ახლა საჭიროა თითოეული გაყალბებული ოქმის იურიდიულად დასაბუთება! საჭიროა იმ ფოტოგადაღებების შედარება იმასთან რამდენი ხმაა იმ უბანზე დაფიქსირებული, საჭიროა ართოდ გაპიარებული ფეისკონტროლის კომპიტერული პროგრამის მიერ რაიმე რეალური და კარუსელის დადასტურება, დაბოლოს საჭიროა ქუჩაში გამოსვლა და პროტესტი!

თუ ის ტენდენცია და მაჟორიტარების ის ხმები, რაც ახლა იდება და სულ უფრო ძლიერდება ნაცმოძრაობის სასარგებლოდ, შენარჩუნდება, მაშინ გამოვა, რომ ქართულ ოცნებას არამცთუ 2/3, არამედ უბრალო უმრავლესობაც კი ვერ ექნება პარლამენტში და მხოლოდ 65-70 მანდატს თუ მიიღებს, ანუ ნაცმოძრაობა უფრო ახლოს შეიძლება იყოს 2/3-დან 80-85 ხმით!

და თუ ვინმეს ზურაბ ჟვანიას სიკვდილის მასალები აქვს, სისულელე იყო მოცდა და ყოყმანი! უნდა გვეჩვენებინა, რომ კიდევ უფრო მეტ ადამიანს ცოდნოდა, რასთან და ვისთან აქვთ საქმე! და სისულელე იყო თვალის დახუჭვა იმ ასობით ნაცკოორდინატორის მიმართ, რომლებიც მთელი დღე აქტიურად აშინბდნენ უბანზე ძალით მოჰყავთა დაშინებული ამომრჩევლები! საჭირო იყო თითოეული მათგანის დაფიქსირება, და არჩევნების პორტალზე ამ იუდების სურათების დადება, სწორედ მათი წყალობით შეიძლება ქართველი ხალხი ისევ მოტყუებული დარჩეს!

მიხეილ სააკაშვილმა დაადასტურა კუჭის კანონი –  ისევ ის ბითური და მამაძაღლია, როგორიც იყო!

და ასევე დაგვიდასტურა ჯოკერის კანონი – გასახიშტი უნდა გაიხიშტოს და შესატენს უნდა შეეტენოს! A la guerre com a la guerre!

როდესაც შენს ათასობით დამკვირვებელს მისთვის ოფიციალურად გაცემულ ბეჯს სპეციალურად არ აძლევენ, როცა უბნებზე დაკვირვების საშუალება და გადაღება შეზღუდულია, როცა დამკვირვებელ ქალბატონს ბეისბოლის ბიტით ფეხებს უმტვრევენ, როცა ათობით მანქურთი 9 შვილის მამას – დამკვირვებელ მღვდელს ურტყამს, როცა სპეცნაზი ყუთებს იპარავს, და რეზინის ტყვიებს ესვრის მოსახლეობას, როცა მამაოს მშვიდობიანი პროტესტისათვის იარაღს ადებენ, და როცა არჩევნების წინა პერიოდში დარღვევის და უთანაბრობის ათასობით ფაქტია დაფიქსირებული, როცა მთავარ კონკურენტს მოქალაქეობა წაართვეს და არ მისცეს, როცა მილიონობით ლარი უკანონოდ წაგლიჯეს და თავისი ბინძური კამპანია აფინანსეს, როცა ათასობით ადამიანს უკანონოდ და პოლიტიკური საფუძვლით ყადაღა დაადეს, როცა იმ ციხის ვიდეოებით გვანახეს, რა გველოდება, თუ მათი ნების და სურვილის წინააღმდეგ წავალთ, როცა ლაფანყურში სისხლიანი ტრაგედია მოაწყვეს, როცა მილიონზე მეტ სამშობლოდან წასდულ ადამიანს ფაქტიურად მოქალაქეობა აჰყარეს და უუფლებოდ დატოვეს, როცა ძალადობდნენ ქალებზე და ბავშვებზე, როცა იგონებდნენ აბსურდულ ფაბრიკაციებს, როცა ხან რუსის დამქაშები ვიყავით თურმე და ხან –  კანონიერი ქურდების ნატრულნი, როცა არცერთი ბანერი არ გვაღირსეს, როცა მხოლოდ 60 დღით დაუშვეს თავისუფალი მედია, რომ ისევ გებელსის პროპაგანდაში და გაფერადებულ “ცხოველების ფერმაში” შეგვაბრუნონ ისვე, როცა ადამიანები დაიჭირეს და დააშინეს სატელიტური თეფშების დამონტაჟების გამო, როცა ურნალისტების გარდა – ურნალისტების ზონდერბრიგადებიც შექმნეს, როცა ყველაფერი იკადრეს, რაც საქართველოში არასდროს არავის უკადრია – არ შეიძლება! არ შეიძლება ადამიანის სახის მქონე ამ ცოცხიან სადისტებს ეს “გამარჯვება”  გავუპრავოთ და შევარჩინოთ!

თუ არ გინდათ, რომ ხალხის ენთუზიაზმი ნიჰილიზმად იქცეს (უკვე მერამდენედ) – ეს პირველი დღიდან ბოლო წუთამდე გაყალბებული არჩევნები ქართველი ხალხის საზიზღარ მტერს – ერთიან ნაციონალურ მოძრაობას – არ უნდა მოვაგებინოთ!

ხომ ვიცით, რომ ეს უბრალოდ წაგება კი არ იქნება, არამედ მიხეილ სააკაშვილის სამუდამო გაპრემიერება!

ხომ ვიცით, როგორ სისხლში ჩაგვახრჩობს ეს მოლოქი, რომელსაც აქამდეც არ აკლდა ჩვენი სისხლი! როგორ დაანგრევს საქართველოსაც და ქართულ ოცნებასაც!

ბატონო ბიძინა, ველით თქვენს გადაწყვეტილებას!


საქართველოს სკანდალური საარჩევნო კამპანია (დევიდ იგნატიუსის სტატია The Washington Post-ში)


საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მთავრობა, დიდი ხნის განმავლობაში ამერიკელი კონსერვატორების  ფავორიტი ფერადი რევოლუციების ჩემპიონობის მიზეზით, ამჟამად  ცეცხლის ქვეშ არის მოქცეული საკუთარი შიდა ოპოზიციური მოძრაობის სავარაუდო ჩახშობის გამო. იმ მოძრაობისა, რომელსაც სათავეში უდგას მილიარდერი ბიზნესმენი.

სააკაშვილი შერაცხულ იქნა რეფორმატორად მას შემდეგ, რაც  ვარდების რევოლუციის შედეგად საქართველოს პრეზიდენტი გახდა 2004 წელს, და მამაცურად დაუპირისპირდა რეგიონში რუსეთის ჰეგემონიას. მაგრამ მან ასევე აჩვენა საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებითი შეფასების მცდარი მაგალითი, როდესაც გადადგა უგუნური სამხედრო ნაბიჯები, რითაც რუსეთს საბაბი მისცა, რომ 2008 წელს საქართველოში შემოჭრილიყო. ახლა კრიტიკოსები ბრალად უყენებენ სააკაშვილს, რომ მისი მთავრობა ზედმეტი აღტყინებით იბრძვის, როცა უკვე შიდა არენაზე პოლიტიკურ ოპონენტებს უპირისპირდება.

სააკაშვილის კონკურენტია მდიდარი ბიზნესმენი  ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც თავისი სიმდიდრე რუსეთში დააგროვა, ხოლო სამშობლოში დაბრუნების შემდეგ შექმნა ოპოზიციური პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება“. ივანიშვილის მომხრეები აცხადებენ ხელისუფლების მიერ რეპრესიული ნაბიჯების მთელი სერიის შესახებ, მათ შორის კომპიუტერული კიბერშეტევის შესახებ, რომელაც მოიცვა არა მარტო „ქართული ოცნების“ ადგილობრივი აქტივისტები, არამედ ამერიკელი იურისტები, ლობისტები და უსაფრთხოების მრჩეველები, რომლებიც „ქართული ოცნებისათვის“ მუშაობენ.

კიბერშეტევის შესახებ აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური პირები საქმის კურსში ჩააყენა  2012 წ. 7 სექტემბერს თედო ჯაფარიძემ, საქართველოს ყოფილმა ელჩმა ვაშინგტონში და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი გუნდის სხვა წევრებმა. ჯაფარიძემ ბრალი დასდო საქართველოს ხელისუფლებას, რომელმაც „საარჩევნო კამპანია გადააქცია ომად ‘სახელმწიფოსა’და ‘სახელმწიფოს მტრებს’ შორის“.

ქართულ პოლიტიკურ ბრძოლას საკმაოდ ახსოვს ბინძური ხრიკებში ბრალდებები ორივე მხარის მხრიდან, მაგრამ კიბერშეტევის გამოყენებამ ეს ბრძოლა ახალ, გაცილებით მაღალ [კიბერტერორიზმის!] საფეხურზე აიყვანა. ივანიშვილის მომხრეების მიხედვით, სპეციალისტებმა და გამომძიებლებმა იპოვეს 66 ტიპის ვირუსი და სპამი ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და მრჩეველთა მიერ გამოყენებულ 5 კომპიუტერში. აქედან კი ვირუსები მოდებული იყო დაახლოებით 50 სხვა კომპიუტერზე.

ვირუსული პროგრამები საკმაოდ ჭკვიანურად იყო მოფიქრებული: მათ შეეძლოთ ჩაერთოთ კომპიუტერის კამერა და მიკროფონები, და მოეხდინათ ეკრანიდან „სკრინშოტების“ ჩაწერა ყოველ 10 წამში, რაც საშუალებას იძლეოდა ჩაწერილიყო მნიშვნელოვანი გასაღებები და კოდური სიტყვები, განუცხადეს სახელმწიფო დეპარტამენტს.  მაგალითად, ერთი ასეთი „ეკრანის ჩაჭერა“, რაც მე ვნახე, აფიქსირებდა ივანიშვილის საბანკო ინვოისს „ნეშენალ სტრატეგიზ“ კომპანიისადმი, რომელიც ვაშინგტონში არსებული უსაფრთხოების მრჩეველთა ფირმაა. მეორე იყო ივანიშვილის მიმართ ვაშინგტონშივე არსებული კომპანია „პატტონ ბოგზის“ ადვოკატის მესიჯი. ეს ფირმა ივანიშვილის ლობისტური საქმიანობის წარმართველი კომპანიაა.

კიბერშეტევა აშკარად გასცდა თავიდან დაინფიცირებულ ინდივიდუალურ კომპიუტერებს: ჯაფარიძის გუნდმა განაცხადა, რომ გამომძიებლებმა აღმოაჩინეს მოწყობილობები, რომლებსაც შეუძლიათ მონაცემების დაფიქსირება და გადაცემა, ასევე ვირუსების გავრცელება, და ეს მოწყობილობები იყო დაინსტალირებული რამდენიმე ქართულ ინტერნეტ-პროვაიდერის აპარატურაში. როგორც ქართულმა ოპოზიციურმა მოძრაობამ განაცხადა, ასეთი მაღალი დონის მოწყობილობის და მათი ასეთ წერტილებში გამოყენება იმის მტკიცებულებაა, რომ სწორედ „სახელმწიფო უშიშროების და დაზვერვის სამსახურები ახორციელებდნენ პოლიტიკური ოპოზიციის თვალთვალის ოპერაციას“, ნათქვამია შეხვედრის ამსახველ დოკუმენტში.

ეს ახალი დოკუმენტები კიდევ უფრო ამძიმებს მომდევნო თვეში საპარლამენტო არჩევნების შესახებ ურთიერთბრალდებების ისედაც საკმაოდ სქელ საქაღალდეს. აგვისტოში ევროპის საბჭომ გააკეთა განცხადება, რომლითაც გააკრიტიკა მთავრობის მიერ საარჩევნო პროცესისთვის შეგროვილი შემოწირულობების ჩამორთმევის კამპანია, როგორც “იარაღი, რათა გაანადგუროს დემოკრატიული ოპოზიცია, და რომლის ძირითადი სამიზნე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებია.” და თომას მელიამ, სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ადამიანის უფლებათა საკითხებში, ასევე აღნიშნა გასულ კვირას “ბოლო თვეებში სხვადასხვა ტიპის მრავალი ხარვეზი”, თუმცა განაცხადა, რომ შეერთებული შტატებს ჯერ კიდევ მიაჩნია, რომ „საქართველოში კონკურენტული კამპანია გრძელდება“.

წყარო: http://www.washingtonpost.com/opinions/david-ignatius-georgias-rowdy-election-campaign/2012/09/19/596ef5ac-01b0-11e2-b257-e1c2b3548a4a_story.html

გამოქვეყნდა: 20 სექტემბერი, 2012 – The Washington Post


ადამიანური მიმართვები


 

მიმართვა არათანამოაზრეებს:

ჩემი ეს მიმართვა არ ეხებათ ჩემს მეგობრებს, თანამოაზრეებს, იმათ, ვისთანაც ერთად ბევრი საერთო ტკივილი თუ სიხარული განმიცდია ბოლო წლების განმავლობაში!

ეს მიმართვა ეხება საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებმაც მინდა რომ მომავალშიც, ყველაფრის მიუხედავად, შეინარჩუნონ იმის მორალური უფლება და პასუხისმგებლობა, რომ ერთად გავაგრძელოთ ნორმალური, დემოკრატიული, ადამიანის ღირსებებზე, თანასწორობაზე და ყველას უფლებების დაცვის ფუნდამენტურ პრინციპებზე დაცული საქართველოს შენება!

 

ბატონებო და ქალბატონებო!

როგორც ადამიანებს, მოგმართავთ!

ძალიან გთხოვთ, გამოიღვიძეთ!

ძალიან გთხოვთ, როცა ქვეყანა შოკირებულია იმით, რა სიბინძურეში ვართ, თურმე, ნაცმოძური “სამოთხის” მკვიდრნი, ნუ იქნებით როლანდ ახალაიასავით საკუთარი მშვიდი ძილის რეალიზების უფლებაზე თავგადამკვდარი! დადგა დრო, როცა ძილი და სიჩუმე დანაშაულია! მოვიდა დრო, რომ ყველამ უნდა ვიგრძნოთ და მივხვდეთ, რომ ასე ცხოვრება აღარ შეიძლება! მოვიდა დრო, როცა ყველას მოგვეცა შანსი, გადავწყვიტოთ – ვინ ვართ ჩვენ: ადამიანები, რომელთაც ღმერთმა და განგებამ შოთა რუსთაველის და ვაჟა ფშაველას თანამემამულეობის ბედნიერება გვაჩუქა, თუ ორფეხა მაიმუნები, რომლებიც სადისტების მიტევებას და მათი დანაშაულის მიჩქმალვას ცდილობენ?

ჩვენ უნდა გავცეთ პასუხი რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვან კითხვას, რომელიც მომავალში შეიძლება ჩვენი ცხოვრების განმსაზღვრელი აღმოჩნდეს. მაგალითად იმ კითხვას, რომელსაც, მე პირადად, მრცხვენია თვალი გავუსწორო: – როდესაც ირინა ენუქიძეს შვილი მოუკლეს, რატომ არ აღმოგვაჩნდა იმის საკმარისი მოქალაქეობა და თანადგომა, რომ შვილმკვდარ გაუბედურებულ  დედას გვერდით დავგომოდით? თუ მოქალაქეობა და თანადგომა არა, იმის ტვინი და საზრი მაინც არ აღმოგვაჩნდა, რომ გვერდით დავგდომოდით თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარი შვილები მაინც გადაგვერჩინა ამ მოლოქისაგან?

იმით გაოცება, თურმე (!) რა ხდებოდა ციხეებში, თურმე (!) რა საშინელი მონსტრი არის ჩვენი „რეფორმირებული“ სასჯელაღსრულების დეპარტამენტი, და თურმე (!) რა იმალებოდა 3-ვარსკვლავიანი, 60-ევროიანი სასტუმროების დონეზე აყვანილი პატიმართა შეხვედრების ოთახების მიღმა – არის ფარსი! ძალიან მინდა გთხოვოთ, ეგეთ თავის მართლებას ნუ დაიუწყებთ! საქართველოში, სადაც 32,000 პატიმარია, და რამდენიმე ასეული ათასი პრობაციონერი, ძალიან ძნელია ამ ხმებს და იქედან გამოჟონილი კოშმარის აღწერებს ვინმე დამალვოდა! ვინმე, ვისაც ყურები ცვილით არ ექნებოდა დამალული და რომელსაც თვალებზე შორებად „ცხოვრება მშვენიერია!“ ან „მე მიყვარს საქართველო!“ არ გაქვთ აფარებული!

თქვენ აქამდე საქართველო არ გიყვარდათ! თქვენ გიყვარდათ საქართველო, როგორც უეკლო პლასტმასის ვარდი, თქვენ გიყვარდათ დუტას და “ჯეოსტარის” საქართველო, ნანუკას და ქაჯაიას საქართველო… თქვენ გიყვარდათ პრეზიდენტის მიერ მალიმალ ლენტებგასაჭრელი საქართველო… თქვენ გიყვარდათ საქართველო, სადაც ცხოვრება „მშვენიერი“ იყო ვითომ, მიუხედავად იმისა, რომ იცოდით, რამდენი ადამიანისთვის იქცა ეს საქართველო ჯოჯოხეთად, რამდენს წაართვეს სარჩო-საბადებელი, რამდენი იძულებული გახადეს – გადახვეწილიყო და რამდენს ტანჯავდნენ ციხეებში!.. რამდენი – სულაც მოკლეს!..

თქვენ მოახერხეთ შემოგეღობათ თქვენი ცნობიერება მაღალი გალავნით, რომლის შიგნით რაიმე კრიტიკულ, ან ოდნავ შემაშფოთებელ ინფორმაციას არ აჭაჭანებდით! და თუ ამ თქვენს  პლასტმასის უზრუნველობას და უშფოთველობას რაიმე დაემუქრებოდა, თქვენ უმალ იმ რაიმეზე (ან – “ვინმეზე”) იტყოდით უარს, ვიდრე თქვენს საამურ ხელოვნურ იდილიაზე.  თქვენ გიხაროდათ საქართველოს ფეხბურთელთა წარმატებები, მაგრამ უმალ ჩარეცხეთ დემეტრაძე თქვენი ცნობიერებიდან, როგორც კი თქვენი პლასტმასის ბედნიერების მესაჭემ და მისმა სატრაპებმა გირჩიეს, რომ ბედნიერი საქართველოს იმიჯის შესანარჩუნებლად დემეს ჩარეცხვა აუცილებელი იყო! თქვენ გიხაროდათ და გეამაყებოდათ რუსთაველის თეატრის სახელოვანი წარმატებები, მაგრამ იმწამსვე იარლიყები მიაკარით მსოფლიოში ცნობილ რეჟისორს, როცა მსოფლიოში ცნობილმა კალთამადლიანმა დიაცებმა ეს მოითხოვეს – საქართველოს იმიჯის შესანარჩუნებლად! თქვენ არც კახი კალაძეზე გაგჭირვებიათ კეხის უკუღმა შემოტრიალება და არც არავისზე გაგიჭირდებოდათ! ნოდარ დუმბაძე რომ ცოცხალი ყოფილიყო და რამე ეთქვა ამ მთავრობაზე, იმასაც მშვენივრად ამოშლიდით საქართველოს ისტორიიდან! მით უფრო, რომ ნოდარ დუმბაძე საქართველოს ისტორიაში 2003 წლამდე იყო და ეგ – 2003-მდელი ისტორია თქვენს “მესაჭეებს” ჩალის ფასად არ უღირთ!

მაგრამ ეს დრო წავიდა! მოვიდა დრო, როცა თქვენ გაგიჭირდებათ თვალების ფახულით იმის კითხვა – „რა ცოცხი? რის წამება? აბა, რომელი სადისტებიო?“

და უკვე იმის მტკიცებაც უნდა გაგიჭირდეთ, რომ თურმე საქართველოს სასამართლოს ძალიან მაღალი და მუდმივად მზარდი რეიტინგი აქვს! რომ თურმე საქართველოს პოლიცია მსოფლიოში საუკეთესოა, რომ ფრანგებიც კი ცდილობენ ჩვენს პოლიციას მიბაძონ, რომ ნებისმიერი ქართველი ბავშვი პოლიციელობაზე უნდა ოცნებობდეს და რომ საქართველოს პრეზიდენტი სულ რუსთაველის აფორიზმებით ცხოვრობს (არ კი ახსოვს, მაგრამ – სისხლში აქვს გამჯდარი!)

როდესაც თქვენ არჩევნებზე წახვალთ (და რომ წახვალთ, ეჭვი არ მეპარება, რადგან ის ხალხი, ვინც ცხოვრების სიმშვენიერის თეზისს გატენით, არაფრით არ მოგასვენებთ, რომ სახლში დარჩეთ), და როდესაც ნაცმოძრაობის  რომელიმე სათნო იმიჯის მქონე დეპუტატისათვის ხმის მისაცემად კალამს მოიმარჯვებთ, კარგად დაფიქრდით და გააცნობიერეთ – თქვენ ამით ამ კონკრეტულ ადამიანს კი არ აძლევთ ხმას, და არა რაიმე აბსტრაქტულ ციფრს – 5-იანს ხაზავთ, არამედ – თქვენ აძლევთ ხმას წამებას, სადიზმს, მკვლელობებს და უსამართლობას! თქვენ არ გსურთ, რომ გავიგოთ, ვინ გასცა ზურაბ ჟვანიას მკვლელობის, გურამ შარაძის მკვლელობის, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის, გია კრიალაშვილის მკვლელობის, როინ შავაძის მკვლელობის, სანდრო თეთრაძის წამების ბრძანებები, ათასობით ადამიანისათვის ქონების წართმევაზე ვინ მოაწერა ხელი უკანონო  დოკუმენტებს, რა ხდება პროკურატურაში, როგორ ამცირებენ ადამიანებს, როგორ ძალადობენ ადამიანებზე – თქვენ ამით საკუთარ თავს ყველაფერ ამის თანამონაწილედ აცხადებთ!

-         თუ გადაწყვეტთ, რომ ნაცმოძრაობას მისცეთ ხმა და ნომერი 5 შემოხაზოთ, თქვენ ამით ხელისუფლების დანაშაულებათა თანამონაწილე ხდებით! თქვენ ამით საკმაოდ მკვეთრად აცხადებთ (ისე, როგორც მორალზე საბოლოოდ უარისმთქმელმა ერთმა ერთ დროს სავრაუდოდ პატიოსანმა პროფესორმა განაცხადა), მართალია, მე ვიცი, რომ ესენი საშინელი არსებები არიან, ვიცი, რომ დამნაშავენი არიან, ვიცი, რომ სადისტები არიან, ვიცი, რომ მოძალადეები არიან, ვიცი, რომ მათ ხელში საქართველოს არასოდეს სამართალი არ ეღირსება, მაგრამ… მაინც მათ ვაძლევ ხმასო!

-         და ეს ყველაფერი ასე იშიფრება – მაინც მათ ვაძლევ ხმას, რადგან მეც მათნაირი ვარ – დამნაშავეებთან უკეთ ვგრძნობ თავს!

თუ თქვენ ამ გზას აირჩევთ, ბატონებო და ქალბატონებო, მაშინ დაკარგავთ იმის მოთხოვნის უფლებას, რომ ვინმემ ოდესმე ასე მოგმართოთ, რადგან თქვენ ჩვეულებრივ „შპანა“-ზე გაცილებუთ უარესი გახდებით, ჩვეულებრივ კრიმინალებზე უარესი – ჩვეულებრივი ფაშიზმის არაჩვეულებრივი გამპრავებლები!

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ და მისმა სუპერმფლანგველმა ლიდერმა ქვეყნის საგარეო ვალი 9 წელიწადში გაასამმაგეს! – 3 მილიარდიდან 10,5 მილიარდ დოლარზე აიყვანეს! დღეს საქართველოში ნებისმიერი ახალშობილი 3,000 დოლარის ვალით იბადება, რომელსაც ჩვენ არავინ შეგვარჩენს. და ეს არ არის მაქსიმუმი! ნაციონალურ მოძრაობას ხაზინა ისე აქვს დაცარიელებული და ისე გამწარებული ეძებს, რა გამოიტანოს გასაყიდად, რომ როცა პარლამენტის შენობას, უნივერსიტეტებს და ინსტიტუტებს, სკოლებს, მუზეუმებს, თეატრებსაც გაჰყიდის (ერთადერთი – ციხეებს ვერ შეელევა!), მერე საცხოვრებელი სახლების წართმევას და რეალიზაციასაც მიჰყოფს ხელს! საკუთარი თავის გადასარჩენად ნაციონალურ მოძრაობას არ მოერიდება ღიად გაყიდოს არამცთუ ვარძია და დავითგარეჯა, არამედ მთლიანად – აჭარაც და სამცხე-ჯავახეთიც! თქვენ თანახმა ხართ, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ მთელი საქართველო პირწმინდად გაყიდოს? თქვან თანახმა ხართ, რომ ყოველი ქართველი ბავშვი უზარმაზარი ვალით იბადებოდეს? 1 ოქტომბერს თქვენი არჩევნით თქვენ სწორედ ამაზე შეიძლება მოაწეროთ ხელი! დაფიქრდით, სანამ დროა…

თუ თქვენ 1 ოქტომბერს არჩევნების გაყალბებას შეეცდებით, ამით თქვენ იმას გვეუბნებით, რომ ჩვენი არჩევნის გაუპატიურება გსურთ ისევე, როგორც სადისტები ციხეებში ადამიანების გაუპატიურებას ახერხებდნენ აქამდე! თქვენც ისეთივე მოძალადეები გამოდიხართ მაშინ! დროზე უარი თქვით ამ ეშმაკის ნაკარნახებ ჩანაფიქრზე და ჩვენს მოთმინებას ნუ გამოსცდით! ბევრჯერ შეგრჩათ და დაახვიეთ ეგ “თამშები” ახლა მაინც, ბატონებო თუ ქალბატონებო! არავინ აღარ გაპატიებთ სადისტების რეჟიმის “გაპრავების” კიდევ ერთ მცდელობას!

თუ თქვენ სამართალდამცავი ბრძანდებით, გაიხსენით, რომ თქვენ საქართველოს დაცვაზე გაქვთ ფიცი დადებული და არა სადისტი დეგენერატების ბანდის დაცვაზე! როდესაც ეს ბინძური ხელისუფლება ხელჯოხს გაძლევთ, კარგად დაფიქრდით, ეს ის ხელჯოხი ხომ არაა, რომლითაც უკვე ვინმე გააუპატიურეს? როდესაც ამ ბანდის დაცვას გადაწვყვეტთ, კარგად დაფიქრდით, ამით საკუთარ შვილებს რანაირ სახელმწიფოში საცხოვრებლად იმეტებთ! იმაზეც დაფიქრდით, რომ ის სადისტები სწორედ ამ ხელისუფლებამ გამოზარდა, სწორედ ბაჩო ახალაიამ ასწავლა მათ ადამიანთა ცოცხით გაუპატიურება, ხოლო ბაჩო ახალაიასთვის ცხოვრებაში მისბაძი პიროვნება, მასწავლებელი და შთაგონების წყარო, მისივე აღიარებით – მიხეილ სააკაშვილია… როცა დაჭირდათ, სადისტმა ხელისუფლებმა ეს სადისტი შემსრულებლები დაუფიქრებლად გადაგდეს და მოიშორეს და არაა გამორიცხული,  მათ სამუდამოდ “დადუმებაზეც” იზრუნონ! გსურთ, რომ თქვენც ასეთ ბრმა იარაღად იქცეთ ხელისუფლებად მოსულ ავაზაკთა ბანდის ხელში? თუ ნორმალური, სამართლიანი ხელისუფლებისთვის სამსახური სჯობს, რომელიც არაფერს ისეთს არ გაიძულებს, რაც შეიძლება ვეღარასოდეს ვერაფრით გამოისყიდოთ?

გავრცელდა სია, სადაც ასზე მეტი ბიზნესმენია, რომელიც სააკაშვილის რეჟიმმა საპარს ცხვრად აქცია. ეს სია კიდევ ერთხელ ადასტურებს, ვისთან და რასთან გვაქვს საქმე – ზურაბ ადეიშვილი, რომელიც სცენაზე არასდრო ჩანს, არის ხალხის მთავარი და უდიდესი ინკვიზიტორი. ის ბიზნესმენები კი, რომლებიც დღესაც სააკაშვილის რეჟიმს აფინანსებენ, ამით გვეუბნებიან – „ჩემი ფულით ფინანსებოდა ეს სისხლიანი რეჟიმი, მე ვუდექი მათ გვერდში, მას შემდეგაც კი, რაც ომი გააჩაღეს და მას შემდეგაც, რაც 2011 წლის სისხლიანი 26 მაისი მოაწყვეს!“  დაფიქრდით ბატონებო, თუ თქვენი გვარი საარჩევნო სიაშია, იქნებ დროზე სჯობდეს ამ სისხლიან სიბინძურეს გაემიჯნოთ და ამით ადამიანური სახე შეინარჩუნოთ? ვინ იცის, სწორედ ამით გადაირჩინოთ თავიც და სახელიც. ნუ იქნებით იმის იმედად, რომ თუ სააკაშვილმა არჩევნებში გაიმარჯვა, იგი თავის პრობლემებს გადაწყვეტს და თქვენი გადასანსვლის და მონელების სურვილი გაუნელდება!  პირიქით – არჩევნების მოგების შემთხვევაში მას იმდენი ფული დასჭირდება, რომ საკუთარი დედის და ბიძის გარდა არავის დაინდობს და არ დატოვებს გაუტყავებელს.

დაბოლოს, მინდა მივმართო იმ ჯგუფს, თუ „ფენას“, რომელსაც საკუთარ თავსაც მივაკუთვნებ – ინტელიგენციას და პედაგოგებს! კარგად დაფიქრდით, ნეობოლშევიკებთან დამოგებრებულო, სინდისის ყოველდღიური რეცხვით დაკავებულო ჰუმანიტარებო და ტექნოკრატებო – დაფიქრდით, ვის ემსახურებით, ვის უკმევთ გუნდრუკს და როგორ გინდათ, რომ ვინმესთვის რაიმეს სწავლის უფლება გქონდეთ! 2012 წლის 1 ოქტომბერი იქნება  ასერგასის დღე, როცა უნდა გადაწყვიტოთ, გიღირთ თუ არა თქვენი მოჩვენებითი უზრუნველობა იმად, რომ საქართველოს ისტორიამ ავაზაკთა გვერდით მოგიხსენიოთ…

===============================================

მიმართვა თანამოაზრეებს:

ჩვენ კი, ჩემო ძვირფასო თანამოაზრეებო, დავიმახსოვროთ, რომ 2012 წლის 1 ოქტომბერს ჩვენ თავად უნდა მოვიპოვოთ ჩვენი არჩევნის თავისუფლება – მთელი ეს დღე უნდა გავატაროთ საარჩევნო უბნებთან და ყველა იმ ნაძირალას, რომელიც არჩევნების გაყალბებას შეეცდება, არ უნდა მივცეთ ამის გაკეთების საშუალება. ახლა ხომ მაინც ვიცით, რა ჯოჯოხეთს გვიმზადებენ! ახლა ხომ მაინც ვიცით, რისთვის გაიმეტებენ ჩვენს შვილებს და მთელს ქვეყანას, თუ, ღმერთმა ნუ ჰქნას და, გაიმარჯვეს!

2012 წლის 1 ოქტომბერს ჩვენ სიმართლის ცოცხით უნდა გავხვეტოთ ნეობოლშევიკურ-სადისტური რეჟიმი!

უნდა მოვიშოროთ ხელისუფლებიდან ეს საქართველოს სახელის გამაუპატიურებელ ავაზაკთა ხროვა!

ახვრები არაფრით არ სჯობნიან ქურდებს!

ახვრები არ უნდა ბატონობდნენ ადამიანებზე!

ახვრები არ უნდა მართავდნენ საქართველოს!

„ყველა სიკეთე, რაც არსებობს დედამიწაზე, უთქმელად უნდა ეკუთვნოდეს იმას, ვინც სიკეთეს… სიკეთეს… სიკეთეს… – თესავს!“ (ბერტოლდ ბრეხტი)

2012 წლის 1 ოქტომბერს ცხოვრებაში კიდევ ერთხელ ავასრულოთ დიდი შოთას აფორიზმი – „ბოროტსა სძლია კეთილმან – არსება მისი გრძელია!“


გულაგის შუქურა


საქართველოს ხელისუფლება, რომელსაც მისი ლიდერები და აპოლოგეტები 30- წლიან, 70- წლიან, თუ მარადიულ ბატონობას უწინასწარმეტყველებდნენ – ჩამოიშალა.

ჯერ კიდევ, თუ ვიკიპედიას გაშლით, იქ წერია, რომ საქართველოს პრეზიდენტია მიხეილ სააკაშვილი. ჯერ კიდევ საქართველოს საელჩოების, სამინისტროების, სახელმწიფო სააგენტოების, უნივერსიტეტების, სკოლების და საბავშვო ბაღების კედლებზეც სწორედ ამ ადამიანის უკვე ავადსახსენებელი სურათი ჰკიდია – ზოგან, ილიასა და შოთას შორისაც! ჯერ კიდევ საქართველოს პარლამენტის სპიკერი არის უსუსური დავით ბაქრაძე, ხოლო პრემიერ- მინისტრი – ერთ დროს ქვეყნის ხეხემლად წოდებული ენაბრჯგუ მერაბიშვილი… მაგრამ ეს ყველაფერი იმას ჰგავს, სამურაებზე გადაღებულ მხატვრულ ფილმებში ყელში ხმალგამოსმული ადამიანი ჯერ კიდევ თვალებს რომ ახამხამებს, მაგრამ უკვე იცი, რომ პირის გაღება და ხმის ამოღება მას აღარ უწერია.

საქართველოს მთავრობა და ბოლო 9 წლის განმავლობაში მისი ზეციური განსხიერება – მიხეილ ნიკოლოზის ძე სააკაშვილი უკვე აღარ არსებობს, როგორც სიცოცხლისუნარიანი ორგანიზმი.

ეს არის აგონიის მდგომარეობაში ხელოვნური სუნთქვის აპარატზე მიმაგრებული  სხეული, რომლის ყოფნა-არყოფნას უკვე მართლა ლამის ერთი ფასი აქვს. უფრო სწორად, ყოფნას მხოლოდ ნეგატიური ფასი და განზომილება აქვს – რაც უფრო დიდხანს იქნებიან ხელისუფლებაში, მით უარესად დაამთავრებენ.

მათი პრობლემა იმაშია, რომ მიხეილ სააკაშვილს აღარ შეუძლია თავი ისე იმართლოს, რომ ამაში თუნდაც თავისი გუშინდელი მომხრეები დააჯეროს. თუ არ ჩავთვლით ქეთა გაბიანის, გიგა ნასარიძის, თეა თუთბერიძის და სხვა ჯურის საფლავში ბოლომდე ჩამყოლ ერთეულ – უზნეო  და უტვინო – აპოლოგეტებს, ის დანაშაული, რაშიც ახლა მხილებულია მიხეილ სააკაშვილი, არავის მხრიდან გათეთრებას უკვე აღარ ექვემდებარება! და პირიქით, ვინც ამ დანაშაულის გათეთრებას შეეცდება, იგი თავად იქცევა ადამიანთაგან  (sic!) მოკვეთილად. მე გულწრფელად მეცოდება თეა თუთბერიძე, რომელმაც ჯერ კიდევ ვერ შეიგნო, რომ როცა რაღაც არაადამიანურის „გაპრავებას“ ცდილობ, ამით საკუთარ თავს ადამიანობისაგან განზე აყენებ!

და ეს ადამიანები… ეს „ჯგუფი სუბიექტებისა“, მოდით, ასე ვთქვათ, რომელთაც ბოლო 10 თვე დახარჯეს იმაში, რომ თავის პოლიტიკური მოწინააღმდეგებს „მუმიებს“, „ვამპირებს“ და „მღრღნელებს“ უწოდებდნენ, ბოლოს და ბოლოს თავად ჩავარდნენ სხვისთვის საგულდაგულოდ გათხრილ ორმოში და თავად იქცნენ მუმიებადაც და ვამპირებადაც.

და ის მონდომება, რომლითაც თავად ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა სასწრაფოდ წაშალეს ნაცმოძრაობის მობილურ სარეკლამო ბანერებად ქცეულ სამარშრუტო ტაქსებიდან თავისივე სარეკლამო პლაკატები და სახეები, მხოლოდ ერთ რამეზე მიუთითებს – სიტყვები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ნომერი „5“ იქცა იმ კეთრის და შავი ჭირის ემბლემად, რომელსაც, იმის მიუხედავად, ჩავატარებთ ქართველები ჩვენს ნიურნბერგის პროცესს, თუ – არა, ხალხის განაჩენი უკვე გამოტანილი აქვს! და თავად ნაცმოძრაობის დეპუტატებმა – განსხვავებით უმეცარი თეა თუთბერიძისაგან, რომელმაც ცხოვრებაში კივილის მეტი ვერაფერი ისწავლა და ვერაფერი შეიგნო, მიხვდნენ, რამდენად სახიფათო იქნებოდა მათთვის და მათი შვილებისათვის სამუდამოდ მიკრული დამღა, რომელსაც ვერავითარი შუსაკუნეების ფრანგული შროშანი თუ საბჭოთა ქურდული ვარსკვლავი ვეღარ შეედრება. ძალიან მაინტერესებს – ერთ დროს წარმატებული ბიზნესმენი არჩილ გეგენავა (და სხვებიც, მაგ, „თეგეტა მოტორსის“, „ავერსის“ და სხვა დირექტორები) დღეს რამდენს მისცემდნენ იმაში, რომ მისი ცხოვრების ისტორიიდან ისე გამქრალიყო სიტყვები „ნაცმოძრაობა“ და „ნაცმოძრაობის დეპუტატი“, რომ არავის ამის შესახებ არ გახსენებოდა.

დღეს მიხეილ სააკაშვილმა ფენომენალური რამ განაცხადა – რომ ციხეები არ შეიძლება მანიაკების ხელში იყოს! პრინციპში, რაღაც მსგავსი მან ადრეც მოიმოქმედა, როცა მისგან 50 სმ-ის დაშორებით მდგარი ლომაიას ვერდამნახავმა და თავის მომკატუნებელმა აღშფოთებულმა იკითხა – ვინ იყო ის სულელი, ეს ლოტოტრონები რომ მოიგონაო?!  მაგრამ დღეს ფსონი მილიონჯერ უფრო მაღალია და ვეღარ გაბედა, ეკითხა – ნეტა ვინ იყო ის შობელძაღლი, ციხეები ქურდებს რომ გამოგლიჯა და მანიაკებს გადააბარაო!

ნაციონალური მოძრაობა თავის უკანასკნელ დღეებს ითვლის.

მათ მოახერხეს, რომ ფართოდ რეკლამირებული ლოზუნგი – „მეტი სარგებელი ხალხს!“ ხალხს პირდაპირ და დაუფარავად აჩვენეს!

დიახ, საქართველოს ყოველმა მოქალაქემ დაინახა, რა არის ის უსაზიზღრესი „სარგებელი“, რაც ნაცმოძრაობას შეუძლია მათ მოუტანოს!  ხალხმა დაინახა, რისი „შუქურა“ ყოფილა ნაცმოძრაობა! და ხერხემლის მაგიერ, თურმე რა ორგანოს ფუნქციას ასრულებდნენ ვანო მერაბიშვილი, ბაჩო ახალაია, დიმიტრი შაშკინი და თავად კდემამოსილი და უნებლიედ სადისტი – ხათუნა კალმახელიძე!

დღეს ყველასთვის ნათელი გახდა, რატომ არის ამდენხანს სამეგრელოს უცვლელი პროკურორი როლანდ ახალაია – იმიტომ, რომ სააკაშვილს არ ხელეწიფება მკვდრეთით აღადგინოს ლავრენტი პავლოვიჩ ბერია! თორემ ეგ რომ შეეძლოს, დიდი ხანია ნატრობს სრულყოფილს…

მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო დემოკრატობით, გააგრძელა ნეობოლშევიკობით და  დაამთავრა ლენინიზმით და სტალინიზმით, ამ სიტყვის ყველაზე საზარელი გაგებით.

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ დაიწყო დემოკრატიის შუქურის მშენებლობით, დაამარცხა კორუფცია, მოსპო ქურდები, ააშენა თანამედროვე სტანდარტის ციხეები და დაასრულა ახალი სამართლის ნორმის ჩამოყალიბებით  – უკან ცოცხის შემთხრელი „სამართლისა“!

მიხეილ სააკაშვილმა სულ რაღაც 6 წელიწადში განვლო გზა ნულოვანი ცნობადობის პიროვნებიდან მსოფლიო პოლიტიკის ვარსკვლავბიჭუნამდე, ხოლო შემდეგ, საოცარი ვარდნა განახორციელა და დღეს მიჭირს იმაზე ფიქრიც კი, რა შეიძლება ელოდებოდეს – ქართველი ხალხის თბილი გრძნობა რომ არ არის შესაძლო ვარიანტი, ეს ხომ კარგა ხანია ცნობილია…

დემოკრატიის შუქურობიდან – გულაგის შუქურობამდე!

მიხეილ სააკაშვილის გულაგი იყო ყველაზე ლამაზი, ყველაზე განათებული, ყველაზე შადრევნებიანი, ყველაზე ლამაზმინისტრებიანი და ყველაზე საოპერეტო გულაგი, რომელსაც ვერაფრით შესწვდებოდა იოსებ ბესარიონის ძის «მარტივი მენტალიტეტი» და «ძუნწი ფანტაზია».

და ეს გასაგებიცაა, რადგან როცა თავის უსახურ და პირქუშ არქიპელაგ გულაგს აშენებდა, იოსებ სტალინს არ ჰქონდა იმის ამბიცია, რომ ვინმესთან ამ გულაგით თავი მოეწონებინა. ხოლო მიხეილ სააკაშვილს გაუჩნდა ამბიცია, რომ ეს სუპერგულაგი (ფასადურად) ყოფილიყო ისეთი, რომლითაც იტრაბახებდა ჰილარი კლინტონთან, ჯონ მაკკეინთან, ანდერს ფოგ რასმუსენთან და სხვა დემოკრატ ადამიანებთან, მაგრამ რომელიც ამავე დროს იმაზე გაცილებით საზარელი წამებისთვისაც გამოდგებოდა (კლინტონების, მაკკეინების და რასმუსენების თვალისაგან მოფარებულში), რომ ივან დენისოვიჩის ერთი დღე მასთან შედარებით იქნებოდა საოცარი სიმშვიდის და ლამის ტრანსცენდენტური იდილიის ნიმუში D:D:D

ძალიან მაინტერესებს, ამ ვიდოების ნახვის მერეც არ გაუნელდება ჰილარი კლინტონს იუსტიციის გრანდიოზული სახლების ხილვით მოგვრილი გრანდიოზული კმაყოფილება? საინტერესოა, იუსტიციის სახლებში სპეციალურ კინოთეატრებს ხომ არ გახსნიან, სადაც ქართული აბუ გრეიდის საშინელებებს HD ფორმატში აჩვენებენ?

ურემი რომ გადაბრუნდა, გზის ფარგმენტებიც გამოჩნდა და გამოჩნდა, რომ ბევრი თანამებრძოლი თურმე ლაპარაკობდა, ზოგი მინიშნებებს აკეთებდა და ზოგს გუმანი მაინც ეჩუჩუნებოდა რაღაცას:

სახალხო დამცველის აპარატმა იმ პიროვნებათა სია გამოაქვეყნა, ვინც პატიმრების წამებაში მონაწილეობას იღებდა.

“მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებში ფიგურირებენ სასჯელაღსრულების N8 დაწესებულების თანამშრომლები, ხელმძღვანელობა, ასევე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლები, მათ შორის N8 დაწესებულების დირექტორი დავით ხუჭუა, დირექტორის მოადგილე ვიქტორ ყაჭეიშვილი, რეჟიმის უფროსი ოლეგ ფაცაცია, ამავე დაწესებულების უსაფრთხოების თანამშრომელი გიორგი ავსაჯანიშვილი, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გაგა მკურნალიძე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელი გიორგი კინწურაშვილი და სხვა პირები, რომელთა სახელები ფიგურირებს სახალხო დამცველის ანგარიშებშიც,”-ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

სახალხო დამცველი შეახსენებს სამართალდამცავ ორგანოებს, რომ აღნიშნული ფაქტები გლდანის N8 დაწესებულებაში რეგულარულ ხასიათს ატარებს. პრაქტიკულად გახსნის დღიდან აღნიშნულ დაწესებულებაში პატიმრების მიმართ სისტემატურად ხორციელდება სხვადასხვა სახის არასათანადო, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა, რის თაობაზეც სახალხო დამცველის არაერთ ანგარიშში დეტალურადაა საუბარი. არაერთ ასეთ ფაქტზე სახალხო დამცველმა დაუყოვნებელი და ეფექტური გამოძიების მოთხოვნით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას, თუმცა დღემდე ამ ფაქტების გამოძიება და დამნაშავეების დასჯა არ მომხდარა.

გარდა ამისა, სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ გარემოებას, რომ სამწუხაროდ, გლდანის N8 დაწესებულება, არასათანადო მოპყრობის მხრივ, არ წარმოადგენს გამონაკლისს სასჯელაღსრულების სისტემაში. მსგავს პრობლემებთან გვაქვს საქმე ქუთაისის N2, მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა N18, ქსნის N15 დაწესებულებებში. აღნიშნულის თაობაზე სახალხო დამცველმა არაერთხელ გაავრცელა საგანგებო განცხადება, რასაც სათანადო რეაგირება არ მოყოლია.

სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ ამჯერად სამართალდამცავი ორგანოები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ გამოვლინდეს და სათანადოდ დაისაჯოს ყველა ის პირი, რომელიც მონაწილეობდა პატიმრების ცემასა და მათ მიმართ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობაში, ასევე, ის პირებიც, ვისი მდუმარე თანხმობითაც ხორციელდებოდა ზემოაღნიშნული.

-         ა, ბატონო! იმედოვნებს ეს კაცი! იმედოვნებს და …!

მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო წინა (და ჩემთვის – შეუდარებელი მებრძოლის) სახალხო დამცველის – სოზარ სუბარის ძალიან ზუსტი დასკვნაც და წინასწარმეტყველებაც, რომ სწორედ სანდრო გირგვლიანის საქმე იქცა მიხეილ სააკაშვილის მართმსაჯულების სისტემის ლაკმუსის ტესტად და სწორედ ამ საქმეში, როგორც ოკეანის წვეთ წყალში, სრულად აისახა ყველაფერი  ის, რაც ქართულ საზოგადოებას სერიოზულ პრობლემას უქმნიდა და კიდევ უფრო მკვეთრი გახდებოდა, თუ ხელისუფლება ამის გამსოწორებაზე არ იფიქრებდა. მოხდა კი პირიქით.

გაგახსენებთ ამონარიდებს ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს დასკვნიდან სანდრო გირგვლიანის საქმის შესახებ. ის, რომ ცალ ყურში არც კი შეუშვა სააკაშვილის ხელისუფლება, ისე “გაატარა” ეს დასკვნა, იყო მათი დღევანდელი კრახის დასაწყისი.

სასამართლო შეძრულია იმ ფაქტით, რომ თვით შინაგან საქმეთა მინისტრმა არ გააუქმა მისი სამინისტროდან ის საქმე, რაც ეყრდნობოდა იმ ფაქტებსა და გარემოებებს, რომ მისი დაქვემდებარებული პირები და შესაძლოა,  მისი მეუღლეც ჩარეულნი იყვნენ ამ საქმეში, რაც თავის მხრივ იქნებოდა მხოლოდ პროფესიული და მახვილგონიერი გადაწყვეტილება არსებული გარემოებებიდან გამომდინარე, მაგრამ პირიქით, მან გასცა განკარგულება..-განეგრძო გამოძიება“.

- “. . . სასამართლომ დაადგინა, რომ სანდრო გირგვლიანს განსაკუთრებულად სასტიკად, და არაადამიანურად მოექცნენ. უფრო მეტიც, ყელის არეში იგი თორმეტჯერ იქნა დაჭრილი, და ეს გარემოება უკვე ადასტურებს იმას, რომ დამნაშავეებს სურდათ მხოლოდ მისი სიცოცხლის ხელყოფა. მეორე გარემოება,  რაც ასევე ხაზს უსვამს განზრახ მკვლელობას, არის იარაღის გამოყენება სულ მცირე ერთი დამნაშავის მხრიდან. ყველაფერი ამის გათვალისწინებით, სასამართლო აღშფოთებულია გარემოებით, რომ  მკვლელებს მიუსაჯეს მხოლოდ 7-8 წელი თავისუფლების აღკვეთა, რაც კიდევ ერთხელ ამძიმებს ქართული მხარის არაადეკვატურობის ალბათობას, რადგანაც დანაშაული ჩადენილია სახელმწიფო ჩინოვნიკების მიერ, შესაბამისად სადამსჯელო მეთოდი უნდა იქნას მეტად დამძიმებული“.

- “. . . ნებისმიერ შემთხვევაში, კიდევ რჩება გასარკვევი, თუ რა იყო ის ძირითადი მიზეზი, რის გამოც მოხდა ასეთი სიმძიმის დანაშაული. სასამართლო აღშფოთებულია იმ ფაქტით, რომ 2008 წლის 24 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა სახელმწიფო ჩინოვნიკები და გაუნახევრა მათ სასჯელი. ხოლო კიდევ უფრო მეტად აღმაშფოთებელი გახდა ის გარემოება, რომ 2009 წლის 5 სექტემბერს ისინი განთავისუფლდნენ. სასამართლოს აზრით, საქართველოს მთავრობას სურდა, რომ ქართული საზოგადოება კმაყოფილი დარჩენილიყო იმით, რომ ასეთი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის სამი წელიწადი და ექვსი თვე იქნებოდა საკმარისი სასჯელი შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებისათვის, რომლებმაც გაურკვეველი მიზეზებით მოკლეს უდანაშაულო ადამიანი“.

სასამართლო გაოგნებულია ხელისუფლების სხვადასხვა შტოების წარმომადგენლების ხმაშეწყობილი მოქმედებით, რათა ამ უმძიმეს დანაშაულზე არ აღსრულებულიყო სამართლიანი მართლმსაჯულება: შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაკლოვანებები გამოძიების საწყის ეტაპზე, პროკურატურის დაუდევრობა მთელი შემდგომი გამოძიების პროცესში, ციხის ადმინისტრაციის მიერ დაკავებულ პირთა უკანანოდ ერთ საკანში მოთავსება, სასამართლოს მიერ არასამართლიანი სასამართლო პროცესის ჩატარება და დამნაშავეების ნაადრევი გათავისუფლება, ასევე, საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამნაშავეების დაუსაბუთებელი შეწყალება”.

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო გაოგნებულია იმით, საქართველოს სახელმწიფოს უმაღლესი რგოლებიროგორ ყველა ერთად, შეხმატკბილებულად მოქმედებდა იმ მიზნისათვის, რომ ამ შემზარავი მკვლელობის საქმეზე როგორმე არ განხორციელებულიყო მართლმსაჯულება“.

- როცა მანიაკებს ზრდი, პრემიებს ურიგებ, აჯილდოვებ, იწყალებ და აწინაურებ, მერე რატომ კითხულობ, სააკაშვილის ბიჭო, “საიდან ეს მანიაკებიო?”

- საიდან დაშენი ტუმბოჩკიდან! შენი პირადი ინკუბატორიდან! ახალაიას და ვანოს “სასტავიდან”შენი მოწონებული და დაჯილდოებული!

ნუთუ მაინცდამაინც ეს უნდა გვენახა, რომ ირინა ენუქიძის სულისშემძრავი კივილი გაგვეგონა?

—–

სამარცხვინოა, რომ ამ სატრაპებმა „აღადგინეს“ ბაგრატის ტაძარი.

არ შეიძლება, გულაგის შუქურა ამავე დროს ბაგრატის ტაძარს ზარს კიდებდეს.

და გაუგებარია, ამის მხარდასაჭერად რომ ქადაგებს და გასტროლებზე მთელ ევროპაში დაკუნტრუშებს, ის ხალხი მრევლის სულიერი მამის სტატუსის მატარებელი იყოს…

ათიოდე დღეში – 2012 წლის 1 ოქტომბერს (თუ მანამდე არ გაიქცნენ!),  საქართველოს მოსახლეობა ხელისუფლებიდან ცოცხით გამოხვეტავს ამ ნაგავს!


ფარისეველ მტრედთა ღუღუნი


რა არის ხელისუფლება სამართლის გარეშე, თუ არა ავაზაკთა ბანდა?

(ნეტარი ავგუსტინე)

საქართველოს პრეზიდენტმა ბაგრატის ტაძრის გახსნაში მიიღო მონაწილეობა და ყველა ქართველის და ყველა ქართული ძალის გაერთიანებაზე გულისამაჩუყებლად ილაპარაკა!

მან დიდი მადლობა უძღვნა პატრიარქს მისი საქმიანობისათვის!

მან დიდი მადლობა მიიღო პატრიარქისაგან მისი საქმიანობისთვის!

საქართველოს პატრიარქმა პრეზიდენტის სახელით ბაგრატის ტაძრის კურთხევაში მონაწილე პოლიტიკოსები და საზოგადოების წარმომადგენლები ბანკეტზე მიიწვია!

სავარაუდოდ, სუფრას სწორედ საქართველოს აღორძინების და გაერთიანების სიმბოლოს – ბაგრატის ტაძრის – აღმშენებელი, და საქართველოს აღორძინების და გაერთიანების შემოქმედად თავის ჩამთვლელი, დემოკრატიის შუქურა, მესიის მახვილი, წმინდა ქართული ტრადიციების დამცველი, და ქართული კულტურის, მევენახეობის, არქიტექტურის, ცეკვის, ოპერის, განათლების, საბრძოლო სტრატეგიისა და ეროვნულობის სიმბოლო – მიხეილ (დაღმაშენებელ) სააკაშვილი წარუძღვება!

ითამადებს ბატონი მიხეილი, ისე, როგორც მას ჩვევია – ქართული ღვინით სავსე ყანწებს და სიბრძნით სავსე სადღეგრძელოებს მარგალიტებად ჩაურთავს გალაკტიონ კალანდაძის და შოთა ორბელიანის ლექსებს, მუხრან მაჭავარიანსაც (ბრანდსპოიტისწყაროდანაპირებს) წაიკითხავს ცრემლმორეული და კაკალაშვილის ღვთიურ სტროფებსაც მიაშველებს; გაიხსენებს რუსთაველის გმირებს, რომლებიც ისევე ებრძოდნენ რაბათის ციხის ახლოს მუმიებსა და მღრღნელებს, როგორც იგი ებრძვის; ილაპარაკებს კლასობრივი ბრძოლის ტრიუმფით დასრულებაზე და უკანასკნელი კლასობრივი მტრის  სისხლის ბოლო წვეთის დალევის დამამშვიდებელ აპოთეოზზე… აქა-იქ წაიღიღინებს „ჩაკრულოსა“ და „გაფრინდი შავო მერცხალოს“, და ყველაფერ ამის კეთებისას ხშირ-ხშირად პირჯვარს გადაიწერს ღვთისმოშიში და თავმდაბალი, ღრუბელ-ღრუბელ მალვით ფრენით ქართველი ხალხის მეოხი და მსახური, ქართველი ხალხისთვის პრომეთეულად – ამირანი და ათათურქივით – დ.აღმაშენებელი (ან – აზიზიე, განა მისთვის სულერთი არ არის?!)…

ხოლო მისი ერთგული რაზმი, მისებრ ვაშა-კაცნი და ქართველი ხალხის სარგებელზე ფიქრში დამაშვრალნი, ლამის გადამწვარნი და გაღლეტილნი, მისი უპოვარნი და მარადუსახლკარონი – ვანო და ზურა, გიგი და გიგა, ბოცო და პალიკო, ნიკა და გოკა, კეზერა და ბენდუ, ბაჩო და დათა (და მამაო როლანდ), ჩიორა და ხათუნები… – მისი ლეგიონი მოკლედ – იქვე იქნებიან,  ქვეყანაზე ფიქრებით გაცისკროვნებულნი და მშვიდობაზე ღუღუნით ჩამტრედებულნი, ხოლო – შიგადაშიგ – საკუთარი  სულის გადარჩენაზე და ქართველი ხალხის სარგებელზე ქვაზე თავისრტყმევით მლოცველნი (განსაკუთრებით – რუსუდან ეფემია კერვალიშვილი, ქართველი ხალხის დედა და ათასთაგან დედახსენებული და ხაჭომირთმეული)…

და იქვე იდგებიან მიხეილ სააკაშვილის საგარეოდ მტერნი პოლიტიკურნი და საშინაოდ კი – იდუმალნი ძმანი იდეურნი – ყასიდად მოკრიტიკე ქდმ-ელები და ედპ-ელები, ყასიდად მაგინებელნი ლეიბორისტები და პადოშისტები და სხვაი ძუძუით მარადმლოცველები,  მაია სერგოევნა ორჯონიკიძიდან – თამარა ტაბულევნა ჩერგოლეიშვილამდე, ქეთა ბენზინმზიდ გაბიანიდან – კარდუ მუტრუკ-ნასარიძემდე თუ – მიშა ვოდკინ-თავხელიძემდე…

და შიგადაშიგ, უკიდურესი აღელვებისა ჟამს, როცა კულტურული ოჯახიდან გამოსული მინისტრი სუფრაზე ტარიელისა და ნესტან-დარეჯანის სიყვარულს გაიხსენებს, ან როცა ოპერის უპირველესი მეგობარი და ლატარიის კარუზო კეზერაშვილი კავარადოსის არიას ქვითინში ჩაასრულებს, ან როცა აშუღი კობა ხაბაზი ხოსროვ-შირინის სტროფებს ჩააბულბულებს, წარმოდგება მეფის სავარძლიდან კავკასიის ლომი და მშვიდობის მტრედი, მიეახლება უკნიდან თავის თინათინ-სანდრას და თმაზე ნაზად ეამბორება ისე, როგორც ჭეშმარიტნი რაინდნი ეამბორებიან ხოლმე უკიდურესი ტრფობის სიწმინდეს…

და ერს კურცხლი მოსწყდება მაშინ… სათნოების და მთრთოლვარე კდემამოსილების კურცხლი – ხომ ყველამ იცის ჩვენი მთავარსარდალ კურდღლისტყაოსნის გარდარეული სიყვარულისა და უსაზღვრო ერთგულების ამბავი…

და იდგებიან იქვე მღვდელმთავარნი. და მათ შორის – კუდისგან ხელდასმულნი თუ შენარჩუნებულნი – გაენათელი კალისტრატე მიშთაყვანისმცემელი, ფოთელი გრიგოლ ჟურნალისტთმცემელი და შემოქმედელი იოსებ ოპოზიციამწყევლელი, სანატრელი იმპერატორის ახლოს ყოფნით ახურვებულნი და ნეტარების ოფლდასხმულნი…

ხოლო ბოლოს კი ყველანი ერთად, ბაგრატის ტაძრის საოცრებაში – ლიფტში შეილალებიან და და ზედა პლატფორმიდან მათ მიერ გახსნილი ახალი ქუთაისის ხილვისას უფლისა და ტექნიკური პროგრესის ერთობას დალოცავენ განსხვავებულით (შეიძლება სულაც – რომელიმე ცელქი და მდგრადი მინისტრის, ან მინისტრის მოადგილის იტალიური ფეხსაცმლით).

==================================================================

ხდება ხოლმე, ის კი არადა, – ლამის ყოველთვის არის რაღაც მცირე ცუდიც, როცა დიდი კარგი ამბავი ხდება…

მაგრამ როცა ამდენი სიყალბეა კარგ ამბავში ჩაქსოვილი, როცა სიწმინდეს უკეთურები მოასხდებიან ქედზე და როცა ეკლესიას ზარს ქვეყნის დამანგრეველი და ხალხის უბედურებით გაბრწყინებული მედროვე ადგამს, რაღაც ძალიან ცუდი სუნი ასდის ამ ამბავს. აი, ისეთი სიდამპლის სუნი, როგორც ჰამლეტის ეპოქაში – დანიას… და რაზეც ასე დიდებულად თქვა გენიოსმა პოეტმა:

რადგან მათხოვრად გადაიქცა ახლა ღირსება,
რადგან არარამ შეიფერა ძვირფასი ფარჩა,
რადგან სიცრუე ერთგულების გახდა თვისება,
რადგან უღირსებს უსამართლოდ დაადგეს დაფნა,
რადგან მრუშობით შელახულა უმანკოება,
რადგან დიდებას სამარცხვინოდ უთხრიან საფლავს,
რადგან ძლიერი დაიმონა კოჭლმა დროებამ.
რადგან უწმინდეს ხელოვნებას ასობენ ლახვარს,
რადგან უვიცი და რეგვენი ბრძენობს ადვილად,
რადგან სიმართლე სისულელედ ითვლება ახლა,
რადგან სიკეთე ბოროტების ტყვედ ჩავარდნილა…

ასე დაღლილი ამ ქვეყნიდან გაქცევას ვარჩევ,
მაგრამ არ მინდა, ჩემი სატრფო ობლად რომ დარჩეს.

===================================================================

და ამიტომ, სანამ ეს მტრედთა ღუღუნი თქვენშიც აღძრავს  საყოველთაო იდილიის მონატრებული ხატების მოახლოებულ მოლოდინს, ზოგი რამ მინდა შეგახსენოთ:

სწორედ იმ დროს, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ერთობაზე და ერთიანობაზე ლაპარაკობს, და იმაზე, რაც თურმე “ყველა ქართველს გვაერთიანებს”, – საქართველოს ციხეებში 115 პოლიტპატიმრიდან დიდი უმეტესობა ისევ რჩება, სულ კი საქართველოს ციხეებში 32,000 პატიმარია, 72,000 კაცს ახეული აქვს ქონება საპროცესო შეთანხმებით, თითქმის 150,000 პრობაციონერია და ყველა ამ ადამიანის ახლობლებს სწორედ ეს ფარისევლურად მოღუღუნე მტრედები სწორედ ახლა  ოჯახებში კუდის და სოდის მანქურთებს უგზავნიან დასაშინებლად და არჩევნების გასაყალბებლად!

სწორედ იმ დროს, როცა მიხეილ სააკაშვილი ბაგრატის აღმშენებლობაზე ლაპარაკობს, მისი ხაზინადარები სიხარულით ითვლიან იმ მრავალ მილიონს, რაც ბაგრატის მშენებლობაზე „გააპრავეს“ და ახლა „ატკატებით“ უკან დაუბრუნდათ! ყოველი 500 ეკლესია-მონასტრის მშენებლობა თუ აღდგენა საქართველოში, რაც ბიძინა ივანიშვილმა დააფინანსა – იყო საჩუქარი საქართველოსა და საქართველოს მოსახლეობისათვის, (და ბიძინა ივანიშვილი იქ მედიდურად არ გამოჩენილა გახსნისას და ამპარტავნულად თავად არ ყოფილა გახსნის ცერემონმაისტერი, რადგან უფლის სახლში უფლის მსახური უნდა იყოს მასპინძელი), ხოლო ყოველი ის მშენებლობა, რასაც მიხეილ სააკაშვილი აფინანსებს, არის ქართველი ხალხის ჯიბიდან ამოღებული 2-ჯერ და 3-ჯერ მეტი ფულიც კი, ვიდრე სინამდვილეში რეალური ხარჯთაღრიცხვისას ეს მშენებლობები დაჯდებოდა. თქვენ როგორ გგონიათ, რატომ არიან გაჩუმებულნი ბოკერია, ჩერგოლეიშვილი, ლევან რამიშვილი, თეა თუთბერიძე და სხვა ეკლესიაზე მწყრალად მყოფნი ნაცმოძრაობის იდეოლოგები? იმიტომ, რომ ბაგრატიდან, ფოთის ტაძრიდან და სხვა მშენებლობებიდან მოტეხილი ფულის ნაწილი მერე სწორედ მათ ჯიბეებშიც და მათ “პროჯექტებშიც” გადანაწილდება, ხოლო  დარჩენილი ნაწილით ბუდა ბარები და „შანგრი-ლა“ კაზინოები შენდება!

სწორედ იმ დროს, როცა მოყვასის სიყვარულზე და საერთო ქართულ საქმეზე ხმაათრთოლებული ლაპარაკობდა (ზოგადადს კი კლასობრივი მტრების და მუმიების განადგურების მსურველი) პრეზიდენტი, ბაჩო ახალაია და ვანო მერაბიშვილი დისლოკაციის ადგილებზე აგზავნიან ზონდერბრიგადებს და სპეცნაზს, რომელთაც არაფერს ეუბნებიან საერთო ქართულ საქმეზე და მოყვასის სიყვარულზე. სულაც – პირიქით, ჩვენს სისხლზე გეშავენ.

სწორედ იმ დროს, როცა პატიოსნებაზე, სიმართლეზე და სამართალზე ენას იქაფებენ ნაცმოძრაობის კდემამოსილი და ხელში სანთელანთებული ლიდერები, ზურაბ ხარატიშვილი მიხეილ მაჭავარიანთან და ხათუნა გოგორიშვილთან ერთად სახავს არჩევნების გაყალბების ნატიფ სქემებს, ხოლო ლუის ნავაროს მიერ დაქირავებული კავკასიის რესურს ცენტრის თანამშრომლები გაყალბებულ ველში გაყალბებული სოციოლოგიური კვლევის ფორთოხლებს კრეფენ, რომ ყოველგვარი პატიოსნების, სიმართლის და სამართლის გარეშე მოგვახალონ მიშასთვის სასურველი პროცენტები.

სწორედ იმ დროს, როდესაც მიხეილ სააკაშვილი “საქართველოს სიყვარულით გულანთებულის” როლს თამაშობს, მას და მის სატრაპებს უკვე გადაწყვეტილი აქვთ, რომ თუ არჩევნებს მოიგებენ, საქართველოს კიდევ რომელ კუთხეში რას გაყიდიან, რომელ სამუზეუმო ექსპონატს, რომელ ტყეს თუ მდინარეს, თუ სულაც რომელ რეგიონში რამდენი კილომეტრით გადმოსწევენ უკან საზღვარს, როგორ აჩუქებენ საქართველოს კულტურის ძეგლებს ჩვენს მეზობლებს რამდენიმე მილიარდის ფასად, რომელსაც მერე თავიანთ ბოზებს და მანქურთებს დაახარჯავენ, რამდენ თანამოქალაქეს მოახვედრებენ საბანკო კრედიტის დაუნდობელ ბრჭყალებში, რამდენ ადამიანს ჩაუდებენ ნარკოტიკს ან შეუსევენ საგადასახადო პოლიციას, რომ საპროცესო შეთანხმებით მათაც ტყავი გააძრონ და მათი ბიზნესი თუ სახლკარი ხელში ჩაიგდონ, საქართველოს რამდენ მოქალაქეს აიძულებენ ლტოლვილად იქცეს და მათ მაგიერ რამდენ უცხოელს ჩამოასახლებენ – საქართველოს ადგილზე სინგაპურის ასაშენებლად!

ნაციონალური მოძრაობა და მისი უსინდისო ფარისველი ნერონი არის ქართველი ხალხის სახადი, რომელიც 2012 წ. 1 ოქტომბერს უნდა საბოლოოდ მოვიშოროთ! წინააღმდეგ შემთხვევაში, სწორედ ისინი, ვინც ახლა ძმობას და ერთობას გვთავაზობენ, მაშინვე გადააგდებენ ცხვრის ტყავებს და თავის მგლის ხელობას გვაჩვენებენ ისევ და უფრო უარესადაც ვიდრე აქამდე.

ჩვენ, ესენი, კარგად ვიცით, ვინც არიან!

ჩვენ კარგად ვიცით, მათ სიტყვებს, დაპირებებს, და ვითომ ხალხისთვის შეპირებულ “სარგებელს” სინამდვილეში რა ფასი აქვს!

ჩვენ კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ის ხალხია,  ვისაც ჩვენზე 70 წლით ბატონობის გეგმები აქვს!

ჩვენ კარგად უნდა გვახსოვდეს, რა უყვეს მათ სანდრო გირგვლიანს, ბუტა რობაქიძეს, გიორგი გამცემლიძეს და სხვა უდანაშაულოდ დახოცილ ახალგაზრდებს! რა უყვეს მათ ლტოლვილებს!  ქართველ ჯარისკაცებს და ოფიცრებს! ბინათმშენებლობაში მოტყუებულებს! ომის წინ კრედიტის ამღებ და გაკოტრებულ ბიზნესმენებს! გარემოვაჭრეებს!უნივერსიტეტის პედაგოგებს! სწავლის ფულის ვერგადამხდელ სტუდენტებს! ლოპოტის ხეობაში ჩახოცილ მოტყუებულ ქისტებს და ჩეჩნებს! სამარშრუტე ტაქსის მძღოლებს! გაფიცულ მეტალურგებს! წეროვნის დასახლების მაცხოვრებლებს! სახელმწიფო მშენებლობაზე დასაქმებულ მუშებს!.. – არ არის ფენა და საზოგადოების ნაწილი, რომელიც ამ ხელისუფლებამ არ გადაგდო, არ გაყიდა, არ უყალატა, არ მოატყუა და არ დაჩაგრა!

ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, რამდენად გვინდა, რომ მომავალი 4 წელი ყოველ ოჯახზე 1000 ლარიანი ვაუჩერის, (ანუ თვეში 20 ლარის, ხოლო დღეში თითო სულზე – 23 თეთრის!) ფასად მივეყიდოთ იმ ადამიანებს, რომელთაც ჩვენი დამონება სწადიათ!

ამ ხალხმა არჩევნების უფლება წაართვა საზღვარგარეთ წასულ ჩვენს მოქალაქეებს. გაგიკვირდებათ, რომ მათ მალე პასპორტებიც გაუუქმონ და საერთოდ სამშობლოს გარეშე დატოვონ, თუ ნაცმოძრაობა ისევ ხელისუფლებაში დარჩა?

თუ ვინმე ჩვვენი ოჯახის წევრს, ჩვენს მეზობელს ან ნაცნობს აწამებს, აუპატიურებს ან კლავს, უსამართლოდ და უმიზეზოდ ციხეში აგდებს და მთელ საცხოვრებელს აყიდვინებს, თუ თუ ვინმე მათხოვრად გვაქცევს, რომ მერე, ოთხ წელიწადში ერთხელ სამადლოდ 20 ლარი გადმოგვიგდოს, თუ ვინმე ჩვენს სამშობლოს ყიდის, რომ თავად იგრიალოს – ვინ ვართ ჩვენ, თუ ასეთ ადამიანებთან ისევ „საერთო ქართული საქმის კეთების“ ილუზია გვექნება? ხომ ან მონები ვიქნებით, ან – დებილები! გვინდა, რომ მონები და დებილები ვიყოთ?!

ჩვენ დღეს ძალიან ძლიერები ვართ!

სწორედ ამით არის განპირობებული ფარისეველთა ეს ლამაზ-ლამაზი ლაქუცი! უნდათ, კიდევ ერთხელ გვაჭამონ და გადაგვაგდონ, რომ მერე საერთოდ მათხოვრებად და ლტოლვილებად გვაქციონ!

არ მოვტყუვდეთ, ძმებო და დებო!

რაც უნდა ჭირი მომკერძო, ბილწთ არ შავეკვრი ზავითა!..


დეგრადირებულის “კომპრომისი”


ვარდების რევოლუციის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესოც, დრამატულიც და შავბნელი ფიგურაც ნამდვილად არის ბ-ნი გიგა ბოკერია.

განსხვავებით სააკაშვილისაგან, მას არ ჰყოლია კგბ-ს ოფიცერი გამზრდელი ბიძა და არც რუსეთის ბიზნეს წრეებთან საიდუმლო გარიგებებში არის (დღემდე) შემჩნეული. განსხვავებით ვანო მერაბიშვილისაგან და ზურაბ ადეიშვილისაგან, იგი ნამდვილად უნდა ჩაითვალოს ადამიანად, რომელმაც კარგად იცის ადამიანის უფლებების დაცვის ფუძემდებლური პრინციპები და ვარდების რევოლუციის გარიჟრაჟზე საკმაოდ სერიოზული სამუშაო აქვს ჩატარებული ამ მხრივ – როგორც საკანონმდებლო კუთხით, ისე, პრაქტიკული საქმიანობით. განსხვავებით, ნუგზარ წიკლაურის, კობა ხაბაზისა და კობა ნაყოფიასაგან, ბოკერია ნამდვილად არის ერუდირებული ინტელექტუალი და ნიჭიერი პოლიტიკოსი…

და მაინც, თუ ვინმე მკითხავს, რომელი ადამიანის დრაკონად ქცევა და იდეურ-ზნეობრივი დეგრადაცია არის ყველაზე საჩვენებელი მაგალითი ბოლო ათწლეულის განმავლობაში და რომელი ადამიანი იქცა ნეობოლშევიზმის, უსამართლობის „გაპრავების“, თავისუფალი მედიის ნაცისტურ-სტალინურ პროპაგანდისტულ მანქანად გადაქცევის, და სახელმწიფო ტერორის სულისჩამდგმელად, მე სწორედ გიგა ბოკერიას (და მის თანამეცხედრეს, თამარა ჩერგოლეიშვილს, – თანამედროვე საქართველოს მაკბეტების წყვილს) დავასახელებდი.

პირადად არ ვიცნობდი გიგა ბოკერიას, მაგრამ მახსოვს მისი შთამბეჭდავი – ცინიზმისა და პათოსის საკმაზით გაზავებული – გამოსვლები შევარდნაძის ეპოქის კორუმპირებული და უსამართლო სისტემის წინააღმდეგ. ბატონი გიგა ნამდვილად იდგა ლიბერალურ ღირებულებათა სადარაჯოზე და ის, რომ ამ სადარაჯოზე ყოფნისას თავის აგრესიული ანტიკლერიკალიზმით გამოირჩეოდა, ჩემთვის მაინც არ იყო იმის მანიშნებელი, რომ ეს ადამიანი მომავალში ლიბერალიზმიდან აგრესიულ ნეობოლშევიზმში გადაიჭრებოდა. რადგან ის რელიგიური პირები, რომელთა წინააღმდეგ ილაშქრებდა გიგა ბოკერია, ნამდვილად არ დამამხსოვრდნენ, როგორც ქრისტიანული სათნოების და მიმტევებლობის ნიმუშები და ვაღიარებ, მაშინ ამ ჭიდილში ჩემი სიმპათიები გიგა ბოკერიასკენ იხრებოდა, რომლის მეთოდებს – არა, მაგრამ მიდგომებს – ვიზიარებდი. და მე ნამდვილად არ ვარ გამონაკლისი იმ ადამიანთა შორის, რომლებიც დღეს გიგა ბოკერიას უპირისპირდებიან, ხოლო მაშინ – მისი თანამოაზრენი, თუ სულაც – მხარდამჭერები იყვნენ.

რა მოხდა?

მოხდა ის, რაც ხდება ხოლმე პოლიტიკაში – ადამიანი, რომელიც დრაკონს ებრძოდა, დრაკონის დამარცხების და პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ თავად იქცა დრაკონად… და გაცილებით უარეს დრაკონად, ვიდრე ის, რომელიც მან დაამარცხა!

1)      დღეს გიგა ბოკერია არის კორუმპირებული ჩინოვნიკი! მას შეიძლება არ ჰქონდეს საკუთარ სახელზე რეგისტრირებული ქონება, მაგრამ მამამისის, ლევან ბოკერიას სამშენებლო და არქიტექტურული ფირმები „ლებო“ და „არქსტუდია“ 2004 წლიდან ზედიზედ იგებენ სხვადასხვა ძვირადღირებულ ტენდერებს, განსაკუთრებით – თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროების ტენდერებს, „არქსტუდია“ ასევე მონაწილეობდა აღმაშენებლის გამზირის მრავალმილიონიანი სამუშაოების შესრულებაში და ვაჟა-ფშაველაზე მრავალსართულიანი სახლების მშენებლობაში. ბოკერიების ოჯახს  აქვს წილი ტურისტულ ფირმა „არქტურშიც“ და მეტროში განთავსებული ბილობორდების სარეკლამო ბიზნესშიც. გიგა ბოკერიას ცოლს – თამარა ჩერგოლეიშვილს ეკუთვნის სააკაშვილის რეჟიმის გებელსური პროპაგანდის ყველაზე დახვეწილი ინსტრუმენტი, ჟურნალი „ტაბულა“, რომელსაც რეჟიმის აპოლოგეტები ბენდუქიძე, კეზერაშვილი, ნაყოფია გულუხვად აფინანსებენ. გიგა ბოკერიას ცოლისდას კი ეკუთვნის სამშენებლო ფირმა „არტიქსი“ (რომლის სინდისზეა რუსთავი2-ის ორი ოპერატორის ტრაგიკული სიკვდილი ვარსკვლავების აკადემიის შენობის უკანონო და არაპროფესიონალური გადაკეთებისას ჩამონგრევის გამო),  საგამოფენო გალერეა მთაწმინდაზე და ტელეკომპანია „საქართველო“, რომელიც ახლახანს თავის ახლობლებზე გადააფორმა. ეს ყველაფერი – ბოკერიების ოჯახური ბიზნესი – სათავეს იღებს 2004 წლიდან და ნამდვილად უკავშირდება გიგა ბოკერიას კარიერულ წინსვლას. თორემ გიგა ბოკერიას ქონება 2003 წელს ორიოდე ჯინსით შემოფარგლებოდა და არც მამამისს ეტყობოდა კოჭებში წარმატებული ბიზნესმენობა.

2)      გიგა ბოკერია უფლებადამცველიდან იქცა უფლებადამრღვევად და ადამიანის მკვლელელების და მოძალადეების დამცველად! პირველად ეს იყო 2006 წელს, როდესაც სწორედ გიგა ბოკერიამ კბილებით დაიცვა სანდრო გირგვლიანის მკვლელობის ერთ-ერთი ორგანიზატორი და შემსრულებელი – ოლეგ მელნიკოვი. ეს გაგრძელდა 2007 წლის 7 ნოემბერს, რომლის დაგეგმვაში გიგა ბოკერიამ სერიოზული როლი ითამაშა. გიგა ბოკერია, რომელიც ხმას არ ძრავს საქართველოს ციხეებში ახალაიას, შაშკინის თუ კალმახელიძის დროს მიმდინარე წამებებსა და ადამიანების მკვლელობებზე, საქართველოს ციხეებში და პოლიციის განყოფილებებში გარდაცვლილი ადამიანების რიცხვის საშინელ დინამიკაზე, საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების მიერ ადგილზე ჩახოცილ ათეულობით ახალგაზრდაზე, 2011 წლის 26 მაისს მშვიდობიანი საპროტესტო მიტინგის დარბევაზე – არაადამიანურ დარბევაზე!.. გიგა ბოკერიას არ ეპარება ეჭვი იმაში, რომ ხელფეხშეკრული ნიკა კვინტრაძე და სულიკო ასათიანი ჯიხურის სახურავზე დენის დარტყმით გარდაიცვალნენ… ხოლო გიგა ბოკერიას მეუღლე – თამარა ჩერგოლეიშვილი თავის კონტაქტებს ევროსაბჭოში სრულად იყენებდა იმისათვის, რომ  სანდრო გირგვლიანის “უბედური შემთხვევით გამოწვეული” სიკვდილი და საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების უცოდველობა დაემტკიცებინა… გიგა ბოკერია, როგორც ადამიანის უფლებისდამცველი, დიდი ხანია, აღესრულა! დღეს არსებობს გიგა ბოკერია, რომელიც არის მკვლელების და მოძალადეების დოსტი და ნამუსის მომწმენდი!

3)      გიგა ბოკერია იყო შეკრებების თავისუფლების ინიციატორთაგანი. თუ არ მეშლება, სწორედ მას მიუძღვის წვლილი იმაში, რომ საქართველოში შეკრებას და მანიფისტაციის სჭირდება აღმასრულებელი ხელისუფლების მხოლოდ ინფორმირება და არაა საჭირო სპეციალური ნებართვის მიღება. მაგრამ დიდი დრო გავიდა მის შემდეგ და საკაშვილის ხალხისგან სულ უფრო დისტანცირებული ხელისუფლება სულ უფრო აძლიერებს წნეხს შეკრებებისა და აზრის გამოთქმის თავისუფლებაზე. დაწესდა აბსურდული შეზღუდვები სახელმწიფო დაწესებულებებთან მიახლოების დასაშვებ ნორმებზე, რომლებიც ზოგიერთ დაწესებულებასთან მიტინგის ჩატარებას პრაქტიკულად გამორიცხავს. დაწესდა შეზღუდვები იმ საყოფაცხოვრებო საგნებზე, რომელთა პოვნის შემთხვევაში მიტინგზე მყოფი პირი შეიძლება დააკავონ და ადმინისტრაციული წესით პასუხისგებაში მისცენ. თავის მხრივ განუზომლად გაიზარდა ადმინისტრაციული წესით სასჯელის ვადა და საოცრად გამარტივდა ასეთი წესით ადამიანის გასამართლება თუნდაც მხოლოდ ერთი მოწმის – მათ შორის ხშირად – მხოლოდ პოლიციელის – ჩვენების საფუძველზე. ამ მეთოდით ბოლო წლებში რამდენიმე ასეული ადამიანი გაასამართლეს მას შემდეგ, რაც მათ ოპოზიციის მიტინგებში მიიღეს მონაწილეობა და ასობით ადამიანი კი – სამსახურიდან გაანთავისუფლეს პოლიტიკური ნიშნით! გიგა ბოკერია არ დაინტერესებულა არცერთი ასეთი ფაქტით, არ დაინტერესებულა, რატომ აგდებენ მასწავლებლებს სკოლიდან პოლიტიკიური ნიშნით, რატომ ადებენ ყადაღას პოლიტიკური სიმპათიების გამო, რატომ აუკრეს პირი საჯარო მოხელეებს და რატომ გაანთავისუფლეს რამდენიმე ადამიანი საჯარო სამსახურიდან ოპოზიციის მიტინგზე ყოფნის ფაქტის გამო.

4)      გიგა ბოკერია იყო მედიის თავისუფლების აქტიური მხარდამჭერი შევარდნაძის ეპოქაში და გახდა მედიის დამუნჯების და დაკაბალების ერთ-ერთი ფარული, მაგრამ აქტიური მხარდამჭერი ამჟამად. მას ხმა არ ამოუღია „იმედის“ უკანონო დარბევაზე და „კავკასიის“ უკანონო გათიშვაზე 2007 წლის 7 ნოემბერს. არ დაინტერესებულა იმ ფაქტით, რომ საქართველოში 2003 წელს არსებული 12 თავისუფალი ტელევიზიიდან 11 „გაკოტრდა“, დაიხურა ან ხელისუფლების ახლო წრის ხელში გადავიდა. იგი ვერ ხედავს ვერაფერს უცნაურს „ინფო-9“-ის ჟურნალისტების მიმართ წარმოებულ მორალურ და ფიზიკურ ძალადობაში, ვერ ამჩნევს, რომ ყოფილი პოლიციელებით და რეალ-ტვ-ის „ჟურნალისტებით“ დაკომპლექტებული ფსიქოლოგიური ტერორის განმახორციელებული ჯგუფები “ინფო-9″-ის ჟურნალისტებს მათი პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელს უშლიან და მორალურ წნეხს ახორციელებენ. ბოკერიას კომენტარი ამ საკითხზე, რომ ეს, თურმე, არის “კონკურენტი ჟურნალისტების მხრიდან „ინფო-9“-ის მეთოდების გადაღება“ არის აბსოლუტურად დემაგოგიური და ამორალური!  ეს არის ირიბი დადასტურება იმისა, რომ ჟურნალისტების ეს სამარცხვინო დევნა სწორედაც რომ ხელისუფლების მხრიდან არის ორგანიზებული და მხარდაჭერილი. ვინ ვინ-და, გიგა ბოკერიამ მშვენივრად უნდა იცოდეს, რომ არსებობს სერიოზული განსხვავება იმაში, როცა ჟურნალისტი ცდილობს მოიპოვოს საზოგადოებისათვის საინტერესო ინფორმაცია საჯარო მოხელისაგან და იმაში, როცა ჟურნალისტებად შენიღბული დილეტანტები ცდილობენ უაზრო ან უღირსი კითხვებით პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალონ ჟურნალისტებს. ეს არის თავისუფალი მედიის წინააღმდეგ სწორედ ის მიზანმიმართული კამპანია, რასაც ერთ დროს თავისუფალი მედიის ადვოკატი და დღეს გებელსური პროპაგანდის მანქანის არქიტექტორი – გიგა ბოკერია ცდილობს განახორციელოს და მისაღებად ჩათვალოს! ყალბი, ხელოვნური, პლასტმასის „სინამდვილე“ პროსახელისუფლებო, ცენზურას დაქვემდებარებული მედიასაშუალებების ეთერში, ჟურნალისტები, რომლებიც ერთიდაიგივე ტექსტს კითხულობენ არა იმაზე, რატომ მოხვდა და როგორ დაიღუპა პოლიციის განყოფილებაში ეჭვმიტანილი ადამიანი, არამედ იმაზე, რატომ ჩამოვიდნენ დაღუპულის ოჯახში სამძიმარზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსები!.. გიგა ბოკერია, რომელსაც ყველაფერ ამაზე და „მოდელირებულ ქრონიკაზე“ კითხვები არ უჩნდება… ადამიანი, რომელიც თითქოს ვაცლავ ჰაველის თაყვანისმცემელი იყო და მიხეილ სააკაშვილის უსიტყვო მსახურად და თაყვანისმცემელად იქცა… გიგა ბოკერია, რომელიც აქტურად ეწინააღმდეგება სატელიტური თეფშების გავრცელებას საქართველოში – ანუ სიმართლის გავრცელებას. გიგა ბოკერია, როგორც სიმართლის გაყალბების აპარატის ლაქია – მართლაც, რა საოცარი დეგრადაციაა!

მართალი გითხრათ, ამ სტატიის დაწერისაკენ მიბიძგა გიგა ბოკერიას მისამართით გაკეთებულმა იმ ლამის კომპლიმენტებმა, რაც რამდენიმე დღის წინ გაჟღერდა. ყბადაღებული (უცხოელების თავის მოსაქონად შექმნილი) ე.წ. უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარემ, საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანმა ბატონმა ბოკერიამ „მაესტროს“ დაყადაღებულ თეფშებზე ასეთი კომპრომისული მორიგება შესთავაზა მედიის ადვოკატირების კოალიციის წარმომადგენელებს – ლაშა ტუღუშს, ნინო ზურიაშვილს და შორენა შავერდაშვილს: „მაესტროს“ თეფშებს შეიძლება აეხსნათ ყადაღა, თუკი „მაესტრო“ თანახმა იქნება, რომ მისი თეფშები რეგიონებში „საქართველოს ფოსტამ“ დაარიგოს და დაამონტაჟოს, თანაც მხოლოდ სოციალურად დაუცველ მოსახლეობას დაურიგდეს და თანაც „მაესტრომ“ ამაში ბიზნეს-ინტერესი არ უნდა ჩადოსო. მედია ადვოკატირების წევრები მადლობას უხდიდნენ გიგა ბოკერიას და კმაყოფილები იყვნენ, რომ კომპრომისი გამოინახა. ცოტაოდენი ფიქრის შემდეგ, ამ წინადადებაზე თანხმობა ტელეკომპანია „მაესტრომაც“ განაცხადა.

თავიდანვე უცნაური იყო, როგორ მოახერხა თუნდაც მაღალი რანგის ჩინოვნიკმა სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლა თითქოსდა “სამართლებრივ სახელმწიფოში”! ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ არავითარი სასამართლო ხელისუფლება საქართველოში არ არსებობს და მთავარია, აღმასრულებელი ხელისუფლების ძლიერ ფიგურას მოუნდეს, და ყველანაირი სასამართლო განჩინება წამიერად აორთქლდება. მეორე უცნაურობა კი ის იყო, რომ თუ „მაესტროს“ თეფშებს ყადაღა ეხსნება, ეს მხოლოდ მაშინ შეიძლებოდა მომხდარიყო, თუ “მაესტროს” თეთრი ძაფით ნაკერი „ბრალეულობა“ არ დადასტურდა! ჰოდა, მაშინ რა უფლება აქვს ვინმეს, კომპანიას მისთვის დასაბრუნებელ ქონებაზე პირობები უდოს და ულტიმატუმები წაუყენოს? დაბოლოს – თავიდან იმას ედავებოდნენ “გლობალ ტვ”-ს – კომერციული ინტერესი არ გქონდა თეფშების გავრცელებაში ჩადებულიო, ახლა კი “მაესტროს” სწორედაც რომ „კომერციული ინტერესის“ ჩადება აუკრძალეს…

მოკლედ,  სად – სამართალი, და სად – მიშას კანტორა?!

თუმცა ამაზე მაინცდამაინც ბევრი არავის ულაპარაკებია, რადგან „მაესტროს“ ადვოკატი კოალიციის წევრები, რომელთაც, ჩემგან განსხვავებით, ჯერ კიდევ ის – ძველი გიგა ბოკერია ახსოვთ და, არ გამოვრიცხავ, სულის სიღრმეში იმის მოლოდინში არიან, როდის განჯადოვდება დრაკონად ქცეული მზეჭაბუკი და როდის გადმოვა ხალხის და სიმართლის მხარეზე, მგონი, ზედმეტად მოხიბლულნი იყვნენ ბოკერიას მხრიდან გამოჩენილი ინიციატივით და „კომპრომისით“!

მაგრამ იყო კი ეს კომპრომისი გიგა ბოკერიას მხრიდან?

შეიძლება, მე ვცდები და „მედიის ადვოკატირების“ კოალიციის წევრთა კმაყოფილება დროული და გამართლებულია (ბოდიშს ვიხდი ამ ადამიანებთან, რომელთა შემართებას და მრავალთვიან თუ მრავალწლიან მონდომებას დიდ პატივს ვცემ, თუ ცოტა მიამიტური ან ნაადრევი მეჩვენა მათი სიხარული), მაგრამ ნაცმოძრაობის ბონზების საქციელის ხანგრძლივმა ანალიზმა დამარწმუნა იმაში, რომ ყოველი მათი მხრიდან გადმოდგმული „კომპრომისული“ ნაბიჯი სინამდვილეში ოსტატური ხაფანგია, რომელშიც ყველიც კი არაა დატოვებული, არამედ – ყველის ფორმის „კუკლა“…

რატომ გააკეთა ბოკერიამ ეს მოულოდნელი „კომპრომისული ნაბიჯი“?

ჩემი აზრით, ძირითადად იმიტომ, რომ კარგად გაიაზრა თავისი სეხნია ამერიკული კომისიის ხელ-ლის – თომას მელიას დიპლომატიურად შეფარული, მაგრამ მაინც სერიოზული კრიტიკა და მოუნდა თავი რაიმეთი „გამოეჩინა“- რაიმე ჟღერადი „კომპრომისით“. გარდა ამისა, მელიას კომისიაც, დიპლომატიური კორპუსიც, ევროკავშირიც – ყველა უნისონში რბილად, მაგრამ დაჟინებით ხაზს უსვამენ, რომ „მასთ ქერის“ პრინციპი 1 ოქტომბრის შემდეგაც უნდა გაგრძელდეს! ხოლო ნაციონალური მოძრაობის მთელი წინასაარჩევნო პერიოდი უეჭველს ხდის იმას, რომ მათ მყარად აქვთ გადაწყვეტილი არჩევნების ისე გაყალბება, რომ საკუთარი თავი გამარჯვებულად გამოაცხადონ. მათ ბანაკში აზრთა სხვადასხვაობა მხოლოდ იმას ეხება, საკუთარ თავს სააკაშვილისთვის სანუკვარი 70-75% დაუწერონ, თუ 55%-ით „დაკმაყოფილდნენ“. ჰოდა ამ სიტუაციაში მათთვის „მასთ ქერის“ გაგრძელება უეჭველი დამარცხების ტოლფასია! ოღონდ ამას აარიდონ თავი და არამცთუ „მაესტროს“, შეიძლება „გლობალ ტვ“-ის თეფშებსაც ახსნან ყადაღა! (რა თქმა უნდა – სპეც. პირობებით!)

მაგრამ, რეალურად რა ხდება იმ დროს, თუ „მაესტროს“ თეფშებს ყადაღას ახსნიან და დასარიგებლად კეზერაშვილის, კახა ბაინდურაშვილის (ყოფილი ფინანსთა მინისტრის) და ლევან სანაძის (შინაგან საქმეთა მინისტრის მომსახურების ყოფილი სააგენტოს უფროსის) მიერ მართულ და ნაცმოძრაობის ყურმოჭრილ ორგანოს – „საქართველოს ფოსტას“ გადასცემენ?

არც არაფერი მოხდება!

ამ კომპრომისის გაჟღერებიდან არჩევნებამდე დარჩენილ 3 კვირაში?? – სრულიად არაფერი!!!

„საქართველოს ფოსტა“, რომელსაც თეფშების მონტაჟთან შეხება არასდროს ჰქონია, ალბათ 1-2 კვირა საკითხის სპეციფიკას შეისწავლის, კიდე ერთი კვირა რაიონებში დარიგებას მოანდომებს და საბოლოოდ შედეგი ის იქნება, რომ, მხოლოდ რამდენიმე რაიონში (ძირითადად, ალბათ, სამეგრელოში და ქვემო ქართლში, სადაც ნაცმოძრაობას შედარებით მეტი მხარდამჭერი ჰყავს), ძირითადად, –  ნაცმოძრაობის აქტივისტებს, ალბათ, – 500-მდე თეფშს დაურიგებენ… თან, ალბათ, 29 ან 30 სექტემბერს მოხდება ეგ ამბავი, ანუ „მასთ ქერის“ ნაციონალებისთვის სანატრელ დასასრულამდე რამდენიმე საათით ადრე. იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ სოციალურად დაუცველი პირები გააფრთხილონ – “მაესტროს” ან მე-9 არხის ყურება არ გაბედოთ, თორემ პენსიებს და დახმარებებს მოგიხსნითო!

ვითომ, ვაჭარბებ?

ნეტამც ეგრე იყოს და ჯანდაბას ჩემი ეჭვიანობა…

ნეტარ არიან მორწმუნენი! თუმცა, როგორც მახსოვს, ბოკერიას მიმართ მორწმუნეებზე არ თქმულა ეს ფრაზა…

ბოკერიამ სათნო ყვავის როლი ითამაშა და მორიგი კაკალი მოხდენილად გადმოგვიგდო… ჩვენ კი გვიხარია, რომ კაკალი გავაგდებინეთ! ფშუტეა, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ეს კაკალი! ისევე როგორც ფშუტე იყო ნაცმოძრაობის მიერ გადმოგდებული ნებისმიერი კაკალი და დაპირება 9 წლის განმავლობაში… „მაესტროს“ ანტენების დარიგებას აზრი ივლისში და აგვისტოში ჰქონდა და თან მაშინ, თუ თავად „მაესტრო“ დაარიგებდა, თორემ ნაცმოძრაობის “კასირის “კეზერაშვილის ფოსტა რას და როგორ დაარიგებს, თუ ამაზე ილუზია გვაქვს, მაშინ წესით პაჩკა-პაჩკა საქართველოს ლატარიის ბილეთების ყიდვის დროც მოსულა!..

====================================================

როცა შულერთან კარტის სათამაშოდ ჯდები, ძალიან დიდი ილუზიაა იმის მოლოდინი, რომ გამოუცდელებს უმართლებს. და ან თუ მოწინააღმდეგემ პატიოსნად თამაშზე დედა დაიფიცა, რომ ამას დიდი ფასი აქვს…

ხოლო როცა მოლაპარაკების მაგიდასთან ყოფილ უფლებადამცველთან, ხოლო დღეს დემაგოგიის მარშალთან და პროპაგანდის მინისტრთან ვჯდებით, უნდა ვხვდებოდეთ, რომ… ჯობდა, შულერთან კარტი გვეთამაშა – მიზერული, მაგრამ ათჯერ მეტი შანსი მაინც გვექნებოდა…

 


Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 168 other followers