ხერხემლის ცრემლები


26vano merabiSvili

„მინდა მე ორი კაცი… ორი გვამი მჭირდება… მომიტანეთ ეს ორი გვამი… პრემია დიდია!“
(ვ. მერაბიშვილი, 2009)

ამ რამდენიმე დღის წინ, როდესაც სასამართლო პროცესზე ვანო მერაბიშვილს ცრემლები წამოუვიდა, როგორც საკუთარ თავს, ასევე ფეისბუქზე ჩემს ნაცნობთა უმრავლესობას შევატყვე, რომ ამ ცრემლებმა თანაგრძნობა კი არა, უფრო გაღიზიანება გამოიწვია. განსაკუთრებით იმით, რომ ბატონი ვანოს ოჯახზე მისგან ნახსენები 9-წლიანი გასაოცარი ზეწოლა ვერც გავიხსენეთ და ვერც დავიჯერეთ…

ცუდია, როცა თანაგრძნობა არ შეგიძლია. ჩვენთვისვე ცუდია. თითოეულ იმ ადამიანში, რომელსაც ამ სიტყვების წაკითხვისას იფიქრებს, რომ ზუსტად იგივეს განიცდის, თანდათან ხომ შეუძლებელი ხდება სულიერების თუ მიმტევებლობის ქრისტიანული დოგმის იმ ძნელადშესრულებადი მოთხოვნის შესრულება, რომ ჩვენი ოპონენტებიც და მტრებიც კი ისევე უნდა გვიყვარდეს, როგორც ჩვენი მოყვასნი. ამ ცრემლების ხილვისას უამრავი მკაცრი განცხადების ფონზე ხომ ცხადია, შორს ვართ იმის რწმენისაგან, რომ სიბრალული ამაღლებს ადამიანს, ხოლო შურისძიების თუ თუნდაც სამართლის აღსრულების ჟინი ჩვენს სულს აცარიელებს და ამძიმებს…

როდესაც 2013 წლის ივნისში სტატია – „ჟამი სინანულისა“ დავწერე და ბლოგზე განვათავსე (http://solomonternaleli.wordpress.com/2013/06/24/ჟამი-სინანულისა), მართლაც მქონდა იმის იმედი, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მონანიების – კერძოდ, კი ორმხრივი მონანიების პროცესი დაიწყებოდა, რაც საშუალებას მოგვცემდა, რომ საზოგადოების ორ პოლიტიკურად მიკერძოებულ მხარეს შორის ჩატეხილი ხიდი აღგვედგინა, დაგვედგინა, რა არის სწორი, და რა არასწორი… რა – მისატევებელი და რა – სამართლის ნორმებით გასასწორებელი… რას ეყოფოდა ბოდიში, რას – ფინანსური თუ სხვა სახის კომპენსაცია, და რა – აუცილებლად უნდა გამხდარიყო სისხლის სამართლის წესით და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სამართლიანი და კანონიერი ვადით პატიმრობის საფუძველი. სხვათა შორის, ახლაც ვთვლი, რომ ამ უკანასკნელი კატეგორიის შესატყვისი პირების რიცხვი დიდი არ იქნება… არ მგონია, რომ რამდენიმე ათეულზე მეტი… ჩემს სტატიაში გახსენებული მქონდა როგორც ნიურნბერგის პროცესი (რომელზეც გასამართლებულ პირთა რაოდენობა თუნდაც ფაშიზმის საზარელი დანაშაულების შემდეგ მხოლოდ 1800 თუ იყო) და საზოგადოების დენაციფიკაციის მწყობრი სისტემა, რომელმაც გერმანული საზოგადოება იძულებული გახადა, გაცნობოდა იმ საშინელებებს, რაც საკონცენტრაციო ბანაკებში ხდებოდა და ზოგჯერ პირადადაც მონაწილეობა მიეღო ამ საშინელებათა შედეგების ლიკვიდაციაში (მაგალითად, ფაშიზმის ათეულ ათასობით დახვრეტილ მსხვერპლთა გვამების გზებისპირა მიწაყრილებიდან ამოთხრასა და გადასვენებაში). ამავე დროს ხაზი გავუსვი იმას, თუ როგორ შეძლებისდაგვარად ნაკლებმტკივნეულად დასძლია გერმანელმა ერმა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩატეხილი ხიდის და საზოგადოების გაერთიანების უმძიმესი ამოცანა – სწორედ იმის წყალობით, რომ სამართლის აღსრულებასთან ერთად მონანიების და მიტევებისა პროცესი სწორად იქნა წარმართული. ხაზი მინდა გავუსვა – ლაპარაკი ფაშიზმზე და ნაცმოძრაობაზე იმიტომ არ დამიწყია, რომ მათ შორის ტოლობის ნიშანს ვსვამ. არამედ იმიტომ, რომ თუნდაც იმ საოცარი მასშტაბის საშინელების შემდეგ აღორძინების და ერის გამთლიანების მექანიზმები გავიხსენოთ და ჩვენთვის საჭირო დასკვნები გავაკეთოთ – არა კოპირებით, არამედ მასშტაბების და ნიუანსების სწორი გათვალისწინებით…

მაგრამ ამ სტატიის დაწერიდან ნახევარ წელზე მეტი გავიდა და მგონი, სასურველის უკუპროცესებთან გვაქვს საქმე.

სასამართლო პროცესების 99% არც კი დაწყებულა. პროკურატურა გადატვირთულია ხელუხლებელი საჩივრებით. არამცთუ უგულავას და კეზერაშვილის, არამედ ახალაიას და მერაბიშვილის საქმეებიც კი, მგონი, შორსაა დასრულებისაგან. ნაცმოძრაობის პასუხისგებაში მიცემულ მაღალჩინოსან პირთა მიმართ რამდენჯერმე მოხდა ბრალის დამძიმება ახალი გარემოებების გამო, მაგრამ ჯერ ყოფილი მთავარი პროკურორის გადადგომის, მერე – მისი მოადგილის უცნაური გაუჩინარების, და ბოლოს უკვე მეორე მთავარი პროკურორის სკანდალური გადადგომის გამო მთელი რიგი პროცესები ისევ გაჭიანურდა ან სულაც კითხვის ქვეშ დადგა.

ამის პარალელურად, გაიზარდა ნაციონალური მოძრაობის ლიდერების მიერ საკუთარ უდანაშაულობაზე ლაპარაკის რიტორიკა, სრული ტემპით მიმდინარეობს მათი მხარდამჭერების მობილიზება და სხვადასხვა სახის სარეკლამო თუ პიარ-აქციები. ლოზუნგებით „თავისუფლება ვანოს!“ „იძებნება სამართალი!“ (პირადად თაკო სალაყაიას ხელში დაჭერილი ბანერი ამ ლოზუნგით), „შეწყდეს პოლიტიკური დევნა!“ – წარმართული ეს კამპანია დაახლოებით ისეთივე მასშტაბური ხდება, როგორც ჩემს ბავშვობაში ანჯელა დევისის დაცვის მოძრაობა იყო.

ამ ფონზე გამოიკვეთა, რომ ნაცმოძრაობის პასუხისმგებელ პირთა მიმართ სასამართლო გადაწყვეტილების მოლოდინის პირობებში საზოგადოების მიერ განსაკუთრებით მწვავედ აღიქმება სხვადასხვა არხით გავრცელებული ის ინფორმაციები, რომელიც მათ ბრალეულობას საბოლოოდ, რა თქმა უნდა, არ ადასტურებს, მაგრამ მნიშვნელოვნად მაინც ამყარებს საზოგადოების დიდი ნაწილის მიერ ისედაც უეჭველად მიჩნეულ შეხედულებას, რომ ნაცმოძრაობის მმართველობა იყო დაფუძნებული მასიურ ტერორზე და ადამიანის უფლებების დარღვევის უამრავ შემთხვევაზე, რომელთაც საზოგადოების ფსიქოლოგიური დაშინების ან ადამიანების ფინანსური გატყავების სისტემური ხასიათი ჰქონდათ. ადამიანები სულ უფრო მეტად გამოხატავენ დარწმუნებას იმაში, რომ ნაცმოძრაობა დამნაშავე რეჟიმი იყო და ამავდროულად – ეჭვს იმაში, რომ არსებულ ხელისუფლებას ამ რეჟიმის გასამართლება ძალუძს! ეს კი ძალიან ფეთქებსაშიში ნაზავია!

ანუ, ყველა ის კომპონენტი, რომელიც მე ზემოთხსენებულ სტატიაში აღვწერე – მთავარი დამნაშავე პირების მიმართ სამართლის დადგომა, ნაკლებდამნაშავე პირების მიერ სისტემურ დანაშაულში თუნდაც ნება-უნებლიედ ხელშეწყობის გამო მონანიება და, საჭიროების შემთხვევაში, დაზარალებულთათვის კომპენსაციის გადახდა, ხოლო საზოგადოების ადრე დაჩაგრული ფენის მიერ – მათთვის მიტევება და რეაბილიტაცია – პრაქტიკულად გაჩერებულია და ამის გამო საზოგადოების გახლეჩა არამცთუ არ შემცირებულა, არამედ, მგონი, იმ კრიტიკულ ზღვარს აღწევს, როცა შეიძლება პროცესებმა უმართავი ხასიათი მიიღოს და ამა თუ იმ ადგილზე სერიოზული კონფლიქტები წარმოშვას. არ დაგვავიწყდეს, რომ არდამადგარი სამართალი ან გადავადებული სამართლის აღსრულება ძალიან ნოყიერი ნიადაგია პირადი შურისძიებების და ანგარიშსწორების დასაწყებად, რაც ჩვენი საზოგადოებისათვის, მით უფრო – ჩასაფრებული გარეშე მტრის პირობებში, უდიდესი საფრთხის შემცველია!

ყველაფერი ამის დაწერა კი მაიძულა იმ ამბებმა და საზოგადოების კიდევ ერთხელ აფორიაქებამ, რაც მუხროვანის ამბოხთან დაკავშირებული ვიდეომასალის ამოტივტივებამ გამოიწვია.
პირველ რიგში, არ შემიძლია არ ვთქვა, რომ ამ მასალის გავრცელების წყარო და საშუალებებიც ნამდვილად უნდა იქნას გამოძიებული, მაგრამ ნებისმიერ იმ ადამიანს, რომელიც ავთენტურობის გარდა იმ კითხვას სვამს, შეიძლება თუ არა წყაროს დადგენამდე ამ მასალაზე დაყრდნობით პროკურატურის მიერ ვიდეოში აღწერილი მოვლენების შესასწავლად გამოძიების დაწყება, მოსმენის ღირსად არ ვთვლი! რადგან დამნაშავე რეჟიმების მიმართ რომ წყაროების დადგენა იყოს მთავარი მიზანი და არა – ამ მასალებით ასახული დანაშაულებების გამოძიება, ასეთი მიდგომით ამ რეჟიმთა უძლეველობა ლამის გარანტირებული იქნებოდა. და ის, ვინც საკითხს ასე სვამს (ნაცმოძრაობის აპოლოგეტების და ადვოკატების ჩათვლით), მიმაჩნია, რომ სწორედ სიმართლის მიჩქმალვით და დასამარებითაა დაინტერესებული.

ხაზი უნდა გავუსვათ ერთ ძალიან საინტერესო მომენტს. მიუხედავად იმისა, რომ ვიდეომასალის ავთენტურობა ჯერ კიდევ დასადგენია, მასალაში ასახულ მთავარ გმირებს – ვანო მერაბიშვილს, დავით ნაირაშვილს, გიგი უგულავას, მიხეილ სააკაშვილს – არ გასჩენიათ (ყოველ შემთხვევაში – არ მოგვისმენია არც მათგან და არც საზღვარგარეთ მყოფ ზურაბ ადეიშვილის, დათა ახალაიას და ერეკლე კოდუასაგან), რომ ამ ვიდეოზე ისინი არ არიან ასახულნი, რომ მათი საუბარი გაყალბებულია, რომ მათ ეჭვი ეპარებათ თუნდაც იმაში, რომ მასალა დამონტაჟებულია. მეტიც, გამოჩნდა ხალხი, ვინც ამას ყველაფერს ადასტურებს და ამბობს, მართალია ეგ, მეც იქ ვიყავი მაგ დროსო (მაგ. გივი თარგამაძე), ან იმას – იქ არ ვიყავი, მაგრამ ზუსტად ვიციო (შოთა უტიაშვილი). ავთენტურობას ძირითადად ან ძალიან ფრთხილი ხალხი ახსენებდა, რომელთაც ეს სისხლში აქვთ გამჯდარი (ადვოკატები, ნაცმოძრაობის ნაბარტყი „ენჯეო“-ები), ან ისინი, ვინც იქ არ იყო (აკაკი ბობოხიძე) და ვინაც იჩქარა და ვანოსაც კი დაასწრო ვანოს „გაპრავება“.

ვანოსთვის დასწრების და მისი „გაპრავების“ კი მართლაც ფანტასტიური მარგალიტები იყო წარმოდგენილი, რომელიც ქართული პოლიტიკური ისტორიის ქრესტომათიაშია შესატანი.
შოთა უტიაშვილი, რომელიც 2009 წელს შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი იყო და სწორედაც რომ ევალებოდა მინისტრის ყველა გადაწყვეტილების საქმის კურსში ყოფნა, და თუ საჭირო გახდებოდა, ამ გადაწყვეტილებათა განმარტებაც თუ ანალიზიც: „არსებობდა ინფორმაცია, რომ ეს ხალხი აწარმოებდა მოლაპარაკებას აჯანყების შესახებ სხვა მეთაურებთანაც და ვანო იძლევა ბრძანებას – ის კი არა, რომ ნებისმიერი ორი ადამიანი მოკალით, ამ ორ ადამიანზეა ლაპარაკი – კრიალაშვილზე და ოთანაძეზე. ჰქონდა თუ არა ლიკვიდაციის ბრძანების გაცემის უფლება? – ჰქონდა, რა თქმა უნდა, ეს იყო მიმდინარე ამბოხი, სახელმწიფოს ემუქრებოდა საფრთხე და სახელმწიფოს ვალი იყო ამის ნეიტრალიზება ნებისმიერი საშუალებით. მას შემდეგ, რაც საფრთხე მოიხსნა და ნათელი იყო, რომ ამბოხება აღარ მოხდებოდა, ბრძანება შეიცვალა დაკავების ბრძანებით და მერე უკვე მიმდინარეობდა დაკავების ოპერაცია” („ნეტგაზეთი“, 30.01.2014).

გიგი უგულავამ განაცხადა, რომ კარგად არ ახსოვს, რატომ და როგორ მოხვდა მუხროვანში, სავარაუდოდ, პრეზიდენტთან ერთადო… და რომ შემთხვევით და მოულოდნელად მოხვდა, ამის მაგალითად თავისი მდგომარეობასთან შეუსაბამო ჩაცმულობა მოიყვანა! ხოლო იმის „გასაპრავებლად“, რატომ ახსენა ვანო მერაბიშვილმა ორი გვამი – განაცხადა, ხომ ვიცით მაგის გრამატიკის ამბავი, „ორი გვამი მჭირდება“ რომ თქვა, სინამდვილეში ამას გულისხმობდა, – წადით, ის ორი მეამბოხე დამიჭირეთ, მაგრამ თუ არ დაგნებდებიან, და სროლას აგიტეხენ, მაშინ მოგიწევთ მოკლათ, და გვამები უეჭველად მომიტანეთო… (თეოლოგის მხრიდან ასეთი ფილოლოგიური განმარტება მართლაც უიშვიათესი ლოგიკის სანატრელი ნიმუშია!)

ნუგზარ წიკლაურმა ილაპარაკა იმაზე, რა საშინელ საფრეთხეს წარმოადგენდა მუხროვანის ამბოხი და მისი ორგანიზატორები – კრიალაშვილი და ოთანაძე, და მერე კი საოცარი დასკვნა გააკეთა: – „საუბარი იმაზე, თითქოს ვინმემ გასცა წინასწარ ბრძანება, რომ უპირობოდ მომხდარიყო ამ ადამიანების ლიკვიდაცია, არის უსინდისო ტყუილი. როდესაც მერაბიშვილი საუბრობს, იმ დროს საფრთხე უკვე აღარ არსებობს მუხროვანში”.

აკაკი ბობოხიძემ განაცხადა – „თუ ეს პირდაპირი მნიშვნელობით არის ნათქვამი, საშინელებაა ჩვენთვის და ვანო მერაბიშვილისთვის“. თუმცა შემდეგ დაუმატა – „დასადგენია რა კონტექსტშია თემაზე საუბარი. როდესაც წვრთნა მიმდინარეობს ტერორისტების განიარაღებასა და დაჭრილების გამოყვანაზე, იქ გამოიყენება მსგავსი ფრაზები, მაგალითად გვჭირდება ხუთი დაჭრილი, სამი მიცვალებული და ასე შემდეგ. მე არ ვაპირებ გავამართლო ან არ გავამართლო არავინ, რადგან დასადგენია რა ვითარებაშია ეს ჩანაწერი გადაღებული, რა კონტექსტშია გვამებზე საუბარი, რადგან სახალხოდ გვამებზე და მკვლელობის შეკვეთაზე საუბარი სრული აფსურდია, მე საერთოდ არ ვიცი რა საბრძოლო ოპერაციაზეა საუბარი. ეს კადრები პირადად ჩემთვის არაფრის მთქმელია, რადგან საბრძოლო ვარჯიშისას მსგავსი სიტყვები ხშირად მომისმენია. პირველ რიგში უნდა დადგინდეს ეს კადრები რამდენად შეესაბამება ორიგინალს და არ არის დამონტაჟებული, შემდეგ კი უნდა დადგინდეს რასთან გვაქვს საქმე. სად არის ის გვამები, რომლებიც მერაბიშვილმა შეუკვეთა, რა შეუკვეთა და ვერ მიიღო?..“ სხვათა შორის, უნებლიე lapsus lingua-დ (ქვეცნობიერ წამოცდენად) შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ მუხროვანის ამბოხზე საუბრისას აკაკი ბობოხიძე წვრთნას იხსენებს, წვრთნა ხომ ძალიან ახლოსაა რეპეტიციებთან, გადაღებებთან, მოდელირებასთან!..

რადიო „თავისუფლების“ ყოფილი ჟურნალისტი და 2008 წლიდან ნაცმოძრაობის შტატიანი „გამპრავებელი“ დავით პაიჭაძე (ფეისბუქზე):
David Paitchadze: „ … რა არის აქ მაკომპრომეტირებელი? მზადდება ან იწყება ამბოხი, არის სახელმწიფო გადატრიალების ალბათობა. ფერების და ენის მოჩლექის სიტუაცია ნამდვილად არაა. ვისაც ახსოვს, მშვიდობიანად განიმუხტა ვითარება. პრეზიდენტი ავიდა და ლამის პირადად დაა…ნა ადგილზე სატანკო დანაყოფის მეთაური. ჯარისკაცების უდიდეს ნაწილს ეპატია. ოთანაძე და კრიალაშვილი (2001 წლის 25 მაისის ამბოხის მოთავენიც) მოგვიანებით არ დანებდნენ და წინააღმდეგობა გასწიეს. ოთანაძე გადარჩა, კრიალაშვილი სნაიპერის ტყვიამ იმსხვერპლა. გაიჩალიჩეს, პირდაპირ ვთქვათ. და რა უნდა ექნათ? შევარდნაძემ ოთანაძე ამბოხის მოწყობის შემდეგ სამხედრო ატაშედ გაუშვა უკრაინაში. იდიოტი! (შევარდნაძეს ვგულისხმობ). იმათ დანებება შეეძლოთ. მაშინ ორივე გადარჩებოდა. … როცა მერაბიშვილი ამბობს, რომ ორი გვამი მჭირდება, ეს ნიშნავს, რომ ზუსტად ჰყავს იდენტიფიცირებული შესაძლო სახელმწიფო გადატრიალების მოთავეები და იცის, რომ საჭიროა მათი განეიტრალება. ის იმ დროს შინაგან საქმეთა მინისტრია და რასაც აკეთებს –– მისი პირდაპირი მოვალეობაა.“

მოკლედ, ნაციონალურ მოძრაობაში დიდი აჟიოტაჟი ატყდა და პირველ დღეს გაცემული განმარტებების უმრავლესობა ამ ორ ვერსიას შორის დალაგდა – დიახ, ორ გვამზე იყო ლაპარაკი, რადგან როცა ამბოხია, შსს მინისტრმა ითავა და მეამობოხეების ლიდერების განადგურება ბრძანა! და ეს სწორედაც რომ ადექვატური გადაწყვეტილება იყო (ამ ვერსიას იზიარებდნენ გივი თარგამაძე, შოთა უტიაშვილი(დროებით!), ბაჩო ახალაია, ნუგზარ წიკლაური, დავით საყვარელიძე, დავით პაიჭაძე…). მეორე ვერსიით კი ვანოს უბრალოდ გრამატიკა აქვს ასეთი ძნელად გასაგები, და მის ლექსიკაში „გვამი“ ის გვამი არაა, რასაც ჩვენ ვფიქრობთ, ან – წვრთნის დროს გამოყენებული სპეც-ტერმინოლოგიის გამო, ან – იოანე დამასკელის განმარტებების თანახმად. ანუ „გუამი“ იგივე „პიროვნებაა“. ამ ვერსიის დამცველები იყვნენ გიგი უგულავა, აკაკი ბობოხიძე და ვიდეოზე ასახული ყოფილი გენშტაბის უფროსი, ახლა კი დიდ ბრიტანეთში სამხედრო ატაშე დავით ნაირაშვილი – „სამი კაცი რომ იყვნენ, გახსოვთ?! უბრალოდ, ისინი გაიქცნენ და ვანო გაღიზიანდა ამ კონკრეტულ საკითხზე. იგულისხმა – ან დაიჭირეთ, ან რაღაცა ქენით, მომიყვანეთ ეს ხალხიო. მეტი არაფერი.“ ნაირაშვილს შეიძლება თავად აქვს გრამატიკულ-ანალიტიკური ასოციაციების პრობლემა, რადგან სხვა შემთხვევაში უნდა ესმოდეს, რომ არის მხოლოდ ერთი „რაღაცის ქნა“, რაც ცოცხალი ადამიანების მოყვანას გვამების მოტანად აქცევს!

ყველაზე საინტერესო კი მაშინ დაიწყო, როცა ვანო მერაბიშვილმა თავად გააკეთა განმარტება და, როგორც ია ანთაძემ შენიშნა, სწორედ განსაზღვრა (ან, სავარაუდოდ, ადვოკატმა ოთო კახიძემ ურჩია), რომ გვამების არაგვამობის გრამატიკულ-ლექსიკური ვერსიაც ძალიან აბდაუბდა იყო, და რომ არც ის ვერსია – მოღალატეები იყვნენ და უნდა გაგვენადგურებინა, აბა რა, ეგრე ეკუთვნოდათო, – არ იყო ისეთი არგუმენტაცია, რასაც მერაბიშვილს უცხოელები მოუწონებდნენ… ანუ, ვანომ მომენტალურად „გადააგდო“ ყველა თანაპარტიელი „გამპრავებელი“ და თქვა – სწორედაც რომ გვამებზე ვლაპარაკობდი (ანუ, არაფერი არ მეშლება გრამატიკულად და ჩემს ლექსიკაზე ლაპარაკს შეეშვითო), მაგრამ ამას როგორ გავბედავდი და თუნდაც მოღალატე ადამიანების მოკვდინების ბრძანებას როგორ გავცემდი ამხელა დემოკრატიის ურყევი ბურჯი და ხერხემალი კაციო! ეგო, კრიალაშვილის და ოთანაძის განადგურების ბრძანება კი არ იყო, არამედ უკვე სავარაუდოდ მკვდარი რუსი ინსტრუქტორების გვამებზე ვლაპარაკობდიო!

ასე აღმოჩნდა სცენაზე აქამდე სრულიად უცნობი ორი გვამი – რუსი ინსტრუქტორებისა, რომლებიც თურმე მეამბოხეებს ეხმარებოდნენ! რაც განსაკუთრებით საინტერესოა, ამ რუსების შესახებ თურმე შსს მინისტრმა წინასწარ არამარტო ის იცოდა, რომ ისინი ამბოხებულებს ეხმარებოდნენ, არამედ ისიც გაუგია, რომ ამბოხებულებმა კვალის დაფარვის მიზეზით ისინი დახოცეს (!) და სწორედ ამ დახოცილი რუსების გვამებს ითხოვდა თურმე გამწარებული მერაბიშვილი სასწრაფოდ და დიდი პრემიის სანაცვლოდ!..
ამ თითქოსდა ორი უმნიშვნელო ნიუანსით მერაბიშვილმა რამდენიმე კურდღელი მოკლა: ა)ქართველების მოკვლა არ მიბრძანებიაო, რუსის გვამებზეა ლაპარაკიო, “დაგვამშვიდა”; ბ) მაგრამ ისიც განჭვრიტა, რომ თუნდაც ამბოხებულთა ინსტრუქტურობაში ეჭვმიტანილი რუსების ასე – გასამართლების გარეშე ადგილზე – ლიკვიდაცია არ ჯდება მთლად საერთაშორისო სამართლის ნორმებში და რომ ამას შეიძლებოდა მოჰყოლოდა რუსეთის ხელისუფლების მოთხოვნა ამ საკითხის სასწრაფო საერთაშორისო გამოძიების თაობაზე და ამიტომ რუსის გვამები თავად ამბოხებულებს აჰკიდა; გ) ისევე, როგორც იმ კითხვაზე პასუხის გაცემა, თუ სად გაქრა ეს რუსის გვამები!

აქ უნდა გავიხსენოთ, რომ ვიდეოში მერაბიშვილი ჯერ ამბობს, ფეხდაფეხ უნდა მივყვეთო. მაგრამ შემდეგ კი ორი კაცის – ორი გვამის უცილობლად მოტანის მოთხოვნას აყენებს. მერე კი ისევ მიმართულებების გაყოფაზე აძლევს სასწრაფო დავალებას დათა ახალაიას და ერეკლე კოდუას. აშკარაა, რომ ძალოვნებმა თან ვიღაცეებს უნდა მისდიონ და თან ამ დევნის შედეგად ორი გვამი უნდა მოიტანონ! რაც საკმაოდ რთულია, რადგან გვამების ძიება სხვა სახის ოპერაციას გულისხმობს, ვიდრე ცოცხალი და გაქცეული მეამბოხეების დევნა.

ორი გვამის მერაბიშვილისეულმა განმარტებამ, სავარაუდოდ, დიდი დაბნეულობა შეიტანა ნაცმოძრაობის ბანაკში. განსაკუთრებით გაწბილებულნი დარჩნენ ის პირები, რომლებმაც დილით იჩქარეს და ზემოთხსენებული ორი ვერსიიდან ერთ-ერთით „გააპრავეს“ თავისი სასიქადულო პატიმარი, რომელმაც ახლა მათ ორივე ვერსიას ხაზი გადაუსვა და აშკარაა, სულაც არ იყო მათი მადლიერი! სამაგიეროდ, მიკროფონს და კამერას მიაწყდნენ ის პირები, ვინც აქამდე სიჩუმეს ინარჩუნებდნენ – კერძოდ, რისი-არ მინისტრი დიმიტრი შაშკინი, რომელმაც მელიის მთავარი კუდობა იკისრა და ლოგიკურად მაშინვე აღმოცენებულ კითხვაზე – ეს ოხერი რუსის ინსტრუქტორები თუ არსებობდნენ, ამის თაობაზე რატომ არავის, არასდროს მთელი 5 წლის განმავლობაში არ გითქვამთო? იმწამსვე მხედრულად უპატაკა მედიას – კი, იყო ასეთი ინფორმაცია კონტრდაზვერვიდან, მეც, როგორც სასჯელაღსრულების მინისტრმა, ვიცოდი, ამ ორი რუსი ინსტრუქტორის შესახებო:
“იმ ღამეს ასევე იყო აჯანყების მცდელობა სასჯელაღსრულების სპეცრაზმში, რომელიც მაშინ იმყოფებოდა ორთაჭალის ბაზაზე. იქვე იყო რუსული გარეგნობის ორი ადამიანები შემჩნეული, ისინი სუაბრობდნენ რუსულად და ორგანიზებას უკეთებდნენ ამ ამბოხს ქართველებთან ერთად, იმ ადამიანებთან ერთად ვინც შემდეგ გასამართლდნენ ამ დანასაულისთვის. ეს ხალხი ასევე დაფიქსირდა მუხროვანის ბაზაზე და ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ ამბოხებულებმა კვალის დაფარვის მიზნით მოახდინეს მათი ლიკვიდაცია. გავრცელებულ კადრებში, ვანო მერაბიშვილი, სწორედ ამ ორი გვამის მოძებნის ბრძანებას იძლევა, რადგან ეს იყო უტყუარი კავშირი რუსეთის სპეცსამსახურებთან”, – აცხადებს “პრაიმტაიმნიუსთან” საუბრისას დიმიტრი შაშკინი. მისივე თქმით, გამოძიებამ ვერ დაადგინა, თუ სად დამარხეს ეს ორი ადამიანი. “ჩვენი იფორმაციით, ეს მკვლელობა ჩაიდინეს თვითონ ორგანიზატორებმა კვალის დაფარვის მიზნით, თუმცა ამის დამტკიცება შეუძლებელი აღმოჩნდა გვამების ადგილსამყოფელის დაუდგენლობის გამო. არსებობენ მოწმეები, რომლებმაც ნახეს ეს ორი ადამიანი. ჩვენი ინფორმაციით, ესენი იყვნენ “გერეუს” ოფიცრები”, – აღნიშნავს შაშკინი.

შემდეგ ამას მოჰყვა შოთა უტიაშვილის უკვე შეცვლილი ჩვენება – ვანომ უკეთ იცის, ვანომ რა იგულისხმაო (!!!)… ამაზე გამახსენდა, როგორ „გაახსენდა“ პლასტმასის ტყვიების 2009 წ. 6 მაისს გამოყენების ფაქტი ბატონ შოთას, რომელიც ამას ლამის თვენახევარი მედგრად უარყოფდა და მხოლოდ მერე-ღა „გაიხსენა“, როცა მიტინგის მონაწილეს ექიმებმა თვალიდან პლასტმასის ტყვია ამოუღეს!)… და მერე კი წამოვიდა ვანოდამადასტურებელი უფრო ნაკლები კალიბრის საფანტი ყველასთვის კარგად ცნობილი გიგა ნასარიძისაგანაც.

სადღეისოდ, მუხროვანის ამბოხზე შემდეგი შეიძლება ითქვას – კვამლი უცეცხლოდ ნამდვილად არ იყო! შეიარაღებული ამბოხი, ალბათ – არა, მაგრამ იყო ხელისუფლების მიმართ დაუმორჩილებლობის, ან მინიმუმ გარკვეული პროტესტის დაფიქსირების სურვილი, რაც მყარი მტკიცებულებების შემთხვევაში ნამდვილად შეიძლებოდა გამხდარიყო კრიალაშვილის, ოთანაძის, ამირიძის და სხვათა მიმართ პასუხისგებაში მიცემის (მაგრამ არავითარ შემთხვევაში -ლიკვიდაციის!) საფუძველი.

მაგრამ ხელისუფლებამ თავისთვის კარგად ჩვეული სცენარი არჩია. იგი შეეცადა არა დაუმორჩილებლობის პრევენციას ან სათანადო მყარი მტკიცებულებების მოპოვებას, არამედ ერთადერთ (!) მოწმის – გია ღვალაძის ფარულად ჩაწერილ ვიდეოზე და შემდეგ ძალიან საეჭვო წესით მოპოვებულ ჩვენებებზე ააგო მითი სამხედრო შეთქმულების და ქვეყნის უმაღლესი ხელისუფალთა განადგურების სცენარზე. როგორც ტვ „იმედის“ გადაცემა „პანორამიდან“ გახდა ცნობილი, გია ღვალაძე ახლა ლაპარაკობს მის მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე და იმაზე, რომ ჩვენებები ოჯახის მიმართ ძალადობის მუქარის შიშით მისცა. http://imedi.ge/index.php?pg=nws&id=23532
აქვე იგი იმასაც ამბობს, რომ საიდუმლო ვიდეოჩანაწერში ე.წ. „გენერლების შეხვედრა“ მისი ფანტაზიორობის ნაყოფი იყო და არა რეალურად არსებული შეხვედრისა, მით უფრო, რომ ამ გენერლების ნაწილი იმ დროს საქართველოში არ იმყოფებოდა და ეს კუდის თანამშრომლებმაც იცოდნენ. ეს ყველაფერი, უეჭველად გამოსაძიებელია – ღვალაძის ჩვენებაც და ვიდეოც 2009-შიც დადგმული მეგონა (არ გამოვრიცხავ, რომ ვიდეოში უკვე კუდის მიერ დაშინებულ-“დავერბოვკებული” ლაპარაკობს) და დღესაც ეჭვით ვუყურებ მის მიერ საკუთარი თავის გამამართლებელ აღიარებას.

ძალიან ლოგიკურია სალომე ზურაბიშვილის ანალიზი, რომელიც იხსენებს, რომ 5 მაისს ოპოზიციას დაგეგმილი ჰქონდა თბილისში შესასვლელი გზების ბლოკირების მშვიდობიანი აქცია და რომ ხელისუფლების სურვილი იმ დღეს მუხროვანის ამბოხის ინსცენირებისა შეიძლებოდა პოლიტიკური პარტიების ლიდერების დაპატიმრებითაც დამთავრებულიყო. ხოლო რაც შეეხება 21 მაისს ამბოხებულთა ლიდერების ცხვარიჭამიის გზაზე ლიკვიდაციის ოპერაციას, ამას, სავარაუდოდ, ხელისუფლებისათვის ის მნიშვნელობა ექნებოდა, რომ დაეშინებინა 26 მაისისათვის ეროვნულ სტადიონზე დაგეგმილი დიდი სახალხო შეკრების მონაწილეები…

http://www.reportiori.ge/?menuid=2&id=14734

ასე რომ, ვანო მერაბიშვილმა, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ამ თემაზე სრული დუმილის და გამიჯვნის პირობებში, ღირსეულად გააგრძელა დიდი მისტიფიკატორის და მოდელირების მამამთავრის ტრადიციები და შეთხზა ზღაპარი გვამებზე, რომლებიც თურმე ძალიან მნიშვნელოვანი იყვნენ მუხროვანის ამბოხების რუსული კვალის დასადგენად, მაგრამ რატომღაც არავინ მოიძია ამ ამბოხების თეატრალიზებული რეპეტიციიდან და ცნობილი სამხედრო მეთაურის ლიკვიდაციისა და სხვათა 20 წელზე მეტი ხნით ციხეში გამწესებიდან მთელი 5 წლის განმავლობაში… იმ ხუთი წლის განმავლობაში, როდესაც მთელ ქართულ ჯარზე და არა მარტო იმ მეთაურებზე – იყო ეს ბინძური ლაქა – ბრალდება რუსების მიერ ორგანიზებულ სამხედრო ამბოხში და სამშობლოს ღალატში მონაწილეობაზე… ამიტომ, როცა გიგა ბოკერიამ 31 იანვარს ინგა გრიგოლიას გადაცემაში ლამის ნახევრსაათიანი გამოსვლის დროს “ნამუსი მოწმინდა” თავის ხელისუფლებას, რომ ორი გვამი რუსი ინსტრუქტორების გვამი იყო და არა – ქართველი ამბოხებულებისო, ხოლო ამ გვამების სამწუხაროდ ვერმონახვის გამო ეს ვერსია ვერც გავაჟღერეთ საბრალდებო დასკვნაში და ამიტომაც დღემდე არავის გაგიგიათ მათ შესახებო. მხოლოდ ის დაავიწყდა ეთქვა, რატომ არ მოუხსნეს ამ ადამიანებს რუსებთან კავშირის თითიდან გამოწოვილი ვერსია.

დასკვნები:

1. ნაციონალური მოძრაობის ლიდერების ამოცანად, მათ მიერ არჩეული ტაქტიკის თანახმად, რჩება მაქსიმალურად უარყონ მათ წინააღმდეგ არსებული ნებისმიერი სამხილი და არავითარ შემთხვევაში არ აღიარონ ის სისტემური დანაშაული, რომელიც ქვეყანაში მათი მმართველობის დროს ისეთივე ხშირი იყო, როგორც შევარდნაძის დროს – კორუფცია. ამ საყოველთაო უარყოფის შენარჩუნებით ისინი ცდილობენ, გაწელონ დრო იქამდე, როცა ქვეყანაში ნებისმიერ მომხდარ ბუნებრივ თუ არაბუნებრივ კატასტროფის თუ კრიზისის თავის სასიკეთოდ გამოყენებას და ხელისუფლებაში დაბრუნებას შეეცდებიან. ამის გათვალისწინებით, რაოდენ პარადოქსულად არ უნდა ჟღერდეს, საქართველოში დღეს რუსეთის ფაქტორის და რუსეთის აგრესიის ყველაზე უფრო მომლოდინე და მნატვრელი ძალა, სწორედ თითქოსდა მარად რუსეთთანდაპირისპირებული ერთიანი ნაცმოძრაობაა! ამდენად, თუ რუსეთთან ურთიერთობა ნორმალიზაციისკენ წავა, ეს მათთვის კატასტროფის ტოლფასი იქნება, ხოლო თუ რუსეთი საქართველოს მიმართ ახალი აგრესიის განხორციელებას ეცდება, ეს სწორედ ნაცმოძრაობის წისქვილზე დაასხამს წყალს. ამიტომ არაა გამორიცხული, რომ ნაცმოძრაობის მხრიდან გაგრძელდეს ამ სანატრელი დაძაბულობის მოსახდენად პროვოკაციების მცდელობები.

2. ხელისუფლებაში მყოფ „ქართულ ოცნებას“ სულ უფრო მცირე დრო რჩება საზოგადოების ჯერ კიდევ არსებული მხარდაჭერის შესანარჩუნებლად. რეალობა ისეთია, რომ არც რუსეთთან ურთიერთობის რეალური გაუმჯობესებაა მოსალოდნელი (სულაც პირიქით, სოჭის ოლიმპიადის დასრულების შემდეგ რუსეთი ისევ გააქტიურებს ძველ პროვოკაციებს და სავარაუდოდ, ახლებსაც მოიფიქრებს ევროკავშირისაკენ საქართველოს წინსვლის ეფექტურად ჩასაშლელად!), ხოლო პენსიების და ხელფასების მატების და უნივერსალური სადაზღვევო პაკეტის შემოღების შემდეგ ჯერჯერობით არც სერიოზული ეკონომიკური გაუმჯობესება და ინვესტორების მოდინება თუ წარმოების გამოცოცხლება ჩანს. პირიქით, ლარის კურსის 8%-იანმა ვარდნამ მნიშვნელოვანწილად იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა მინიმალური საარსებო კალათის გაძვირების და პენსიების და ხელფასების ზრდის ეფექტის შემცირების რეალობის წინაშე დააყენა! ამ პირობებში თუ ხელისუფლების მთავარი დანაპირებიც – სამართლის დამკვიდრება – არ იქნა რეალიზებული, სავარაუდოდ, უახლოეს წელიწადში საქართველოს ხელისუფლების მიმართ ნდობის მაჩვენებელი 50%-ს შეიძლება ჩამოცდეს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ნატოს ან ევროკავშირის მიმართულებით რაიმე ხელშესახები (!) პროგრესი იქნა. აღარ ვლაპარაკობ იმაზე, რომ ასეთი პროგრესი ჯერჯერობითაც საეჭვოა, და რუსეთის მეცადინეობით კიდევ უფრო საეჭვო შეიძლება გახდეს…

3. აღნიშნულ პირობებში საქართველოს პოლიტიკური კაბადონზე არაა გამორიცხული, რომ ადრე „გაკრეფილი“ შუა სპექტრის პარტიების რეიტინგებმა მომატება დაიწყოს. სამწუხარო აქ არაფერი იქნებოდა, რომ არა მათი დიდი ნაწილის წარსულში აშკარა სატელიტური ასოცირება ყოფილ რეჟიმთან, და იმის მოლოდინი, რომ ასეთი წარსულის გარეშე მყოფი დანარჩენი პარტიების უმრავლესობაც (გარდა სალომე ზურაბიშვილის საქართველოს გზისა, რომელიც ორგანიზაციულად ჯერ კიდევ სუსტია) უდიდესი ალბათობით რუსეთთან ალიანსზე იქნებიან ორიენტირებულები. ამ უკანასკნელის ინდიკატორები ძალიან ბევრია, – როგორც უკვე არსებული ლიდერების (ნინო ბურჯანაძე, კახა კუკავა) განცხადებები, ასევე ის, რომ ძალიან გაიზარდა ბოლო თვეებში ანტიდასავლური მესიჯების და ინფორმაციების ზვავი, რომელიც ნამდვილად არ ტოვებს შემთხვევითობის შთაბეჭდილებას და კარგად ორგანიზებული და კარგად დაფინანსებული აისბერგის მწვერვალი უნდა იყოს, რომლის სრული სისრულით გამოჩენას, ალბათ, ისევ ოლიმპიადის დასრულების შემდეგ უნდა ველოდოთ. არაა გამორიცხული, ამ დროს ვინმე ახალიც გამოჩნდეს პოლიტიკურ სარბიელზე. მით უფრო, რომ როგორც ანდაზა ამბობს, ხშირად ახალი,ეს მხოლოდ დავიწყებული კარგად ძველია ხოლმე…

4. ყველაზე მოგებული ამ სიტუაციით რუსეთი შეიძლება აღმოჩნდეს! რაც უფრო ცოტა დრო რჩება მის მიერ ყველა შესაძლო კოზირების ამოქმედებამდე, მით უფრო ზუსტი და გამოზომილი უნდა იყოს ხელისუფლების ქმედებები მათი ნეიტრალიზაციისათვის. ხოლო ძირითადი ქმედება კი აუცილებლად უნდა იყოს საკუთარ მხარეზე საზოგადოების უდიდესი ნაწილის მობილიზება – რაც საკუთარ სიმართლეში და სამართლიანობაში, ისევე როგორც საკუთარი მიდგომების და ხედვების საზოგადოების უდიდესი ნაწილისათვის სარგებლიანობის დანახვებაში უნდა იყოს.

5. რაც შეეხება ნაცმოძრაობის ტაქტიკას, იგი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება აღმოჩნდეს წარმატებული, თუ ხელისუფლება მაქსიმალურად დაუშვებს შესაძლო შეცდომებს. ნაცმოძრაობის ლიდერებმა უნდა იცოდნენ, რომ ხელისუფლების მიერ რეიტინგის დაკარგვაც კი ვერ იქნება მათი რეიტინგის ზრდის ავტომატური გარანტია. მეტი შანსია, რომ რეიტინგი სხვა ოპოზიციურ პარტიებს მოემატოთ და არა – ნაცმოძრაობას… როდესაც ადამიანი იტყუება, მას წარმატების შანსი მხოლოდ მაშინ აქვს, როცა მისი ტყუილი დაჯერებულია. ქართული საზოგადოება კი უკვე გამოვიდა სეთურის მონებისმაგვარი ფსიქოლოგიური დილეტანტიზმიდან და განმუხურის, ხურჩის, „ენვერის“, ტვ „იმედის“ დანაღმვის, და, რაც მთავარია, „მოდელირებული ქრონიკის“ შემდეგ, 2006-2012 წლებში ოპოზიციის ნებისმიერი აქტივობის ფონზე „რუსი! რუსის!“ ძახილის და კრიზისების გადაგორების მერე კი „მოღალატეობის“ და „გამყიდველობის“ მრავალი ბრალდების გამოუძიებლობის შემდეგ, მაპატიეთ და, – „არ ჭამს“ არც იმ რუსი ინსტრუქტორების გვამებს, რომლებიც მხოლოდ ხუთი წლის მერე „გაახსენდათ“ ნაცმოძრაობის ასინეთებს და არც იმას, რომ საქართველოში ყველაზე მეტად გულწრფელი ცრემლი ვანო მერაბიშვილის ლოყაზე მოგორავს, და ყველაზე მეტად სამართალს მისი მეუღლე ეძებს, რომლის პირად ანგარიშზე, სავარაუდოდ, პირადი ანგარიშსწორების რამდენიმე ტრაგიკული თუ დრამატული შემთხვევა ირიცხება.

თქვენი არ ვიცი და მე, პირადად, ვანო მერაბიშვილის და თაკო სალაყაიას ცრემლების დაჯერების წინაპირობად მინიმუმ ერთი ნაბიჯი მიმაჩნია – მათ მიერ გარდაცვლილი ირინა ენუქიძის მიმართ სახალხოდ მოხდილი ბოდიში ერთადერთი შვილის სიკვდილში მონაწილეობისათვის…

მიტევება მხოლოდ მონანიებით იწყება, და არა – მითიური რუსი ინსტრუქტორების გვამებზე 5 წლის შემდეგ თუნდაც ლამაზად შეთხზული „ნიჭიერი“ ზღაპრებით…

=============================
P.S. ამ სტატიის გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში გამოცხადდა, რომ დღეს ექს-ან-პროვანსის სასამართლომ გირაოს საფუძველზე წინასწარი პატიმრობიდან გაანთავისუფლა საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი და ნაცმოძრაობის შავი ფულის ბუხჰალტერი – დავით კეზერაშვილი. ამით სამართლის აღდგენის პროცესის შესაძლებლობა კიდევ უფრო გაურკვეველი ხდება, ხოლო ნაციონალების მხრიდან მონანიების შესაძლო სურვილის შანსი – ძალიან მიზერული… ამ გაურკვევლობასთან ერთად კი საზოგადოებაში ნიჰილიზმის და საკუთარი ძალებით სამართლის პოვნის სახიფათო კომბინაცია – კიდევ უფრო საშიში და რეალური…


მოსალოდნელი არჩევანი, ანუ გაბლეფებული ბლეფი


მე პირადად, აბსოლუტურად არ გამკვირვებია ის, რომ საპრეზიდენტო კანდიდატად ქართულმა ოცნებამ გიორგი მარგველაშვილი აირჩია.
ამის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი კი, ნუ გაგიკვირდებათ და – ნაციონალური მოძრაობაა (რომელიც „ერთიანი“ აღარ არის და „ეროვნული“ ვერც ვერასდროს გახდება, მაგრამ დაშლილიც არაა ჯერ).

მე მგონი, ნაცმოძრაობამ ერთი სერიოზული იაღლიში დაუშვა, როცა წინასწარ განაცხადა, რომ მისი ფავორიტი კონკურენტი ირაკლი ალასანია იქნებოდა.

რა თქმა უნდა, ნაცმოძებს ალასანიაზე მზე არ ამოსდით, მაგრამ გადაწყვიტეს, რომ იგივე კარტი გაეთამაშებინათ, რაც 1 ოქტომბრის წინ ივანიშვილმა გაითამაშა, სულ რომ აქებდა ვანო მერაბიშვილს და ამით სერიოზული „ჩორტი“ ჩამოაგდო ნაცმოძრაობაში, რომელიც მნიშვნელოვანწილად, სწორედ ამ „ჩორტის“ აჩრდილთან ჭიდაობას გადაყვა…
ჰოდა, ახლა ბოკერიამ და „სასტავმა“ გადაწყვიტა ბლეფის გათამაშება და ააგეს ციხე-კოშკები, რომ ყველაზე ძლიერი კანდიდატი ირაკლი ალასანიაა, რომ ივანიშვილი არ დაუშვებს ალასანიას საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელებას, რომ ალასანია ამით გაბრაზდება, რომ გაბრაზებული ალასანია დამოუკიდებელ კანდიდატად იყრის კენჭს, რომ ამაზე გაბრაზებული ივანიშვილი თავად იყრის კენჭს ოცნების კანდიდატად, რომ ეს „ქართულ ოცნებას“ გახლიჩავს, რომ გახლეჩილი ოცნება ხალხს აღარ მოეწონა, რომ იმედგაცრუებული ხალხი ისევ შეჩვეულ ჭირს, ანუ, ნაცმოძრაობას მიუბრუნდება…
მოკლედ „ღარიბი და ქილა ერბოს“ ეს გროტესკული რიმეიკი უსასრულოდ შეიძლებოდა გაგრძელებულიყო, იმ კაცის გუნდის მხრიდან, რომელიც ამ ბოლო დროს ზღვის ფსკერზე მჯდარი ზვიგენების შესახებ უწყინარი, და პროქტოლოგების შესახებ ბინძური ანეგდოტების მოყოლით „გვართობს“…
ირმა ნადირაშვილი რომ ვნახე ნინო შუბლაძის გადაცემაში, ვიფიქრე, რომ მაგიდაზე რამდენიმე მურიანი თეფში არ აწყენდა ამ შოუს, ხოლო თუ ნეტარი ირმა თვალებს დახუჭავდა და თავს უკან გადააგდებდა, ახალგაზრდა ვანგას „პონტშიც“ შეიძლებოდა გასულიყო…
ნაცმოძრაობამ ერთი რამ ვერ გათვალა, ოღონდ, რომ ირაკლი ალასანიას პოლიტიკური წონა, რომელიც 2010 წლის სავალალო დაქვეითების შემდეგ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ძალიან სერიოზულად გაიზარდა, მიუხედავად ამისა, (და იმისაც, რომ ალასანია ნამდვილად არის ახლო მომავლის ერთ-ერთი სერიოზული პოლიტიკოსი) აბსოლუტურად ვერ შეედარება იმ პოლიტიკურ წონას, რაც 2012 წლის 1 ოქტომბრამდე ვანო მერაბიშვილს გააჩნდა! „ქართული ოცნების“ წარმოდგენა, თუნდაც ალასანიას გარეშე, საკმაოდ შესაძლებელია და ეს, (რა თქმა უნდა, არასასურველი,) განვითარება, „ქართულ ოცნებას“ ვერ დაანგრევს, განსხვავებით იმისაგან, რა მოხდა ნაცმოძრაობაში, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა ვანო მერაბიშვილის გაპრემიერებით მისი უზარმაზარი გავლენის განეიტრალება სცადა.
და მაინც, სანამ ნაცმოძრაობა არ დაშლილა, სანამ მისი რამდენიმე ოდიოზური და კრიმინალი ლიდერი საბრალდებო სკამზე არ ზის, რა თქმა უნდა, ზედმეტი ფუფუნება იქნება იმის გარეგნული ეფექტის დაშვებაც კი, რომ „ქართულ ოცნებაში“ დაშლის პროცესი უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე ნაცმოძრაობა საბოლოოდ მარტივ (და ერთურთის მაგინებელ) მამრავლებად არ დაშლილა.
მე პირადად, მას შემდეგ, რაც ნაცმოძრაობის კრიმინალური ქმედება სასამართლოს მიერ იქნება დადასტურებული, ხოლო მიხეილ სააკაშვილი და რამდენიმე მისი „პოლიტგენერალი“ მათ მიერ ჩადენილ სერიოზული დანაშაულთა გამო გასამართლებული იქნება, ძალიანაც კარგ ვარიანტად მიმაჩნია „ქართული ოცნების“ რამდენიმე ფრაქციად/პარტიად დაშლა. ეს ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებას მხოლოდ უფრო საინტერესოს, კონკურენტულს, ცოცხალს და განვითარებადს გახდის, განსხვავებით, ნაცმოძური ნეობოლშევიზმისა, რომელიც საბოლოოდ ისევ მის მიერვე შექმნილ ჭაობში ჩაიხრჩო.
ხოლო ჯერჯერობით კი, ნამდვილად არ გამკვირვებია ის არჩევანი, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა – შეგნებულად არ დასახელდა ისეთი აქტიური და გამოკვეთილი ლიდერი, რომლის უკან სერიოზული ძალა იდგებოდა (ასეთები შეიძლებოდა ყოფილიყვნენ ირაკლი ალასანია და სალომე ზურაბიშვილი). არჩევანი იყო აქამდე აბსოლუტურად აპოლიტიკურ პიროვნებებს (პაატა ბურჭულაძე, გია დვალი, ნაწილობრივ – დავით მაღრაძე) და ისეთ ლიდერებს შორის, რომლებიც პოლიტიკაში კი არიან, მაგრამ მათ უკან რაიმე პოლიტიკური პარტია ან ჯგუფი არ დგას (კახა კალაძე, გიორგი მარგველაშვილი). აქაც ლოგიკური იყო, რომ არ დასახელებულიყო პოლიტიკურად გამოუცდელი პიროვნება, რომელსაც წინასაპრეზიდენტო დებატებში გაუჭირდებოდა ნაცმოძრაობის დაქოქილ დემაგოგებთან პაექრობა, ან სუფთა დეკლამატორულად (როგორც გია დვალს, ან პაატა ბურჭულაძეს), ან – პოლიტიკური გამოცდილების თვალსაზრისით (როგორც, მაგ. დავით მაღრაძეს).
დარჩენილ 2 ფიგურას შორის სწორედ დებატების გამოცდილების, ფილოსოფიური „ბექგრაუნდის“, დახვეწილი იუმორის/ირონიის გათვალისწინებით, არჩევანი საბოლოოდ გიორგი მარგველაშვილზე გაკეთდა.

აქვე მინდა მოვიბოდიშო იმის გამო, რომ აქამდე არ ვახსენე ვახტანგ ხმალაძე, რომელიც პირადად ჩემთვის ყველაზე ახლოს არის იმ ტიპის სამაგალითო პრეზიდენტთან, როგორც ვაცლავ ჰაველი იყო (თუმცა ქარიზმატულობაში ჩამორჩება, ალბათ, მაგრამ წესიერებაში – ნამდვილად არაფრით, ხოლო პოლიტიკური/იურიდიული გამოცდილებით კი სჯობს კიდეც ლამის!). ბატონ ვახტანგს, რაოდენ გასაკვირი არ უნდა იყოს, მისავე პარტიის ლიდერმა „დაუდო კვანტი“ :). გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ იმ პირობებში, როცა სადღეისოდ ქვეყანას ორი გამოკვეთილი ლიდერი – ბიძინა ივანიშვილი და დავით უსუფაშვილი ჰყავს, უმაღლეს თანამდებობაზე რესპუბლიკური პარტიის კიდევ ერთი წარმომადგენლის მოვლინება ძალიან სერიოზულ დისბალანსს მოიტანდა ფორმალურად 6-წევრიან კოალიციაში.
სალომე ზურაბიშვილი ნამდვილად იმსახურებს სერიოზულ თანამდებობას, თუნდაც მარტო იმის დასამტკიცებლად, რომ „ქართულ ოცნებას“ მართლაც სათავისოდ ჩაკეტილი არ აქვს საკადრო რესურსის ზარდახშა! არ გამიკვირდება, თუ ახლო მომავალში ქ-ნი სალომე რაიმე პრესტიჟულ პოსტს მიიღებს და ამ მხრივ, საგარეო საქმეთა მინისტრობის გარდა მერობაც არაა გამორიცხული, სადაც მეორე კონკურენტს – თინა ხიდაშელს ზუსტად იგივე პრობლემა ეღობება, რაც ვახტანგ ხმალაძეს (თან, უფრო მეტადაც კი :).
რაც შეეხება არმაზ ახვლედიანს, მე პირადად კანდიდატად მისი დასახელებაც კი გამიკვირდა, რადგან იგი სულ რაღაც 1 თვის წინ გახდა „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი და აქტიური პოლიტიკოსი, და მოსახლეობა მას ცუდად იცნობს (ან იცნობს შევარდნაძის დროიდან – უფრო უარესი…). ბატონ არმაზს სულაც არ ვაფასებ გიორგი მარგველაშვილზე ნაკლებ პოლიტიკოსად, მაგრამ ცნობადობა მაინც სერიოზული ფაქტორია.

ახლა, როცა თეთრებმა მეფის გამბიტი აირჩიეს, არადანი შავებზეა! :)

ნაცმოძრაობისათვის, გიორგი მარგველაშვილი, ალბათ ყველაზე ცუდი, უხერხული მეტოქეა. მას არ აქვს ხანგრძლივი პოლიტიკოსობის ბაგაჟი, საიდანაც ნაცმოძებს და მათ ერთგულ „რუსთავ2“-ს რაიმე კომპრომატის ამოქექვა არ გაუჭირდებოდათ, მას ვერ დააბრალებენ პრორუსულობას, და მას საკმაოდ უჭრის ტვინიც და ენაც, რომ ნებისმიერ პოტენციურ კანდიდატთან კამათი არ გაუჭირდეს.
ნეცმოძებმა სწორი ქნეს, როცა საკუთარი კანდიდატის დასახელება არ იჩქარეს. წარმოიდგინეთ, რა ფიასკო იქნება მარგველაშვილთან დაპირისპირებული მერაბიშვილი! ის კი არადა, მარგველაშვილის დასახელებით დავით ბაქრაძის შანსებიც სერიოზულად შემცირდა. გიორგი ვაშაძე მე ყოველთვის მეორე კალიბრის პოლიტიკოსად მიმაჩნდა, ხოლო ბარამიძეს ისეთი „ბაგაჟი“ აქვს, რომ წესით კანდიდატად კი არა, ცისკარიშვილივით სადმე გაყურსული უნდა იმალებოდეს… ასე რომ რეალური კონკურენტი რჩება ორი – გიგი უგულავა და გიგა ბოკერია.
ამ ორს შორის მე უფრო რეალური ბოკერია მგონია. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ახლო მომავალში საპრეზიდენტო კანდიდატის სტატუსს ერთი სერიოზული მომხიბვლელობაც ექნება – იგი ხომ არჩევნებამდე იმუნიტეტის ტოლფასი იქნება. ეს კი დღეს ჰაერივით, სწორედ უგულავას, მერაბიშვილს და ბარამიძეს სჭირდებათ. ასე რომ ვნახოთ… მოლოდინისთვის დრო ბევრი არაა, ორშაბათიც გათენდება.

P.S. ხოლო რაც შეეხება იმ ვარიანტს, რომ ირაკლი ალასანია დამოუკიდებელ კანდიდატად მოინდომებს არჩევნებზე კენჭისყრას, მე ალასანია გაცილებით უფრო ჭკუადამჯდარ პოლიტიკოსად მიმაჩნია, რომლისთვისაც დიდი პოლიტიკური კარიერა ახლა იწყება… და ვნახოთ, ვინ უფრო კარგად იცნობს მას – ირმა ნადირაშვილი, თუ თქვენი მონა-მორჩილი. თუ აღმოჩნდა, რომ ირმა მართლაც ფსაიქიქი ყოფილა, წინასწარ ვაცხადებ, რომ ჩემთვის ირაკლი ალასანია პოლიტიკურ წარსულში დარჩება.

GIGA-MARGVELA


ნეონაცური ევოლუცია


misha-frustrated

19 აპრილის „ისტორიულ“ (მაგრამ არც თუ ისე – ისტერიულ) აქციას ბევრი შედეგი აქვს.
აქედან ზოგიერთი ჯერ კიდევ დაფარულია და უახლოეს 2-3 თვეში გამოჩნდება.
1. პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დამთავრდა! (მიუხედავად იმისა, რომ ეს დღეს ოფიციალურად არ გამოცხადებულა). ძველი სახელი, მგონი, არავის უხსენებია, ხოლო მომავალი რებრენდინგული სახელი – „ახალი ეროვნული მოძრაობა“ ყველას სტეპლერით ჰქონდა ენაზე დაკრული. ნათლიათა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ მოახერხეს ძველი ძირის – „ნაცმოძრაობის“ შენარჩუნება, რაც რებრენდინგის დროს სერიოზული ამოცანაა პარტიის ცნობადობის შესანარჩუნებლად, ამავე დროს აქცენტად მოიტანეს, რომ ეს „ახალია“ და „ზეცნობიერად“ სურთ ამით თავიანთ წარსულსაც ნაწილობრივ გაემიჯნონ, და თან ქართველ ხალხს მიმართონ ილიას სიტყვებით: „ამ ახალთ აღგიდგინონ შენ დიდების დღენია!“. თუმცა ისევ გავიმეორებ, არაფერი არაა იმაზე ამაზრზენი და იმაზე სასაცილოც, როგორც ნაცმოძრაობის მუდმივი სურვილი „ილიელობაზე“ დადონ თავი. ქართულ პოლიტიკაში მათზე მეტი ანტი-ილიელი მარტო ერთი მახსოვს, გვარად – ბერბიჭაშვილი. თუმცა ის ბანდიტი იყო, ხოლო ანტი-ილიელი პოლიტიკოსი ნეობოლშევიკების მამა სტალინი იყო, რომელსაც ილიას სიკვდილიდან დიდი ხნის შემდეგ ასევე „შეუყვარდა“ ილია, ხოლო სინამდვილეში – ილიას სახელით მანიპულირება…
2. როგორც ეტყობა, ახალი ნათლობის მიზეზი ორია:
– უნაკლოს პარტია მიხვდა, რომ გაერთიანებული ვეღარაფრით იქნება და „სადაც არა სჯობს, გაყრა სჯობსო”, გადაწყვიტეს.
– ნაციონალები ძალიან მტკივნეულად აღიქვამენ, როცა მათ „ნაცებს“ უძახიან. სწორედ ეს უნდა იყოს სიტყვა „ეროვნულის“ არჩევის მიზეზი, და არა ის, რომ მათ ქართული ენა გვიან, მაგრამ მაინც, დააფასეს და ლევან ღვინჯილიას შეგონებებს მიუგდეს ყური. სამაგიეროდ, ერთი რამ ვერ გაითვალისწინეს, რომ ინგლისურმა ვერსიამაც განიცადა ტრანსფორმაცია New National Movement-ად, ხოლო აქედან „ნეონაცების“ წოდებამდე ერთი ნაბიჯია. სალომე ასათიანმა უკვე შენიშნა ეს ფეისბუქზე :)
3. ნაციონალური მოძრაობა მიხვდა, რომ აუცილებელია ზოგიერთი ყოფილი მაღალი ფუნქციონერისაგან უფრო აშკარად დისტანცირება, ვიდრე ამას აქამდე აკეთებდნენ. ეს განსაკუთრებით ცხადად გიგი უგულავას გამოსვლაში გამოჩნდა. რენეგატების სიაში მოხვდება ყველა ის ადამიანი, ვინც ახალ ეროვნულ მოძრაობას „ომერტას“ ფიცს არ მისცემს. გარდა ამისა, უკვე არის შავი სია, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა რამდენიმე დღეში ოფიციალურად გაემიჯნება – ახალაიები, ადეიშვილი (თუ იგი თავისი ფეისბუქის განცხადებას არ უარყოფს, თუმცა შეიძლება მაინც მოიკვეთონ, როგორც ის პირი, რომლის დანაშაულების უარყოფა გაუჭირდებათ), ქარდავები, ციხის კადრების შემდეგ მხილებული და გაქცეული ყველა პირი), სავარაუდოდ, ასევე – კალმახელიძე, არაა გამორიცხული, რომ შაშკინიც, უდესიანი…
4. ნაციონალურმა მოძრაობამ ვერ გაბედა, ანდა არ მოინდომა, ვანო მერაბიშვილის საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელება. რაც იმას ნიშნავს, რომ მის მიმართაც არსებობს ეჭვები. ეს ეჭვები ორი სახის შეიძლება იყოს:
– ვანოს სიწმინდეში ეპარებათ ეჭვი – რამდენად იგი ერთგული იყო ნაცმოძრაობის (მართლა ხომ არ მოქმედებდა ივანიშვილის სასარგებლოდ? ყველას გვახსოვს ივანიშვილის მიერ 1 ოქტომბრის წინ ვიღაც მითიური პიროვნებისათვის გადახდილი მადლობა!), ან რამდენად ახალაიებთან ინტრიგებს არ გადააყოლა ნაცმოძრაობის იმიჯი და მომავალი (ახალაიების და თეა თუთბერიძის ვერსია).
– შეიძლება ვანო არც ჰყავთ ლუპის ქვეშ მოქცეული, მაგრამ ეჭვობენ, რამდენად ვანოს იმიჯის (ქარიზმატულობადაკარგული) და ორატორული ნიჭის პატრონი შეძლებს პარტისათვის ახალი სულის შთაბერვას და ხალხისათვის ამ „ახალი“ ძალისაკენ გულის მობრუნებას. აქ ისიც გასათვალისწინებელია, რომ დასავლეთისათვის, (ვის იმედადაც მაინც რჩება ნაცმოძრაობა) ვანო მერაბიშვილი ყოველთვის საეჭვო რეპუტაციის პარტოკრატად რჩებოდა და მისი რუსეთთან თუ ლუკაშენკოსთან შესაძლო და დადასტურებული კავშირები მაინცდამაინც დიდ რენესანსს არ უქადის „ნეონაცების“ ამერიკის თუ ევროპის (განსაკუთრებით – ბალტიისპირეთის ლიდერებთან, და – ევროპის სახალხო პარტიასთან) ურთიერთობებს. ვანო დღეს ისე წავიდა მიტინგიდან, როგორც დამარცხებული, (თუმცა გადარჩენილი!) რობესპიერი. :) კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა, რომ მერაბიშვილზე ჯერ არც უარი არ უთქვამთ, და მას კიდევ ექნება შანსი (მით უფრო, რომ მომავალში ფულად რესურსებს დიდი მნიშვნელობა ექნება და არაა გამორიცხული, რომ ნაცებს დღევანდელი მიტინგის შემდეგ დამფინანსებლები მოაკლდეს, ხოლო ვანო ნამდვილად არ არის ისე გაღლეტილი, რომ ნინო ჩხეიძის მდგმურის/ხიზანის სტატუსზე მეტი ვერ გაქაჩოს. :)
5. ნაციონალური მოძრაობის მომავალ პოლიტბიუროში აქტიურ როლს ითამაშებენ ის ახალგაზრდა/ახალი სახეები, ვინც ამ „ახალი ძალის“ არაკორუმპირებულობის და გაუსვრელობის მითი უნდა შექმნას – სერგო რატიანი, ზურაბ ჯაფარიძე, თინათინ ბოკუჩავა… მაგრამ როგორც ვხედავთ, მათ ჩამოსათვლელად ერთი ხელის თითებიც საკმარისია… რაც შეეხება სხვა ახალგაზრდა პარლამენტარებს – გიორგი ვაშაძე იქნება ეს, დათო საყვარელიძე, ჩიორა თაქთაქიშვილი თუ თავად დავით ბაქარაძე, მათ მიმართ გარკვეული კითხვები ყოველთვის არის და იქნება კიდეც! კაკო ბობოხიძის მიერ ნასროლი ტალახი „მთავრობად ქცეული და პუტინის მიერ მართული რუსული ტროას ცხენის“ თავიდან მოშორების შესახებ, ისევე როგორც მერაბიშვილის, უგულავას და სააკაშვილის ცინიკურ-აგრესიული განცხადებები იმის თაობაზე, რომ 4 წელი ვერავინ მოიცდის და დღევანდელი ხელისუფლება უნდა მოვიშოროთ/ჭკუა ვასწავლოთ, იმაზე, რა საშინელი მომავალი ელოდება ივანიშვილს, იმის საფუძველს იძლევა, ვიფიქროთ, რომ კოჰაბიტაციის თაფლობის თვე (მიუხედავად იმისა, რომ ამ თაფლში აქამდეც საკმაო კუპრი იყო) დასასრულს მიუახლოვდა და დღევანდელ „სეტყვას“ მალე ბევრი „ქვა“ დახვდება… ამ მხრივ შეიძლება ყველაზე შორსმჭვრეტელურად ნაცმოძრაობის ის გამოცდილი პარლამენტარები და ფუნქციონერები მოიქცნენ, რომლებიც მიტინგზე კი იყვნენ, მაგრამ კაკო ბობოხიძის მსგავსი სუპერგესლიანი განცხადებები არ უკეთებიათ. ფაქტია, რომ მინიმუმ 1 თვეში ისიც უნდა გამოჩნდეს, ვინ არის ნეონაცების ბირთვი. და არაა გამორიცხული, მათ პოლიტსაბჭოში სულაც ახალი სახეები ვიხილოთ, მაგალითად, რიხიანი ელენე ხოშტარია, მოაზროვნე სერგო კაპანაძე, ექსტრა კლასის დემაგოგი ნინო ლაპიაშვილი, ჯერ ნებით ჩანერგილი და მალევე ნებით ამონერგილი ნიკოლოზ ვაშაკიძე, რამდენიმე ყოფილი ელჩი (მაგალითად, მამუკა ჟღენტი, ან ვანო მაჭავარიანი, თუმცა შეიძლება დიპლომატიურმა ალღომ არ უმტყუნოთ და დაცდა ამჯობინონ) ან სულაც – წვერგაპარსული გია ნოდია (აბა, ეგ წვერით ძალიან ძველია… :)) ნაციონალების პრობლემა ისაა, რომ მათ პარტიულ ახალგაზრდულ ფრთაში გამოხატული ლიდერების ნაკლებობაა, ხოლო ელენე ხოშტარიას, სერგი კაპანაძის ან ნინო ლაპიაშვილის ღიად გადმოყვანა პარტიაში პრონაცურ არასამთავრობო სექტორს დაასუსტებს, რაც სტრატეგიულად შეიძლება წამგებიანიც კი აღმოჩნდეს – მოპარულ ფულებს სადღა გააპრავებენ მერე?
6. ნაცმოძრაობის ყველაზე დიდი პრობლემა ის მწირი ევროპული მხარდაჭერაა, რომელიც სულ უფრო აშკარა ხდება. პარტია, რომელიც სულ უფრო მეტად ირტყამს მკერდში მჯიღს თავისი პროევროპული ორიენტაციის დასამტკიცებლად, სულ უფრო მეტად აწყდება სავალალო ფაქტს, რომ მის მიმართ დასავლეთის იმედგაცრუება იზრდება! მე პირადად არ მეგონა, რომ დღეს რომელიმე ევროპელი ლიდერით ჩვენს გაკვირვებას ვერ შეძლებდნენ – ველოდი დელეგაციებს უნგრეთიდან, ბალტიისპირეთიდან, პოლონეთიდან… ვილფრედ მარტენსის პარტიიდან სტუმარს თუ არა, 10-სიტყვიან დეპეშას მაინც ველოდით… როგორც იტყოდნენ, – „დაიგვიანეს, ჯერ არსად ჩანან“… პარტია, რომლის მხარდასაჭერად ადრე ამერიკელი კონგრესმენები და ევროპელი მინისტრები სიტყვებს, ოფიციალურ განცხადებებს (და ვიზიტებსაც!) არ იშურებდნენ, დღეს მდუმარე იგნორირების მოწმე გახდა. და ამის სერიოზული მიზეზი ისაა, რომ სულ უფრო მეტად გამოჩნდება სინამდვილეში რა „ღირებულებებს“ ეყრდნობოდა ნაცმოძრაობის წარსული! გაუგონარი წამების, ადამიანის დამცირების, კერძო საკუთრების გამაოგნებელი ხელყოფის, მედიაზე ზეწოლის და მოსყიდვის ფაქტები, ათეულ ათასობით უსამართლო განაჩენი, დოკუმენტები ბიუჯეტის თავიანთი ფუფუნებისა და დაახლოებული პირების, პოლიტიკოსების, ექსპერტების თუ ლამაზმანების მოთაფვლის მიზნით ხარჯვის შესახებ, მრავალი უნამუსო სიცრუის დადასტურება – ეს ისაა, რაც ზოგჯერ ევროპაშიც და ამერიკაშიც შეიძლება მოხდეს (მარტო ბერლუსკონის ისტორიები რად ღირს), მაგრამ არა – ამ მასშტაბით! და თან ამაზე იქ საკუთარ პოლიტიკოსებს აგებინებენ პასუხს და აქ რატომ უნდა დააფარონ ხელი სააკაშვილის ბანდას? ვერ დააფარებენ, რომც უნდოდეთ, და შორს არ არის ის დროც, როცა ვილფრედ მარტენსსაც მოუწევს თვალების გახელა და მხრების აჩეჩვა… ამას ისიც ემატება, რომ 5- თუ თუნდაც 10,000-იანი მიტინგით შეიძლებოდა ზუგდიდში მოგეწონებინა თავი დასავლელ პოლიტიკოსებთან, ხოლო თბილისში, სადაც ჯერ კიდევ ოპოზიციური „ქართული ოცნება“ ნაცმოძების ზეწოლის მიუხედავად, 100- და 150- ათასიან მიტინგებს მართავდა, სასაცილოდ ჟღერს და ნებისმიერ დასავლელ რეალისტ პოლიტიკოსს მათგან დროულად დისტანცირების საღ აზრზე მოიყვანს. ჰოდა, ამ პრობლემის – სულ უფრო სუსტი დასავლური მხარდაჭერის – გადასაწყვეტად ნაცმოძრაობას მოუწევს მიხეილ სააკაშვილსაც გაემიჯნოს (განსაკუთრებით, მისი საიდუმლო ხარჯების განსაჯაროვების შემდეგ!). თუ სრულად არა, იმით მაინც გაემიჯნოს, რომ მისი ლიდერობა წარსულში დატოვოს და დღევანდელივით ის შთაბეჭდილება არ შექმნას, რომ პრეზიდენტობიდან წასული მიშა მაინც ნაცმოძრაობის მარადი და უცვლელი ლიდერი იქნება. დღევანდელი მიტინგის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ილუზია იყო დასაწყისში ტრიბუნაზე მიშას არარსებობა და „საქართველო! საქართველო!“-ს ყიჟინა, მაგრამ „ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო“ და როგორც კი ნაცმოძრაობის ერთგული დივიზიის წევრებმა „ჩატყაული“ „დუჩე“ იხილეს, ისევ იძალა „მიშა-მიშა!“-ს დაუოკებელმა ჟინმა, რაც მათი ვითომ „ევროპული არჩევნის“ რეალურ (ჩრდილოკორეულ!) ვექტორს უსვამდა ხაზს…
7. ზემოთმოყვანილი დასავლური მიმართულების გამოსწორება მხოლოდ გიგა ბოკერიას და ზემოთდასახელებულ ახალგაზრდა პოლიტიკოსებს თუ შეუძლიათ, მაგრამ პირველს ჯერაც სერიოზული ნეგატიური რეიტინგი აქვს საქართველოში (როგორც ყველაზე „არაეროვნულ“ პოლიტიკოსს), ხოლო სხვებს – არასაკმარისი რენომე დასავლეთის თვალში. ბოკერიას ჩრდილში ყოფნა, ალბათ, დღევანდელი მიტინგის ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო. ისევე, როგორც მისი მოტივირებული მეუღლის შედარებით არგამოჩენა, რომელიც ქართული საზოგადოების გაღიზიანებას საუკთესოდ ახერხებს (სიტყვამ მოიტანა და ვიტყვი, დღეს ბოკერიას ტიპის პოლიტიკოსის რეინკარნაციის ლამის ერთადერთ გზად მისთვის ისეთი მეუღლე მესახება, რომელშიც სევდია უგრეხელიძის ბიოგრაფია იქნებოდა განსხეულებული D:D:D). ბოკერია-ჩერგოლეიშვილის წყვილს სასწრაფოდ მოუწევთ იმის გადაწყვეტა, ვის მიეკედლონ – ვანოს თუ გიგის. და დარწმუნებული ვარ, კონკურენტული წინადადებები ორივე მხრიდან იქნება. ისევე, როგორც ის ვარიანტი, რომ დროებით საერთოდ წავიდნენ აქაური პოლიტსცენიდან, და ქართული ემიგრაციული პოლიტცენტრის მართვა სცადონ დასაბრუნებელი პლაცდარმის მოსამზადებლად. ამაში კი ზურაბ ადეიშვილის იმედიც შეიძლება ჰქონდეთ. თუ საქართველოს მთავრობამ ამ უკანასკნელის საქართველოში დაბრუნებას ვერ მიაღწია… ყოველ შემთხვევაში, გიგა ბოკერია კარგა ხანს კიდევ იქნება ნაცრისფერი კარდინლობის ყველაზე დიდი პოტენციალის მქონე ფიგურა ნაცმოძრაობაში…
8. დაბოლოს, შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელი მიტინგის გამარჯვებული შეიძლება გიგი უგულავა იყოს – სწორი იყო ისიც, რომ ჯერ დააანონსა, არ მივალო და მერე მივიდა (აი, სააკაშვილის მსგავსმა ნაბიჯმა კი რეგიონებში ხალხი დააბნია)… ისიც, რომ ყველაზე აშკარად ამოიღო ხმა პარტიის გაწმენდის აუცილებლობის შესახებ, რაც მის მიერ ლიდერობის ამბიციებსაც უსვამს ხაზს და რეალობის შეგრძნებასაც… და ისიც, რომ მიშასგან დისტანცირებას ისე მკვეთრად არ შეეცადა, როგორც მერაბიშვილი, რომელმაც თავისი ბელადი შუა სადღეგრძელოში მიატოვა. გიგის სერიოზული შანსები გაუჩნდა დღეს, რომ მომავალში სწორედ იგი დაასახელონ პრეზიდენტობის კანდიდატად, და არა – ვანო მერაბიშვილი, რომელიც, თუ დასასახელებელი იყო, წესით, სწორედ დღეს ჰქონდა ძალიან კარგი შანსი, დასახელებულიყო. ახლა, როცა ნაციონალურმა მოძრაობამ ახალაიები საბოლოოდ გარიყა და მოიშორა, ადეიშვილი უცხოეთში იმალება, და ბოკერიას კი მიტინგზე გამოსვლის საშუალება არ მიეცა (ან თავად აარიდა თავი), მომავალი საპრეზიდენტო კანდიდატი სწორედ მერაბიშვილის და უგულავას ჭიდილში უნდა გამოვლინდეს. დღეს მერაბიშვილის აქამდე მაღალი შანსები შემცირდა, ხოლო უგულავასი – გაიზარდა. თუმცა ჯერ კიდევ შორია ოქტომბრამდე და ვნახოთ, მოვლენები როგორ განვითარდება. ერთი აშკარაა, დღეს გიგიმ იმითაც მოუგო ვანოს, რომ აქციაზე მობილიზებულთა მინიმუმ 2/3 სწორედ „გიგის ხალხი“ იყო – მერიის და გამგებების თანამშრომლები, გიგის მადლიერი რამდენიმე ასეული პენსიონერი, მერიის დამატებით სამსახურებში აყვანილი ნაცმოძების ახლობლები და უმუშევრად დარჩენილები, თბილისელი თინეიჯერები … ხოლო რაიონებიდან ხალხის ჩამოყვანა (რაც ვანოს ფრონტი იყო) აშკარად ჩავარდა… მაგრამ ერთი რამეცაა გასათვალისწინებელი, სწორედ უგულავას მიმართ შეიძლება არსებობდეს საკმაოდ ადვილი მტკიცებულებები მისი კორუმპირებულობის შესახებ, რაც მას განახლებული სასამართლოს პირობებში უფრო ადვილ სამიზნედ აქცევს, ვიდრე – მერაბიშვილს, რომელსაც შეიძლება უფრო მძიმე დანაშაულიც დაუმტკიცდეს, მაგრამ ეს არც ისე მალე იქნება…
თუმცა ახალაიების პირდაპირი სამიზნე აქამდე მერაბიშვილი იყო და ვნახოთ, გიგიზეც თუ გახსნიან კარტებს…
=====
დასკვნები: დღევანდელი აქცია, რომელშიც დაახლოებით 5,000-10,000 ადამიანი მონაწილეობდა (12,000 ძალიან გადაჭარბებული მგონია, რადგან იქ ბევრი სეირის მაყურებელიც იყო და უბრალოდ – რუსთაველზე მოსიარულე ხალხიც) ერთის მხრივ, იმაზე მეტი იყო, რასაც მე პირადად ველოდი (ჩემი მაქსიმალური მოლოდინი 3,000-5,000 კაცი იყო), მაგრამ იმაზე გაცილებით ნაკლები, რაც ნაცმოძრაობას მსოფლიოს თვალში კონკურენტულ ძალად გამოაჩენდა. ხვალ რომ კახა კუკავამ „პრორუსული არჩევნის“ მომხრეები გამოიყვანოს, არაა გამორიცხული, უფრო მეტი ადამიანის მობილიზება შეძლოს! რაც იმით კი არ აიხსნება, რომ თბილისში (ან თუნდაც – საქართველოში) პრორუსულ არჩევანს მეტი მომხრე ჰყავს, არამედ იმით, რომ დღევანდელ მიტინგს პროევროპულობასთან საერთო არაფერი ჰქონდა, ნაცმოძრაობის შიშველ ტანზე მხსნელი ზეწარივით შემოკრული ლოზუნგის გარდა! თუ დღეს პროევროპელობა ისეთივე მხარდაჭერილი არაა ჩვენთან, როგორც 2003 წელს იყო, ეს მხოლოდ ნაცმოძრაობის და მათთან შეკრული დასავლელი ობსკურანტი პოლიტიკოსების „დამსახურებაა“.

აქცია – ქელეხის პირობაზე – მრავალრიცხვოვანი იყო. და იყო კიდეც ერთიანი ნაცმოძრაობის ქელეხი, მათივე აღიარებით.
რამდენად ახალი ყრმის დაბადების დღედ იქცევა, ამას ვნახავთ… წიწილებს ახლა, გადატანითი და უკვე პირდაპირი მნიშვნელობითაც, ჩვენში შემოდგომაზე ითვლიან :)

აქციამ დაადასტურა, რომ მიხეილ სააკაშვილი აღარ სარგებლობს ნაცმოძრაობის ელიტაში ისეთივე მხარდაჭერით, როგორც თუნდაც 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების წაგების შემდეგ, მაგრამ – საკონსტიტუციო ცვლილებებამდე და ახალაიების გარიყვამდე – სარგებლობდა. თუმცა, „ტიტანიკის“ კაპიტანზე უკეთესი რეიტინგი რომ აქვს, თავისი გემის რამდენიმე ათასი მგზავრის თვალში, ესეც ცხადია… ვნახოთ… ჯერ აისბერგის წვერიც კი არ ჩანს კარგად…

აქცია ჩემთვის იქცა იმ ზღვრად, რომლის შემდეგ ნაცმოძრაობასთან კოჰაბიტაცია მხოლოდ მათ მიერ წარსული შეცდომების და კრიმინალის (!) აღიარების შემთხვევაში და ამ აღიარების პროპორციულად (!) შეიძლება მოხდეს! თუ, რა თქმა უნდა, „ქართულ ოცნებას“ არ სურს, რომ მისი რეიტინგის მრუდიც ისეთივე დაღმავალი გახდეს, როგორც ნაცმოძრაობის რეიტინგია 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ.

UNM office

P.S. (20.04.2013):
სააკაშვილი მიხვდა, რომ რაღაც ახლის დაწყებით მისთვის ადგილი მხოლოდ არქივის სარდაფში თუ დარჩებოდა და ამიტომ კატეგორიულად არ დაეთანხმა, ერთიანი ნაცმოძრაობის ახალი ეროვნული მოძრაობით ჩანაცვლების მცდელობას, რაც მიტინგზე მის გამოჩენამდე ყველა გამომსვლელის სიტყვაში აშკარა იყო. ხოლო ამ უკანმობრუნების გახმაურება ყველაზე მორჩილ პაიკს – დავით ბაქრაძეს დაავალა.
არაა გამორიცხული, რომ ნაცმოძრაობის ლიდერები იმასაც მიხვდნენ, რომ ეროვნული მოძრაობის სახელის მითვისებას, როგორც ადრე საქართველოს დროშა მიითვისეს, ხალხიც არ დაეთანხმებოდა (თუმცა, ის, რომ ახალ სახელზე გადასვლის დეზავუირება ასე სასწრაფოდ – რამდენიმე საათში – მოხდა, იმას მაფიქრებინებს, რომ სწორედ პირველი – მიშას – ფაქტორი იყო ამ შემთხვევაში გადამწყვეტი, და არა – მეორე).
„ეროვნული მოძრაობის იდეა არც “ნაციონალური მოძრაობის” სახელის შეცვლაა და არც 90-იანი წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობასთან დაბრუნება“ – ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ 19 აპრილს, მიტინიგს დასრულებიდან რამდენიმე საათში “იმედის” გადაცემა “ღია ეთერში” განაცხადა …
და ამით ფაქტიურად ის გვითხრა, დაივიწყეთ, რაც რამდენიმე საათის წინ „გებაზრეთ“, ისევ ის „ერთიანი, ურღვევი და ურყევი“ შუბლძარღვგაწყვეტილები ვართ და რა გვჭირს ჩვენ სახელშესაცვლელი, როცა ასეთი საამაყო ისტორია გაგვაჩნიაო.

ხოლო ეს რომ ნამდვილად ასე არ იყო, და ნაცმოძრაობის ლიდერები (ოღონდ არა სააკაშვილი!) სახელის გადარქმევას ძალიანაც რომ ცდილობდნენ, სანამ მიშა ვანოს ქეიფს ჩააშხამებდა, აი, For.ge-ზე გამოქვეყნებული ლალი ზირაქიშვილის სტატიიდანაც ჩანს:
=====
ყველაზე საგულისხმო კი ის არის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და ცნობადი სახეები „ნაციონალურ მოძრაობას“ ემიჯნებიან და ახალ თავისი არსით ყველასათვის წმიდათა-წმიდა, ეროვნულ მოძრაობაში ერთიანდებიან.

„მე აქ ვარ არა იმიტომ, რომ ეს აქცია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არის დაკავშირებული, არამედ იმიტომ, რომ ახალი, რაღაც დიდი უნდა დავიწყოთ! და ეს დიდი არის – ახალი ეროვნული მოძრაობა“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

რამდენად გამოუვიდათ ამ „რაღაც დიდის“ დაწყება, ძნელი სათქმელია, რადგან აქციაზე გამოჩნდა მიშა და ყველაფერი აურ-დაურია.

ვაშაძის ინფორმაციით, დღევანდელ შეკრებას პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არ დაესწრებოდა და აქციაზე „ნაციონალური მოძრაობა“ საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელებც არ იგეგმებოდა. მართალია, კანდიდატი არ დასახელებულა, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი აქციაზე გამოჩნდა და ყველაზე ხმამაღლა ეროვნულობასა და სამშობლოს გულმხურვალე სიყვარულზე სწორედ მან იყვირა.

კულუარული ინფორმაციით, მერაბიშვილი და მისი გუნდი ეროვნული მოძრაობის დაანონსებით ავტომატურად გაემიჯნებოდა ყველას, ვინც აქციაზე არ იქნებოდა. ლოგიკურად ამ გუნდში ადეიშვილ-ახალაიებთან ერთად სააკაშვილიც მოხვდებოდა, მაგრამ მისმა აქციაზე გამოჩენამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა.

როგორც ჩანს გარჩევები, განხილვები და განხეთქილებები ისევ ნაციონალთა კულუარებში გადაინაცვლებს, თუმცა არსებობს მოლოდინი, რომ მალე ბევრი რამ გამოაშკარავდება. ეს რაუნდი აშკარად მიშამ მოიგო და მისი აქციაზე გამოჩენისთანავე მერაბიშვილი აქციას გაეცალა.

http://www.for.ge/view.php?for_id=23017&cat=2


Quo Vadis, Vano? ევროპული ფასეულობები vs. „ევროპული ფასეულობები“


რამდენიმე საათიღა გვაშორებს იმ ზოგთაგან ნანატრ მომენტს, როცა საქართველოს დედაქალაქის მთავარ გამზირზე, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, ევროპაზე გულშევარდნილთა მრავალრიცხვოვანი ბატალიონი შეიკრიბება და ომახიანად განაცხადებს, რომ მათ ევროპის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენიათ!
მართალია, სწორედ მათი წყალობით ეს შენობა უკვე აღარაა პარლამენტის შენობა (იმედია, დროებით) და შეიძლება მაინცდამაინც არც თბილისის დედაქალაქობა ეპიტნავებოდათ (თბილისში მრავალჯერ გაწბილებულებს), ხოლო რუსთაველის გამზირზე, რაც მაგათ ქართველ ხალხზე უძალადიათ, წესით – მიწა უნდა ეხსნებოდეთ ფეხქვეშ, მაგრამ უნდა ამ ხალხს თავისი ევროპული არჩევანი დაადასტუროს, და!.. D:D:D

მათი ოცნება ყოველთვის იყო ევროპაში მოხვედრა!..
მაშინაც, როცა ჯიბეში 40 ლარიც არ უჭყაოდათ, და მერეც, როცა ევროპის საუკეთესო სასტუმროები მოიჯირითეს! მათ ყოველთვის უყვარდათ ეიფელის კოშკის წინ „ჩაკარტიჩკება“ და ბარსელონაში რამბლაზე გულავი, ძალიან მოსწონდათ ამსტერდამის წითელ უბანში თვალისთვის წყლის დალევინება, ვენეციაში რიალტოს ხიდის ქვეშ გონდოლაზე წამოწოლა, და მილანში თუ ლოზანაში საათების შეძენა, არც კოპენჰაგენში „ნიჰავენზე“ ლუდის დაგემოვნებაზე ამბობდნენ უარს და არც მიუნხენში “ოქტობერფესტზე” ხალისს იკლებდნენ, “მულენ რუჟის” დამფასებელი მუშტრებიც იყვნენ და ლისაბონის 5-ვარსკვლავიან სასტუმროში 80 მეძავის დაქირავების და „ცოლებად“ შეყვანის შნოც ჰქონდათ, ბიჭებს… არც გოგოები აკლებდნენო, როგორც გაგვიგია…

მოკლედ, უყვარდა ამ ხალხს „ევროპული ფასეულობები“ და თურმე, ევროპული არჩევანია მათი მიზანი, რომელიც სიცოცხლეზე მეტია…
და ამ სიყვარულს სტრასბურგის და ბრიუსელის ევროპარლამენტების, ადამიანის უფლებათა სასამართლოს, თუ ჟენევის ტბის ფონზე გადაღებული სურათებით ადასტურებდნენ… მათ შეეძლოთ იმ დიდი ევროპელების სახელებით კარგად ოპერირება, რომლებთანაც თანაზიარობას მუდამ გვიმტკიცებდნენ – ადენაუერი იქნებოდა ეს, დე გოლი, შუმანი, თუ დე გასპერი… (ხოლო ვინაც ეს სახელები არ იცოდა, არ იმჩნევდნენ)…

როდესაც მოვიდნენ, ხალხს დაჰპირდნენ – ჩვენ თქვენ ევროპაში მიგიყვანთო!!!

დაჰპირდნენ ღიმილით… ისეთი გულწრფელი ფიცით, რომ უხერხულიც კი იყო ამაში ეჭვის შეტანა… მით უფრო, რომ ცოლიც ევროპელი ჰყავდა მთავარ დამპირებელს, განათლებაც იქ ჰქონდა მიღებული და ევროპაში ლამის ენა არ იყო დარჩენილი, რომელზეც არ სხლავდა!..

და დღეს მათ გულზე ხელის დადებით (რაც არასდროს არ უჭირდათ!) შეუძლიათ განაცხადონ, რომ თავიანი დანაპირები შეასრულეს!

მათ მიიყვანეს ქართველი ხალხი ევროპაში!
ნუ გიკვირთ! ეს რეალობაა!

ჯერ ერთი, მათ მართლაც მიიყვანეს, უფრო სწორად – ჩაიყვანეს, სულ ცოტა, ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი ევროპაში. არაოფიციალური მონაცემებით, დაახლოებით 200,000 ქართველია დღეს საბერძნეთში, საშუალოდ 50-50 ათასი – გერმანიაში, იტალიაში, ესპანეთში და პოლონეთში, ამაზე ბევრად ნაკლები არაა საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში, პორტუგალიაში, ჩეხეთში… ეს ხალხი მუშაობს იქ – კი არ ისვენებს ზოგიერთებივით… მუშაობენ თავგადაკლული და ისე ეზიარნენ ევროპულ ფასეულობებს, რომ მეტი არ შეიძლება… ზოგიერთ მათგანს რამდენიმე წელია საკუთარი ოჯახი არ უნახავს და სხვის ოჯახების წევრებზე ზრუნავს, ევროპაში გადახვეწილი…

მაგრამ ისინიც კი, ვინც საქართველოში ვართ დარჩენილი, ჩვენმა ევროპისკენმისწრაფებულმა ნაცმოძებმა, ადგილზევე გვაზიარეს „ევროპულ ფასეულობებს“… ოღონდ იმას – არა, რასაც ლოზუნგებით გვპირდებოდნენ… და არც იმას, რაც საკუთარი თავისთვის, ცოლ-შვილებისა და საყვარლებისთვის ემეტებოდათ მხოლოდ…

რასაც განუხრელად გვაზიარეს, ეს ის „ევროპული ფასეულობები“ იყო, რომელზეც ევროპამ დიდი ხანია უარი თქვა…

ეს იყო პოლიტიკური მოწინააღმდეგეების ამოძირკვის ისეთი მეთოდები, რომლებსაც ფაშისტურ გერმანიაში იყენებდნენ… ეს იყო ისეთი წესრიგი და კრიმინალის შემცირება ნულოვანი ტოლერანტობის იმ მეთოდებით, რომლის აპოლოგეტები მუსოლინი და ჰიმლერი იყვნენ… ეს იყო ისეთივე პარტიული შეკრებები და ხალხის მობილიზება რაიონებიდან, როგორც ერიხ ჰონეკერს და და ენიკოლაე ჩაუშესკუს უყვარდათ… ეს იყო ისეთივე საშიში ფარსი ქვეყნისათვის ქონების ჩუქებისა, როგორც ნაცისტურ გერმანიაში და ენვერ ხოჯას ალბანეთში თუ ნახავდით… ეს იყო ისეთივე ვიწრო წრისათვის აშენებული სამოთხე, როგორც ბროს ტიტომ შექმნა იუგოსლავიაში…

ზოგიერთ რამეში კი უფრო „წინ“ (უკან!) წავედით კიდეც… ისეთი ხელმისაწვდომი განათლება და ჯანდაცვა, რაც ნაცმოძრაობამ მოგვიტანა, ნამდვილად იყო ინგლისში ან ჰოლანდიაში – ოღონდ, მე-19 საუკუნის შუახანებში! ხოლო ისეთი სამართალი, როცა ბრალდებულის გამართლება 1000-დან 1-2 შემთხვევაში თუ ხდებოდა – ფრანკოს ესპანეთს და სალაზარის პორტუგალიასაც შეშურდებოდა! მათ აღადგინეს ლუი-მე-14-ის დროინდელი “ირმების ბაღის” და სტუმარი გოგონებისათვის ძვირფასი საჩუქრების ჩუქების გულუხვი ტრადიცია… მაკიაველიც კი განცვიფრებული დარჩებოდა ლიდერობის და მართვის მის მიერ აღწერილი მეთოდების კვინტესენციური განვითარებით, რაც მიხეილ სააკაშვილმა და მისმა ლიდერშიფმა მოახერხეს (ფსევდოპოზიციური პარტიების რუდუნებით მოშენებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ!)… იოზეფ გებელსს აღტაცებაში მოიყვანდა „რუსთავი2“-ის რეპორტაჟები თუ ციტირების/თარგმნის „ტექნოლოგია“, ტაბულას „მოქნილობა“ და „იმედის“ „მოდელირებული ქრონიკის“ მასშტაბები!.. გლდანის ციხის კადრები რომ ენახათ, და ცოცხის გამოყენების ნაცმოძურ მეთოდებს გაცნობოდნენ, ბორჯიების ოჯახი და ტორკვემადას საძმო, დარწმუნებული ვარ, რიგით მსმენელებად ჩაწერასაც არ იუკადრისებდნენ ციხის ჯალათების კურსებზე… ნაცმოძრაობის ბოსების მიერ პრაქტიკაში დანერგილი „(ა)მორალურ კოდექსით“ ბალთაზარ კოსაც მოიხიბლებოდა, უეჭველად… სპექტაკლებს ნერონზე უფრო დიდი გაქანებით დგამდა, ხოლო საკუთარი თავის ფუფუნებაში ჩაფლობის, დასვენების, ამოყორვის, გახდომის, თუ მასაჟირებისთვის დახარჯული ხარჯებით მიხეილ სააკაშვილმა და მისმა პოლიტელიტ-ამფსონებმა კარგა ხანია კალიგულას და დომიციანეს გადაჭარბეს…

აი, რომელ “ევროპელებზე ჰქონდათ სწორება 19 აპრილის ევრომოყვარულებს… აი, ის „ევროპული ფასეულობები“, რომლისკენაც მიგვაქანებდნენ ევროპაზე მეოცნებე ჩვენი ექს-ლიდერები…
როგორც იმ ცნობილ ანეგდოტშია ჯოჯოხეთის შესახებ – ის, პირველად დაპირებული (ჟენევის დეკლარაცია, ადამიანის უფლებების დაცვის საყოველთაო პრიმატი, კერძო საკუთრების ხელშუხებლობა, განათლება და ჯანმრთელობა, როგორც ადამიანის უფლებები, ადენაუერი, შუმანი, დე გასპარი… დემოკრატია, გამჭვირვალობა, სამართლის უზენაესობა…) – მხოლოდ რეკლამა იყო, ხოლო ნაცმოძრაობის მიერ შექმნილი რეალობა, – სწორედ ის აღმოჩნდა, რაც ევროპამ დიდი ხანია მოიცილა, როგორც საზარელი კოშმარი და გაემიჯნა, როგორც აბსოლუტურად მიუღებელს.

ასე რომ, როდესაც ფლიდების და მომხვეჭელების, სხვათა კორუფციასთან მებრძოლი კორუმპირებულების, ადამიანთა დამცირების და უფლების შელახვის მაგისტრების, და მათი მოუღალავი ადეპტების, აღლუმი დაიწყება, კარგად უნდა ვკითხოთ მათ, კერძოდ რომელი ევროპისკენ უნდოდათ ჩვენი წაყვანა! კერძოდ რა მიაჩნიათ მათ “ევროპულ ფასეულობებად”!
——
P.S. თუმცა, ხომ ვიცით, რომ ისეთივე უტიფარ პასუხს გამოაცხობენ იმწამსვე, როგორც მთელი ათი წელი აცხობდნენ – ჩვენი მარშალ ბეტანკურები და დუილიოები…

BOSCH FARDEN OF HELL


ბეჭდის მანკიერი ხიბლი (ბლოგის ბოლო სტატიების ანალიზი)


One-ring

რამდენიმე დღის წინ, ბევრისათვის სავსებით მოულოდნელად, ჯერ პრეზიდენტმა, ხოლო შემდეგ პრემიერ-მინისტრმა დაადასტურეს, რომ საპარლამენტო უმრავლესობას და უმცირესობას შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები იმის თაობაზე, რომ 2013 წლის ოქტომბრისათვის დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტი გაცილებით ადრე ამოქმედდეს.

რაც ნიშნავს იმას, რომ სწორედ პრემიერ-მინისტრი და არა ქვეყნის პრეზიდენტი ხდება საქართველოს პირველი პირი, ხოლო პრეზიდენტი დაკარგავს  როგორც მინისტრთა კაბინეტის გადაყენება-დანიშვნის, ასევე პარლამენტის ერთპიროვნულად დათხოვნის უფლებასაც.

ამდენად, იმ ფონზე, როცა დეკემბერში ნაციონალურმა მოძრაობამ და პრეზიდენტმა უარი განაცხადეს საკონსტიტუციო ცვლილებების ადრე ამოქმედებაზე, ახლა ლამის თავად ნაცმოძრაობა გამოდის ასეთი ცვლილების ინიციატორად.

გასაგებია, რომ რაღაც სერიოზულად შეიცვალა არსებულ რეალობაში და შედეგად – ნაცმოძრაობის განწყობებში. ანდა, არაა გამორიცხული, რომ ნაცმოძრაობამ რაღაც ახალი ინტრიგა ჩაიფიქრა და ამ ცვლილებებით ახლა საკმაოდ სერიოზული დივიდენდების მიღების იმედი აქვს. ყველაზე უფრო რეალურია, რომ ერთიც და მეორე მოსაზრებაც სიმართლე იყოს.

თუ კადნიერებაში არ ჩამომართმევთ, მინდა ჩემი ბოლოდროინდელი ბლოგების ანალიზი შემოგთავაზოთ, რას ვფიქრობდი და რა დაემთხვა რეალურ განვითარებას.

2012 წლის 11 დეკემბერს გამოვაქვეყნე სტატია სათაურით „ალტერნატიული სტრატეგიები“.

http://solomonternaleli.wordpress.com/2012/12/11/ალტერნატიული-სტრატეგიებ/

სტატიის ძირითადი აზრი ის იყო, რომ მიხეილ სააკაშვილს, მიუხედავად მისი „ოპოზიციონერობისა“ ხელთ ეპყრა ძალიან სერიოზული და სახიფათო ბერკეტი, რომელსაც მე ნახევრადხუმრობით  „მასიური განადგურების იარაღი“ ვუწოდე. ეს იყო ის უფლება, რომ მას შეეძლო ნებისმიერ მომენტში გადაეყენებინა მთელი მთავრობა პრემიერ-მინისტრის ჩათვლით, ხოლო 2013 წლის აპრილ-მაისში დაეთხოვა პარლამენტიც, თუ იგი სააკაშვილის მიერ შემოთავაზებულ მთავრობის ახალ შემადგენლობაზე  სამჯერ უარს განაცხადებდა. ამ პირობებში მიხეილ სააკაშვილს შეეძლო (თანახმად 2004 წელს მიღებული გაუგონრად უზურპატორული-დიქტატორული საკონსტიტუციო შესწორებისა) მის მიერ ერთპიროვნულად დანიშნული მთავრობის პირობებში ჩაეტარებინა ახალი საპარლამენტო არჩევნები და (აქამდე ყველაზე უფრო მასიური გაყალბების შემთხვევაში!) აეღორძინებინა 2012 წლის 1 ოქტომბრამდე არსებული მდგომარეობა. ჩავთვალე, რომ  იმის მიხედვით, იტყოდა თუ არა ამ “მასობრივი განადგურების იარაღზე” უარს სააკაშვილი და ნაცმოძრაობა, ქვეყანაში განვითარება ხისტი ან რბილი სტრატეგიის გზით წავიდოდა.

აი, მოკლე ამონარიდები ამ სტატიიდან:

============================

კომპიუტერულ თამაშთა შორის ერთ-ერთი დიდი ადგილი უკავიათ ე.წ. ”სტრატეგიებს”. დღევანდელი ქართული პოლიტიკა სწორედაც რომ სტრატეგიების ომია, და, სავარაუდოდ, უახლოეს წელიწადში ორი ძირითადი ალტერნატიული სტრატეგიული განვითარებაა მოსალოდნელი.

ეს ალტერნატივებია:

) ხისტი სტრატეგია, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ – ”მოგებულს ყველაფერი რჩება”.

და

) რბილი სტრატეგია, რომელიც შეიძლება შეფასდეს, როგორც – ”თანაარსებობა განიარაღების ფასად”.

ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ იმის არჩევანი, რომელი გზით წავა განვითარება, არა – ”ქართულ ოცნებას”, არამედ, ოპოზიციაში მყოფ “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” ეკუთვნის. ეს პარადოქსი კი მარტივად აიხსნება. სწორედ ნაციონალურ მოძრაობას უპყრია ხელთ გარკვეულწილად ”მასობრივი განადგურების იარაღი” და სწორედ იმაზე, მოისურვებს თუ არა მისი ლიდერი, რომ განიარაღების პროცესი დაიწყოს, დამოკიდებულია მნიშვნელოვანწილად, საქართველოს პოლიტიკური განვითარება 2013 წელს ხისტი გზით წავა, თუ – კომპრომისული ვარიანტით.

ხისტი სტრატეგია

რამდენადაც მთელი ამ სტრატეგიის მთავარი ელემენტი სწორედ რომ სააკაშვილის ხელში აპრილისათვის გადანახული ის ჯადოსნური ჯოხია, ამიტომ მთავრობის ძირითად სტრატეგია სწორედ ამ მასობრივი განადგურების იარაღის ნეიტრალიზაცია უნდა იყოს! თუ სააკაშვილი ამ იარაღისაგან განიარეაღდება, ნაცმოძრაობის ხისტი, აგრესიული სტრატეგიის სხვა ელემენტებიც ლამის თავისთავად ნეიტრალიზდება.

სააკაშვილის განიარაღების ორი შესაძლო მეთოდი ან მის იმპიჩმენტს, ან საკონსტიტუციო ცვლილებების უფრო ადრე – აპრილამდე განხორციელებას გულისხმობს. იმპიჩმენტი უფრო სწორხაზოვანი ტაქტიკაა და უცხოეთში მეტ გაღიზიანებას გამოიწვევს, ხოლო თუ საქმე ოქტომბერში ისედაც განსახორციელებელი საკონსტიტუციო ცვლილებების უფრო ადრე გადმოტანას შეეხება, ეს ალბათ უფრო დახვეწილი ტაქტიკა იქნება და ივანიშვილმა ახლახანს აშკარად მიანიშნა, რომ ეს ვარიანტი უფრო მისაღებად ეჩვენება.

… ჯერ ერთი, გამონაკლისის წესით, შეიძლება შეცვლილი უფლებამოსილების პრეზიდენტის არჩევნები პირველად ოქტომბრამდეც ჩატარდეს (მაგალითად 2013 წ. მარტში), ხოლო უფლებამოსილების პერიოდი 5 წელზე ნაკლები აღმოჩნდეს – 2017 წლის ოქტომბრამდე. შემდეგში კი ეს ყველაფერი რეგულარულ 5-წლიან პერიოდად ჩამოყალიბდება.

მეორე გამოსავალი კი ის იქნება, რომ პარლამენტმა საკონსტიტუციო ჩასწორებასთან ერთად ის შესწორებაც მიიღოს, რომ მოქმედ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს თავისი უკვე შემცირებული უფლებამოსილება 2013 წლის ოქტომბრამდე გაუხანგრძლივდეს… ჯადოსნური ჯოხის გარეშე ხომ იგი უკვე თავის საფრთხეს დაკარგავს… დასავლეთს ალბათ ძალიან ეამება ეს უკიდურესად კოჰაბიტაციური ვარიანტი (გულახდილად ვიტყვი, მე ეს სულაც არ მომწონს, თუმცა ყველაზე კომპრომისული ალბათ სწორედ ეს იქნება).

რბილი სტრატეგია

… უცნაურია, მაგრამ რბილი სტრატეგია ლამის იგივე ჯაჭვს გულისხმობს, რასაც ხისტი, ოღონდ – მოქმედი პირების გაცვლით.

რბილი სტრატეგიის ამოსავალი პუნქტი ის იქნება, რომ ნაცმოძრაობა უნდა განაირაღდეს! მიხეილ სააკაშვილმა თავად უნდა განაცხადოს უარი მის მიერ სათუთად გადანახულ ჯადოსნურ იარაღზე და თავად მოითხოვოს პარლამენტის მიერ ახალი საკონსტიტუტციო ცვლილებების დროზე ადრე ამოქმედება! ამ შემთხვევაში “ქართულ ოცნებას” აღარ ექნება იმ რეალური საფრთხის განცდა, რაც დღეს არის და, სავარაუდოდ, მისი მოქმედებაც გაცილებით ნაკლებ ხისტი გახდება:

- თუ პრეზიდენტს აღარ ექნება აპრილში მთავრობის და პარლამენტის დათხოვნის შესაძლებლობა, მაშინ აზრს კარგავს პრეზიდენტის ნაადრევი იმპიჩმენტიც და თვითმმართველობების გადმობარებაც. მართალია, ეს უკანასკნელი პროცესი, ალბათ, მაინც გაგრძელდება (ადგილზე იქაური მოსახლეობის მხრიდან თვითთმართველობის კადრების ცვლის სურვილის გამო), მაგრამ ცენტრალურ ხელისუფლებას უკეთ შეეძლება გაემიჯნოს ამ პროცესებს და თუ ძალდატანება აშკარად არღვევს ორგანოთა საქმიანობას, პოლიციაც ალბათ მოახარხებს ამ პროცესებს საზღვარი დაუწესოს და კანონის ჩარჩოში მოაქციოს.

===================================

8 თებერვალი – ხისტი სტრატეგიის კულმინაცია?

როგორც ახლა შეიძლება უკვე გარკვევით ითქვას, სააკაშვილმა მაშინ – 2012 წლის დეკემბერში ხისტ სტრატეგიაზე წასვლა გადაწყვიტა. მას ჰქონდა იმის იმედი, რომ სხვადასხვა სტრუქტურების – სასამართლოები, ადგილობრივი თვითმმართველობები,  ეროვნული ბანკი, სახ. აუდიტის სამსახური (ყოფილი კონტროლის პალატა), და გარკვეულწილად – პოლიციაშიც (იქ ჯერ კიდევ შემორჩენილი საშუალო რგოლის) ლოიალური პირების დახმარებით საბოტაჟის აქტების განხორციელებით, უცხოეთში საელჩოების და პიარ-კომპანიების დახმარებით, ხალხში ახალი მთავრობის დაპირებების ნელი ტემპით გამოწვეული იმედგაცრუების ფონზე მოახერხებდა ქვეყნის შიგნით და განსაკუთრებით – ქვეყნის გარეთ სერიოზული კამპანიის აგორებას დევიზით – „საქართველოს ახალი მთავრობა ქვეყანას ღუპავს!“, რაც სასურველი საფუძველი უნდა გამხდარიყო მარტში მთავრობის გადაყენების, ხოლო აპრილში – პარლამენტის დათხოვის გზაზე.

მაგრამ მიშას არ გაუმართლა.

პირველ რიგში, თვითმმართველობების ნაცმოძურმა “მონოლითმა” მარტის თოვლივით სწრაფად დაიწყო  დნობა – ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან საკმაოდ სერიოზული წნეხის პირობებში ხან აქ, ხან – იქ ხდებოდა საკრებულეობის შემადგენლობის ცვლილება, გამგებლების და სოფლის რწმუნებულების გადაყენება ან გადადგომის განცხადებების დაწერა. დაეცა სააკაშვილის სერიოზული ბასტიონი – ბათუმის საკრებულო, დღე-დღეზე მოსალოდნელია ქუთაისის მერის გადაყენებაც, ხოლო შორს ალბათ ის დღეც არაა, როცა თბილისის საკრებულოც ნაცმოძრაობის მიერ დაკარგული იქნება, რაც გიგი უგულავასთვის ხელ-ფეხის სერიოზულად შეკვრის ტოლფასი იქნება. ამის პარალელურად, მართალია, სასამართლოები „პირნათლად“ ასრულებდნენ კუბლაშვილის დირექტივას და ნაცმოძრაობის ყოფილ თუ ახლანდელ ლიდერებს გირაოთი ანთავისუფლებდნენ, მაგრამ ნაცმოძრაობის მხარდამჭერთა სიმაგრეს სერიოზული ეჭვი შეუყენა პლიტპატიმრების ამნისტიაზე საპრეზიდენტო ვეტოს ერთი ხელის მოსმით პირველივე ცდაზე დაძლევამ! კენჭისყრის შედეგებმა აშკარა გახადა, რომ ნაცმოძრაობამ ამ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე საკუთარი ერთ დროს 64 კაციანი ფრაქციიდან მხოლოდ 24-ს მობილიზებაღა შეძლო, რომ მათ ხმა დადგენილების წინააღმდეგ მიეცათ!.. მართალია, ყველაზე სერიოზული წარმატება ნაცმოძრაობას საზღვარგარეთიდან თითქოსდა და მნიშვნელოვან მხარდაჭერაში და ივანიშვილისადმი კოჰაბიტაციის მოწოდებებში მდგომარეობდა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მარტიდან საქართველოს საელჩოებში პრომიშისტური დიპკორპუსის ჩამოშლა დაიწყება და უცხოური მთავრობები და მედია სულ სხვა ტიპის ინფორმაციებს და მესიჯებს მიიღებს საქართველოში მიმდინარე პროცესებზე. ხოლო თუ იმას დავაკვირდებით, რომ ოქტომბერ-ნოემბრის შემდეგ კოჰაბიტაციისაკენ მომწოდებელ უცხოელ პოლიტიკოსთა კალიბრი შემცირდა და ვილფრედ მარტენსის, კარლ ბილდტის და ნაცმოძრაობის ევროპული პარტნიორების – ევროპის სახალხო პარტიის ზოგიერთ სხვა აქტივისტებზე დავიდა, გასაგებია, რომ ეს წნეხიც სწრაფად იწყებდა დნობას.

სავარაუდოდ, ამ ფონზე, 2013 წლის თებერვლის დასაწყისში შეიქმნა სიტუაცია, როცა “ქართული ოცნება” ძალიან მიუახლოვდა საკონსტიტუციო ცვლილებებისათვის საჭირო 100 ხმის მოგროვების შანსს. თუ ოცნების 83 ხმას ნაცმოძრაობიდან წამოსული 11 „მაჟორიტარის“ ხმებს დავამატებთ, ეს უკვე 94 ხმაა. ხოლო თუ იმასაც გავიხსენებთ, რომ გარდა ამ 11 უკვე დემონსტრირებული გადმოსულისა, ნაცმოძრაობის რიგებში კიდევ 29 დეპუტატია, რომელთაც არ მოისურვეს საპრეზიდენტო ვეტოს დაძლევის წინააღმდეგ ხმის მიცემა, გამოდის, რომ „მერყევთა“  ასეთ დიდი ჯგუფში 6-7 ადამიანის პოზიციის შეცვლა საკმაოდ დიდი ალბათობით შესაძლებელი იქნებოდა. განსაკუთრებით, როცა “ქართულმა ოცნებამ”  მოითხოვა, რომ თითოეულ დეპუტატს სახალხოდ განეცხადებინა, ემხრობოდა თუ არა 2004 წელს სააკაშვილის მიერ მიტაცებული და უზურპირებული უფლების – მთავრობის ერთპიროვნულად დათხოვა-დანიშვნის უფლების – შენარჩუნებას.

ამ მომენტში თბილისში ვენეციის კომისიის ხელ-ლის ჯანი ბუკიკიოს ვიზიტმა, მოლოდინის საპირისპიროდ, ნაცმოძრაობის იმედებს ჯვარი დაუსვა. ბუკიკიომ უკვე თბილისშივე, ხოლო შემდეგ – გამოგზავნილ ოფიციალურ წერილშიც – დაადასტურა, რომ ვენეციის კომისია 2004 წელსაც წინააღმდეგი იყო საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ასე სახიფათოდ გაზრდისა, და დღესაც მიაჩნია, რომ ამ უფლებების თუნდაც საკონსტიტუციო ცვლილების სახით შეკვეცა ლეგიტიმური იქნებოდა… ამ ფონზე უმცირესობის დეპუტატებზე დამიზნებული კამერების წინ მათ მიერ იმის დაფიქსირება  ისინი მაინც მხარს უჭერენ პრეზიდენტის აღნიშნული დიქტატორული უფლების შენარჩუნებას, კიდევ უფრო საეჭვო გახდა.  ვფიქრობ, რომ სწორედ ვენეციის კომისიის ამ წერილის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობამ მოახერხა 100 ხმის მოგროვება.

მაგრამ 100 ხმა მაინც არასაიმედო ციფრია. ვინმე შეიძლება ვერ ჩავიდეს ქუთაისში, ვინმე შეიძლება, მართლაც ავად გახდეს, სხვამ – ავადმყოფობა მოიმიზეზოს, ზოგს შეიძლება, რაიმე ძველი კომპრომატი ამოუწიონ ძველმა ბოსებმა… ამიტომ 2013 წლის 8 თებერვლამდე არც “ქართული ოცნება” არ ჩქარობდა კენჭისყრის ჩატარებას და არც ნაცმოძრაობა იტეხდა იხტიბარს.

8 თებერვალი, ბევრი ასპექტით, რუბიკონი აღმოჩნდა.

თავდაპირველად, ვიფიქრე, რომ სააკაშვილმა „მელკი ჟულნიკობა“ ჩაიფიქრა, თუ პარლამენტში არ მიშვებთ, აგერ პარლამენტის კუთვნილ ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამოვალ და თქვენ თუ არ მომისმენთ, აი, ჩემი დარდი, მე ჩემი “საპარლამენტო ვალი” მოხდილი მექნება და მეორედ თქვენთან მოსვლას აღარ ვაპირებო! – მეგონა, სწორედ ეს იყო ჯონდი ბაღათურიასგან სასირცხვილოდ გაბუნძულებული მიხეილ სააკაშვილის მთავარი ჩანაფიქრი, რომელსაც წელს გაცილებით უარესი განქიქება ელოდა, მაგრამ, მგონი, შევცდი…

სავარაუდოდ, სააკაშვილმა 8 თებერვალს დილიდანვე გადაწყვიტა, რომ ბიბლიოთეკაში არ მისულიყო! მან გაცილებით უფრო მსხვილმასშტაბიანი პროვოკაცია ჩაიფიქრა, რომლის განხორციელებაში არა მარტო ქალაქის მერს, არამედ, ვეჭვობ, პოლიტპატიმრებს მიტმასნილ სპეცპროვოკატორებსაც უნდა ეთამაშათ. ამიტომ ძალიან მაინტერესებს იმ საქმეების ობიექტურად გამოძიება, თუ ვინ მონაწილეობდა 8 თებერვალს ბიბლიოთეკასთან მომხდარ შეხლა-შემოხლაში და რეალურად საიდან და რა მიზნებით მოხვდა ეს ხალხი იქ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პოლიტპატიმრებისა და პოლიტდევნილების მხრიდან  ამდენწლიანი დამცირების და ტანჯვის საპასუხოდ გაჩენილი აღშფოთება და აგრესიაც კი ჩემთვის და ყველასთვის გასაგებია, მაგრამ თუ იქ ვინმე ისეთი ხალხის მონაწილეობა გამოიკვეთება, რომლებიც შეიძლება წინა წლებში ძალოვან უწყებებთან თანამშრომლობაში არიან შემჩნეული, არაა გამორიცხული, რომ საბიბლიოთეკო სისხლდენები ამ ინდვიდუალურ შეჯახებებში მონაწილე პირების საკმაოდ კარგად რეპეტირებული სპექტაკლები აღმოჩნდეს. ერთი მთავარი მიზნით, – მიხეილ სააკაშვილისათვის ქვეყანაში საგანგებო სიტუაციის გამოცხადების და მთავრობის გადაყენებისთვის სათანადო ფონის შესაქმნელად.

მაგრამ 8 თებერვალს ცნობილი სიმღერის რეფრენი – „დარია თუ ავდარია – მიშა მაგარია!“  ვერ გამართლდა! მეტიც, იგი შეცვალა გრუშე ვაჩნაძის ჩემი თაობისათვის არანაკლებ ცნობილმა რეპლიკამ – „ისევ ჩაიფსი, მიხეილ?“

იმ დროს, როცა „საშინელი ძალადობის“ დაფიქსირების, ერთი კამერიდან მეორემდე ამაყად (ცხვირსახოცზე უარისმთქმელი) მოარული ჩიორა თაქთაქიშვილის სისხლმდენი ცხვირის, გიგა ნასარიძის და სერგო რატიანისთვის ჩაზილვის კადრები ვრცელდებოდა, როცა ელჩები და მთელი ნაცმოძური მედია და ექსპერტები პრეზიდენტის რეზიდენციაში გადანაცვლდნენ და ელოდნენ, როდის გამოაცხადებდა ქართული დემოკრატიის და რეფორმების ბელადი, რომ  მოვიდა დრო მისი შენობის პორტალზე ამოკვეთილი „ბოროტის ძლევის“ კიდევ ერთი დადასტურება ეხილათ, როცა გავრცელდა ძალიან შემაშფოთებელი ინფორმაცია, რომ საპრეზიდენტო რეტრანსლატორებს „გამხეცებულმა ბრბომ“ ალყა შემოარტყა და არ უშვებდა რეზიდენციისაკენ (რაც ქვეყნის მთავარი პირისთვის სკოჩით პირის აკვრის ექვივალენტად უნდა განხილულიყო), მოკლედ, როცა ყველა ელოდა, რომ მიხეილ სააკაშვილი 10-15 წუთიანი მრისხანე სიტყვის ფინალში წაიკითხავდა ბრძანებას, რომლის ძალითაც იგი ქვეყნის მთელ მთავრობას და პირველ რიგში, შსს მინისტრ ღარიბაშვილს გადააყენებდა, მიხეილ სააკაშვილმა ჩაატარა 2-საათიანი ლექცია თემაზე – „რა კარგები ვართ ჩვენ და რა ცუდები არიან ჩვენი ოპონენტები“, რომელსაც მოჰყვა 2-საათიანივე მონოლოგი მედიასთან (ძირითადად – პრომიშისტურ ურნალისტებთან) თემაზე – “არა, მაინც რა დალოცვილები ვართ ჩვენ და რა საშინლები – ჩვენი ოპონენტები!“… ეს ყველაფერი კი იმით დამთავრდა, რომ აშშ ელჩი გარეთ გამოვიდა და რეზიდენციასთან შეკრებილ რამდენიმე ათეულ პირს (რომლებიც მე, ნებით თუ უნებლიედ, ნაცმოძრაობის წისქვილზე წყლის დამსახმელები მგონია) თხოვა – დაიშალეთ, თორემ რეზიდენციაში მყოფი ხალხი თქვენი შიშით გარეთ ვერ გამოდის და სანამ ხალხი არ იშლება, ეს ოჯახქორი არ ამთავრებს თავის ბჟუტურსო!..

არ ვიცი, რატომ ვერ გაბედა მიხეილ სააკაშვილმა თავისივე მოგონილი სცენარის ასრულება და ბოლო აკორდის აღება. ვინ აიძულა, რომ შეეცვალა კონსტიტუციური გადატრიალების მისთვის ასე ნანატრი სიუჟეტი – ისევ ამერიკის ელჩმა? თუ თავისივე მომხრეების ჯგუფმა, რომელმაც დროზე გათვალეს, რომ ხანმოკლე წარმატებას კოლოსალური და საზარელი ფინალი შეიძლებოდა მოჰყოლოდა? (არ გამოვრიცხავ, რომ სწორედაც აზდაკის სტილში – „სად არის გუბერნატორი? აი, აგერ ჰკიდია გუბერნატორი… – სად არის მოსამართლე? აი, ეგერ ქანაობს მოსამართლეც…“), მთავარი კი ისაა, რომ, ვფიქრობ, სწორედ 8 თებერვლის ღამეს პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების მომხრეთა რიცხვი მნიშვნელოვნად ასცდა მაგიურ ციფრ 100-ს… ეს ხალხი – ნაცმოძრაობის დეპუტატები ხომ ყოველთვის საკმაოდ მარტივი პროგრამით იმართებოდნენ – ისინი შიშზე და მუქარაზე რეაგირებენ და თუ შეხედეს, რომ შიშის და მუქარის ადრინდელი გენერატორი მოშლილია, მაშინ უბრალოდ, სხვა მხარეს იწყებენ გადახრას, რადგან ხვდებიან, რომ ახალი ბუდე უნდა ეძებონ, მოულოდნელად დაობლებულებმა თუ განთავისუფლებულებმა (ვის – როგორ…) .

რბილი ვარიანტის დასაწყისი?

ასე რომ, ჩემი ვარაუდი, რომ თუ მიშა ხისტი ვარიანტის განხორციელების იმედს დაკარგავდა, მერე თავად გადავიდოდა რბილი ვარიანტის შეთავაზებაზე, სწორედ 8 თებერვალს ასრულდა, ან – იმ საღამოსვე, ან – უფრო სავარაუდოდ, ალბათ, 11 თებერვალს, დავით უსუფაშვილთან შეხვედრის შემდეგ, როცა, შეიძლება, საკუთარი საპარლამენტო ბანაკიდან გადამრბენელთა შესახებ ახალი ინფორმაციის გაჟღერებით შთაბეჭდილების ქვეშ მყოფმა სააკაშვილმა, მართალია, თავისი მორიელობაც კიდევ ერთხელ გამოამჟღავნა, მაგრამ თან ერთდროულად იმდენჯერ მოუხადა ბოდიში პარლამენტის თავმჯდომარეს, რაც მთელი თავისი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში არ უქნია.

და მაინც, ნაცმოძრაობა რისი ნაცმოძრაობაა, თუ თუნდაც გაუარესებულ პოზიციაშიც კი თავისი ინტერესების დაცვას არ შეეცადა… არაა გამორიცხული, რომ ამ ახალ შეთავაზებაში, ისევე,  როგორც სააკაშვილის ყველა სხვა „დათმობაში“, სერიოზული წყალქვეშა ქვები იყოს დამალული.

შევეცადოთ, ამ მოსალოდნელი საფრთხეების გამოთვლას. თუმცა დავით ბაქრაძის და დარჩიაშვილის განცხადების შემდეგ, გამოსათვლელიც ბევრი არაფერია.

“… ჩვენ საუბარი გვაქვს კონსტიტუციის დიდი ნაწილის დღესვე ამოქმედებაზე და არა მთლიანად. სწორედ ამაზეა საუბარი – რა ნაწილი ამოქმედდება დღეს და რა ნაწილი ოქტომბერში. ჩვენი პოზიციაა, რომ ყველა იმ თემასთან მიმართებაში რაც აწუხებს მთავრობას, კერძოდ, ეს არის ურთიერთობა პრეზიდენტს და მთავრობას შორის, მთავრობას და პარლამენტს შორის, პრეზიდენტს და პარლამენტს შორის, ყველა ამ ნაწილთან მიმართებაში, მზად ვართ ვიყოთ კონსტრუქციულები და ეს ნაწილი პრაქტიკულად მთლიანად ავამოქმედოთ დღესვე. რაც შეეხება სხვა უფლებამოსილებებს, აქ მიდის მოლაპარაკება. გარკვეულ თემებთან დაკავშირებით ჩვენ მიგვაჩნია, რომ სიჩქარე არ ღირს და შესაძლებელია, მათი ამოქმედება და ძალაში მოხდეს ოქტომბრიდან, როგორც იგეგმებოდა”, - განაცხადა ბაქრაძემ.
მისივე თქმით, ამ საკითხთან მიმართებაში შეთანხმება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს და გახსნის გზას სხვა საკითხების დასარეგულირებლად, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის და საზოგადოების დასამშვიდებლად.
“მათ შორის, ამ დაპატიმრებების და დაკავებების ტალღის შესაჩერებლად და მთლიანობაში საზოგადოების სტაბილურობის და სიმშვიდის ახალ ეტაპზე გადასასვლელად. ვფიქრობთ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვისა და ჩვენი ხალხისთვისაც და ამ შემთხვევაში, ჩვენი ამოსავალი წერტილი იყო – რა არის მნიშვნელოვანი ხალხისთვის და ქვეყნისთვის და არა ის, თუ რა უფლებამოსილებებით იქნება აღჭურვილი პრეზიდენტი, პრემიერი ან ნებისმიერი სხვა თანამდებობის პირი. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს იყო ძალიან პოზიტიური და ქვეყნის ინტერესებისკენ მიმართული წინადადება. მე შემიძლია დავადასტურო, რომ უმრავლესობის მხრიდანაც ამ წინადადებას გარკვეული პოზიტიური რეაგირება მოჰყვა და ჩვენ ახლა ვმუშაობთ კონკრეტულ საკითხებზე, კონკრეტულ მუხლებზე, თუ რა ნაწილი შეიძლება ამოქმედდეს დღესვე”, – განაცხადა ბაქრაძემ.

”…სანაცვლოდ ვითხოვთ, რომ კონსტიტუციაში ჩაიწეროს ჩვენი დასავლური კურსის შეუცვლელობა და ასევე მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ – რაც ისედაც წერია იმ საკონსტიტუციო ცვლილებებში, რომლებიც ახლა გვინდა, რომ ამოქმედდეს – საკონსტიტუციო კვორუმი, ნაცვლად 2/3-ისა, გახდეს 3/4. ეს გამორიცხავს როგორც ადამიანებზე ნადირობას, რომ გადაიბირონ ჩვენი დეპუტატები, ისე გამორიცხავს იმას, რომ კონსტიტუცია მარტივად შეიცვალოს”, - აცხადებს დავით დარჩიაშვილი.

აი, რა ჰქონიათ ჩაფიქრებული ნაცმოძრაობის ლიდერებს:

1)      თუ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება უკვე ლამის შემდგარი ფაქტი იყო, ახლა ნაცმოძრაობა შეეცდება, საქმე ისე წარმოაჩინოს, რომ თავად მოახდინა ქვეყნისათვის ამ საინტერესო ცვლილებების ინიცირება, ანუ შეეცდება, მოსახლეობის თვალში ქულები დაიწეროს და აქტიურ და ქვეყნის სიკეთეზე მოამაგე მოთამაშედ წარმოაჩინოს თავი. ეს მაშინ როცა, სინამდვილეში, ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინეს, მხოლოდ.

2)      საინტერესოა, რატომ ითხოვს ასე დაჟინებით და გამეტებით ნაცმოძრაობა, რომ კონსტიტუციაში ჩაიწეროს ან პარლამენტის ქუთაისში დარჩენა, ან საგარეო პოლიტიკური კურსის ურყევობა? სავარაუდოდ, ამის მიზეზებია: ა) რეგიონების მოსახლეობაზე მზრუნველი ძალის იმიჯის შენარჩუნება, რათა მომავალში სწორედ რეგიონებიდან დაიწყონ მთავრობის კრიტიკის ახალი ტალღა; თანაც არ დაგვავიწყდეს, რომ პრეზიდენტის არჩევნების მერე შემდეგი მოსალოდნელი არჩევნები სწორედ ადგილობრივი არჩევნებია. ბ) ნაცმოძრაობის მთავარი იმედია, რომ ქართული ოცნება ეკონომიკურ გაუმჯობესებას ვერ მიაღწევს და ხალხში ოცნება ფრუსტრაციით შეიცვლება. სწრაფი ეკონომიკური აღმავლობა ორ ფაქტორს უკავშირდება – საგარეო ინვესტიციების მოცულობის ზრდას და რუსეთის ბაზრის დაბრუნებით სოფლის მეურნეობის სწრაფ აღმავლობას. სწორედ იმის იმედი აქვს ნაცმოძრაობას, რომ კონსტიტუციაში დასავლური ვექტორის სამუდამო დაფიქსირება რუსეთს ისე გააღიზიანებს, რომ ქართული სასაოფლო-სამეურნეო და კვების პროდუქტებისათვის რუსეთის ბაზარი აღარ გაიხსნება!

3)      რა თქმა უნდა, ნაცმოძრაობის ლიდერებისათვის პარლამენტის დათხოვნა კატასტროფულად საშიში იდეაა, სააკაშვილის, მერაბიშვილის და ბოკერიას გარდა, სავარაუდოდ, ნაცმოძრაობის სხვა ლიდერები სულაც არ (უფრო სწორად – აღარ!) ოცნებობენ ახალ საპარლამენტო არჩევნებზე, როცა, ალბათ, მათგან მხოლოდ 10-ოდე თუ შეძლებს 4 წლიანი იმუნიტეტის შენარჩუნებას! ამიტომ ამ ნაბიჯით ისინი თავს იზღვევენ იმისგანაც, რომ საპარლამენტო არჩევნები მიშამ არ მოინდომოს და სავარაუდოდ, ცვლილებები ისეთი ფორმით შევა, რომ ახალი საპარლამენტო არჩევნები გამორიცხული იქნება.

4)      სააკაშვილისთვის, უგულავასთვის, მერაბიშვილისთვის, კეზერაშვილისთვის, ბოკერიასთვის, ბენდუქიძისთვის, ჩოჩელისთვის, ადეიშვილისთვის და  ტოპ-ლიდერშიფის  იმ სხვა პირებისთვის, რომლებმაც დიდძალი ქონება დააგროვეს, ყველაზე მნიშვნელოვან ასპექტად (თუკი პოლიტიკური ძალაუფლების დაბრუნებას ვეღარ ახერხებენ) თავისუფლების და ეკონომიკური ძალაუფლების შენარჩუნება რჩება. ამიტომ მათი მხრიდან საკონსტიტუციო ცვლილებების ნაადრევად ამოქმედების მთავარი მოთხოვნა სწორედ გარკვეული გარანტიების მოპოვება უნდა იყოს. ამას ორი ვექტორი აქვს, ერთი – რომ მართლაც უსაფრთხოდ იგრძნონ თავი და მეორე – ხალხის თვალში გამოაჩინონ, რომ მოახერხეს ხალხის ზურგს უკან ქართულ ოცნებასთან გარიგება! ამით ნაცმოძრაობა ხელისუფლების აქტიური კრიტიკისთვის ხელ-ფეხს გაუხსნის მათ მიერ დიდი ხნის განმავლობაში მართულ „მესამე ძალას“ – ქრისტიან-დემოკრატებს, ლეიბორისტებს, ახალ მემარჯვენეებს, ეროვნულ-დემოკრატებს – სწორედ ეს დღეს მივიწყებული პარტიები გამოვლენ ისევ ასპარეზზე და ნაცმოძრაობის ფულით ეცდებიან დემაგოგიაში თავისი უფროსი მასწავლებლების ჩანაცვლებას და ქართული ოცნების, როგორც „მეორე მიშას“ და „ახალი ნაცმოძრაობის“ ლოზუნგების დამკვიდრებას. რამდენად გამოუვათ, არ ვიცი, მაგრამ ცდას არ დააკლებენ, განსაკუთრებით, თარგამაძის ბიჭი და უკვე ისევ გამო(ჟ)ურნალისტებული ერთდროს პოლიტიკოსი და მერე ლამის მონაზონი – გრიგოლიას ქალბატონი!

მაგრამ, უფრო მნიშვნელოვნად მგონია რამდენიმე შემდეგი საკუთხი, რომელსაც ჩემი მეორე ბლოგი – „უკანასკნელი მიხუკანები“ ეხებოდა. ეს სტატია, http://solomonternaleli.wordpress.com/2013/01/11/1833/ რომელიც „ალტერნატიულ სტრატეგიებში“ დავაანონსე, მაგრამ პირველიდან ზუსტად ერთ თვეში – 11 იანვარს მოვახერხე გამომექვეყნებინა, ასახავდა იმ მომენტისათვის ნაციონალური “მჭიდის” მთავარი ტყვიების რანჟირებას. ისევ გავიმეორებ და შევეცდები ავხსნა, იქ ნახსენებ პირებთან მიმართებაში რა მოთხოვნები შეიძლება ჰქონდეს ნაცმოძურ უმცირესობას:

  1. მიხეილ სააკაშვილი
  2. კოტე კუბლაშვილი
  3. კონსტიტუციონალისტები – დემეტრაშვილი, შარმანაშვილი, პაპუაშვილი, კახიძე
  4. ვანო მერაბიშვილი
  5. გიგი უგულავა
  6. გიგა ბოკერია
  7. თენგიზ გუნავა, ბაჩო ახალაია, გიგი კალანდაძე და სხვა ბრალდებულები…

და ამ მიმართებაში უაღრესად მნიშვნელოვანი მგონია, ის, რაც დაუფარავად გააჟღერეს ნაცმოძრაობის ლიდერებმა, მათი მოთხოვნაა, რომ დაუყონებლივ ამოქმედდეს ოქტომბრიდან ასამოქმედებელი ის ცვლილება, რაც საკონსტიტუციო უმრავლესობის საჭირო ბარიერის 2/3-დან 3/4-მდე გაზრდას გულისხმობს!

მე მგონი, ძაღლის თავი, ძირითადად მაინც, სწორედ აქ მარხია.

მართალია, 100-კაციანი საკონსტიტუციო ფრონტის ხაზი დათმეს, მაგრამ ნაცმოძრაობის ლიდერებს იმედი აქვთ, რომ თუ ახალ „მაჟინოს ხაზს“ უკვე 113 დეპუტატზე გაავლებენ (სწორედ ესაა 150-ის 3/4), ამას მაინც აღარ დათმობენ. ამდენად, თუ “ქართული ოცნება” ცდუნდება და ხმას მისცემს საკონსტიტუციო ცვლილებების  ნაცმოძრაობის პირობებით ადრე ამოქმედებას, ამით შეიძლება მან გაირთულოს მოამავალში ნებისმიერი საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელების და, სულაც, ახალი კონსტიტუციის (Sic!) მიღების შანსი! ასე რომ, დღევანდელ კვერცხს გამოკიდებულებმა შეიძლება ხვალინდელი ქათამი ვერც ვერასოდეს ვიხილოთ და სწორედ მიხეილ სააკაშვილის მიერ დაკვეთილი მახინჯი კონსტიტუციით მოგვიწიოს (ახალ საპარლამენტო არჩევნებამდე მაინც!) ცხოვრების გაგრძელება! მე პირადად, ამ მუხლის (საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საჭირო ხმათა ბარიერის გაზრდა) ახლა ამოქმედება აბსოლუტურად და კატეგორიულად მიუღებლად მეჩვენება.

ამ მუხლის ამოქმედებას უკავშირდება ნაცმოძრაობის არანაკლებ მნიშვნელოვანი იმედი – საკმაოდ სერიოზული რესურსების – ეროვნული  ბანკის, სახ. აუდიტის სამსახურის, ცენტრალური საარჩევნო კომპანიის და პირველ რიგში – უზენაესი სასამართლოს და იუსტიციის საბჭოს (ანუ – მოსამართლეთა ლოიალურობის და კონტროლის) შენარჩუნება!

თუ საპარლამენტო უმრავლესობა 100 ხმიან საკონსტიტუციო ბარიერს დაძლევდა და  პრეზიდენტს ახალი მთავრობის ერთპიროვნულად დანიშვნის უფლებას აართმევდა, ძალიან დიდი იყო იმის შანსი, რომ როგორც ერთ-ერთ ბოლო სტატიაში – „მორიელის წამალი“ (http://solomonternaleli.wordpress.com/2013/02/03/მორიელის-წამალი) ვწერდი, შემდეგი, რაც დაეცემოდა, სწორედ #2 მიხუკანი – კოტე კუბლაშვილი და მისი უსამართლო სასამართლო ვერტიკალი იქნებოდა. ეს კი სააკაშვილის რეჟიმისათვის ძალიან სერიოზული დარტყმა იქნება… მთელი მათი დღევანდელი ბრავადულობა იმის ილუზიას ემყარება, რომ მათ მომხრეებს, პროკურატურის მცდელობის მიუხედავად, მაინც კუბლაშვილის მოსამართლეები ასამართლებენ. სწორედ ამიტომ ეხვეწება, სავარაუდოდ, სააკაშვილი გაქცეულებს, – დაბრუნდით, მაინც არაფერი სერიოზული გემუქრებათო. ჯერჯერობით მხოლოდ ორი დაბრუნდა: ახალაია, რომელიც ზის, და დონაძე, რომელიც გირაოთი გამოუშვეს. მაგრამ თუ კოტე კუბლაშვილის იმპიჩმენტი რეალობად იქცა, დამერწმუნეთ, რომ ნაცმოძრაობის ლიდერების ვაჟკაცური „დუხი“ წამსვე აორთქლდება და საყვარელიძეც, როლანდ ახალაიაც, ღვინიაშვილიც და სხვებიც ისევე მშვენივრად წაცუხცუხდებიან გამომძიებლებთან, როგორც ჩუკენობაზე ოხუნჯ მერს მოუწია… და ასე მგონია, რომ  საყოველთაო გირაობანას თამაშიც მაშინ დასრულდება და დონაძეც მწარედ ინანებს, რომ სააკაშვილის და კუბლაშვილის „გარანტიებს“ დაუჯერა…

საპარლამენტო უმცირესობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საკონსტიტუციო პროცესების მართვაში საკუთარი თერძების ჩართვა. ტელევიზიაში სულ უფრო გახშირდა ავთანდილ დემეტრაშვილის მივიწყებული „ფეისის“ ამოტივტივება. სავარაუდოდ, ბაქრაძის ერთ-ერთი მოთხოვნა სწორედ ის იქნება, რომ ისევ „მიუმხრობელი, ობიექტური და უპარტიო“ დემეტრაშვილი იყოს  ქართული საკონსტიტუციო შესწორებების მამა და მარჩენალი. ეს კი რითი დამთავრდება, ადვილი წარმოსადგენია! მე პირადად, კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, რომ ავთანდილ დემეტრაშვილს ან თენგიზ შარმანაშვილს რაიმე წამყვანი როლი მიენიჭოთ. ამ ადამიანების ლუსტრაცია (ისევე, როგორც ზოგადად, – სააკაშვილის მიერ ფორმირებული საკონსტიტუციო რეფორმის კომისიის სრული შემადგენლობისა)  უკვე ვიხილეთ იმ „პროდუქტით“, რაც მათ 2010 წელს დადეს და რომელიც თავიდანვე აუტანლად ყარდა!

საპარლამენტო უმცირესობა, დახურული მოლაპარაკებების პროცესში, შეეცდება მოახდინოს როგორც წარსული წლების გახმაურებული პოლიტიკური პროცესების – (ჟვანიას, გირგვლიანის, აფრასიძეების, შარაძის მკვლელობების) ჩაფარცხვას, ასევე იმ პირების პოლიტიკური ინდულგენციის გარანტიების მიღებას, რომელთა კეთილდღეობაზე ძალიან მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ნაცმოძრაობის მომავალი ფინანსური მდგრადობა (მერაბიშვილი, უგულავა, კეზერაშვილი, ბენდუქიძე), ან – საგარეო-პოლიტიკური წონის შენარჩუნება (ბოკერია).

ნაციონალური მოძრაობის მარშალმა ბეტანკურმა, საკონსტიტუციო რეფორმების საკუთარ ტანზე მორგებული მოდელის ბიძინა ივანიშვილისთვის მოულოდნელად  „დათმობით“  შეიძლება, ტროას ცხენზე უარესი “საჩუქარი” შეიტანოს მოწინააღმდეგის ბანაკში. ეს “ტროას ცხენი” მოიცავს იმ მანკიერ მხარეებს, რაც სააკაშვილის დაკვეთით კონსტიტუციის რეფორმაში იყო ჩადებული – საკმაოდ სუსტ პარლამენტს, ჯერ კიდევ ზოგიერთი აღმასრულებელი ძალის მქონე პრეზიდენტს, რომელიც საკონსტიტუციო კრიზისების გამოწვევის მცირე, მაგრამ მაინც პოტენციალს  ისევ ინარჩუნებს და, რაც მთავარია, – პრემიერ-მინისტრის კატასტროფულად კონცენტრირებულ ძალაუფლებას. ამდენად, ეს საჩუქარი “ბეჭდების მბრძანებლის” ბნელი რაინდის, საურონის, ძალაუფლების ბეჭედს ჰგავს და მასავით საშიშ საფრთხეს შეიცავს – უკონტროლო ძალაუფლების პოტენციურად გამხრწნელ „თავისუფლებას“. ამ ბეჭდის მოძღვნით ნაციონალურ მოძრაობას სურს “ქართულ ოცნებას” თავისი მანკიერი გამოცდილება და იმპერატივები გადმოულოცოს, და, ვინძლო, არცთუ მთლად უსაფუძვლოდ, იმედოვნებს, რომ სწორედ ის ბეჭედი შიგნიდან დაანგრევს მის დღემდე ძლიერ კონკურენტს. ხოლო თავად ნაცმოძრაობა, ახალი გარანტიებით და ინდულგენციებით აღჭურვილი, ახალი საკონსტიტუციო უმრავლესობის ბარიერით დაცული, მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსების შემნარჩუნებელი, და დასავლური ლობისტების ძირგამომთხრელი კამპანიის შედეგების მომლოდინე, მშვიდად დაელოდება თავის ჟამის ხელახალ დადგომას.

„ქართულმა ოცნებამ“ ძალიან დიდი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს, რომ ისეთი “საჩუქარი” არ აიღოს, რაც, ვაითუ, მისი თავისუფალი ნების ყულფი აღმოჩნდეს და ხალხთან მისი გახსნილი ურთიერთობის დასასრულის დასაწყისად შეიძლება იქცეს.

„ყველას ჰგონია, რომ ძალაუფლების ბეჭდის ფლობა მსოფლიო მბრძანებლობას ნიშნავს, მაგრამ ბეჭედს საკუთარი ძალაუფლება გააჩნია მფლობელის მიმართ…“

[https://www.youtube.com/watch?v=OZo7m-xcdAI]

ბეჭდების მბრძანებელი – ვიდეოკლიპი


წითელი ბარათი


ბატონებო და ქალბატონებო!

უახლოეს დღეებში პარლამენტში დაიწყება იმ საკონსტიტუციო შესწორების განხილვა, რომელიც მიხეილ სააკაშვილს წაართმევს მის მიერ უზურპირებულ უფლებას, რომ ერთმა ადამიანმა ერთპიროვნულად კიდეც დაითხოვოს მთავრობა, და კიდეც დანიშნოს თავისთვის სასურველი (თუნდაც ხალხისთვის აბსოლუტურად მიუღებელი) სატრაპები.

მინდა გთხოვოთ, კარგად გაიაზროთ, თუ რას ნიშნავს ამ საკონსტიტუციო შესწორებაზე უარის თქმა. და გავაკეთოთ დასკვნები იმაზე, რა უნდათ უმცირესობის იმ დეპუტატებს,რომლებიც, სავარაუდოდ, ამ წინადადებას მხარს არ დაუჭერენ ან თავს შეიკავებენ.

ამ საკონსტიტუციო შესწორებაზე უარის თქმა ან თავშეკავება ნიშნავს იმას, რომ მათ სურთ სულ მალე, აპრილის თვეში საქართველოს მთავრობაში ისევ დაბრუნდნენ მერაბიშვილი, ადეიშვილი, ახალაიები, შაშკინი, თოფურიძე…

ეს ნიშნავს იმას, რომ მათ სურთ ყველა ამნისტირებული ადამიანი ისევ აღმოჩნდეს ციხეებში, სადაც მათ მწამებლებად ისევ დახვდებიან – მეგის ქარდავა, მუხაძე, ჭაკუა, მასტერა, მელნიკოვი და სხვა ცოცხისრაინდები.

ეს იმას ნიშნავს, რომ მათ სურთ საქართველო ისევ იქცეს მოსმენების და დასმენების ქვეყნად.

ეს იმას ნიშნავს, რომ მათ სურთ ყვითელი სამარშრუტო ტაქსების მძღოლები დაიჭერონ, როგორ გაბედეთ პროტესტის გამოხატვაო.

ეს ნიშნავს იმას, რომ მათ სურთ შეჩერდეს პენსიების ზრდა და არ ამოქმედდეს საყოველთაო დაზღვევა.

ეს ნიშნავს, რომ მათ სურთ ისევ მოიმატოს კარტელურმა ფასებმა ბენზინზე და წამლებზე…

ეს ნიშნავს, რომ მათ სურთ ისევ გაძვირდეს დენი და გაზი, ხოლო ნაგავს ისევ სამუდამოდ მიაბან დენი.

ეს ნიშნავს, მათ სურთ ააღორძინონ ისევ ის სისტემა, სადაც დაშინებით, შანტაჟით, ნარკოტიკებით ცდილობდნენ ქვეყნის მართვას.

ეს ნიშნავს, რომ მათ სურთ დაგვაბრუნონ საყოველთაო გაყალბების, უსამართლობის და სიცრუის რეჟიმში.

ეს ნიშნავს იმას, რომ მათ სურთ, ყველა, ვინც „ქართულ ოცნებას“ მხარს ვუჭერთ, იქნეს სამსახურიდან დათხოვნილი, ზოგიერთი შეიძლება – დაპატიმრებულიც.

ეს ნიშნავს, რომ მათ სურთ ქართული სოფლის ისევ გაპარტახება და გაყიდვა ათასი ჯურის უცხოელზე, რომელთაც ქართულ მიწას 10-ჯერ უფრო იაფად მისცემენ, ვიდრე ქართველ გლეხს.

ეს ნიშნავს იმას, რომ მათ სურთ საზღვარგარეთ ემიგრაცია კიდევ უფრო დაჩქარდეს, უცხოელთა ჩამოსახლების პარალელურად და მალე ქართველი საქართველოში უმცირესობად იქცეს.

ეს ნიშნავს, რომ მათ სურთ საქართველო იქცეს სააკაშვილის კლანის ბანტუსტანად.

ეს ნიშნავს, რომ მათ სურთ ქვეყნისთვის მიცემული განვითარების შანსი დაასამარონ და ქვეყანა საბოლოოდ გააპარტახონ.

ეს ნიშნავს, რომ მათ სურთ ისევ დაბრუნდეს ადამიანის დამცირების, ღირსებისა და პატივის აყრის, სულში ჩაფურთხების და გაუპატიურების მწყობრი “სისტემა”.

ეს ნიშნავს, რომ მათ მხოლოდ მიმტანობა და ოფიციანტობა ემეტებათ ჩვენი შვილების პროფესიად, რადგან განათლებას ისე გააძვირებენ, რომ იგი აბსოლუტურად ხელმიუწვდომელი გახდება მათთვის, ვინც მათი ლაქია არ არის…

ეს ნიშნავს, რომ მათ სურთ მონათმფლობელური ნეობოლშევიკური მიშისტანი.

გასაგებია, რომ საბედნიეროდ, მათ ამის ძალიან მცირე რესურსი აქვთ. მათი  რიგები ყველა დონეზე უკვე ირღვევა – მალე არა მარტო ბათუმის, არამედ თბილისის საკრებულოც უკვე აღარ იქნება ნაცმოძრაობის სანავარდო…

დღესაც სამმა ყოფილმა ნაციონალმა დატოვა ნაცმოძრაობის რიგები და ამით კიდევ უფრო მიზერული გახადა მათი ხელისუფლებაში მობრუნების შანსი.

და მაინც, სანამ კონსტიტუციაში ის ჩანაწერი არსებობს, და სანამ ნაციონალების ლიდერები კიდევ ბედავენ და ხალხის სახელით ცინიკურად ლაპარაკობენ, მათი შხამიანი ჩანაფიქრის სრულად იგნორირება სახიფათო ილუზია იქნებოდა.

ახლა ისინი ცდილობენ, უკანასკნელი მომგებიანი ვაჭრობა გამართონ. როგორც დავით ბაქრაძის განცხადებიდან აშკარა გახდა, თანახმა იქნებიან, რომ თავად დათმონ ეს უზურპირებული უფლება კონსტიტუციაში, ოღონდ საყოველთაო ამნისტიას, ყველაფრის მიტევებას და ყველა მითვისებული ქონების და წოდების სამუდამო შენარჩუნებას ლამობენ.  აი, ესაა დღეს „ერთიანად ნაცმოსვრილი მოძრაობა“ – სამართლითა და დემოკრატიით ვაჭრობის კონტექსტში გართული, რომელიც საჯაროდ ბოდიშის მოხდის ნაცვლად, ობსტრუქციით და კრიზისის აჩრდილით აქეთ გვაშინებს კიდევ.

ვფიქრობ, დრო მოვიდა, რომ ყველამ ერთხელ და საბოლოოდ მკაცრად და გასაგებად ვუთხრათ ამ ორმოცამდე ტუტუცს, (მიუხედავად იმისა, ისინი ჩვენი მეზობლები არიან, ნაცნობები, თუ თანაკლასელები), რადგან ისინი ქვეყნის განვითარების მთავარ საფრთხედ იქცნენ:

-         ბოდიში მოიხადეთ! და გატრაკებას მოეშვით, თქვე ახვრებო!

 

red card


მორიელის წამალი


miSha-brave vano deep GIGI-SMOKE

1 ოქტომბრის არჩევნებიდან გავიდა ოთხი თვე.

ქვეყანა კი ისევ აბორგებული მოლოდინის რეჟიმში ცხოვრობს.

ერთის მხრივ, არის ხელისუფლება, რომელიც ცდილობს თავისი დაპირებების შესრულებას, რუსეთთან ურთიერთობის დაწყებას, დასავლეთისათვის საქართველოში რეალური მდგომარეობის და პრობლემების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას, მრავალპარტიულ კოალიციაში ურთიერთობების დალაგებას და აქა-იქ ჩალაგებული ნაღმების დროულად მოძებნას და განაღმვას.

არის გარკვეული წარმატებებიც – პოლიტიპატიმრების განთავისუფლება, ამნისტიის კანონი, დენის და ნაგვის გადასახადის შემცირება, ბენზინზე და წამლებზე ფასების შემცირება, საკრედიტო განაკვეთების შემცირება, საყოველთაო სამედიცინო დაზღვევაზე გადასვლა თებერვლიდან…

მაგრამ არის პრეზიდენტი და მისი გუნდი – ძირითადად – თბილისის მერი, უზენაესის თავ-რე კუბლაშვილი, ყოფილი პრემიერი მერაბიშვილი და რამდენიმე გუბერნატორი, ასევე ნაცმოძრაობის ოციოდე სულით-ნაცი პარლამენტარი, ნაცური მედიასაშუალებები/ურნალისტები და (ს)ექსპერტები, რომლებიც თავდაუზოგავად ცდილობენ, არცერთი მიღწევა არ შეიმჩნიონ, ყველა ნაკლი გაბერონ და გააზვიადონ, და მეტიც, მოსალოდნელი და გარდაუვალი კატასტროფის ფანტასმაგორიული სურათი დახატონ. აი, რამდენიმეც:

პრეზიდენტი გაიძახის, რომ ახალი მთავრობა აპირებს სომხეთის მსგავსად რუსეთი გაიხადოს სტრატეგიულ პარტნიორად და არა – დასავლეთი, პრეზიდენტი ბრალს დებს აღმასრულებელ ხელისუფლებას კრიმინალების და ჯაშუშების განთავისუფლებაში (ამავე დროს თავად გამოუშვა ასობით პატიმარი, რომელთა 2/3 მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის იყო გასამართლებული და ჯერ სასჯელის 1/3-იც კი არ ჰქონდა მოხდილი), ასევე ბრალს სდებს მთავრობას “პატიოსანი მოხელეების” დაპატიმრებაში (თურმე 5 მილიონამდე საბიუჯეტო სახსრების არარსებული სამუშაოებისათვის ნაცმოძრაობის კოორდინატორებზე გაწერა და მითვისება “პატიოსნების თვალი” ყოფილა), მერაბიშვილი გაიძახის, რომ ქვეყანა ღრმა ეკონომიკურ და ფინანსურ კრიზისშია შესული (რასაც საერთაშორისო სავალუტო ფონდი და Standard & Poor სააგენტო არ ადასტურებენ, და 2013 წელს 6,1%-იან ზრდას ვარაუდობენ), უმცირესობის პარლამენტარები იძახიან, რომ ქვეყანაში დაიწყო რელიგიური შუღლი და შეუწყნარებლობა (რომელიც, სავარაუდოდ, ასევე ნაცმოძრაობის და მათი დამქაშების მიერ იყო წახალისებული), რომ ქვეყანა კრიმინალმა წალეკა (თუმცა ამას მაშინ იძახოდნენ, როცა სამთავრობო ამნისტია ჯერ ძალაში არ იყო შესული და მხოლოდ პრეზიდენტის მიერ – შეწყალების კომისიის გვერდის ავლით – შეწყალებულები გამოუშვეს!), პრეზიდენტი მოუწოდებს, რომ გაიზარდოს ჯარში ანაზღაურება და პენსიები (მაშინ, როცა 9 წლის განმავლობაში ეს არ ახსენდებოდა! მეტიც, ავღანეთში და ერაყში დაღუპულ და დაჭრილ ჯარისკაცებზე სიმართლეს მალავდნენ და მხოლოდ ახლა „გაახსენდა“, როცა თავდაცვის სამინისტრომ ეს ინიციატივა წამოაყენა), პრეზიდენტი მოუწოდებს ევროსაბჭოს, რომ არ დაუშვას საზოგადოებრივ მაუწყებელზე პრემიერის გავლენის დაწესება და დაიცვას თავისუფალი მედია (თუმცა იმაზე სდუმს, რომ ამ გაკურტიზანებულ „თავისუფალ“ მედიას რა უხვად უდებდა პირში მილიონებს მისი საკუთარი იმიჯის გასაღმერთებლად! არც იმაზე ლაპარაკობს, ვისია რეალურად შარანგიებზე გაფორმებული “რუსთავი2″ და ვისი იყო წლების განმავლობაში მისი ხელისბიჭის მიერ მართული „იმედი“), პრეზიდენტი ჩადის ბათუმის უსახლკარო მოსახლეობასთან და აბუნტებს მათ, ეუბნება – თქვენთვის სახლებს ვაშენებდი და ესენი ეკომიგრანტებს ასახლებენ იქო, მაგრამ მე ჩამოვალ და დაგიცავთო (ამ დროს 9 წლის განმავლობაში აშენებდა სახლებს ბათუმში და ერთი უსახლკარო არ შეუსახლებია!)… პრეზიდენტი ადიდებს თენგიზ გუნავას, რომელიც თურმე თანამედროვე საქართველოს შალვა ახალციხელია და აქამდე რატომღაც გვიმალავდა და მთელი ნაცმოძრაობის ურნალისტები ერთხმად იქცნენ გუნავისტებად, რადგან დადასტურდა, რომ გუნავას პირველი დაკავების დროს იყო პროცედურული დარღვევები… და ის კი ავიწყდებათ ამ მეხსიერებაცხონებულებს, რომ დაკავებისას ერთი პროცედურული დარღვევა კი არა, პროცედურული წამებებით და მკვლელობებით სავსე იყო ნაცმოძრაობის პარპაშის 9-წლიანი ხანა…

დადის პრეზიდენტი ევროპაში და ყველგან აძაგებს საქართველოს ახალ მთავრობას, ყველგან თვალთაგან ცრემლი სდის შეუშრობელი, რამეთუ მის მიერ აშენებული, აყვავებული, კორუფციაგანწმენდილი, გაძლიერებული, ნატოსკართანმიყვანილი ქვეყანა იღუპება… ყველას აფრთხილებს, რომ ახლანდელი მთავრობა საშინელებაა, მგრეველებია, რომ ეს არის სტიქიური უბედურება, საქართველოს ტრადიციების დარღვევა. რომ  მან პრემიერ-მინისტრზე უკეთ იცის რუსულიც კი, რუსულ პოეზიაზე რომ არაფერი თქვას (რატო ბლოკი არ დაეცემა თავში კაკალაშვილთაყვანისმცემელს!)…

საინტერესო კი ისაა, რომ მთელ ამ შხამს და ბალღამს ანტურაჟად თან ერთვის ვითომსამშვიდობოდ, სინამდვილეში კი – ყასიდად, გამოწვდილი ხელი და კოჰაბიტაციისაკენ უტიფარი მოწოდებები! თან ცნობილი რუსული ანდაზის თანაფარდობისაგან განსხვავებით, ამ ურთიერთობებში კუპრია მთელი კასრი, ხოლო თაფლი – მხოლოდ ერთი კოვზი!

და მაინც, ბოლო დღეებში იყო უკვე ისეთი განცხადებები, რომლებმაც უკვე ცხადად აქციეს ის, რაც ნებისმიერი საღადმოაზროვნე პოლიტოლოგისათვის და პირადად ჩემთვისაც (თუმცა პოლიტოლოგობის და ექსპერტობის პრეტენზია არ მაქვს) უკვე დიდი ხანია, ცხადია. მიხეილ სააკაშვილის ერთადერთი ოცნება არის უახლოეს თვეებში, მოქმედი მახინჯი კონსტიტუციის თანახმად, საკონსტიტუციო გადატრიალების მოწყობა: პარლამენტის დათხოვა და ერთპიროვნულად დანიშნული მთავრობის პირობებში სასტიკად გაყალბებული არჩევნების ჩატარება.

ამაზე ღიად მიანიშნებს ვანო მერაბიშვილის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ ჩვენ ამ მთავრობას 4 წელი ვერ ვაცლით და უნდა დავიწყოთ აქტიური მოქმედებებიო! (იმდენად უტიფარი და ხისტად არაპოლიტიკური იყო ეს განცხადება, რომ თავად ნაცმოძრაობის მარადიულმა დამცველმა მერაბ ბასილიამაც კი ვერ შეიკავა თავი მისი კრიტიკისაგან და ღიად გაემიჯნა “პოლიტმეტრში”).

ხოლო ამის ფონზე, პრეზიდენტმა ისევ უტიფრად „სამშვიდობო ინიციატივა“ შემოაგდო -ჯანდაბას, რადგან კონსტიტუტციის შეცვლა გინდათ, შევცვალოთ, მაგრამ არა 2/3-ით, არამედ 150 დეპუტატითო! (აქაც იაფერისტა ანგლმა, ხომ შეეძლო ეთქვა 100%-თო, ვითომ არ იცის, რომ ობიექტური მიზეზების გამო პარლამენტში 147 დეპუტატია მხოლოდ!)… აშკარაა, რომ დროის მოგებას, ან ჭკუაში მოგებას ლამობს…

საქმე იმაშია, რომ სააკაშვილმა მშვენივრად იცის, როგორ შაგრენის ტყავივით პატარავდება მისი ერთგული ფრაქცია პარლამენტში. საზღვარგარეთიდან მხარდაჭერა მსუბუქი შეშფოთებების შემდეგ შესუსტდა და ვილფრედ მარტენსის მსგავსი ძმადნაფიცებითღა შემოიფარგლა. აგერ ძმადშეგულებულმა ჯანი ბუკიკიომაც კი არ მოიკლა მიშას მხარდასაჭერად თავი და აღიარა, საკონსტიტუციო ცვლილებები არის საჭიროო. იმის ფონზე, რაც უფრო ფართოვდება პროკურატურაში ნაცმოძრაობის ყოფილ მოხელეთა მიმართ აღძრული საქმეები და რაც უფრო მასშტაბური ხდება ამ საქმეები ფინანსური მდგენელი – განსაკუთრებით საჩვენებელია ცეზარ ჩოჩელის მიმართ არსებული ბრალდებები (ბეტონის შპალების ქარხნის დანაშაულებრივ ყიდვასთან დაკავშირებით, სადაც ლაპარაკი ასეულობით მილიონის ქონების სახელმწიფო საკუთრებიდან აცანცვლაზეა), ვაგონშემკეთებელი ქარხნისათვის გადარიცხული 56 მილიონი ლარის ამბავი, ახლა აგერ მერი უგულავას 764 კაციანი ჩაუქ-ჩუკენობის ამბავი და ა.შ. – მით უფრო ნაკლები ენთუზიაზმი ექნებათ ნაცმოძრაობის წევრებს, რომ ბელადს პოლიტიკურ საფლავში ჩაყვნენ… მით უფრო, როცა ბელადს რაღაც გარანტიები შეიძლება ჰქონდეს, მათ კი – ბრიშტი!

ამერიკისა და ზოგადად, დასავლეთისათვის, მართლაც, არასასურველია მათ მიერ დიდხანს შუქურად და დემოკრატიის მზეჭაბუკად შერაცხული პრეზიდენტი, უცებ სასტიკად კორუმპირებულ, ავტორიტარ, წამებებში ხელგასვრილ და მილიარდის მომყუჩებელ, საკუთარი ჰარამხანით ამაყ და შლეგ დესპოტად გაიცნონ. არ გამოვრიცხავ, რომ მათ მართლაც მისცეს სააკაშვილს გარანტიები, რომ დაიცავენ სასამართლო დევნისაგან… და ვინ იცის, მართლაც ვერ მოხერხდეს მისი ციხეში მოთავსება, თუმცა ბრალის წარდგენა და გასამართლება უეჭველად (თუნდაც დაუსწრებლად) უნდა მოხდეს. მაგრამ ნუთუ ვინმეს მართლაც სჯერა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ვინმე საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას აუკრძალავს? ჯანი ბუკიკიო საკმაოდ ნატიფი პოლიტიკოსი ყოფილა და არც მწვადი დაწვა და არც – შამფური (რითაც ძალიან გული დაწყვიტა სერგო რატიანს), მაგრამ მისი განცხადება, რომ მისი აზრით, თურმე, მიხეილ  სააკაშვილი არ აპირებს მთავრობის დათხოვნას, იმის საფუძველს მაძლევს, რომ ვიფიქრო, ან არაგულწრფელია (და მეგობარ მიშას ეს ერთადერთი თხოვნა მაინც შეუსრულა – “თქვი, რომ არ ვაპირებო!”), ან ისევე შორსაა საქართველოს პოლიტიკის ნიუანსებისაგან, როგორც მე ვენეციის საფუძვლის გამყარების და ჩაძირვის პრევენციის სამუშაოების დაგეგმვისაგან!

ჰოდა, ძვირფასო ნაცმოძრაობის ლიდერებო – გიგი, გოგა და გოკა, ჩიორა, ეკავ, და ხათუნებო, პეტრევ და მიშავ (ჟვანია მოკლესო!? – რომ წამოგცდა), ნუგზარ და ზურა, და პატარა ბარტყებო, ჯერ რომ კიდევ ვერ მიმხვდარხართ, სად შერგეთ თავი… – იმაზე დაფიქრდით, მიშა რომ მოტყდება (უკეთეს შემთხვევაში), ან ჩასვამენ (უარეს შემთხვევაში), ან უბრალოდ ბოსტნის საფრთხობელად იქცევა (საკონსტიტუციო ცვლილების მიღებისთანავე), მერე რას იზამთ? თუ უთქვენოდ მოგროვდა ის 100 ხმა, მერე თქვენი ხმა ხომ “პუსტა-პუსტად” იქცევა?

არსებულ ვითარებაში უახლოეს ხანებში, სავარაუდოდ, შემდეგ მოვლენებს უნდა ველოდოთ:

პარლამენტი თებერვლის ბოლოს ან მარტის დასაწყისში მიიღებს საკონსტიტუციო შესწორებას, რომლის ძალითაც მიხეილ სააკაშვილი დაკარგავს მთავრობის ერთპიროვნულად დანიშვნის გაუგონარ უფლებას! ამის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი მადამ ტიუსოს მუზეუმის მოლაპარაკე ექსპონატად იქცევა და, ალბათ, მზეზე დიდი ხნით გამოსვლას ცოტა მაინც მოერიდება…

არაა გამორიცხული, დაახლოებით იმავე პერიოდში, პარლამენტმა სასამართლო სისტემის რეფორმის კანონით შეცვალოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილებანი და/ან იუსტიციის საბჭოს წესდება. ამავდროულად მოსალოდნელია საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს ახალი წესდების მიღებაც და “ბორდის” გადახალისებაც, რაც საზმაუს მიშისტების ტყვეობიდან დახსნის დასაწყისი იქნება…

ალბათ ამავე პერიოდში დაიწყება თბილისის მერის, ნაცმოძრაობის კიდობნის კაპიტნის – გიგი (ჯერკუალ) უგულავას სასამართლო პროცესიც, რომელიც, დამერწმუნეთ, უფრო საინტერესო იქნება, ვიდრე „მონა იზაურას“ სერიალი…

დაბოლოს, გამომდინარე იმ სურვილების დეზავუირებიდან, რაც ბ-ნმა ლევან მაისურაძემ ახლახანს მოახდინა, ალბათ საჭიროა, რომ ქვეყნის უშიშროების სამსახურებმა მასზე სპეციალური კონტროლი და თვალთვალი დააწესონ…

ეს კი ჩვენს უცხოელ მრჩეველებს მინდა გავუზიარო:

“სიბრძნე სიცრუისა” (ოღონდ – არა სააკაშვილისეული ოღრაშული სიცრუისა!):

ერთი კუ და ერთი მორიელი დაძმობილდნენ. წავიდნენ გზასა. გასავალი წყალი დახვდათ.
მორიელი დაღონდა, გასვლა არ ეძლო. კუმ უთხრა: ზურგს შემაჯექ, მე გაგიყვანო!
შეაჯდა მორიელი ზურგს. კუ რა წყალში შეცურდა, მორიელმან ზურგზე კბენა დაუწყო. კუმ ჰკითხა: ძმაო, რას იქმო?
მორიელმან უთხრა: რა ვქმნა, არც მე მნებავს, მაგრა ასეთის გვარისანი ვართ, მტერსა და მოყვარეს ყველაყას უნდა ვუკბინოთო.
კუმ დაიყურყუმალავა და მორიელი წყალს მისცა და უთხრა: ძმაო, არც მე მნებავს, მაგრამ ჩემი გვარი, თუ გესლიანს ხორცს არ გაიბანს, გაუსივდება და მოკვდებაო.


Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 168 other followers