უკრაინული რუბიკონი


OLYMPUS DIGITAL CAMERA

ხელისუფლება სვეტებს ეყრდნობა.

ყველაზე მნიშვნელოვანი, ალბათ, შემდეგი სვეტებია:
1) სამართლის ძალა
2) განათლების ძალა
3) რწმენის (იდეოლოგიის) ძალა
4) რეპრესიული (პოლიციური) ძალა
5) სამხედრო ძალა
6) ხალხის ნდობის (ერთობის) ძალა
7) ფულის (ეკონომიკის) ძალა
8) დემოკრატიის ძალა
9) გარე (საერთაშორისო) ფაქტორების ძალა.

სხვადასხვა სტრუქტურის თუ ქვეყნის ხელისუფლების სიმტკიცეს, როგორც წესი, ამ სვეტების სიმტკიცე განსაზღვრავს. ზოგიერთ ქვეყანის ხელისუფლებას მხოლოდ ერთი ან რამდენიმე სვეტი გააჩნია საყრდენად, სხვები – უფრო ჰარმონიულ პორტალს ქმნიან. საინტერესოა, რომ თავად დასახელებული ფაქტორები სულაც არ არიან ერთმანეთის მიმართ ჰარმონიული და შეიძლება სერიოზულ წინააღმდეგობაში მოვიდნენ. მაგალითად, ცნობილია, რომ რაც უფრო სტაბილურია ნავთობმომპოვებელი ქვეყნების ენერგეტიკაზე დაფუძნებული ეკონომიკა, ან – იმპერიული ტიპის სახელმწიფოების რეპრესიული და სამხედრო ძალა, მით უფრო სუსტია იქ არსებული დემოკრატიული ფაქტორი. თუ შევადარებთ, მაგალითად ჩინეთის და ლუქსემბურგის სახელისუფლებო სვეტების არქიტექტონიკას, საკმაოდ განსხვავებული სურათი გამოვა. და არც ისე ადვილი იქნება იმის ანალიზი, ამ ორი სრულიად განსხვავებული სისტემიდან რომელია ამჟამად უფრო მდგრადი, ან – რომლის პერსპექტივაა უფრო სტაბილური. მეტიც, ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე ერთსა და იმავე სახელმწიფოს საყრდენი სვეტების სრულიად განსხვავებული კონფიგურაცია შეიძლება ჰქონდეს. მაგალითად, საბჭოთა კავშირის ხანომკლე ისტორიის მანძილზე ხელისუფლების საყრდენი სვეტების კონფიგურაცია და სიმტკიცე აბსოლუტურად განსხვავებული იქნებოდა 1918, 1938, 1958, 1978 და 1988 წლებში. სავარაუდოდ, რაც უფრო ნაკლებია მყარი და მდგრადი სვეტების რაოდენობა, მით უფრო მოწყვლადია ასეთი ხელისუფლება, რადგან თუ ის ბოლო 1-2 სვეტიც გაიბზარა, თითქოსდა გარეგნულად მყარი სისტემა ძალიან ადვილად შეიძლება ერთიანად ჩამოიშალოს. მეტიც, ხანდახან სწორედ ის სვეტი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ცენტრალური საყრდენი იყო, შეიძლება ისე გაიბეროს და დამძიმდეს, რომ სტრუქტურის ყველაზე მტკიცე ნაწილიდან სწორედ ყველაზე საშიშ და მოწყვლად რგოლად იქცეს, და მცირედი ბიძგის შემთხვევაში სწორედ მისგან დაიწყოს რღვევა. რამეთუ იმაზე, რაც თითქოს ძალიან ძლიერია, შესაბამისად ნდობის ყველაზე მეტი ტვირთი მოდის. მაგრამ თუ სიმტკიცის შინაგანი მექანიზმი დალპა, იგი ისევე უცებ შეიძლება გადატყდეს, როგორც გარეგნულად მძლავრი, მაგრამ შიგნიდან გამოფუტუროებული ხე. ასე მოუვიდა რომის იმპერიას, მონღოლთა ურდოს, საბჭოთა კავშირს…

უკრაინის ხელისუფლების ბოლო 10 წლის ანალიზი ნამდვილად უკრაინელი ისტორიკოსების, პოლიტიკოსების და ეკონომისტების საქმეა, მაგრამ ერთი შეიძლება ითქვას, რომ ბოლო პერიოდში უკრაინის ხელისუფლებამ სრულიად გააცამტვერა საკუთარი ხელისუფლების სიმყარის უკანასკნელი ელემენტებიც. ეს უზარმაზარი და მძლავრი ეკონომიკური პოტენციალის ქვეყანა კატასტროფამდე შეიძლება მიიყვანოს იმ მასშტაბურმა კორუფციამ და ხელისუფლებისადმი ხალხის ნდობის დეფიციტმა, რაც მუდმივად ასუსტებდა თუნდაც იმ სვეტებს (მაგალითად – ეროვნული თვითშეგნების აღმავლობის და ხელისუფლებისადმი ნდობის, თუ საკმაოდ სწრაფადგანვითარებადი დემოკრატიის სვეტებს), რაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ უკრაინის სახელმწიფოს მთავარ და ძლიერ მხარეებად მოიაზრებოდა.

მაგრამ პოსტიმპერიულ სივრცეზე გაჩენილ თუ აღორძინებულ სახელმწიფოების სერიოზული პრობლემა საერთაშორისო ფაქტორების და ურთიერთდაპირისპირებული ვექტორების ძლიერი ზეწოლა და არასტაბილურობაა. გასაგები მიზეზების გამო, ჯერ კიდევ სუპერსახელმწიფოს ამბიციების მქონე ექს-იმპერიას ერთი სული აქვს, ხელახლა აღადგინოს თავისი სტატუსი და ზეგავლენა. მეორე მხრივ, ახლადგაჩენილი ქვეყანა მიმზიდველი შეიძლება იყოს სხვა ძლიერი სახელმწიფოებისა თუ საერთაშორისო გაერთიანებებისათვის ორი მიზეზის გამო – ან რომ საკუთარი თავი გაიძლიერონ ახალი წევრის თუ სტრატეგიული მოკავშირის შემოერთებით (არაა გამორიცხული, „სტრატეგიული კავშირის“ უკან მხოლოდ ეკონომიკური კავშირი – ნედლეულის წყაროების მიწოდება ან საკუთარი პროდქუციის გასაღების ბაზრად პერსპექტივა – იყოს), ან – უფრო იმისათვის, რომ დასუსტებული იმპერიული კონკურენტის ხელახლა გაძლიერებას შეუშალონ ხელი. არც ისაა გამორიცხული, რომ კონკრეტულ ისტორიულ მომენტში ამა თუ იმ ახლადაღორძინებული სახელმწიფოს მიმართ ახალი შესაძლო პარტნიორების ინტერესი შეიძლება გაცივდეს ან გაგრილდეს, იმის მიხედვით, თუ როგორი საკუთარი პრობლემები და წინააღმდეგობები შეხვდებათ მათ. ინტერესის ნაკლებობაც შეიძლება იყოს პრობლემა, არა მხოლოდ – ახალი ინტერესების კონფლიქტი ძველთან…

სწორედ აქედან გამომდინარე, უკრაინის, საქართველოს, მოლდოვის ხელისუფლების (ნებისმიერი, და არა კონკრეტული ხელისუფლების!) ამოცანა უნდა იყოს:
ა) არ დაუშვას შიდა სიმძლავრეების გაპარტახება (თუ იმას ვერ ახერხებს, რომ გაძლიერება მოახდინოს);
ბ) მუდმივად ზრუნავდეს საკუთარი ხალხის ნდობის რეიტინგის შენარჩუნებაზე, რისთვისაც ყველაზე ადვილია სამართლის და დემოკრატიის სვეტების განმტკიცება;
გ) მკაფიოდ მოახდინოს საკუთარი საგარეო ინტერესების დემარკაცია, ოღონდ ისე, რომ შეინარჩუნოს ურთიერთობა ძველ პარტნიორთან/სუზერენთანაც და შეძლებისდაგვარად არ დაუშვას ამ ურთიერთობის აგრესიული ესკალაცია.

იანუკოვიჩმა პირველი და მეორე პრინციპები აბსოლუტურად უგულვებელყო, ხოლო მესამე პრინციპთან მიმართებაში ისეთი ვაჭრობა წამოიწყო, რომ ორივე მხარისთვის არასანდო პარტნიორად გამოჩნდა. ასე რომ ის მიიღო, რაც ამ დროს ხდება ხოლმე – ქვეყნის შიგნითაც და გარეთად რეიტინგის სრული დევალვაცია. საბოლოო ჯამში, დღეს ალბათ არავინ აღარ დარჩა იმის მსურველი, რომ იანუკოვიჩის შენარჩუნებაზე სერიოზულად იზრუნოს.

mezhogorie-COMB
(ფოტოებზე: იანუკოვიჩის რეზიდენცია მეჟიგორიეში. კიდევ ორი რეზიდენცია, მათ შორის ერთი ყირიმში, არანაკლები ფუფუნების ამსახველია).

ხოლო ამ ყველაფრის თავი და თავი იყო ის კორუფცია, რომლის დაფარვას იანუკოვიჩი მაინცდამაინც არც ცდილობდა. ხალხის მხრიდან გაჭირვების გაძლების უძლიერესი მაგალითები, რაც ლონდონელებმა თუ ლენინგრადელებმა მეორე მსოფლიო ომის დროს აჩვენეს, უკავშირდებოდა პირველ რიგში იმას, რომ ხალხს ჰქონდა იმის განცდა, რომ ხელისუფლებაც იზიარებდა გაჭირვებას. ამას ინგლისის დედა-დედოფლის ცნობილი ფრაზა მოწმობს – ბაკინჰემის სასახლის ბუხრიდანაც არ უნდა ამოდიოდეს კვამლი, მაშინ როდესაც მთელი ინგლისი გათოშილიაო. ამავდროულად, საკუთარი გაჭირვების მოთმინებით ატანის სურვილი მომენტალურად ქრება, თუ ადამიანები გრძნობენ, რომ ქამრები მხოლოდ მათ აქვთ შემოჭერილი, ხოლო ხელისუფალნი ქამრების მუდმივად მოშვების რეჟიმში არიან და განცხრომის ახალ-ახალ საფეხურებს იპყრობენ.

იანუკოვიჩის ხელისუფლების დასასრული ჯერ კიდევ ერთი თვის წინ წარმოდგენილი მქონდა, თუმცა არ მეგონა, რომ იგი ასე შორს წავიდოდა, და შესაბამისად, ასე უცებ დაკარგავდა კიდეც ხელისუფლებას. იგი ნამდვილად არ არის ლუკაშენკოზე უფრო სასტიკი. და შეიძლება, გადამწყვეტ მომენტში ვერ მიხვდა (როგორც სტრატეგიც, იგი ნამდვილად ვერ შეედრება ლუკაშენკოს), რომ მისი ხელისუფლების არსენალში მხოლოდ ორი სვეტიღა თუ იყო დარჩენილი – რეპრესიული და რუსული ფაქტორი. ხოლო როცა ასე მცირე არჩევანი დარჩა, ყოყმანი უკვე დამღუპველი იყო. თუმცა ბოლომდე რომ მისწოლოდა, ამით საკუთარი კრახის გადავადებას მიაღწევდა ალბათ, და არა – აცილებას.

საინტერესოა, რომ არამარტო რუსი მეკავშირეებისთვისაც (რომელთათვისაც იანუკოვიჩი მხოლოდ მანამდეა საინტერესო, სანამ მას უკრაინის, ნაწილის მაინც, მათ ორბიტაში დასაბრუნებლად რაიმე შანსი აქვს), არამედ დასავლეთისთვისაც (ყოველ შემთხვევაში – ევროკავშირის ლიდერებისთვისაც) ის, რაც უკრაინაში მოხდა – სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა… ევროპელები თავიდან იმასაც ვერ მიხვდნენ, რომ უკრაინა ხელიდან ეცლებოდათ (სანამ პუტინმა ცხვირწინ არ გამოაცალათ ასოცირებული ხელშეკრულების ხელმოსაწერი ეგზემპლარი). და ის ხომ საერთოდ სიზმარია, რომ უკვე დაკარგულად შეგუებული უკრაინა, თურმე, შეიძლება მაინც დაუბრუნდეთ… თუმცა ალბათ, იმას კი კარგად ხვდებიან ახლა, რომ თუ უკრაინა დაუბრუნდათ, ეს იმდენად საჩუქარი ვეღარ იქნება, როგორც ტვირთი! განსაკუთრებით, – პირველ თვეებში და წლებში…

მაგრამ როგორც უკრაინელებისათვისაც, ისე – ჩვენთვის მით უფრო, შედარებით მეტად საინტერესო ახლა ის კი აღარ არის, რატომ მოუვიდა იანუკოვიჩის ხელისუფლებას ის, რაც მოუვიდა, არამედ ის – რა შეიძლება მოხდეს ახლა, რას იზამს რუსეთი, რა საფრთხეები და პერსპექტივები არსებობს და ჩვენ რა გაკვეთილი უნდა გამოვიტანოთ იქედან, რაც ხდება…

1. ფაქტია, რომ რუსეთის ხელისუფლება საქართველოს მაგალითზე თავიდანვე თვლიდა (ევროკავშირისაგან და თავად იანუკოვიჩისაგან განსხვავებით), რომ თუ უკრაინა მთლიანად არ დარჩებოდათ, ნაწილის (ნაწილების!) მიერთების და ამით უკრაინული პოლიტიკური სპექტრის და მოსახლეობის შანტაჟის კარგი შანსი ექნებოდათ.

2. იანუკოვიჩის გადაყენება რამდენად სამართლებრივი მექანიზმების დაცვით მოხდა, საკითხავია. ჩვეულებრივ, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურები გარკვეულ დროს მოითხოვს. თუ კანონი დაცული არ იყო (და მაშინაც კი, თუ დაცული იყო!), გასაგებია, რომ დასავლეთისათვის მისაღები და ლეგიტიმური ორგანო – უკვე უკრაინის პარლამენტია, სადაც რეგიონების პარტიამ თავად დათმო ძალაუფლება და სპიკერი „ბატკივშინის“ ერთ-ერთი ლიდერი ტურჩინოვი გახდა, ხოლო რუსეთისათვის – იანუკოვიჩი.

3. იმით აჟიტირება, რომ იანუკოვიჩმა დონეცკიდან რუსეთში გადასვლა ვერც თვითმფრინავით და ვერც სახმელეთო საზღვრით, უკრაინელი მესაზღვრეების პრინციპული პოზიციის გამო, ვერ მოახერხა, არ ღირს. ჯერ ერთი, ეგ ინფორმაცია რამდენად სარწმუნოა, არ ვიცით. მეორეც უკრაინა-რუსეთის ლამის 2,000 კმ-იან საზღვარზე ნამდვილად მოიძებნება ალბათ ადგილი, სადაც იანუკოვიჩი ამას შეძლებს. სხვა საქმეა, რომ რუსეთს ლტოლვილი იანუკოვიჩი არაფერში ჭირდება და მედვედევის მხრიდან მის მიმართ გახმოვანებული ზედსართავი – „ჩვარი“ ნამდვილად არ საჭიროებს ზედმეტ დაზუსტებას იმისა, თუ რა უნდა გააკეთოს ახლა მაინც იანუკოვიჩმა, თუ არ უნდა, რომ ჩვრის სტატუსიც კი სანატრელი გაუხდეს. სავარაუდოდ, იგი შეეცდება ხარკოვში, დონბასსა და ყირიმში ვანდეა ჩამოაყალიბოს და ცენტრალურ ხელისუფლების გადაწყვეტილებების საბოტაჟი დაიწყოს. დიდი შანსია, რომ მოსახლეობის საკმაო ნაწილი, განსაკუთრებით, კიევში ფაშისტების და ბენდეროველების გამეფებაზე და რუსების მიმართ დაგეგმილ გენოციდზე რუსული პროპაგანდის მიერ საუბრებით გაჟღენთილი, ამას გაგებით მოეკიდოს. ყირიმის პარლამენტზე, სევასტოპოლის ფაქტორზე და რუსულ ფლოტზე აღარაფერს ვამბობ. თუმცა, სეპარატისტების სახელით მოქმედება არაა მაინცდამაინც მომხიბვლელი პერსპექტივა და იმედია, კიევის ახალი ხელისუფლება თავისი ხისტი ნაბიჯებით (მაგალითად – რუსულ ენასთან მიმართებაში)
არ უბიძგებს რეგიონების რუსულენოვანი დამფრთხალი მოსახლეობის და ელიტის დიდ ნაწილს აქეთკენ.

4. რამდენიმე კვირაში, როცა პოლიტიკური ვნებათღელვების გრადუსი დაიწევს, წინა პლანზე ეკონომიკური ფაქტორები გამოვა. ქვეყანა ისედაც იყო დეფოლტის საშიშროების წინ, და ახლა ამის შანსი 50%-ზე მეტია. კიევის ცენტრში გამუდმებულმა ბრძოლებმა და ხანძრებმა შეიძლება ისე დიდი ფინანსური ზიანი არ მიაყენა ქვეყანას, მაგრამ სტაბილურობის იმიჯი მნიშვნელოვანწილად შელახა. თავად მომიტინგეთა მიერ იარაღის და მოლოტოვის კოქტეილების გამოყენებამ, მათ ნაწილს შორის აგრესიული ნაციონალიზმის პოპულარობამ და რამდენიმე საელჩოს დაკეტვამ გაცილებით სერიოზული დარტყამ შეიძლება მიაყენოს უკრაინულ ეკონომიკას, ევრობონდების სავალალო მდგომარეობას და ეროვნულ ვალუტას. მით უფრო, რომ ქვეყნის ოქროს რესურსები კატასტროფულად დაბალ დონეზეა თურმე.

5. მეტად საშიში შეიძლება აღმოჩნდეს ამდენ ხანს ბარიკადებზე მებრძოლი უბრალო ადამიანების მასაში ახლა დაბადებული რევოლუციური წარმატებით თრობის ფენომენი. მით უფრო, რომ ამ ადამიანებმა სწორედ საკუთარი თავგანწირვით, სისხლით, გმირობით და ერთმანეთის გატანით შეძლეს წარმატების მიღწევა და არა იმდენად, – შინაური თუ უცხოელი პოლიტიკური ლიდერების ხელმძღვანელობით თუ თანადგომით. მათთვის შეიძლება არ აღმოჩნდეს ავტორიტეტი ისინი, ვისაც დასავლეთი ასე თუ ისე იცნობს, ხოლო ვისაც ისინი უფრო ენდობიან, ე.წ. „მემარჯვენე სექტორი“, Пра́вий се́ктор, ანუ ნიუ-ბენდეროველები, თავისი მკვეთრი ნაციონალიზმით თუ ნეოფაშიზმთან სიახლოვით – არ აღმოჩნდეს მისაღები დასავლეთისათვის. რაც უფრო მალე გამოიკვეთება ახალი ლიდერები და რაც უფრო მალე მოახერხებენ ისინი დასავლეთისათვის მისაღებ ძველ ლიდერებთან საერთო ენის და კონსენსუსის გამონახვას, მით უფრო მეტი იქნება შანსი, რომ მიღწეული წარმატება განმტკიცდეს და არ დაინგრეს. ხოლო დასავლეთის დახმარება აუცილებლად დასჭირდებათ, რადგან მშიერი ქვეყანა საშინელებაა, ხოლო მშიერი პოლიცია და ჯარი -საშიში… კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ძალიან ძნელი იქნება, რადგან ამ მემარჯვენე სექტორის (თუ „მართალი სექტორის“) ლიდერების აბსოლუტურ უმრავლესობას სულაც არ სურს უკრაინის ევროკავშირში ინტეგრირება და ევროკავშირს ლამის ისეთივე საფრთხედ განიხილავს, როგორც რუსეთს…

6. დასავლეთმა სასწრაფოდ უნდა მოახერხოს იმის გათვლაა და გამოცხადება, რა ფინანსური დახმარება შეიძლება გაუწიოს უკრაინას. ერთი საქმეა შორიდან მოკითხვების თუ შეშფოთების გამოხატვა, და მეორე, – როცა მომავალ პარტნიორად შერაცხულ ქვეყანას უნდა მილიარდებით დაეხმარო, როცა ფული საკუთარი მოსახლეობისთვისაც არ გყოფნის…

7. პუტინის მხრიდან უკრაინის საქმეების რუსეთის სასარგებლოდ გადაწყვეტა მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ მას, ევროკავშირისაგან განსხვავებით, არ დაუხევია უკან 15 მილიარდი დოლარის გამოყოფაზე და 3 მილიარდი კიდეც გადარიცხა უკვე (რასაც ახლა ალბათ ძალიან ნანობს). მაგრამ არის ერთი სერიოზული პრობლემა – უკრაინის დახლეჩვა და მისი ყველაზე მდიდარი და განვითარებული ნაწილის – სამხრეთ-აღმოსავლეთის – მითვისება პუტინისთვის თითქოს უდავო პოლიტიკური წარმატება უნდა იყოს, გაცილებით უფრო შთამბეჭდავი რუსი ხალხის თვალში, ვიდრე პატარა თვალწარმტაცი აფხაზეთის და რუსებისათვის კიდევ უფრო ნაკლებმომხიბვლელი ცხნივალის რეგიონისა, მაგრამ ეკონომიკური ეფექტი სულაც შეიძლება არ აღმოჩნდეს პოზიტიური! საქმე იმაშია, რომ უკრაინის გახლეჩვას ძალიან სერიოზული დარტყმა შეიძლება მოჰყვეს რუსეთის ეკონომიკურ სისტემაზეც. რუსეთს მოუწევს ძალიან ბევრი გაუთვალისწინებელი ხარჯის საკუთარ თავზე აღება. წარმოების დიდი ნაწილი უკრაინაში ქვეყნის დეზინტეგრაციის შემთხვევაში გარკვეული დროით შეიძლება გაჩერდეს, რაც რუსეთის თავდაცვით მრეწველობას და მანქანათმშენებლობას დააზიანებს. რუსეთის მიერ უკრაინის ეკონომიკაში ჩადებული სახსრების ამოღება სათუო გახდება. და თან უეჭველად დაიწყება რუსეთიდან კაპიტალის გადინების კიდევ უფრო შეუჩერებელი ზრდა. დასავლეთი საქართველოს შემდეგ უკვე უკრაინის გადასანსვლის მკაფიოდ დემოსტრირების ფონზე სულ უფრო მეტად დაფიქრდება, რამდენად ღირს რუსული გაზის ხიბლით რუსი დათვის მძევლად ყოფნა. პოლონეთის, ბალტიისპირეთის, რუმინეთის, ჩეხეთის და ბულგარეთის მხრიდან კიდევ უფრო გაიზრდება ზეწოლა ძველ ევროპაზე, რომ მათ საკადრისი პასუხი გასცენ რუსეთს. სავარაუდოდ, რუსეთისთვის ეკონომიკური ზარალი, ალბათ, რამდენჯერმე მეტი იქნება, ხოლო რეცესია უფრო ხანგრძლივი, ვიდრე ეს 2008 წლის საქართველოში შემოჭრას მოჰყვა. დავამატოთ ამას ისიც, რომ სირიასა და ირანში საომარი მოქმედებების ალბათობის მკვეთრად შემცირების და ერაყიდან ჯარების გაყვანის ფონზე ამერიკისათვის რუსეთთან მოლაპარაკების აუცილებლობა მცირდება, ხოლო ტონალობა შეიძლება გამკაცრდეს. ეს კი ამ სიტუაციაში ძალიან გაართულებს რუსეთის თუნდაც ისეთი ტრადიციული მოკავშირეების პუტინისადმი ლიბერალიზმსაც კი, როგორც გერმანია და საფრანგეთია. თავისდაუნებლიედ, პუტინი შეიძლება აღმოჩნდეს იმის მსგავს სიტუაციაში, როგორც ბრეჟნევი 1980 წელს, როცა ლამის ერთ დღეში დაპყრობილი ავღანეთი და მოსკოვის ოლიმპიადის გახსნით გამოწვეული სიამაყე გედის სიმღერის პირველი აკორდები აღმოჩნდა საბჭოთა იმპერიის კრახის წინ… ამიტომ, არაა გამორიცხული, რომ მოსკოვი დროზე მიხვდეს, რომ მისთვის მომგებიანი უკრაინის გახლეჩვის ბლეფია მხოლოდ, ხოლო რეალური გახლეჩა უპროგნოზო განვითარების რთულ კასკადს დაუდებს სათავეს, რომელშიც დამნაშავედ რუსეთში სწორედ პუტინს ჩათვლიან და მაშინ მას უკვე საკუთარი სახელისუფლებო სვეტების სიმყარის გამოცდა მოუწევს… საკმაოდ უცნაური იქნება რუსეთის ხელისუფალთა როლი ამ როლში, როცა ისინი მუდმივად შეეცდებიან აღმოსავლეთ უკრაინის და ყირიმის რუსოფილ ხელისუფალთა დარწმუნებას იმაში, რომ მათუ გეგმები უკრაინის გახლეჩვის მიმართულებით სულაც არაა ბლეფი, ხოლო მეორე მხრივ, დასავლელი პოლიტოლოგების და ეკონომისტების დარწმუნებას იმაში, რომ ეს მხოლოდ ჭორებია და რომ რუსეთისთვის გახლეჩილი და დასუსუტებული უკრაინა აბსოლუტურად მიუღებელია… თანაც, სულ არაა გამორიცხული, რომ პუტინი ხან ერთ როლში იყოს გულწრფელი და ხანაც – მეორეში!

8. ყოველივე ზემოთაღნიშნულის გამო რამდენიმე ერთი შეხედვით პარადოქსული დასკვნები შეიძლება გავაკეთოთ:
- ა) უკრაინის პრობლემები ძალიან შორსაა გადაწყვეტისაგან და იანუკოვიჩის გადაყენებას, პოზიტიური მხარის გარდა, ნეგატიურიც აქვს. ნამდვილად კარგი იქნებოდა, იანუკოვიჩი ისევე წასულიყო, როგორც თავის დროზე შევარდნაძე წავიდა და საკანონმდებლო-კონსტიტუციური ვაკუუმი არ შეექმნა ქვეყანაში.
- ბ) აუცილებელია არსებული მმართველობითი ხარვეზების სასწრაფოდ გამოსწორება არჩევნების დანიშვნით და იმის გარანტირებით, რომ არჩევნები უკრაინის მთელ ტერიტორიაზე ჩატარდება და მისი შედეგები სწორედ მთელ ტერიტორიაზე იქნება ლეგიტიმური. ამისათვის აუცილებელია, რომ შენარჩუნებულ იქნას (რაც შეიძლება უცვლელად!) ერთადერთი კანონიერი სტრუტურა, რაც ფუნქციონირებს – უკრაინის რადა! გამარჯვებულმა ძალებმა არ უნდა სცადონ რადაში ბალანსის ხელოვნური დარღვევა, რაც რუსალენოვანი რეგიონების მოსახლეობის შიშებს და რუსეთის გაღიზიანებას გაზრდის.
- გ) აშშ, ევროკავშირი და რუსეთი – უკრაინული პოლიტიკური ლიდერების მონაწილეობით (არ გამოვრიცხავდი იანუკოვიჩის მონაწილეობასაც, მისთვის გარკვეული გარანტიების მიცემის საფასურად კი მის მიერ პოსტის დატოვების სამართლებრივი პროცედურების დაცვას, თუმცა ეს უკრაინელებმა უნდა გადაწყვიტონ) სასწრაფოდ უნდა შეთანმხდნენ ქვეყნის ინტეგრაციის და მმართველობის კანონიერი სტრუქტურების არჩევნების ჩატარების ფორმებზე და ვადებზე, ასევე – უკრაინისათვის სასწრაფო ეკონომიკური დახმარების გამოყოფის მოცულობაზე და ვადებზე.
- დ) ზემოთხსენებული გარეშე ძალები უნდა შეთანმხდნენ იმაზეც, რომ ხელს არ შეუშლიან უკრაინის განვითარებას არჩევნების შემდეგ. არაა გამორიცხული, რომ რუსეთმა მოითხოვოს გარანტიები, რომ უკრაინა (არასოდეს ან დიდი ხნით) არ შევა ნატოში და სევასტოპოლში კვლავაც (მუდამ ან დიდი ხნით) დარჩება რუსული ფლოტის ბაზა. ამ წინადადებების განხილვის ხელაღებით უარყოფა დასავლეთის ან უკრაინელი პოლიტიკოსების მხრიდან შეცდომა იქნება. აჯობებს, ისეთი პირობებზე მოლაპარაკება, რაც მაქსიმალურად მისაღები იქნება უკრაინისათვის (მაგალითად ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების დაჩქარებულად ხელმოწერა და ევროკავშირში შესვლის პერსპექტივის გაცხადებულკი დადასტურება, ნატოში შესვლის და სევასტოპოლის ბაზის გასვლის გადავადება, და არა – სამუდამო დაკანონება), მაგრამ შეუნარჩუნებს სახეს რუსეთის ხელისუფლებასაც, რომელსაც შიდა ძალები ადვილად არ აპატიებენ პირში მწიფე ლეღვივით ჩასავარდნად გამზადებულ უკრაინაზე ხელის აღებას.
- ე) მაიდანზე მყოფი ადამიანები უეჭველად იმსახურებენ ხელისუფლების მხრიდან გარკვეულ გარანტიებს და კომპენსაციებს (განსაკუთრებით – დაღუპულთა ოჯახები) და ეს სასწრაფოდ გასაკეთებელია რადას დონეზე. ამავე დროს, უკეთესი იქნება, თუ ეს ადამიანები და მათი არაფორმალური (ფაქტირუი) ლიდერებიც გააცნობიერებენ, რომ ამ სიტუაციაში მაინც, როცა მათი ქვეყნის არსებობა სასწორზე დევს, ზედმეტი მაქსიმალიზმი დამღუპველი იქნება და საკუთარი პირობების ხისტად დაყენებაზე უარის თქმა მოუწევთ. განსაკუთრებით, როცა ეს ეხება იმას, თუ ვინ უნდა იყოს უკრაინის მმართველი ძალა არჩევნებამდე პერიოდში. აქვე მინდა ვთქვა, რომ იულია ტიმოშენკოსადმი ჩემი საკმაოდ ეჭვიანი დამოკიდებულების მიუხედავად, მისი პოლიტიკური პოტენციალის უარყოფა არ იქნება, ალბათ სწორი, თუმცა ესეც უკრაინელების გადასაწყვეტია. ტიმოშენკო თუ შეძლებს და თავის ამბიციებს დროებით მაინც მოთოკავს, მისთვისვე სასარგებლო იქნება…
- ვ) ყველა იმ ტვინგაცხელებულ პოლიტიკოსს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, რომელიც შეიძლება ფიქრობდეს, რომ უკრაინის დაშლა ის ჩიტია, რომელიც ბდღვნაც ნამდვილად ღირს ან საკუთარი ძალაუფლების განსამტკიცებლად, ან – უფრო დიდი ფასკუნჯის – რუსეთის დაშლის პროვოცირებისათვის, უნდა ესმოდეს, რომ მათი სურვილები ვერ დარჩება სამუდამოდ საიდუმლო და რომ უკრაინის ამ მსხვერპლშეწირვის ბინძური იდეით ისინი საკუთარ თავს მოლოტოვის და რიბენტროპის რანგში აყენებენ. და ისიც დროა გაიგონ, რომ თუ ერაყის და ავღანეთის დამორჩილება არ აღმოჩნდა არც იოლი და არც შესაძლებელი, მით უფრო შეუძლებელი იქნება ეს პროცესები ხელოვნურად რუსეთთან მიმართებაში.
იმპერიები, ისევე როგორც პატარა ქვეყნები, მაშინ იშლებიან, როცა მათი ხელისუფლება სრულად ამოწურავს მისი საყრდენი სვეტების სიმტკიცის რესურსებს.

======

P.S. აღნიშნული სტატიის დაწერა რუსულადაც ან ინგლისურადაც შეიძლებოდა, მაგრამ არ მაქვს იმის ამბიცია, რომ ვინმე უკრაინაში ან ევროპაში მომისმენს, მაშინ როცა აქაც კი სათუოა ჩემი ფიქრების პროფესიული ფასიც და თუნდაც შინაური პოლიტიკოსების მხრიდან მოსმენის თუ არა, კამათის მზაობა მაინც :)

ჩემი ძირითადი სურვილი ისაა, რომ ერთად დავფიქრდეთ იმაზე, რა გამოცდას გვიმზადებს განგება. მგონი, უახლეს ისტორიაში პირველად ხდება, რომ სხვათა მაგალითზე შეგვიძლია ვისწავლოთ. თუ, რა თქმა უნდა, ძველებურად არ გადავწყვეტთ, რომ მაინც საკუთარი შეცდომების დაშვება გვირჩევნია :(


მადლობა მიშას!


miSha-24Oqt
მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი გამოსვლა მის მიერ აშენებულ თბილისის საგამოფენო ცენტრის ფანტასმაგორიულ შენობაში იყო დახვეწილი დემაგოგიის, თვალუწვდენელი ბოღმის და ენითაუწერელი შიშის მართლაც ფანტასმაგორიული ნაზავი.
ეს იყო ძალიან ნიჭიერი მცდელობა ცხვრისტყავმოსხმული კრიმინალისა, რომელიც ცდილობდა (მეასიათასჯერ!) დავერწმუნებინეთ, როგორი კარგი და პატრიოტი იყო, როგორ მარად ხალხზე ზრუნავდა, როგორ არ ეძინა საქართველოს სიკეთეზე ფიქრში, როგორ წყლულად აჩნდა ერის წყლული, წმინდა სებასტიანივით ისრებით დაკორტნილ წამებულ სხეულზე…
მაგრამ რა ვუყოთ იმ რეალობას, რაც მისმა “თავგადაკლულმა პატრიოტობამ” მოიტანა? ვინ დაგვიბრუნებს მის მიერ დაკარგულ ტერიტორიებს? ვინ გააცოცხლებს მის მიერ ჩახოცილ ახალგაზრდებს, თუ მისი უთავობით და უტვინობით დაღუპულ ჯარისკაცებს? ვინ აუნაზღაურებს ათეულათასობით მოქალაქეს მიყენებულ ზარალს თუ ციხეში უსამართლოდ გატარებულ (როგორც თავად ამბობს) – “წლეებს”? როდის დააბრუნებს ის და მისი ნაცბანდა იმ სახელმწიფო სიმდიდრეს, რაც უხვად გაყიდეს, ჩაიჯიბეს და მიითვისეს, დაწყებული ტყეებიდან და სახნავ-სათესი მიწებიდან და დამთავრებული – საავადმყოფოებით, საბავშვო ბაღებით, სკოლებით, ბიბლიოთეკებით და მუზეუმებით? როგორ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სააკაშვილის ხელისუფლება, რომელიც დამპალი ფიცრის მოპარვისთვის 65 წლის პენსიონერ ლტოლვილს ერთ წელ ციხეს უსჯიდა, ხოლო თავად მილიონებს და მილიარდებს იპარავდა და ახლა კი პოლიტიკური სარჩულით საკუთარი დაუსჯელობის დაკანონებას ცდილობს, ამავე დროს ლტოლვილად აქცევდა ათასობით და ათეულათასობით საქართველოს მოქალაქეს, ხოლო აქ საცხოვრებლად ეპატიჟებოდა ირანელებს, ჩინელებს, ინდოელებს და ბურებს და მათთვის ქართული მიწის ფასს 40-ჯერ უფრო დაბლა სწევდა, ვიდრე თავად ქართველებისათვის, იმისათვის, რომ საქართველო სინგაპურად ექციათ, – მათი და მათი შვილების მიერ სამუდამოდ მართულ სინგაპურად?! რა უნდა ისწავლოს ახალგაზრდობამ მიხეილ სააკაშვილისაგან, თუ არა უტიფრობა, უნამუსობა, ღალატი, სულმდაბლობა, უზნეობა და ავზნეობა?!
მიხეილ სააკაშვილი დღეს ლაპარაკობდა “ბრძოლის ახალ ეტაპზე”, მისი “იდეების უკვდავებაზე” და იმაზე, როგორ კარდინალურად განსხვავდება იგი პუტინისაგან. ჩემი აზრით, იგი მხოლოდ ორი რამით განსხვავდება პუტინისაგან – მოქალაქეობით და სიმაღლით. ხოლო რაც შეეხება მართვის მეთოდებს, კლანურ პრინციპებს, და საქართველოსადმი დამოკიდებულებას, ამაში ისინი ტყუპისცალები არიან…

მიხეილ სააკაშვილს მართლაც მადლობას ვუხდი, იმისათვის, რომ სრულყოფილად დამანახა, როგორი არ უნდა იყოს ხელისუფალი და ხელისუფლება!

27 ოქტომბერს სწორედ ამაზე ფიქრით წავალ არჩევნებზე.


ბოლო გაჭინთვა


misha braz

1 ივლისს მიხეილ სააკაშვილის პრესს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ სავსებით ოფიციალურად განაცხადა, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები 27 ოქტომბერს, ოქტომბრის ბოლო კვირა დღეს დანიშნა. და შესაბამისი თხოვნით ცენტრალურ საარჩევნო კომისიასაც მიმართა.

ამის შემდეგ, არ გასულა რამდენიმე საათი, და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ანდრო ბარნოვმა “ტექნიკური შეცდომა” უწოდა პრეზიდენტის პრესსპიკერის ოფიციალურ განცხადებას და გამოაცხადა, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილებით არჩევნები გაიმართება არა 27 ოქტომბერს, კვირას, არამედ 31 ოქტომბერს – ხუთშაბათს! და მიმართა ცესკო-ს წინა გადაწყვეტილების ჩასწორების თხოვნით!

ფეისბუქზე უკვე ახალი ეპითეტი დაიმსახურა მიხეილ სააკაშვილმა – “ოთხი დღის მათხუარი”.

მაგრამ არის კი ეს მხოლოდ კაპრიზი? თუ ამ 96 საათისთვის ბატალიის უკან რაიმე კონკრეტული შედეგის მიღწევის სურვილია?

საქმე იმაშია, რომ მიხეილ სააკაშვილი გამწარებული იბრძვის თავისი ბოლო ოცნების ასასრულებლად – მას უნდა, რომ ევროკავშირის ვილნიუსის სამიტს, რომელიც 27-28 ნოემბერს იმართება, პრეზიდენტის რანგში დაესწროს (თავად განაცხადა ეს ნატოს გენერალური მდივნის საქართველოში ყოფნისას გამართულ ბრიფინგზე). დარწმუნებული ვარ, მიხელ სააკაშვილი ვილნიუსში ეცდება ხელი შუშალოს, თავისი პირადი კონტაქტების და კულუარული შეხვედრების გამოყენებით, საქართველოსთვის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის გადადებას – იმ საბაბით, რომ საქართველოში თითქოს პოლიტიკური დევნა ხორციელდება!

ერთი შეხედვით, სააკაშვილისთვის სამწუხაროდ, 4 დღით გადადება თითქოს არაფერს ცვლის. კონსტიტუციით ახალი პრეზიდენტი არჩევნების დღიდან მესამე კვირა დღეს ფიცს დებს. მაგრამ ამ ტერმინის ინტერპრეტირება ორგვარად შეიძლება – ზოგი თვლის, რომ მესამე კვირა დღე ნიშნავს “სამი კვირის შემდეგ”. ანუ 27 ოქტომბრის შემთხვევაში ეს იქნებოდა 17 ნოემბერი, მაგრამ თუ დავუშვებთ, რომ პირველ კვირა დღედ სწორედ თავად არჩევნების კვირა დღე შეიძლება ჩაითვალოს, მაშინ არაა გამორიცხული, რომ 27 ოქტომბრის არჩევნების შემთხვევაში ინაგურაცია 10 ნოემბერს დაინიშნოს, ხოლო 31 ოქტომბრის შემთხვევაში კი მესამე კვირა დღე ნამდვილად 17 ნოემბერი გამოდის!

თითქოს დიდი ვერაფერი ბედენაა, მიშას როდის მოუწევს პოსტის დატოვება – 10 ნოემბერს თუ 17-ში, ვილნიუსის სამიტზე დასწრების ბილეთს იგი ნებისმიერ შემთხვევაში კარგავს.

მაგრამ თუ ისე მოხდა, რომ პრეზიდენტი პირველ ტურში ვერ იქნა არჩეული, მაშინ მეორე ტური ინიშნება ორი კვირის შემდეგ. ორი კვირა 27 ოქტომბრიდან იქნებოდა 10 ნოემბერია (კვირა), ხოლო 31 ოქტომბრიდან – 14 ნოემბერი (ხუთშაბათი). თუ ზემოთხსენებულ ინაგურაციის დღეს გამოვთვლით, პირველ შემთხვევაში, თუ თავად 10 ნოემბერი “პირველ კვირა დღედ” ჩაითვლება, მაშინ მესამე კვირა დღე 24 ნოემბერი გამოვა და მიშა ვილნიუსის ბილეთს კარგავს, ხოლო 14 ნოემბრის მეორე ტურის შემთხვევაში მესამე კვირა დღე – 1 დეკემბერი გამოდის. ე.ი. ამ შემთხვევაში 27-28 ნოემბერს ვილნიუსში სწორედ მიშა მოგვევლინება საქართველოს ჯერ კიდევ პირველ პირად (და ძალიან კოჭლ, მაგრამ მაინც თავმომოწონე იხვად!)

აი, რით არის განპირობებული ეს “4 დღის მათხოვრობა”. D:D

მიხეილ სააკაშვილი ბოლომდე კბილებით იბრძვის და იმედია აქვს, რომ წასვლის წინ კიდევ ერთი მწარე მაიმუნობის ჩადენას მოასწრებს, არა მარტო ახალი მთავრობის, არამედ – ქართველი ხალხის მიმართაც!

P.S. ამას ისიც დაამატეთ, რომ ხუთშაბათ დღეს არჩევნების დანიშვნით მიხეილ სააკაშვილი უკვე მეორედ (2012 წლის 1 ოქტომბრის მსგავსად) თამაშგარე მდგომარეობაში ტოვებს ლამის მილიონნახევრიანი ქართული დიასპორის დიდ ნაწილს – ყველა იმათ, ვინც სამუშაო დღეს სხვა ქალაქებიდან საკონსულო ცენტრებში ჩამოსვლას და ხმის მიცემას ვერ მოახერხებს – სავარაუდოდ ეს რამდენიმე ასეული ათასი ამომრჩევლის საარჩევნო უფლების ფეხქვეშ გათელვაა!

ვფიქრობ, საქართველოს პარლამენტმა უნდა მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრეზიდენტის ამ ბრძანებულების გაუქმების მოთხოვნით.
და საერთოდ, უნდა დაკანონდეს, რომ საქართველოში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები უნდა ტარდებოდეს მხოლოდ უქმე დღეებში.


ერთი დღის ორი ამბავი და ერთი “შემოქმედი”


panashvidi2

წვიმს.
საშინლად წვიმს.
ცა ჩამოვიდა ქვეყნად.
10 ივნისის დილაა და გარეთ რომ გაიხედავ, ისეთი ნაცრისფერია და მოღუშული თბილისი, ნოემბრის საღამო გეგონება.
ამინდმაც თითქოს გაიზიარაო ჩვენი გლოვა და ტკვილი. ცამ გუშინვე გახსნა პირი და დღეს უკვე თავშეუკავებლად დასტირის იმ ბიჭებს, ასე ერთბაშად რომ მოგვწყვიტა ომმა.
ვზივარ და „კვირის პალიტრაში“, კი არ ვკითხულობ, კანკალით მივყვები დაღუპულ ბიჭებზე ეკა ლომიძის, თეა ხურცილავას, ლალი პაპასკირის დაწერილ წერილებს. ჯერ ეკა ლომიძის „დედის ბლოგი“ წავიკითხე, მერე დაღუპულ გორელ ბიჭებზე, მერე ძეგვში, მარტყოფში, რუსთავში, ყვარელში წამიყვანა 20 წლის ერთგულმა მეგობარმა გაზეთმა…
ძალიან მძიმეა ეს. მამა ვარ და მძიმეა… დედებისთვის წარმომიდგენია, უფრო მძიმე იქნება. ხოლო დაღუპულთა დედებისთვის და ოჯახებისათვის კი – ჯოჯოხეთი…
როგორი საშინელი და ლამის არარეალური მეჩვენება ბავშვობიდან ნაცნობი ასე ლამაზი სიტყვები:
- ერთი შვილ მაინც გაგზარდე, ვეფხვებთან მეომარია!..
ამ სტატიებით გულდამძიმებულმა უფრო ვიგრძენი ჩვენი ტრაგედია, რომელიც გუშინ ამდენი ყვავილების, გვირგვინების, სანთლების, შავჩოხოსნების თუ შავკოსტუმიანი პოლიტიკოსების ფონზე ზედმეტად თეატრალიზებული და პომპეზური მეჩვენა… გუშინ ისე ვერ განვიცადე სახალხო გლოვა, როგორც დღეს, ამ გაზეთის კითხვისას. ძალიან ცუდად ვიგრძენი თავი. ყელში ბურთი მაქვს გაჩრილი და ლამისაა ვტირი… თუ უკვე ვტირი…

რა უნდა ვთქვა?! ყველაფერი ნათელია: 7 დაღუპულიდან ყველაზე უმცროსი 21 წლის იყო, ყველაზე უფროსი – 32-ის. 7 დაღუპულიდან შვიდივე რაიონის მკვიდრია. 7 დაღუპულიდან 6 გაჭირვებამ წაიყვანა საკონტრაქტო სამსახურში და მერე – ავღანეთში. ზოგს ვალები ჰქონდა გადასახდელი, ზოგს – ოპერაციის ფული, ზოგი საკუთარ სახლზე ოცნებობდა, ზოგი – შვილზე და ზოგი საყვარელი გოგოს ცოლად მოყვანას აპირებდა დაბრუნებისას. ავღანეთში ჯარისკაცად წასვლის მთავარი მიზეზი უმუშევრობა და უიმედობა იყო. ყველაზე ზუსტად ამ ყველაფერს ეს წინადადება გამოხატავს:
„სააკაშვილის მთავრობამ მემკვიდრეობად გაჭირვება და სიკვდილი დაგვიტოვა. თუ ჯარში არ მივდივართ, სიღარიბეს ვებრძვით, რომ გადავარჩინოთ ოჯახები. დაითვალეთ, აქ რამდენი ახალგაზრდა კაცი ვართ, ყველა უმუშევარი, ყველა გულგატეხილი და იმედგაცრუებული, რომ ოდესმე ვინმეს დავჭირდებით ამ ქვეყანაში.“ (ერთ-ერთი გარდაცვლილის ბიძაშვილი)
====================================
ქვემოთ ზოგიერთი ციტატა მოვიყვანე სტატიებიდან. ისე კი გირჩევთ, სრულად წაიკითხოთ -www.kvirispalitra.ge. ან 10 ივნისის გაზეთში.

ზურა გურგენაშვილის ოჯახი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა გრძელ ნუსხაშია. ისინი არაფერს მალავენ და იმაში, რომ ზურა აღარ ჰყავთ, სწორედ სიღარიბეს ადანაშაულებენ. რომ არა გაჭირვება, ჯარში არ დაიწყებდა მუშაობას, კვნესის და, დედა, მამიდა… ბავშვობიდან ცდილობდა მშობლები, ძმა და დები სიღატაკისგან ეხსნა. სკოლიდან მოსვლისთანავე ნახირში გარბოდა ან დღიურ მუშად უდგებოდა ვინმეს, რომ შინ პურის ფული მიეტანა. სულ სამსახურს ეძებდა, იქნებ ამ პატარა, ღარიბი ბინის გარდა ჩემთვის ბუდე მოვიწყო და ოჯახი შევქმნაო. საკონტრაქტო ჯარში წავიდა. კონტრაქტს რამდენიმე თვეში, ავღანეთიდან დაბრუნების შემდეგ გასდიოდა ვადა. იმედი ჰქონდა, რომ ბედი არ უმუხთლებდა, გზად შეყვარებული დამხვდება და შინ ქორწილით დავბრუნდებიო…” – ამბობს ზურას ბიძაშვილი ხათუნა გურგენაშვილი.”
“ზურამ წასვლამდე ყველა ვალი გაისტუმრა, პატარა ბინა იყიდა, რომ ცოლი შეერთო და მასთან ერთად ეცხოვრა. ბაღში ხილი გააშენა. უხაროდა, რომ ბლები აყვავდნენ. ისინი კიდევ მრავალჯერ აყვავდებიან, მაგრამ ჩემი ძმა საკუთარ სახლში ღამის გათენებასაც ვერ მოესწრო”, – ტირის და.
“ჩემი შვილი ყველას შემწე იყო. ჯარისკაცის ხელფასი, რომელიც 700 ლარსაც არ აღემატებოდა, შეეძლო ყველასთვის გაენაწილებინა. პატრონობდა ავადმყოფ ძმას, ჩვენ, მშობლებს, გათხოვილ დებს, რომელთაგან ერთს ბავშვი შეუძლოდ ჰყავდა და რომ არა ზურა, წამალსაც ვერ იყიდდა…” – ხმა და ცრემლი ერთად გამოუშრა დედას.
“ავღანეთში წასვლის წინადღეს მოგვინახულა ნათესავები. ჯოჯოხეთში მივდივარ და წასვლამდე ყველას უნდა ჩაგეხუტოთო. ეს არ ქნა ზურა-მეთქი, – ყველაფერი კარგად იქნება, ისეთ მეთაურს მივყვებით, ყველას უკლებლივ დაგვაბრუნებსო”, – მოთქვამს მამიდა.
——
ბორისმა [ბორის ცუგოშვილი] ერთხელ უკვე ჩაათავა ოთხწლიანი კონტრაქტი. 2008 წლის ომის დროს საინჟინრო-სატანკო ბატალიონში იყო და გორის სამხედრო ბაზის დაბომბვის დროს დაიჭრა, ტვინის შერყევა დაემართა, ცხვირი გაუტყდა. როდესაც კონტრაქტი გაუთავდა, აღარ აპირებდა ჯარში დაბრუნებას. მცირე დანაზოგით ცოლი შეირთო. ეგონა სხვა სამსახურს იშოვიდა, მაგრამ ამაოდ. მერე ბავშვი გაჩნდა, ახლა პატარა ბიჭი 10 თვის არის. დედას საკეისრო ოპერაცია დასჭირდა. 1.000 ლარი მოგვთხოვეს ექიმებმა, ძროხა და ხბო გავყიდე, რომ ბავშვი დაბადებულიყო, სხვა ვალებიც აიღო ბორისმა და იძულებული გახდა მათ გასასტუმრებლად, ისევ ჯარში დაბრუნებულიყო. ერთხელაცო, თქვა და წავიდა. რას იფიქრებდა, რომ ეს ერთხელაც უკანასკნელი გამოდგებოდა? რას იფიქრებდა, რომ მისივე ქვეყნის პრეზიდენტი არ გაუფრთხილდებოდა მათ სიცოცხლეს და სისულელეებს მოროშავდა ტელევიზორში?

შალვა ცუგოშვილი, ბორისის ბიძაშვილი: – სააკაშვილის მთავრობამ მემკვიდრეობად გაჭირვება და სიკვდილი დაგვიტოვა. თუ ჯარში არ მივდივართ, სიღარიბეს ვებრძვით, რომ გადავარჩინოთ ოჯახები. დაითვალეთ აქ რამდენი ახალგაზრდა კაცი ვართ, ყველა უმუშევარი, ყველა გულგატეხილი და იმედგაცრუებული, რომ ოდესმე ვინმეს დავჭირდებით ამ ქვეყანაში. სააკაშვილს ნატოში შესვლის იმედი რომ აქვს, მოვიდეს, დაგველაპარაკოს და გვიპასუხოს, ქვეყანა, რომელსაც ამდენი დაქცეული ოჯახი ჰყავს, ვის რად უნდა ნატოში?
გორში, ცუგოშვილების ბინაში სასოწარკვეთილი დედა, ცოლი და პატარა ვაჟკაცი ელოდებიან ქართველი ვაჟკაცის დაბრუნებას, რომ მერე ისევ გააცილონ, ოღონდ უკანასკნელ გზაზე და ცხოვრების პირისპირ მარტო დარჩნენ, ტკივილებით, ცხოვრების შიშით და ვალებით, რომელიც ბორისს გაუსტუმრებელი დარჩა.
“მადლობა შენ, რომ შვილი მაჩუქე, სამაგალითო ბიჭო. შენ ხომ ვალები იმისთვის აიღე, რომ ჩვენ გყოლოდით თბილად და ბედნიერად…” ჩურჩულებს პირგამეხებული ნინო, ბორისის მეუღლე.

გიორგი ადამოვის ბინის შესასვლელში 20-იოდე წლის გოგონა იატაკზე, თავჩარგული მოთქვამს. ის გიორგის ს აცოლეა. 23 მაისს ბიჭს 23 წელი შეუსრულდა. დროა ცოლი შევირთოო, უთქვამს წასვლამდე და საცოლე ოჯახისთვის წარუდგენია…

დალი ადამოვი, გიორგის და – “6 ივნისს, დილით, შვიდ საათზე დაგვირეკა და ყველა მოგვიკითხა. მასზე 11 წლით უფროსი ვიყავი. ულამაზესი ძმა მყავდა, ძალიან მამაცი, კეთილი და თავმდაბალი. ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა განსაკუთრებული ხასიათით, დამოუკიდებლობით. ერთხელ მონასტერში წასულა, ისე, რომ არ გვითხრა. გვისაყვედურა, რომ ვეძებდით, სად უნდა წავსულიყავი, რამეს ხომ არ დავაშავებდიო. ოცნებობდა საუკეთესო მეომარი ყოფილიყო, მაგრამ… არ ვიცი, რა უნდა ვთქვა, წარმოუდგენელი ტკივილი გამეფდა ჩვენს სახლში, რომელსაც ვერაფერი მოაშუშებს. გიორგი ისეთი იყო, თავისი საქმით იტყოდა სათქმელს, მაგრამ არ დააცალა ოხერმა სიკვდილმა…”

რიგითი გიორგი ღუჭაშვილი 21 წლის იყო. მარტყოფში ჩასულს საზარელი სურათი დამხვდა – ოჯახის წევრები, მეგობრები, მეზობლები 21 წლის ახალგაზრდას გლოვობდნენ. გიორგიმ საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში წასვლა 3 წლის წინ, მამის გარდაცვალების შემდეგ გადაწყვიტა. იგი ნანგრევებში გარდაცვლილი იპოვეს… გიორგი ღუჭაშვილი მარტყოფში დედასა და ძმებთან ერთად ცხოვრობდა.
გიორგი ღუჭაშვილი, გარდაცვლილის ბიძა: მე დიდი გიორგი ღუჭაშვილი ვიყავი, ის – პატარა, მაგრამ აღარ მყავს ჩემი გიორგი. ჩემს ხელში გაიზრდა. ჩემი ძმა 3 წლის წინ გარდაიცვალა. იმ წელს გიორგიმ სკოლა დაამთავრა და პატარა ბიჭმა გადაწყვიტა, თავად ეპატრონა ოჯახისთვის. სკოლის დამთავრებისთანავე წავიდა ჯარში. ამით არჩენდა ოჯახს. სულ მირეკავდა, ყველაფერი კარგად არის და არ ინერვიულოო.

ლია ღუჭაშვილი, გიორგის ბიძაშვილი: როცა საკონტრაქტო სამსახურში წასვლა გადაწყვეტა, გვითხრა, მამის დაკარგვამ გული ძალიან მატკინა, ოჯახსაც დახმარება სჭირდება, ქვეყანასაც უნდა პატრონობაო და წავიდა. ძალიან უყვარდა მამა. სანამ ბიძაჩემი დაიღუპებოდა, სახლი აუშენა გიორგის. ავღანეთიდან დაბრუნების შემდეგ სწორედ ამ სახლში აპირებდა ცხოვრებას.
—-
ზვიადი [ზვიად სულხანიშვილი] საოცრად კეთილი ბიჭი იყო. დედამისი, ვერიკო, თურმე ისე მძიმედ არის, წამლებით აძინებენ. სამი ვაჟკაცი გაზარდა, გოჩა, ვასიკო და ზვიადი. ზვიადი ნაბოლარა იყო და განსაკუთრებულად ელოლიავებოდნენ. ძალიან უჭირდათ და ეს იყო ჯარში სამსახურის დაწყების მიზეზი. მერე პროფესიამაც გაიტაცა და ღირსეულად იდგა ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე. მთელი სოფელი საშინლად განიცდის, გლოვობს, მაგრამ ზვიადს რაღა ეშველება. ავღანეთში წასვლამდე ვნახე და ვუთხარი, ზვიად, ნუ მიდიხარ-მეთქი. გამიცინა, ნუ გეშინია, მშვიდობით ჩამოვალო…”, – მითხრა ქალბატონმა რუსუდანმა.

ზვიადის უფროსი ძმა გოჩაც წლებია სამხედრო სამსახურშია და სამშვიდობო მისიით ორჯერ იყო ავღანეთში. იქიდან ცოტა ხნის წინ დაბრუნდა, თურმე გოჩა ზვიადმა შეცვალა. მონატრებული ძმები უცხო მიწაზე შეხვდნენ ერთმანეთს, სამი დღე-ღამე ერთად გაატარეს. ალბათ, ძმისგან ზვიადი ბევრ რჩევას მიიღებდა, მაგრამ ყველაზე მძიმე მათი დაშორება იქნებოდა, რადგან გოჩამ კარგად იცოდა, როგორ სახიფათო ზონაში ტოვებდა უმცროს ძმას. თურმე სამშობლოში დაბრუნებული თავს იმით ინუგეშებდა, შედარებით მშვიდ ადგილას დავტოვეო. ამ ტრაგედიამდე სამი დღით ადრე ესაუბრა ოჯახი ზვიადს, არ ინერვიულოთო, დაამშვიდა ახლობლები, მაგრამ ტერორისტულ აქტს შეეწირა. როგორც მეზობლებმა მითხრეს, უმძიმეს მდგომარეობაშია გოჩა, სულ განმარტოებას ცდილობს. მისი მოთხოვნა ყოფილა, ძმაზე ჟურნალისტებთან არავის ესაუბრა.
——
მზია ცოფურაშვილი, მიხეილ ნარინდოშვილის ნათესავი: – საოცრად კეთილი იყო, გულიანი. დედამისი მუშაობდა და ბებია ზრდიდა. ის ახლა 84 წლის არის. არ ვიცით, როგორ უნდა ვუთხრათ მიშოს ამბავი.
რა არ სცადა, მაგრამ სამუშაო ვერსად იშოვა. ძალიან უჭირდათ და რცხვენოდა, ამხელა კაცი დედის კმაყოფაზე როდემდე ვიყოო. ამიტომ გადაწყვიტა თავდაცვის სამინისტროს საკონტრაქტო სამსახურში წასვლა. სხვა გამოსავალი არ ჰქონდა. მერე კი ძალიან მოეწონა იქაურობა. ძალიან დარდობდა, ოჯახი რომ დაენგრა. გერმანიაში წავიდა, ორი შვილი და ფეხმძიმე ცოლი დატოვა. ამბობდა, ცოტას წელში გავიმართები და ცოლ-შვილს არაფერს მოვაკლებო…
—-
ერთი დაღუპულის შესახებ რეპორტაჟს ასეთი სათაური აქვს – “ფულის გამო არ წასულა ჯარში”

მცხეთის რაიონის სოფელ ძეგვიდან გეზი კიდევ ერთი დაღუპული ქართველი ვაჟკაცის სახლისკენ ავიღე და ყვარლის რაიონის სოფელ ენისელში გვიან ჩავედი. 25 წლის თეიმურაზ ორთავიძის ოჯახშიც უმძიმესი სიტუაცია დამხვდა. სახლის აივანზე მეზობლების გარემოცვაში იჯდა თემურის მამიდა, რომელსაც მოთქმა-გოდებისგან ხმა დაჰკარგოდა და ჩახლეჩილი ხმით მოთქვამდა: “რა უნდა გითხრათ, ჩემი ძმის ოჯახი დაიღუპა, საშინელ დღეში ვართ, ჩემი თემო აღარა გვყავს. ბავშვობიდან სპორტს მისდევდა. კრივზე დადიოდა.

[თეიმურაზ ორთავიძე] – თემურის მამიდა: …ძალიან შრომისმოყვარე იყო. 25 წლის არის და მთელ სოფელს უყვარს. მეხუთე წელია ჯარში მსახურობს. დედამისი ეხვეწებოდა, არ წასულიყო, მაგრამ მაინც წავიდა. ჯარში რომ შევიდა, ესეც არ უნდოდა დედამისს, სულ ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ მაინც თავისი გაიტანა. ეტყობა, ეს მისი ბედისწერა იყო. ძალიან ჭკვიანი, მოსიყვარულე ბიჭი გვყავდა. გაგვაუბედურა. დედამისი წამლებით გათიშული წევს. თემოს მეუღლე მარტო დარჩა, არადა, როგორი ბედნიერი იყო. შარშან, დეკემბერში მოიყვანა ცოლი. ძალიან უნდოდა შვილი ჰყოლოდა, უამრავი ოცნება ჰქონდათ, მაგრამ არ დასცალდა. დავრჩით ასე! გაუბედურდა ოჯახი და დაცარიელდა აქაურობა”.

შოთიკო მონასელიძე, მეგობარი: – მე და თემური ერთად ვიზრდებოდით. ჩვენი მამებიც ბავშვობიდან მეგობრობდნენ. ჩვენ მირონიც გვაკავშირებს. მისი დის ნათლია დედაჩემია. პატიოსანი ბიჭი იყო. ერთად ვენახებშიც გვიმუშავია და მწყემსადაც ვყოფილვართ. მის ოჯახს კარგი მეურნეობა ჰქონდა, თემო მამას ეხმარებოდა. მეც ხშირად მივხმარებივარ და მწყემსად გავყოლივარ. ყველას უყვარდა, ამ ოჯახზე ცუდს არავინ გეტყვით. 18-19 წლისა მამას გვერდში ედგა. თავის საქონელს თვითონ უვლიდა. კრივზე დადიოდა. ცოლი რომ შეირთო, ძალიან ბედნიერი იყო. ფიზიკურად ძლიერი იყო და ამიტომ გადაწყვიტა ჯარში სამსახური. ფულის გამო არ წასულა ჯარში. ძალიან გვიჭირს მის სიკვდილთან შეგუება. ძალიან მეგობრული იყო. ფიზიკურად დახმარება თუ გინდოდა, მოგეხმარებოდა, თუ ფინანსურად გჭირდებოდა, ხელს გაგიმართავდა. უკან არ დაიხევდა. მართლა ვაჟკაცი იყო. არ ვიცი, როგორ ვანუგეშო მისი მშობლები.

ზვიად ბეჟანიშვილი, თანაკლასელი: – ერთად გავიზარდეთ. ძალიან კარგი ადამიანი იყო. გაჭირვებულს სულ გვერდით ედგა, შრომისმოყვარე და კეთილშობილი იყო. მდინარე ალაზანში ბევრჯერ გადაურჩენია ადამიანი. ცურვა კარგად იცოდა და მაშინვე საშველად გაიქცეოდა. ერთხელ ბავშვი გადაარჩინა დახრჩობას. ფეხბურთიც ძალიან უყვარდა და ხშირად ვთამაშობდით. კრივშიც წარმატება ჰქონდა.
—–

panashvidi3

========================
მესმის, რომ წინა ხელისუფლების აცუნდრუკებით ასე გაზრდილ კონტინგენტს უცებ ვერ შევამცირებთ, მესმის, რომ ნატოს წინაშე აღებული ვალდებულებების შეწყვეტა წარმოუდგენელია და გადახედვაც არ იქნება ადვილი, მესმის, რომ ახალი მთავრობა უცებ ვერ შეცვლის იმ ფანტასტიურ განსხვავებას, რაც არსებობს ქართველი და ამერიკელი ჯარისკაცის არა მარტო ანაზღაურებას, არამედ სიკვდილის შემთხვევაში გაცემული კომპენსაციის მოცულობებს შორის, მესმის, რომ დაღუპულებს ეს ვერ გააცოცხლებს, თუმცა მათი ხსოვნის უკვდავყოფაზე ზრუნვა მცირე მალამო მაინც იქნება ოჯახებისათვის… და, ყველა ამ მიმართულებით მუშაობა ახლავე დასაწყებია და რომ სწორედ ეს იქნება ჩვენი სამძიმარიც და თავის დახრაც დაღუპულთა ხსოვნისადმი…
======================

9 ივნისს საოცრად დაემთხვა მეორე, დიდი ხნის წინ გამოცხადებული მოვლენა: მოსამართლეთა მე-10, რიგგარეშე კონფერენცია – დიდი ხნის წინ გამოცხადებული და დაანონსებული შეკრება, რომელსაც სააკაშვილის და ადეიშვილის ხელში გაბახებული და გაუბედურებული სასამართლოს რეფორმის გზაზე თითქოსდა გადამწყვეტი სიტყვა უნდა ეთქვა.

კარგად ვიცი, როგორ მოწამლეს და მოსპეს ზემოთხსენებულმა პოლიტიკოსებად ცნობილმა კრიმინალებმა სასამართლო და სამართალი, როგორ აქციეს პროკურორები – ყოვლისშემძლე უზნეო პროკურატორებად, მოსამართლეები – აგარაკებით და ნაჩუქარი სახლებით, მაღალი ხელფასებით და პრემიებით მოსყიდულ სულგაყიდულ მონებად, ხოლო ადვოკატების გარკვეული ნაწილი – საპროცესო გარიგებების მომრიგებელ მაკლერებად. ისიც მესმის, რომ სასამართლოს, რომელიც აშკარა დანაშაულს ჩადიოდა და ხელს აფარებდა, რომელიც ბრალდებულს მხოლოდ 0.04%-ში ამართლებდა, ერთი კონფერენცია კი არა, ავგიას თავლის მსგავსად, ნიაღვარი თუ გამორეცხავს უწმინდურობისაგან. და მაინც უნდა გამოვტყდე, მჯეროდა, რომ მოსამართლეთა ნახევარს მაინც ექნებოდა იმის გამბედაობა, რომ სააკაშვილის უზნეო სასამართლო სისტემის უტიფარი დემაგოგებისათვის – კუბლაშვილისა და მეიშვილისათვის ახლა მაინც გაებედათ და პირში ეთქვათ, რომ მათი დიქტატით, და არავის დიქტატით (!), ცხოვრება აღარ სურთ, რომ კანონს სურთ ემსახურონ და არა – კანონდამრღვევ პოლიტიკანებს, რომ სამართალია უზენაესი და არა უზენაესი სასამართლოს მიშასლაქია თავმჯდომარე, რომელიც მილიონერად ქცევის სურვილით ნაციონალური მოძრაობის ყურმოჭრილ მონად იქცა.

მწარე იმედგაცრუება განვიცადე!

აი, რა განაცხადა კონფერენციაზე დამკვირვებლად დამსწრე პარლამენტარმა, თავადაც იურისტმა ზაქარია ქუცნაშვილმა:
,,… ამ შემთხვევაში გამოიკვეთა მოსამართლეთა ორი ფრთა. მე, როგორც დამკვირვებელი, ვაკვირდები და ვხედავ, რომ ერთია პროგრესული ფრთა, რომელიც გამოდის, საუბრობს, ეთიკას იცავს, კანონებს ეყრდნობა და მეორე ფრთა, რომელიც ხმას არ იღებს და მხოლოდ ტაშს უკრავს. ვნახოთ, როგორ განვითარდება სიტუაცია. კენჭისყრებმა აჩვენა, რომ სადღაც 90 მოსამართლე განწყობილია იმისთვის, რომ მოსამართლის ღირსება დაიცვას და სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას საფუძველი ჩაუყაროს. ეყოფა თუ არა 90 მოსამართლის ხმა და ნება საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას, მე ამის პროგნოზირება გამიჭირდება…”

დავუშვათ, ძნელია ადამიანს, რომელიც შენი კორპორაციის უზენაესი პირია და ერთპიროვნულად წლების განმავლობაში განაგებდა უზენაეს საბჭოსაც და იუსტიციის საბჭოსაც, და რომელსაც ერთადერთს და განუმეორებელს შეეძლო, დაესახელებინე კარიერული ზრდისთვის, თუ ეს გზა და ჟანგბადიც გადაეკეტა – მართლაც ძნელია ამ ადამიანს ხელი დაადო და სისტემის მოსპობაში ბრალი ხმამაღლა და ყველას თვალწინ დასდო! მაგრამ ის მაინც ხომ შეიძლებოდა, რომ მისთვის, ან მისი ბურჯი დამქაშებისათვის კითხვა დაგესვათ? რამე კონკრეტული საკითხი ისე დაგეყენებინათ, რომ მათ თავიანთი ბინძური მაქინაციების ძველებურად გაგრძელების შანსი შეზღუდოდათ?
აღმოჩნდა, რომ უმრავლესობას არა მარტო თავად არ სურდა კითხვების დასმა, არამე აქტიურად განწყობილ კოლეგებსაც არ მისცეს კითხვის დასმის საშუალება!

KONFERENCIA-3

როცა ერთეული გამბედავი მოსამართლეები (ნათია წკეპლაძე, ბესიკ სისვაძე…) რაიმე საკითხზე სასამართლო სისტემის უზურპატორებთან დაპირისპირებას ლამობდნენ, მორჩილი უმრავლესობა მათ ხელს კი არ უწყობდა, ყოველნაირად უშლიდა – უდროობის მომიზეზებით, რეგლამენტის ხელუხლებლობის მომიზეზებით, თუ „სადილზე დროულად გასვლის“ (!!!) მარაზმატული სურვილის დაფიქსირებით!

საშინელება იყო გუშინდელი კონფერენცია! უსამართლობის და უპრინციპობის აპოთეოზი!
და სიტყვები? გამოსვლები? ესაა ჩვენი მოსამართლეთა კორპუსი? მოსამართლეს სიტყვა მაინც ხომ უნდა უჭრიდეს (ნამუსზე რომ უმრავლესობა მწყრალად იყო, აშკარაა :( )
მოსამართლეთა კონფერენციებზე გამომსვლელთა უმრავლესობის სიტყვებს რომ ვუსმენდი, კედლებზე ბრეჟნევის სურათს ვეძებდი და სულ იმის მოლოდინი მქონდა, რომ მალე საბჭოთა კავშირის ჰიმნსაც დაუკრავდნენ…
3 წუთი რომ გაქვს რეგლამენტი და 5 წუთი რომ რაღაც ზოგადსაკაცობრიო ფრაზებს ისვრი და იმას ჰპირდები კოლეგებს, რომ პრემიებისთვის და ხელფასების გასაზრდელად ბრძოლაში დახარჯავ მთელს შენს ენერგიას და ენთროპიას!..

აი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარი კახა კოჟორიძის შეფასება, რომელიც ინტერპრესნიუსმა გამოაქვეყნა (თუმცა მასალის ყველასათვის მიუწვდომლობის გამო FOR.ge ბმული მყავს მოყვანილი):
——–
მოსამართლეთა კონფერენცია ცხადყოფს, რომ მოსამართლეთა კორპუსი კანონით მინიჭებული თავისუფლებით ვერ სარგებლობს, – ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე კახა კოჟორიძემ განუცხადა.

მისი შეფასებით, მოსამართლეთა დღევანდელი მდგომარეობა ჰგავს იმას, როცა გალიაში ჩაკეტილ ჩიტს გალიას უხსნიან, მაგრამ ის გაფრენას ვერ ახერხებს. ამ კონტექსტში კოჟორიძე ყურადღებას იმაზე ამახვილებს, რომ მოსამართლეთა უმრავლესობამ სხდომის დღის წესრიგის თავად განსაზღვრის და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებისათვის კითხვების დასმის საკითხს მხარი არ დაუჭირა.

“მოსამართლეთა კონფერენციამ ვერ გაითავისა, რომ თვითონ უნდა გადადგას ნაბიჯი სასამართლო სისტემის გაუმჯობესების კუთხით. ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან მარტივ რაღაცაში გამოიხატა. მაგალითად, ერთ-ერთმა მოსამართლემ კონფერენციას შესთავაზა, რომ მოსამართლეთა ადმინისტრაციული კომიტეტის მიერ მომზადებულ დღის წესრიგთან დაკავშირებით განხორციელებულიყო ცვლილებები, მაგრამ მოსამართლეთა კონფერენციამ მას მხარი არ დაუჭირა. დასკვნა მარტივია, მოსამართლეთა უმრავლესობას ურჩევნია დღის წესრიგი ვიღაცამ დაუდგინოს და იმ დღის წესრიგით იმოქმედოს, ვიდრე თავად გადაწყვიტოს, რა საკითხებზე, რა თანმიმდევრულობით, რა პრიორიტეტებით იმსჯელოს. გარდა ამისა, მოსამართლეთა უმრავლესობის არაჯანსაღი დამოკიდებულება გამოვლინდა იმაში, რომ მოსამართლეთა გარკვეულ რაოდენობას სურდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებისათვის შეკითხვების დასმა, მაგარამ მათ ამის საშუალება არ მიეცათ, რადგან კენჭისყრის დროს მოსამართლეთა დიდმა უმრავლესობამ აღნიშნულ საკითხს მხარი არ დაუჭირა”, – აღნიშნა კახა კოჟორიძემ.

გარდა ამისა, საიას ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ მოსამართლეთა კონფერენციაზე პრობლემატურია მისი თავმჯდომარის, კონსტანტინე კუბლაშვილის საკითხი. კოჟორიძის შეფასებით, კუბლაშვილი ტენდენციური იყო. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, რომელიც სხდომას უძღვება, იმავდროულად ადმინისტრაციული კომიტეტის ხელმძღვანელის მოვალეობას ასრულებს. “ის ასევე არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. რეგლამენტის და დღის წესრიგის შემუშავებაში კუბლაშვილი მონაწილეობდა და მოსამართლეთა დღის წესრიგთან და რეგლამენტთან დაკავშირებით კრიტიკული შენიშვნები ჰქონდა. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ამასთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას აქტიურად გამოხატავდა. ჩემი აზრით, სხდომის თავმჯდომარის მთავარი ამოცანაა არა საკუთარი პოზიციების აქტიური დაფიქსირება, არამედ ის, რომ ობიექტურად წარუძღვეს სხდომას და ყველას მოსაზრების დაფიქსირების თანაბარი შესაძლებლობა მისცეს”, – აღნიშნა კოჟორიძემ.
“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ლოგიკური იყო, როცა კონფერენციაზე დაისვა საკითხი, ფარული კენჭისყრით ჯერ ადმინისტრაციული კომიტეტის თავმჯდომარის არჩევა მომხდარიყო და ახლად არჩეულ თავმჯდომარეს წაეყვანა სხდომა, თუმცა, მისივე თქმით, სამწუხაროდ, მოსამართლეთა უმრავლესობამ არც ამ შეთავაზებას დაუჭირა მხარი.

http://for.ge/view_news.php?news_id=19959&news_cat=0

100%-ით ვეთანხმები კახა კოჟორიძეს!
ეს კონფერენცია – სასამართლოს რეფორმირების დასაწყისი კი არა – სრული ბრეჟნევშჩინა იყო!
რამდენიმე ადამიანის გარდა, აბსოლუტური უმრავლესობის მიზანი იყო სადმე შეყუჟულიყო, კადრში არ მოხვედრილიყო, პირზე ბოქლომი დაედო და არავითარ შემთხვევაში არ შეწინააღმდეგებოდა სხდომის წამყვანის – კოტე კუბლაშვილის რაფინირებულ დიქტატს, არატრანსპარენტულობას და დემაგოგიას.
ყველა იმ მოსამართლეს მინდა მივმართო, ვინც ნაცმოძრაობის მიერ წლობით ჩაკეტილი გალიის გახსნის შემდეგაც მაინც შიგ დარჩენა და ხელიდან საკენკის კენკვა არჩია თავისი აზრის დაფიქსირებას და მონიჭებული თავისუფლებით სარგებლობას:
“Рожденный ползать – летать не может!” :(
სამართალმა დღეს პური კი არა, ჟანგა ჭამა!

საბოლოოდ კი ყველა კანდიდატურა იმ ნაცმოძმორჩილმა უმრავლესობამ გაიყვანა, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, კუბლაშვილის ერთგული დარჩა და პირველივე ტურში აირჩია კუბლაშვილის მოადგილე და მარჯვენა ხელი – ზაზა მეიშვილი. ასე რომ ეს 7 ახლადარჩეული, ერთი ძველი – გიორგი შავლიაშვილი – უფლებამოსილებაშენარჩუნებული და თავად კოტე კუბლაშვილი უკვე 9 ხმაა, საბჭოში კი სულ 15 წევრი უნდა იყოს! ჩათვალეთ, რომ სწორედ ისევ კუბლაშვილი, ან თუ მას აღარ შეუძლია – მეიშვილი გახდება საბჭოს თავ-რე! რაც შეეხება დარჩენილ 6 წევრს, იქედანაც 2 წევრი მთელი პარლამენტის 2/3-ით უნდა აირჩეს, რაც არარეალურია, ასე რომ მხოლოდ 4 წევრი შეიძლება აირჩეს ამჟამად (ისეთი, რომელსაც უმრავლესობის ხმები ეყოფა) და 13-კაციან საბჭოში ეს იქნება 9:4 შეფარდება, ანუ 2/3 აბსოლუტური უმრავლესობა, სავარუდოდ კუბლაშვილის გვარდია იქნება, რაც იუსტიციის საბჭოს ლამის ისეთივე მკვრადშობილად აქცევს, როგორც იყო. ახლა საკითხი მხოლოდ ასე დგას – ვისი ერთგული იქნება თავად კოტე კუბლაშვილი – სააკაშვილის/ნაცმოძრაობის, თუ – ივანიშვილის/”ქართული ოცნების”. და მე ასეთი იუსტიციის საბჭო ნებისმიერ შემთხვევაში არ მიმაჩნია მისაღებად! თანაც რატომღაც მგონია, რომ კუბლაშვილი მაინც ისევ ნაცმოძრაობის ერთგული დარჩება, რომელსაც მასზე უდავოდ კომპრომატები ექნება!
საქმეში ჩახედული ზოგი ადამიანის აზრით, ამ წუთისათვის მაინც (ვიდრე პარლამენტს საბჭოში არამოსამართლე წევრები არ აურჩევია) იუსტიციის საბჭოს ეს შემადგელობა წინაზე უარესიც კია!
ჩემი აზრით, სასამართლო ხარვეზების დამდგენი საპარლამენტო კომისია უნდა ამუშავდეს, და ყველა “ჩემიები” უნდა დისციპლინარული წესით მოიშორონ თავიდან. არ შეიძლება მოსამართლედ უვადოდ ნიშნავდე ადამიანს ვისაც გირგვლიანების ოჯახის ამოწყვეტაში აქვს ხელი გასვრილი და ათას ეგეთ საქმეებში – ათობით იმ მოსამართლეს, ვინც დღეს მონობის ქრესტომათია იყო!

====================
ჰოდა, როცა 9 ივნისის ამ ორ ამბავზე ვფიქრობ, აღარ ვიცი, რა უფრო დიდი საშინელებაა – იმ 7 ვაჟკაცის ნაადრევად შეწყვეტილი სიცოცხლე და სამუდამოდ დასამარებული ოცნებები, თუ ეს საშინელი სპექტაკლი, სახელად „მოსამართლეთა კონფერენცია“ – სპექტაკლი, რომელმაც სახელმწიფოს აღორძინების და ინსტიტუციური განვითარების იმედები შეიძლება გაყინოს, ან – სულაც დაასამაროს, თუ ამ “კუბლაშვილიადა-მეიშვილიადას” დროზე არ შევაჩერებთ.
მესმის, როგორ მკრეხელობად ჟღერს ბევრისთვის ეს ჩემი კითხვა.

მაგრამ მოდით, რაც არ უნდა გვიჭირდეს, ცივი გონებით განვსაჯოთ – იმ 7 დაღუპულ ახალგაზრდას რაღას ვუშველით, ხოლო თუ გუშინდლამდე იმ ათეულ ათასობით უსამართლოდ გასამართლებულ ადამიანთა საქმეების გადახედვის იმედები ჯერ კიდევ იყო, ამ ტიპის იუსტიციის საბჭოთი და ამ ტიპის ვაი-მეიშველებით ეს იმედებიც უკვე სულს ღაფავს! ზაზა მეიშვილმა არჩევისთანავე ხელთათმანი გვესროლა ყველას იმას, ვისაც სამართლიანობის დადგომის იმედი გვქონდა:

“მე ძირითადად ყურადღებას გავამახვილებდი მოსამართლეთა თანამდებობაზე უვადოდ გამწესებაზე. როგორც მოგეხსენებათ, წესით ნოემბერში უნდა ამოქმედდეს ეს კანონი. ამიტომაც, ჩემი, როგორც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის პოზიცია იქნება ეს კანონი ამოქმედდეს, არ მოხდეს მისი გადაწევა ან ამ კანონის გაუქმება, როგორც გაისმა ერთი-ორი პოლიტიკოსის მხრიდან.
რაც მთავარია, ეს კანონი უნდა შეეხოს მოქმედ მოსამართლეებს, დღის წესრიგში ავტომატურად დადგეს მათი გადანიშვნის საკითხი, ისევე როგორც იუსტიციის უმაღლესი სკოლის წარჩინებით დამთავრებულებისთვის ავტომატურად თანამდებობაზე უვადოდ გამწესების საკითხი. სხვა თემებიც არის. ერთ-ერთი ეხება ხარვეზების კომისიას, რომელთან მიმართებაში მე მაქვს ასეთი პოზიცია: აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების გადასაწყვეტია სამართლიანობის აღდგენის კუთხით რა მექანიზმს მოიფიქრებს. მე, როგორც მოსამართლე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, შევასრულებ იმ კანონს, რაც არის. მაგრამ, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ვერ დაუჭერ მხარს იმას, რომ ხარვეზების კომისიის ესა თუ ის დასკვნა გამოყენებული იყოს მოსამართლის მიმართ დისციპლინარული დევნის დასაწყებად. ეს დაუშვებელია, არ ჯდება არანაირ სამართლებრივ ჩარჩოში და საერთოდ, ვფიქრობ რომ მოსამართლის მიმართ დევნა შესაძლებელია დაიწყოს მხოლოდ სამოსამართლო ეთიკის წესების დარღვევის გამო.”

http://gurianews.com/home/2010-11-25-16-59-29/10687—q—–q.html

ხომ გაიგონეთ?!!! „მოსამართლის მიმართ დევნა შესაძლებელია დაიწყოს მხოლოდ სამოსამართლო ეთიკის წესების დარღვევის გამო“!!! ხოლო იმ მოსამართლეებს, ვინაც გირგვლიანის, ვაზაგაშვილის, თეთრაძის, მოლაშვილის, გვანცა ყუფარაძის, ვალიკო ჭელიშვილის, ჯაშუში ჟურნალისტების, ვახტანგ მაისაიას და სხვა გახმაურებულ საქმეებზე, ათასობით ადამიანისათვის ქონების ახევის და საპროცესო გარიგების საქმეებზე მრავალი დარღვევები დაუშვეს, ბუზს ვერ აუფრენს ვერავინ! ანგელოზებისთვის არ მიუნიჭებია უფალს ისეთი უფლებები, როგორსაც ჩვენს მრავალჯერგასვრილ მოსამართლეებს სამუდამოდ აპირებს მიანიჭოს მეიშვილი. აი, რა შეიძლება მოხდეს, როცა დამნაშავესთან გარიგებაზე მიდიხარ… ის ჯერ საკუთარ უდანაშაულობის აღიარებას გამოგტყუებს, მერე საკუთარ პატიების ფირმანს მთელ ბანდას გადააფარებს, მერე საკუთარი სტატუსის მარადიულობის აღიარებას მოგთხოვს, და ჯამში კი ისევ ისე გააგრძელებს მამაძაღლობას – ჩვეულება ხომ რჯულზე უმტკიცესია. :( .
==========================
misha-tiris-1

მაგრამ ამ ორივე ამბავს ერთი „შემოქმედი“ ჰყავს!
ეს არის ის ადამიანი, რომელმაც მის მიერ შექმნილი კლანის და დამნაშავე სისტემის წყალობით ბოლო ათი წლის განმავლობაში 250,000 ზე მეტი ადამიანი პრობაციონერად აქცია და ფაქტიურად 1 მილიონ ქართველს პირიდან ლუკმა გამოაცალა!
ეს არის ის ადამიანი, ვინაც მისი მარჯვენა ხელის – იუსტიციის მინისტრის – დახმარებით ის სისტემა შექმნა, რომლის მეშვეობითაც 20,000-ზე მეტ ბიზნესმენს ქონება აახიეს და ან სახელმწიფოსთვის აჩუქებინეს, ან მათი კლანის წევრებმა თავად მიითვისეს.
ეს არის ის ადამიანი, ვინც, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, “სულ რაღაც ორი რაიონი და 150 სოფელი დაკარგა” მისი ამპარტავნული ავანტიურის წყალობით! და ამ ავანტიურსვე წყალობით იმის შანსი გააჩინა, რომ ამ და ადრე დაკარგული სხვა ტერიტორიების დამოუკიდებლობა აგრესორის მიერ ოფიციალურად აღიარებული ყოფილიყო.
ეს არის ის ადამიანი და მისი დამნაშავე კლანი, რომელმაც საკუთარი გამდიდრების მიზნით ქართული სოფელი დააჩაჩანაკა და ქართველი გლეხი მათხოვრად აქცია! ეს არის ის ადამიანი, რომელსაც, საკუთარი მარადიული მეფობის სურვილით ატროვებულს, საქართველოში ასეულ ათასობით ჩინელის თუ სხვა უცხოტომელის ჩამოსახლების „ბრწყინვალე“ იდეები მოუვიდა თავში! ეს მაშინ, როცა მისი წყალობით დაკაბალებული ქალები – უცხოეთში ძიძებად და მომვლელებად, ხოლო მამაკაცები – შავ მუშებად და ჯარისკაცებად გადახვეწილან!
ეს არის ის ადამიანი, რომელმაც ომის წაგების შემდეგ სასწრაფოდ ქართული საჯარისო კონტიგენტი საქართველოში შეამცირა, ხოლო ავღანეთში 160-დან ჯერ 750-მდე, ხოლო შემდეგ 1565-მდე გაზარდა!
ეს ადამიანი გუშინ ფარისევლურად ტიროდა ქართველი ჯარისკაცების კუბოების წინ, ხოლო შემდეგ ბედნიერებით აღფრთოვანებული სამდღიან ქეიფს და ფეიერვერკების ზალპს აგრძელებდა სამების წინ – რიყეზე და ქართველებისაგან მოპარული ფულით აშენებულ სასახლეში, რადგან მისი ჩაფიქრებული გეგმა სასამართლოების უსამართლოებად დატოვების შესახებ ჯერჯერობით “წარმატებით სრულდება”. და მის და მისი მანქურთების მიმართ სამართლის ასრულების პერსპექტივა განუსაზღვრელი დროით ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.

=============

მე მგონი, კოჰაბიტაციაზე ფუჭ ოცნებებს (დროებით მაინც) თავი უნდა დავანებოთ და ვენეციის კომისიას კი არა, ვაჟას დავეკითხოთ ზნეობრივ-სამართლიანი პოზიცია:

რაც უნდა ჭირი მამკერძო,
ბილწთ არ შავეკვრი ზავითა,
მცნებას ვერ შემაცვლევინებ
მოზღვავებულის ავითა …

კოჰაბიტაცია მხოლოდ მაშინ შეიძლება დაბრუნდეს პოლიტიკურ ასპარეზზე, თუ ავისმქნელი გასამართლდება, ან ჩადენილ ბოროტებას აღიარებს და მოინანიებს.
მანამდე კი კოჰაბიტაციის პოლიტიკას მხოლოდ ერთი შედეგი შეიძლება მოჰყვეს – ხალხის თვალში რეპუტაციის შებღალვა…

P.S. (გადაცემა პოლიტმეტრის შემდეგ):

ახლა ვუსმინე პოლიტმეტრში დებატებს სასამართლო რეფორმაზე და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, როგორ სიცოცხლუნარიანია სიყალბე და დანაშაული, როგორ ბოლომდე, უკანასკნელ შანსამდე იბრძვიან ადამიანები, ვინაც სამართალი დაარღვია იმისათვის, რომ ყველაფერი წაშალონ, ამოშალონ, ყველა საბუთი დაამახინჯონ და არა მარტო მშრალად ამოვიდნენ წყლიდან, არამედ ურცხვად გააგრძელონ მოღვაწეობა სიმართლის და სამართლის სახელით იქ, სადაც ისინი ბრალდებულები უნდა იყვნენ და არა – “სამართლის მსახურნი”.

როდესაც ვიცოდით, ვინც იყვნენ კუბლაშვილი, მეიშვილი და სხვები (მეიშვილს თურმე უშუალო ბრალი მიუძღვის სულხან მოლაშვილის წამების შესახებ ფაქტების გაყალბებაში!), არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა იმის დაშვება, რომ ეს ადამიანები, მათი ბრალის დადგენის ან გაბათილების გარეშე, მოხვედრილიყვნენ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, რომელმაც სხვა მოსამართლეების ბედი უნდა გადაწყვიტოს!

ეს ნიშნავს, რომ სასამართლოს თავი დამპალია და აყროლებული თავის მქონე ორგანო ძალიან ძნელად შეძლებს გაწმენდას.

ვიღაცას შეიძლება ყელში ამოუვიდა ჩემგან ამის მუდმივად გამეორება, მაგრამ 4 წელია ამას ვიმეორებ და გავიმეორებ, რომ სანამ არ იქნება სამართალი, სანამ საქართველოს მოქალაქეებს არ ექნებათ იმის შეგრძნება რომ ისინი სამართლიან სახელმწიფოში ცხოვრობენ, აქ მშვიდობა არ იქნება!

ნებისმიერი ჩვენი სფერო – ეს იქნება თავდაცვა, ეკონომიკა, განათლება თუ ჯანდაცვა, უნდა ეფუძნებოდეს დემოკრატიის უმთავრეს პრინციპებს და ყველაზე უმთავრესად მე მიმაჩნია სამართლიანობა! მხოლოდ სამართლიანობა და მოქალაქეთა თანაბარი უფლებრივი მდგომარეობა, მათი უფლებების განუხრელი დაცვა და კანონის წინაშე თანასწორობა, და სწორედ ნორმალური კანონების და სასამართლოს პირობებში კანონმორჩილება უნდა იქცეს იმის გარანტად, რომ ჩვენ ქვეყნის ეკონომიკასაც ავაყვავებთ, ჩვენს ლტოლვილებს და ემიგრანტებსაც დავიბრუნებთ, და რომ ჩვენ შევძლებთ ისეთი ქვეყნის შექმნას, სადაც აფხაზებიც და ოსებიც დაბრუნდებიან!

ამიტომ აუცილებლად მიმაჩნია, რომ ახლავე და დღესვე, საქართველოს პარლამენტმა და იუსტიციის სამინისტრომ, ამ სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა, თავად მოსამართლეებმა, რომელთა არცთუ მცირე ნაწილი (სამწუხაროდ, ჯერ მხოლოდ 1/3) რეალური რეფორმების მომხრეა, სასწრაფოდ დაიწყონ ძალიან სერიოზული მუშაობა იმისათვის, რომ იმ მაფიოზურმა ჯგუფმა, რომელმაც იუსტიციის საბჭოს უმრავლესობა ხელში ჩაიგდო, ვერ მოახერხოს თავისი სიდამპლის განგრენასავით გადადება მთელს სასამართლოზე.

საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მოახერხოს სწრაფად და დამაჯერებლად, არა მარტო სიტყვით, არამედ საქმით გაემიჯნოს მიხეილ სააკაშვილის დამნაშავე რეჟიმის მთავარ კოშმარს – უსამართლობას!


Quo Vadis, Vano? ევროპული ფასეულობები vs. „ევროპული ფასეულობები“


რამდენიმე საათიღა გვაშორებს იმ ზოგთაგან ნანატრ მომენტს, როცა საქართველოს დედაქალაქის მთავარ გამზირზე, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, ევროპაზე გულშევარდნილთა მრავალრიცხვოვანი ბატალიონი შეიკრიბება და ომახიანად განაცხადებს, რომ მათ ევროპის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენიათ!
მართალია, სწორედ მათი წყალობით ეს შენობა უკვე აღარაა პარლამენტის შენობა (იმედია, დროებით) და შეიძლება მაინცდამაინც არც თბილისის დედაქალაქობა ეპიტნავებოდათ (თბილისში მრავალჯერ გაწბილებულებს), ხოლო რუსთაველის გამზირზე, რაც მაგათ ქართველ ხალხზე უძალადიათ, წესით – მიწა უნდა ეხსნებოდეთ ფეხქვეშ, მაგრამ უნდა ამ ხალხს თავისი ევროპული არჩევანი დაადასტუროს, და!.. D:D:D

მათი ოცნება ყოველთვის იყო ევროპაში მოხვედრა!..
მაშინაც, როცა ჯიბეში 40 ლარიც არ უჭყაოდათ, და მერეც, როცა ევროპის საუკეთესო სასტუმროები მოიჯირითეს! მათ ყოველთვის უყვარდათ ეიფელის კოშკის წინ „ჩაკარტიჩკება“ და ბარსელონაში რამბლაზე გულავი, ძალიან მოსწონდათ ამსტერდამის წითელ უბანში თვალისთვის წყლის დალევინება, ვენეციაში რიალტოს ხიდის ქვეშ გონდოლაზე წამოწოლა, და მილანში თუ ლოზანაში საათების შეძენა, არც კოპენჰაგენში „ნიჰავენზე“ ლუდის დაგემოვნებაზე ამბობდნენ უარს და არც მიუნხენში “ოქტობერფესტზე” ხალისს იკლებდნენ, “მულენ რუჟის” დამფასებელი მუშტრებიც იყვნენ და ლისაბონის 5-ვარსკვლავიან სასტუმროში 80 მეძავის დაქირავების და „ცოლებად“ შეყვანის შნოც ჰქონდათ, ბიჭებს… არც გოგოები აკლებდნენო, როგორც გაგვიგია…

მოკლედ, უყვარდა ამ ხალხს „ევროპული ფასეულობები“ და თურმე, ევროპული არჩევანია მათი მიზანი, რომელიც სიცოცხლეზე მეტია…
და ამ სიყვარულს სტრასბურგის და ბრიუსელის ევროპარლამენტების, ადამიანის უფლებათა სასამართლოს, თუ ჟენევის ტბის ფონზე გადაღებული სურათებით ადასტურებდნენ… მათ შეეძლოთ იმ დიდი ევროპელების სახელებით კარგად ოპერირება, რომლებთანაც თანაზიარობას მუდამ გვიმტკიცებდნენ – ადენაუერი იქნებოდა ეს, დე გოლი, შუმანი, თუ დე გასპერი… (ხოლო ვინაც ეს სახელები არ იცოდა, არ იმჩნევდნენ)…

როდესაც მოვიდნენ, ხალხს დაჰპირდნენ – ჩვენ თქვენ ევროპაში მიგიყვანთო!!!

დაჰპირდნენ ღიმილით… ისეთი გულწრფელი ფიცით, რომ უხერხულიც კი იყო ამაში ეჭვის შეტანა… მით უფრო, რომ ცოლიც ევროპელი ჰყავდა მთავარ დამპირებელს, განათლებაც იქ ჰქონდა მიღებული და ევროპაში ლამის ენა არ იყო დარჩენილი, რომელზეც არ სხლავდა!..

და დღეს მათ გულზე ხელის დადებით (რაც არასდროს არ უჭირდათ!) შეუძლიათ განაცხადონ, რომ თავიანი დანაპირები შეასრულეს!

მათ მიიყვანეს ქართველი ხალხი ევროპაში!
ნუ გიკვირთ! ეს რეალობაა!

ჯერ ერთი, მათ მართლაც მიიყვანეს, უფრო სწორად – ჩაიყვანეს, სულ ცოტა, ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი ევროპაში. არაოფიციალური მონაცემებით, დაახლოებით 200,000 ქართველია დღეს საბერძნეთში, საშუალოდ 50-50 ათასი – გერმანიაში, იტალიაში, ესპანეთში და პოლონეთში, ამაზე ბევრად ნაკლები არაა საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში, პორტუგალიაში, ჩეხეთში… ეს ხალხი მუშაობს იქ – კი არ ისვენებს ზოგიერთებივით… მუშაობენ თავგადაკლული და ისე ეზიარნენ ევროპულ ფასეულობებს, რომ მეტი არ შეიძლება… ზოგიერთ მათგანს რამდენიმე წელია საკუთარი ოჯახი არ უნახავს და სხვის ოჯახების წევრებზე ზრუნავს, ევროპაში გადახვეწილი…

მაგრამ ისინიც კი, ვინც საქართველოში ვართ დარჩენილი, ჩვენმა ევროპისკენმისწრაფებულმა ნაცმოძებმა, ადგილზევე გვაზიარეს „ევროპულ ფასეულობებს“… ოღონდ იმას – არა, რასაც ლოზუნგებით გვპირდებოდნენ… და არც იმას, რაც საკუთარი თავისთვის, ცოლ-შვილებისა და საყვარლებისთვის ემეტებოდათ მხოლოდ…

რასაც განუხრელად გვაზიარეს, ეს ის „ევროპული ფასეულობები“ იყო, რომელზეც ევროპამ დიდი ხანია უარი თქვა…

ეს იყო პოლიტიკური მოწინააღმდეგეების ამოძირკვის ისეთი მეთოდები, რომლებსაც ფაშისტურ გერმანიაში იყენებდნენ… ეს იყო ისეთი წესრიგი და კრიმინალის შემცირება ნულოვანი ტოლერანტობის იმ მეთოდებით, რომლის აპოლოგეტები მუსოლინი და ჰიმლერი იყვნენ… ეს იყო ისეთივე პარტიული შეკრებები და ხალხის მობილიზება რაიონებიდან, როგორც ერიხ ჰონეკერს და და ენიკოლაე ჩაუშესკუს უყვარდათ… ეს იყო ისეთივე საშიში ფარსი ქვეყნისათვის ქონების ჩუქებისა, როგორც ნაცისტურ გერმანიაში და ენვერ ხოჯას ალბანეთში თუ ნახავდით… ეს იყო ისეთივე ვიწრო წრისათვის აშენებული სამოთხე, როგორც ბროს ტიტომ შექმნა იუგოსლავიაში…

ზოგიერთ რამეში კი უფრო „წინ“ (უკან!) წავედით კიდეც… ისეთი ხელმისაწვდომი განათლება და ჯანდაცვა, რაც ნაცმოძრაობამ მოგვიტანა, ნამდვილად იყო ინგლისში ან ჰოლანდიაში – ოღონდ, მე-19 საუკუნის შუახანებში! ხოლო ისეთი სამართალი, როცა ბრალდებულის გამართლება 1000-დან 1-2 შემთხვევაში თუ ხდებოდა – ფრანკოს ესპანეთს და სალაზარის პორტუგალიასაც შეშურდებოდა! მათ აღადგინეს ლუი-მე-14-ის დროინდელი “ირმების ბაღის” და სტუმარი გოგონებისათვის ძვირფასი საჩუქრების ჩუქების გულუხვი ტრადიცია… მაკიაველიც კი განცვიფრებული დარჩებოდა ლიდერობის და მართვის მის მიერ აღწერილი მეთოდების კვინტესენციური განვითარებით, რაც მიხეილ სააკაშვილმა და მისმა ლიდერშიფმა მოახერხეს (ფსევდოპოზიციური პარტიების რუდუნებით მოშენებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ!)… იოზეფ გებელსს აღტაცებაში მოიყვანდა „რუსთავი2“-ის რეპორტაჟები თუ ციტირების/თარგმნის „ტექნოლოგია“, ტაბულას „მოქნილობა“ და „იმედის“ „მოდელირებული ქრონიკის“ მასშტაბები!.. გლდანის ციხის კადრები რომ ენახათ, და ცოცხის გამოყენების ნაცმოძურ მეთოდებს გაცნობოდნენ, ბორჯიების ოჯახი და ტორკვემადას საძმო, დარწმუნებული ვარ, რიგით მსმენელებად ჩაწერასაც არ იუკადრისებდნენ ციხის ჯალათების კურსებზე… ნაცმოძრაობის ბოსების მიერ პრაქტიკაში დანერგილი „(ა)მორალურ კოდექსით“ ბალთაზარ კოსაც მოიხიბლებოდა, უეჭველად… სპექტაკლებს ნერონზე უფრო დიდი გაქანებით დგამდა, ხოლო საკუთარი თავის ფუფუნებაში ჩაფლობის, დასვენების, ამოყორვის, გახდომის, თუ მასაჟირებისთვის დახარჯული ხარჯებით მიხეილ სააკაშვილმა და მისმა პოლიტელიტ-ამფსონებმა კარგა ხანია კალიგულას და დომიციანეს გადაჭარბეს…

აი, რომელ “ევროპელებზე ჰქონდათ სწორება 19 აპრილის ევრომოყვარულებს… აი, ის „ევროპული ფასეულობები“, რომლისკენაც მიგვაქანებდნენ ევროპაზე მეოცნებე ჩვენი ექს-ლიდერები…
როგორც იმ ცნობილ ანეგდოტშია ჯოჯოხეთის შესახებ – ის, პირველად დაპირებული (ჟენევის დეკლარაცია, ადამიანის უფლებების დაცვის საყოველთაო პრიმატი, კერძო საკუთრების ხელშუხებლობა, განათლება და ჯანმრთელობა, როგორც ადამიანის უფლებები, ადენაუერი, შუმანი, დე გასპარი… დემოკრატია, გამჭვირვალობა, სამართლის უზენაესობა…) – მხოლოდ რეკლამა იყო, ხოლო ნაცმოძრაობის მიერ შექმნილი რეალობა, – სწორედ ის აღმოჩნდა, რაც ევროპამ დიდი ხანია მოიცილა, როგორც საზარელი კოშმარი და გაემიჯნა, როგორც აბსოლუტურად მიუღებელს.

ასე რომ, როდესაც ფლიდების და მომხვეჭელების, სხვათა კორუფციასთან მებრძოლი კორუმპირებულების, ადამიანთა დამცირების და უფლების შელახვის მაგისტრების, და მათი მოუღალავი ადეპტების, აღლუმი დაიწყება, კარგად უნდა ვკითხოთ მათ, კერძოდ რომელი ევროპისკენ უნდოდათ ჩვენი წაყვანა! კერძოდ რა მიაჩნიათ მათ “ევროპულ ფასეულობებად”!
——
P.S. თუმცა, ხომ ვიცით, რომ ისეთივე უტიფარ პასუხს გამოაცხობენ იმწამსვე, როგორც მთელი ათი წელი აცხობდნენ – ჩვენი მარშალ ბეტანკურები და დუილიოები…

BOSCH FARDEN OF HELL


შეშლილის წერილები (თითქმის გოგოლის მიხედვით)


- მაშ ასე, დავიწყოთ! თქვენი სახელი? აა, მაიკლ?!! რა სასიამოვნოა!! Go ahead, მაიკლ, დავიწყოთ…

- როგორ ვხედავ მე დღევანდელობას? ჰმ… მშვენიერი კითხვაა! სიამოვნებით გიპასუხებთ…
- ჩემს დროს, ვარდისფერ ეპოქაში – ბავშვები არ კვდებოდნენ! მხოლოდ იბადებოდნენ! ათობით, ასობით, ათასობით ბავშვი იბადებოდა ყოველდღე! მე ყოველთვის ვზრუნავდი ამაზე… ამიტომ იყო, რომ ძველი უსახური სამშობიაროები დავანგრიეთ და ახლები ავაშენეთ! დემოგრაფიული ბუმი იყო ჩემს დროს!.. 5-6 ბავშვს რომ აჩენდნენ, მერე ცოტას შეისვენებდნენ, სამსართულიან სახლს გვერდით მეორეს მიდგამდნენ, რამდენიმე ჰექტარ ვაზს ჩაყრიდნენ, ოჯახურ სასტუმროს აიშენებდნენ, ბიზნესში 1-2 მილიონს კიდე მოაგროვებდნენ და ისევ შეუდგებოდნენ ბუმობანას…
- რა შიმშილი? რის შიმშილი? ისეთი ბედნიერი იყო ხალხი – დიდი და პატარა!.. მე რომ მხედავდნენ, – 8-საუკუნოვანი სტაგნაციის შემდეგ ჩვენს აღმშენებლობის ტემპებს რომ გრძნობდნენ… – არც ჭამა ახსოვდათ და არც სმა! ხანდახან შევივლიდი ხოლმე „კათარზისში“ და წარმოგიდგენიათ?.. – ცარიელი იყო!.. მერე უცებ მოირბენდნენ ხოლმე ბედნიერი მოხუცები, ვინც იქვე ცხოვრობდა, ჩემს მიერ გარემონტებულ მთავარ პროსპექტზე 4-5-ოთახიან აპარტამენტებში!.. ჩემს სანახავად მოდიოდნენ, განა საჭმელი უნდოდათ!.. მე იქეთ ვაძალებდი – ჭამეთ, რამე გადაიღეთ-მეთქი, და ეგენი, კიდე, შემომციცინებდნენ და იღიმებოდნენ ბედნიერები… მე რომ მივირთმევდი, ეს უხაროდათ, დაიჯერებთ?..
- ჩემს დროს – ოქროს ხანაში – იყო საოცარი აღმავლობა – შემოდიოდა ინვესტიციები, მდიდრდებოდნენ ადამიანები, იკლებდა ფასები, შენდებოდა შენობები, ყველა ბედნიერი იყო – არ მინახავს არცერთი უბედური ადამიანი! არ მომსწრებია არცერთი შეცდომა, არც ჩემი – არც ჩემი გუნდის მხრიდან! ხალხს ჩვენ ვუყვარდით და გულში გვიხუტებდნენ, მუცელს გვილოცავდნენ, ჩვენს ფეხსაცმელებს ჰკოცნიდნენ, ჩვენს ნაჩუქარ 2 კილო შაქარზე და მაკარონზე ცრემლები მოსდიოდათ ბედნიერებისაგან!
- და რამდენი ადამიანი ისეთი ბედნიერიც კი იყო, რომ საკუთარ ქონებას ნებით ჩუქნიდა იმ სახელმწიფოს და იმ პარტიას, ვინც მას ღირსება დაუბრუნა! – ათასობით იყვნენ ასეთები! ვეხვეწებოდით, დაიტოვეთ, ცოტა მაინც დაიტოვეთ – 50, 40, 30, 20, 10, … 5% მაინც!.. თქვენც არ მომიკვდეთ! ბოლომდე გვატენიდნენ ამ თავის ქონებებს და ბიზნესებს! ასეთი ენთუზიაზმი იყო!..
- ზოგიერთი ბიზნესმენი ბედნიერებისაგან ხელოვნებაში გადაეშვა… იყო ერთი ასეთი მეპურე, გვარს არ დავასახელებ, ისედაც მიხვდებით, რადგან მერე იგი ჩვენი სამშობლოს პირველი პოეტად იქცა – ყველა დროის საუკეთესო ტრუბადურად! ჯერ საშუალო რანგის ბიზნესმენი იყო, მერე ჩვენ მივეხმარეთ ცოტა… აი, ჩვენი ჟანდარმერიის შეფი მიეხმარა – ისეთი კაცია, არ შეუძლია ვინმეს არ დაეხმაროს, ჰოდა, ვიღაც თავისი ხალხი შეუშვა მის ბეღელებში, რომ ჭერი გაემაგრებინათ! და ისე გაამაგრეს, რომ ეს კაცი მილიონერი გახდა, მერე – ათმილიონერი… და ბედნიერებისაგან ლექსების წერა დაიწყო… და როგორც მერე თვითონ აღწერა, ლექსს კი არ წერდა, პირიქით, ლექსი მოდიოდა მასთან და წერდა!!! ამას წერდა ლექსი!!. წარმოგიდგენიათ! ჰე-ყეეეე, ჰე-ყეე, ჰეე-ყეეეე… ჰოდა ლექსისგან დაწერილმა უკვე ასმილიონიან ქონებასაც გამოჰკრა ხელი! რა ენაღვლებოდა, ჟანდარმერია უმაგრებდა ჭერს, როგორც გითხარით!..
- იყო პირიქით შემთხვევებიც – პოეტები, მსახიობები, თავდაცვის მინისტრები, აპარატის უფროსები, უბრალო იურისტები – მიდიოდნენ ბიზნესში, იღებდნენ დაბალპროცენტიან კრედიტს, ან – სულაც გრანტებს, ფულის კეთებას იწყებდნენ… მდიდრდებოდნენ… ლაღდებოდნენ… მეორე, მესამე პირი ცოლ-შვილი მოჰყავდათ – როცა წელს მოიდგამ, ხდება ხოლმე… მიყვარს ლაღი ხალხი… მე ვიკითხო, მე – საწყალმა, თორემ … მაგრამ რას იზამ?! ზოგი ბიზნესშია ძლიერი და, სამაგიეროდ, ქვეყნის მართვის ინჩი-ბინჩი არ გაეგება, მე კი, პირიქით – მხოლოდ ქვეყნის მართვის ტალანტი მაქვს! ბიზნესში კი ისევე უბირი ვარ, როგორც საცოდავი დედაჩემი და ბიძაჩემი – მაგათ დავემსგავსე, მაგათსავით „ბესსერებრენნიკი“ ვარ, როგორც იტყვიან ისინი, ვისი ხსენებაც არ მინდა.. თუ რამე არაა გასაყიდი, ყოველ შემთხვევაში… აი, მაშინაც არ მინდა მაგ უხსენებლების ხსენება, წარმოგიდგენიათ?! ძალიან პრინციპული ვარ, ვინც მაწყენინებს, მერე იმისკენ პირს აღარ მივიქცევ… ვერავინ დამაჩოქებს…
- ახლა, ისეთი, განა რა წყენა იყო?!. არც არაფერი, – რაღაც ორიოდ რაიონი დავკარგეთ ომში! და თან, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ის ომი ჩვენ მოვიგეთ, ფაქტიურად – გავაცამტვერეთ!… ხომ გასაგებია, რომ თავად ისინი არიან დამარცხებულებიც და გულზეშემოყრილებიც! ნიღაბი ჩამოვგლიჯეთ და მთელმა მსოფლიომ დაინახა მათი საზარელი სახე… დაინახეს და ისე შეძრწუნდნენ, რომ დღემდე იქეთ გახედვა აღარ უნდათ!
- ჩვენ მივდიოდით ევროპისკენ! მივდიოდით კი არა, – მივჯგლინებდით! მივქროდით!.. და რომ მივაკაკუნეთ კარზე, – ვერ გაგიღებთო, გვითხრეს!!.
- იცით, რატომ? გაგეცინებათ და, – შეეშინდათ!.. არა, იმიტომ კი არა, რომ ჩვენ იმ საზარელ ურჩხულს ნიღაბი ჩამოვგლიჯეთ… თუმცა, რა იცი, იქნებ ნაწილობრივ იმიტომაც! არა!.. იმიტომ, რომ მათ ჩვენი უმაღლესი სტანდარტის დემოკრატია და თავისუფლება ვერ აიტანეს, ჩვენი საუკეთესო სასამართლოსი და სწორუპოვარი პროკურატურის ან – შეშურდათ, ან – შეეშინდათ, რომ მათი მოსახლეობაც იგივეს მოითხოვდა, ჩვენი შემყურე!.. აი, ამას ჰქვია, “ვაი დემოკრატიისაგან”, როგორც ილია ჭავჭავაძე იტყოდა…

- ან როგორი სოფლის მეურნეობა გვქონდა? ფანტასტიურად წარმატებული! აქაურები უკვე ლატიფუნდიების მფლობელები გახდნენ და უცხოელ დაქირავებულ პერსონალს ამუშავებდნენ… ვეუბნებოდი, ხომ არ გინდათ დაბალპროცენტიანი კრედიტი, ან ტრაქტორები, ან სასუქი, ან რაიმე ხელშეწყობა? გაგიგონია – არაფერი უნდოდათ! შენო, ისეთი პირობები შეგვიქმენი, მეტი რაღა უნდა გვინდოდესო! თავზე გადაგვდიოდა ჭირნახული – არ ვიცოდით, სად გაგვეტანა, ან სად გაგვენადგურებინა – ჭარბწარმოების კრიზისი გვქონდა… მაგრამ იმაზეც ვიზრუნე, რომ თუ ბრაზისაგან მართლა გაანადგურებდნენ, backup-ისთვის თურქული საქონელი მუდამ იყო გამზადებული სარეზერვოდ. ეს იმისთვის, რომ ხალხი არ დაჩაგრულიყო, თუ ჩვენი ლატიფუნდისტები ფასებს ძააალიან მაღლა აწევდნენ. ვინც ვერ ერგებოდა ჩვენს აგრარულ პოლიტიკას, ჩვენმა უდიდესმა ლიბერტარიანელმა მათთვის სპეციალური სამარშრუტო გეგმა შექმნა, სად უნდა წასულიყივნენ ის კაცები და ქალები, ვისაც სოფლის მეურნეობა მოსწყინდა და თვალისათვის წყლის დალევინება და მსოფლიოს მოვლა გადაწყვიტა… ჰოდა, უვლიდნენ და უვლიდნენ მთელ მსოფლიოს, თქვენი მოწონებული! უკან არც კი ბრუნდებოდნენ, წარმოგიდგენიათ, ბედი მომეცი დ სანეხვეზე გადამაგდეო! – და ჩვენი კი, ესენი – ევროპაში გადავაგდეთ! მააშ! ძალიან მადლობელები იყვნენ! ქალები, განსაკუთრებით. ჩვენ ხომ ისინი პატრიარქალური ოჯახის ხუნდებისაგან ვიხსენით და მთელი მსოფლიო მოვატარეთ!
- და რამდენ სახლებს ვაშენებდით? ათობით, ასობით…მილიონობით სახლს, სასტუმროს, ბენზინგასამართ სადგურს (თავდაცვის მინისტრი გვყავდა ისეთი მენავთობეე… მიმიქარავს მენავთობე ქალები!) თითოეულ სასტუმროს მშენებლობაზე 20,000… ზოგან სულაც 50,000 კაცი მუშაობდა… მუშახელი გვაკლდა და ინდოეთიდან, ჩინეთიდან, თურქეთიდან ჩამოგვყავდა… ბოლოს იქამდე მივიდა საქმე, სან-ფრანცისკოს ღარიბი კვარტლებიდანაც დაიძრა ხალხი Far and Away!.. არა, სულაც არ ვაჭარბებ! თქვენ ხომ გაგიგიათ ტრამპი? – აი, მარტო ტრამპმა ააშენა ჩვენთან 40-მდე ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო – ფაქტიურად ყველგან, ბათუმიდან – წნორამდე! სადაა ახლა ეს სატუმროები?.. ჰმ… დაანგრიეს!.. ნუთუ არ იცით, რომ ყველაფერი დაინგრა და გაპარტახდა… ქარმა? არა ბატონო, რა ქარმა!.. ქარიშხალმა! რუსული ფულით მოსულმა ქარიშხალმა დაანგრია ჩემი სამოთხე, ჩემი გეთსიმანიის ბაღი, დაძირა ჩემი ატლანტიდა…
- ჰო, დღეს საშინელი ქარია გარეთ! სახურავები გადაგლიჯა, ათობით… ასობით… ათასობით სახლი დაინგრა ამათი უთავობის გამო… მაგრამ ეს რაა იმ მილიონობით სახლთან, რასაც უქარო ამინდშიც კი ანგრევენ… ხიდები? ხიდები სულ დაშალეს და დახერხეს… თქვენ როგორ გადმოხვედით მდინარეზე? მებორნემ გადმოგიყვანათ? – რაა?? ხიდით? უცნაურია… არცერთი ხიდი აღარ იყო დარჩენილი, ალბათ , პანტონებით ააგეს დროებით…
- ჩემს დროს ქარი კი არა, ნიავიც არ უბერავდა! ისეთი წყობა მქონდა, რომ თოვლიც საუკეთესო მოდიოდა და ბათუმში ნოემბერშიც კი დუბაიდან ჩამოდიოდა ხალხი გასარუჯად! ფაქტიურად ზონებად მქონდა დაყოფილი ქვეყანა – მესტიის ზონა – ალპური, ბათუმი (მამა ენაცვალოს!) ქობულეთი (ჯანდაბა მაგათ!) ანაკლია (ჩემი საფერფლე!) ლაზიკა (ჩემი სასულე!) ზონა – საცურაო-სადაივინგო ზონა (7X24X12X9)… სიღნაღი – სასიყვარულო ზონა… ბორჯომი – სამილსადენო ზონა… იყო კიდევ რუსთავის ზონა, გეგუთის ზონა, ქვიტირის ზონა, გლდანის განსაკუთრებული ზონა… როგორი იმედი მქონდა გლდანის ზონის… ეეხ… ყველაფერი მოსპეს და წაბილწეს…
- არც წვიმა მოდიოდა ჩემს დროს!.. ნუ ერთხელ მოწვიმა მარტო თბილისში, ცოტა წამოუშხაპუნა… კარგად არ მახსოვს, ფეხბურთზე ვიყავი იმ დღეს, პლატინის უნდა მოვლაპარაკებოდი ახალგაზრდების ოლიმპიადაზე… ბუნდოვნად მახსოვს… ერთხელ, კიდე , ჟუჟუნა წვიმა იყო ბათუმში, ცოტა დაგვისველდა ის ბრმა მომღერალი, სოფიმ ქოლგაც კი დაუჭირა სათუთს…
- ჩემს დროს არავინ ეწეოდა და არც იჩხირავდა… ახლა კი სადარბაზოები შპრიცებითაა სავსე. სადაც კი შევალ, სულ შპრიცები და შპრიცები! ჩემს დროს ახალგაზრდობა უფრო მორალური იყო, მე ვაქცევდი ამას ყურადღებას, განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევდი… ძალიან კარგად ვაქცევდი… მომენტალურად ვაქცევდი… ზუსტად იმად ვაქცევდი, რაც მდგრად ეკონომიკას და განვითარებას სჭირდებოდა… ხშირად უბრალო ოფიციანტი და მეპურე მინისტრადაც კი გადამიქცევია, მააშ! მე მიყვარდა ახალგაზრდებისათვის შანსის მიცემა! ისე ვზრუნავდი მათზე, რომ ბევრი მამა და მამაშა ვერ იზრუნებდა… მათ დაოჯახებაშიც არაერთხელ აქტიური მონაწილეობა მიმიღია… C’est la vie, mon cher, c’est la vie…
- რაა? რა ბრძანეთ?.. როგორ… არა… არა, არა, არა… ნუთუ თქვენ, არა… ნორმალური ადამიანი ბრძანდებით, ვზივართ აქ და ნორმალურად ვსაუბრობთ… არ გვეკადრება ჩვენ, ჩვენს ამ აბოლუტურად ტრანსპარენტულ დიალოგს არ ეკადრება ასეთი ინსინუაციები – რა წამება… როგორ გეკადრებათ… რა ელიტური კორუფცია… მე და კორუფცია? მე კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ ნოშრევანს, მეუბნებით ამას? კარგით, რა, ყველაფერს ხომ აქვს საზღვრები… ძალიან გთხოვთ არ გამიფუჭოთ, ნიკა, თქვენზე ლამის ასე კარგად ჩამოყალიბებული შეხედულება… ჩვენ ხომ მოზრდილი და ლოგიკურად მოაზროვნე ადამიანები ვართ და არა რაღაც მასა, რომელსაც ჩასძახეს და სჯერათ, რომ იყო კორუფცია, იყო დაშინებული მოსამართლეები… გინდათ გაჩვენოთ, რამდენი დასავლური ჟურნალი და გაზეთი წერდა ჩვენზე, როგორც კორუფციის წინააღმდეგ #1 მებრძოლ ქვეყანაზე? – აი, ხომ ხედავთ იმ, აიმ უშველებელ შეკვრას – ეგ სულ ეგეთი სტატიებია! დაახლოებით მაგდენივეა მეორე სტოპკაშიც, სადაც ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებად ქვეყნად გვთვლიან! მესამე სტოპკაში აღარც ვიცი რაა, მაგრამ იქაც ძალიან კარგი რაღაცეები სწერია ჩვენს გამჭვირვალობაზე და განუმეორებლობაზე! ეკას გაახარებს ღმერთი, რომ ეს ყველაფერი ასე ლამაზად მოაგროვა და დამიდო, რომ ზოგიერთ ტვინგაყინულ ურწმუნო თომებს შუბლზე ავაფარო! ნუ, თქვენ არ ხართ, ტვინგაყინული, იმედი მაქვს!… არ გვინდა ეგ საუბრები… წამბეა, ტანჯვა, გვამები სახურავზე… ეს ხომ ცნობილია ყველასთვის, რომ ბლეფია, არავითარი გვამი სახურავზე არ ყოფილა!.. არავითარი დარბევა… როგორ გეკადრებათ… ვიღაცას წვიმაში ფეხი დაუცდა, წაიქცა, შუბლი ბორდიურს დაარტყა, ჩვენმა სპეცნაზელებმა სათუთად აიყვანეს, შეუხვიეს, განყოფილებაში წაიყვანეს ოქმის გასაფორმებლად და ა, ეგ იყო სულ რაც სინამდვილეში ხდებოდა, ხოლო მერე წერდნენ – ასობით ნაცემი, გვამები სახურვაზე… ეხლა, მაპატიეთ და ყველა განვითარებულ ქვეყანაში ხდება, რომ ადამიანებს დენი ურტყამს, დიდი ტრაგედიაა, მაგრამ ჩვენ რა შუაში ვართ? არ უნდა ებოდიალათ სახურავებზე და დრესაც მშვენივრად იქნებოდნენ… ეგღა მაკლია ეხლა ეგეთ ბჟუტურზე სერეოზულად ვუპასუხო… ბარემ ეგეც მკითხეთ, თუ მოვკალი ჩემი უახლოესი ადამიანი, ჩემი მარჯვენა ხელი, ადამიანმა, რომელმაც მე რევოლუცია მომახდენინა – საკუთარი ხელით! ეს ხომ სისულელეა! დაიმახსოვრეთ – ეს სისულელეა და მარად სისულელე იქნება! ისევე როგორც ის, თითქოს ჩემი მეუღლე მკვდრებს აჭრიდა ორგანოებს!.. არავის არ ჯერა მაგ ბოროტი ფანტაზიების… არავის – აი, მტკიცებულებები – ეგერ დალაგებული! ან თუ გინდათ, წამყვან ევროპელ პოლიტიკოსებს ჰკითხეთ – ისინი მაინც პირუთვნელად გეტყვიან! აი, აგერ შემიძლია მოგცეთ მათი მეილები და ტელეფონები – კარლის, ვილფრედის, ეჟის, ვიტა… აი, ამათ უნდა მოუსმინოთ და არა იმ მნგრეველებს!..

- კარგით შევრიგდეთ, მესმის რომ ძნელია, ამ პროპაგანდას დაუპირისპირდე! როგორ მოსპეს მედია – როგორ გებელსური პროპაგანდის იარაღად აქციეს, რას არ აჯერებენ ხალხს! რომ თითქოს მე, მე მათ ფულს ვპარავდი! მე, რომელმაც ბიუჯეტი ათჯერ, ასჯერ, ათასჯერ გავზარდე, ვპარავდი ფულს ლტოლვილებს და უსახლკაროებს… რა მარაზმია, ალექს, ამაში არ გაერიოთ, ძალიან გთხოვთ, თქვენ ხომ რესპექტაბელური ჟურნალისტი ხართ და არა ვიღაც ვიგინდარა…

- ეეხ… ყველა ბედნიერი იყო… მეც როგორი ბედნიერი ვიყავი?! წარმოიდგინეთ, ავდგებოდი სისხამ დილით, ნაშუადღევს და გავფრინდებოდი ბათუმში, ჩემ ქალიშვილთან … ააა! როგორ არ მყავს,!… მყავს ქალიშვილი – სწორედ ბათუმია ჩემი ქალიშვილი… ჰა-ყააააააა-ჰა-ყააა-ჰააა-ყაააა…. არ იცოდით? კი, სხვა ქალიშვილებიც მყავს… მთელი რემა!.. გაუხედნავები… გახედნილები… ჰა-ყაააა-ჰა-ყაააააა… ჰოდა იქ, რაღაცას გავხსნიდი… ყოველთვის მოინახებოდა რამე გასახსნელი… მერე გადავფრინდებოდი ფოთში – ეგ განსაკუთრებით მიყვარდა, იქ ღრუბელ-ღრუბელ ნავარდი… რამდენი კილომეტრია? რა ვიცი, ალბათ 30, ან 100 – რა მნიშვნელობა აქვს, ფეხით ხომ არ მივდიოდი, ან ტაქსით, – თვითმფრინავს მივყავდი… ისე, მე იმდენი აეროპორტი ავაშენე, ხანდახან პილოტებს ეშლებოდათ და ფოთის მაგიერ სენაკში ან ბათუმში ჯდებოდნენ… იქაც, ფოთშიც რამეს გავხსნიდი… საავადმყოფოების გახსნა მიყვარდა – შევიდოდი, იქ კი ვიღაც ხალხი მხვდება და მიყვებიან, როგორ ოცნებობდნენ საავადმყოფოში მოხვედრაზე და ჩემს ნახვაზე, რომ მოეყოლათ, როგორ ოცნებობდნენ მთელი სიცოცხლე… ხომ წარმოგიდგენიათ, როგორი სასიამოვნოა, როცა ხალხი ამას გიყვება… არა, ხანდახან კი მეპარებოდა ეჭვი, რომ არაფერს მეუბნებოდნენ გაჭირვებაზე, მაგრამ ამ აზრს უცებ ვიცილებდი თავიდან – სად იყო გაჭირვება? სად? ვერ მონახავდით ვერსად! ლტოლვილებიც კი სულ მღეროდნენ და იცინოდნენ! არავინ ისე საამურად ირ იცინოდა, როგორც ლტოლვილები – ბავშვები გან საკუთრებით… მერე ვერტმფრენით დავჯდებოდი რიკოთზედ – იქ გზების მინისტრი დამხვდებოდა მორიგი ინფარქტის შემდეგ – ეგეთი კაცია – მომხიბვლელი და ინფარქტიანი – უყვარდა, რომ ვეხუმრებოდი ხოლმე, გაწითლდებოდა და იცინოდა, ძალიან უყვარდა ჩემი ხუმრობა, სულ არ სწყინდა… – ჰოდა, გვირაბში მივდივართ და მიყვება, როგორ ვაჯობეთ უკვე იტალიასაც (წინაზე – შვეიცარიისთვის გვქონდა ნაჯობნი!) მერე იქ რომელიმე სუპერმარკეტს გავხსნიდი და გავიხსენებდი, როგორ ვიჯექით ოცი წელი ირანულ კიტრებზე… Lepota! ხსნი ამ სასტუმროებს, შადრევნებს, სუპერმარკეტებს, გადაგაქვს ძეგლები, მთები, და ხვდები, რომ ყველაფერი შეგიძლია!.. იცით, ეს რა გრძნობაა!?
- ერთხელ მოვინდომე და ლეგოს ქალაქი ავაშენე – მთელი ქალაქი!.. აი, ისეთი, ბავშვობიდან რომ ვოცნებობდი… ავაშენე და დედაჩემს და ბებიაჩემს მოვუყევი, აი, ის ლეგო 4308 რომ არ მიყიდეთ, ხომ მაინც მაქვს მეთქი!.. ჰა-ყააა, ჰა-ყაააააა ჰა-ყა=-ჰა-ყა-ჰა-ყა….
- ან რა იყო ჩვენი ღამეული ცხოვრება – ყოველღამე ფეიერვერკები! ფეიერვერკები! ფეიერვერკები! ხანდახან თვითმფრინავით აეროპორტს რომ მოვუახლოვდებოდი, ჩემი გვარდია ფეიერვერკების პარადს იწყებდა – ძალიან ლამაზია, ზემოდან რომ მოდიხარ და ფეიერვერკს უყურებ… ჰოდა, როცა შენთვისაა ორგანიზებული, ხომ უფრო მაგარია!.. და თუ თავად შენი დაგეგმილია?.. – ოოოო – სულ უმაგრესი! ხანდახან, ვინმე ერთგულ ჟურნალისტს, ან მინისტრს – მოკლედ, ვინც იყო გვერდით, ხელს გადავხვევდი და ვეუბნებოდი – აი, ლამაზო, ახლა აქ წითელი გასკდება, მერე იქ – ყვითელი, მერე ცოტა მარცხნივ – მწვანე, რგოლებით, და ბოლოს – ლურჯი… ვარსკვლავებით, სასახლის თავზე… ჩამოვიდოდი და შარდენიდან – სუში ბარში, სუში ბარიდან – ბუდა ბარში, ბუდა ბარიდან – სიღნაღში, სიღნაღიდან – ანაკლიაში… და თუ კიდევ გვინდოდა რაღაც ექსტრავაგანტური – სულაც ბაქოში, ან ბოდრუმში… ბოდრუმში კი, დილით რომ გამოხვალ შორტებით ან თეთრი ხალათით ხუთვარსკვალვიანი სასტუმროს ტერასაზე, გვერდით მაგარი ნაშა გიზის და ყველამ იცის, რომ მსოფლიოში ცნობილი ადამიანი ხარ… აი, მაგაზეა ნათქვამი – THE WORLD IS YOURS! აი, ასეთი მომენტებისთვის ღირდა არჩევნებიც, ომიც… ათასი სხვა მაიმუნობა…

- და ახლა კი… რაღაა ახლა ჩემი ცხოვრება?.. ვარ აქ გამოკეტილი. ხანდახან ქალაქს რომ დავარტყა წრეს ვერტმფრენით, ეგეც საოცნებოდ მაქვს გადაქცეული… დაცვა არ მაძლევს უფლებას, აკრძალულიაო… დაცვა თორემ – ეგ რა დაცვაა? – 100 კაცი… 100 კაცი დამიცავს მეე?..

- მიბრძანდებით? რატომ ასე მალე? დარჩენილიყავით… აგერ ალინა გადავუშვი მეზობლად კაფეტერიაში – კარგ ხინკალს და პიცას აკეთებენ, ნაცნობ გოგოსაც გადმოიპატიჟებს, ძალიან კარგი გოგონაა, გესმით, ალბათ…დავჯდეთ… კრის დე ბურგს და კუტუნიოს მოვუსმინოთ… აღმშენებელობის სადღეგრძელო დავლიოთ… ბებოც მოვა, ჩემი საყვარელი სნიკერსი დაუცხვია, მერე დავჯდეთ… home theatre მაქვს კარგი, „კომედი შოუს“ ჩავუჯდეთ… მაგათი მთელი ფილმოთეკა მაქვს, ტერაბაიტებზეა ასული…

- კარგით, რადგან არ იშლით, კი ბატონო… აი, მანდ არის კარები. ეხლავე გაგიღებენ… ძაან მძიმეა, მააშ…

- ინტერვიუს რომ დაბეჭდავთ, გამაგებინეთ. მიყვარს, ჩემს ინტერვიუს რომ ვკითხულობ, ძველი დრო მახსნებდება… დაბრუნდება ეგ დრო! სერიოზულად ვმუშაობ ამაზე, მეორეჯერ რომ მოხვალთ, მერე მომავალზე ვილაპარაკოთ…

the-world-is-yours-lwp-vyeyo


ვენესუელელი ბლოგერის ადრესი – 10 მიზეზი, რატომ არ მომენატრება უგო ჩავესი


 HUGO

გადავხედოთ ამ ბლოგს და შევადაროთ ჩვენს რეალობას

=================================================

აი, რას უწუნებს ვენესუელელი ბლოგერი თავის აწგარდაცვლილ პრეზიდენტს:

1. ავტორიტარიზმი – იმის სრული უუნარობა, რომ ოპონენტთან პატიოსანი დიალოგი ეწარმოებინა.

2. კანონის უზენაესობისადმი უპატივცემულობა  და დაუსჯელობის კლიმატის შექმნა. კონსტიტუციის მორგება საკუთარ ტანზე და მაინც, ლამის ყოველდღიურად ამ გადაკეთებული კონსტიტუციის დარღვევაც.

3. ცარიელი დაპირებები, რომ მისი ხელისუფლება ხალხისთვის იმუშავებდა. ამ დროს 14 წლის განმავლობაში ჩავესის დროს ნაკლები საზოგადო სახლები აშენდა, ვიდრე ნებისმიერი წინა პრეზიდენტის 5-წლიანი პრეზიდენტობის დროს. ჰოსპიტლებს დღეს არავითარი რესურსი არ გააჩნიათ. ცარიელი პროპაგანდა – აი, ჩავესის სტილი!

4. სამთავრობო კორუფციის ფანტასტიური დონე! მთავრობაში  კორუფცია მანამდეც იყო, მაგრამ ახლა მისი მასშტაბი გაიზარდა თუ მედია მილიონობით დოლარის აორთქლების შესახებ რამეს დაწერდა, ჩავესის მთავარი რეაქცია მედიაზე შეტევა იყო. მხოლოდ მაშინ ხდებოდა კორუფციის გამოძიება, თუ საქმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს ეხებოდა.

5. გაშვებული შესაძლებლობები! როცა ჩავესი პრეზიდენტი გახდა, ნავთობის ფასი $9.30 იყო, ხოლო 2008 წელს – $126.33 მიაღწია!.. ამ ფულით რამდენი რამის გაკეთება შეიძლებოდა! ხოლო ჩავესმა გადაწყვიტა, იგი კორუფციულად აეთვისებინა და ამომრჩეველთა მოსასყიდად და იარაღის საყიდლად გამოეყენებინა.

6. შეტევები კერძო მეწარმეებზე და ბიზნესზე! ასობით კერძო კომპანიის პრივატიზაცია, და მრავალი ასეულის გაბანკროტების ხელშეწყობა. არა იმიტომ, რომ სოციალისტი ან კომუნისტი იყო, არამედ უნდოდა, მის მეტს არავის ჰქონოდა  მოგების მიღების და ოპონირების უნარი. რაც უფრო მეტი ხალხი ხდებოდა საჯარო (და არა კერძო კომპანიების) მოსამსახურე, მით მეტის ორგანიზება შეიძლებოდა ჩავესის მხარდასაჭერად პოლიტიკურ მიტინგებში მონაწილეობის მისაღებად. ხოლო ოპოზიციის დამფინანსებელი კი აღარავინ რჩებოდა!

7. დაცინვა და ცინიკურობა თავისუფლების და ადამიანის უფლებების მიმართ. ჩავესმა ის 30-ზე მეტი რადიო და ტელესადგური დახურა, რომლებიც მას აკრიტიკებდა! მან აუკრძალა გაზეთებს ვალუტის ოპერაციები, რათა საბეჭდი ქაღალდი ვეღარ ეყიდათ (ვენესუელაში ჩვეულებრივ მოქალაქეებს არ შეუძლიათ ვალუტის ყიდვა სპეციალური ნებართვის გარეშე!). ადამიანები წლობით იყვნენ ციხეებში სასამართლოს გარეშე, ან მხოლოდ იმიტომ, რომ განსხვავებული აზრი გაჩნდათ! ათეულ ათასობით ადამიანს, ვინაც რეფერენდუმის მოთხოვნის პეტიციაზე ხელი მოაწერა, ჯარიმები დაკისრეს და საჯარო სამსახურში მოხვედრა აუკრძალეს. ხოლო მრავალს საერთოდ პირადობის მოწმებები და პასპორტებიც კი ჩამოართვეს.

8. აბსოლუტურად ცინიკური დემაგოგია ვენესუელის სუვერენობის საკითხით მანიპულირებაში. ამერიკელები კი გააგდო, მაგრამ კუბელებს, რუსებს, ჩინელებს და ირანელებს ხელებს ულოკავდა (ავტორი უფრო მძაფრ მეტაფორას ხმარობს, რაც მკვდრის მიმართ გაუმართლებლად ჩავთვალე, ს.თ.). ახლა უკვე კუბელი ოფიცრები გასცემენ ბრძანებებს ვენესუელის არმიაში.   ხოლო ჩინურმა ნავთობის კომპანიებმა მოგების მარჟა იმაზე მეტად გაზარდეს, ვიდრე ამას დასავლური კომპანიების აკეთებდნენ. და ჩავესი არასოდეს მალავდა, რომ სწორედ იმ მთავრობებთან იყო კარგად, ვინც საკუთარ ხალხს ჟლეტს

9. ჩავესის ცინკური მიდგომა ძალადობის საკითხში. მან განაცხადა, ვენესუელაში მშვიდობიანი რევოლუცია მოხდაო, მაგრამ, სინამდვილეში, დაუშვა ისეთი შეიარაღებული უკანონო ფორმირებები, როგორც  Tupamaros, La Piedrita და FBLN, მისცა მათ იარაღი, ისივე როგორც კოლუმბიელ ბოევიკებს, რომელბიც მკვლელები და ნარკოგამსაღებლები არიან.

10. მუდმივი დაცინვა დემოკრატიის მიმართ.  ჩავესის საყვარელი შეტევა ოპოზიციის მიმართ იყო, ის, რომ მათ მუდმივად „პუტჩისტებად“ მოიხსენიებდა. მაგრამ მას ავიწყდებოდა მის მიერვე ორგანიზებული პუტჩი 1992 წელს და ისიც, რომ სამხედროები მუდამ არწმუნებდნენ, კიდეც რომ წააგო არჩევნები, ოპოზიციას ჩვენ „გადავუვლით“ და მოგებული მაინც შენ დარჩებიო!  საკუთარ პარტიაშიც არავითარი დემოკრატია არ ჰქონდა, თავად პირადად არჩევდა პარლამენტის თითოეულ წევრს, თითოეულ მერს თუ რაიონულ ხელმძღვანელს. როცა ოპოზიციიამ 2007 წელს მოიგო რეფერენდუმი, რომლის მიხედვითაც ჩავესს კონსტიტუციის შეცვლა სურდა, მან ეს რეფერენდუმი გაუქმებულად გამოაცხადა და მაინც მოახერხა, ცალკეული პარაგრაფების ისე შეცვლა, რომ რამდენჯერაც სურდა, იმდენჯერ შეეძლო კენჭი ეყარა.  ხოლო 2010 წლის არჩევნებისთვის, ისე გადააკეთა საარჩევნო სისტემა, რომ ოპოზიციას ვერ შეძლებოდა 1/3-ზე მეტი ადგილის მოპოვება, მიუხედავად იმისა, რომ  მათ პროპორციული სისტემით 51%-ზე მეტი ხმები მოაგროვეს! ხელისუფლების შტოებს შორის არავითარი ბალანსი არ არსებობდა. ყველა პოლიტიკურ-საზოგადოებრივი ინსტიტუტი მხოლოდ ქაღალდზე არსებობდა…

================================

სტატიის ავტორი ასე ამთავრებს თავის საბრალდებო დასკვნას:

- აი, ამიტომ არასოდეს მომენატრები, უგო!

____________________

Follow Pancho49 on Twitter or read his Blog.

http://ireport.cnn.com/docs/DOC-937093?hpt=hp_c2


მოხიბლული დუელიანტის ოპტიმისტური აღსარება რესპუბლიკის მთავარსარდლის წინაშე


მიშაფუტურე

15 დეკემბერს, ახალ წლამდე ორი კვირით ადრე, გაზეთ „24 საათში“ გამოქვეყნდა ქ-ნ ნათია მეგრელიშვილის სტატია „ღია წერილი საქართველოს პრეზიდენტს“, რომელშიც აღელვებული ავტორი საქართველოს პრეზიდენტს ემონოლოგება.

http://24saati.ge/index.php/category/society/2012-12-16/34507.html

ქ-ნ ნათიას არ ვიცნობ, „24 საათის“ მენეჯმენტი დემაგოგიური სერვილანტური ურნალისტიკის ერთ-ერთ ეტალონად მიმაჩნია (თუმცა არის მაგ გაზეთში რამდენიმე ნამდვილად პატივსაცემი ჟურნალისტი) და იმის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილს ვინ რას მისწერს, ამ პოლიტიკოსზე აზრს ნამდვილად არ შევიცვლი…

და მაინც, გადავწყვიტე, რომ ამ სტატიას გამოვეხმაურო.

რადგან ასე მგონია, რომ იგი „სა-ეტაპო“ სტატიაა!

ჩემი აზრით, ნაკლებადცნობილი ჟურნალისტის ამ თითქოს-და უშუალო სტატიას კიდევ მრავალი საგაზეთო, და ტელემასალების მთელი კასკადი უნდა მოჰყვეს, რომელთაც საკმაოდ მწყობრი აღმავალი ვექტორი გააერთიანებს, რათა ამ სტატიის კითხვა “Quo Vadis?”  საბოლოოდ მომნანიე „მამაო, ვცოდე ცად მიმართ და წინაშე შენსა…“-დ აქციოს და თავმოჭრილი ნაცმოძების დღევანდელი უთავბოლო ბროუნის მოძრაობა თანდათანობით ენთუზიაზმით ჟრუანტელმომგვრელ Allegro con brio-მდე მიიყვანოს.

რომ უფრო გასაგები იყოს, რომელი  ციტატაა და რომელი შეფასება, ქ-ნ ნათიას ციტატები ბრჭყალების გარდა კვადრატული ფრჩხილებითაც [„...“] არის გამოყოფილი.

================================================================================

[„კარგია, რომ დიალოგი არ გვაქვს, ვერც მხედავთ და საშუალება მაქვს,მარტო მე ვილაპარაკო, თორემ თქვენ ისეთი ექსპრესიული რესპონდენტი ბრძანდებით, რომ არ მომცემდით შანსს, ამდენი რამ მშვიდად მეთქვა თქვენთვის.თუმცა, სიმშვიდის რა მოგახსენოთ...

დღეს პარლამენტის სხდომაზე განიხილავდნენ საკითხს, ბუსუსებიანი პრეზერვატივები უნდა ვიხმაროთ თუ ეშვებიანი, წითელი თუ მწვანე, ხვალ ალბათ მოკლე კაბებზეც გამოვა ახალი კანონი, ახალგაზრდა პარლამენტარებს პოლიტიკური სუტინიორების პროდუქტს ეძახიან და ურჩევენ, გაიქცნენ და თავს უშველონ,სანამ შავ ბაზარზე გაიყიდებიან, სოფლებში ქართველები ერთმანეთს დაერიენ რელიგიურ ნიადაგზე და ისეთი გრძნობა მაქვს, რომ შუა საუკუნეებში აღმოვჩნდი.როგორ არ გითხრათ საყვედური? ყველა ჩემი მეგობარი, ვინც არ იყო ნაცმოძრაობის წევრი და არც მათი მოტრფიალე, მაგრამ იყო თქვენი პოლიტიკური კურსის მხარდამჭერი, მთხოვს, რომ რაც შეიძლება ბევრი გეჩხუბოთ იმისათვის,რაც დღეს ხდება…“]

სტატიის ავტორს გაუმართლა, რომ ბუსუსებიან პრეზერვატივებზე უსუსური და უდროო მსჯელობა მართლაც იყო პარლამენტში, ამიტომ მისმა ფანტაზიამ ფრთა გაშალა იმაზეც, როდის დაწესდება კანონი მოკლე კაბებზე.  ამიტომ იგი ასევე ჰიპერბოლიზაციას მიმართავს იმის თაობაზე, რომ „სოფლებში ქართველები ერთმანეთს დაერიენ (!) რელიგიურ ნიადაგზე!“ . მაგრამ მე ის მაინტერესებს, რას გრძნობდა იგი, როდესაც საქართველოს პარლამენტი წლების განმავლობაში თავად იქცა აბსოლუტურად გლუვ ორგანოდ, რომელიც სააკაშვილის ნებმისმიერ კაპრიზებს კალიგულას ცხენის გამჭრიახობით და სისწრაფით განიხილავდა? რას გრძნობდა ამ სტატიის ავტორი, როცა გონიოში და აჭარის სხვა სოფლებსა და ქალაქებში სექს-ტრეფიკინგის აშკარა წახალისება ხდებოდა სამთავრობო წრეებიდან? რას გრძნობდა, როცა მიხეილ სააკაშვილი სკოლის მოსწავლეებს ბუჩქებში გართობისაკენ მოუწოდებდა? ალბათ უხაროდა, რომ გასხივოსნებულ მომავალში აღმოჩნდა! როდესაც საქართველოს მთავრობამ ადვოკატების უფლებები უზომოდ შეზღუდა, ხოლო დაზარალებულს პრაქტიკულად საქმეში მონაწილეობის უფლება ჩამოართვა, როდესაც ნაცმოძრაობის ლიდერებმა მოსამართლეების კორპუსი მათდამი ლოიალობის და ლაქიობის კოეფიციენტის მიხედვით გადააკეთეს, როცა ციხეში ადამიანების ჩასმა აქციეს საქართველოს ბიუჯეტის მთავარ შემოსავლის წყაროდ, როდესაც ათასობით მის თანამოქალაქეს ააგლიჯეს კერძო საკუთრება, სამსახურებიდან დაითხოვეს ან სულაც დაიჭირეს პოლიტიკური მოტივით, როდესაც ტელეფონზე ვერ ვლაპარაკობდით მოსმენის შიშით, – მაშინ რომელ ეპოქაში ეგონათ თავი ქ-ნ ნათია მეგრელიშვილს და სტატიის სხვა თანამოაზრეებს?

ამ ძალიან მოსალოდნელ კითხვისაგან სტატიის ავტორმა წინასწარ მოხერხებულად თავი დაიზღვია. საერთოდაც, მგონია, რომ მისი შერჩევა ამ სტატიის ავტორად სწორედ იმან განაპირობა, რომ მას საჭირო „ბექგრაუნდი“ აქვს – თურმე ნაქირავებში ცხოვრობს  და მხოლოდ ეს შუძლია შემოგვთავაზოს თუ ვესტუმრებით: [„...ბაწრებით გადაბმულ და სკოჩებით გამაგრებულ სავარძელზე დაბრძანდით, გაბზარული შუშებიდან ქარი რომ დაუბერავს, დიდი-დიდი მოვახერხო და პლედი გადაგაფაროთ, ვინაიდან ჩემი გამათბობელი ბრეჟნევის დროინდელია და ცუდად მუშაობს, ხაჭაპურს და ღვინოს ვერ შემოგთავაზებთ, მაგრამ მოცვის ჩაის მოგართმევთ და მოგიყვებით, როგორ და რატომ გამათავისუფლეს ნაცებმა სამჯერ სამსახურიდან და ხელფასის და დაზღვევის გარეშე დამტოვეს.“]

ამ ტექსტის წაკითხვის შემდეგ გასაგებია, რომ ან ავტორი იმ იდეურ მიშისტთა რიგებს უნდა ეკუთვნოდეს, რომლებიც სეთურის ქვეშევრდომებივით ელოდებიან, როდის ააშენებენ მამა-მარჩენლის უკვდასაყოფად ამქვეყნიურ სამოთხეს (და მზადაა, ამისათვის მამის და მარჩენლის ფანტასმაგორიულ ჰედონიზმსაც მოუნახოს გამართლება და საკუთარი სიდუხჭირეც უდრტვინველად აიტანოს), ან ჩვენ ვგონივართ მისი გულისამაჩუყებელი, მაგრამ მაინც, დემაგოგიის თვალდახუჭულად ყლაპვის მოყვარულები… ან – ორივე ერთად.

ამის შემდეგ ავტორი მთავარ საკითხზე გადადის – ქვეყნის მისთვის სანუკვარ პირველ პირს და პრეზიდენტს საყვედურით მიმართავს.

მინდა გითხრათ, რომ ამ ღია წერილის წაკითხვისას იოსებ ნონეშვილის „მამავ, ძვირფასო!“ გამახსენდა – პირველ რიგში ტონალობაა მსგავსი. ყველაფერში ჩანს ავტორის სასოწარკვეთა, რომელიც იმ პარლამენტს ეგუებოდა, სადაც ხალხი ფეხზე ეკიდათ და პრეზიდენტისთვის ნებისმიერი კაპრიზის “გაპრავებით” იყვნენ დაკავებულნი, მაგრამ სადაც პრეზერვატივების განხილვა არ მოსვლიათ თავში აზრად (მარტივი მიზეზის გამო – მიშას არ დაუვალებია, თორემ ბუსუსების რაოდენობას არ დააკანონებდნენ? ან სულაც – კონსტიტუციაში ვერ შეიტანდნენ, როო?), ახლა კი ლამისაა თავი მოიკლას – [„და ახლა ნაცია კი არა, უკვე აღარ ვიცი, ვინ ვართ, როცა ვუსმენ პარლამენტის სხდომებს!“]

მაგრამ „მამავ, ძვირფასოსაგან!“  სერიოზული წინსვლაც შეინიშნება – აწგანსვენებული იოსებ ნონეშვილი ისტორიულ-პოლიტიკური კონტექსტის და რეალობის გამო ვერაფრით შებედავდა კრიტიკას თუნდაც უკვე სამარადისოდ თვალდახუჭულ სოსოს. ხოლო ახლა, ჩვენი ფსევდოდემოკრატიული ნეობოლშევიზმის აპოლოგეტი თავის ცოცხალ ლიდერსაც კი უბედავს კრიტიკას! და მერე როგორ გამეხებულ კრიტიკას?!

[„პირდაპირ გეტყვით, სურვილი გამიჩნდა, თქვენ და ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს კაცურად შეგებრძოლოთ. სხვა საუკუნე რომ ყოფილიყო, ალბათ, იარაღს ავისხამდი“]. – ჟანა დ’არკს და მაია წყნეთელს რომ შეშურდებოდა, ისეთი პათოსია!

[„თქვენ გქონდათ შანსი, საქართველო ძალიან პროგრესულ სახელმწიფოდ გექციათ, ვინაიდან თქვენი პოლიტიკური კურსი იყო სწორი და თანამედროვე,თქვენს გარშემო იყო ახალგაზრდა გუნდი, ძალიან ძლიერი რესურსი (ჟვანია, ბოკერია, გაბაშვილი, რამიშვილი, ბაქრაძე, გიორგი ვაშაძე, გრიგოლ ვაშაძე, კახა ბენდუქიძე), რომელსაც ნებისმიერი სხვა თანამედროვე ქვეყანა ძალიან დიდი სიამოვნებით გამოიყენებდა, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ ეს ძალები ინდივიდუალურად ყოფილიყო ათვისებული, მათი აღრევა მოხდა სხვადასხვა ტიპის ჯგუფებში და დაერქვა ნაცმოძრაობა და ახალმა იდეამ სახე იცვალა.“].

- ძალიან მიჭირს ავტორის კლასიფიკაციის კრიტერიუმი გავიზიარო. თუ აქ ის ხალხი უნდა ყოფილიყო ჩამოთვლილი, ვინც ვარდების რევოლუციიდანვე იყო სააკაშვილის გვერდით, მაშინ რატომ „გამორჩა“ ოქრუაშვილი, მერაბიშვილი, ბურჯანაძე, ადეიშვილი, არველაძე, ბარამიძე, კეზერაშვილი?.. ან რა შუაშია ვაშაძეები და ბენდუქიძე? ჟვანიას რესურსი როგორ „გამოიყენეს“, ეს, ეტყობა, ავტორისთვის კითხვებს არ ბადებს… „რესურსი“ – ტვინია, ფული, მენეჯმენტი თუ კაცურკაცობა (!!!), თუ სხვა რამე, ესეც გაუგებარია… არადა, ცნობილია, რომ ბაქრაძის „რესურსი“ ძირითადად ეგვიპტიდან ოჯახურად ძვირფასი ზარების განხორციელებას უკავშირდება, ბენდუქიძის – ქვეყნის სტრატეგიული სიმდიდრეების გაყიდვას და/ან გადაყლაპვას, ბოკერიას „რესურსი“ კი ისაა, რომ ასლანთან მებრძოლმა ადამიანმა საბოლოოდ ასლანზე უარესი მეფე გაიმეფა, ყველაზე სერიოზულ დასაცავ პატიმრად ოლეგ მელნიკოვი დაისახა და კორუფციასთან ბრძოლით დაწყებული იმიჯი კორუმპირებული ოჯახის შექმნით დაასრულა… გიორგი ვაშაძის „რესურსი“ ორმაგია – არარსებულ კორპუსებში ასობით მკვდარი სული ჰყავდა ამომრჩეველად რეგისტირებული და ვანო მერაბიშვილს და მთელ მის სამინისტროს მაღალჩინოსნებს ყალბ პასპორტებს და პირადობის მოწმობებს უწერდა… ხოლო გრიგოლ ვაშაძის ყველაზე სერიოზული „რესურსი“ რუსეთის მოქალაქის ის პასპორტი იყო, რომელსაც რუსეთთან ომიდან რამდენიმე თვის შემდეგ, როგორც იქნა, შეელია!..

[„თქვენ, ვინც ქვეყანა გათანამედროვეობის გზაზე დააყენეთ, ჩაატარეთ არაერთი წარმატებული რეფორმა (მაგ: საგანმანათლებო)...“] – თუმცა, შემდეგ მთელი გვერდი ეძღვნება იმის აღწერას, სინამდვილეში რა ნაგავი იყო მანდატურებიანი სკოლა!

[„და მიეცით შანსი წესიერ და მშრომელ ახალგაზრდებს, ყოველგვარი პროტექციის გარეშე სტუდენტები გამხდარიყვნენ...“], – ხოლო შემდეგ 10,000-მდე სტუდენტი იძულებული გახდა სწავლა შეეწყვიტა უზომოდ მაღალი გადასახდების გამო, ხოლო გამოცდების ცენტრის დირექტორი იმისთვის მოხსნეს, რომ შაშკინის ხუშტურებს არ დაემორჩილა, ხოლო მისი შვილი ოპოზიციის მიტინგს დაესწრო.

[„პოლიცია თავდაყირა დააყენეთ და ჩვენი შვილების ქუჩაში გასვლა უსაფრთხო გახდა...“], – თუმცა 70-მდე ახალგაზრდა ქუჩაშივე ჩაცხრილეს, ხოლო მერე ამ თავდაყირა დაყენებულმა მაგრამ გაპოლიტიზირებულმა პოლიციამ „მიშა-მიშას!“ ყვირილი, მოქალაქეთა მიმართ ყალბი ბრალდებების შეკერვა და დაკავებულთა გადმოყრა დაიწყო ზედა სართულებიდან, ისევე, როგორც შევარდნაძის დროს…

[„ქუჩები დასუფთავდა და ქალაქში ნაგვის სუნი აღარ იყო...“]  - თუმცა ამ ნაგვიდან გიგი უგულავას მაგარი შემოსავალი შედიოდა, ხოლო ჩვენ დენზე მიბმული ნაგვის გადასახადით გვატყავებდნენ, რათა მთავრობას უცხოეთში ეგულავა.

[„ტრანსპორტი ნორმალურად ამუშავდა...“] –  და ისევ უგულავას ძმაკაცებმა ერთხელ რესტორანში 100-100 ლარით დაფუძნებულ ოთხ ფირმაზე გადაიფორმეს მთელი სამარშრუტო ტრანსპორტი.

[„გაჩნდა დაზღვევის ინსტიტუტი და მე თავადაც მერიის დახმარებით გავიკეთე რთული ოპერაცია.“] – ჰმ!… აკი ნაცებმა დაზღვევის გარეშე დამტოვესო – თავში გული აგვიჩუყა ქ-ნმა ნათიამ?.. ისე კი, დაზღვევის ელემენტები ჰამურაბის დროსაც იყო გაჩენილი, ხოლო სისტემა ბრიტანეთში ას წელზე მეტია არსებობს. თუმცა ის კი მართალია, რომ სააკაშვილის დროს საქართველოში ჯანდაცვის დაზღვევით მოსახლეობის მოცვა ნამდვილად გაფართოვდა, მაგრამ მან ისიც მოახერხა, რომ სადაზღვევო კომპანიებმა მთელი სახელმწიფო სამედიცინო სექტორი აითვისეს და ჯანდაცვის სერვისები გაძვირდა… მერიის დახმარებით ოპერაცია ათეულათასობით ავადმყოფმა რომ ვერ გაიკეთა, როცა თავად მერი მეუღლის სამშობიაროდ მთელი ამალით მიდიოდა ვენაში, იმათ რას ვეტყვით? ვინც ოჯახის წევრის ავადმყოფობის გამო ქონების გაყიდვა მოუხდათ, ისინიც მადლობელნი არიან? ფაქტია, რომ ჯანდაცვის რეფორმა ჩავარდა!

[„შექმენით ისეთი მომსახურების სისტემა, რომ აღარ გვჭირდებოდა საათობით და თვეობით რიგში დგომა და ტანჯვა.“]  - რაც მართალი, მართალია! ეგაა, ასეულ ათასობით პრობაციონერს, მათ შორის მრავალ ბიზნესმენს რიგის გარეშე ჰქონდათ გარანტირებული ტანჯვა…

[„ქრთამის აღება საშიში გახდა...“],  - სამაგიეროდ, უგულავა, კეზერაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი, ბოკერია, არველაძე, ცისკარიშვილი, ბენდუქიძე და თავად სააკაშვილი და მისი ახლობლები (დედა, ბიძა, შარანგიები, ყარამანაშვილები, ჩიქოვანი) ისე დაეპატრონენ მრავალმილიონიან და მილიარდიან ბიზნესებს, რომ ქრთამის გაღება არ დაჭირვებიათ!

[„მანქანებს აღარ იტაცებდნენ, ქუჩები განათდა და ათწლიანი უკუნეთი დასრულდა, ქუჩებზე ორმოები ამოავსეთ და მანქანები აღარ ვარდებოდნენ კანალიზაციის ჭებში“].  მართალია! დავამატებ, რომ ფარდობითობის პრინციპით ჰიტლერს, სტალინს, მუსოლინისაც წარმატებით შეეძლოთ იგივე ეთქვათ.

[„ხელფასიც მოგვემატა, ცოტა პენსიაც, ქუჩებზე დაიდგა კამერები და ქართველმა მძღოლებმა წითელ შუქზე გაჩერება იძულებით ისწავლეს...“] –  მართალია! არ გაჩერდებოდნენ და ტყვია გააჩერებდათ! ხელფასის მომატების რეალურ მაჩვენებლებზე კი შემიძლია ავტორს შევეკამათო, მაგრამ ცოტა არ მესმის, 3-ჯერ სამსახურიდან განთავისუფლებულ, უმუშევარ ქალბატონს რატომ და როგორ უნდა ვუმტკიცო, რომ რეალური მსყიდველობითი უნარის გათვალისწინებით ხელფასი არც მაინცდამაინც გაზრდილა …

[„კანონიერი ქურდების და ბანდიტური რეკეტის ხანა დაასრულეთ...“]  - და მართლაც, კანონიერი ქურდები და მათი ბანდიტური რეკეტი “კანონიერი სახელმწიფო რეკეტით” ჩაანაცვლეს! “ტარიფებიც” გაზარდეს! ვინც ვერ იხდიდა, ციხეში სვამდნენ, ცოცხით და წამების სხვა ხერხებით “აღმზრდელობით მუშაობას” უტარებდნენ და ისე ახდევინებდნენ!

[„ნარკოტიკები თითქმის აღარ იშოვებოდა...“] – კიდევ ერთი ბლეფი! ის რომ ნარკოტიკების გამსაღებლებს აღარ იჭერდნენ, არ ნიშნავდა, რომ ნარკოტიკები აღარ იშოვებოდა. ნარკოტიკებზე რომ უამრავ მოხმარებელს იჭერდნენ, ისინი საიდან მარაგდებოდნენ? ვანოს ტუმბოჩკიდან? თუ ყველა მართლა “ჩადებული” ნარკოტიკი იყო?

[„რეგიონებში გახვედით და ნელა-ნელა დაიწყეთ ზრუნვა იმ ხალხზეც, რომელიც დედაქალაქს აღარც ახსოვდა. აღარაფერს ვიტყვი იმ საერთაშორისო ურთიერთობებზე, რომელსაც მოჰყვა ჩვენი შემჩნევა, გაგვიჩნდა შანსი, რომ მსოფლიოს წინაშე წარვმდგარიყავით არა როგორც პატარა ქვეყანა, სადღაც ქვეყნის დასალიერში, არამედ ძლიერი პოტენციის მქონე ქვეყანა, რომელიც უნდა შედგეს როგორც სახელმწიფო და ჩვენ ვართ არა ხალხი, არამედ ერი, ნაცია…“]  - და რა იყო ეს „რეგიონებზე ზრუნვა“?  რეგიონების სახელით ხაზინიდან ორმაგი და სამმაგი თანხების ძარცვა ხომ არა? ვინ იგრძნო ზრუნვა? რომელია ბედნიერების ნავსაყუდელი? – ბათუმი, რომელიც ცარიელი ცათამბჯენების ქალაქდ იქცა და სადაც უმუშევრობა ისეთი მაღალია, რომ ხალხი თურქეთში მიდის სამუშაოდ, ხოლო ადგილობრივებმა სასტუმროების ბიზნესით მხოლოდ კრედიტების კაბალა იგრძნეს? თუ სიღნაღი, სადაც გარედან გაშტუკატურებული სახლები მხოლოდ გარეგნული ბედნიერების ნიშანია? თუ აბსოლუტურად მარაზმატული და გამოუსადეგარი პარლამენტით “გაბედნიერებული” ქუთაისი, რომლის მცხოვრებლების პრობლემების გადაჭრას იმ 350 მილიონის მესამედი ეყოფოდა, რაც უფუნქციოდ დარჩენილ შენობას მიახარჯეს? რა იყო ჩვენი “ძლიერი პოტენციის” დადასტურება? სამხედრო აღლუმები? თუ „მოგებული“ წაგებული ომი? რა არის ეს „შემდგარი სახელმწიფო“, რომელიც თავის ძლიერებას მხოლოდ თავის მოქალაქეებზე შედგომით ადასტურებს? სანატრელია კი ასეთი „შემჩნევა“, ასეთი „გაძლიერება“ როცა საქართველო 2007 წ. 7 ნოემბრით, 2008 წ. გაყალბებული არჩევნებით და წაგებული 5-დღიანი ომით,  2009 წლის 100-დღიანი საპროტესტო აქციებით, და ამ აქციების მრავალი დარბევით, 2010 წლის გაყალბებული არჩევნებით, 2011 წლის სისხლიანი 26 მაისით დაგვამახსოვრდება? რაა ასეთი საამაყო,  თუ საქართველოს გაპლასტმასებული რეალობა ძირითადად მოკლე ხნით ჩამოსულ ტურისტ უცხოელებს მოსწონთ, ხოლო ყველა იმ ქალაქში, რომელიც ნაცმოძრაობამ ვითომ ააშენა და ააყვავა, ხალხმა სწორედ ნაცმოძრაობის წინააღმდეგ მისცა ხმა? თუ ასეთი „სამოთხე“ ააშენა ნაცმოძრაობამ, რატომ მიდიოდა ყოველ წელს ამ “სამოთხიდან” უცხოეთში გაცილებით მეტი ადამიანი, ვიდრე ბრუნდებოდა?

==============================================================

[„და ასეთ გზაზე დამდგარი საქართველო თქვენი და ნაცმოძრაობის (რომელიც ვერა და ვერ ჩამოყალიბდა როგორც ძლიერი პარტია)ადამიანებთან არასწორი დამოკიდებულებით, ცინიზმით და სარკაზმით, გულგრილობით, გაუგებარი ტერმინებით და უკვდავების შეგრძნებით - ყველაფერი წყალში გადაყარეთ, ყველაფერი გაწირეთ და ახლა ნაცია კი არა, უკვე აღარ ვიცი, ვინ ვართ, როცა ვუსმენ პარლამენტის სხდომებს.

...ნაციონალების ქმედებები..., რომელთაც გაგვაოცეს წლების განმავლობაში როგორც რეფორმებით და მიღწევებით, ისევე გულგრილი და უდიერი დამოკიდებულებით ადამიანების მიმართ.

ძალიან გაბრაზებულები ვართ! ბევრი ადამიანის წინაშე ვალდებული ხართ ახლა მაინც, ოპოზიციაში, უფრო მეტი იფიქროთ ადამიანებზე და მათ რეალურ მდგომარეობაზე. თქვენი მტერი არ ვარ, მაგრამ დუელში მაინც სიამოვნებით გამოვიწვევდი ნებისმიერ თქვენგანს.“]

- ეს კი ნამდვილად აპოგეაა ამ ჭეშმარიტად ესქილესეული ტრაგედიისა – გაბრაზებული ავტორი, რომელსაც უნდა დუელში გამოიწვიოს თავისი კერპი! ლამის ანტიგონე, რომელიც ახლა – თანდათანობითი გაბრაზების ცხრა წლის თავზე – დამარცხებისგან გამწარებული („ამდენს ვითმენდი და მაინც წააგეთ?! – თქვენი ჯილაგიო!“) მოსდგომია და ქოქოლას აყრის თავის გმირებს – „უ, თქვე ცინიკოსებო, ჰაიტ, თქვე, გულგრილებო! ოხ, ნეტა მახვილით ამომაშანთია თქვენი სარკაზმი, რის გამოც ასეთ დღეში ჩავვარდი მეც (სამჯერ სამსახურიდან განთავისუფლებას ვინ დარდობს? – პრეზერვატივების კანონით შეურაცხყოფილია ადამიანი!) და – მთელი ქვეყანაცო!“

მაგრამ სწორედ აქ, ისე როგორც ჭეშმარიტი ტრაგედიის აპოგეაში… როგორც ბეთჰოვენის თუ ბახის მარადიულ ჰანგებში… როგორც ყოველთვის, როცა ცეცხლი ტყეს გადაწვავს, უცებ…

უცებ ჩნდება მომავლის იმედი, ფერფლზე ამწვანებული პაწია ფოთოლი და… ფენიქსიც ცოცხლდება!!

დააკვირდით, სტატიაში როგორ თანდათან ჩნდება დამარცხებულის აღორძინების მოტივი!

შეამჩნიეთ, დუელში გამოწვევის გვერდი-გვერდ როგორ ისმის მოწოდება – „აღსდექ, მიშავ! აღსდექ, ძვირფასო! აღსდექ, უძლეველო!“ ნახეთ, რას ამბობს უკვე დაშნაშემართული, მაგრამ ნაცმოძრაობის/უფრო სწორედ – სააკაშვილის და მისი ახალი გუნდის/ სიყვარულით მაინც მათი ვერგამმეტებელი უმუშევარი ქალბატონი! სწორედ იმ გაზეთის ფურცლებზე, რომელმაც მრავალი მილიონი კორუფციულად ბოძებული შეირგო ნაცმოძრაობისაგან და ახლა კი (სწორედ დღეს გავიდა ეთერში სტუდია „მონიტორის“ კარგა ხნის დაანონსებული ჟურნალისტური გამოძიება „24 საათის“ შესახებ!) საოცრად სჭირდება ასეთი წერილები და ასეთი ემოციების ინკუბატორული კულტივაცია! http://www.youtube.com/watch?v=9pyghGk-wuU

[„...იქნებ ახლა მაინც, ოპოზიციაში, უფრო მეტი იფიქროთ ადამიანებზე და მათ რეალურ მდგომარეობაზე...

...უკვე შეინიშნება ახალგაზრდა ექსპერტების პროგრესული, მიუკერძოებელი ჯგუფების გამოჩენა და იმედია, ისინი არ იქნებიან მედროვეები და დამოუკიდებელ ექსპერტებად დარჩებიან...

... მიუხედავად იმისა, რომ მე თქვენი რევოლუციის შემდეგ ცხოვრება კიდევ ერთხელ დამენგრა და სამსახურებიც დავკარგე და პურის ფულიც, მაინც შევეცადე, თუნდაც ჩემი წინაპრების ხათრით გამეგო და მომეთმინა დიდი სულიერი, ფსიქოლოგიური და ფინანსური დისკომფორტი,ვინაიდან დავინახე სინათლე გვირაბის ბოლოში და ძალიან, ძალიან შევეცადე სახელმწიფოებრივი აზროვნებით დამეძლია ჩემი ადამიანური უკმაყოფილება,ჩემნაირი ათასობით არის ამ ქვეყანაში,

... დროა მოისმინოთ განსხვავებული აზრი, ოღონდ არა თქვენი ოპონენტის, არამედ მხარდამჭერის მხრიდან..."]

- აი, ასე!!!

აი, უკვე ყოყმანი ეტყობა დუელიანტ ავტორს წამებულ სახეზე, – „ჩააგე ხმალი, ნათია!“ – უძახის მას ძლიერი ნაციის და მსოფლიოს რუკაზე გამოჩენილი შემდგარი ქვეყნის ხილვისგან განცდილი ბედნიერებით ანთებული შინაგანი ხმა! – „გიყვარდეს დუელიანტი შენი, ვითარცა თავი შენი!..“

და როგორც ოჯახური ძალადობის საწყალ მსხვერპლს, მასაც ერთი იმედი აქვს, რომ მისი მოძალადე გამოსწორდება და ისევ იმ მზეჭაბუკად იქცევა, ვისაც ბედნიერი გაჰყვა ცეტივით! მერე რა, რომ სარკაზმი, გულგრილობა, ფეხებზედაკიდება, ჩარეცხვა, ცემა-ტყეპა და ეს ყველაფერი იყო… ახლა მთავარია, გამართლების ელემენტები მოიძებნოს!.. მთავარია, ყველამ დაინახოს, რომ ეს მხოლოდ იმ ვიღაც ცუდი ექსპერტების და პარტმუშაკების უნიათობის და გულქვაობის ბრალი იყო, თორემ თავად მეფე ისევ ის ნეფეა, – ხუჭუჭა, პატარა!..

საჭიროა, ყველამ გაიგოს ეს… არ არის ადვილი, მაგრამ უნდა სცადოს ავტორმა, თორემ რა გამოვა, ვისთვის და რისთვის იტანდა დასკოჩილ ავეჯს და მოცვის ჩაის დიეტას? რაღა ახლა, როცა „24 საათი“ ამხელა საგაზეთო სივრცეს უთმობს, ხოლო ხვალ-ზეგ ტელევიზიებშიც მიიწვევენ (ამაზე ქვემოთ!) – რაღა ახლა უნდა დაიწყოს ამ მშვენიერი გაზეთის ფინანსური მაქინაციების გამოძიება?

[„ბატონო პრეზიდენტო, თქვენზე ბევრი ჭორი არსებობს, შესაძლოა ბევრი მათგანი სიმართლეც იყო, მაგრამ ვინაიდან მე საბჭოთა ეპოქაშიც ვიცხოვრე და კარგად ინფორმირებული ადამიანი ვარ. მახსოვს რომ კგბ-ში, რომელიც დღესაც ძლიერია (ისეთი ვერ არის, ლავრენტი პავლოვიჩის დროს რომ იყო, მაგრამ მაინც წვალობს), არსებობდა და ალბათ ისევ არსებობს ჭორების განყოფილება, სადაც ისხდნენ საკმაოდ ჭკვიანი ადამიანები და მათ შორის იყვნენ ფსიქოლოგებიც და ამუშავებდნენ ჭორებს, თხზავდნენ და იგონებდნენ ამბებს, რომელიც ქალაქში, ქვეყანაში უნდა გაევრცელებინათ და ამით რაღაც მიზანს აღწევდნენ. ალბათ, თანამედროვე ენით თუ ვიტყვით, ეს იყო შავი პიარის დეპარტამენტი.“]

- ა, ბატონო! ესეც მე ვარ?

ხომ ვამბობდი, ცუდი პიარის რა ვთქვი, თორემ მიშა წმინდანია, ვანო – ქერუბიმი და ბაჩო ახალაია – ცოტნე დადიანი-მეთქი!

ცოტა აცალეთ! ნათიას შპაგა უკვე ჩაგებულია! დუელიანტი მეტოქის გაპატიოსნება იწყება!

[„თუკი ადამიანებმა თქვენ დაგინახეს შორტებით რივიერაზე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ პრეზიდენტი მხოლოდ "გულაობს", იქნებ ეს კამუფლიაჟია და სინამდვილეში პრეზიდენტი იმ ქვეყანაში იმისთვის არის, რომ საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებაზე და გარკვეულ გარანტიებზე ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებს?მე ყოველთვის ვცდილობდი, ასე გამეშიფრა თქვენი ვიზიტები პლანეტის სხვადასვა წერტილში, მაგრამ პაპარაცები ყველგან არიან და თუ თქვენ არა, ეს თქვენს მრჩევლებს მაინც უნდა სცოდნოდათ.“]

- აბა, მე რას გეუბნებოდით?! რივიერაზე შორტებით ვინ დადის, თუ არა კამუფლაჟით ფარულადმომლაპარაკებელი? წესით, ამ დროს წვერ-ულვაშიც უნდა ჰქონდეს სახელმწიფო მოღვაწეს, რომ ამ მაიმუნ პაპარაცებს კოვზი ნაცარში ჩაუგდოს! დრ. დოტიც, სავარაუდოდ, აგენტი 007 იყო და ლონდონიდან და ნიუ-იორკიდან ჩამოტანილ საიდუმლო  ინფორმაციას უჩურჩულებდა ყურში სამასაჟო სეანსების დროს მხედართმთავარს – ზურგზე კბენაც მორზე კოდის ვარიანტია! სამი გრძელი კბენა, სამი მოკლე, სამი გრძელი – ხომ იცით, რაცაა? – SOS!

მაგრამ რაც უფრო ძლიერია საყვარელი დუელ-მეტოქის გამართლების სურვილი, მით უფრო ძლიერი უნდა იყოს სხვების კრიტიკაც. იმ სხვების, ვინაც (დროებით მაინც) განტევების ვაცის როლი უნდა ითამაშოს:

[„არ მაინტერესებს, რა ფერის ტრუსები გეცვათ კურშაველში, ბატონო პრეზიდენტო, ამაზე თქვენმა პოლიტიკურმა ოპონენტებმა ინერვიულონ, მე მაინტერესებს, რატომ სწორად არ გამოიყენეთ თქვენს ხელთ არსებული ინტელექტუალური რესურსი და ერთმანეთისგან თვისობრივად განსხვავებულ ჯგუფებს, რომელსაც დაერქვა ნაცმოძრაობა, ერთი სახე მიეცით. იმის ნაცვლად,რომ მათ საზოგადოება გაემხნევებინათ, გაეხარებინათ ახალი აზროვნებით, პირიქით საშინელი ანტიპატია გაჩნდა. ვინ ურჩია მათ, რომ ადამიანების მიმართ სიყვარულის და სითბოს ნაცვლად ზიზღი გამოეხატათ და ჩაეთვალათ, რომ პროგრესულები მხოლოდ თავად არიან და დანარჩენი საქართველო გოიმია? ვინ მისცა მათ კარტბლანში? ნაცმოძრაობამ, მიუხედავათ იმისა, რომ მისი შემადგენლობა ჭრელი იყო და ეს არ იყო ერთი ჟანრის გუნდი, მაინც ყველამ ერთად თავი უკვდავებად და უბერებლად წარმოიდგინა და ისეთ მაღალ შკალას დაეკიდნენ, რომ 9 წლის თავზე ვეღარ შეინარჩუნეს სიმყარე და წონასოწრობა და ყველა ერთად ჩამოცვივდა. ნაცმოძრაობა მიწაზე დაენარცხა, ანუ სინამდვილეში აღმოჩნდნენ და ახლა იწყებენ რეალისტურ აზროვნებას.“]

[„ტონი, რომლითაც ჩვენს საზოგადოებაში პირველად შემოიჭრა ნაციონალური მოძრაობა, იყო შესაშინებელი და ამაზრზენი. ახალგაზრდა მთავრობა, რომელიც ორიენტირებული იყო რეალურ და ძალიან ეფექტურ რეფორმებზე. ადამიანებს ელაპარაკებოდა არაადამიანური ტონით, ცინიზმით, ირონიით, სარკაზმით, ზოგჯერ ხმასაც უწევდნენ და რატომღაც თავი უკვდავებად ჩათვალეს და გვითხრეს, რომ აწი ყველაფერი ჩვენ ვართ და რაც დღემდე იყო. ის ყველაფერი მოგელანდათ და იყო დიდი ტყუილი. აი, აქ დაიწყო თქვენი პრობლემები.“]

- ჰაი, დედასა!

ახლა მაინც მიხვდით, რაშია საქმე?

უნდა გამოგიტყდეთ, რომ მე, პირადად, თურმე, ძალიან ვცდებოდი!

მე ყოველთვის მეგონა, რომ კარტბლანში იმაზე, რომ მთავრობის წევრებს [„...ადამიანების მიმართ სიყვარულის და სითბოს ნაცვლად ზიზღი გამოეხატათ და ჩაეთვალათ, რომ პროგრესულები მხოლოდ თავად არიან და დანარჩენი საქართველო გოიმია...“] –  სწორედაც რომ მიხეილ სააკაშვილმა მისცა!

თურმე ვცდებოდით, ხალხო!

მიშა არაფერ შუაში ყოფილა!

მიშა კარგია! კარგზე კარგი!! – უკარგესი!!! უსათნოესი და უსპეტაკესი (“სტალინმა არ იცოდა, რეპრესიები რომ ხდებოდა”-იმ ვერსიას ჰგავს!)

ეს ნაცმოძრაობაა ცუდი და საზიზღარი! და აკი, კიდეც დაეხეთქა თავისი ბინძური კურტუმოთი მიწაზე!

- ეგეც შენ, შე ოხერო ნაცმოძრაობავ!

- მოგვეცით ჩვენ ჩვენი კარგი და სათუთი მიშა და წაეთრიეთ, თქვე ზიზღისგამომხატველებო და ფსევდოპროგრესულებო! ახლა ხომ მივხვდით, როგორ გამოვარჩიოთ ტკბილი ქიშმიში მწარე „ბულკიდან“!

======================================

ახლა კი ის პასაჟი, რომელიც ძალიან მომხიბვლელია, რამეთუ დემაგოგიის ქრესტომათიის რამდენიმე პოსტულატს აერთიანებს:

["საზოგადოებაში, ჩვეულებრივ მოკვდავებში, რომლებიც ყოველდღიურად შიშით იღვიძებენ, ვინაიდან არ იციან, როგორ მოერიონ სამყაროსეულ პრობლემებს არა ფილოსოფიურად, არამედ ობივატელურ დონეზე და მაინც ახერხებენ კიდევ აზროვნებას და ფიქრს, მუსირებს აზრი, რომ "ქართული ოცნების" ლიდერმა იყიდა ყველა და ყველაფერი და ფანტასმაგორიული დაპირებებით მოხიბლა ხალხი. იმასაც ამბობენ, რომ ივანიშვილის ფილანტროპია (იგულისხმება პენსიები, რომელსაც ცნობილ ადამიანებს უხდიდა) აღმოჩნდა ბლეფი და სინამდვილეში მან მოახდინა კაპიტალდაბანდება ცოცხალ რესურსში და ბოლოს დივიდენდები მოითხოვა მხარდაჭერის და თანადგომის სახით. და ეს იყო არა პატრიოტული ჩუმი ქველმოქმედება, არამედ პოლიტიკური პროექტი, რომელიც დიდი ხნის წინ დაიგეგმა სადღაც. მაგრამ, ეს მხოლოდ მოსაზრებებია, რისი უფლებაც თავისუფალ საზოგადოებას აქვს, თუმცა, ობიექტური რეალობა სხვა დასკვნების გაკეთების საშუალებასაც იძლევა. დიახ, შესაძლოა ბევრი ფული დაიხარჯა "ოცნების"მხრიდან, მაგრამ მათ სინამდვილეში არ ჰქონდათ გამარჯვების იმედი და ემზადებოდნენ საპროტესტო მოძრაობისთვის ან უფრო უარესისთვის და ამიტომაც დაიბნენ და გაუჭირდათ უმრავლესობაში სწრაფად ადაპტირება და ბევრი მათი ქმედება აღმოჩნდა შოკისმომგვრელი. რატომ არ სჯეროდათ? ვინაიდან ნაციონალური მოძრაობა საკმაოდ სერიოზული კონკურენტი იყო, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, მათი მოგება ნაციონალების შეცდომების ბრალია, ზოგჯერ უპატიებელი შეცდომების. მათი არშემჩნევა, არმოსმენა, არდაჯერება, განსხვავებული აზრის დაგმობა აღმოჩნდა ნაციონალების წაგების მიზეზი და ამ მთავრობასაც იგივე ელოდება, თუ განსხვავებულ აზრს არ გაითვალისწინებს და ყველას აიძულებს, რომ მხოლოდ ოცნების ჭრილში იაზროვნოს. იმ ჭრილში, რომელიც ძალიან ვიწროა და ეს დააამტკიცა უმრავლესობის ინტელექტუალურმა რეპლიკებმა. მაგ: "მე მართლმადიდებელი ვარ და ლესბოსელობა ჩემთვის მიუღებელია," ან -"ჰომოსექსუალები უნდა დაისაჯონ", "ბაფთიანი პრეზერვატივი ჯობია თუ ზანზალაკებიანი…" მელიტონ, ცუდად ვარ!..."]

- რატომ მგონია ეს პასაჟი დემაგოგიური?

ლევან რამიშვილის და თამარა ჩერგოლეიშვილის სახელმძღვანელოთი თუ ვიხელმძღვანელებთ, აი, – რატომ:

ავტორი ნამდვილად არაა „ქართული ოცნების“ გულშემატკივარი, სულაც პირიქით.
ასე რომ, თამამად შეეძლო ზემოთაღწერილი ეჭვები ბიძინა ივანიშვილის მიმართ თავად ჰქონოდა, მაგრამ არა! – იგი „ჩვეულებრივ მოკვდავებზე“ [„...რომლებიც ყოველდღიურად შიშით იღვიძებენ, ვინაიდან არ იციან, როგორ მოერიონ სამყაროსეულ პრობლემებს არა ფილოსოფიურად, არამედ ობივატელურ დონეზე და მაინც ახერხებენ კიდევ აზროვნებას და ფიქრს,“ ]  აკეთებს დოსტოევსკის მაგვარ რეფერენსს! და ამბობს, რომ მათში „აზრი მუსირებს!“  - როგორც ადრე იყო – “Есть мнение!” და არავინ ვიცოდით, ვისი იყო ეს აზრი…

თუ ეს პროექტი 15 წლის წინ დაიგეგმა, რატომ ვერ გათვალეს ასეთი საშიში ფანდი მიშამ და მისმა გენიოსებმა? სწორედ ამიტომ დაჭირდა ავტორს “ჩვეულებრივი მოკვდავების” მოშველიება, თორემ აგერ არ ჰყავდა გაბაშვილი, რამიშვილი, ვაშაძეები, ან თავად სწორუპოვარი პრეზიდენტიც?

კარგი იქნებოდა ავტორს მოეყვანა კიდევ თუნდაც ერთი მაგალითი, როცა ვინმე 15 წელი უხდიდა პენსიებს და დახმარებებს, აშენებდა თეატრებს, ეკლესიებს, კულტურის ძეგლებს და სპორტულ დარბაზებს, იმისთვის, რომ 15 წლის შემდეგ „დივიდენდი მოეთხოვა“. ყველაზე საინტერესო ის იქნება, თუ იყო ეს ადამიანი ისეთივე იდუმალებით მოცული, როგორც ივანიშვილი, და თუ აძლევდა ძალიან დიდ თანხებს სწორედ იმ ადამიანებს და იმ პარტიას, ვის წინააღმდეგაც მას 15 წლის შემდეგ, თურმე,  უნდა გაელაშქრა? აკი, ასე იყო დაგეგმილიო…

საინტერესო ისაა, რომ ავტორი აქაც და ქვემოთაც ცდილობს შექმნას შთაბეჭდილება,  რომ მის მიზანს “ქართული ოცნების” კრიტიკა სულაც არ შეადგენს – მას მთავარი სამიზნე ნაცმოძრაობა აქვს, ვითომ!

ავტორის მთავარი მოთხოვნა არის ის, რომ აწი უნდა ხალხს მოუსმინონ! მას სჯერა, რომ აწი ნაცმოძრაობა რძეზე დამწვარია და ყველას იქამდე მოუსმენს, სანამ მოლაპარაკეს სიქა არ გაძვრება!

როგორც ნაცმოძრაობის ყველა დროის ნებისმიერ პროპაგანდაში არის ძლიერი მესიჯი – ჩვენ ტოლერანტულები ვართ! ნაცმოძრაობა და მიშა ყოველთვის ფეხებით თელავდნენ აბსოლუტური უმრავლესობის უფლებებს, მაგრამ ცდილობდნენ ისე წარმოეჩინათ საქმე, რომ იცავდნენ უმცირესობების უფლებებს! რადგან ეს იყო მათი დასავლური იმიჯის ქვაკუთხედი! მიშამ მოიგონა საოცარი ფორმულა – დასავლეთი გვაპატიებს, თუ დავიჭერთ 30,000 უმრავლესობის წარმომადგენელს, მთავარია მოვეფეროთ უმცირესობის რამდენიმე ათეულ წევრს…

უნდა გამოგიტყდეთ, რომ ეს – „მელიტონ, ცუდად ვარ!“ – რაღაც ახალია! უნდა გადავხედო რამიშვილ-ჩერგოლეიშვილის დემაგოგიის მრავალტომეულს. ეტყობა, ახალი, შევსებული გამოცემა გამოვიდა…

საინტერესო ისაა, რომ ასეთი სერიოზული დემოგაგიური პასაჟის წინაც და შემდეგაც უნდა მოდიოდეს ე.წ. „მართალი თემა“. ეს აუციელებლია, რადგან ადამიანს დიდხანს არ შერჩეს ეჭვი, – მაიცა, ეს რაებს მიჰქარამსო. სწორედ ამიტომ ამ პასაჟის წინაც და შემდეგაც ნაცმოძრაობის სწორედ ისეთი თათხვაა, სამჯერ დათხოვილ და მანდატურებისაგან შეჭირვებულ ქართველ მასწავლებელს რომ ეკადრება!

ავტორი საუბრობს კომპლექსებზე, რომელიც ნაცმოძრაობამ საკუთარ ხალხში დათესა:

[„ასაკობრივი ბარიერის თემა, ხალხს უკვე ეშინოდა ასაკის გამჟღავნება, ისტერიული ტონით დაფიქსირდა. რომ 40 გადაცილებული ადამიანი უკვე უვარგისია და ყველგან და ყველაფერს შეუსიეთ 20-23 წლის "პროფესიონალები"... თქვენი მოძრაობის წევრებიც ზომბებს დაემსგავსენ, მათ ეგონათ, რომ მუდმივად ახალგაზრდებად დარჩებოდნენ და იმიტომაც ჰქონდა უმრავლესობას ასეთი გაუღიმარი სახეები.თქვენზე ამის თქმა გამიჭირდება, მაგრამ თქვენს მთავრობაში და ინტელექტუალურ მხარდამჭერთა რიგებში ღიმილი არ ფიქსირდებოდა.“]

[„ასაკის შოკი არ იკმარეს და ახალი კომპლექსები გაჩნდა - ინგლისური და კომპიუტერი... ვაკანსიებში ინგლისურის კონკრეტულ დონეს და პროგრამების საკმაოდ მასშტაბურ ცოდნას ითხოვდნენ. შესაბამისად, სამსახურის შოვნის შანსიც წაგვართვით...“].

[„ბოლო დარტყმა პირადად ჩემთვის იყო მანდატურების პოლიციური შემოსევა. თავიდან ძალიან მომეწონა ეს იდეა, ვინაიდან სკოლებში მართლაც არსებობდა საფრთხეები, რომელიც უნდა მოეწესრიგებინა მანდატურს, მაგრამ "ნურას უკაცრავად", 23-25 წლის მანდატურები ჩაერიენ სასწავლო პროცესში, სრულიად დასცეს მასწავლებლის და დირექტორის ავტორიტეტი და ყველა დაზაფრეს. ისინი მასწავლიდნენ, როგორ უნდა ჩამეტარებინა ხელოვნების ისტორიის გაკვეთილი. ეს მეტისმეტი იყო, ეს უბრალოდ მარაზმი იყო. შაშკინმაც არ იცის რა არის ხელოვნების გაკვეთილი, არამცთუ მისმა მანდატურებმა. სკოლა უსაფრთხო ნამდვილად გახდა, მაგრამ რის ხარჯზე? ბავშვები ასმენდნენ მასწავლებლებს მანდატურებთან. ჩემი აზრით, ეს დანაშაული იყო“]!

[„თქვენ და თქვენი მთავრობის წევრები უკანასკნელი წლების განმავლობაში ძალიან ბევრს მოგზაურობდით და იმედი მაქვს, ამ მოგზაურობებს სერიოზული პოლიტიკური ნაბიჯებიც თან ახლდა, მაგრამ ახლა ცოტა ესთეტიკის და გრძნობების თემას უნდა შევეხო. ნუთუ ვერ შეამჩნიეთ, რომ ყველა ევროპულ ქალაქში ძალიან უფრთხილდებიან თავის კოლორიტულ სივრცეებს? ... არ ფიქრობთ, რომ ეს არასწორი ნაბიჯები იყო? ადამიანებს მოვუშალოთ საყვარელი ადგილები, რაც ტურიზმისთვისაც ძალიან მომგებიანია და მათ ნაცვლად დავდგათ ის, რაც უკვე აღარავის არ უკვირს?“]

[„მე მესმის, რომ საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფო მკაცრი ძალისმიერი მეთოდებით ახორციელებს სხვადასხვა ქმედებებს, ვინაიდან სახელმწიფო მანქანა არ არის ქერუბიმების და ანგელოზების სივრცე, ის ძალიან სასტიკია და ასეთია კაცობრიობის ისტორიის გზა. დიახ, ვიყავი პრეზიდენტის მომხრე, მაგრამ 7 ნოემბერს ქუჩაში გამოვარდნის სურვილი ვერ დავიოკე. მეტეხის ხიდთან რომ მივედი, უკვე დემონსტრაცია დარბეული იყო. ადამიანი ვარ და ვერ ვუყურებ, როგორ სცემენ ხელჯოხებით ხალხს. ამას ვერ ვუყურებ ტელევიზორში და ამიტომაც ქუჩაში აღმოვჩნდი. შესაძლოა, პოლიტიკურად ეს გამართლებული ქმედება იყო და დღემდე ევროპაშიც და ამერიკაშიც დემონსტრანტებს, რომლებიც საფრთხეს უქმნიან სახელმწიფოს, საკმაოდ მკაცრად უსწორდებიან, მაგრამ ჩვეულებრივ ადამიანებს გვიჭირს ასეთ დროს სახელმწიფოებრივი აზროვნება, როცა სცემენ უიარაღო ხალხს, ახალგაზრდებს, ქალებს. ალბათ ვერასდროს ვიქნებოდი პოლიტიკოსი, ვინაიდან, რაღაცებს ვერ ვიგებ და გადატანაც მიჭირს.“]

[„გვერდს ვერ ავუვლი იმ ამბებს, სადაც, ჩემი აზრით, ყველაზე დიდი ადამიანური შეცდომები დაუშვით: როცა ბუტა რობაქიძის მამა, გამწარებული კაცი- და რა გასაკვირია, აბა საკუთარი თავები ერთი წამით ჩააყენეთ მის მდგომარეობაში - მოვიდა კანცელარიის შენობაში, რა საშინლად მოექცა მას მთავრობის წარმომადგენელი? ფაქტობრივად გააგდო იქიდან. როცა ბედნიერი ხარ და შენთან უბედური ადამიანი მოდის, იმას ხელი არ უნდა ჰკრა, თუნდაც უხეში იყოს და არაადეკვატურიც. ის განადგურებული იყო და მითუმეტეს როცა პოლიტიკოსი ხარ და ქვეყნის ბედზე პასუხისმგებელი, ასე ღიად კამერების წინაშე როგორ უნდა შეირცხვინო თავი? მაგრამ ამაზე არც ერთ თქვენგანს რეაქცია არ მოუხდენია, პირიქით ათასი მითი შეთხზეს, რომ ის გარდაცვლილი ყმაწვილი დაედანაშაულებინათ, მაგრამ მაინც არაფერი გამოვიდა. კაცი კაცს კაცურად უნდა მოექცეს და არა ჩინოვნიკურად.“]

[„იგივე მოხდა გირგვლიანის საქმეზეც. ყველამ კარგად იცით, რომ ის ყმაწვილი არც ბრმა ნაწლავის შეტევით გარდაცვლილა და არც თრომბით, არც ნარკოტიკების დიდი დოზით, ის ძალიან დატანჯეს, აწამეს და მოკვდა. შესაძლოა, მართლა დასჯა და შეშინება უნდოდათ, მაგრამ რა უფლება აქვს პოლიციელს, დასაჯოს ადამიანი ტყეში? ანდა რა დააშავა ასეთი? იუზრდელა და ვიღაცებს აგინა? მერედა, ვის გაუკვირდა თბილისში გინება და უზრდელობა? თუ ის პოლიციელები იყვნენ ხუთოსანი ბიჭები, რომლებსაც არასდროს არავისთვის არც შეუგინებიათ ან არ დაურტყამთ? მერე პრესაში გამოჩნდა ამაზრზენი ინფორმაცია, თითქოს ეს ყმაწვილი იყო ცუდი ადამიანი და თავხედი. დაუშვათ და იყო, ამიტომ უნდა აწამო? ეს სადაური კანონებია? კუმბუჯუს ტომის თუ ასმატების. თუ თბილისური ქურდული გაგებაა - "მოსაკლავი უნდა მოიკლას"? როგორი სირცხვილია… მერე იყო და დედამისს ზოგ-ზოგიერთები ისტერიჩკას და ავადმყოფს ეძახდნენ, ესეც დიდი შეცდომა იყო. უკაცრავად, მაგრამ აბა საკუთარი ცოლები წარმოიდგინეთ ირინას ადგილზე, ისინი როგორ მოიქცეოდნენ? უბრალოდ, ახალგაზრდა ნაციონალებმა და სამართლიანმა სამართალდამცავებმა არ იცოდნენ, რომ სანდრო თბილისში ძალიან ღირსეული და საპატივცემულო ოჯახის შვილი იყო და ამხელა რეზონანსს და ხალხის მხარდაჭერას არ ელოდნენ, არადა თბილისმა ეს მაინც იცის საბედნიეროდ. ერთხელ მაინც, ერთ-ერთი თქვენგანი რომ გამოსულიყო ტელევიზიით და გამოეხატა როგორც წუხილი, ისე აღშფოთება ამ ფაქტით და ეღიარებინა, რომ არც ერთ სამართალდამცავს არ აქვს უფლება, ადამიანები უღრან ტყეში გაიყვანონ და იქ ლინჩის წესით გაუსწორდნენ და მსგავსი თანამშრომლები კიდეც დაისჯებიან და სამუდამო დისკვალიფიკაციას მიიღებენ - ასე რომ მოქცეულიყავით, იმ ქალს შვილს ვერ გაუცოცხლებდით, მაგრამ ცოტათი მაინც შეუმსუბუქებდით ტკივილს,მაგრამ რა მოხდა? დამნაშავეები შეიწყალეს და სამსახურშიც დააბრუნეს.“]

- „როგორი სირცხვილია!“-ო?

- რატომაა სირცხვილი, ქ-ნო ნათია? აკი თქვა თქვენი კერპის სამართლის ბურჯმა თინათინ ბურჯალიანმა – ჩვენ ევროსასამართლომ ფულის გადახდა დაგვაკისრა და გადავუხადეთო! ანუ, ხომ მივეცით 50,000 ევრო წამებულის ოჯახის ერთადერთ ცოცხალ წევრს და აბა, ჩვენგან მეტი რა ჯანდაბა გინდათ, მართლა თავიდან ხომ არ გამოვიძიებთო?!! ეს რომ განაცხადა ამ სამართლის ფალსიფიკატორმა – მაშინ არ გიგრძვნიათ სირცხვილი, ქ-ნო ნათია? მაშინ არ მოგინდათ რაიმე დუელისმაგვარი? არ შეგრცხვათ, რომ თურმე შვილის მოკვლაში 50,000 ევროს რომ გადაუგდებენ ადამიანს, ამას ეუბნებიან – წადი ახლა და მეტი შენგან ხმა არ გავიგონო ამოღებულიო? ეს იყო თქვენებური სამართლის პურის ჭამა? ორი წელი ღვივდებოდა თქვენში სირცხვილი?

[„გამაოგნებელი იყო ერთი პოლიტიკოსის საქციელიც - ქართველმა კაცმა ტონობით ღვინო დაიწუნა და დაღვარა და ეს იყო საშინელი საყურებელი, როგორ იცლებოდა ჭურჭელი ღვინისგან და იატაკზე და მიწაში იღვრებოდა, ასეთი კაცი პოლიტიკაში როგორ დატოვეთ?“]

- „ქართველმა კაცმა“? ავტორს სახელი არ ახსოვს ამ მედროვის? რატომ, ის ხომ პოლიტიკიდან არასოდეს წასულა? უბრალოდ სტრიპტიზ-კლუბი „პენტჰაუზი“ გახსნა და პატარკაციშვილის ტელევიზია „იმედს“ დაესაკუთრა რამდენიმე წლით! – გიორგი არველაძე იყო ის პოლიტიკოსი,  ქ-ნო ნათია – მიხეილ სააკაშვილის სწორედაც რომ უახლოესი და თავიდანვე გულისგულის მოღვაწე! (აი, აქ კი მაგარი იაღლიში მომივიდა, პეტრე ცისკარიშვილი იყო ბადაგონის ღვინის დამაქცევარი, გიორგი არველაძეს სხვა ცოდვებიც ეყოფა :)

[„არ ვიცი, ვინ გასცა ეს ბრძანება, მაგრამ როცა "ქართული ოცნება"მომძლავრდა, სამსახურებში აღარ იღებდნენ აქტივისტების ოჯახის წევრებს და ეს არ არის ჭორი. გვარებს ვერ ჩამოვთვლი, ვინაიდან ამ ხალხისგან ნებართვა არ მაქვს. ეს ხომ ტაქტიკური შეცდომაა. "მტერი" ახლოს უნდა გყავდესო,ამბობდნენ, იქნებ სჯობდა, რომ მათი ოჯახებისათვის მუშაობის საშუალება მიგეცათ და ამით კიდევ უფრო მეტი ხმა და პრესტიჟი არ დაგეკარგათ, მაგრამ ისევ არა.“]

- ძალიან საინტერესოა! თურმე, სამსახურში აღარ იღებდნენ! ჩვენ კი ვიცით, რომ ანთავისუფლებდნენ კიდეც! და, თურმე, ეს უკანონობა კი არ ყოფილა, როგორც ამას საქართველოს კანონმდებლობა და კონსტიტუციაც განიხილავს, არამედ უბრალოდ – „ტაქტიკური შეცდომა“, რადგან „მტერი“ ახლოს ჯობდა, ჰყოლოდათ! არა, რა აქვს ქ-ნ ნათიას სააკაშვილთან სადუელო, არ ვიცი! – დაახლოებით ისეთი “ბაზარია”, უფრო გამოცდილი ქურდი რომ დატუქსავს ახალგაზრდას და გამოუცდელს – არა იმისთვის, – „ეს როგორ ჰქენით, ეს ხომ დანაშაულიაო!“ არამედ იმაზე, -„ეს როგორ მოგივიდათ, ასე უბრალოდ როგორ დაიწვითო?“!

[„ციხის კადრებზე ლაპარაკიც არ მინდა, ვინაიდან ორი საშინელი კვირა გადავიტანე და გახსენებაც არ მინდა. ამაზე იფიქროს სასამართლომ. ისე, ერთი რამ კი მიკვირს, თითქოს უშიშროებამ ყველაფერი იცოდა და როგორ ვერ გაიგეს,რომ ციხეში კამერით მოძრაობდა მთელი ჯგუფი? მე ამის არ მჯერა. ვფიქრობ, ეს ამბავი ასე მარტივად არ არის, ეს უფრო რაღაც კლანური დაპირისპირების და ფარული ომის პროცესი იყო, რომელიც საბოლოო ჯამში იქცა დოკუმენტად და გაიყიდა იმაზე, ვინც მეტი გადაიხადა.“]

- ვერ გავიგე – ეს რაა? გამართლების ძველი/ახალი მცდელობა, რომ ეს ყველაფერი დადგმული სპექტაკლი იყო, თუ აქაც „გაგებული ბაზარი“, – რატომ იჟმოტეთ, რატომ მეტი არ გადაიხადეთო?

=================================================================================

სტატიის უკვე ამ – გარეგნულად გამანადგურებელ – ნაწილშიც უკვე იკვეთება ავტორის გადაწყვეტილება, რომ როგორც კონსტრუქციულ ოპოზიციონერს ( ან დუელიანტს!) ეკადრება, მან მარტო კი არ აკრიტიკოს, არამედ შეაშველოს თავისი მოსაზრებებიც, როგორ ჯობდა, სად უნდა შესწორდეს… ხომ გასაგებია, რომ ქ-ნი ნათიას გაბრაზება სულ უფრო თვალსაჩინო დეკრეშჩენდოს განიცდის და მას ახლა მხოლოდ ის უნდა, რომ როცა მიშა და მისი გუნდი ისევ დაბრუნდება (აბა, თქვენ რა გეგონათ?!), ის შეცდომები აღარ დაუშვან! ამიტომ კრიტიკა თანდათან იკლებს, ხოლო რჩევები ძლიერდება და თეზისებად ლაგდება… ისე ნეობოლშევიკურად, ამხ. ულიანოვს რომ მოხიბლავდა (ნამდვილად გივი თარგამაძის გავლენაა, მაგ თეზისებზე შეყვარებულ ჩე გივირასი!)

[„რატომ და ვისი გადაწყვეტილებით ჩათვალა ნაცმოძრაობამ, რომ ოლიმპოს მწვერვალზე იყვნენ? რამ განაპირობა ის, რომ ბოკერია, გაბაშვილი, რამიშვილი და კიდევ რამდენიმე პერსპექტიული პოლიტიკოსი უსახონი გახდნენ და იმის ნაცვლად, რომ რეფორმატორების გუნდი გამორჩეული ყოფილიყო თავისი კრეატიულობით და პროგრესულობით, მყეფარე ძაღლებს დაემსგავსნენ?სინამდვილეში მათი პოტენციური რესურსის გამოყენება შეიძლებოდა ისე, რომ ქვეყანა მართლაც სერიოზულ გამარჯვებას მიაღწევდა, ისინი კი აითქვიფენ ნაცმოძრაობის რევოლუციურ ეიფორიაში და ძალაუნებურად როგორც დადებითი, ისე უარყოფითი ქმედებების თანამონაწილენი გახდნენ..“].

7 ნოემბრის [„...მერე კი ისწავლეთ ჭკუა და კარვების დაცემა არც კი შეიმჩნიეთ. გაივსო რუსთაველის გამზირი ფლოსტებიანი ხალხით, მაგრამ თქვენ ტაქტიკა შეცვალეთ და სწორიც გამოდგა თქვენი დუმილის აქცია. ასეა… ადამიანები შეცდომებზე ვსწავლობთ.“]

[„...ახლა ჩემი მეგობრები, რომლებიც "ქართული ოცნების" მარდამჭერები არიან, ხშირად იმეორებენ, რომ დიქტატურა დამთავრდა და ბოლოსდაბოლოს ყველას შეუძლია,საკუთარი აზრი გამოთქვას. თუმცა, "კავკასიაზე", "მაესტროზე" და მრავალრიცხოვან პრესაში ადამიანები სავსებით თავისუფლად გამოთქვამდენენ საკუთარ აზრს დღემდეც.“]

- იმაზე არაფერს ამბობს ავტორი, რომ ამ თავისუფალ აზრის გამოთქმას მხოლოდ თბილისელთა მცირე ნაწილი უყურებდა და უსმენდა, ხოლო რეგიონები „რუსთავი2“-ის, „იმედის“ და პირველი არხის გებელსურ პროპაგანდის ნემსზე ჰყავდა შესმული მიშას…

[„...იმ საყვედურსაც, რასაც ვამბობ, სიბრაზე მალაპარაკებს, თქვენ ის შანსი, რომ კიდევ უფრო ლაღი და ძლიერი ყოფილიყო ეს ქვეყანა, ცალკეული არასწორი და ეგზალტირებული ქმედებების გამო,რაღაც მომენტში დაკარგეთ და ვეღარ გააკონტროლეთ. მე არ მომწონს თქვენი მრჩევლების გუნდი. არ ვიცი ვინ არიან, მაგრამ აშკარად რაღაც პრობლემა აქვთ.და საერთოდ, სად იყო თქვენი მოძრაობის კოლექტიური პასუხისმგებლობის გრძნობა? როგორ დავიჯერო, რომ ყველაფერს თქვენ აკონტროლებდით და სხვისი ხელიც არ ურევია ამდენ კვაზიკონცეპტუალურ გადაწყვეტილებებში?“]

- არ დაგეწვათ გული, ეს რომ წაიკითხეთ? ნათიას დაეწვა (მეგრელიშვილსაც, კობერიძესაც და ბრისტოლელსაც).

[„ვფიქრობ, ისეთი პოლიტიკური ფიგურა, როგორიც იყო ვანო მერაბიშვილი, კაცი, რომელმაც საკმაოდ დიდი სამსახური გასწია, რომ საქართველოში კონკრეტული პრობლემები საბოლოოდ გამქრალიყო და უსაფრთხოება გაძლიერებულიყო, კარტოფილის და პომიდვრის მოსავლის აღებაზე არ უნდა გაგემწესებინათ.“]

[„ახლა არამარტო ჩემი, არამედ მრავალი ადამიანის აზრს გადმოგცემთ: აღმაშფოთებელი იყო კადრები, როცა გოკა გაბაშვილი გიგა ლორთქიფანიძეს უყვიროდა. იმის ნაცვლად, რომ ეს ხანდაზმული ხალხი პატივისცემით და მადლობით გაგესტუმრებინათ პენსიაზე და აგეხსნათ მათთვის ახალი პოლიტიკის არსი, თქვენ ლანძღვა-გინებით მოიშორეთ აკადემიკოსები, პროფესორები, მეცნიერები და დაულუქეთ ის შენობები, სადაც ისინი მუშაობდნენ. პატივი და სამადლობელი სიტყვა დააკელით ბევრ ღვაწლმოსილ ადამიანს და ამით თქვენ მარტო მათი ხმები კი არ დაკარგეთ, არამედ მათი ოჯახების, მეგობრების და გულშემატკივრების და არამარტო ხმები, არამედ პატივისცემაც. ისე, ნაციონალების ახლობლებს ასაკობრივი პრობლემები არ შეხებიათ და ესეც უნდა აღიაროთ. ხალხი არც ბრმაა და არც ყრუ, მაგრამ თქვენი მთავრობა დაყრუვდა და დაბრმავდა. სხვათა შორის,ვაცლავ ჰაველის წიგნში ამოვიკითხე - "მე როცა პრეზიდენტის კაბინეტში შევედი და კარები მოვიხურე, იმ დღიდან დავყრუვდი". ნიშანდობლივი სიტყვებია,როგორც ჩანს ისეთ მაგარ პოლიტიკოსებსაც კი, როგორიც ჰაველი იყო, ობიექტური რეალობისგან გაუცხოების პრობლემა შეექმნა.“]

- საინტერესოა, სტატიის ავტორმა მხოლოდ ახლა დააფიქსირა თავისი აღშფოთება მხცოვანი ინტელექტუალებისათვის ყვირილით? ალბათ, როგორ უმძიმდა რამდენიმე წელი ამ აღშფოთების მალვა!

ასევე საინტერესოა ავტორის ტაქტი, რომელიც არ აძლევს მას იმის უფლებას, რომ მიხეილ სააკაშვილის მხცოვანი და ეიჯიზმის საფრთხეს გარიდებული ოჯახის წევრები უშუალოდ დაასახელოს! ხომ ყველამ ვიცით ქ-ნ მზია წერეთლის არაბეთში ინვესტორებთან მოლაპარაკებებზე ყოფნისას ჭეშმარიტად ნიქსონისეული თუ კარტერისეული დიპლომატია!

აი, კიდევ რამდენიმე რჩევა-დარიგება! (ამას რომ ვკითხულობდი, მართლა ვიფიქრე, როგორ გაუმართლა სტატიის ავტორს, რომ ამას ყველაფერს ქაღალდს ეუბნებოდა და არა – დუელისთვის გამზადებულ მთავარსარდალს! ხომ ყველამ ვიცით, ამ უკანასკნელის ფიცხი ხასიათი!)

მაგრამ მეორე მხრივ, როგორ გაუხარდებოდა მიხეილ სააკაშვილს ვაცლავ ჰაველთან ასეთი გატოლება!!! ბატონი მიხეილის ცხოვრების ლაიტმოტივი ხომ მომავალში ზუსტად ეს იქნება – „მე და ჰაველი!“

აბა, რა გეგონათ?

დამთავრდა დეგოლობის, აღმაშენებლობის, ათათურქობის და, თუნდაც, – ვაშინგტონობის საყმაწვილო გატაცებები! აწი გაჭარმაგებული (და იქნებ ხელოვნურადაც კი გაჭაღარავებული) სააკაშვილის ერთადერთი ხატება მხოლოდ ვაცლავ ჰაველი იქნება! ვშიშობ, არამცთუ ბუშის ქუჩას არ უწერია დიდი დღე, ვაითუ რეიგანის ქანდაკებაც გააჰაველოს ჩვენმა ჭკუანასწავლმა!

==============================================

რაც უფრო მეტს წერს სტატიის ავტორი, მით უფრო უდუნდება თავდაპირველი ბრაზი და სადუელო რისხვა, და პირიქით, მით უფრო კადნიერად ასწავლის ჭკუას გაყუჩებულ პრეზიდენტს:

[„შესანიშნავი არქიტექტორია იმ პროექტის ავტორი, რომელიც რიყეზე უნდა განხორციელებულიყო, იდეა ძალიან კარგია, მაგრამ რიყეს ნაკლებად მოუხდა. გაცილებით საინტერესო იქნებოდა მათი აგება უფრო თანამედროვე რაიონში, ან ამაღლებულ ადგილზე,ფერდობზე ან მთაზე. ეს გემოვნების საკითხია და მე ასე უფრო მომეწონებოდა,ვინაიდან რიყე არის რიყე და იქ სხვა აურაა. კატეგორიულად არ მომწონს ძველ თბილისში რაღაც ბაბაიკა შენობა "შანგრილა" და ასევე შემიძლია ვთქვა, რომ სოლოლაკზე გაშენებული ბიზნეს ცენტრი, არ ვიცი რას ჰგავს - ქარხანას,მფრინავ თეფშს, მაცივარს თუ ატომურ რეაქტორს? თუმცა, მაინც ვაღიარებ, რომ თანამედროვე არქიტექტურა ზოგადად ძალიან მომწონს, მაგრამ შესაფერის გარემოში. იმედია, მაქვს უფლება მქონდეს საკუთარი აზრი.“]

 [„ბატონო პრეზიდენტო, თქვენ საკმაოდ გულჩვილი და სენტიმენტალური ადამიანი ჩანდით და თქვენგან მაინც ველოდი ადეკვატურ რეაქციას, მაგრამ როცა ერთმა ტელეჟურნალისტმა ამ თემაზე კითხვა დაგისვათ, თქვენ ძალიან ოფიციალური წუხილი გამოხატეთ და პასუხად გვიამბეთ, რომ ჩვენს ხალხს ისე უყვარს პატრული, რომ ქუჩაში სულ ყვავილების თაიგულებს ესვრიანო - ეს იყო პასუხი-ბომბი... და, კიდევ ერთი დიდი შეცდომა! მე რომ იმ ჟურნალისტის ადგილზე ვყოფილიყავი, ამას არ გავატარებდი და იმ ბომბს აუცილებლად ავაფეთქებდი. თუმცა, ასეთ დროს მარტო პრეზიდენტს ვერ დავადანაშაულებ. ეს პრეზიდენტის პირადი მრჩევლების არაკომპეტენტურობაზე მეტყველებს - არ ვიცი,ვინ ხართ, მაგრამ საკუთარ პრეზიდენტს პატივს არ სცემთ? რატომ არ ეხმარებით რჩევებით ექსტრემალურ სიტუაციებში? დარწმუნებული ვარ, მიპასუხებთ, რომ პრეზიდენტი ყურს არ გიგდებთ და არ გემორჩილებათ. მჯერა, ვინაიდან ამ ასპექტში საკმაოდ ურჩი ადამიანი ჩანს, მაგრამ სააკაშვილმა კარგად იცის მსოფლიო პოლიტიკის დაწერილი და დაუწერელი კანონები, მან იცის, რომ გუნდი უნდა იყოს ყოველთვის მობილიზებული...“]

- გულჩვილი, სენტიმენტალური და უმანკო! და სხვაც ბევრი გამორჩა სტატიის ავტორს, აი მაგალითად: ღმრთისაგან სვიანი, მაღალი, უხვი, მდაბალი, ლაშქარ-მრავალი, ყმიანი, მოსამართლე და მოწყალე, მორჭმული, განგებიანი – წაიკითხავ ამას და მაშინვე ჩვენი გულჩვილი და სენტიმენტალური დაგიდგება თვალწინ! საუკუნეების წინ იყო ცნობილი მისი უნარ-ჩვევები! ყმიანობა – განსაკუთრებით!

[“ბატონო პრეზიდენტო, თქვენ უზარმაზარი ენერგია დახარჯეთ ამ წლების მანძილზე და სოფელ-სოფელ იარეთ და თითქოს ცდილობდით, ყველა პრობლემა საკუთარი თვალით გენახათ, სინამდვილეში არსად არავინ არაფერს აკეთებდა,სანამ თქვენ არ გასცემდით მკაცრ განკარგულებას. ეს კი ნამდვილად არ არის თქვენი ბრალი, ვინაიდან ეს ჩვენი გენეტიკური თვისებაა. აუცილებლად გვჭირდება შეძახილი და ექსტრემალური სიტუაცია რომ გამოვფხიზლდეთ. სადაც ხელი მიგიწვდათ და ცოტა იყვირეთ, იმ პრობლემებს ეშველა, მაგრამ სადაც ვერ მიაღწიეთ, იქ პასუხისმგებლობა არავის არ აუღია საკუთარ თავზე. ყველა გამგებელი და გუბერნატორი ორიენტირებული იყო თქვენზე და არა იმ რეგიონზე,რომელსაც პატრონობდა და ასე გაგრძელდება მუდამ, ვინაიდან ლუარსაბ თათქარიძეების ქვეყანა ვართ.]

- მაგან თუ ყვირილი დაგვაკლო!
უბრალოდ, მისი ყვირილი პრობლემების გადაჭრას კი არ ემსახურებოდა, არამედ პრობლემების ფონზე საკუთარი პიროვნების უკვდავყოფას! ასე იყო დადგმული მოხსნა საბაჟოზე, გაზის გაყვანის და წყაროს მოყვანის დადგმული სცენები და განმუხურში ავტომატზე მკერდის მიჭერის დიდებულად დადგმული სცენაც!

[„...მაგრამ ახლა კიდევ უფრო დამძიმდა სიტუაცია, აღარც თქვენ მიდიხართ მათთან, არც მთავრობა ჩადის და სოფლებში უკვე ხალხი ერთმანეთს დაერია. რა მოჰყვება ამას, ჯერ უცნობია. სულ მაინტერესებდა,უკანასკნელ წლებში ნაცმოძრაობის ინტელექტუალური ბირთვი აქტიურობდა თუ გაჩუმდნენ და თქვენს დამარცხებას ხელი არ შეუშალეს? რა კარგია, რომ პირისპირ არ ვსხედვართ და თავს უფლებას ვაძლევ, რიტორიკული კითხვებით დავკმაყოფილდე."]

["კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ისე ვარ დაზაფრული დღევანდელი სიტუაციებით,რომ ვეღარ ვარჩევ, ვინ რას სჩადის. სადარბაზოებში სისხლიანი ნემსები და ბამბები გაჩნდა, იტაცებენ მანქანებს, ქალებს ართმევენ ჩანთებს და თმებით ათრევენ, მანქანები წითელზე აღარ ჩერდებიან, პარლამენტარები ნაცმოძრაობის ლანძღვის მეტს არაფერს აკეთებენ. ვერ გავიგე, ჩვენი ყურადღება გადააქვთ სკანდალებზე და ამასობაში სხვა პროექტი ხორციელდება, თუ გაუჭირდა ახალ მთავრობას იმ შკალაზე შეჩერება, საიდანაც ნაცები ჩამოყარეს? თუ ისევ რაღაც ფარული ომი მიდის და ვინ იცის, რა ჯანდაბა ხდება ჩვენს თავს. იცით,ხანდახან ვფიქრობ, რომ 2003 წლის რევოლუცია არ უნდა მომხდარიყო და უნდა დავლოდებოდით არჩევნებს. მესმის, ქვეყანა სტაგნაციაში იყო და არ ვითარდებოდა, მაგრამ რატომ ვიჩქარეთ?“]

სადარბაზოებში სისხლიანი ნემსები და ბამბები გაჩნდა, იტაცებენ მანქანებს, ქალებს ართმევენ ჩანთებს და თმებით ათრევენ, მანქანები წითელზე აღარ ჩერდებიან, პარლამენტარები ნაცმოძრაობის ლანძღვის მეტს არაფერს აკეთებენ.

- აი, ასე იწყება აშენებული ქვეყნის ჩამოშლა!

ასე ხდება მსოფლიოს რუკაზე წარმატებულ ქვეყნად ძლივს შერაცხული ბედნიერების, გამჭვირვალობის, და კოჰაბიტაციის სავანის დეგრადაცია – ერთ დღეს სისხლიანი ნემსები გაჩნდება, მერე შპრიცები (სავარაუდოდ – ის საკერავი ნემსები არ იყო), დაბოლოს, სისხლიან ბამბასაც რომ დააგდებენ, ეს უკვე ნიშანია, რომ ამ ქვეყანაში ინვესტორები აღარ უნდა გაჭაჭანდნენ! იტაცებენ მანქანებს (სარეცხ და საკერავ მანქანებსაც! მიდით “ტექნობუმში” და ნახეთ, როგორ იტაცებენ!) ქალებს ართმევენ ჩანთებს… მანქანები წითელზე აღარ ჩერდებიან – მანქანები წითელზე ვეღარ რეაგირებენ… მანქანებიც კი დაადალტონიკა ამ ოცნებამ! წითელი ფერიც ჩამოიშალა! ზუსტად ისეთივე საშინელება დახატა ავტორმა, როგორც ცნობილ საშინელებათა ტრილერში „ბრილიანტის ხელი“ – Крокодил не ловится, не растет кокос… ძალიან მაინტერესებს, ვინმე ხართ ისეთი, ვისაც ამ 9 წლის განმავლობაში სადარბაზოში შპრიცები აღარ გინახავთ? დავიჯერო, შპრიცების და ბამბების ნახვის სტატისტიკური მრუდი მართლაც ექსპონენციალურ აღმავლობას განიცდის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ?! სტატისტიკურად სარწმუნოა ეს მეტაფორა?

[„ერთმა ადამიანმა მითხრა - დადგება დრო და სირცხვილად ჩაითვლება, რომ მიშას იცავდიო. მე მიშას არ ვიცავ და არც ვიცი, ვინ არის მიშა. ჩემი ქვეყნის პრეზიდენტთან ფამილიარული ურთიერთობა არ მაქვს. მაგრამ მხარს არ დავუჭერ იმპიჩმენტს, მე მინდა კანონიერ ქვეყანაში ვიცხოვრო, სადაც არჩევნების გზით ირჩევენ პრეზიდენტს...“]

- ავტორმა არ იცის, ვინ არის „მიშა“! „მიშა მაგარიას“ რომ მღეროდნენ, მაშინაც ვერ ხვდებოდა და აწუხებდა ეს ფამილარობა! პირველკლასელები რომ იძახდნენ „მიშა, მიშას!“ ან პოლიციელები რომ არბევდნენ ოპოზიციას „მიშა მიშას!“ ყვირილით, მაშინაც არ იცოდა ავტორმა, ვინ მიშაზე იყო მოთხოვნა! ან იცოდა, მაგრამ რცხვენოდა, იმის გამხელა, რომ ხვდებოდა! ნამდვილად ის სჭირდა – „ერთი რამის სიყვარული, დამალვა რომ სჭირდება!“

[„ბატონო პრეზიდენტო, არ ვიცი მოვლენები როგორ განვითარდება, მაგრამ იქნებ თქვენს თანაგუნდელებს აუხსნათ და დაარწმუნოთ იმაში, რომ ადამიანები კი არ უნდა მოერგონ პოლიტიკას, არამედ პოლიტიკა უნდა იყოს ადამიანზე მორგებული. აუხსენით და თვალები აუხილეთ, რომ არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი წლის არის კაცი, მთავარია რისი გაკეთება შეუძლია მას და რომ უფროს თაობას თუ არ დაინდობ, ასევე მოგექცევა შთამომავლობაც. თუმცა ნაციონალები ამას ვეღარ გაბედავენ, ვინაიდან ბიჭები უკვე აღარ არიან და ჭაღარაც შეერიათ. და იმასაც მიხვდნენ, რომ ზეადამიანების ნიშა არ უნდა დაეკავებინათ, ეს მცდარი არჩევანი იყო. კიდევ გაქვთ შანსი, ბევრი რამ გამოასწოროთ და შეცვალოთ,იქნებ ოპოზიციაში თქვენი ყოფნა სასარგებლოც იყოს ქვეყნისათვის, ვინაიდან თქვენი გუნდი საპარლამენტო ცხოვრებაში გაცილებით გამოცდილია, ვიდრე ახალი უმრავლესობა. ასე რომ, შანსი კიდევ არსებობს, ოღონდ ერთი პირობით, იფიქრეთ ადამიანებზე.“]

==================================================

დასკვნები (რა ეწერებოდა ამ ღია წერილში, ის რომ დეპეშა ყოფილიყო):

ნაცმოძრაობა იყო ცუდი (გაყოყოჩებული, სარკასტული და არაჰუმანური) და მასეც მოუხდება, რომ დამარცხდა! აბა რა ეგონათ!

მიშა  არის კარგი! კარგი კი არა – გადასარევი! ცოტა შეეშალა, რომ ნაცმოძრაობას ენდო, მაგრამ ახლა მიხვდა და აწი სულ კარგად მოიქცევა!

ნაცმოძრაობაში იყო კარგი და პროგრესული გუნდი, რომელიც ჩამოშორდება იმ ცუდ ნაცმოძრაობას და მიშასთან იქნება, – „მათ ახალთ აღუდგინონ მას დიდების დღენია!“ – ესენია: ბოკერია, გაბაშვილი (შვილი!), რამიშვილი (ლევანი), მერაბიშვილი, ვაშაძეები (გიორგი და გრიგოლი), ბენდუქიძე.

„კარგებში“ სავარაუდოდ ვერ შევლენ – შაშკინი (გაქცეული), ადეიშვილი (გაქცეული და მალე საციხარი), უგულავა (გასაქცევი), ახალაიები (თუმცა, ვნახოთ, მიშას ძაან გული აქვს დამწვარი მათზე), ბარამიძე (საციხარი) და სხვა წვრილფეხობა (გული მიკვდება ჩიორაზე და ბოცოზე! იქნებ რაიმე კარტი დაუჯდეთ კარგად და მაგათი უნარ-ჩვევებიც დაფასდეს!)

მიშამ უნდა მიიზიდოს ინტელიგენცია. მოუბოდიშოს, დაუყვავოს! განსაკუთრებით, იმის ფონზე, თუ რა შეცდომებს დაუშვებს „ქართული ოცნება“

მიშამ საერთოდ უნდა მოუბოდიშოს ხალხს! ირინა ენუქიძის საფლავზე მისვლაც კარგი იქნებოდა, ბუტა რობაქიძის და გიორგი გამცემლიძის მამებისთვის ხელის ჩამორთმევაც! თუმცა, არ იქნება ეს ადვილი და კარგად უნდა დაიგეგმოს!

მიშამ უნდა გამოაცხადოს, რომ „შანგრი-ლა“-ს დაანგრევს და სოლოლაკის ბიზნეს ცენტრს და იმ ტრუბებს სხვაგან გადაიტანს. ნათია მეგრელიშვილი ეტყვის, – სად ჯობია და მიშაც დაუჯერებს! საერთოდ მიშამ სანიმუშო დამჯერეობის დემონსტრაცია უნდა მოახდინოს, ხმადაბლა ილაპარაკოს, სენტიმენტალურობის გამოვლინებაც არ აწყენს, მაგალითად – „ჯარისკაცის მამაზე“ დასწრება და სახალხოდ აცრემლება!

მიშამ უნდა დაიწყოს ქართული ცეკვა და სიმღერა (ამაში სანდრა დაეხმარება); კარგი იქნება, ჩოხა-ახალუხსაც თუ ჩაიცვამს, წვერს მოუშვებს და გაეროს ტრიბუნაზეც ასე ავა…

და კიდევ,  სასურველია, თუ უფრო რელიგიური გახდება, მაგრამ ამავდროულად თან ტოლერანტულობასაც შეინარჩუნებს და დილით რომ სამებაში  მივა, მერე შუადღეზე მეჩეთში გამოივლის და საღამოს სინაგოგაშიც შეივლის. კრიშნაიტებიც ჩამოსაყვანია…

თუმცა, მიშას უკანასკნელი იმედი ისევ დასავლეთი და კოჰაბიტაციაზე მეოცნებე საზოგადოებებია. აჯობებს, ცოტა ფეთხუმად ჩაიცვას, რამე მესამეხარისხოვანი ავიაკომპანიის თვითმფრინავის ეკონომ კლასით იმგზავროს და საზღვარგარეთ „როლექსის“ ნაცვლად „ტარგეტში“ ან ლილოს ბაზრობაზე 5-დოლარიანი შტამპოვკა საათები იყიდოს. მერე ეს სურათები ფეისბუქზე დადოს. და დააწეროს – „ასეთია კოჰაბიტანტის ბედი“…

და კიდევ, ერთი პატარა შტრიხი, ადრე ჭაღარას იღებავდა შავად. ახლა, რაც შავი თმები აქვს, ისიც უნდა გაიჭაღარავოს და ცხვირზე დაბლა ჩაცურებული სათვალით ვაცლავ ჰაველზე დამსგავსება დაიწყოს… ცოტა წონაში დაკლებაც არ აწყენს…

[„ეჰ, სათქმელს რა დალევს, მაგრამ ამჯერად მეც ავღელდი და ბევრი რამ დამავიწყდა, რაც უნდა მეთქვა.“]

=====================================================

ახლა კი, ცოტა უფრო სერიოზულად:

ავტორის კიდევ ერთი არაგულწრფელი პასაჟი, რომლითაც იგი კეკლუცად მიმართავს დუელში გამოწვეულ ძვირფას პრეზიდენტს:

[„მაგრამ, თქვენთან "ქართული ოცნების" კრიტიკას არ დავიწყებ. მათზე ფიქრი ჯერ არ დამიწყია - როგორც სკარლეტ ოჰარა იტყოდა - "ამაზე მე ვიფიქრებ ხვალ!"]

ისე მე ვიცოცხლე, რამდენიც ამაზე ფიქრი კარგა ხანია დაწყებული აქვთ, ამ სტატიის დაწერამდე დიდი ხნით ადრე… და სანამ სკარლეტი თავის ტურფა სახეს “ქართული ოცნებისაკენ” მიატრიალებს, აჯობებს, ოცნებამ კარგად იფიქროს იმაზე, რომ ნაცმოძრაობა საპასუხო დარტყმას ამზადებს… და ამ დროს ისეთი ნაბიჯები, როგორიცაა მწყობრად მომუშავე ტელევიზიის ლამის დაშლა, ან იმის ვერდანახვა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე სააკაშვილი ახალი დირექტორის მოყვანით კიდევ ერთ ალიბის შეიქმნის უცხოეთში, რომ დასავლეთში პიარ-სამუშაოები სასწრაფოდ უნდა გამოსწორდეს, რომ „ოცნების“ გვერდით მდგომი ინტელექტულურ რესურსის უგულვებელყოფა და საკუთარი შეუცდომლობის ილუზია შეიძლება გაუმართლებელი ტვირთი აღმოჩნდეს ხვალ – „ამაზე თქვენ უნდა იფიქროთ დღეს!“

და აი, იმის საბუთიც, რომ ეს სტატია არ იყო შემთხვევით და უცბად ამოხეთქილი წყარო ანკარა… აი, ნახეთ, იმავე საღამოს როგორი ბაასი გაიმართა ცნობილი ჰობიექტური ჟურნალისტის და შეთავსებით შსს ექს-ფუნქციონერის მეუღლის კედელზე – როგორი მზადყოფნაა, რომ ამ უბრალო ხალხიდან გამოსულ და არაექსპერტ ავტორს (უფრო სწორად კი – ამ თემას!) სტუდია დაუთმონ! როგორ მოენატრა ქ-ნ ეკას ასეთი ადამიანები და რაც, მთავარია, როგორ ამიჩვილდა გული, როცა ვნახე, რომ ეკა კვესიტაძემ „24 საათში“ გამოქვეყნებული სტატიის ავტორს როგორ მიაგნოს, არ იცის, სათუთმა! ეტყობა, პაატა ვეშაპიძეს არც იცნობს, ან არ გაუგია, ვინაა, ან – მობილური დაკარგა…

FireShot Screen Capture _'Eka Kvesitadze

რაოდენი გულწრფელობა და სისპეტაკეა, რაოდენი მოულოდნელობა და დაუგეგმავობა…

D:D:D

P.S. რატომღაც, ასე მგონია, რომ ახალ წლის წინ სრულიად განსხვავებულ მიხეილ სააკაშვილს ვიხილავთ – სენტიმენტალურს, გულჩვილს, უფროსთა დამფასებელს და ტრადიციების ერთგულს, ღვითისმოსავსაც და ხალხზე ზრუნვით სამოსგანძარცულსაც… მოვა და პატიებას გვთხოვს ნეტარებისკენ ბრუნვით ზესწრაფი! თან სულ განახლებული გუნდი ეყოლება ირგვლივ გვრიტებად შემოჯარული… მოვა, თავს დაიდრეკს და ათრთოლებული ხმით და მარჯვენა ლოყაზე ობლად ჩამოგორებული ცრემლით გვეტყვის მარადიულ სიტყვას:

“ხალხო, ვსცოდე ცად მიმართ და წინაშე თქვენდა, და არა ღირს ვარ მე წოდებად ძედ თქვენდა; არამედ მყავთ მე …”

და ისიც ხომ კარგად ვიცით, რა ენატრება ბენს! ანუ – რა თანამდებობა ენატრება!


მიშა ვოლდემორტი და ხალხთმოყვარეობის აპოთეოზი, ანუ გამოპავლეების ცრუმოსურნეები


„დიახ, ჩვენ ჯადოქრები ვართ და კიდევ ბევრ სასწაულს ელოდეთ!“ – ექიდნურად გაიღიმა ლორდმა ვოლდემორტმა და კიბეებზე გაუჩინარდა. გაიჩინარდა, რათა დუბაიდან და სინგაპურის ფორუმებიდან მოგვევლინოს და ფურცლებზე დაბეჭდილი რეიტინგების ფრიალით მოგვაჯადოოს, გრძნეულმა…

მისი გაოპოზიციონერებული გუნდი კი მათ მიერ 300 მილიონად დაუმთავრებელ ქაჯთა გამჭვირვალე სასახლეში გამაგრდა. იმ ერთადერთ დარბაზში, სადაც ჯერ წვიმა არ ჩამოდის და ვირთხებიც არ დარბიან. და მედგრად იშიშვლა ხმალი სამართლის და ჩაგრულთა დასაცავად:

-         როდის მოუმატებს მთავრობა ხელფასებს?

-         როდის მოხდება პენსიების მომატება?

-         როდის გაიაფდება გაზი, დენი და წყალი?

-         როდის გაიაფდება საბანკო კრედიტის განაკვეთი?

-         როდის გაიხსნება რუსეთის ბაზარი ქართული პროდუქტებისათვის?

-         როდის   დაუკანონდებათ ლტოლვილებს საცხოვრებელი ფართები?

„როდის?“ „რამდენი?“ „როგორ?“ – ისმოდა რისხვიანი შეკითხვები უმცირესობად ქცეული ახალხანს უმრავლესობისაგან.

მათი შეკითხვები, მათი იერსახე, მათი პათოსი სავსე იყო შემართებით – ქართველი ხალხის, ჩაგრულების, ლტოლვილების, გაჭირვებულების, უილაჯოების, დედების, ბავშვების, ავადმყოფების, ბიზნესმენების, უმუშევრების – ყველას სახელით და ყველას ინტერესების დასაცავად ბრდღვინავდა და თვალებიდან რისხვას აკვესებდა ნაცმოძრაობა!

ისინი არ მისცემენ უფლებას!.. ისინი ყოველთვის დაიცავენ!.. ისინი არ დაუშვებენ ქართველი ხალხის ფუნდამენტალური ინტერესების შელახვას!..

ისინი არ დაუშვებენ ზეწოლას!.. ისინი მიმართავენ მთელ მსოფლიოს იმაზე, რა საშინელებებს აპირებს „ქართული ოცნება“! როგორ აპირებს, რომ პარლამენტში შექმნას კონსტიტუციური უმრავლესობა! ეს ხომ დაუშვებელია?!

-         „ქართველი ხალხის სახელით!“ გამოდიოდნენ გოკა და ბოცო, ჩიორა და კაკო, გოგა და გოგი…

იყო ერთი ჟრიამული, რისხვათცვენა და ვოქსპოპულისტობა…

წესით და რიგით, ქართველი ხალხი ტაშით უნდა დახვედროდა პარლამენტის შენობასთან მათი ბედნიერებისათვის დამაშვრალ რაინდებს… წესით და რიგით დღესვე უნდა დაწყებულიყო ტელევიზიებში აღშფოთებულ ტელემაყურებელთა და ფეისბუქში გადარეულ ინტერნეტმომხმარებელთა დარაზმვა გოგი ოჩიაურის, გოკა გაბაშვილის, ნუგზარ წიკლაურის და გოგა ხაჩიძის ირგვლივ! უნდა მომხდარიყო შეშფოთებული აქტივისტების მიერ ფეისბუქზე ჯგუფის რეგისტრაცია ლოზუნგით – „მოვითხოვთ ბიძინა ივანიშვილის მთავრობის გადაყენებას!“ მერე რა, რომ ივანიშვილის მთავრობა ჯერ არც დამტკიცებულა, მთავარია, რომ გული გულობდეს – რაც მალე მოვითხოვთ, მით უკეთესი!

მეტი კონკრეტიკაა საჭირო! „ვადები, ვადები, ვადები – ჩქარა!“ „მოვითხოვთ, ხალხის სახელით!..“ „სადაა დაპირებული ინვესტიციები?“ „საიდან ეს არარეალური დაპირებები!“„ერთი წამით არ მოვასვენებთ! ჩვენ გვეჩქარება!…“ და ბოლოს საერთოდ ფანტასმაგორიული – „როგორ თუ წელიწადნახევარში წახვალთ? სად წახვალთ?!“

ნაცმოძრაობა არც დაუშვებს, და არც გაუშვებს!

ძალიან საინტერესო იყო ის, რომ ჩამოლაბორანტებული უმცირესობა რისხვით და მკვეთრი შეკითხვებით თავს დაატყდა სწორედ იმ კანდიდატს, ვინც მათმა სათაყვანებელმა ვოლდემორტმა წარადგინა. სრულიად სამართლიანად დაწერა ფეისბუქზე ბ-ნმა ირაკლი შავიშვილმა – მარტო ამიტომ დასაფასებელია პირველი ოქტომბერიო! წარმოიდგინეთ, მთელი 9 წლის განმავლობაში, როდესმე და რამეში ნაცმოძრაობის დეპუტაციას გაუწევია წინააღმდეგობა თავისი ფიურერისათვის?

ა-რ-ა-ს-ო-დ-ე-ს!

დღეს კი მისი დასახელებული კანდიდატი დაიწუნეს და ისიც კი გაბედეს და თქვეს – ამ კაცს ხმას არ მივცემთო!

ბუნტია „კოსტა კონკორდიაზე“, მაჭკატ!

მაგრამ ვინ არიან ეს სამართლის და დამაშვრალთა დასაცავად ხმალამოღებულთა შეუპოვარი ჯგუფი?

ეს, შემთხვევით, ის ხალხი ხომ არაა, ვინც საქართველოში უსამართლობის და უზენობის პარპაში დაუშვა მთელი 9 წელი?

ეს ის ხალხი ხომ არაა, ვინც საქართველოში 35-ლარიანი უპატრონოდ დაგდებული ფიცრის მოპარვისთვის 65 წლის ლტოლვილს 1 წლით ციხეში უშვებდა, ხოლო თავად ათობით და ასობით მილიონის ხე-ტყეს იპრავდა, ქვეყნის სტრატეგიულ სიმდიდრეებს „უპრაგონოდ“ ჰყიდდა და 1 ლარად აჩუქებდა? ვინც საკუთარი ქონება მილიარდებამდეც კი გაზარდა?

ეს ის ხალხი ხომ არაა, ლტოლვილებს პოლიციის ძალით რტყმევით რომ ყრიდა მრავალწლიანი საცხოვრებელი ადგილებიდან და კუნგის ტიპის დახურული  ავტოფურგონებით საცხოვრებლად შეუფერებელ გეტოებსა და რეზერვაციებში ეზიდებოდა?

ეს ის ხალხი ხომ არაა, ვინც ყველა ბიზნესი გათელა და ქვეშ  მოიგდო, მონოპოლიები და კარტელური გარიგებები ნორმად აქცია, ვინც საბანკო კრედიტის განაკვეთი ევროპაში უმაღლეს დონეზე ასწია, ხოლო საცხოვრებელი მინიმუმის დონეს მუდამ ხელოვნურად ამცირებდა და აყალბებდა! ვინც ერთ დღეში ბიზნესის დაფუძნების გაპიარებით ნახევარ ღამეში ბიზნესის ახევის მათეული პრაქტიკა მიჩქმალა?

ეს ის ხალხი ხომ არ ლაპარაკობს ზეწოლებსა და გადაბირების მცდელობებზე (და აბსოლუტურად უსაფუძვლოდ და უარგუმენტოდ ლაპარაკობს!) ვინც პოლიტიკური პოლიციისა და ზონდერბრიგადების გამოყენებით ასობით და ათასობით ადამიანზე რომ ძალადობდა ხანგრძლივად? ვინც ხალხს პოლიტიკური ნიშნით აწინაურებდა საჯარო სამსახურებში და პოლიტიკური ნიშნით ათავისუფლებდა სამსახურიდან?

ეს ის ხალხი ხომ არ ახსენებს სიტყვა „სამართალს“, რომელთა მიერ სამართალი ყველა დონეზე შეგინებული და გაუპატიურებული იქნა?

ეს ის ხალხია – ახლა რომ „მერყევი ფსიქიკის“ ბრალდებებს უსაფუძვლოდ ისვრიან, – ვინც მართლაც და ფეთქებადი ფსიქიკის ლიდერს დითირამბებს უმღეროდა ცხრა წელი?

ეს ის ხალხია, ვინაც 2008 წლისთვის დაპირებული 100 დოლარიანი პენსია დღემდე არ შეასრულა, ახლა რომ წამდაუწუმ ჰკითხულობს – 220 ლარს როდის გახდის პენსიებს ივანიშვილიო?

ეს ის კაბინეტი ხომ არ არის, რომლის წევრები სადისტობას, ჯალათობას, კრიმინალებთან მეგობრობას და უზნეობას – დემოკრატიის შუქურვარსკვლავობას და კეკლუცხათუნობას რომ უთავსებდა?

დაბოლოს, ეს ის პოლიტიკური ძალა არ არის, რომელთა მინისტრები სამარცხვინოდ „მოტყდნენ“ ქვეყნიდან და ახლა ეპისტოლარულ-ფეისბუქურად გვეკონტაქტებიან და გვარწმუნებენ – არასოდეს არ მიგატოვებთოD:D:D? ეს ის ხალხი ხომ არაა, ვითომდა, პრეზიდენტთან შესახვედრად წასული, მძღოლს რომ მობილურს უტოვებდა მანქანაში და თავად აეროპორტიდან ფრანკფურტში ტყდებოდა ოჯახთან ერთად?  ეს ხომ ის ლიდერებია, რომლებიც გაიქცნენ, რადგან, სავარაუდოდ, ყველა საფუძველი არსებობს, რომ მრავალწლიანი ციხე ემუქრებათ, როგორც კრიმინალებს და მაფიის ბოსებს?

და ისე, ნამეტანი ხომ არ მომდის, რომ ამ ავაზაკთა ბანდას „ხალხს“ ვუძახი? უფრო უპრიანი არ იქნება ან – “ფლიდები”, ან – “ვერაგები”, ან -„ახვრები“, ან – „თუქსუსები“?.. აი აქ კი მჭირდება დახმარება, იმის გასარკვევად, ჩამოთვლილთაგან რომელი ტერმინი უფრო სწორია მათთან მიმართებაში.

ჩამოუმცირესობებული ნეობოლშევიკების ტაქტიკა სრულიად აშკარაა:

  1. რაც შეიძლება ადრე – ახალი მთავრობის მიერ ძალაუფლების აღებამდე (და განსაკუთრებით, სასამართლოებსა და პროკურატურაში ცვლილებების მოხდენამდე) – მოახდინონ საზოგადოებაში ნიჰილიზმის და ეჭვის დათესვა იმის თაობაზე, რამდენად მოახერხებს ივანიშვილის მთავრობა [წინა ხელისუფლების მიერ კატასტროფულად ჩასვრილი საქმეების გამოსწორებას და] სხვადასხვა სფეროებში ხალხისთვის გაუმჯობებსების რეალურად მოხდენას. ეს განსაკუთრებით ეჩქარებათ მანამ, სანამ უკვე ოფიციალურად გამოაშკარავდება მათ მიერ ხაზინის კატასტროფულ მდგომარეობაში დატოვება. უკვე არის ინფორმაცია, რომ ნაცვლად მერაბიშვილის მიერ გაცხადებული 2 მილიარდისა, ხაზინაში მხოლოდ 200 მილიონია!
  2. ყველანაირად მოახდინონ იმის იმიტაცია, რომ ჩაგრული პოლიტიკური ძალა არიან! რომ არიან დემოკრატიის მებაირახტრეები, რომელთაც გამარჯვებული უმრავლესობა საშინლად და უკანონოდ ჩაგრავს!
  3. როდესაც უახლოეს ხანებში დაიწყება იმის სრულმასშტაბიანი გამოაშკარავება, რა დონის და როგორი მასშტაბური კრიმინალი აქვს ჩადენილი ნაციონალურ მოძრაობას, როდესაც სასამართლოებში არა ათობით, არამედ – ათასობით საჩივარი შევა, როცა ყველასთვის (მათ შორის – დასავლელი ლიდერებისთვისაც) ცხადი გახდება, როგორი ძალადობის ხარჯზე არსებობდა ეს ვარდისფერი გულაგი, ეს ყველაფერი შერაცხონ მათ პოლიტიკურ დევნად და დასავლური დემოკრატიებისაგან და ანგაჟირებული მხარდამჭერებისაგან (ვილფრედ მარტენსი, კარლ ბილდტი, დონალდ ტრამპი და სხვები) მოითხოვონ მფარველობა!
  4. დარაზმონ ყველა ის ძალა, რომელთა მოთხოვნილებებს თავად მრავალ წელს აბსოლუტურ იგნორირებას უკეთებდნენ, მასიური საბოტაჟის და გამოსვლების ორგანიზებისათვის. ამის განსაკუთრებით თვალნათელი მაგალითებია დევნილთა მიერ შენობებში შეჭრის, მიტაცების და უკანონოდ დასაკუთრების კატასტროფულად გახშირებული ფაქტები. იქამდე მივიდა საქმე, რომ დევნილები უკვე იმ ორგანიზაციების შენობებსაც იტაცებენ, რომლებიც ნორმალურად ფუნქციონირებენ, ან რომლებიც სხვა დევნილებისთვის არის დაკანონებული. ყველაზე  საინტერესო კი ისაა, რომ ამ მიმტაცებელთა შორის არიან აბსოლუტურად გაურკვეველი „ბექგრაუნდის“ მქონე პირები, რომლებიც არ არიან ლტოლვილები ანდა არც უარყოფენ, რომ მათ უკვე აქვთ დაკანონებული საცხოვრებელი, მაგრამ „სურთ საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება და გაფართოება“ !!! აშკარა, რომ ეს არის კოორდინირებული ქმედება, რომლის უკან მაცმოძრაობის ინტერესები აშკარად იკვეთება – ეს არის ქვეყანაში უკანონო მდგომარეობის და ანარქიის შექმნა, რომ მოსახლეობას ნაცმოძრაობის მიერ გარანტირებული „წესრიგი“ მოენატროს!
  5. მოახერხონ ადგილობრივ თვითმმართველობებში და გამგეობებში, მერების და გუბერნატორებისათვის პრეზიდენტის მიერ სასწრაფოდ გადასროლილი სახსრების და ქონების ხარჯზე რეგიონალური „ვანდეის“ ჩამოყალიბება და საბოტაჟის და პროპაგანდის მეშვეობით საფუძვლის მომზადება 2013 წლის აპრილის თვეში პრეზიდენტის მიერ პარლამენტის დაშლისა და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში რევანშისთვის.

„ნაცმოძრაობის მთავარი შეცდომა იყო, რომ ნაცმოძრაობა ზედმეტად დემოკრატიული იყო!“ – იძახის ზომბირებული ექსპერტი გია ნოდია. თურმე, „დემაგოგია, ზოგადად, პოლიტიკოსთა წესია“ და „ არ ღირს შევაჯიბროთ, ვისი დემაგოგია უფრო დემაგოგიურია“. „ზედმეტად დემოკრატიულად“ მიიჩნევს იგი იმას, რაც ხდებოდა სასამართლოებში, პროკურატურაში, ციხეებში, სკოლებში… როცა ეკითხებიან კონკრეტულ – უკვე გამოვლენილ – დანაშაულებებზე, მხრებს იჩეჩავს, რომ არ იცის… ეჩქარება ბატონ გიას დემოგოგიური გამოსვლების ციკლის ჩამთავრება. ზუსტად ისე, როგორც ეჩქარებათ ბარამიძეს და გაბაშვილს, წიკლაურს და ბობოხიძეს, კუბლაშვილებს (სასამართლოს რეიტინგით მოტრაბახე ბ-ნ კონსტანტინეს!) და ოჩიაურებს (მსოფლიო ბანკის რეიტინგებით მოტრაბახე ბ-ნ გოგის)… როცა ასობით და ათასობით სასამართლო პროცესი დაიწყება და ყველასთვის აშკარა გახდება, თურმე რა საშინელება იფარებოდა ვარდისფერი ფასადის მიღმა, მერე ხომ უკვე ძალიან გაძნელდება „მე რა ვიცოდი?“-ს ტიპის „ნაივური“ მხრების აჩეჩვა?! ქართული ავტობანები, იუსტიციის სასახლეები და ნეონის ნათურები ხომ მანამდეა თვალისმომჭრელი, სანამ ციხეებში არსებულ ძალადობას გაეცნობი?!

P.S. ახლა კი, წარმოიდგინეთ ასეთი მოდელირებული სურათი -

1949 წლის გერმანია.

კონრად ადენაუერის მთავრობის დამტკიცების წინ ბუნდესტაგის ტრიბუნაზე რიგრიგობით ადიან იოზეფ გებელსი, ჰაინრიხ ჰიმლერი, ჰერმან ჰერინგი, იოაკიმ ფონ რიბენტროპი, ჰაინრიხ მიულერი… თავად ფიურერიც (როგორც ოპოზიციის ლიდერი!) და ფოლადისებური ხმით ჩამჭრელ კითხვებს უსვამენ კანცლერობის კანდიდატს:

-         რას გააკეთებთ გერმანელი ხალხის ბედნიერებისათვის?

-         როდის დაიბრუნებთ პრუსიას და ელზასს?

-         როდის აღადგენთ დანგრეულ მრეწველობას?

-         როდისთვის მოახერხებთ გერმანული საფინანსო სისტემის სტაბილიზაციას?

-         როდის გახდება მინიმალური პენსია 1000 მარკა?

-         როდის დატოვებენ უცხო ქვეყნების ჯარები გერმანულ მიწებს?

ხოლო სესიის შემდეგ გებელსი ამაყად გაიძახის ჟურნალისტების მიკროფონების წინ:

- ჩვენ არ დავუშვებთ გერმანელი ხალხის მოტყუებას! ადენაუერს არ გაუვა პროპაგანდისტული ხრიკები! ჩვენ სიმართლეს მოვითხოვთ!

ჰიმლერიც ასევე ამაყად იძლევა ინტერვიუს:

- გერმანელი ხალხი ყოველთვის იყო ტოლერანტულობის ნიმუში და ჩვენ არ მივცემთ უფლებას ახალ უმრავლესობას, ფეხქვეშ გათელოს პოლონელი თუ რუსი ტყვეების უფლებები, მოვითხოვთ მათთვის სამართლიან სამუშაო კონტრაქტებს, თანაბარ ანაზღაურებას და უმუშევრობის დახმარებას!

ხოლო გესტაპოს შეფი მიულერი სულაც ებრაელების და სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვის აუცილებლობაზე  წარმოთქვამს მგზნებარე სიტყვას!

თვალისდაუხამხამებლად!

რამეს ხომ არ გაგონებთ ეს „მოდელირებული წარსული“?

იმის კვალობაზე, როგორ სულ უფრო გულისშემძვრელი ფაქტები ხდება ნათელი იმ მასობრივ ძალადობაზე, რაც დემოკრატიის შუქურად წოდებულმა ძალამ მასობრივი ტერორის ლაბორატორიად ქცეულ საქართველოში დანერგა, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოსთვის ნიურნბერგის მსგავსი პროცესი აუცილებელია. და სამართლიანობის აღდგენის ეს პროცესი თავად საქართველომ უნდა ჩაატაროს. ვფიქრობ, დიდი შანსი არსებობს, რომ ამან ისევე დაუდოს საფუძველი საქართველოს სახელმწიფოს, სამართლიანობის, საზოგადოების და ეკონომიკის აღორძინებას, როგორც ეს 50-იანი წლების გერმანიაში მოხდა.

WITHOUT  JUSTICE,  THERE  CAN  BE  NO  PEACE!


კუჭის კანონიდან – ჯოკერის კანონამდე


ჩემო მეგობრებო, საქართველოს თავდადებულო მოქალაქეებო! გუშინ თავისუფალო ხალხო!

მადლობა მინდა გითხრათ და თავი დაბლა დავხარო!

როგორც წინა ხელისუფლების ერთ დროს პრემიერი და აწ-დამწვარი ბანკირი იტყოდა: „მისმა უდიდებულესობა ხალხმა ილაპარაკა და ჩვენ შევისმინეთ!“

ჩვენ კი შევისმინეთ, მაგრამ ნინიას ბაღის – დემოკრატიად გამსაღებელ ავაზაკთა ბანდას შესმენამდე ძალიან ბევრი უკლია და ჩვენი თავისუფლებისათვის ბრძოლა არ დამთავრებულა, უბრალოდ – გადამწყვეტ ფაზში შედის!

ჯერ მიმდევრობით.

როგორც სათნოდ სალათისფერმა და უბიწოდ თეთრმა ცესკომ აგვისახა რეალობა, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 2,197,000 ამომრჩეველმა, რაც თუ უაღრესად პატიოსან ასდუკ-ის ქურუმს – ასევე გამწვანებულ (პირდაპირ ხალიფატია, ნუ!) მამუკა კაციტაძეს დავუჯერებთ (მე – პას!) საქართველოს ამომრჩეველთა 3,613,851-იანი არმიის 60,7%!

მაგრამ ეს იყო პირველი რამ, რაც ცესკომ გვაჭამა! სცადა, რომ ეჭმია დაღლილი და ბედნიერებით დამთვრალი ხალხისათვის, მაგრამ გაბრაზებულზე უეცრად გადაგვივლის ბახუსი და სრული სერიოზულობით მინდა ვუთხრა მათემატიკოს ზურა ხარატიშვილს – არ ჩვენ ვართ ოროსნები, ბიძავ!

საქმე იმაშია, რომ საქართველოში ნამდვილად არ არის 3,6 მლნ ამომრჩეველი! არ ვიცი, ამდენი საერთოდ ადამიანი თუ ცხოვრობს დღეს საქართველოში. როგორც ამასწინ ბლოგისთვის („საქართველოვ, შენ სადა გყავს შვილი, დასაკარგავი?“) მოვიძიე, საერთაშორისო ორგანიზაციების (UN, IOM, WB) მონაცემებით, საქართელოდან მიგრანტთა რაოდენობამ 2012 წელს უკვე   1,16-1.2 მლნ-ს მიაღწია. საქართველოს მთავრობამ სწორედ იმიტომ არ ჩაატარა 2010 წელს ჩასატარებელი მოსახლეობის საყოველთაო აღრიცხვა, რომ ქვეყანაში დარჩენილ და მიგრანტ მოქალაქეთა ზუსტი რიცხვი არ გამოჩენილიყო, თორემ ლაზიკის მაშენებელ ხელისუფლებას და მსოფლიოში რამის მე-16 ადგილზე გამოჭიმულ ეკონომიკას ფულის არქონა დააშინებდა? ამასვე ემსახურებოდა ზურაბ თარხნიშვილის და გრიგოლ ვაშაძის უდიდესი ტყუილი იმაზე, რომ თურმე საზღვარგარეთ (თუნდაც რუსეთის გარეშე!) მხოლო 42,163 ქართველი ამომრჩეველი ყოფილა!.

სიმართლე კი იმაშია, რომ ქართველ ამომრჩეველთა რაოდენობა ქვეყანაში, ყველა ნორმალური და მიუმხრობელი გათვლით 3 მილიონზე მეტი არ უნდა იყოს, ხოლო სავსებით რეალურია, რომ სულაც 2,5 მილიონი იყოს. ასე რომ, ჩემო ძვირფასებო, ვინც ნახეთ გუშინ საარჩევნო უბნებზე ხელჯოხებით და ყავარჯნებით მოსული მოხუცები, ინვალიდის კალიასკით მოქანებული ინვალიდები და ვეტერანები, ადამიანები, რომელთაც ალბათ სულ რაღაც ერთი თვის წინ შეუსრულდათ 18 წელი და უკვე ცნობისმოყვარედ და ამაყად მოჰყვებოდნენ თავიანთ მშობლებს და ბაბუა-ბებიებს, ვინც ნახეთ არა მარტო რიგები, არამედ ისიც, როგორ მთელი საქართველო, მოხუც-ახალგაზრდიანად და ჯანმრთელ-ავადმყოფიანად იდგა უდრტვინველად ამ რიგებში, იცით, რომ ჩვენ ბახტრიონზე მძიმე ბრძოლა მოვიგეთ და უკლებლივ ყველა, ვისაც სული ედგა ან ძლივს მაინც ეჭირა, ყველა იქ ვიყავით, რადგან ჩვენს უკან საქართველო იყო!

ანუ, ამომრჩეველთა აქტივობა არა 60,7% იყო, არამედ ჩემი საფუძვლიანი და ძალიან გონივრული ეჭვით – 73%-დან -88%-ს შორის მერყეობდა!

ახლა გავიხსენოთ საზღვარგარეთ მყოფი ის, მინიმუმ, 700,000 ამომრჩეველი, რომელიც უსინდისოდ გამოთიშეს არჩევნებიდან ამ ქართველთყლაპიებმა! საზღვარგარეთ კი არცერთ უბანზე ქართულ ოცნებას არ წაუგია: პარიზი – 60%, ნიუ-იორკი – 73%, ლონდონი – 75%, ბერლინი –  77%! გაამრავლეთ ეს პოტენციურ 700 ათას ამომრჩეველზე და მიხვდებით, რომ სავარაუდოდ ნახევარი მილიონი ხმა „კულტურულმა“ ვაშაძემ და მათემატიკოსმა ხარატიშვილმა უცხოეთიდან მოგვპარეს!

მოდით, ახლა ის გავიხსენოთ, რომ ყველა უბანზე 10-20%-ით ნაკლები საარჩევნო ბიულეტენი მიიტანეს! ამ დროს, ბიულეტენთა რაოდენობა კანონით არ შეიძლება იყოს უბანზე სიაში არსებულ ამომრჩეველთა ოდენობაზე ნაკლები! ლოგიკით, პირიქით, ოდნავ მეტიც კი უნდა იყოს, რომ თუ ბიულეტენი შემთხვევით გაფუჭდება, უბნის თავმჯდომარეს ოლქსა და ცესკოში შიკრიკების გაგზავნა არ დაჭირდეს!

ხარატიშვილმა განაცხადა – ეს იმიტომ, რომ ხომ იყო სპეცუბნები და გადასატანი ყუთები, ამიტომ ძირითად საარჩევნო უბნებს ბიულეტენები პროპორციულად მოაკლდაო! დიდი ბოდიში, ჩვენო პითაგორავ თუ იბნ-სინავ, მაგრამ რამდენია სპეცუბნებზე რეგისტრირებული? არა მგონია, ძალოვნების რაოდენობა 100,000-ს აღმატებოდეს! + 24,000 პატიმარი + იმ დღეს გადასატანი ყუთის მოსურნე, დავუშვათ, – 50,000. ეს კი სულ 175,000 ბიულეტენია მაქსიმუმ. რაც სულ 4,8%-ს შეადგენს და არა – 10%-ს ან – 20%-ს!!!

გარკვეულწილად, ცესკოს საქციელში ლოგიკა არის!

ეს ის ლოგიკაა, რომ სინამდვილეში ვაშაძემ, კაციტაძემ, ხარატიშვილმა და მიშამ ხომ იციან, რომ ასდუკის მიერ „გაპრავებულ“ სიაში უცხოეთში მყოფი ათეულ და ასეულ ათასობით ადამიანია ჩაწერილი! ისიც, ხომ იციან, რომ მათი 95% იმ დღეს ვერ ჩამოვიდოდა სამშობლოში ფინანსური თუ სხვა პრობლემების გამო! ჰოდა, მოაკლეს ამ დედუქციის დედა-ოსტატებმა ეს ხალხი და უბნებზე ბიულეტენები, სინამდვილეში, სწორედაც რომ მეტობით დაარიგეს! ამას ის ადასტურებს, რომ უბანზე ბიულეტენის დაკლების ფაქტი, მგონი, არ ყოფილა. ანუ სიაში კი იყო მეტი, მაგრამ ის მეტი არ მისულა მარტივი მიზეზის გამო – ვერც მივიდოდა, საზღვარგარეთაა! ამ ლოგიკით ჩემი დასკვნები დასტურდება – რომ ქვეყანაში 3,6 მლნ ამომრჩეველი ის ბლეფია, რომელსაც ცესკო, როცა უნდა სიმართლედ გვატენის, ხოლო როცა უნდათ, მშვენივრად იყენებენ სათავისოდ!

მაგრამ სინამდვილეში ამ გამყალბებლების (ბატონო ზურაბ, როგორც ვხედავ, მათემატიკოსები უფრო უკეთესი გამყალბებლები შეიძლება იყონ ხოლმე, სიყალბეზე იმუნიტეტი კი მათემატიკოსობაში არ ყრია) ნამდვილი მიზანი სულ სხვაა! ის დაბეჭდილი და სადღაც აორთქლებული ბიულეტენები, სავარაუდოდ 500 – 700 ათასი (!) არის ის მასალა, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში აქტიურად ყალბდებოდა! სწორედ ამისთვის აგროვებდნენ მთელი წლები მასწავლებლები – მშობლების და საჯარო სამსახურის უფროსები – მოზრდილთა პირადობის მოწმობების ასლებს. პირადობის მოწმობის და მოქალაქეთა ხელმოწერის ნიმუშების ასლები აქვთ ყველა სადაზღვევო კომპანიაშიც, რომელნიც უპირობოდ და შეკითხვის გარეშე გადასცემდნენ ცესკოს ამ ფასდაუდებელ (და კონფიდენციალურ!) ბაზას, სადაც დაახლოებით 1,5 მილიონი მოქალაქის მონაცემებია!

მაშინ, როცა ჩვენ ნაადრევად ვზეიმობთ, ნაცმოძრაობის სტრატეგების – მიხეილ მაჭავარიანის და ხათუნა გოგორიშვილის – მიერ დაქირავებულ კალიგრაფთა და ხელმოწერის გამყალბებელთა ათეულები და ოცეულები სავარაუდოდ სადღაც, რომელიმე სკოლის ან უნივერსიტეტის ოთახებში სხედან და ძალიან კონფიდენციალურ სამუშაოს ატარებენ – ასობით ადამიანის ხელმოწერებს აყალბებენ, რომ მერე უბნის ოქმები ამ ახალი საარჩევნო ყუთების ნაჩალიჩარ „შიგთავსს“ მიარგონ! იტყვით, უბნის ოქმის გაყალბება ძალიან ძნელიაო? „ძნელი“ შეუძლებელს არ ნიშნავს!

იტყვით, რომ ეს ჩემი ფანტაზიის ნაყოფია?

არ გამოვრიცხავ, მაგრამ ჩემი ფანტაზია ხომ თქვენი შემოქმედების ნაყოფია, საყვარელო ნაცმოძელებო?!!! ეს თქვენი განმუხურის და ხურჩის სპექტაკლების ნაყოფია, ეს თქვენი „მოდელირებული ქრონიკის“ ნაყოფია, ეს თქვენი ლაზიკის და ანაკლიის მირაჟების და გარედან გიპსოკარდონით და ბიაზით „შემოსილი“ შენობების ნაყოფია, ეს ლაფანყურის სისხლიანი დადგმული ტრაგედიის ნაყოფია! ეს არის სწორედ ხათუნა გოგორიშვილის, მიხეილ მაჭავარიანის, პალიკო კუბლაშვილის, ცრემლებამდე აღშოფთებული გოკა გაბაშვილის, კასტეტიანი „რაინდის“ პეტო ცისკარიშვილის, ყველაფრის გამპრავებელი ტუტუცის თეა თუთბერიძის, ტალანტი ურნალისტის – თამარა ჩერგოლეიშვილის,  „უმანკოდ თვალებგაფართოებული“ ჩიორა თაქთაქიშვილის და მათი მთავარი ყალბისმქნელი სარდლის – მიხეილ სააკაშვილის მრავალწლიანი „მოღვაწეობის“ ნაყოფი!

არ მჯერა თქვენი, თქვე ოღრაშებო!

რამდენი დაგვიჯერებია, იმდენი მოგიტყუებივართ! რამდენჯერ არ დავიჯერე, იმდენჯერ ზუსტად მართალი აღმოვჩნდი, თქვე სუპერსიაფანდებო!

მაგრამ არის კიდევ ერთი მტკიცებულება, რაც უფლებას მაძლევს ვამტკიცო, რომ ყველა ჩემი ეჭვი საფუძვლიანი და ლეგიტიმურია! – თქვენს მიერ უკვე გამოჩენილ ოქმებში ძალიან საინტერესოა, რომ ერთსადაიმავე უბანზე ხშირად ორ-ორი ბეჭედი ფიქსირდება, რაც კანონით დაუშვებელია! ეს ორი ბეჭედი სპეციალურად იმისთვისაა, რომ მერე ერთი – რომელიც საუბნო კომისიის ორიგინალურ ოქმებზე იქნება, ყალბად გამოაცხადოთ, ხოლო მეორე, რომელიც თქვენს მიერ ღამით შეთითხნილ ოქმებს დაამშვენებს  – სწორუპოვრად და ლეგიტიმურად!

ძალიან ბევრ რამეზე კი გიფიქრიათ, ჩვენი სიყალბის გაუსებო და მიკი მაუსებო!

მაგრამ როგორც იტყვიან – и мы тоже не лыком шиты! – თქვენი გაკვეთილების წყალობით, ჩვენო „განმანათლებლებო“!

მიხეილ სააკაშვილის ღამეული გამოჩენა და „აღიარება“ სინამდვილეში მხოლოდ იმის აღიარება იყო, რომ მან ისე ვერ გაიმარჯვა, როგორც უნდოდა – 70%-ით!, თორემ ეს არ იყო დამარცხების აღიარება. ამ ფლიდობის გროსმეისტერს, ხვლიკის არ იყოს, კუდის შეტოვების ფანტასტიური უნარი აქვს! და ყველაზე დიდი შეცდომა, რაც არაერთხელ მომსვლია, არის ის, თუ ან მისი ნიანგის ცრემლების გამო შემცოდებია ან როდესმე დროზე ადრე ჩამითვლია, რომ წააგო და ამას შეეგუა!

ახლა ნაცმოძრაობის ტაქტიკა ძალიან აშკარაა:

1)      ყველანაირად ცდილობენ, რომ დღეს საღამოს ეუთოს მიერ დანიშნულ წინასწარი ანგარიშის გამოქვეყნებამდე კრავებად და ანგელოზებად მოგვაჩვენონ თავი! მათიუ მთავარი ამოცანა ახლა ისაა, რომ ეუთოს ODIHR-მა და სხვა ავტორიტეტულმა ორგანიზაციებმა დაწერონ, რომ „არჩევნები, მიუხედავად   მრავალი გადაცდომისა და დარღვევისა, მთლიანობაში შეესაბამებოდა დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნების სტანდარტებს!“ თუ ამ დასკვნას მოიპოვებენ, რასაც წინასწარი განცხადებით აშშ ადმინისტრაციაც უცვლელად გაიზიარებს, მერე ნაცმოძელ ყალბისმქნელებს რამდენიმეთვიანი ვადა ექნება, სანამ საბოლოო დასკვნა დაიდება და ამ რამდენიმე თვეში ისინი მრავალ საზიზღრობებს მოაწყობენ, განსაკუთრებით ხმის დათვლაში და თუ საჭირო გახდა – განმეორებით არჩევნებში (მაგალითად, ხაშურის ოლქში, სადაც მიშას ტაქტიკამ უმტყუნა, გელაშვილის მიმართ ბოღმა ვერ მოთოკა და თავისი აფთრის სიფათი სრულად გამოავლინა!)

2)      ზემოთხსენებული გამო დღეს საღამომდე, ხარატიშვილის კომისია ეცდება, რომ ყველა იმ უბნის პირველად დათვლით, სადაც ნაცმოს უპირატესობა აქვს, მართალია შეინარჩუნოს ქართული ოცნების 50%-ზე მეტი მაჩვენებელი, მაგრამ სულ უფრო მიუახლოვოს 50%-ს ნაცმოს ციფრი. ნახეთ როგორ იცვლება დინამიკა, როგორ თანდათან მცირდება სხვაობა ქართულ ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობას შორის – 56-39(17%), 57-41(16%), 54-42(12%), 53.3-41.6(11.7%)-ზე!

3)      ამავდროულად ხდება მასიური გაყალბება ყველა იმ უბნის პირველად დოკუმენტაციაში, სადაც ნაცმოძელებს იმედი აქვთ, რომ გაყალბება გაუვათ! არ დაგავიწყდეთ, რომ ისინი მარტო არ არიან, მათთან ერთად იბრძვიან ნამუსგარეცხილი და საბოლოოდ ლუსტრირებული ლეიბორისტები, მემარჯვენეები და ქრისტიან-დემოკრატები! მათ ვერ მოახერხეს ბარიერის გადალახვა და ახლა, როგორც ჭეშმარიტი კოლაბორაციონისტები, საკუთარ მეტ-ნაკლებად „უზრუნველ“ მომავალს ისევ ნაცმოს გამარჯვებაში ხედავენ! ქრისტიან-დემოკრატებს ჯერ კიდე არ დაუკარგავთ იმედი, რომპატარკაციშვილის გაყიდვის და „იმედის“ ჩაბარების ღვაწლს მიშა არ დაუკარგავთ და ბოლო მომენტში სანუკვარ 5%-მდე აქაჩავს ხარატიშვილი! ეს მართლაც არაა გამორიცხული, თუ ნაციონალების მიმართ კრიტიკა და გამოსვლები სერიოზულად დაემუქრება არჩევნების გაყალბების მათეულ სქემას და ისინი, საკუთარ უცოდველობას ქდმ-ს უეცრად მაღალი პროცენტით ახსნიან!

4)      თუ დღეს ეუთოს სადამკვირვებლო მისია (სხვები არ ვიცი, რას იზამენ, სავარაუდოდ IRI ასევე მიშასთვის მისაღებ დასკვნას დადებს, NDI – არა მგონია!) დღეს იმ დასკვნას დადებს, რაც მიშას მანქურთებს ხელებს გაუხსნის – ტერორი ახალი ძალით არის მოსალოდნელი! ხაშური მერე შეიძლება ყველგან განმეორდეს!

5)      დააკვირდით ყველა იმ უბნებს, სადაც ეგზიტპოლით „ქართული ოცნება“ შთამბეჭდავად იგებდა: ყველგან იდება მხოლოდ რამდენიმე უბანი (თუმცა პრობლემა არ იყო, უკვე მთელი ოლქიც დაედოთ იქ, სადაც მოსახლეობა მცირერიცხვოვანია!), რომელშიც ეგზიტპოლის შედეგების გაბათილებას ცდილობენ – მარტვილში მურთაზ ხურცილავა, რომელსაც ეგზიტპოლში 82%-მდე ჰქონდა, თურმე აგებს 20 წლიან მარადიულ მაჟორიტარ, კორუფციის სიმბოლო ნაული ჯანაშიასთან! აღარაფერს ვამბობ ირაკლი ალასანიას სულ უფრო გაუარესებულ მაჩვენებელზე ახალაიების ბანდის მთავარ სათარეშოში! არსებობს მინიმიუმ ერთი საუბნო ოქმი ზუგდიდში, სადაც გაყალბება აშკარაა: უბანზე ალასანიას აქვს მიღებული 83 ხმა, ხოლო როლანდ ახალაიას – მხოლოდ 15, რომელსაც მერე წინ, უკვე გადახაზულ უჯრაში მსხვილად მიწერილი 3-იანი 315-ად აქცევს!

განსაკუთრებული წნეხი მიდის გარდაბნის ოლქზე (სადაც მამუკა არეშიძის დაძირვის ბრძანება აქვს ხარატიშვილს, რადგან არეშიძემ ლაფანყურის შემზარავი დანაშაულის დეტალები ძალიან კარგად გაშიფრა!), ახმეტაში ( სადაც ცისკარიშვილისთვი ზვიადაურთან წაგება, ნაცმოს აზრით – არ უნდა დაუშვან), თეთრიწყარო (სადაც ბეჟუაშვილის დახარჯულმა ფულებმა მართლაც გამოიღო რაღაც შედეგი, მაგრამ თუ სამართლიანობა იზეიმებს, მან უნდა წააგოს), ტყიბულზე, სადაც პალიკო კუბლაშვილის გადასარჩენად ყველა ღონეს იხმარს ნაცმოძრაობა, წყალტუბო, სადაც წარმოუდგენლად განსხვავებული ციფრებია წარმოდგენილი ცესკოდან, რომ ნაცმოძრაობის ძველმა ბიჭმა კაკოია ბობოხიძემ პაატა ზაქარეიშვილს მოუგოს, რომელსაც ხელისუფლება ორგანულად ვერ იტანს აფხაზეთის საკითხში ხელისუფლების მრავალი უსინდისობის გამოაშკარავების გამო, ჩხოროწყუ – ლევან იზორიას მიმართ შსს-ს განსაკუთრებული აქტივობა ახასიათებს…

მოკლედ, მგონი, ნაადრევი იყო ის ზეიმი! ახლა საჭიროა თითოეული გაყალბებული ოქმის იურიდიულად დასაბუთება! საჭიროა იმ ფოტოგადაღებების შედარება იმასთან რამდენი ხმაა იმ უბანზე დაფიქსირებული, საჭიროა ართოდ გაპიარებული ფეისკონტროლის კომპიტერული პროგრამის მიერ რაიმე რეალური და კარუსელის დადასტურება, დაბოლოს საჭიროა ქუჩაში გამოსვლა და პროტესტი!

თუ ის ტენდენცია და მაჟორიტარების ის ხმები, რაც ახლა იდება და სულ უფრო ძლიერდება ნაცმოძრაობის სასარგებლოდ, შენარჩუნდება, მაშინ გამოვა, რომ ქართულ ოცნებას არამცთუ 2/3, არამედ უბრალო უმრავლესობაც კი ვერ ექნება პარლამენტში და მხოლოდ 65-70 მანდატს თუ მიიღებს, ანუ ნაცმოძრაობა უფრო ახლოს შეიძლება იყოს 2/3-დან 80-85 ხმით!

და თუ ვინმეს ზურაბ ჟვანიას სიკვდილის მასალები აქვს, სისულელე იყო მოცდა და ყოყმანი! უნდა გვეჩვენებინა, რომ კიდევ უფრო მეტ ადამიანს ცოდნოდა, რასთან და ვისთან აქვთ საქმე! და სისულელე იყო თვალის დახუჭვა იმ ასობით ნაცკოორდინატორის მიმართ, რომლებიც მთელი დღე აქტიურად აშინბდნენ უბანზე ძალით მოჰყავთა დაშინებული ამომრჩევლები! საჭირო იყო თითოეული მათგანის დაფიქსირება, და არჩევნების პორტალზე ამ იუდების სურათების დადება, სწორედ მათი წყალობით შეიძლება ქართველი ხალხი ისევ მოტყუებული დარჩეს!

მიხეილ სააკაშვილმა დაადასტურა კუჭის კანონი –  ისევ ის ბითური და მამაძაღლია, როგორიც იყო!

და ასევე დაგვიდასტურა ჯოკერის კანონი – გასახიშტი უნდა გაიხიშტოს და შესატენს უნდა შეეტენოს! A la guerre com a la guerre!

როდესაც შენს ათასობით დამკვირვებელს მისთვის ოფიციალურად გაცემულ ბეჯს სპეციალურად არ აძლევენ, როცა უბნებზე დაკვირვების საშუალება და გადაღება შეზღუდულია, როცა დამკვირვებელ ქალბატონს ბეისბოლის ბიტით ფეხებს უმტვრევენ, როცა ათობით მანქურთი 9 შვილის მამას – დამკვირვებელ მღვდელს ურტყამს, როცა სპეცნაზი ყუთებს იპარავს, და რეზინის ტყვიებს ესვრის მოსახლეობას, როცა მამაოს მშვიდობიანი პროტესტისათვის იარაღს ადებენ, და როცა არჩევნების წინა პერიოდში დარღვევის და უთანაბრობის ათასობით ფაქტია დაფიქსირებული, როცა მთავარ კონკურენტს მოქალაქეობა წაართვეს და არ მისცეს, როცა მილიონობით ლარი უკანონოდ წაგლიჯეს და თავისი ბინძური კამპანია აფინანსეს, როცა ათასობით ადამიანს უკანონოდ და პოლიტიკური საფუძვლით ყადაღა დაადეს, როცა იმ ციხის ვიდეოებით გვანახეს, რა გველოდება, თუ მათი ნების და სურვილის წინააღმდეგ წავალთ, როცა ლაფანყურში სისხლიანი ტრაგედია მოაწყვეს, როცა მილიონზე მეტ სამშობლოდან წასდულ ადამიანს ფაქტიურად მოქალაქეობა აჰყარეს და უუფლებოდ დატოვეს, როცა ძალადობდნენ ქალებზე და ბავშვებზე, როცა იგონებდნენ აბსურდულ ფაბრიკაციებს, როცა ხან რუსის დამქაშები ვიყავით თურმე და ხან -  კანონიერი ქურდების ნატრულნი, როცა არცერთი ბანერი არ გვაღირსეს, როცა მხოლოდ 60 დღით დაუშვეს თავისუფალი მედია, რომ ისევ გებელსის პროპაგანდაში და გაფერადებულ “ცხოველების ფერმაში” შეგვაბრუნონ ისვე, როცა ადამიანები დაიჭირეს და დააშინეს სატელიტური თეფშების დამონტაჟების გამო, როცა ურნალისტების გარდა – ურნალისტების ზონდერბრიგადებიც შექმნეს, როცა ყველაფერი იკადრეს, რაც საქართველოში არასდროს არავის უკადრია – არ შეიძლება! არ შეიძლება ადამიანის სახის მქონე ამ ცოცხიან სადისტებს ეს “გამარჯვება”  გავუპრავოთ და შევარჩინოთ!

თუ არ გინდათ, რომ ხალხის ენთუზიაზმი ნიჰილიზმად იქცეს (უკვე მერამდენედ) – ეს პირველი დღიდან ბოლო წუთამდე გაყალბებული არჩევნები ქართველი ხალხის საზიზღარ მტერს – ერთიან ნაციონალურ მოძრაობას – არ უნდა მოვაგებინოთ!

ხომ ვიცით, რომ ეს უბრალოდ წაგება კი არ იქნება, არამედ მიხეილ სააკაშვილის სამუდამო გაპრემიერება!

ხომ ვიცით, როგორ სისხლში ჩაგვახრჩობს ეს მოლოქი, რომელსაც აქამდეც არ აკლდა ჩვენი სისხლი! როგორ დაანგრევს საქართველოსაც და ქართულ ოცნებასაც!

ბატონო ბიძინა, ველით თქვენს გადაწყვეტილებას!


Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 148 other followers