მკლავჭიდში დაკარგულები და შენ ტე-ს დილემა


უკანასკნელი ოცწლეულის განმავლობაში საქართველო დაახლოებით 3-4 წლიანი ინტერვალით მსოფლიო ყურადღების ველში ექცევა ხოლმე (1989-90, 1992-93, 1995, 1999, 2003, 2008, 2012). ამ პერიოდში იყო ყველაზე კატასტროფული დაცემის (1992-94, 2008) და ყველაზე იმედიანი წლები (1989-90, 2003-2005, 2012). მეცნიერული ძალის მტკიცებულებად ვერ გავასაღებ, მაგრამ ჩემი საახლობლოს კოჰორტის მიხედვით ოპტიმიზმის ინდექსი შემდგნაირად ცვალებადობდა:

ამჟამად, საზოგადოებაში არის მაღალი მოლოდინი იმის თაობაზე, რომ, ყველაფერი თუ არა, უმრავლეს სფეროებში საქმეები უკეთესობისაკენ წავა. და ყველაზე მეტ გაუმჯობესებას ველოდებით იმ სფეროში, სადაც ყველაზე დედანატირები იყო სიტუაცია – ეს არის სამართლის და სიმართლის დამკვიდრების სფერო.

და მართლაც, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს წინათ, ალბათ, საუკეთესო დამცველი ახლა ციხეების მინისტრია, რომ რამდენიმე ასეული პატიმრის განთავისუფლება ან რეჟიმის გაუმჯობესება, და ათასობით პრობაციონერისთვის სასჯელის გაუქმება უკვე დაიწყო და ციხეებში სამედიცინო სამსახურის სერიოზულად გამოსწორებაც იგეგმება, როცა უფლებადამცველების ციხეებში შესვლა აღარ არის აუხდენელი ოცნება, როცა ყოფილი პატიმარი დაჩი ცაგურია თავად გვიყვება ნანახს იმაზე, დღეს რა დღეში არიან პატიმრები (და მე პირადად, დაჩის სიტყვებს ძალიან ვენდობი!), შეიძლება ითქვას, რომ იქ, სადაც ყველაზე მძიმე მდგომარეობა იყო – საქართველოს გარედან გალამაზებულ და შიგნიდან გაუბედურებულ და საწამებლად გადაქცეულ ციხეებში – ხელშესახები უკეთესობა უკვე არის და ეს სფერო გამოსწორების გზაზეა!

ასევე, ამ მედლის მეორე მხარეც – ანუ ვის ასამართლებენ და როგორ ასამართლებენ, მნიშვნელოვანი პოზიტიური ძვრების რეალისტურ მოლოდინშია. თეა წულუკიანის, თინა ხიდაშელის, არჩილ კბილაშვილის, სანდრო ბარამიძის, დავით ჯანდიერის და სხვათა მოქმედების დაწყებას და შედეგებს საზოგადოება ისეთივე დაძაბული მოუთმენლობით ელის, როგორც ადრე, ცნობილი მექსიკური სერიალის Богатые тоже плачут მორიგ სერიას…

მაგრამ რაც უფრო იზრდება სამშობლოდან გადახვეწილ და დასასვენებელ წასულ, მაგრამ შორიდან კიდევ უფრო გამძაფრებულად „სამშობლოს ბედზე მეოხ“ მინისტრთა რიგები, რაც უფრო რეალური ხდება იმის აღქმა, რამდენი რამაა მოპარული და გაყალბებული და, საერთო ჯამში, მართლაც თურმე რას გადავურჩით ამათ ხელში 1 ოქტომბრის ღამეს, მით უფრო უცნაური ხდება ის გავეშების მდგომარეობა, რამაც ქართული საზოგადოება მოიცვა, რომელიც სულ უფრო ისტერიულ ხასიათს იძენს და გონების დაბინდვას ემსგავსება.

==========================================

მადლობა ხალხს!

დღემდე, მგონი, არ მითქვამს და ახლა მაინც, ალბათ უნდა დავაფიქსირო, რომ სააკაშვილის მიზანთროპულ რეჟიმზე იმ მართლაც ისტორიულ გამარჯვებაში, რომელსაც სააკაშვილი ურცხვად ცდილობს თავის ანგარიშზე ჩაიწეროს, უაღრესად მნიშვნელოვანი როლი ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. მან წყნარი და აუღელვებელი, თავის ძალებში დაჯერებული მენეჯერის სიზუსტით მოახერხა ზუსტად ერთ წელიწადში ის, რასაც ვერავინ ახერხებდა უკვე 6 წელია – საზოგადოების კონსოლიდაცია, დარაზმვა, საუკეთესო პარტნიორების ამორჩევა და მიზანმიმართულ და ეფექტურ გუნდად შეკვრა, რისკების გათვლა და მართვა, სწორი ორიენტირების და პრიორიტეტების დასახვა და ბეწვის ხიდზე გავლა.

2010 წლის მაისის თვითმმართველობის არჩევნები სრული კრახით დამთავრდა და დაადასტურა, რომ სააკაშვილის ხელისუფლებასთან, რომელიც გაყალბების სულ უფრო რაფინირებულ მეთოდებს ხმარობდა, ჯენტლმენური მეთოდებით და რბილი თავაზიანობით მოგება გამორიცხული იყო. პირადად ჩემი, და საზოგადოების უმრავლესობის გაღიზიანება გამოიწვია არა იმდენად გაყალბების soft-ტექნოლოგიებმა, არამედ იმ თავაზიანმა ქცევამ, რომელიც ალიანსის ხელმძღვანელობამ „გამარჯვებული“ მოძალადის გამარჯვების აღიარებაში გამოიჩინა. განსაკუთრებით მწარე იყო 2008 წელს პირწმინდად მოგებული თბილისის პირწმინდად წაგება…

მალე ალიანსიც დაიშალა.

მე პირადად ჩავთვალე, რომ სააკაშვილის ნაცმოძრაობის დაშლის ერთადერთი გზა შიდა დაპირისპირება და რომელიმე ლიდერის მიერ სააკაშვილისთვის მოწყობილი მეტნაკლებად ხავერდოვანი პუტჩი თუ იქნებოდა.

ქვეყანა სრული კატასტროფისაკენ მიექანებოდა და ქვეყნის მმართველისთვის კი დაუსრულებელი იყო “ლხინი შავი ჭირის ჟამს”.

ივანიშვილის მოსვლამ იმედი გააცოცხლა.

და მისი ყველაზე სერიოზული მიღწევა იყო ის, რომ მან ხალხი დააჯერა იმაში, რომ სწორედ ხალხს შეეძლო გამარჯვება. მისი პირველივე სიტყვები -

„მე მოვედი, რომ თქვენთან ერთად გავიმარჯვო! არ დაგავიწყდეთ, რომ ჩვენ ყველანი თანამებროძოლები ვართ! ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით! მე მწამს, რომ ერთად გავიმარჯვებთ და ერთად ავიხდენთ ქართულ ოცნებას!“ –  იყო ის სიტყვები, რამაც ლამის დამბლადაცემულ საზოგადოება ფენიქსივით ფერფლიდან აღადგინა.

და მაინც, მიუხედავად მისი ამ მართლაც ფანტასტიური როლისა, გამარჯვებაში ლომის წილი არა – ბიძინა ივანიშვილს, არამედ ხალხს ეკუთვნის.

სწორედ იმედმოცემულმა ამ საზოგადოებამ 2012 წლის 1 ოქტომბერს აჩვენა თავისი სიძლიერე როგორც თავის მენეჯერს, ასევე – თავის წურბელებს. ეს იყო ყველაზე შთამბეჭდავი არჩევნები, რაც კი მინახავს. ადამიანები, –  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, თუ ისინი, ვინც პირველად მივიდნენ არჩევნებზე და ისინიც, ვინც შეიძლება უკანასკნელად მივიდნენ, მოდიოდნენ იმიტომ, რომ სხვანაირად აღარ შეეძლოთ. მათ უკან მათი სამშობლო იდგა, იდგნენ მათი გაყვლეფილი ოჯახები და მათი სულ უფრო უბადრუკი მომავლის პერსპექტივის მქონე შვილები.

2012 წლის 1 ოქტომბერი იყო საქართველოს სამოქალაქო ერთობის დღე. ეს იყო დღე, როცა სოფლელები და ქალაქელები, მოხუცები და ახალგაზრდები, პროფესორები და მუშები, ქალები და კაცები, სხვადასხვა კონფესიისა და ეროვნების პირები თუ სხვადასხვა სექსუალური ორიენტაციის ადამიანები მოდიოდნენ თავისუფალი არჩევნის დასაფიქსირებლად. და სწორედ ამ ადამიანებმა შიშველი ხელებით და სიმამაცით დაიცვეს თავიანთი არჩევანი ხაშურში, სიღნაღში, ყვარელში, დაანახეს მსოფლიოს, რომ ჩვენ ვართ თავისუფალი ხალხი, რომელიც ღირსია თავად ირჩევდეს თავის ხელისუფლებას.

ერთმა გამოუბადრუკებულმა ფილოსოფოსმა იმ დღის შემდეგ თქვა – სამწუხაროდ, საქართველოში ფულმა გაიმარჯვა დემოკრატიაზეო! ეს იყო ამ აწუბადრუკი ფილოსოფოსის მორიგი დემაგოგიური ტყუილი – სწორედ იმ დღეს ბოლო ოცწლეულის განმავლობაში პირველად მოხდა, რომ საქართველოში ფულმა ვერ გაიმარჯვა დემოკრატიაზე. პირიქით, სამოქალაქო ერთობამ გაიმარჯვა პიარსა და უსამართლობაზე დაფუძნებულ დიქტატურაზე. ცუდია, როცა უბირი ადამიანი ტყუის, და საზიზღარი სანახავია, როგორ ტყუის ჭკვიანი ადამიანი.

======================================

გენიალური მწერლის ბერტოლდ ბრეხტის პიესაში, ჩვენი საყვარელი რეჟისორის  ჩვენთვის საყვარელი სპექტაკლის აწგარდაცვლილი საყვარელი მსახიობის მიერ განსხეულებული გმირი ამბობს:

-         ომი დამთავრდა! მშვიდობის გეშინოდეთ, ხალხო!!

დღეს რაც ხდება საქართველოში, სულ უფრო მეტად მაბრუნებს ამ მოწოდებასთან და ლამისაა, ვისურვო, რომ აზდაკის ეს გაფრთხილება სარეკლამო ჭრების ნაცვლად ჩასვას ტელევიზიამ, რომ იქნებ ცოტა გამოვერკვეთ…

ძალიან მიჭირს ქრონოლოგიურად აღვადგინო, რას რა მოჰყვა, უბრალოდ შევეცდები ჩამოვთვალო: პატიმრების გარკვეული ნაწილის პოლიტპატიმრებად აღიარების და გათავისუფლების მოთხოვნას ხელს არ აწერს არასამთავრობო ორგანიზაციათა მცირე ჯგუფი (საია, თავისუფალი არჩევნები და სხვა), რაც მოსახლეობის გაკვირვებას და გაღიზიანებას იწვევს; მოსახლეობის დიდი ნაწილი სულ უფრო მზარდი გააფთრებით გმობს არასამთავრობო ორგანიზაციებს და მათ სამშობლოს ინტერესების გაყიდვაში ადანაშაულებს! საქმე არ ეხება არც აკო მინაშვილის სიდედრის და არც კოკი იონათამაშვილის ნაბარტყ ენჯეოებს! არამედ სწორედ იმ ორგანიზაციებს, რომელთა ორგანიზებული და დაუღალავი კამპანია „ეს შენ გეხება!“ იქცა Must Carry-ის დანერგვის, თუ საარჩევნო გარემოს მეტ-ნაკლებად გაჯანსაღების საწინდრად… მოსახლეობის ამ ნაწილის მიერ ხდება აბსოლუტური ტოლობის ნიშნის დასმა „თავისუფლების ინსტიტუტსა“ და  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას შორის, არასამთავრობო ორგანიზაციათა დიდი ნაწილი სახალხო დამცველის პოსტზე რეკომენდაციას უწევს საზოგადოებისათვის ნაკლებად ცნობილ ახალგაზრდა, თუმცა ძალიან კვალიფიციურ იურისტს თამარ გურჩიანს, რომელიც ამ პერიოდში საზღვარგარეთ არის მისიით. საზოგადოების ანტი-ენჯეო ნაწილი სასწრაფო ტემპით იწყებს ხელმოწერების მოგროვებას დიმიტრი ლორთქიფანიძის მხარდასაჭერად იმავე პოსტზე. ყალიბდება მხარდამჭერთა ჯგუფები სხვა კანდიდატების – გელა ნიკოლეიშვილის და ლია მუხაშავრიას მხარდასაჭერად. ყველა ჯგუფი აცხადებს, რომ მათ რიგებში 100-ზე მეტი ორგანიზაციია გაერთიანებული. ყალიბდება სტერეოტიპი, რომ გურჩიანი ვითომდა სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვაზე იქნება კონცენტრირებული, მეორეს მხრივ ვრცელდება ვიდეოკადრები, სადაც დიმიტრი ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ „მამათმავლობა კრიმინალად უნდა იყოს ჩათვლილი“. ამის ფონზე ლორთქიფანიძის მხარდამჭერთა ჯგუფი აცხადებს, რომ ჯერ 60,000, ხოლო მალე უკვე 75,000 ხელმოწერა აქვთ მოგროვილი. ხოლი ენჯეო ორგანიზაციები განმეორებით უგზავნიან ხელისუფლებას შეხსენებას, რომ მათ მხოლოდ და მხოლოდ თამარ გურჩიანი სურთ იხილონ და სხვა არავინ… ეწყობა უამრავი ტოქ-შოუ და ხმაურიანი დებატები, სადაც კანდიდატების (განსაკუთრებით გურჩიანის და ლორთქიფანიძის) მონაწილეობა ცეცხლზე კიდევ უფრო მეტ ნავთს ასხამს. მდგომარეობა იძაბება ფეისბუქზეც, სადაც მოწინააღმდეგე ბანაკები ერთმანეთს ლამის ტერორისტულ ოპერაციებს უწყობენ…

ამის ფონზე მწვავდება დაპირისპირება სხვა ფრონტებზეც – ნინია კაკაბაძე აცხადებს, რომ როცა სოზარ სუბარმა გამოთქვა ომბუდსმენად ნინა ხატისკაცის კანდიდატურის მხარდაჭერის პოზიცია, ეს იყო უხეში ჩარევა და კონსტიტუციის დარღვევა. სოზარზე, რომელიც ბოდიშს იხდის და ემიჯნება ომბუდსმენის არჩევის პროცესს, მიდის საკმაოდ სერიოზული შეტევები ყველა მხრიდან – პატიმრები, უფლებადამცველები მას ხან მოადგილეს უწუნებენ და ხან ციხის უფროსს აბურჯანიას. ჟურნალისტი შორენა მირცხულავა მთელი ფეისბუქის გასაგონად ხმამაღლა აცხადებს, რომ ფეისბუქმა პატიმრის უფლებები ფეხებზე დაიკიდა და მას ტელეფონი გაუთიშა (თუმცა იმის აღნიშვნა „ავიწყდება“, რომ საქმე მამამისს ეხებოდა თურმე)! ისმის სულ უფრო მკაცრი მოთხოვნები სოზარის გადაყენების აუცილებლობის შესახებ! ამავე დროს ის უფლებადამცველები, რომლებიც ციხეში იყვნენ, ამბობენ, რომ პატიმრები არ არიან ნაწამები, და რომ მართლაც ადგილი აქვს ციხის პატიმრების ნაწილის მხრიდან „პალაჟენიების“ დაბრუნების აშკარა მცდელობას… სოზარი ჯერ მოადგილეს ათავისუფლებს, შემდეგ – აბურჯანიას, რითაც საზოგადოებაში მინისტრზე გამარჯვების პრეცედენტს ქმნის.

შინაგან საქმეთა მინისტრს  უწუნებენ სპეცნაზის უფროსის მოადგილედ არჩევას და ღარიბაშვილი ამ კანდიდატურას ცვლის.

აქვე მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ როცა გარკვეული კითხვები გაჩნდა ოჯახის წევრებთან შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის გამო, ბიძინა ივანიშვილის მიერ უკვე დასახელებულმა ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა თავად მოხსნა კანდიდატურა. როცა ლოტოლვილთა და გასახლების მინისტრს აღშფოთებულმა აგრესიული და არატოლერანტული გამოთქმები დაუწუნეს, მან განმარტებები გააკეთა და ბოდიში მოიხადა. ახლა  კახა კალაძეს უწუნებენ სააკაშვილის დროინდელი იუსტიციის მინისტრის და ცესკოს თავმჯდომარის მოადგილედ არჩევას და კალაძე ამბობს, რომ გია ქავთარაძე თავად გასცემს ყველა კითხვაზე პასუხს…

საზოგადოებისთვის გასაკვირი აღმოჩნდა განათლების მინისტრის მოადგილედ ნაციონალების დროს სკოლის საკმაოდ ოდიოზური დირექტორის მინისტრის მოადგილედ დაწინაურება. მაგრამ გავრცელდა ხმა, რომ ძალოვანი სტრუქტურების მინისტრებისაგან განსხვავებით, მარგველაშვილი თურმე თავის გადაწყვეტილებებს არ ცვლის!

მე ყველაფერი ეს მკლავჭიდს მაგონებს!

არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს ამ ვაჟკაცური სპორტის წინააღმდეგ და დღესაც მახსენდება, როგორი მოულოდნელი სიხარული განვიცადეთ საქართველოს დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე, როცა ქართველმა ფალავნებმა სპორტის ამ, ჩვენთვის საკმაოდ  ახალ, სახეობაში მსოფლიო მასშტაბის წარმატებებს მიაღწიეს, მაგრამ აბა წარმოიდგინეთ ერთდროული მკლავჭიდის სეანსი, რომელიც ალმოდებულ დარბაზში იმართება, დარბაზი, რომელიც სავსეა მკლავჭიდელ წყვილთა მაგიდებით, – გემის გემბანზეა, გემი კი 9 ბალიან შტორმშია მოყოლილი…

კარგია გამოღვიძება, კარგია, რომ ხალხი უკვე ყურადღებით აკვირდება მინისტრებს და მოადგილეებს, კარგია, რომ ციხეებთან აღამებენ და ათენებენ და მოთხოვნებს აყენებენ, კარგია, რომ ომბუდსმენის კანდიდატებს კითხვებს აძლევენ და ლაკმუსის ტესტებს უყენებენ… ყველაფერი ეს კარგია… პრინციპში კარგია…

მაგრამ ეს გავეშება არ მომწონს, მომკალით და… არ მომწონს, ის კატეგორიულობა და ყელში დასახრჩობად მიწოლა, რომლითაც ამ მასობრივ მკალვჭიდში დაკარგულები ერთმანეთს აწვებიან! სოზარისადმი კითხვები განა არ უნდა დაისვას, მაგრამ სოზარისადმი კითხვების დამსველები ახალაიებს რა კითხვებს უსვამდნენ? ადეიშვილის მიერ ოჯახის წევრების ბედით დატერორებულნი დღესაც რომ არაფერს ამბობენ ადეიშვილზე, სოზარზე მიწოლა რა პონტია? ხომ ვიცით, რომ სოზარს უნდა ვუთხრათ, თუ რამე შეეშალა და არაა ისეთი ადამიანი, რომ თავისას მიაწვეს და ჯიქურ დადგეს – აღიარებს, გადახედავს, შეცვლის… ყველაზე უფრო ის მაღიზიანებს, რომ ამ ცვლილებებს 100%-ით თავის მიმწოლობაზე მიითვლის უცებ ადეიშვილ-ახალაიების დროს ჩირგვში მჯდარი და ახლა სოზარ-ღარიბაშვილის პირობებში გაყარაჩოხელებული საზოგადოება და სოზარისთვის თი ირაკლისთვის მადლობის თქმაც კი დაავიწყდებათ…

და როცა ამ ენეჯეოებს ვაწვებით, გვახსენდება, რომ ასე თუ ისე, სწორედ ისინი, სწორედ საია და “სამართლიანი არჩევნები”, “საერთაშორისო გამჭვირვალობა” და “ჰუმან რაითსი” და მრავალი სხვები, ავად თუ კარგად, სუსტად თუ მაგრად, რაც მთავარია, ლამის განუწყვეტლივ, როგორც შეეძლოთ, ამხელდნენ სააკაშვილის რეჟიმს და იმ უსამართლობას, რაზეც ჩვენთაგან უდიდესი უმრავლესობა კრინტს ვერ ვძრავდით? რა ხდება, რომ გავიმარჯვეთ, ახლა არ მოგწონთ ჩუგოშვილი და ლომჯარია?

მაგრამ მეორეს მხრივ, როცა ლორთქიფანიძის აბსოლუტურ მიუღებლობაზე ლაპარაკობს ენჯეო სექტორი და თავის მხრივ ჯიქურ მოითხოვს ომბუდსმენის პოსტზე მხოლოდ საკუთარი კანდიდატის გაყვანას, რაც მათთვის 2X2=4 აქსიომა გამხდარა, ხომ არ ავიწყდება, რომ საზოგადოებისათვის ლორთქიფანიძის და ნიკოლაიშვილის პრაქტიკული საქმიანობა (ციხის ღობეებზე გადაძვრომის ჩათვლით) უფრო ცნობილიცაა და უფრო მომხიბვლელიც, ვიდრე მისთვის უცნობი გურჩიანის უნარ-ჩვევები. ნუთუ ჩვენ ჭკვიან ენჯეოეშნიკებს დაავიწყდათ ნიუტონის მესამე კანონი და ვერ ხვდებიან, რომ მათ სულ უფრო მეტ ხისტ ქმედებას ანალოგიური და უფრო მკვეთრი უკუქმედებითი სიხისტე მოჰყვება იმ საზოგადოების მხრიდან, რომელიც უფრო ჭრელიცაა და თავისი გუშინდელი სიზარმაცე ახლა ახალი „გამოღვიძებით“ უნდა დააკომპენსიროს? ხომ არ აჯობებდა, თამარ გურჩიანს უფრო უკეთ აეხსნა, რატომ არ იყო ქვეყანაში მაშინ, როდესაც ქვეყანას მისნაირი შეუპოვარი უფლებადამცველი, მართლაც, თითებზე ჩამოსათვლელი ჰყავდა და ძალიან სჭირდებოდა? იქნებ სჯობდა, რომ ენჯეო სექტორს მეტი მოქნილობა გამოეჩინა და ჯერ საზოგადოების დარწმუნება ეცადა და მხოლოდ მერე – მოთხოვნების წაყენება ხელისუფლებისადმი? ან იქნებ, სულაც ორი კანდიდატი შეეთავაზებინათ ამ მოქნილობის დემონსტრირებისათვის? რაღაც „დაგეხმარე – დამინიშნეს“ ჰგავს ყველა მხრიდან სუფრის თავისკენ გადაქაჩვის ეს მცდელობები.

ნუთუ ვერ ხვდება საკმაო სტაჟის მქონე პოლიტიკოსი დიმიტრი ლორთქიფანიძე, რომ პირიდან გაფრენილი სიტყვის მოსაკლავად გულწრფელი ბოდიში უფრო უკეთესი ტყვია შეიძლებოდა ყოფილიყო, ვიდრე სოციალურ ქსელებში და ლაივში ისეთი მომხრეების დარაზმვა, რომელთა მეთოდები და აგრესიულობა გარეგნულ ეფექტურობას კი მატებს მის კამპანიას, მაგრამ ნამდვილად არ მატებს სიმპათიას? პირადად გამოვცადე, რომ მის მომხრეთა კედელზე ჩემი კრიტიკული შენიშვნები გაქრა, ხოლო პირად ინბოქსში თითქმის ისეთივე „მოთხოვნები და დარწმუნებები“ მომივიდა, როგორც ნაციონალთა მხარდამჭერებისაგან მომდიოდა წლების განმავლობაში. სხვათა შორის, ერთი საინტერესო ნიუანსი დავაფიქსირე – ბატონი დიმიტრის მხარდამჭერები ყოველთვის ხაზს უსვამენ, რომ იგი იცავდა სექსუალური უმცირესობების უფლებებს. მაგრამ რატოღაც ამ ფაქტებზე ლაპარაკი ნაკლებადაა. შალვა რამიშვილმა, (რომლის დაპირისპირება ენჯეო სექტორის წარმომადგენლებისადმი ამ ორივე მხარის მიმართ ჩემს აღშფოთებას იწვევს)  ამის ორი მაგალითი მოიყვანა – მათ შორის, ერთი – ვიღაც ყველასთვის ნაცნობი ტრანსვესისტი „სექსოს“ დაცვა დიმიტრი მიერ, და ბოლოში დაამატა, დიმიტრი კი იცავდა ამ ხალხს, მაგრამ თავად არ სურს ამაზე საუბარი, და მე  მისი მესმისო… რა გამოვიდა? რომ ლორთქიფანიძე თავის ამ დამცველობით საქმიანობას მალავს?

მართალი გითხრათ, თავად არ მომწონს და მესმის, რომ საკმაოდ საკამათოა ის დასკვნა, სანამდეც მივედი, როცა ამ ომბუდსმენის არჩევნების უკვე აშკარად წრეგადასულ კამპანიას ვუყურებ, მაგრამ მგონია, რომ ან უნებლიედ –  საყმაწვილო სენის გამო, ან ნებით – ანგარებითი თუ გარედან შეგულიანების გამო (და ეს „გარედან შეგულიანება“ – ძალიან მრავალსუბიექტიანი შეიძლება იყოს, ცალმხრივად ნუ გამიგებთ), ჩვენმა კანდიდატებმა და მათმა მხარდამჭერებმა რეალობის შეგრძნება დაკარგეს, და მზად არიან ბავშვი წყალს გადააყოლონ. ვეცდები, განვმარტო, რას ვგულისხმობ ამაში.

ჩემთვის ბავშვი – ყველაზე მაღალი ღირებულება – არ არის ომბუდსმენი!

საშინელ მკრეხელობად ჟღერს? კი ბატონო. არა მგონია ვცდებოდე, რომ მგონი, მხოლოდ 76 ქვეყანაში (ანუ მსოფლიოს 1/3-ში) არსებობს ომბუდსმენის პოსტი და იმ ქვეყნების ნახევარი, სადაც ომბუდსმენი არ არის, გაცილებით უკეთ იცავს თავისი მოქალაქეების უფლებებს, ვიდრე იმ ქვეყნების ნახევარი, სადაც ომბუდსმენი არსებობს!  ასე რომ ომბუდსმენი პანაცეა არ არის.

მეტიც, ომბუდსმენი ზუსტად იმ ქვეყანაში და იმ ფორმაციაშია მნიშვნელოვანი, სადაც ადამიანის უფლებებს საშინლად ლახავენ და ფეხქვეშ თელავენ. ალბათ, დამეთანხმებით, რომ კარგი ომბუდსმენი ძალიან სჭირდებათ რუანდას, ზიმბაბვეს, ჩრდილოეთ კორეას და ირანს, თორემ ნორვეგიას და ისლანდიას ომბუდსმენი, მე რომ მკითხოთ, ნაკლებად სჭირდება (ვიცი, რომ ეს აზრი ენჯეო სექტორის მხრიდან შეიძლება მკრეხელობად შეფასდეს).

საქართველოსთვის ომბუდსმენი აუცილებელია! და საუკეთესო ომბუდსმენი საუკეთესო იქნებოდა! მაგრამ მოდით, სიმართლეს შევხედოთ, საქართველოსთვის საუკეთესო ომბუდსმენი სწორედ მაშინ იყო აუცილებელი, როცა საქართველოში მასიური ტერორი და უსამართლობა ბატონობდა! ამიტომ, როდესაც ენჯეო სექტორი და თავად თამარ გურჩიანი (უფლებადამცველობისათვი მართლაც ძალიან კვალიფიციური კანდიდატი!), ამბობს, რომ გიორგი ტუღუში თურმე კარგი ომბუდსმენი იყო და რომ მას თურმე მხოლოდ „ვოკალურობა“ აკლდა, მე ეჭვი მეპარება, რომ ამ ხალხის დღევანდელი დაჟინების რეალური მიზეზები მესმის! რადგან დღეს, იმ ხელისუფლების პირობებში, რომელიც მოვიდა, ასე მგონია, რომ გიორგი ტუღუშიც კი არაუშავს ომბუდსმენი იქნებოდა! მაშინ, როცა იგივე ტუღუში, ჩემი აზრით, არ იყო კარგი ომბუდსმენი მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დროს რამდენიმე მიზეზის გამო:

ა) ვერ იქნებოდა კარგი ომბუდსმენი, იმიტომ რომ ზურაბ ადეიშვილის მეგობარი იყო და ამდენად არ იყო პირუთვნელი – თუ მის ანგარიშებს კრიტიკულად გადახედავთ, ნახავთ, რომ ყოველთვის პოლიციის და პენტიენციარული სისტემის (მერაბიშვილის ფრთის) ნაკლოვანებებს ააშკარავებდა მართლაც დაუნდობლად, მაშინ როცა სასამართლოს მხრიდან არსებული უსამართლობა, ის საოცარი ფაქტები, თუ რატომ იყო გამამართლებელ დასკვნათა რაოდენობა 1%-ზე ნაკლები – მისი ყურადღების მიღმა რჩებოდა. ეჭვი მაქვს – შეგნებულად!

ბ) ვერ იყო კარგი ომბუდსმენი, იმიტომ, რომ დასკვნებს რომ წერდა, მერე დარღვევების მიდევნება და მუდმივად ხელისუფლების გაღიზიანება, – შეხსენება, გახმაურება,  და ქოხიდან ნაგვის გატანა – მისი სტილი არ იყო.

გ) ვერ იყო კარგი ომბუდსმენი, რადგან ხმარებიდან ამოიღო ტერმინები „წამება“ და „პოლიტპატიმარი“. – თან სწორედ იმ პერიოდში, როცა საქართველოში ეს მიდგომები ლამის პრაქტიკად იქცა.

დ) ვერ იყო კარგი ომბუდსმენი, რადგან როცა პატიმრები – 700-მდე ადამიანი გწერს, რომ მათ აწამებენ, და შენ ამის დადასტურების და გახმაურების მეთოდებს ვერ ნახულობ, ეს ერთი სისუსტეა, მაგრამ უარესი, როცა ციხეში მიდიხარ და წამებასა და დაშინებაზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში პატიმარს სწორედ მისი მწამებელი ჯალათების თანდასწრებით ეკითხები, თუ აწამებენ. და მერე ანგარიშში წერ – „კითხვაზე, თუ აწამებენ ან აშინებენ, პატიმარი უარყოფით პასუხს იძლევა“…

მაგრამ ჩემთვის – დღევანდელ მოცემულობაში უმაღლეს ფასეულობას წარმოადგენს სამოქალაქო ერთობა.

მე მიმაჩნია, რომ სამოქალაქო ერთობა, რომელიც 1 ოქტომბერს გამარჯვების გადამწყვეტი ფაქტორი გახდა, არ უნდა დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ. ხელისუფლებამ ხელი უნდა შეუწყოს და ანალოგიურად, მოქალაქეებმაც ქარს არ უნდა გავატაროთ.

უკვე აღშფოთებული საზოგადოებისთვის მინდა განვაცხადო, რომ ამ სამოქალაქო ერთობის მიღწევის მიზანს არ ვუყურებ, როგორც ასოცირებულს საყოველთაო დუმილთან, ყველაფერზე თავის დაკვრასთან და შალვა რამიშვილის ცნობილ პროვოკაციულ კლიპში ასახულ  „სტაბილურობასთან“. მაგრამ ასევე მიუღებლად მიმაჩნია, რომ მკლავჭიდი მოხრჩობად გადაიზარდოს. და რომ პატიმრების მშობლებმა, რომელბიც ადრე საკუთარი სისხლის და ხორცის სულაც მცირე ხნით გამოსაშვებად მეზობლებში საარჩევნოდ 100-100 ხმის მოსაგროვებლად თავის იმცირებდნენ და ჩვენი მომავლის გაყალბებაში მონაწილეობდნენ (ამაში მათ არ ვამტყუნებ!) დღეს გამარჯვებული პოზიციიდან ციხის ადმინისტრაციას პირობები უკარნახონ, ან ყველა პატიმრის სასწრაფოდ და უპირობოდ განთავისუფლების არარეალური ოცნებების დასაბუთება სცადონ.

ამიტომ, მე პირადად, საკმაოდ მოწყვლად და საკამათო გადაწყვეტილებას ვიღებ, რომ ომბუდსმენის არჩევნებში ხმას იმ კანდიდატებს არ დავუჭერ, ვინც უკვე ნათელა აბაშვილივით გამოიჩინა თავი თოკმობმული მიშიკო აბაშვილის თავისკენ გადაქაჩვაში და ვისაც სამოქალაქო ერთობაში ამ ეტაპზე ძალიან სერიოზული გახლეჩის მოხდენა შეუძლიათ – არც თამარ გურჩიანს, რომელსაც არაფრით არ უნდა, რომ საზოგადოების უმრავლესობისათვის თავისი მიუღებლობა დაინახოს და ამის მიზეზი ჩემი აზრით, ისაა, რომ გურჩიანი მათთვის გეი-აღლუმების მხარდაჭერასთან ასოცირდება (და რატომ ხდება ასეთი ასოცირება, ეს თამარმა არა მარტო მოწინააღმდეგეებს უნდა ჰკითხოს, არამედ თავსაც და საკუთარ ხისტ ლექსიკასაც დააბრალოს, როდესაც მას არ უნდა ილაპარაკოს უფლებების დაცვის აუცილებლობის და განსახვავებულობის პროპაგანდის აუცილებლობას შორის შესაძლო კომპრომისზე) და – არც დიმიტრი ლორთქიფანიძეს, რომელსაც არაფრით არ უნდა, თავის ქსენოფობიურ გამონათქვამის გამო  ბოდიში მოიხადოს და ამით საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი საკუთარი პერსონისადმი უკეთ განაწყოს. ასე მგონია, რომ დღეს ნებისმიერი ამ ორიდან ერთი კანდიდატის არჩევა საზოგადოებას ძალიან მკვეთრად გახლეჩს და ეს ისეთი ფასია, რომელიც მე არ მინდა გადავიხადო არცერთი ამ კანდიდატის ომბუდსმენობაში. მირჩევნია, ოდნავ ნაკლებ მებრძოლი კანდიდატი და ნაკლებ მხარდაჭერილი კანდიდატი გავიდეს და საზოგადოების არ ც ერთმა და არც მეორე ნაწილმა თავი დამარცხებულად არ იგრძნოს და მეორე ნაპირიდან გამარჯვებულთა ყიჟინაზე შურისძიების გრძნობა არ გაუჩნდეს… სამწუხაროდ, ჩემთვის დღეს ამ ორივე კანდიდატიდან ნებისმიერის წარმატება იმის შანსს უკავშირდება, რომ ამას ყველაზე მეტად ნაციონალური მოძრაობა გამოიყენებს – ცენტრალური ხელისუფლების სერიოზულად დასასუსტებლად. და ეს – იმ პირობებში, როდესაც 2013 წლის აპრილში პრეზიდენტ-ვოლდემორტის ის მიერ პარლამენტის   დათხოვნის შანსი ჯერ კიდევ არსებობს

ხოლო ნაციონალური მოძრაობა რომ გულხელდაკრეფილი არ ზის, და საბოტაჟს ამზადებს და ახორციელებს, ამაზე ბერვი მინიშნება თუ ლამის მტკიცებულება არსებობს:

-         დევნილების კატასტროფულად გახშირებული შევარდნა სხვადასხვა საცხოვრებელი ფართის დასაკავებლად. დევმნილების მხრიდან უკვე გაიჟღერა ქალაქის მერიის რამდენიმე თანამშრომლის გვარმა, რომლებიც დევნილების შევარდნის პროცესს აგულიანებენ და კოორდინაციას უწევენ.

-         რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირების ძალიან სერიოზული შემთხვევა სოფელ ნიგვზიანში, როცა წლების განმავლობაში არსებული პრაქტიკა მუსულმანი და ქრისტიანი თემის თანაცხოვრებისა, უეცრად ძალიან ხისტ არატოლერანტობაში გადაიზარდა და  იმწამსვე სცენაზე გაჩნდა რამდენიმე დღით გაუჩინარებული თვალებმოცინარი პრეზიდენტიც, რომელმაც საზოგადოებას შეახსენა, რომ მისი მმართველობის პირობებში ასეთი რამ არასოდეს მომხდარა (კიდეც გაბედავდნენ!) და ივანიშვილის მთავრობას მკაცრად მოთხოვა რეაგირება იმაზე, რაც, ჩემი აზრით, სწორედ პრეზიდენტის ფარული მცდელობების შედეგია;

-         რუსთავის მე-16 ციხეში ბუნტის მცდელობა, რომელიც წინა შემთხვევებისაგან განსხვავებით, უფრო მეტად ჰგავდა გარედან ინსპირირებულს;

-         რეგიონებში ექიმების მასიური დათხოვნა, რომელიც სულ უფრო ახლოსაა სამედიცინო პერსნალის საყოველთაო გაფიცვასთან, და რომელიც ნამდვილად სადაზღვევო კომპანიის ინტერესებში, თითქოს, არ უნდა შედიოდეს, მაგრამ სადაზღვევო კომპანიის სიჯიუტე სასწრაფოდ მასიური დათხოვნები მოახდინოს, თავისი ალოგიკურობით ისევ ძველი ხელისუფლების მხრიდან მომდინარე ფარული შეკვეთით თუ აიხსნება.

-         ფინანსების და ქონების მასირებული გადაქაჩვა ცენტრალური დაწესებულებებიდან პრეზიდენტის რწმუნებულების ჯიბეებში და ადგილობრივი თვითმართველოს იმ ორგანოებში, რომელსაც სააკაშვილი აკონტროლებს. თბილისის მერიის მიერ ადგილობრივ უსაფრთხოების სისტემის შექმნა და სოციალური და ჯანდაცვითი პროგრამებისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან მიღებული სახსრების მითვისების მცდელობა აღებულ ვალდებულებებზე უარის უტიფრად თქმით და თბილისელებში მასიური უკმაყოფილების ინიცირება, რომლიც მიმართვის მცდელობა ივანიშვილის მთავრობისკენ აშკარაა.

ამ პირობებში ჩემი გულწრფელი სურვილი ისაა, რომ საზოგადოება ერთი უკიდურესობიდან – ადრე ყველაფერზე სიჩუმიდან, მეორეში – ახლა ყველაფერზე გადარევაში, არ გადავიდეს.

პრობლემებზე რეაგირება იმის ექვივალენტური უნდა იყოს, რასაც საფრთხე წარმოადგენს, თორემ „ახალაიებით დამწვარი სუბარს სულს უბერავდაო“, ისე მოგვდის!

============================================

ბრეხტი ვახსენე და მისი მეორე გენიალური პიესა გამახსენდა – „სეჩუანელი კეთილი ადამიანი“. უნდა გამოვტყდე, არ მინახავს სტურუასეული დადგმა, მაგრამ მქონდა ბედნიერება ეს სპექტაკლი მენახა მოსკოვში, ლუბიმოვის ტაგანკის თეატრში (სამწუხაროდ, უკვე ვისოცკის გარდაცვალების შემდეგ). ვისაც არ ახსოვს, ფაბულას შევახსენებ – პიესის გმირი, სეჩუანელი კეთილი ქალი შენ ტე, ცდილობს დაეხმაროს სიდუხჭირისაგან და ათასგვარი უბედურებებისაგან უიმედობის ტყვეობაში მყოფ გაჭირვებულებს, მაგრამ ისინი მხოლოდ სარგებლობენ მოულოდნელად გამოჩენილი კეთილსმყოფელის სიკეთით, და სულ უფრო მეტს ითხოვენ მისგან, ხოლო თავად სულ უფრო მომხარებულურ უსაქმურობასა და განცხრომაში ეფლობიან. დაღლილი და თავად გაწამებული შენ ტე იძულებული ხდება, თავისი გამოგონილი ძმის – შუი ტას იერსახით მოევლინოს მასზე გაბატონებულ თანამობინადრეებს. დის აბსოლუტური ანტიპოდი – შუი ტა მკაცრი და მომთხოვნია, იგი ყველას რკინის ხელით და ნებისყოფით იმორჩილებს და მაყურებელი საოცარი დილემის წინაშე დგება ბუნებით კეთილ შენ ტესთან ერთად, რომელსაც არ უნდა, ცინიზმის და მრისხანების ნიღბის ტარება, მაგრამ მხოლოდ ამ ნიღბის დახმარებით შეუძლია, თავადაც გადარჩეს და საზოგადოებაც გადაარჩინოს და აიძულოს, მუქთახორობას და პარაზიტობას თავი ანებოს.

ამით დავამთავრებ იმის თქმას, რასაც 3-4 გვერდზე ვაპირებდი, და როგორც ლამის ყოველთვის, ისევ გრძლად გამომივიდა.

სწორედ ბრეხტის ეს ორი პიესა მახსენდება დღეს. საზოგადოების განთავისუფლების გზა მხოლოდ საზოგადოების  გააქტიურებაზე გადის. მაგრამ საზოგადოების მშვიდობიანი გააქტიურება არანაკლებ რთული პროცესია, ვიდრე ომში თავგანწირვა. და როცა ვინმე გვეხმარება, ამან ჩვენი მოთხოვნილებების ჰიპერბოლიზაცია არ უნდა მოახდინოს. ყველას გვმართებს სიფხიზლე რეალური საფრთხეების მიმართ და საკუთარი ამბიციების რეალობასთან შეწონადობა. უნდა ვისწავლოთ ერთად ცხოვრება – თანაცხოვრება, რომელიც არც მარტო დათმობით მიიღწევა, მაგრამ არც – მხოლოდ მომთხოვნელობით. სამოქალაქო ერთობა არის მრავალმხრივი კონსენსუსის ძალიან რთული და უსასრულო პროცესი…

შეცდომები დღეს ნამდვილად არის – კადრების შერჩევა და სისტემის ნოლიდან აწყობა საკმაოდ  ძნელი პროცესია და დარწმუნებული ვარ, შეცდომების გარეშე ვერასდროს ვიარსებებთ. მთავარია, შეცდომების გამოსწორების სურვილი იყოს და საზოგადოებას არ დაავიწყდეს, რომ ყველაფერი ფარდობითია და შედარებაში ფასდება.

================================

რაც შეეხება ომბუდსმენობას – იქნებ სხვადასხვა სფეროებში აგვერჩია ერთდროულად სხვადასხვა ომბუდსმენი?

მგონი, უმრავლესობა თანხმდება, რომ თითოეულ კანდიდატს აქვს თავისი პლიუსები და მინუსები და იქნებ რამდენიმე მათგანი გვყოლოდა ერთდროულად? ამის გამოცდილება მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში, – მაგალითად,  დიდ ბრიტანეთში,  – არის. მერე დრო გვაჩვენებს, რომელი უფრო ეფექტური იყო – ძველი უნიტარული სისტემა, თუ ახალი – პოლიომბუდსმენობა. საბოლოო ჯამში, უკვე საქმეში გამოცდილი კანდიდატების შეფასებაც (თუ უნიტარულ მოდელზე დაბრუნება მოგვიწევს) უფრო ადვილი იქნება, ვიდრე ბრავადულ-აგრესიული საარჩევნო კამპანიების შედარება…


მიშა ვოლდემორტი და ხალხთმოყვარეობის აპოთეოზი, ანუ გამოპავლეების ცრუმოსურნეები


„დიახ, ჩვენ ჯადოქრები ვართ და კიდევ ბევრ სასწაულს ელოდეთ!“ – ექიდნურად გაიღიმა ლორდმა ვოლდემორტმა და კიბეებზე გაუჩინარდა. გაიჩინარდა, რათა დუბაიდან და სინგაპურის ფორუმებიდან მოგვევლინოს და ფურცლებზე დაბეჭდილი რეიტინგების ფრიალით მოგვაჯადოოს, გრძნეულმა…

მისი გაოპოზიციონერებული გუნდი კი მათ მიერ 300 მილიონად დაუმთავრებელ ქაჯთა გამჭვირვალე სასახლეში გამაგრდა. იმ ერთადერთ დარბაზში, სადაც ჯერ წვიმა არ ჩამოდის და ვირთხებიც არ დარბიან. და მედგრად იშიშვლა ხმალი სამართლის და ჩაგრულთა დასაცავად:

-         როდის მოუმატებს მთავრობა ხელფასებს?

-         როდის მოხდება პენსიების მომატება?

-         როდის გაიაფდება გაზი, დენი და წყალი?

-         როდის გაიაფდება საბანკო კრედიტის განაკვეთი?

-         როდის გაიხსნება რუსეთის ბაზარი ქართული პროდუქტებისათვის?

-         როდის   დაუკანონდებათ ლტოლვილებს საცხოვრებელი ფართები?

„როდის?“ „რამდენი?“ „როგორ?“ – ისმოდა რისხვიანი შეკითხვები უმცირესობად ქცეული ახალხანს უმრავლესობისაგან.

მათი შეკითხვები, მათი იერსახე, მათი პათოსი სავსე იყო შემართებით – ქართველი ხალხის, ჩაგრულების, ლტოლვილების, გაჭირვებულების, უილაჯოების, დედების, ბავშვების, ავადმყოფების, ბიზნესმენების, უმუშევრების – ყველას სახელით და ყველას ინტერესების დასაცავად ბრდღვინავდა და თვალებიდან რისხვას აკვესებდა ნაცმოძრაობა!

ისინი არ მისცემენ უფლებას!.. ისინი ყოველთვის დაიცავენ!.. ისინი არ დაუშვებენ ქართველი ხალხის ფუნდამენტალური ინტერესების შელახვას!..

ისინი არ დაუშვებენ ზეწოლას!.. ისინი მიმართავენ მთელ მსოფლიოს იმაზე, რა საშინელებებს აპირებს „ქართული ოცნება“! როგორ აპირებს, რომ პარლამენტში შექმნას კონსტიტუციური უმრავლესობა! ეს ხომ დაუშვებელია?!

-         „ქართველი ხალხის სახელით!“ გამოდიოდნენ გოკა და ბოცო, ჩიორა და კაკო, გოგა და გოგი…

იყო ერთი ჟრიამული, რისხვათცვენა და ვოქსპოპულისტობა…

წესით და რიგით, ქართველი ხალხი ტაშით უნდა დახვედროდა პარლამენტის შენობასთან მათი ბედნიერებისათვის დამაშვრალ რაინდებს… წესით და რიგით დღესვე უნდა დაწყებულიყო ტელევიზიებში აღშფოთებულ ტელემაყურებელთა და ფეისბუქში გადარეულ ინტერნეტმომხმარებელთა დარაზმვა გოგი ოჩიაურის, გოკა გაბაშვილის, ნუგზარ წიკლაურის და გოგა ხაჩიძის ირგვლივ! უნდა მომხდარიყო შეშფოთებული აქტივისტების მიერ ფეისბუქზე ჯგუფის რეგისტრაცია ლოზუნგით – „მოვითხოვთ ბიძინა ივანიშვილის მთავრობის გადაყენებას!“ მერე რა, რომ ივანიშვილის მთავრობა ჯერ არც დამტკიცებულა, მთავარია, რომ გული გულობდეს – რაც მალე მოვითხოვთ, მით უკეთესი!

მეტი კონკრეტიკაა საჭირო! „ვადები, ვადები, ვადები – ჩქარა!“ „მოვითხოვთ, ხალხის სახელით!..“ „სადაა დაპირებული ინვესტიციები?“ „საიდან ეს არარეალური დაპირებები!“„ერთი წამით არ მოვასვენებთ! ჩვენ გვეჩქარება!…“ და ბოლოს საერთოდ ფანტასმაგორიული – „როგორ თუ წელიწადნახევარში წახვალთ? სად წახვალთ?!“

ნაცმოძრაობა არც დაუშვებს, და არც გაუშვებს!

ძალიან საინტერესო იყო ის, რომ ჩამოლაბორანტებული უმცირესობა რისხვით და მკვეთრი შეკითხვებით თავს დაატყდა სწორედ იმ კანდიდატს, ვინც მათმა სათაყვანებელმა ვოლდემორტმა წარადგინა. სრულიად სამართლიანად დაწერა ფეისბუქზე ბ-ნმა ირაკლი შავიშვილმა – მარტო ამიტომ დასაფასებელია პირველი ოქტომბერიო! წარმოიდგინეთ, მთელი 9 წლის განმავლობაში, როდესმე და რამეში ნაცმოძრაობის დეპუტაციას გაუწევია წინააღმდეგობა თავისი ფიურერისათვის?

ა-რ-ა-ს-ო-დ-ე-ს!

დღეს კი მისი დასახელებული კანდიდატი დაიწუნეს და ისიც კი გაბედეს და თქვეს – ამ კაცს ხმას არ მივცემთო!

ბუნტია „კოსტა კონკორდიაზე“, მაჭკატ!

მაგრამ ვინ არიან ეს სამართლის და დამაშვრალთა დასაცავად ხმალამოღებულთა შეუპოვარი ჯგუფი?

ეს, შემთხვევით, ის ხალხი ხომ არაა, ვინც საქართველოში უსამართლობის და უზენობის პარპაში დაუშვა მთელი 9 წელი?

ეს ის ხალხი ხომ არაა, ვინც საქართველოში 35-ლარიანი უპატრონოდ დაგდებული ფიცრის მოპარვისთვის 65 წლის ლტოლვილს 1 წლით ციხეში უშვებდა, ხოლო თავად ათობით და ასობით მილიონის ხე-ტყეს იპრავდა, ქვეყნის სტრატეგიულ სიმდიდრეებს „უპრაგონოდ“ ჰყიდდა და 1 ლარად აჩუქებდა? ვინც საკუთარი ქონება მილიარდებამდეც კი გაზარდა?

ეს ის ხალხი ხომ არაა, ლტოლვილებს პოლიციის ძალით რტყმევით რომ ყრიდა მრავალწლიანი საცხოვრებელი ადგილებიდან და კუნგის ტიპის დახურული  ავტოფურგონებით საცხოვრებლად შეუფერებელ გეტოებსა და რეზერვაციებში ეზიდებოდა?

ეს ის ხალხი ხომ არაა, ვინც ყველა ბიზნესი გათელა და ქვეშ  მოიგდო, მონოპოლიები და კარტელური გარიგებები ნორმად აქცია, ვინც საბანკო კრედიტის განაკვეთი ევროპაში უმაღლეს დონეზე ასწია, ხოლო საცხოვრებელი მინიმუმის დონეს მუდამ ხელოვნურად ამცირებდა და აყალბებდა! ვინც ერთ დღეში ბიზნესის დაფუძნების გაპიარებით ნახევარ ღამეში ბიზნესის ახევის მათეული პრაქტიკა მიჩქმალა?

ეს ის ხალხი ხომ არ ლაპარაკობს ზეწოლებსა და გადაბირების მცდელობებზე (და აბსოლუტურად უსაფუძვლოდ და უარგუმენტოდ ლაპარაკობს!) ვინც პოლიტიკური პოლიციისა და ზონდერბრიგადების გამოყენებით ასობით და ათასობით ადამიანზე რომ ძალადობდა ხანგრძლივად? ვინც ხალხს პოლიტიკური ნიშნით აწინაურებდა საჯარო სამსახურებში და პოლიტიკური ნიშნით ათავისუფლებდა სამსახურიდან?

ეს ის ხალხი ხომ არ ახსენებს სიტყვა „სამართალს“, რომელთა მიერ სამართალი ყველა დონეზე შეგინებული და გაუპატიურებული იქნა?

ეს ის ხალხია – ახლა რომ „მერყევი ფსიქიკის“ ბრალდებებს უსაფუძვლოდ ისვრიან, – ვინც მართლაც და ფეთქებადი ფსიქიკის ლიდერს დითირამბებს უმღეროდა ცხრა წელი?

ეს ის ხალხია, ვინაც 2008 წლისთვის დაპირებული 100 დოლარიანი პენსია დღემდე არ შეასრულა, ახლა რომ წამდაუწუმ ჰკითხულობს – 220 ლარს როდის გახდის პენსიებს ივანიშვილიო?

ეს ის კაბინეტი ხომ არ არის, რომლის წევრები სადისტობას, ჯალათობას, კრიმინალებთან მეგობრობას და უზნეობას – დემოკრატიის შუქურვარსკვლავობას და კეკლუცხათუნობას რომ უთავსებდა?

დაბოლოს, ეს ის პოლიტიკური ძალა არ არის, რომელთა მინისტრები სამარცხვინოდ „მოტყდნენ“ ქვეყნიდან და ახლა ეპისტოლარულ-ფეისბუქურად გვეკონტაქტებიან და გვარწმუნებენ – არასოდეს არ მიგატოვებთოD:D:D? ეს ის ხალხი ხომ არაა, ვითომდა, პრეზიდენტთან შესახვედრად წასული, მძღოლს რომ მობილურს უტოვებდა მანქანაში და თავად აეროპორტიდან ფრანკფურტში ტყდებოდა ოჯახთან ერთად?  ეს ხომ ის ლიდერებია, რომლებიც გაიქცნენ, რადგან, სავარაუდოდ, ყველა საფუძველი არსებობს, რომ მრავალწლიანი ციხე ემუქრებათ, როგორც კრიმინალებს და მაფიის ბოსებს?

და ისე, ნამეტანი ხომ არ მომდის, რომ ამ ავაზაკთა ბანდას „ხალხს“ ვუძახი? უფრო უპრიანი არ იქნება ან – “ფლიდები”, ან – “ვერაგები”, ან -„ახვრები“, ან – „თუქსუსები“?.. აი აქ კი მჭირდება დახმარება, იმის გასარკვევად, ჩამოთვლილთაგან რომელი ტერმინი უფრო სწორია მათთან მიმართებაში.

ჩამოუმცირესობებული ნეობოლშევიკების ტაქტიკა სრულიად აშკარაა:

  1. რაც შეიძლება ადრე – ახალი მთავრობის მიერ ძალაუფლების აღებამდე (და განსაკუთრებით, სასამართლოებსა და პროკურატურაში ცვლილებების მოხდენამდე) – მოახდინონ საზოგადოებაში ნიჰილიზმის და ეჭვის დათესვა იმის თაობაზე, რამდენად მოახერხებს ივანიშვილის მთავრობა [წინა ხელისუფლების მიერ კატასტროფულად ჩასვრილი საქმეების გამოსწორებას და] სხვადასხვა სფეროებში ხალხისთვის გაუმჯობებსების რეალურად მოხდენას. ეს განსაკუთრებით ეჩქარებათ მანამ, სანამ უკვე ოფიციალურად გამოაშკარავდება მათ მიერ ხაზინის კატასტროფულ მდგომარეობაში დატოვება. უკვე არის ინფორმაცია, რომ ნაცვლად მერაბიშვილის მიერ გაცხადებული 2 მილიარდისა, ხაზინაში მხოლოდ 200 მილიონია!
  2. ყველანაირად მოახდინონ იმის იმიტაცია, რომ ჩაგრული პოლიტიკური ძალა არიან! რომ არიან დემოკრატიის მებაირახტრეები, რომელთაც გამარჯვებული უმრავლესობა საშინლად და უკანონოდ ჩაგრავს!
  3. როდესაც უახლოეს ხანებში დაიწყება იმის სრულმასშტაბიანი გამოაშკარავება, რა დონის და როგორი მასშტაბური კრიმინალი აქვს ჩადენილი ნაციონალურ მოძრაობას, როდესაც სასამართლოებში არა ათობით, არამედ – ათასობით საჩივარი შევა, როცა ყველასთვის (მათ შორის – დასავლელი ლიდერებისთვისაც) ცხადი გახდება, როგორი ძალადობის ხარჯზე არსებობდა ეს ვარდისფერი გულაგი, ეს ყველაფერი შერაცხონ მათ პოლიტიკურ დევნად და დასავლური დემოკრატიებისაგან და ანგაჟირებული მხარდამჭერებისაგან (ვილფრედ მარტენსი, კარლ ბილდტი, დონალდ ტრამპი და სხვები) მოითხოვონ მფარველობა!
  4. დარაზმონ ყველა ის ძალა, რომელთა მოთხოვნილებებს თავად მრავალ წელს აბსოლუტურ იგნორირებას უკეთებდნენ, მასიური საბოტაჟის და გამოსვლების ორგანიზებისათვის. ამის განსაკუთრებით თვალნათელი მაგალითებია დევნილთა მიერ შენობებში შეჭრის, მიტაცების და უკანონოდ დასაკუთრების კატასტროფულად გახშირებული ფაქტები. იქამდე მივიდა საქმე, რომ დევნილები უკვე იმ ორგანიზაციების შენობებსაც იტაცებენ, რომლებიც ნორმალურად ფუნქციონირებენ, ან რომლებიც სხვა დევნილებისთვის არის დაკანონებული. ყველაზე  საინტერესო კი ისაა, რომ ამ მიმტაცებელთა შორის არიან აბსოლუტურად გაურკვეველი „ბექგრაუნდის“ მქონე პირები, რომლებიც არ არიან ლტოლვილები ანდა არც უარყოფენ, რომ მათ უკვე აქვთ დაკანონებული საცხოვრებელი, მაგრამ „სურთ საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება და გაფართოება“ !!! აშკარა, რომ ეს არის კოორდინირებული ქმედება, რომლის უკან მაცმოძრაობის ინტერესები აშკარად იკვეთება – ეს არის ქვეყანაში უკანონო მდგომარეობის და ანარქიის შექმნა, რომ მოსახლეობას ნაცმოძრაობის მიერ გარანტირებული „წესრიგი“ მოენატროს!
  5. მოახერხონ ადგილობრივ თვითმმართველობებში და გამგეობებში, მერების და გუბერნატორებისათვის პრეზიდენტის მიერ სასწრაფოდ გადასროლილი სახსრების და ქონების ხარჯზე რეგიონალური „ვანდეის“ ჩამოყალიბება და საბოტაჟის და პროპაგანდის მეშვეობით საფუძვლის მომზადება 2013 წლის აპრილის თვეში პრეზიდენტის მიერ პარლამენტის დაშლისა და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში რევანშისთვის.

„ნაცმოძრაობის მთავარი შეცდომა იყო, რომ ნაცმოძრაობა ზედმეტად დემოკრატიული იყო!“ – იძახის ზომბირებული ექსპერტი გია ნოდია. თურმე, „დემაგოგია, ზოგადად, პოლიტიკოსთა წესია“ და „ არ ღირს შევაჯიბროთ, ვისი დემაგოგია უფრო დემაგოგიურია“. „ზედმეტად დემოკრატიულად“ მიიჩნევს იგი იმას, რაც ხდებოდა სასამართლოებში, პროკურატურაში, ციხეებში, სკოლებში… როცა ეკითხებიან კონკრეტულ – უკვე გამოვლენილ – დანაშაულებებზე, მხრებს იჩეჩავს, რომ არ იცის… ეჩქარება ბატონ გიას დემოგოგიური გამოსვლების ციკლის ჩამთავრება. ზუსტად ისე, როგორც ეჩქარებათ ბარამიძეს და გაბაშვილს, წიკლაურს და ბობოხიძეს, კუბლაშვილებს (სასამართლოს რეიტინგით მოტრაბახე ბ-ნ კონსტანტინეს!) და ოჩიაურებს (მსოფლიო ბანკის რეიტინგებით მოტრაბახე ბ-ნ გოგის)… როცა ასობით და ათასობით სასამართლო პროცესი დაიწყება და ყველასთვის აშკარა გახდება, თურმე რა საშინელება იფარებოდა ვარდისფერი ფასადის მიღმა, მერე ხომ უკვე ძალიან გაძნელდება „მე რა ვიცოდი?“-ს ტიპის „ნაივური“ მხრების აჩეჩვა?! ქართული ავტობანები, იუსტიციის სასახლეები და ნეონის ნათურები ხომ მანამდეა თვალისმომჭრელი, სანამ ციხეებში არსებულ ძალადობას გაეცნობი?!

P.S. ახლა კი, წარმოიდგინეთ ასეთი მოდელირებული სურათი -

1949 წლის გერმანია.

კონრად ადენაუერის მთავრობის დამტკიცების წინ ბუნდესტაგის ტრიბუნაზე რიგრიგობით ადიან იოზეფ გებელსი, ჰაინრიხ ჰიმლერი, ჰერმან ჰერინგი, იოაკიმ ფონ რიბენტროპი, ჰაინრიხ მიულერი… თავად ფიურერიც (როგორც ოპოზიციის ლიდერი!) და ფოლადისებური ხმით ჩამჭრელ კითხვებს უსვამენ კანცლერობის კანდიდატს:

-         რას გააკეთებთ გერმანელი ხალხის ბედნიერებისათვის?

-         როდის დაიბრუნებთ პრუსიას და ელზასს?

-         როდის აღადგენთ დანგრეულ მრეწველობას?

-         როდისთვის მოახერხებთ გერმანული საფინანსო სისტემის სტაბილიზაციას?

-         როდის გახდება მინიმალური პენსია 1000 მარკა?

-         როდის დატოვებენ უცხო ქვეყნების ჯარები გერმანულ მიწებს?

ხოლო სესიის შემდეგ გებელსი ამაყად გაიძახის ჟურნალისტების მიკროფონების წინ:

- ჩვენ არ დავუშვებთ გერმანელი ხალხის მოტყუებას! ადენაუერს არ გაუვა პროპაგანდისტული ხრიკები! ჩვენ სიმართლეს მოვითხოვთ!

ჰიმლერიც ასევე ამაყად იძლევა ინტერვიუს:

- გერმანელი ხალხი ყოველთვის იყო ტოლერანტულობის ნიმუში და ჩვენ არ მივცემთ უფლებას ახალ უმრავლესობას, ფეხქვეშ გათელოს პოლონელი თუ რუსი ტყვეების უფლებები, მოვითხოვთ მათთვის სამართლიან სამუშაო კონტრაქტებს, თანაბარ ანაზღაურებას და უმუშევრობის დახმარებას!

ხოლო გესტაპოს შეფი მიულერი სულაც ებრაელების და სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვის აუცილებლობაზე  წარმოთქვამს მგზნებარე სიტყვას!

თვალისდაუხამხამებლად!

რამეს ხომ არ გაგონებთ ეს „მოდელირებული წარსული“?

იმის კვალობაზე, როგორ სულ უფრო გულისშემძვრელი ფაქტები ხდება ნათელი იმ მასობრივ ძალადობაზე, რაც დემოკრატიის შუქურად წოდებულმა ძალამ მასობრივი ტერორის ლაბორატორიად ქცეულ საქართველოში დანერგა, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოსთვის ნიურნბერგის მსგავსი პროცესი აუცილებელია. და სამართლიანობის აღდგენის ეს პროცესი თავად საქართველომ უნდა ჩაატაროს. ვფიქრობ, დიდი შანსი არსებობს, რომ ამან ისევე დაუდოს საფუძველი საქართველოს სახელმწიფოს, სამართლიანობის, საზოგადოების და ეკონომიკის აღორძინებას, როგორც ეს 50-იანი წლების გერმანიაში მოხდა.

WITHOUT  JUSTICE,  THERE  CAN  BE  NO  PEACE!


გერმანული იდეალიზმი და იმერული რაციონალიზმი


იმ დროში როდესაც მე გავიზარდე, საქართველოს ახალგაზრდობის უმრავლესობა ამ ახალგაზრდობას სტუდენტობაში ატარებდა (ზოგი – მამიკოების პარტბილეთების, ზოგი – ოლღა ბებიას ფაქიზოების წყალობით) და ამ სტუდენტობის განუყოფელი შემადგენელი ნაწილი იყო ისეთი ფუნდამენტალური მეცნიერება, როგორიცაა ფილოსოფია. მართალია, საბჭოთა კავშირში ამ ფუნდამენტალური მეცნიერების გაოხრებულ ერზაც-ფორმას, მარქსისტულ-ლენინურ ფილოსოფიას ასწავლიდნენ, მაგრამ ლექტორები მაინც იძულებულნი იყვნენ, ან – ზოგიერთი იშვიათი მათგანი, მართლაც – მოწადინებულნი, ფილოსოფიის საფუძვლების ახსნისას ჩვენთვის მეცნიერულად მოეწოდებინათ ის მარადიული ჭეშმარიტებები და ტვინის და სულის საკვები, რასაც ქართველთა უმრავლესობა, საკმაოდ არამეცნიერულ კონტექსტში და ალტერაციებით მაშინ მხოლოდ სუფრაზე თუ ეზიარებოდა და დღეს – ზიარებისას. ამიტომ ჩემი თაობის ხალხს სპინოზას, კანტის და ჰეგელის სახელები რაღაცას ეუბნება, თუმცა სამწუხაროდ, უხშირესად – მხოლოდ რაღაცას…

მაგრამ თუ სათაურის წაკითხვის შემდეგ ვინმე ჩემგან – ფილოსოფიის დილეტანტისაგან – ფიხტეს, შელინგის ან ჰეგელის ნააზრევის ინტერპრეტაციებს, ანალიზს ან თუნდაც თქვენთვის გაზიარებას ელოდება, მინდა გაგაწბილოთ. მე სულ სხვა დროის და ტიპის გერმანულ იდეალიზმს მინდა შევეხო და არა „სულის ფენომენოლოგიას“.

“გერმანულ იდეალიზმად” ამ სტატიაში მე მოვნათლე გერმანიაში მაცხოვრებელი ან იქ განათლებამიღებული ქართველი ინტელექტუალების მოსაზრებები, რომლებიც ქართულ არჩევნებს დასავლური სტანდარტებით უდგებიან. მიუხედავად მათდამი ჩემი პატივისცემისა და, კერძოდ,  ზაალ ანდრონიკაშვილის ბლოგზე გამოქვეყნებული მასალებით მრავალჯერ მოგვრილი აღფრთოვანებისა, უნდა ვაღიარო, რომ მათი დამოკიდებულება საქართველოში საარჩევნო პროცესებისა და შედეგებისადმი არის ისეთი იდეალისატური, რომ მეტი არ შეიძლება! რა თქმა უნდა, მხოლოდ გერმანიაზე არ ვრცელდება ეს ქართული არჩევნებისადმი იდეალისტური მიდგომები. შეიძლება ითქვას, რომ ეს შუაშიზმის მოგვიანებითი ეტაპი, ან შეიძლება ნაცმოძრაობისათვის საოცნებო კატა ლეოპოლდის სამშვიდობო დევიზის გაპიარების ადრეული ფაზა იყოს. არ გამოვრიცხავ, რომ ამ აზრების ზოგიერთ გამახმაურებელთა სურვილები სრულიად უანგარო იყოს, ისევე როგორც ცალკეულ შემთხვევებში ანგარების გამორიცხვაც არ იქნება ალბათ სწორი…

აი, არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე გასული „პოლიტმეტრი“, სადაც ზაალ ანდრონიკაშვილის და ლევან გიგინეიშვილის ძალიან საინტერესო მოსაზრებებში ჩემთვის პირადად ცხადი გახდა, რომ ორივე ავტორის ძალიან სწორი და როგორც ინგლისელები იტყოდნენ thoughtful პოზიციის მიუხედავად, ბ-ნი ზაალის აზრები, ერთ რაკურსში მაინც, იდეალიზმის ძალიან მსუყე პორციას შეიცავს.

1:02:07- 1:24:36. (განსაკუთრებით 1:17:31-დან)

ზაალ ანდრონიკაშვილი: „ვუყურებდი, როგორ ლაპარაკობდნენ ტელევიზიით ორივე საარჩევნო ბლოკის ლიდერები ქურდული სამყაროს წარმომადგენლებზე – ვიღაც ჯღანაზე და ვინი პუხაზე, და ერთმანეთზე კომპრომატებს აქვეყნებენ მაშინ, როცა საჭიროა პროგრამებზე გველაპარაკონ. ეს არის აბსურდი, სისულელე და დროის (მათ შორის ტელევიზიის და ამომრჩევლის დროის) უსარგებლო ფლანგვა! სამწუხაროდ, იქმნება შთაბეჭდილება, რომ მთელი ამომრჩეველი არის ყვითელი, მაშინ როცა მე მიმაჩნია, რომ კომპრომატების გროვება და გამოქვეყნება საარჩევნო კამპანიის დროს არის არც რელევანტური და არც – რაიმე სარგებლის მომტანი“.

მაგრამ არის კი ე.წ. პროგრამა და ამ პროგრამის დეტალები ჩვენთვის დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი?

ყველაფერ იმის გათვალისწინებით რაც ჩვენ (და ბატონმა ზაალმაც!) ვიცით ნაცმოძრაობის სიტყვის და საქმის ტოტალური აცდენის შესახებ, აქვს კი ჩვენთვის რაიმე, თუნდაც მიზერული მნიშვნელობა, რას გვეტყვის, როგორ „ნანას“ გვიმღერებს და რა ზღაპრებს მოგვიყვება ნაციონალური მოძრაობა?

როგორც საკმაოდ დელიკატურად მოგიგოთ თქვენივე კოლეგამ, ბატონო ზაალ, რამდენად რეალურია, რომ დღევანდელ საქართველოში (და არა ჰეგელის მშობლიურ დღევანდელ შტუტგარტში!) არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ოპონენტებმა სოფლის მეურნეობის პროგრამების ან საგადასახადო პოლიტიკის შედარებითი ანალიზით მოგვხიბლონ? იმ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, სადაც (როგორც ახლა, უკვე პოსტ-ფაქტუმ ვიცით!) ნაციონალური მოძრაობა თან  თავის გამჭვირვალე პატიოსნებაზე და დემოკრატიის განუხრელ დაცვაზე მასიურად გვაბოლებდა და თან ზონდერებს მიმაგრებულ სპეცნაზს საარჩევნო უბნებზე შეჭრის სპეცოპერაციის გეგმა „ბარბაროსას“, ხოლო პრობაციონერთა და პატიმართა ოჯახებს კარუსელების განრიგების ურიგებდა? ამ „ინოვაციურმა“ საარჩევნო მეთოდოლოგიამ ხომ მხოლოდ იმიტომ ვერ მოიტანა სააკაშვილისთვის სასურველი შედეგი, რომ ჩვენი ხალხი აღმოჩნდა არა მარტო ბრძენი და ხეებზე ფოთლის მარადიულად დამზოგველი, არამედ ერთდროულად – მოქალაქეობრივად საკმაოდ მობილიზებულიც და უდრეკი თავისი არჩევნის დაცვაში! როგორ გგონიათ, ჩვენს ამომრჩევლებს რომ ამ არჩევნებზე არ გაეგოთ ის, რაც გაიგეს თუნდაც ძალიან შეზღუდულად ხელმისაწვდომი – ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი ტელევიზიებით („მაესტრო“ და ტვ-9), რამდენიმე ბეჭდვითი თუ ელექტრონული საშუალებების (ipn.ge, „კვირის პალიტრა“) და რეგიონული ჟურნალისტების (კახეთის და შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრების, „ნეტგაზეთის“, TSPress-ის და „გურია ნიუს“-ის და მრავალთა სხვათა) თავგანწირული მუშაობით, როგორ გგონიათ, დადგებოდა ეს შედეგი, რაც დადგა? თუ იქნებ ივანიშვილისაგან სასწრაფოდ გადაწერილი სოციალურად მომხიბვლელი ლოზუნგების მაქსიმალური ტირაჟირებით და გაპიარებით სახელოვან ნაცმოძრაობას ისევ ის შედეგი დაედო და ამაყადაც ნიშნი მოეგო, – „ჩვენი პროგრამა უკეთესი იყო, ოლოლო თქვენო!“

დიახ, ჩვენ დღეს მართლაც ვირჩევთ ძალიან დაბალ დონეზე, მაგრამ როგორ უნდა განვირჩიოთ (გადავირჩიოთ) ძალიან დაბალი მორალური დონის მქონე ნაციონალური მოძრაობა ძალიან მაღალ დონეზე? მაშინ, როცა ციხის სკანდალის შემდეგ ბაჩა ახალაია და კალმახელიძე მხოლოდ გადადგნენ და საკმაოდ მსუყე ბონუსები, უსაფრთხოების და ხელშეუხებლობის გარანტიები მიიღეს პრეზიდენტისაგან, შეიძლება, რომ ჩვენ მაღალ დონეზე ვირჩევდეთ და მეტოქის მიმართ კომპრომატების გამოყენებაზე ისევე აზიზად უარი ვთქვათ, როგორც ამას სკანდინავიის ქვეყნებში აკეთებენ? (ისე, იქაც დაზღვეული არავინაა!)

მაგრამ აი, დამთავრდა არჩევნები. მთელი მსოფლიოს გასაოცრად გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ“. გამწარებული ტანზე იხევს კაბებს სააკაშვილისაგან ძალიან მსუყედ ნაკვები იულია ლატინინა, გამწარებული ვილფრედ მარტენსი ბელგიიდან ანათემას გვითვლის – თუ საქართველო რუსეთთან ურთიერთობას დაამყარებს, მისთვის ნატოს  კარი დაიხურებაო (!), ერთდღიანი შოკის შემდეგ ნაცმოძრაობამ უცებ ისკუპა თავის პრეზიდენტიან-გუბერნატორებიან-გამგეობებიან-პოლიციან-სასამართლოებიან-ურნალისტებიანად ოპოზიციის იმუნიტეტიან მაშველ ნავში და ახლა იქედან არხეინად იმუქრება, კიდეც გაბედავენ და 6 თვეში სამოთხეს არ დაამყარებს “ქართული ოცნება”, ხომ იცით, რომ ყველაფერს ვაკვირდებით და გაგაკონტროლებთო! ბაქრაძე და ბოკერია – როგორც ხალხის ინტერესების სადარაჯოზე მდგარი „ვოჩდოგები“! პრეზიდენტი, რომელიც თან პრეზიდენტია და თან ოპოზიციონერია! თან ერთ დღეს აცხადებს, – ვიცი, ეგენი ქვეყანას დაღუპავენო, მეორე დღეს კი ფლიდად იცინის – ნეტა ეგენი ქვეყანას ააყვავებდნენ და ჩემზე ბედნიერი კაცი არ იქნებაო!

ახლა კი მეორე ვიდეორგოლი. უკვე არჩევნების შემდეგ ჩაწერილი:

ლაშა ბაქრაძე გადაცემა „კვირის არგუმენტებში“ (13:07-დან):

ლაშა ბაქრაძე: „ის რომ, მაგალითად, ზღაპრებს რომ ჰყვებოდნენ აეროპორტიდან ვიღაც გარბის, არავინ არსად წასვლას არ აპირებს, როგორც ჩანს. კეზერაშვილმა შეისყიდა „რუსთავი2“-ის და „მზის“ წილები. ე.ი. პროპაგანდის ინსტრუმენტებით და მეთოდებით ბრძოლა გაგრძელდება.

(14:09-დან): საერთოდ ერთი დიდი პლიუსი, რაც ეხლა მოხდა, ის რომ კონსტიტუციური უმრავლესობა არცერთ პარტიას არ აქვს, ორივე პარტია თითქმის თანაბრად არის წარმოდგენილი პარლამენტში. ეს იძლევა შანსს, რომ პარლამენტი გახდება ის ადგილი, სადაც დაიწყება დებატები, სადაც დაიწყება დიალოგი, და ჩვენ ნელ-ნელა მივეჩვევით, რომ პარლამენტი არის ის ადგილი, სადაც საკითხები წყდება. ერთმანეთზე დამოკიდებული ვიქნებით. ადამიანებიც უფრო კარგად გაიგებენ, რას ნიშნავს დემოკრატია. მე პირადად ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, არის დიდი შანსი, რომ საზოგადოებამ მეტი კონტროლი დაუწესოს ყველა პროცესებს, არ მივანდოთ პოლიტკოსებს, მუდმივად ლუპის ქვეშ იყოს ყველაფერი, რაც ხდება, ამისათვის, რაც მეტი საჯაროობა იქნება, მეტად შეგვეძლება.“

მაგრამ საინტერესოა ის, რომ ბატონი ლაშა არაფერს ამბობს, რა მოხდება მაშინ, თუ ნაციონალების დაპირება, რომ „ქართულ ოცნებას“ ხელს არ შეუშლიან მთავრობის ჩამოყალიბებაში, სინამდვილეში არ ახდება! განა ცოტა გვინახავს კედელთან მიმწყვდეული სააკაშვილისაგან  ისეთი დაპირებები (საზოგადოებრივი არხის კონტროლი… ძალოვან უწყებებში მინისტროს მოადგილის დანიშვნა ოპოზიციის რიგებიდან და სხვა…), რომლებიც მერე – პრეზიდენტზე პრესის შემცირების პარალელურად – ტექნიკურად აორთქლებულა? დაპირებები არაფერს ნიშნავს… უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენ საქმე გვაქვს კრიმინალურ დაჯგუფებასთან, რომელიც არჩევნების წაგების შემდეგ პოლიციიდან და კუდი-დან დოკუმენტაციის გატანით და დაწვით არის დაკავებული, რომლის აღიარებული ჯალათები – ძმები ახალაიები, მეგის ქარდავა, „მასტერა“ დგებუაძე და სხვები – ნამდვილად გაიქცნენ, რადგან სხვანაირად ნაცმოძრაობას მათ გასამართლებაზე თანხმობის გაცემა მოუწევდა. რომლის მიერ არჩევნები დემოკრატიულად კი არ ჩატარდა, არამედ ვაიძულეთ და ვერ გააყალბეს… როგორ შეიძლება გვეგონოს, რომ კრიმინალებთან და კრიმინალების მრავალწლიან მფარველებთან და “გამპრავებლებთან” ჩვენ ნორმალური (პირმოთნე) დიალოგი და დისკუსიები გვჭირდება? როგორ შეიძლება ასეთ ილუზიების ტყვეობაში ყოფნა, რომ კარგია, როცა „ორივე ძალა პარლამენტში თითქმის თანაბრად არის წარმოდგენილი“? ხომ გასაგებია, რომ ნაციონალური მოძრაობა, არჩევნები რომ მართლაც სამართლიანად და ნორმალურად ჩატარებულიყო, – 40%-ს კი არა, ალბათ ამის ნახევარს თუ მიიღებდა?! ნუთუ ბატონი ლაშა მართლაც მოხიბლულია, რომ პარლამენტში მოხვდა როლანდ ახალაია, რომლის შტაბის უფროსი სწორედაც რომ მეგის ქარდავა იყო, ხოლო შვილების საგმირო საქმეები კი რამდენ ტომს დაიტევს, ღმერთმა იცის? ნუთუ მისაღებია იმ ტიპის განცხადებები, რასაც როლანდ ახალაია თავისი ოპონენტის შესახებ აკეთებს, რომ ალასანაის თურმე ბოროტება „გენში უზის“ (ამას ამბობს კრიმინალში ეჭვმიტანილი და აშშ სახ. დეპარტამენტის ანგარიშში მოხვედრილი ორი პირის მამა იმ ადამიანზე, რომლის მამა საქართველოს ეროვნული გმირია!) ნუთუ სასიხარულოა ის, რომ აბსოლუტურად გაყალბებულ ხაშურის ოლქში დღემდე ის ადამიანი არის გამოცხადებული მოგებულ მაჟორიტარად, რომელსაც ხელს ადებენ, რომ ის თავის თანაქალაქელ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს და და დამკვირვებლებს იარაღს ადებდა და საარჩევნო დოკუმენტაციის გატაცების სპეცოპერაციას ხელმძღვანელობდა? ნუთუ, ის კადრები  (1:18:23-დან), რომელიც იგივე „კვირის არგუმენტების“ გადაცემაში აჩვენეს, არ ცხადყოფს, ნაცუმცირესობებით დასახლებულ რაიონებში ჯერ კიდევ მოქმედი როგორი მასიური გაყალბების ფასად არის მიღწეული ის საბედნიერო „ლამის თანაბრობა პარლამენტში“, რაც ბატონ ლაშას იდეალისტურ აღფრთოვანებას იწვევს? ნუთუ ის ფაქტი, რომ ახალქალაქში საარჩევნო უბანზე უკანონოდ მყოფმა ადამიანმა არა მარტო კამერა დაუმტვრია სტუდია GNS-ის ოპერატორს, არამედ შემდეგ კამერის წინვე განაცხადა, უნდა მომეკლა კიდეცო, და რომ 70-ვე უბანზე დარღვევები იმ მასშტაბის იყო (დეპუტატის მიერ მოწყობილი ხელჩართული ჩხუბების ჩათვლით), რომ წესით, არჩევნები გაუქმებულად უნდა გამოცხადდეს, – ნუთუ ეს ყველაფერი იმის შეგრძნებას არ არღვევს, რომ საქართველოში არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდა და ახლა ამაში დამსახურებულ პარტნიორ ნაცმოძრაობას შესაბამისი პატივი უნდა მივაგოთ და მათი “კეთილი ზრახვების” უნდა ვიწამოთ?

არ გაუყალბებიათ??? უბრალოდ, არ მივეცით ყველგან გაყალბების საშუალება, თორემ შერცხვებოდათ?!

აი, ერთი ფაქტი და ერთი ინფორმაცია იმის მაგალითად, თუ როგორ აპირებს საქართველოს ჩამოოპოზიციონერებული პრეზიდენტი და მას დაქვემდებარებული სტრუქტურები „თანამშრომლობას“:

საქართველოს პრეზიდენტის 2012 წ. 5 ოქტომბრის N 924 ბრძანებულებით, სახელმწიფო ქონებაზე კონტროლი დაცვის სპეციალურ სამსახურს გადაეცა -მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს მართვა საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს გადაულოცა.

ბრძანებულებით ეკონომიკის სამინისტროს, რომელიც რამდენიმე დღეში ახალი კადრებით დაკომპლექტდება, სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოზე ხელი აღარ მიუწვდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტის, მისი ადმინისტრაციის, ასევე – ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირთა ხარჯებს ახალი მთავრობა ვეღარ გააკონტროლებს. ასევე, პრეზიდენტის უშუალო კონტროლს ექვემდებარება საინვესტიციო პროგრამებისა და პროექტების გახორციელება.

ცოტა ხნის წინ მედიასაშუალებებით გავრცელდა დოკუმენტური მასალა იმის შესახებ, რომ რამდენიმე შემთხვევაში კონკრეტული ღონისძიებების ხარჯი პრეზიდენტის დაცვის სამსახურმა გაიღო. 5 ოქტომბრის საკანონმდებლო ცვლილებმა მსგავს ქმედებებს უკვე კანონიერი სახე მისცა.

http://www.gurianews.com/index.php?option=com_content&view=article&id=6109%3A2012-10-07-11-42-32&catid=66%3A2010-11-25-16-47-31&Itemid=11

გრეტა ციცავა:

გუშინ ვიყავი რუსთავში და იმ სუპერმარკეტს ვესტუმრე, რომელიც ტვიმედისინფორმაციით,თითქოს დააყაჩაღეს. მოკლედ გაგიჟდა ქალბატონი - გამყიდველი და მითხრა: შვილო, 2 დღეა ხალხი გახარებული შემოდის აქ და უკეთესი ამბავი ვერ მითხარიო, რა დამაყაჩაღეს რის დამაყაჩაღესო!..  კი გამომისტუმრაიმედ+გაცრუებული

http://www.facebook.com/nato.gabunia.90/posts/513888908639743#!/gretatsitsava/posts/3267370142899

საბოტაჟი რომ ნელ-ნელა ძალას იკრებს, ეს აშკარაა, სააკაშვილი კი ყასიდად ესაუბრა კამერების წინ ზოდელავას და ზღულაძეს და დაავალა, არცერთმა პოლიციელმა არ თქვას უარი თავისი მოვალეობის შესრულებაზეო, მაგრამ ეგ კამერების წინ, და აბა ესეც ნახეთ

ნინო დუმბაძე:

ყველამ წაიკითხეთ და გაავრცელეთ!!!

აჭარის კუდის უფროსი თემურ პატარიძე შანტაჟით და მუქარით, ყოფილ პატიმრებს, ვისაც პირობითი სასჯელი აქვს, აიძულებს ოქტომბრის გამავლობაში, განსაკუთრებით თვის ბოლოს დაიწყონ მოქალაქეების ძარცვა და ბანდიტიზმი ქალაქში. ეუბნება მათ, რომ ექვს თვეში ისევ ხელისუფლებაში დაბრუნდებიან და აქვთ ამისი გეგმა. მთელი საქართველოს მაშტაბით იგივე ხდება, მოგმართავთ ყველას იყავით განსაკუთრებულად ფრთხილად. მივმართავ ქართული ოცნებას იყავით ყურადღებით სანამ ესენი აკონტროლებენ ძალოვნებს და თვითმართველობებს არაფერი არ არის დამთავრებული. ეს ინფორმაცია ძალიან სარწმუნოა და ამას ამბობს ათობით ყოფილი პატიმარი, რომლებიც არ აპირებენ ამ ბინძურ საქმეში მონაწილეობას. მიაქციეთ ყურადღება ამ საქმეს განსაკუთრებით ჟურნალისტებმა!!!!!!

აი, რას ამბობს ფეისბუქზე შალვა რამიშვილი ნაცმოძრაობის გეგმის შესახებ, რომელიც სულ უფრო აშკარა ხდება:

ნაც მოძის გეგმა მარტივია:

1. განწმენდა ბნელი წარსული მქონე პირებისაგან (ახალაიები და მისი ბანდა, ზონდერების უფროსები)
2. მაქსიმალური კონსოლიდირება საპარლამენტო ოპოზიციური ფრაქციის სახით
3. საკუთარი მაჟორიტარების შენარჩუნებისთავის ბრძოლა
4. მედია რესურსების გადაწყობა და მათგან საინფორმაციო-დივერსიული ძალის შექმნა.
5. მატერიალური რესურსების მობილიზება, გადაწყობა, დალაგება, გადამალვა
6. ადგილებზე (ქალაქებსა თუ სოფლებში) ხელისუფლების შენარჩუნებისათვის ბრძოლა
7. სხვა და სხვა სახის საბოტაჟის მოწყობა, რომელიც ახალ ხელისუფლებას პრობემებს შეუქმნის.
8. ივანიშვილისთვის ცეცხლი გახსნა ყველა ამ მიმართულებიდან 6 თვის შემდეგ, როცა მიშას პარლამენტის დათხოვნა შეეძლება.

ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე, მე ძალიან უცნაურად მიმაჩნია, რომ დღესაც კი ბატონ ლაშა ბაქრაძეს მეტი არაფერი აწუხებს, თუ არა ის, რომ ბიძინა ივანიშვილის ჯერარდასახელებულ მთავრობაში ბევრი მისთვის მიუღებელი ადამიანია და რომ ძალიან ცუდია, რომ „ქართული ოცნება“ არ ახდენს თავისი საკადრო გადაწყვეტილებების ქართველი ხალხისათვის წინასწარ გაცნობას და ამას ასე კულუარულად აკეთებს, რომ მეტი გახსნილობა და ხალხთან მოთათბირება იყო საჭირო…

ძალიან უცნაური მგონია ის, როგორ ლაპარაკობს ასეთი დარწმუნებით ლაშა ბაქრაძე ლამის სასირცხვილო კანდიდატებზე, რომლებიც ჯერ ოფიციალურად არავის დაუსახელებია. მე პირადად 3 სხვადასხვა ექსკლუზიური ვერსია მოვისმინე და სამივე განსხვავებული იყო. თუმცა, რა თქმა უნდა, გარკვეული საერთოც იყო მათ შორის. ასევე უცნაურია, ქვეყანაში, სადაც ნაციონალურმა მოძრაობამ მის მიერ მართული სამივე ტელევიზია მთლიანად საგანგებო მდგომარეობაში გადაიყვანა და საინფორმაციო ცეცხლის გახსნა დაავალა, სადაც ყოველდღე იფრქვევა ათასი დეზინფორმაცია იმაზე, როგორ ხვდება ბიძინა ივანიშვილი ქურდებს, როგორ საშინლად იძარცვება უკვე მაღაზიები და როგორ გაიზარდა კრიმინალური სტატისტიკა, ხოლო ამის ფონზე ყოველდღიურად რეჟიმის ერთგული კრიმინალები „პაჩკა-პაჩკა“ გარბიან ქვეყნიდან, ხოლო დარჩენილთა დიდი ნაწილი სამუშაო დღეს სხვადასხვა ტყეებსა და ტბის ნაპირებზე დოკუმენტების დაწვაში ატარებს, დავიჯერო, იმის დრო გვაქვს, რომ  მოსახლეობასთან მშვიდი და აუღელვებელი კონსულტაციები ვმართოთ და ოცამდე მინისტრი ნება-ნება ვარჩიოთ?

ყველაზე მეტად კი ერთი რამ არ მომწონს ბატონი ლაშას იდეალიზმში – რაღაც ვერ ვიხსენებ, მას როდესმე ნაცმოძრაობის მიერ მთავრობაში დატრიალებულ კარუსელებზე, ან – მდგარდად გამოცხადებული მინისტრების უნარ-ჩვევებსა და მათი შერჩევის კრიტრიუმებზე კითხვები დაესვას…

რა თქმა უნდა, აბსოლუტურად ვეთანხმები იმას, რომ კარგია მეტი გამჭვირვალობა, მეტი პასუხისმგებლობა, მეტი სამოქალაქო კონტროლი! მაგრამ იქნებ ჯერ ის მოგვეთხოვა, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ უკვე გამომჟღავნებულ საარჩევნო გაყალბებზე მაინც პასუხი აგებინოს გამყალბებლებს (და თან არა ისე, როგორც ციხის წამების ორგანიზატორებს, რომელთაგან მთავარი ჯალათები უკვე ან საზღვარგარეთ გააცუნცულეს, ან ევრორემონტით მოწყობილი ლუქსებში გაამწესეს და ცივ ნიავს არ აკლებენ, როგორც ადრე გირგვლიანის მკვლელებს. გამონაკლისი მხოლოდ ის ორი პირია, ვინც ვიდეოები გადაიღო და გაავრცელა, მათი ბედი უცნობია!) და თავი დაანებოს პრეზიდენტის ხელით საკანონმდებლო თარეშს!

მე პირადად, როგორც იმერელ კაცს, რეალიზმი მიყვარს. და არ გამიკვირდება, თუ ბიძინა ივანიშვილიც რეალიზმით იხელმძღვანელებს და არა ბატონი ლაშასათვის მისაღები იდეალიზმით. თან ბოლო წლებში ეს ნაცმოძური იდეალიზმი და ფასადური გაპლასტმასება ისე ამომივიდა ყელში, რომ ლამის სასიქადულო გერმანული იდეალიზმიც კი გადამიყვარდეს.

არაფერი ჯერ მოგებული არ არის!

ნაციონალურმა მოძრაობამ მისთვის მხოლოდ აქამდე ყველაზე უმნიშვნელო დაწესებულება – პარლამენტი (სააკაშვილის ხელში – სანოტარო ბიურო!) წააგო, და იქაც კი უნდა ისეთი გაყალბებული რეალობა შეინარჩუნოს, რომ არაფერი არ დათმოს. აღარაფერს ვამბობს ისეთ მძლავრ ინსტრუმენტებზე, როგორიცაა სუპერუფლებებით შეჭურვილი პრეზიდენტი, უსამართლო სასამართლოები, სადაც ნებისმიერი შავით თეთრზე ნაწერი საქმე მაინც უსამართლოდ ტრიალდება, პოლიცია, პროკურატურა, ნაციონალური მედია, – ეს ყველაფერი ამ თავმოკატუნებული “ოპოზიციის” ხელშია, რომელსაც მე ვფიქრობ, ცოტა სხვა სახელი – “ობოზიცია” უფრო მოუხდებოდა – ტერმინოლოგიური აღრევის გამოსარიცხად! :)

ამიტომ, პირველ რიგში:

ა) მაქსიმალურად უნდა მოხერხდეს, ყველა გაყალბებულ უბანსა და ოლქში ხმების დაცვა და სასამართლო დავებში ყველა არსებული დოკუმენტის გამოყენება! არცერთი ადგილი არ უნდა დავთმოთ იმ ყალბი დაპირებების სანაცვლოდ, რომ თურმე გაკონსტრუქციებული ნაცმოძრაობა ყველაფერში ხელს შეუწყობს აქამდე ოპოზიციას და მალე კი მთავრობას! ეს არის ბლეფი, რომელსაც მხოლოდ იდეალისტების იჯერებენ, რომელთაც მიხეილ სააკაშვილი, გიგა ბოკერია, პალიკო კუბლაშვილი და გოკა გაბაშვილი უმწიკვლო თუ არა, სამართლიან პარტნიორებად მიაჩნიათ! ნაციონალური მოძრაობის მუქარები (ბაქრაძის და ბოკერიას მიერ გაჟღერებული), რომ ისინი კრიზისზე წავლენ, ამჟამად ძირითადად ბლეფია და მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება, რომ რაც შეიძლება მეტი გაყალბებული მანდატი შეიხვილოფონ! აი, თუ გაუვიდათ, მერე კი ნამდვილად წავლენ დაპირისპირებაზეც და კრიზისზეც! როგორ წარმოდგიგენიათ, ნაცმოძრაობა თეა წულუკიანს, ან – თინა ხიდაშელს, იუსტიციის მინისტრად უშფოთველად და უდრტვინველად დაამტკიცებს?

ბ) სასწრაფოდ უნდა მომზადდეს სასამართლო რეფორმა დაჩქარებული წესით. ამაში უნდა ჩავრთოთ მსოფლიოს სხვა ანალოგიური გამოცდილების მქონე ექსპერტები. სააკაშვილის ჯიბის მოსამართლეები სამართალს ვერ აღასრულებენ, ხოლო სამართლის აღსრულების გარეშე ქვეყნის გამოსწორება ვერ დაიწყება!

გ) სასწრაფოდ უნდა გადატყდეს წელში გებელსურ-პროპაგანდისტული  მედიის ბატონობა ადამიანების გონებასა და ცნობიერებაზე. პარლამენტის პრიველივე სხდომაზე უნდა დავიწყოთ მედიის ახალი კანონის მიღება, რომელიც გაქსუებულ ცრუტელევიზების დაფინანსების წყაროებს აშკარას გახდის. ამის პარალელურად უნდა მოიხსნას უკანონო და დარკონული შეზღუდვები სატელიტურ თუ საკაბელო ტელემაუწყებლობაში რომელიმე ტელევიზიის ჩართვაზე. Must Carry – Forever!

დ) უნდა დაიწყოს საქართველოს დიპლომატიური კორპუსის როტაცია – ყველა ელჩი უნდა იყოს გამოწვეული (მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნით) და უნდა აღმოიფხვრას მანკიერი პრაქტიკა, როცა ელჩებად ხელისუფლებსის ახლობლები, უმეცრები და სულაც უზრდელი ხეპრეები ინიშნებოდნენ!

კიდევ ბევრი რამაა გასაკეთებელი იმისათვის, რომ იდეალიზმის ფუფუნება მივცეთ თავს! რა თქმა უნდა, სამოქალაქო კონტროლი აუცილებელია, მაგრამ არა ისე, რომ ახლა ვინც მოვიდა, ამათზე კონტროლს ვაწესებთ და ადრე ვინც იყო, იმათ საქმეებს არ ვიძიებთ.


კუჭის კანონიდან – ჯოკერის კანონამდე


ჩემო მეგობრებო, საქართველოს თავდადებულო მოქალაქეებო! გუშინ თავისუფალო ხალხო!

მადლობა მინდა გითხრათ და თავი დაბლა დავხარო!

როგორც წინა ხელისუფლების ერთ დროს პრემიერი და აწ-დამწვარი ბანკირი იტყოდა: „მისმა უდიდებულესობა ხალხმა ილაპარაკა და ჩვენ შევისმინეთ!“

ჩვენ კი შევისმინეთ, მაგრამ ნინიას ბაღის – დემოკრატიად გამსაღებელ ავაზაკთა ბანდას შესმენამდე ძალიან ბევრი უკლია და ჩვენი თავისუფლებისათვის ბრძოლა არ დამთავრებულა, უბრალოდ – გადამწყვეტ ფაზში შედის!

ჯერ მიმდევრობით.

როგორც სათნოდ სალათისფერმა და უბიწოდ თეთრმა ცესკომ აგვისახა რეალობა, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 2,197,000 ამომრჩეველმა, რაც თუ უაღრესად პატიოსან ასდუკ-ის ქურუმს – ასევე გამწვანებულ (პირდაპირ ხალიფატია, ნუ!) მამუკა კაციტაძეს დავუჯერებთ (მე – პას!) საქართველოს ამომრჩეველთა 3,613,851-იანი არმიის 60,7%!

მაგრამ ეს იყო პირველი რამ, რაც ცესკომ გვაჭამა! სცადა, რომ ეჭმია დაღლილი და ბედნიერებით დამთვრალი ხალხისათვის, მაგრამ გაბრაზებულზე უეცრად გადაგვივლის ბახუსი და სრული სერიოზულობით მინდა ვუთხრა მათემატიკოს ზურა ხარატიშვილს – არ ჩვენ ვართ ოროსნები, ბიძავ!

საქმე იმაშია, რომ საქართველოში ნამდვილად არ არის 3,6 მლნ ამომრჩეველი! არ ვიცი, ამდენი საერთოდ ადამიანი თუ ცხოვრობს დღეს საქართველოში. როგორც ამასწინ ბლოგისთვის („საქართველოვ, შენ სადა გყავს შვილი, დასაკარგავი?“) მოვიძიე, საერთაშორისო ორგანიზაციების (UN, IOM, WB) მონაცემებით, საქართელოდან მიგრანტთა რაოდენობამ 2012 წელს უკვე   1,16-1.2 მლნ-ს მიაღწია. საქართველოს მთავრობამ სწორედ იმიტომ არ ჩაატარა 2010 წელს ჩასატარებელი მოსახლეობის საყოველთაო აღრიცხვა, რომ ქვეყანაში დარჩენილ და მიგრანტ მოქალაქეთა ზუსტი რიცხვი არ გამოჩენილიყო, თორემ ლაზიკის მაშენებელ ხელისუფლებას და მსოფლიოში რამის მე-16 ადგილზე გამოჭიმულ ეკონომიკას ფულის არქონა დააშინებდა? ამასვე ემსახურებოდა ზურაბ თარხნიშვილის და გრიგოლ ვაშაძის უდიდესი ტყუილი იმაზე, რომ თურმე საზღვარგარეთ (თუნდაც რუსეთის გარეშე!) მხოლო 42,163 ქართველი ამომრჩეველი ყოფილა!.

სიმართლე კი იმაშია, რომ ქართველ ამომრჩეველთა რაოდენობა ქვეყანაში, ყველა ნორმალური და მიუმხრობელი გათვლით 3 მილიონზე მეტი არ უნდა იყოს, ხოლო სავსებით რეალურია, რომ სულაც 2,5 მილიონი იყოს. ასე რომ, ჩემო ძვირფასებო, ვინც ნახეთ გუშინ საარჩევნო უბნებზე ხელჯოხებით და ყავარჯნებით მოსული მოხუცები, ინვალიდის კალიასკით მოქანებული ინვალიდები და ვეტერანები, ადამიანები, რომელთაც ალბათ სულ რაღაც ერთი თვის წინ შეუსრულდათ 18 წელი და უკვე ცნობისმოყვარედ და ამაყად მოჰყვებოდნენ თავიანთ მშობლებს და ბაბუა-ბებიებს, ვინც ნახეთ არა მარტო რიგები, არამედ ისიც, როგორ მთელი საქართველო, მოხუც-ახალგაზრდიანად და ჯანმრთელ-ავადმყოფიანად იდგა უდრტვინველად ამ რიგებში, იცით, რომ ჩვენ ბახტრიონზე მძიმე ბრძოლა მოვიგეთ და უკლებლივ ყველა, ვისაც სული ედგა ან ძლივს მაინც ეჭირა, ყველა იქ ვიყავით, რადგან ჩვენს უკან საქართველო იყო!

ანუ, ამომრჩეველთა აქტივობა არა 60,7% იყო, არამედ ჩემი საფუძვლიანი და ძალიან გონივრული ეჭვით – 73%-დან -88%-ს შორის მერყეობდა!

ახლა გავიხსენოთ საზღვარგარეთ მყოფი ის, მინიმუმ, 700,000 ამომრჩეველი, რომელიც უსინდისოდ გამოთიშეს არჩევნებიდან ამ ქართველთყლაპიებმა! საზღვარგარეთ კი არცერთ უბანზე ქართულ ოცნებას არ წაუგია: პარიზი – 60%, ნიუ-იორკი – 73%, ლონდონი – 75%, ბერლინი –  77%! გაამრავლეთ ეს პოტენციურ 700 ათას ამომრჩეველზე და მიხვდებით, რომ სავარაუდოდ ნახევარი მილიონი ხმა „კულტურულმა“ ვაშაძემ და მათემატიკოსმა ხარატიშვილმა უცხოეთიდან მოგვპარეს!

მოდით, ახლა ის გავიხსენოთ, რომ ყველა უბანზე 10-20%-ით ნაკლები საარჩევნო ბიულეტენი მიიტანეს! ამ დროს, ბიულეტენთა რაოდენობა კანონით არ შეიძლება იყოს უბანზე სიაში არსებულ ამომრჩეველთა ოდენობაზე ნაკლები! ლოგიკით, პირიქით, ოდნავ მეტიც კი უნდა იყოს, რომ თუ ბიულეტენი შემთხვევით გაფუჭდება, უბნის თავმჯდომარეს ოლქსა და ცესკოში შიკრიკების გაგზავნა არ დაჭირდეს!

ხარატიშვილმა განაცხადა – ეს იმიტომ, რომ ხომ იყო სპეცუბნები და გადასატანი ყუთები, ამიტომ ძირითად საარჩევნო უბნებს ბიულეტენები პროპორციულად მოაკლდაო! დიდი ბოდიში, ჩვენო პითაგორავ თუ იბნ-სინავ, მაგრამ რამდენია სპეცუბნებზე რეგისტრირებული? არა მგონია, ძალოვნების რაოდენობა 100,000-ს აღმატებოდეს! + 24,000 პატიმარი + იმ დღეს გადასატანი ყუთის მოსურნე, დავუშვათ, – 50,000. ეს კი სულ 175,000 ბიულეტენია მაქსიმუმ. რაც სულ 4,8%-ს შეადგენს და არა – 10%-ს ან – 20%-ს!!!

გარკვეულწილად, ცესკოს საქციელში ლოგიკა არის!

ეს ის ლოგიკაა, რომ სინამდვილეში ვაშაძემ, კაციტაძემ, ხარატიშვილმა და მიშამ ხომ იციან, რომ ასდუკის მიერ „გაპრავებულ“ სიაში უცხოეთში მყოფი ათეულ და ასეულ ათასობით ადამიანია ჩაწერილი! ისიც, ხომ იციან, რომ მათი 95% იმ დღეს ვერ ჩამოვიდოდა სამშობლოში ფინანსური თუ სხვა პრობლემების გამო! ჰოდა, მოაკლეს ამ დედუქციის დედა-ოსტატებმა ეს ხალხი და უბნებზე ბიულეტენები, სინამდვილეში, სწორედაც რომ მეტობით დაარიგეს! ამას ის ადასტურებს, რომ უბანზე ბიულეტენის დაკლების ფაქტი, მგონი, არ ყოფილა. ანუ სიაში კი იყო მეტი, მაგრამ ის მეტი არ მისულა მარტივი მიზეზის გამო – ვერც მივიდოდა, საზღვარგარეთაა! ამ ლოგიკით ჩემი დასკვნები დასტურდება – რომ ქვეყანაში 3,6 მლნ ამომრჩეველი ის ბლეფია, რომელსაც ცესკო, როცა უნდა სიმართლედ გვატენის, ხოლო როცა უნდათ, მშვენივრად იყენებენ სათავისოდ!

მაგრამ სინამდვილეში ამ გამყალბებლების (ბატონო ზურაბ, როგორც ვხედავ, მათემატიკოსები უფრო უკეთესი გამყალბებლები შეიძლება იყონ ხოლმე, სიყალბეზე იმუნიტეტი კი მათემატიკოსობაში არ ყრია) ნამდვილი მიზანი სულ სხვაა! ის დაბეჭდილი და სადღაც აორთქლებული ბიულეტენები, სავარაუდოდ 500 – 700 ათასი (!) არის ის მასალა, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში აქტიურად ყალბდებოდა! სწორედ ამისთვის აგროვებდნენ მთელი წლები მასწავლებლები – მშობლების და საჯარო სამსახურის უფროსები – მოზრდილთა პირადობის მოწმობების ასლებს. პირადობის მოწმობის და მოქალაქეთა ხელმოწერის ნიმუშების ასლები აქვთ ყველა სადაზღვევო კომპანიაშიც, რომელნიც უპირობოდ და შეკითხვის გარეშე გადასცემდნენ ცესკოს ამ ფასდაუდებელ (და კონფიდენციალურ!) ბაზას, სადაც დაახლოებით 1,5 მილიონი მოქალაქის მონაცემებია!

მაშინ, როცა ჩვენ ნაადრევად ვზეიმობთ, ნაცმოძრაობის სტრატეგების – მიხეილ მაჭავარიანის და ხათუნა გოგორიშვილის – მიერ დაქირავებულ კალიგრაფთა და ხელმოწერის გამყალბებელთა ათეულები და ოცეულები სავარაუდოდ სადღაც, რომელიმე სკოლის ან უნივერსიტეტის ოთახებში სხედან და ძალიან კონფიდენციალურ სამუშაოს ატარებენ – ასობით ადამიანის ხელმოწერებს აყალბებენ, რომ მერე უბნის ოქმები ამ ახალი საარჩევნო ყუთების ნაჩალიჩარ „შიგთავსს“ მიარგონ! იტყვით, უბნის ოქმის გაყალბება ძალიან ძნელიაო? „ძნელი“ შეუძლებელს არ ნიშნავს!

იტყვით, რომ ეს ჩემი ფანტაზიის ნაყოფია?

არ გამოვრიცხავ, მაგრამ ჩემი ფანტაზია ხომ თქვენი შემოქმედების ნაყოფია, საყვარელო ნაცმოძელებო?!!! ეს თქვენი განმუხურის და ხურჩის სპექტაკლების ნაყოფია, ეს თქვენი „მოდელირებული ქრონიკის“ ნაყოფია, ეს თქვენი ლაზიკის და ანაკლიის მირაჟების და გარედან გიპსოკარდონით და ბიაზით „შემოსილი“ შენობების ნაყოფია, ეს ლაფანყურის სისხლიანი დადგმული ტრაგედიის ნაყოფია! ეს არის სწორედ ხათუნა გოგორიშვილის, მიხეილ მაჭავარიანის, პალიკო კუბლაშვილის, ცრემლებამდე აღშოფთებული გოკა გაბაშვილის, კასტეტიანი „რაინდის“ პეტო ცისკარიშვილის, ყველაფრის გამპრავებელი ტუტუცის თეა თუთბერიძის, ტალანტი ურნალისტის – თამარა ჩერგოლეიშვილის,  „უმანკოდ თვალებგაფართოებული“ ჩიორა თაქთაქიშვილის და მათი მთავარი ყალბისმქნელი სარდლის – მიხეილ სააკაშვილის მრავალწლიანი „მოღვაწეობის“ ნაყოფი!

არ მჯერა თქვენი, თქვე ოღრაშებო!

რამდენი დაგვიჯერებია, იმდენი მოგიტყუებივართ! რამდენჯერ არ დავიჯერე, იმდენჯერ ზუსტად მართალი აღმოვჩნდი, თქვე სუპერსიაფანდებო!

მაგრამ არის კიდევ ერთი მტკიცებულება, რაც უფლებას მაძლევს ვამტკიცო, რომ ყველა ჩემი ეჭვი საფუძვლიანი და ლეგიტიმურია! – თქვენს მიერ უკვე გამოჩენილ ოქმებში ძალიან საინტერესოა, რომ ერთსადაიმავე უბანზე ხშირად ორ-ორი ბეჭედი ფიქსირდება, რაც კანონით დაუშვებელია! ეს ორი ბეჭედი სპეციალურად იმისთვისაა, რომ მერე ერთი – რომელიც საუბნო კომისიის ორიგინალურ ოქმებზე იქნება, ყალბად გამოაცხადოთ, ხოლო მეორე, რომელიც თქვენს მიერ ღამით შეთითხნილ ოქმებს დაამშვენებს  – სწორუპოვრად და ლეგიტიმურად!

ძალიან ბევრ რამეზე კი გიფიქრიათ, ჩვენი სიყალბის გაუსებო და მიკი მაუსებო!

მაგრამ როგორც იტყვიან – и мы тоже не лыком шиты! – თქვენი გაკვეთილების წყალობით, ჩვენო „განმანათლებლებო“!

მიხეილ სააკაშვილის ღამეული გამოჩენა და „აღიარება“ სინამდვილეში მხოლოდ იმის აღიარება იყო, რომ მან ისე ვერ გაიმარჯვა, როგორც უნდოდა – 70%-ით!, თორემ ეს არ იყო დამარცხების აღიარება. ამ ფლიდობის გროსმეისტერს, ხვლიკის არ იყოს, კუდის შეტოვების ფანტასტიური უნარი აქვს! და ყველაზე დიდი შეცდომა, რაც არაერთხელ მომსვლია, არის ის, თუ ან მისი ნიანგის ცრემლების გამო შემცოდებია ან როდესმე დროზე ადრე ჩამითვლია, რომ წააგო და ამას შეეგუა!

ახლა ნაცმოძრაობის ტაქტიკა ძალიან აშკარაა:

1)      ყველანაირად ცდილობენ, რომ დღეს საღამოს ეუთოს მიერ დანიშნულ წინასწარი ანგარიშის გამოქვეყნებამდე კრავებად და ანგელოზებად მოგვაჩვენონ თავი! მათიუ მთავარი ამოცანა ახლა ისაა, რომ ეუთოს ODIHR-მა და სხვა ავტორიტეტულმა ორგანიზაციებმა დაწერონ, რომ „არჩევნები, მიუხედავად   მრავალი გადაცდომისა და დარღვევისა, მთლიანობაში შეესაბამებოდა დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნების სტანდარტებს!“ თუ ამ დასკვნას მოიპოვებენ, რასაც წინასწარი განცხადებით აშშ ადმინისტრაციაც უცვლელად გაიზიარებს, მერე ნაცმოძელ ყალბისმქნელებს რამდენიმეთვიანი ვადა ექნება, სანამ საბოლოო დასკვნა დაიდება და ამ რამდენიმე თვეში ისინი მრავალ საზიზღრობებს მოაწყობენ, განსაკუთრებით ხმის დათვლაში და თუ საჭირო გახდა – განმეორებით არჩევნებში (მაგალითად, ხაშურის ოლქში, სადაც მიშას ტაქტიკამ უმტყუნა, გელაშვილის მიმართ ბოღმა ვერ მოთოკა და თავისი აფთრის სიფათი სრულად გამოავლინა!)

2)      ზემოთხსენებული გამო დღეს საღამომდე, ხარატიშვილის კომისია ეცდება, რომ ყველა იმ უბნის პირველად დათვლით, სადაც ნაცმოს უპირატესობა აქვს, მართალია შეინარჩუნოს ქართული ოცნების 50%-ზე მეტი მაჩვენებელი, მაგრამ სულ უფრო მიუახლოვოს 50%-ს ნაცმოს ციფრი. ნახეთ როგორ იცვლება დინამიკა, როგორ თანდათან მცირდება სხვაობა ქართულ ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობას შორის – 56-39(17%), 57-41(16%), 54-42(12%), 53.3-41.6(11.7%)-ზე!

3)      ამავდროულად ხდება მასიური გაყალბება ყველა იმ უბნის პირველად დოკუმენტაციაში, სადაც ნაცმოძელებს იმედი აქვთ, რომ გაყალბება გაუვათ! არ დაგავიწყდეთ, რომ ისინი მარტო არ არიან, მათთან ერთად იბრძვიან ნამუსგარეცხილი და საბოლოოდ ლუსტრირებული ლეიბორისტები, მემარჯვენეები და ქრისტიან-დემოკრატები! მათ ვერ მოახერხეს ბარიერის გადალახვა და ახლა, როგორც ჭეშმარიტი კოლაბორაციონისტები, საკუთარ მეტ-ნაკლებად „უზრუნველ“ მომავალს ისევ ნაცმოს გამარჯვებაში ხედავენ! ქრისტიან-დემოკრატებს ჯერ კიდე არ დაუკარგავთ იმედი, რომპატარკაციშვილის გაყიდვის და „იმედის“ ჩაბარების ღვაწლს მიშა არ დაუკარგავთ და ბოლო მომენტში სანუკვარ 5%-მდე აქაჩავს ხარატიშვილი! ეს მართლაც არაა გამორიცხული, თუ ნაციონალების მიმართ კრიტიკა და გამოსვლები სერიოზულად დაემუქრება არჩევნების გაყალბების მათეულ სქემას და ისინი, საკუთარ უცოდველობას ქდმ-ს უეცრად მაღალი პროცენტით ახსნიან!

4)      თუ დღეს ეუთოს სადამკვირვებლო მისია (სხვები არ ვიცი, რას იზამენ, სავარაუდოდ IRI ასევე მიშასთვის მისაღებ დასკვნას დადებს, NDI – არა მგონია!) დღეს იმ დასკვნას დადებს, რაც მიშას მანქურთებს ხელებს გაუხსნის – ტერორი ახალი ძალით არის მოსალოდნელი! ხაშური მერე შეიძლება ყველგან განმეორდეს!

5)      დააკვირდით ყველა იმ უბნებს, სადაც ეგზიტპოლით „ქართული ოცნება“ შთამბეჭდავად იგებდა: ყველგან იდება მხოლოდ რამდენიმე უბანი (თუმცა პრობლემა არ იყო, უკვე მთელი ოლქიც დაედოთ იქ, სადაც მოსახლეობა მცირერიცხვოვანია!), რომელშიც ეგზიტპოლის შედეგების გაბათილებას ცდილობენ – მარტვილში მურთაზ ხურცილავა, რომელსაც ეგზიტპოლში 82%-მდე ჰქონდა, თურმე აგებს 20 წლიან მარადიულ მაჟორიტარ, კორუფციის სიმბოლო ნაული ჯანაშიასთან! აღარაფერს ვამბობ ირაკლი ალასანიას სულ უფრო გაუარესებულ მაჩვენებელზე ახალაიების ბანდის მთავარ სათარეშოში! არსებობს მინიმიუმ ერთი საუბნო ოქმი ზუგდიდში, სადაც გაყალბება აშკარაა: უბანზე ალასანიას აქვს მიღებული 83 ხმა, ხოლო როლანდ ახალაიას – მხოლოდ 15, რომელსაც მერე წინ, უკვე გადახაზულ უჯრაში მსხვილად მიწერილი 3-იანი 315-ად აქცევს!

განსაკუთრებული წნეხი მიდის გარდაბნის ოლქზე (სადაც მამუკა არეშიძის დაძირვის ბრძანება აქვს ხარატიშვილს, რადგან არეშიძემ ლაფანყურის შემზარავი დანაშაულის დეტალები ძალიან კარგად გაშიფრა!), ახმეტაში ( სადაც ცისკარიშვილისთვი ზვიადაურთან წაგება, ნაცმოს აზრით – არ უნდა დაუშვან), თეთრიწყარო (სადაც ბეჟუაშვილის დახარჯულმა ფულებმა მართლაც გამოიღო რაღაც შედეგი, მაგრამ თუ სამართლიანობა იზეიმებს, მან უნდა წააგოს), ტყიბულზე, სადაც პალიკო კუბლაშვილის გადასარჩენად ყველა ღონეს იხმარს ნაცმოძრაობა, წყალტუბო, სადაც წარმოუდგენლად განსხვავებული ციფრებია წარმოდგენილი ცესკოდან, რომ ნაცმოძრაობის ძველმა ბიჭმა კაკოია ბობოხიძემ პაატა ზაქარეიშვილს მოუგოს, რომელსაც ხელისუფლება ორგანულად ვერ იტანს აფხაზეთის საკითხში ხელისუფლების მრავალი უსინდისობის გამოაშკარავების გამო, ჩხოროწყუ – ლევან იზორიას მიმართ შსს-ს განსაკუთრებული აქტივობა ახასიათებს…

მოკლედ, მგონი, ნაადრევი იყო ის ზეიმი! ახლა საჭიროა თითოეული გაყალბებული ოქმის იურიდიულად დასაბუთება! საჭიროა იმ ფოტოგადაღებების შედარება იმასთან რამდენი ხმაა იმ უბანზე დაფიქსირებული, საჭიროა ართოდ გაპიარებული ფეისკონტროლის კომპიტერული პროგრამის მიერ რაიმე რეალური და კარუსელის დადასტურება, დაბოლოს საჭიროა ქუჩაში გამოსვლა და პროტესტი!

თუ ის ტენდენცია და მაჟორიტარების ის ხმები, რაც ახლა იდება და სულ უფრო ძლიერდება ნაცმოძრაობის სასარგებლოდ, შენარჩუნდება, მაშინ გამოვა, რომ ქართულ ოცნებას არამცთუ 2/3, არამედ უბრალო უმრავლესობაც კი ვერ ექნება პარლამენტში და მხოლოდ 65-70 მანდატს თუ მიიღებს, ანუ ნაცმოძრაობა უფრო ახლოს შეიძლება იყოს 2/3-დან 80-85 ხმით!

და თუ ვინმეს ზურაბ ჟვანიას სიკვდილის მასალები აქვს, სისულელე იყო მოცდა და ყოყმანი! უნდა გვეჩვენებინა, რომ კიდევ უფრო მეტ ადამიანს ცოდნოდა, რასთან და ვისთან აქვთ საქმე! და სისულელე იყო თვალის დახუჭვა იმ ასობით ნაცკოორდინატორის მიმართ, რომლებიც მთელი დღე აქტიურად აშინბდნენ უბანზე ძალით მოჰყავთა დაშინებული ამომრჩევლები! საჭირო იყო თითოეული მათგანის დაფიქსირება, და არჩევნების პორტალზე ამ იუდების სურათების დადება, სწორედ მათი წყალობით შეიძლება ქართველი ხალხი ისევ მოტყუებული დარჩეს!

მიხეილ სააკაშვილმა დაადასტურა კუჭის კანონი –  ისევ ის ბითური და მამაძაღლია, როგორიც იყო!

და ასევე დაგვიდასტურა ჯოკერის კანონი – გასახიშტი უნდა გაიხიშტოს და შესატენს უნდა შეეტენოს! A la guerre com a la guerre!

როდესაც შენს ათასობით დამკვირვებელს მისთვის ოფიციალურად გაცემულ ბეჯს სპეციალურად არ აძლევენ, როცა უბნებზე დაკვირვების საშუალება და გადაღება შეზღუდულია, როცა დამკვირვებელ ქალბატონს ბეისბოლის ბიტით ფეხებს უმტვრევენ, როცა ათობით მანქურთი 9 შვილის მამას – დამკვირვებელ მღვდელს ურტყამს, როცა სპეცნაზი ყუთებს იპარავს, და რეზინის ტყვიებს ესვრის მოსახლეობას, როცა მამაოს მშვიდობიანი პროტესტისათვის იარაღს ადებენ, და როცა არჩევნების წინა პერიოდში დარღვევის და უთანაბრობის ათასობით ფაქტია დაფიქსირებული, როცა მთავარ კონკურენტს მოქალაქეობა წაართვეს და არ მისცეს, როცა მილიონობით ლარი უკანონოდ წაგლიჯეს და თავისი ბინძური კამპანია აფინანსეს, როცა ათასობით ადამიანს უკანონოდ და პოლიტიკური საფუძვლით ყადაღა დაადეს, როცა იმ ციხის ვიდეოებით გვანახეს, რა გველოდება, თუ მათი ნების და სურვილის წინააღმდეგ წავალთ, როცა ლაფანყურში სისხლიანი ტრაგედია მოაწყვეს, როცა მილიონზე მეტ სამშობლოდან წასდულ ადამიანს ფაქტიურად მოქალაქეობა აჰყარეს და უუფლებოდ დატოვეს, როცა ძალადობდნენ ქალებზე და ბავშვებზე, როცა იგონებდნენ აბსურდულ ფაბრიკაციებს, როცა ხან რუსის დამქაშები ვიყავით თურმე და ხან –  კანონიერი ქურდების ნატრულნი, როცა არცერთი ბანერი არ გვაღირსეს, როცა მხოლოდ 60 დღით დაუშვეს თავისუფალი მედია, რომ ისევ გებელსის პროპაგანდაში და გაფერადებულ “ცხოველების ფერმაში” შეგვაბრუნონ ისვე, როცა ადამიანები დაიჭირეს და დააშინეს სატელიტური თეფშების დამონტაჟების გამო, როცა ურნალისტების გარდა – ურნალისტების ზონდერბრიგადებიც შექმნეს, როცა ყველაფერი იკადრეს, რაც საქართველოში არასდროს არავის უკადრია – არ შეიძლება! არ შეიძლება ადამიანის სახის მქონე ამ ცოცხიან სადისტებს ეს “გამარჯვება”  გავუპრავოთ და შევარჩინოთ!

თუ არ გინდათ, რომ ხალხის ენთუზიაზმი ნიჰილიზმად იქცეს (უკვე მერამდენედ) – ეს პირველი დღიდან ბოლო წუთამდე გაყალბებული არჩევნები ქართველი ხალხის საზიზღარ მტერს – ერთიან ნაციონალურ მოძრაობას – არ უნდა მოვაგებინოთ!

ხომ ვიცით, რომ ეს უბრალოდ წაგება კი არ იქნება, არამედ მიხეილ სააკაშვილის სამუდამო გაპრემიერება!

ხომ ვიცით, როგორ სისხლში ჩაგვახრჩობს ეს მოლოქი, რომელსაც აქამდეც არ აკლდა ჩვენი სისხლი! როგორ დაანგრევს საქართველოსაც და ქართულ ოცნებასაც!

ბატონო ბიძინა, ველით თქვენს გადაწყვეტილებას!


საქართველოს სკანდალური საარჩევნო კამპანია (დევიდ იგნატიუსის სტატია The Washington Post-ში)


საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მთავრობა, დიდი ხნის განმავლობაში ამერიკელი კონსერვატორების  ფავორიტი ფერადი რევოლუციების ჩემპიონობის მიზეზით, ამჟამად  ცეცხლის ქვეშ არის მოქცეული საკუთარი შიდა ოპოზიციური მოძრაობის სავარაუდო ჩახშობის გამო. იმ მოძრაობისა, რომელსაც სათავეში უდგას მილიარდერი ბიზნესმენი.

სააკაშვილი შერაცხულ იქნა რეფორმატორად მას შემდეგ, რაც  ვარდების რევოლუციის შედეგად საქართველოს პრეზიდენტი გახდა 2004 წელს, და მამაცურად დაუპირისპირდა რეგიონში რუსეთის ჰეგემონიას. მაგრამ მან ასევე აჩვენა საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებითი შეფასების მცდარი მაგალითი, როდესაც გადადგა უგუნური სამხედრო ნაბიჯები, რითაც რუსეთს საბაბი მისცა, რომ 2008 წელს საქართველოში შემოჭრილიყო. ახლა კრიტიკოსები ბრალად უყენებენ სააკაშვილს, რომ მისი მთავრობა ზედმეტი აღტყინებით იბრძვის, როცა უკვე შიდა არენაზე პოლიტიკურ ოპონენტებს უპირისპირდება.

სააკაშვილის კონკურენტია მდიდარი ბიზნესმენი  ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც თავისი სიმდიდრე რუსეთში დააგროვა, ხოლო სამშობლოში დაბრუნების შემდეგ შექმნა ოპოზიციური პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება“. ივანიშვილის მომხრეები აცხადებენ ხელისუფლების მიერ რეპრესიული ნაბიჯების მთელი სერიის შესახებ, მათ შორის კომპიუტერული კიბერშეტევის შესახებ, რომელაც მოიცვა არა მარტო „ქართული ოცნების“ ადგილობრივი აქტივისტები, არამედ ამერიკელი იურისტები, ლობისტები და უსაფრთხოების მრჩეველები, რომლებიც „ქართული ოცნებისათვის“ მუშაობენ.

კიბერშეტევის შესახებ აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური პირები საქმის კურსში ჩააყენა  2012 წ. 7 სექტემბერს თედო ჯაფარიძემ, საქართველოს ყოფილმა ელჩმა ვაშინგტონში და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი გუნდის სხვა წევრებმა. ჯაფარიძემ ბრალი დასდო საქართველოს ხელისუფლებას, რომელმაც „საარჩევნო კამპანია გადააქცია ომად ‘სახელმწიფოსა’და ‘სახელმწიფოს მტრებს’ შორის“.

ქართულ პოლიტიკურ ბრძოლას საკმაოდ ახსოვს ბინძური ხრიკებში ბრალდებები ორივე მხარის მხრიდან, მაგრამ კიბერშეტევის გამოყენებამ ეს ბრძოლა ახალ, გაცილებით მაღალ [კიბერტერორიზმის!] საფეხურზე აიყვანა. ივანიშვილის მომხრეების მიხედვით, სპეციალისტებმა და გამომძიებლებმა იპოვეს 66 ტიპის ვირუსი და სპამი ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და მრჩეველთა მიერ გამოყენებულ 5 კომპიუტერში. აქედან კი ვირუსები მოდებული იყო დაახლოებით 50 სხვა კომპიუტერზე.

ვირუსული პროგრამები საკმაოდ ჭკვიანურად იყო მოფიქრებული: მათ შეეძლოთ ჩაერთოთ კომპიუტერის კამერა და მიკროფონები, და მოეხდინათ ეკრანიდან „სკრინშოტების“ ჩაწერა ყოველ 10 წამში, რაც საშუალებას იძლეოდა ჩაწერილიყო მნიშვნელოვანი გასაღებები და კოდური სიტყვები, განუცხადეს სახელმწიფო დეპარტამენტს.  მაგალითად, ერთი ასეთი „ეკრანის ჩაჭერა“, რაც მე ვნახე, აფიქსირებდა ივანიშვილის საბანკო ინვოისს „ნეშენალ სტრატეგიზ“ კომპანიისადმი, რომელიც ვაშინგტონში არსებული უსაფრთხოების მრჩეველთა ფირმაა. მეორე იყო ივანიშვილის მიმართ ვაშინგტონშივე არსებული კომპანია „პატტონ ბოგზის“ ადვოკატის მესიჯი. ეს ფირმა ივანიშვილის ლობისტური საქმიანობის წარმართველი კომპანიაა.

კიბერშეტევა აშკარად გასცდა თავიდან დაინფიცირებულ ინდივიდუალურ კომპიუტერებს: ჯაფარიძის გუნდმა განაცხადა, რომ გამომძიებლებმა აღმოაჩინეს მოწყობილობები, რომლებსაც შეუძლიათ მონაცემების დაფიქსირება და გადაცემა, ასევე ვირუსების გავრცელება, და ეს მოწყობილობები იყო დაინსტალირებული რამდენიმე ქართულ ინტერნეტ-პროვაიდერის აპარატურაში. როგორც ქართულმა ოპოზიციურმა მოძრაობამ განაცხადა, ასეთი მაღალი დონის მოწყობილობის და მათი ასეთ წერტილებში გამოყენება იმის მტკიცებულებაა, რომ სწორედ „სახელმწიფო უშიშროების და დაზვერვის სამსახურები ახორციელებდნენ პოლიტიკური ოპოზიციის თვალთვალის ოპერაციას“, ნათქვამია შეხვედრის ამსახველ დოკუმენტში.

ეს ახალი დოკუმენტები კიდევ უფრო ამძიმებს მომდევნო თვეში საპარლამენტო არჩევნების შესახებ ურთიერთბრალდებების ისედაც საკმაოდ სქელ საქაღალდეს. აგვისტოში ევროპის საბჭომ გააკეთა განცხადება, რომლითაც გააკრიტიკა მთავრობის მიერ საარჩევნო პროცესისთვის შეგროვილი შემოწირულობების ჩამორთმევის კამპანია, როგორც “იარაღი, რათა გაანადგუროს დემოკრატიული ოპოზიცია, და რომლის ძირითადი სამიზნე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებია.” და თომას მელიამ, სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ადამიანის უფლებათა საკითხებში, ასევე აღნიშნა გასულ კვირას “ბოლო თვეებში სხვადასხვა ტიპის მრავალი ხარვეზი”, თუმცა განაცხადა, რომ შეერთებული შტატებს ჯერ კიდევ მიაჩნია, რომ „საქართველოში კონკურენტული კამპანია გრძელდება“.

წყარო: http://www.washingtonpost.com/opinions/david-ignatius-georgias-rowdy-election-campaign/2012/09/19/596ef5ac-01b0-11e2-b257-e1c2b3548a4a_story.html

გამოქვეყნდა: 20 სექტემბერი, 2012 – The Washington Post


ფარისეველ მტრედთა ღუღუნი


რა არის ხელისუფლება სამართლის გარეშე, თუ არა ავაზაკთა ბანდა?

(ნეტარი ავგუსტინე)

საქართველოს პრეზიდენტმა ბაგრატის ტაძრის გახსნაში მიიღო მონაწილეობა და ყველა ქართველის და ყველა ქართული ძალის გაერთიანებაზე გულისამაჩუყებლად ილაპარაკა!

მან დიდი მადლობა უძღვნა პატრიარქს მისი საქმიანობისათვის!

მან დიდი მადლობა მიიღო პატრიარქისაგან მისი საქმიანობისთვის!

საქართველოს პატრიარქმა პრეზიდენტის სახელით ბაგრატის ტაძრის კურთხევაში მონაწილე პოლიტიკოსები და საზოგადოების წარმომადგენლები ბანკეტზე მიიწვია!

სავარაუდოდ, სუფრას სწორედ საქართველოს აღორძინების და გაერთიანების სიმბოლოს – ბაგრატის ტაძრის – აღმშენებელი, და საქართველოს აღორძინების და გაერთიანების შემოქმედად თავის ჩამთვლელი, დემოკრატიის შუქურა, მესიის მახვილი, წმინდა ქართული ტრადიციების დამცველი, და ქართული კულტურის, მევენახეობის, არქიტექტურის, ცეკვის, ოპერის, განათლების, საბრძოლო სტრატეგიისა და ეროვნულობის სიმბოლო – მიხეილ (დაღმაშენებელ) სააკაშვილი წარუძღვება!

ითამადებს ბატონი მიხეილი, ისე, როგორც მას ჩვევია – ქართული ღვინით სავსე ყანწებს და სიბრძნით სავსე სადღეგრძელოებს მარგალიტებად ჩაურთავს გალაკტიონ კალანდაძის და შოთა ორბელიანის ლექსებს, მუხრან მაჭავარიანსაც (ბრანდსპოიტისწყაროდანაპირებს) წაიკითხავს ცრემლმორეული და კაკალაშვილის ღვთიურ სტროფებსაც მიაშველებს; გაიხსენებს რუსთაველის გმირებს, რომლებიც ისევე ებრძოდნენ რაბათის ციხის ახლოს მუმიებსა და მღრღნელებს, როგორც იგი ებრძვის; ილაპარაკებს კლასობრივი ბრძოლის ტრიუმფით დასრულებაზე და უკანასკნელი კლასობრივი მტრის  სისხლის ბოლო წვეთის დალევის დამამშვიდებელ აპოთეოზზე… აქა-იქ წაიღიღინებს „ჩაკრულოსა“ და „გაფრინდი შავო მერცხალოს“, და ყველაფერ ამის კეთებისას ხშირ-ხშირად პირჯვარს გადაიწერს ღვთისმოშიში და თავმდაბალი, ღრუბელ-ღრუბელ მალვით ფრენით ქართველი ხალხის მეოხი და მსახური, ქართველი ხალხისთვის პრომეთეულად – ამირანი და ათათურქივით – დ.აღმაშენებელი (ან – აზიზიე, განა მისთვის სულერთი არ არის?!)…

ხოლო მისი ერთგული რაზმი, მისებრ ვაშა-კაცნი და ქართველი ხალხის სარგებელზე ფიქრში დამაშვრალნი, ლამის გადამწვარნი და გაღლეტილნი, მისი უპოვარნი და მარადუსახლკარონი – ვანო და ზურა, გიგი და გიგა, ბოცო და პალიკო, ნიკა და გოკა, კეზერა და ბენდუ, ბაჩო და დათა (და მამაო როლანდ), ჩიორა და ხათუნები… – მისი ლეგიონი მოკლედ – იქვე იქნებიან,  ქვეყანაზე ფიქრებით გაცისკროვნებულნი და მშვიდობაზე ღუღუნით ჩამტრედებულნი, ხოლო – შიგადაშიგ – საკუთარი  სულის გადარჩენაზე და ქართველი ხალხის სარგებელზე ქვაზე თავისრტყმევით მლოცველნი (განსაკუთრებით – რუსუდან ეფემია კერვალიშვილი, ქართველი ხალხის დედა და ათასთაგან დედახსენებული და ხაჭომირთმეული)…

და იქვე იდგებიან მიხეილ სააკაშვილის საგარეოდ მტერნი პოლიტიკურნი და საშინაოდ კი – იდუმალნი ძმანი იდეურნი – ყასიდად მოკრიტიკე ქდმ-ელები და ედპ-ელები, ყასიდად მაგინებელნი ლეიბორისტები და პადოშისტები და სხვაი ძუძუით მარადმლოცველები,  მაია სერგოევნა ორჯონიკიძიდან – თამარა ტაბულევნა ჩერგოლეიშვილამდე, ქეთა ბენზინმზიდ გაბიანიდან – კარდუ მუტრუკ-ნასარიძემდე თუ – მიშა ვოდკინ-თავხელიძემდე…

და შიგადაშიგ, უკიდურესი აღელვებისა ჟამს, როცა კულტურული ოჯახიდან გამოსული მინისტრი სუფრაზე ტარიელისა და ნესტან-დარეჯანის სიყვარულს გაიხსენებს, ან როცა ოპერის უპირველესი მეგობარი და ლატარიის კარუზო კეზერაშვილი კავარადოსის არიას ქვითინში ჩაასრულებს, ან როცა აშუღი კობა ხაბაზი ხოსროვ-შირინის სტროფებს ჩააბულბულებს, წარმოდგება მეფის სავარძლიდან კავკასიის ლომი და მშვიდობის მტრედი, მიეახლება უკნიდან თავის თინათინ-სანდრას და თმაზე ნაზად ეამბორება ისე, როგორც ჭეშმარიტნი რაინდნი ეამბორებიან ხოლმე უკიდურესი ტრფობის სიწმინდეს…

და ერს კურცხლი მოსწყდება მაშინ… სათნოების და მთრთოლვარე კდემამოსილების კურცხლი – ხომ ყველამ იცის ჩვენი მთავარსარდალ კურდღლისტყაოსნის გარდარეული სიყვარულისა და უსაზღვრო ერთგულების ამბავი…

და იდგებიან იქვე მღვდელმთავარნი. და მათ შორის – კუდისგან ხელდასმულნი თუ შენარჩუნებულნი – გაენათელი კალისტრატე მიშთაყვანისმცემელი, ფოთელი გრიგოლ ჟურნალისტთმცემელი და შემოქმედელი იოსებ ოპოზიციამწყევლელი, სანატრელი იმპერატორის ახლოს ყოფნით ახურვებულნი და ნეტარების ოფლდასხმულნი…

ხოლო ბოლოს კი ყველანი ერთად, ბაგრატის ტაძრის საოცრებაში – ლიფტში შეილალებიან და და ზედა პლატფორმიდან მათ მიერ გახსნილი ახალი ქუთაისის ხილვისას უფლისა და ტექნიკური პროგრესის ერთობას დალოცავენ განსხვავებულით (შეიძლება სულაც – რომელიმე ცელქი და მდგრადი მინისტრის, ან მინისტრის მოადგილის იტალიური ფეხსაცმლით).

==================================================================

ხდება ხოლმე, ის კი არადა, – ლამის ყოველთვის არის რაღაც მცირე ცუდიც, როცა დიდი კარგი ამბავი ხდება…

მაგრამ როცა ამდენი სიყალბეა კარგ ამბავში ჩაქსოვილი, როცა სიწმინდეს უკეთურები მოასხდებიან ქედზე და როცა ეკლესიას ზარს ქვეყნის დამანგრეველი და ხალხის უბედურებით გაბრწყინებული მედროვე ადგამს, რაღაც ძალიან ცუდი სუნი ასდის ამ ამბავს. აი, ისეთი სიდამპლის სუნი, როგორც ჰამლეტის ეპოქაში – დანიას… და რაზეც ასე დიდებულად თქვა გენიოსმა პოეტმა:

რადგან მათხოვრად გადაიქცა ახლა ღირსება,
რადგან არარამ შეიფერა ძვირფასი ფარჩა,
რადგან სიცრუე ერთგულების გახდა თვისება,
რადგან უღირსებს უსამართლოდ დაადგეს დაფნა,
რადგან მრუშობით შელახულა უმანკოება,
რადგან დიდებას სამარცხვინოდ უთხრიან საფლავს,
რადგან ძლიერი დაიმონა კოჭლმა დროებამ.
რადგან უწმინდეს ხელოვნებას ასობენ ლახვარს,
რადგან უვიცი და რეგვენი ბრძენობს ადვილად,
რადგან სიმართლე სისულელედ ითვლება ახლა,
რადგან სიკეთე ბოროტების ტყვედ ჩავარდნილა…

ასე დაღლილი ამ ქვეყნიდან გაქცევას ვარჩევ,
მაგრამ არ მინდა, ჩემი სატრფო ობლად რომ დარჩეს.

===================================================================

და ამიტომ, სანამ ეს მტრედთა ღუღუნი თქვენშიც აღძრავს  საყოველთაო იდილიის მონატრებული ხატების მოახლოებულ მოლოდინს, ზოგი რამ მინდა შეგახსენოთ:

სწორედ იმ დროს, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ერთობაზე და ერთიანობაზე ლაპარაკობს, და იმაზე, რაც თურმე “ყველა ქართველს გვაერთიანებს”, – საქართველოს ციხეებში 115 პოლიტპატიმრიდან დიდი უმეტესობა ისევ რჩება, სულ კი საქართველოს ციხეებში 32,000 პატიმარია, 72,000 კაცს ახეული აქვს ქონება საპროცესო შეთანხმებით, თითქმის 150,000 პრობაციონერია და ყველა ამ ადამიანის ახლობლებს სწორედ ეს ფარისევლურად მოღუღუნე მტრედები სწორედ ახლა  ოჯახებში კუდის და სოდის მანქურთებს უგზავნიან დასაშინებლად და არჩევნების გასაყალბებლად!

სწორედ იმ დროს, როცა მიხეილ სააკაშვილი ბაგრატის აღმშენებლობაზე ლაპარაკობს, მისი ხაზინადარები სიხარულით ითვლიან იმ მრავალ მილიონს, რაც ბაგრატის მშენებლობაზე „გააპრავეს“ და ახლა „ატკატებით“ უკან დაუბრუნდათ! ყოველი 500 ეკლესია-მონასტრის მშენებლობა თუ აღდგენა საქართველოში, რაც ბიძინა ივანიშვილმა დააფინანსა – იყო საჩუქარი საქართველოსა და საქართველოს მოსახლეობისათვის, (და ბიძინა ივანიშვილი იქ მედიდურად არ გამოჩენილა გახსნისას და ამპარტავნულად თავად არ ყოფილა გახსნის ცერემონმაისტერი, რადგან უფლის სახლში უფლის მსახური უნდა იყოს მასპინძელი), ხოლო ყოველი ის მშენებლობა, რასაც მიხეილ სააკაშვილი აფინანსებს, არის ქართველი ხალხის ჯიბიდან ამოღებული 2-ჯერ და 3-ჯერ მეტი ფულიც კი, ვიდრე სინამდვილეში რეალური ხარჯთაღრიცხვისას ეს მშენებლობები დაჯდებოდა. თქვენ როგორ გგონიათ, რატომ არიან გაჩუმებულნი ბოკერია, ჩერგოლეიშვილი, ლევან რამიშვილი, თეა თუთბერიძე და სხვა ეკლესიაზე მწყრალად მყოფნი ნაცმოძრაობის იდეოლოგები? იმიტომ, რომ ბაგრატიდან, ფოთის ტაძრიდან და სხვა მშენებლობებიდან მოტეხილი ფულის ნაწილი მერე სწორედ მათ ჯიბეებშიც და მათ “პროჯექტებშიც” გადანაწილდება, ხოლო  დარჩენილი ნაწილით ბუდა ბარები და „შანგრი-ლა“ კაზინოები შენდება!

სწორედ იმ დროს, როცა მოყვასის სიყვარულზე და საერთო ქართულ საქმეზე ხმაათრთოლებული ლაპარაკობდა (ზოგადადს კი კლასობრივი მტრების და მუმიების განადგურების მსურველი) პრეზიდენტი, ბაჩო ახალაია და ვანო მერაბიშვილი დისლოკაციის ადგილებზე აგზავნიან ზონდერბრიგადებს და სპეცნაზს, რომელთაც არაფერს ეუბნებიან საერთო ქართულ საქმეზე და მოყვასის სიყვარულზე. სულაც – პირიქით, ჩვენს სისხლზე გეშავენ.

სწორედ იმ დროს, როცა პატიოსნებაზე, სიმართლეზე და სამართალზე ენას იქაფებენ ნაცმოძრაობის კდემამოსილი და ხელში სანთელანთებული ლიდერები, ზურაბ ხარატიშვილი მიხეილ მაჭავარიანთან და ხათუნა გოგორიშვილთან ერთად სახავს არჩევნების გაყალბების ნატიფ სქემებს, ხოლო ლუის ნავაროს მიერ დაქირავებული კავკასიის რესურს ცენტრის თანამშრომლები გაყალბებულ ველში გაყალბებული სოციოლოგიური კვლევის ფორთოხლებს კრეფენ, რომ ყოველგვარი პატიოსნების, სიმართლის და სამართლის გარეშე მოგვახალონ მიშასთვის სასურველი პროცენტები.

სწორედ იმ დროს, როდესაც მიხეილ სააკაშვილი “საქართველოს სიყვარულით გულანთებულის” როლს თამაშობს, მას და მის სატრაპებს უკვე გადაწყვეტილი აქვთ, რომ თუ არჩევნებს მოიგებენ, საქართველოს კიდევ რომელ კუთხეში რას გაყიდიან, რომელ სამუზეუმო ექსპონატს, რომელ ტყეს თუ მდინარეს, თუ სულაც რომელ რეგიონში რამდენი კილომეტრით გადმოსწევენ უკან საზღვარს, როგორ აჩუქებენ საქართველოს კულტურის ძეგლებს ჩვენს მეზობლებს რამდენიმე მილიარდის ფასად, რომელსაც მერე თავიანთ ბოზებს და მანქურთებს დაახარჯავენ, რამდენ თანამოქალაქეს მოახვედრებენ საბანკო კრედიტის დაუნდობელ ბრჭყალებში, რამდენ ადამიანს ჩაუდებენ ნარკოტიკს ან შეუსევენ საგადასახადო პოლიციას, რომ საპროცესო შეთანხმებით მათაც ტყავი გააძრონ და მათი ბიზნესი თუ სახლკარი ხელში ჩაიგდონ, საქართველოს რამდენ მოქალაქეს აიძულებენ ლტოლვილად იქცეს და მათ მაგიერ რამდენ უცხოელს ჩამოასახლებენ – საქართველოს ადგილზე სინგაპურის ასაშენებლად!

ნაციონალური მოძრაობა და მისი უსინდისო ფარისველი ნერონი არის ქართველი ხალხის სახადი, რომელიც 2012 წ. 1 ოქტომბერს უნდა საბოლოოდ მოვიშოროთ! წინააღმდეგ შემთხვევაში, სწორედ ისინი, ვინც ახლა ძმობას და ერთობას გვთავაზობენ, მაშინვე გადააგდებენ ცხვრის ტყავებს და თავის მგლის ხელობას გვაჩვენებენ ისევ და უფრო უარესადაც ვიდრე აქამდე.

ჩვენ, ესენი, კარგად ვიცით, ვინც არიან!

ჩვენ კარგად ვიცით, მათ სიტყვებს, დაპირებებს, და ვითომ ხალხისთვის შეპირებულ “სარგებელს” სინამდვილეში რა ფასი აქვს!

ჩვენ კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ის ხალხია,  ვისაც ჩვენზე 70 წლით ბატონობის გეგმები აქვს!

ჩვენ კარგად უნდა გვახსოვდეს, რა უყვეს მათ სანდრო გირგვლიანს, ბუტა რობაქიძეს, გიორგი გამცემლიძეს და სხვა უდანაშაულოდ დახოცილ ახალგაზრდებს! რა უყვეს მათ ლტოლვილებს!  ქართველ ჯარისკაცებს და ოფიცრებს! ბინათმშენებლობაში მოტყუებულებს! ომის წინ კრედიტის ამღებ და გაკოტრებულ ბიზნესმენებს! გარემოვაჭრეებს!უნივერსიტეტის პედაგოგებს! სწავლის ფულის ვერგადამხდელ სტუდენტებს! ლოპოტის ხეობაში ჩახოცილ მოტყუებულ ქისტებს და ჩეჩნებს! სამარშრუტე ტაქსის მძღოლებს! გაფიცულ მეტალურგებს! წეროვნის დასახლების მაცხოვრებლებს! სახელმწიფო მშენებლობაზე დასაქმებულ მუშებს!.. – არ არის ფენა და საზოგადოების ნაწილი, რომელიც ამ ხელისუფლებამ არ გადაგდო, არ გაყიდა, არ უყალატა, არ მოატყუა და არ დაჩაგრა!

ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, რამდენად გვინდა, რომ მომავალი 4 წელი ყოველ ოჯახზე 1000 ლარიანი ვაუჩერის, (ანუ თვეში 20 ლარის, ხოლო დღეში თითო სულზე – 23 თეთრის!) ფასად მივეყიდოთ იმ ადამიანებს, რომელთაც ჩვენი დამონება სწადიათ!

ამ ხალხმა არჩევნების უფლება წაართვა საზღვარგარეთ წასულ ჩვენს მოქალაქეებს. გაგიკვირდებათ, რომ მათ მალე პასპორტებიც გაუუქმონ და საერთოდ სამშობლოს გარეშე დატოვონ, თუ ნაცმოძრაობა ისევ ხელისუფლებაში დარჩა?

თუ ვინმე ჩვვენი ოჯახის წევრს, ჩვენს მეზობელს ან ნაცნობს აწამებს, აუპატიურებს ან კლავს, უსამართლოდ და უმიზეზოდ ციხეში აგდებს და მთელ საცხოვრებელს აყიდვინებს, თუ თუ ვინმე მათხოვრად გვაქცევს, რომ მერე, ოთხ წელიწადში ერთხელ სამადლოდ 20 ლარი გადმოგვიგდოს, თუ ვინმე ჩვენს სამშობლოს ყიდის, რომ თავად იგრიალოს – ვინ ვართ ჩვენ, თუ ასეთ ადამიანებთან ისევ „საერთო ქართული საქმის კეთების“ ილუზია გვექნება? ხომ ან მონები ვიქნებით, ან – დებილები! გვინდა, რომ მონები და დებილები ვიყოთ?!

ჩვენ დღეს ძალიან ძლიერები ვართ!

სწორედ ამით არის განპირობებული ფარისეველთა ეს ლამაზ-ლამაზი ლაქუცი! უნდათ, კიდევ ერთხელ გვაჭამონ და გადაგვაგდონ, რომ მერე საერთოდ მათხოვრებად და ლტოლვილებად გვაქციონ!

არ მოვტყუვდეთ, ძმებო და დებო!

რაც უნდა ჭირი მომკერძო, ბილწთ არ შავეკვრი ზავითა!..


მოვიდა სეტყვა და … მოჰყვა მიშა!


The government solution to a problem is usually as bad as the problem.
Milton Friedman

კახეთში და სამცხეში სეტყვა ვის გაჰკვირვებია?!.

მაგრამ ის, რაც ახლა ორიოდ დღის წინ მოხდა, – სეტყვის გრიგალი – მართლაც სტიქიის არნახული შემოტევა იყო.

50-ზე მეტი სოფელი სამ რეგიონში (სეტყვამ მცხეთა-მთიანეთისც დააზიანა, თუმც უფრო მსუბუქად), 100%-ით განადგურებული მოსავალი, დანგრეული(!) სახლები, ახდილი სახურავები, ჩამოვარდნილი აივნები და ჩამოშლილი კედლები, ძირფესვიანად ამოთხრილი უზარმაზარი  ხეები და გაჭყლეტილ-ამობრუნებული მანქანები…

მაგრამ ყველაზე მეტად ხალხი… უილაჯო, დამუნჯებული, გათანგული…

კიდევ ეს უნდოდა საცოდავ ხალხს?..

არ არის მათთვის ნუგეში და სითბო, არ არის გაწვდილი ხელი და სამართალი,თუნდაც დროებითი შვება… არც ის ყბადაღებული (სეფერთელიძისეული) „კომფორტი“… კომფორტი, სადაა?.. ნეტა ოდნავი სამართალი მაინც ეღირსოთ, და ხელს არ უშლიდნენ ჯაფასა და შრომაში…

ახლა კიდე ეს სეტყვა…

მაგრამ, ამ უბედურებასაც აიტანდა ადამიანი…  კახელი კაცი – მით უფრო, რაღაც პატარ იმედი რომ იყოს… რაღაც იმის მოლოდინი, რომ როცა ასეთი სტიქი დაგატყდება ადამიანს თავზე, ვინმე მოგხედავს – ან სოფლის გამგებელი, ან რაიონის თავკაცი, ან რეგიონის გუბერნატორი, ან – მთავრობა… ხომ არის ქვეყნები, სადაც ამაზე უარესი რამ ხდება და ხელისუფლება ხელებს დაიკაპიწებს, აბა, ეს დახმარებაო, აბა, ეს შეღავათებიო, აბა, ეს სარეზერვო ფონდიდან გაღებული სახსრებიო…

მაგრამ საქმეც იმაშია, რომ სწორედ „არსაიდან ხსნა, არსით საშველის“ მდგომარეობაშია ქართველი გლეხი. ეს ხომ ის მთავრობაა, რომელიც მხოლოდ დასანახავად არიგებს ტრაქტორებს და მერე, ჩუმად, ისევ უკან მიაქვს… ეს ხომ ის მთავრობაა, რომლის სასიცოცხლო ინტერესს სწორედ ქართული სოფლის გაჩანაგება და თურქეთიდან და სხვა ქვეყნებიდან იმპორტით საკუთარი კომპანიების ჯიბის გასქელება წარმოადგენს… ეს ხომ ის მთავრობაა, ოთხ წელიწადში ერთხელ 25 ლარის დიზელს რომ ურიგებს გლეხებს და თვეში მინიმუმ ერთჯერ სწორედ იმ დიზელს და ბენზინსაც ღმერთოდ და უნამუსოდ აძვირებს… ეს ხომ ის მთავრობაა, რომელიც წლის დასაწყისში გლეხებს აგულიანებს, – მოსავალი მოიყვანეთო და, თუ გჭირდებათ – კრედიტიც აიღეთო, და მერე სწორედ ამ კრედიტით ახრჩობს და სახლ-კარს და საკარმიდამოს უყიდის… ეს ხომ ის მთავრობაა, რომლის თავდაცვის მინისტრმა სამხრეთ ამერიკული ღორის ხორცის იმპორტით გამდიდრების მიზნით საქართველოში ღორის გრიპის ეპიდემია გამოაცხადებინა და ქვეყანაში არსებული ღორის სულადობის 2/3 რამდენიმე თვეში გააწყვეტინა… ეს ხომ ის მთავრობაა, რომლის ჰიბრიდულმა სიმინდმა ჯერ მოსახლეობა დააშინა და მერე მთავრობის რჩევას მინდობილი გლეხები გააპარტახა… ეს ხომ ის მთავრობაა, რომელსაც ბიუჯეტში ქართული სოფლისათვის აქამდე მხოლოდ რამდენიმე ათეული მილიონი ლარი თუ ემეტებოდა და ახლა, წინასაარჩევნოდ, სოფელს მილიარდებს ჰპირდება!.. ეს ხომ ის მთავრობაა, ყოველ მეხუთე სოფელში რომ სკოლა გააუქმა და ბავშვებს ან რამდენიმე ათეულ კილომეტრზე ყოველდღე სიარული, ან – უსწავლელობა განუწესა… ეს ხომ ის მთავრობაა, რომელმაც სოფლის მეურნეობის მინისტრად ისეთი უწვერული ჩოჩორი დანიშნა, ძროხებს დედლებად და მამლებად რომ ყოფდა… ეს ხომ ის მთავრობაა, რომელიც დაქცეული სოფლის აღდგენის მაგიერ, ხან ზღვაზე ხიდს დებს (რომელსაც სამ კვირაში ქარი ანგრევს), და ხან – ჭაობში მოსახლეობით ნახევრმილიონიანი და ხარჯებით მრავალმილიარდიანი სუპერქალაქის მშენებლობას იწყებს…

ამ მთავრობას და მის მარადგაუძღომელ მინისტრებს (არ ვიცი, საერთოდ, რატომ ჰქვიათ მათ მინისტრები, პირდაპირ „მონსტრები“ რომ ერქვათ, უფრო გამართლებული იქნებოდა და მათ სამფლობელოებს – „სამონსტროები“) ყველაფერზე ემეტებათ ფული, გარდა ქართული სოფლისა. თუმცა, არა – იყო შემთხვევა, როცა ძალიანაც გაიმეტეს ფული – სოფელში გლეხებს თავაზობდნენ, ვენახი გაეჩეხათ და განსაკუთრებული თავის გამოჩენისთვის სწორედ ამაში დაჰპირდნენ ფულს! მართლაც ამათზეა ნათქვამი ლეგენდარული ქართველი გლეხის, ჯარისკაცის და მამის სიტყვები:

„…Ты его не сажалТы егоне пахал. Ты только виноградкушать любишь… Такой молодой, еще ни одно дерево ни посадил уже такой сад портишь… Не стыдно тебе?..“

და რა თქმა უნდა, არ რცხვენიათ… რადგან, პირიქით, ყოველთვის სამარცხვინოდ მიაჩნდათ სოფელი… რადგან არც გლეხი ყოფილან არასდროს, არც – ჯარისკაცი და არც – მამა… ბავშვის გაკეთება არაა მამობა და ეს მანქურთები რომ მართლა მამები იყვნენ და თავის შვილებისთვის – მინიმუმ სამშობლოს დატოვებას რომ აპირებდნენ, დღედაღამ საქართველოს გაყიდვით და გაპარტახებით არ იქნებოდნენ დაკავებულნი. რასაც ესენი თავის შვილებს უმზადებენ, იმას მტერი არ გაუკეთებდა და ძალიან მეეჭვება, ეგენი თუნდაც საკუთარი შვილებისთვის იყვნენ კარგი მამები…

ნორმალურ მთავრობას  ასეთი სტიქიური უბედურების შემთხვევაში ამისათვის განკუთვნილი სარეზერვო ფონდის გამოყენება უწევს. განა საქართველოს არა აქვს სარეზერვო ფონდი?! ერთი კი არა, ორიც აქვს – საპრეზიდენტო  და საპრემიერო! შევარდნაძის დროს თუ ასეთ ფონდში 10 მილიონი ლარი იყო, შარშან, რაც ვიცით – 100 მილიონი კი იყო ოფიციალურად, და არაოფიციალურად რამდენს დებენ კარის ბიზნესმენები, მაგას მომავალში გავიგებთ მხოლოდ. მაგრამ ამ 100 მილიონის ხარჯვის შესახებ არაფერი ვიცით. ვიცით მხოლოდ ის, რომ სააკაშვილმა ახალხანს დათხოვნილი პარლამენტის სასწრაფოდ შეკრება ბრძანა (კინო „რუსთაველში“ თუ დაპატიჟებს პარლამენტარებს, არ ვიცი, რადგან პარლამენტის სასწრაფოდ დაცლის საველე ოპერაცია მანამდე ორიოდ დღით ადრე დაიწყო…), რადგან თურმე სასწრაფოდ ფულია მოსაძიებელი!

დავუშვათ, იმ 100 მილიონიდან ნაწილი ა.წ. განვლილ შვიდ თვეში დაიხარჯა. მე ერთადერთი, რაც მახსენდება, თბილისის წყალდიდობა იყო, მაგრამ მაშინ არავის უხსენებია სარეზერვო ფონდები. სავარაუდოდ, მაშინ ზარალი ხუთ მილიონზე მეტი არ ყოფილა, მერია ძალიან მწირი განცხადებებით შემოიფარგლა: რამდენიმე მილიონი იყო ზარალიო. www.opinion.ge/?p=12712  

ამის გარდა, კიდევ იყო წყალდიდობა კახეთში 22-24 ივნისის პერიოდში, რომლის ზარალის შესახებ მხოლოდ კახეთის საინფორმაციო ქსელი და პირადად გელა მთივლიშვილი იუწყებოდა – ალბათ ზარალი ათ მილიონს აღწევსო.

დავუშვათ, რომ ამ ორ ეპიზოდზე და კიდევ რამდენიმე უფრო მცირე მასშტაბის სტიქიურ უბედურებებზე (რიკოთის გვირაბი დაზიანდა – მგონი 1 მილიონი იყო ზარალი და ა.შ.) ჯამური ზარალი 15-20 მილიონი ყოფილიყო და კიდეც რომ სარეზერვო ფონდებიდან წასულიყო ეს თანხა, მინიმუმ 80 მილიონი ხომ უნდა ყოფილიყო მაშინ დარჩენილი?

80 მილიონი ლარი რომ ჰქონოდა სააკაშვილს გადანახული სარეზერვო ფონდებში, დავიჯერო, ამ წინასაარჩევნო პერიოდში, რამდენიმე დღე იმას ვერ მოახერხებდნენ, რომ რეგიონისათვის – საკვები (განსაკუთრებით – პური) წყალი, ტანსაცმელი და თბილი პლედები მიეწოდებინათ?

საქმე იმაშია, რომ ფული არ არის…

შეჭმულია!!!

ის ფული, რომელიც პირველ რიგში სწორედ კატასტროფების დროს წარმოქმნილი გაუთვალისწინებელი საჭიროებებისათვის უნდა იყოს დარეზერვირებული, გახარჯულია ათობით სხვა სახის ღონისძიებებზე, რომელთა გარეშე მმართველი ელიტა მოიწყენდა! რომელთა გარეშე მიშას არ ექნებოდა სატრაბახო, რომ არსად ისე ხალისიანი არაა ცხოვრება, როგორც ბათუმსა და ანაკლიაში! არსად ისე არ ზეიმობენ საოპერო თუ პოპ-ვარსკვლავების კონცერტებს, როგორც პიაცაზე და ქუთაისის და ბათუმის „წყალგამტარ“ ოპერებში… საიდან ააშენებდნენ ამ „ოლვეიზ“ ხიდებს და „ნინო+ალი“ კონსტრუქციებს, ბუდა ბარებს და შანგრი-ლა კაზინოებს, სარეზერვო ფონდებიდან რომ არა, საიდანაც აქვთ სწორედ უკონტროლოდ ხარჯვის უფლება? და საიდანღა დაფარავდნენ პოლიციის გამჭვირვალე შენობების და პოლიციის აღლუმების ხარჯებს, მას შემდეგ, რაც ივანიშვილი უცებ დიდი ქართველიდან „რუს ოლიგარქად“ გადააქციეს?

უეჭველად შემეპასუხება რომელიმე ლიბერტარიან-აწსოციალისტი მიშათავხელიძე ან  სუფთაზე სუფთა პოლიტიკის მიჯნური ნინოლაპიაშვილი – ეგ ყველაფერი სულ სხვა ხარჯებიდან აშენდა და დაიფარაო!

გვაჩვენონ, ბატონო!

გვაჩვენონ, რაზე დაიხარჯა სარეზერვო ფონდის 100,000,000 ლარი და მერე იქნებ ბოდიში მოვიხადო! ხოლო, სანამ არ უჩვენებიათ, ჩემი მოქალაქეობრივი უფლებაა, ეჭვი შევიტანო, რომ მთავრობამ ეს თანხა შეჭამა! რაში შეჭამა – ოპერების მშენებლობებში და გვირაბების გაყვანაში, თუ – პრეზიდენტის მოგზაურობებში და შოპინგებში, სოფო ნიჟარაძის კაბებში და საკალათბურთო ჩემპიონატზე ნასუქი დეპუტატების და მინისტრების მრავალდღიან მივლინებებში, – არ ვიცი. ეჭვი მაქვს, რომ ორივეში, და მეორეში – უფრო მეტი და უფრო ლაზათიანად!

ახლა კი გავიხსენოთ სააკაშვილის მიერ ციდან ჩამოღებული ციფრი – კახეთის სეტყვის შედეგად ზარალი 100 მილიონ ლარზე მეტიაო! და მოდით, თავად გავაკეთოთ მარტივი კალკულაცია, რა უჯდება ხერხემალყოფილი ვანოს მთავრობას მათ მიერ ფართოდ გაპიარებული „არნახული დახმარების“ პაკეტი.

დაზიანებული სოფლების და დაზარალებული ოჯახების რაოდენობა თავად მთავრობამ გაახმაურა – 38 სოფელი და 20,000 ოჯახი. დავუშვათ (ისევ გელა მთივლიშვილზე დაყრდნობით), რომ ეს არასრული ციფრია. თან არის სამცხე-ჯავახეთის დაზარალებული მოსახლეობა. მოდით, ჩავთვალოთ, რომ დაზარალებულია 30,000 ოჯახი და შევთანხმდეთ, რომ ვანოს კლასიფიკაციით ზარალის სამ კატეგორიად დაყოფილ ოჯახთა რაოდენობა ალბათ თანაბარია და საერთო რიცხვის 1/3-ს ანუ 10,000-10,000 ოჯახს შეადგენს. აგერ, თავად მერაბიშვილის კლასიფიკაციაც და მის მიერ გამოყვანილი და მიშას მიერ „არნახულად“ და „უპრეცედენტოდ“  შეფასებული „სტავკები“:

იმ სასოფლო–სამეურნეო სავარგულებისთვის, რომლებიც მთლიანად განადგურდა, 1300 ლარიდან 1500 ლარამდე ფინანსური კომპენსაციები გამოიყოფა. ოჯახები, რომელთაც მოსავლის 70–80% დაკარგეს, 800 ლარიდან 900 ლარამდე კომპენსაციას მიიღებენ, ხოლო მესამე კატეგორიაში შედიან ის ოჯახები, რომელთაც მოსავლის ნახევარი დაკარგეს და ისინი 300 ლარიდან 500 ლარამდე კომპენსაციებს მიიღებენ.“

გამოდის, რომ პირველი კატეგორიის ზარალის 10,000 ოჯახზე (საშუალოდ 1,400 ლარი) გამოყოფა დაჯდება 14 მილიონი ლარი.

მეორე კატეგორიის ზარალის 10,000 ოჯახზე (საშუალოდ 850 ლარი) გამოიყოფა – 8,5 მილიონი ლარი.

და მესამე კატეგორიის ზარალის 10,000 ოჯახზე (საშუალოდ 400 ლარი) გამოიყოფა – 4 მილიონი ლარი

ანუ სულ ეს გამოვიდა – 14+8,5+4=26,5 მილიონი ლარი

ამას მოდით დავამატოთ „არნახული გულუხვობის“ მაგალითი: სასურსათო პაკეტი, რომელიც შეიცავს 5 კგ შაქარს, 5 კგ მაკარონს და 2 ლიტრ ზეთს. ეს ყველაფერი მაქსიმუმ 30 ლარია! (ჩვენი მთავრობის ამბავი რომ ვიცი, ყველაზე იაფ, ჩაწოლილ პროდუქციას ამოიღებენ საკუთარი კომპანიის საწყობებიდან და ამის ნახევარიც არ დაუჯდებათ, დანარჩენს – გაწერენ და იხეირებენ, ოღრაშები). 30 ლარიც რომ გავამრავლოთ 30,000-ზე იქნება კიდევ 1 მლნ ლარი. ამას შეიძლება დავამატოთ დაახლოებით იგივე თანხა  სასუქებზე და საწვავზე, რაც ჯამში შეიძლება 1-2 მილიონი ლარი იყოს.

ნუ დავივიწყებთ ჩვენი მთავრობის მეუფის – ვანო „გაღლეტილ“ მერაბიშვილის მიერ თავდაუზოგავად მოღლეტილ საფულეს და გაცემული დაპირებას, რომ იმ ოჯახებს, რომელთაც საბანკო კრედიტები ჰქონდათ გადასახდელი, 1 წელი მთავრობა დაუფარავს ამ ხარჯებს.

30,000 ოჯახიდან, არა მგონია, 3,000-ზე მეტს ჰქონოდა საბანკო კრედიტი, რადგან ცხრა წლის განმავლობაში ნაცმოძრაობამ კარგად დაანახა ხალხს, რომ მათი ხელისუფლების პირობებში „ბანკი ხალხის მტერია!“ და კრედიტი პირდაპირი გზაა გაპარტახებისა და ოჯახის დაქცევისაკენ. ამიტომ, ვეჭვობ, 3,000-იც დიდი ციფრი იყოს. საშუალოდ სასოფლო კრედიტის ოდენობა კი, ალბათ, 5,000 ლარიც არ არის და ამ თანხის 25-30%-ია კრედიტის პროცენტი. გამოდის, კრედიტის თანხა 15 მილიონი შეიძლება იყოს, ხოლო საპროცენტო თანხა ერთი წლის განმავლობაში. 4,75-5 მილიონი ლარი.

ეს ყველაფერი რომ შევკრიბოთ, გამოდის დაახლოებით 33 მილიონი ლარი!

დამერწმუნეთ (ეს არ ეხება „სუფთა პოლიტიკის“ (ს)ექსპერტებს, თეა თუთბერიძეს, ვასილ ჭყოიძეს და სხვა ცნობილ დემაგოგებს, მაინტერესებს მეტნაკლებად პატიოსანი და პროფესიონალი ეკონომისტის აზრი, მაგალითად – ბატონი პაატა შეშელიძის, რომელსაც, ბენდუქიძისაგან განსხვავებით, სოციალიზმისთვის „ოსანას“ სიმღერა არ დაუწყია მერაბიშვილის პროგრამის მიღების შემდეგ)  – რაც მე ვიანგარიშე, არის უფრო ახლოს მაქსიმუმთან, ვიდრე იმასთან, რასაც რეალურად ეს მთავრობა დახარჯავს!

ხომ კარგად გვახსოვს, საქართველოს ომის არწამგებმა ხელისუფლებამ როგორ მიითალა 2008 წლის ომის შემდეგ ათეულ ათასობით ლტოლვილთა დასახმარებლად გამოყოფილი უცხოური დახმარებიდან ყოველ ახლადაშენებულ სახლზე 35,000 დოლარი (50,000 ლარი), ხოლო როგორც შემდგომში ექსპერტები აღნიშნავდნენ, ამ სახლების რეალური ფასი 20,000-25,000 ლარს არ ცდებოდა, ხოლო მშენებლებს ამის ნახევარიც კი არ გადაუხადეს!

რა გამოვიდა?

ჩემი ანგარიშით, ის თანხები, რომლითაც ხელისუფლება სეტყვით დაზარალებულ ხალხს „ეხმარება“, მხოლოდ 33 მილიონი ლარი თუ იქნება, ხოლო სააკაშვილის მიერ გაცხადებული თანხა  – 100 მილიონი იყო! სავარაუდოდ, ამ მოთხოვნილი თანხის (და საპარლამენტო ყურმოჭრილი მონების მიერ უსიტყვოდ და დაუანგარიშებლად გაცემული) – მინიმუმ 2/3  – ანუ 67 მილიონი ლარი ისევ დაიხარჯება მიხეილ სააკაშვილის მიერ მისი ავხორცი და გარეკილი ფანტაზიების დაკმაყოფილებაში, ან – საარჩევნო მოსყიდვების განსახორციელებლად, რათა შემდეგ მიშას ავხორცი და გარეკილი ფანტაზიების დაკმაყოფილებას მომავალი 4 წელი ისევ ვუცქიროთ…

მაგრამ როცა ზემოთ სულმნათი ილია ჭავჭავაძის სიტყვები გავიხსენე:

„არსაიდან ხმა, არსით ძახილი!..

მშობელი შობილს არრას მეტყოდა,

ზოგჯერ კი ტანჯვით ამოძახილი

ქართვლის ძილშია კვნესა ისმოდა!“

-            მაშინ მხოლოდ ხელისუფლებას ვგულისხმობდი.

საქართველოს მოსახლეობას, საბედნიეროდ, ნამდვილად ჰყავს ადამიანი, რომელიც მას უანგაროდ ეხმარებოდა ბოლო 20 წლის მანძილზე. ეხმარებოდა როგორც პირადად ათასობით ადამიანისათვის გადახდილი საკმაოდ სერიოზული ხელფასებით, ასევე – ქვეყნის ბიუჯეტისათვის გაცემული ასეულ მილიონობით ლარით და ასევე – ასეულ მილიონობით ლარით, რომელიც ქვეყნის ისტორიის, კულტურის და რელიგიური ძეგლების აშენებას და რემონტს მოხმარდა!

ხელისუფლებისაგან ტრაბახით გაჭრილი ყველა ლენტის და საქვეყნოდ გაპიარებული ყველა ობიექტის უკან, იდგა ერთი დიდხანს უჩინარი ადამიანი, რომელიც სწორედ ისე, როგორც უფროსი ძმა კეჟერაძე – შალვა, ღრმად იყო დარწმუნებული, რომ სხვებისთვის იქნებ უცნაური, მაგრამ სწორედ რომ სამშობლოს გულანთებული ადამიანის ყველაზე დიდი იმპერატივი ამ სიტყვებში არის გაცხადებული: „ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ სჭირდება!“

და მაშინ, როცა კოვბოურად ჩაზმანული, მაგრამ მთელი საქართველოსთვის უკვე რამდენიმე წლის განმავლობაში შიშვლად მოტანტალე და უაზროდ მომღიმარ-მოხითხითე „მეფე“ თავის ამალასთან ერთად მორიგ „პაკაზუხურ“ სპექტაკლს აწყობდა თელავში – სამხედრო ფორმაში გამოწყობილ „რეიბანებიან“ „რემბო“ შაშკინთან, ხალხის გასაჭირისგან „შეძრულ“ სხვა მინისტრებთან ერთად, და როცა მერე ქუჩაში მიდიოდა ერის მამის შარავანდედით შუბლშეჭმუხნული, როცა ყასიდად ეკითხებოდა მისგან გულშეწუხებულ კახელებს, რაო, სტიქიამ შეგაწუხათო? (მაგრად გრძნობდა თავს, ახლა მაინც ხომ გამოჩნდა ვინმე თუ არა, რაიმე მაინც – ჩემზე მეტად რომ გაგაპარტახათ და გაგაუბედურათო, ახლა მაინც ხომ მოგიწევთ ჩემგან გადმოყრილი დახმარების სანაცვლოდ ჩემთვის ხელის ალოკვა და არჩევნებზე ხმის მოცემაო!)… - „უკანონობამ შეგვაწუხაო!
უკანონობამო!“- თავზე დააფერთხა სიმართლე მარადცრუ პრეზიდენტს მართალი სიტყვის მჭედელმა უბრალო ქართველმა ქალბატონმა… – მაგაზე მერე ვილაპარაკოთო, – მიაძახა თავის მოქალაქეს მასზე გაცოფებულმა და პირგამეხებულმა სიზმრების მეფემ და ისე აიქნია ხელი, რომ აშკარა იყო, „მაგაზე“ ეგ არასოდეს ილაპარაკებს, სანამ დაკითხვის რეჟიმში არ იქნება ჩაყენებული…

და სწორედ მაშინ, ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთი ძალიან მტკივნეული დარტყმა მიაყენა თავის თავკერძა ოპონენტს!

გამოაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირად მზღუდავენ და მავიწროებენ და 75 მილიონი ლარით დამაჯარიმეს, მე ხალხის უბედურებას განს არ განვუდგები, და მართალია,  ამ ხელისუფლებამ ჩემი ყველაზე ჩვეული საქმე – სხვების დახმარება და ქველმოქმედება უკანონო კანონის ძალით ამიკრძალა, მაგრამ ავდგები და გადავიხდი იმ ყოვლად უკანონო ჯარიმიდან, რომლის გადახდას არ ვაპირებდი, 10 მილიონ ლარს და იმედი მაქვს, ხელისუფლება, რომელიც იძახის, სასწრაფოდ ფული უნდა მოვიძიო, რომ ხალხს დავეხმაროო, ამჯერად მაინც ჩემგან შეტანილ ამ ფულს სწორედ ხალხის დასახმარებლად დახარჯავსო. და თუ სწორად და პატიოსნად დახარჯეს, არაა გამორიცხული, მთელი ზარალი მე დავუფარო დაზარალებულ ხალხსო!

ეს იყო შოკი ხელისუფლებისათვის!

რაც არ უნდა „იარგუმენტონ“ დარჩიაშვილებმა, ოჩიაურებმა და სხვა დარჩი-ჩარჩი და ფოჩიანმა ნაცმოძელებმა, რეალურად მათ ივანიშვილის ამ განცხადებაზე არამცთუ კარგი საპასუხი სვლა არა აქვთ, არამედ საერთოდ არ შეუძლიათ პასუხის გაცემა. რადგან ერთ მხარეს დგანან ისინი, რომელთა თამასუქს და ბეჭედს გახვრეტილი ბუშტის ფასი აქვს, და მეორე მხარეს – ბიძინა ივანიშვილი, რომელიც არასდროს დაპირებია ხალხს იმის 1%-საც კი, რასაც მერე ასმაგად უკეთებდა!

ორი ლიდერი კახეთში მოსახლეობას ხვდება – თავად განსაჯეთ…

განვიხილოთ ხელისუფლების მხრიდან რაიმე ქმედების რამდენიმე შესაძლო ვარიანტი:

ა) ვთქვათ ხელისუფლება, როგორც მას ჩვევია, ივანიშვილის მიერ გადმორიცხულ თანხას იჯიბავს, ხოლო მოსახლეობას კი რეალურად არც ეხმარება. ხომ აშკარაა, რომ უკვე 1-2 დღეში ჩარიცხული 10 მილიონი დაზარალებულ ოჯახებს სერიოზულად უნდა დაეტყოს. თუ ხელისუფლების დახმარება მხოლოდ ზეთის, შაქრის და მაკარონის დარიგებით ამოიწურა, როგორც აღვნიშნე, ეს მაქსიმუმ 1 მილიონი თუ იქნება, ასე რომ გასაგებია – ხელისუფლებამ არამცთუ 2/3-ის მითვისება, არამედ 10 მილიონიდან 90%-ის მოტეხვა დააპირა. არჩევნების წინ ეს ნაბიჯი როგორ შეიძლება შემოუბრუნდეს ხელისუფლებას, ამას ვნახავთ!..

ბ) ხელისუფლებამ შეიძლება მართლაც დაიწყოს სერიოზული თანხების ხარჯვა და დაარიგოს თუნდაც ის აბსოლუტურად არათანაზომადი თანხები, რომელსაც მთელი გალაქტიკის გასაგონად დაჰპირდა ხალხს, როგორც ჯერარნახულ და ჯერარგაგონილ  დახმარებას. მაგრამ ამავე დროს ჩაატაროს პარლამენტის სხდომა და მოითხოვოს სარეზერვო ფონდებში თანხების დამატებით მობილიზება. მაშინ გამოდის, რომ ხელისუფლება, როგორც ეს არაერთხელ უქნია – ივანიშვილის თანხებით აკეთებს საქმეს, ხოლო საბიუჯეტო თანხებს იპარავს, როგორც ყველაზე უსინდისო ქურდი! არც ეს გაუვა სააკაშვილს – არჩევნების გამოცხადებასთან ერთად ნებისმიერი სადამკვირვებლო ორგანიზაცია სწორედ ამის გამორკვევას დაიწყებს, სად წავიდა შვებულებიდან სპეციალურად მორეკილი ინსიტატუსების პარლამენტის მიერ სასწრაფო წესით გამოყოფილი მილიონები – ხომ არ მოხდა მათი „მობილიზაცია“ საარჩევნო მიზნებით?!.

გ) ხელისუფლებამ შეიძლება გამოაცხადოს, რომ ივანიშვილის მიერ გადახდილი ჯარიმა სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებს უნდა მოხმარებოდა და რომ მას საკუთარი მოსახლეობის  უზრუნველყოფა თავადაც შეუძლია! ეს ყველაფერი საკმაოდ რეალური გამოსავალი იქნებოდა… მაგრამ რა უნდა უყონ ამ სასწრაფოდ გამოცხადებულ SOS!-ს და პარლამენტის საგანგებო სესიას? როგორ უნდა ახსნან, რატომ დაინიშნა სესია მაშინ, როცა რამდენიმე საათით ადრე მარადმღიმარე დავით ბაქრაძემ საკმაოდ არადიპლომატიური უარი განაცხადა დიპლომატების შეთავაზებაზე – “must carry” არჩევნების დღესაც და შემდეგაც გაგრძელებულიყო. და მიზეზად სწორედ ის მოიმიზეზა, აგვისტოს ჩანგალსარდალმა გმირმა, – პარლამენტმა უკვე მუშაობა დაამთავრა და დეპუტატებს ვეღარ შევაწუხებთ, რაც შეგვეძლო, ხომ გავაკეთეთ უკვე ამ „მასთ ქერი“-ზეო! ახლა კი, რა გამოდის? თუ საპარლამენტო სესია დაინიშნა, ე.ი. დეპუტატებს დიპლომატების ამ წინადადების განხილვა და ოფიციალურად უარის თქმა მოუწევთ (რომ არაფრით არ დათანხმდებიან, ამაზე 1000 დოლარს დავდებ!), რაც მოახლოებული არჩევნების წინ მედიის საყოველთაო ხელმისაწვდომობის მიმართ ხელისუფლების დაუძლეველი შიშის კიდევ ერთი საჯარო ლუსტრაცია იქნება.

დ) ხელისუფლებას შეუძლია, ჯერ მართლაც არნახულ და გაუგონარ კომპრომისზე წავიდეს და ივანიშვილთან მართლაც დაიწყოს კონსულტაციები იმ მიზნით, რომ მთელი ზარალის ლომის წილი მას დააფარინოს, ხოლო თავად სახე შეინარჩუნოს და პროცესში მონაწილეობით ისევ ის სტატუსი განაახლოს, რასაც ადრე მუდმივად იყენებდა – „ივანიშვილი (ჩუმად) აფინანსებს, ჩვენ (საქვეყნოდ) ლენტას ვჭრით!“ უბედურება ისაა, რომ უკვე ამას არავინ ჭამს (ყველას ეცოდინება, რომ რეალური კომპენსაციის ავტორი და სინამდვილეში ხალხზე მზრუნველი, კეთილისმყოფელი და გადამრჩენელი სწორედ ივანიშვილია). და თან რაც მთავარია, ამაზე, ალბათ, კიდევ შეეძლოთ წასვლა, როცა პრემიერი გილაური იყო, მაგრამ ახლა გადადგმული ეს ნაბიჯი მთელ საზოგადოებას დაარწმუნებს, რომ ივანიშვილსა და მერაბიშვილს მართლაც შეუძლიათ ითანამშრომლონ, და რომ პრობლემა მხოლოდ მათშია, ვისაც ამ თანამშრომლობის დაშვება არაფრით არ უნდათ! ამას კი სწორედ ის მოჰყვება შედეგად, რასაც სააკაშვილი საშინლად უფრთხის – პირადად მისი იზოლაციის კიდევ უფრო მეტად ზრდა – უკვე ქვეყნის შიგნითაც და საკუთარ პარტიაშიც.

დღეს ბიძინა ივანიშვილმა კახეთის სხვადასხვა რეგიონებში თავად ნახა სტიქიის მიერ მოყენებული ზარალი და ისევ დაადასტურა – „რეალურ კომპენსაციას მე გადავიხდი!“ მოსახლეობის დიდმა უმრავლესობამ უკვე ყველაფერი იცის – ვინ ფიქრობს მათზე და მათ ოჯახების კეთილდღეობაზე, და ვინ – ხალხის ხარჯზე საკუთარი ჯიბეების გასქელებაზე! ის, რომ ხელისუფლებამ ისევ მოახერხა რამდენიმე ზონდერპერსონის აქტივაცია და პროვოკაციების განხორციელება, რა თქმა უნდა, არასასიამოვნოა ბიძინა ივანიშვილისთვის და სავალალო – მთელი ქვეყნისათვის, სადაც მოძალადე უზურპატორს და ქვეყნის მთავარ სირცხვილს ტაშით და გაბადრული სახეებით ვხვდებით, რადგან მისი ძალადობის გვეშინია, ხოლო რეალურად ქვეყნის და ხალხის დამხმარეს და მოამაგეს სახლში არ ვუშვებთ, აქაოდა იმ დამპალმა მათხოვრული ხელფასი/პენსია/დახმარება არ მოგვიხსნასო… ყვეალაზე თავზარდამცემი ჩემთვის იყო ომში დაღუპული ჯარისკაცის მშობლების საქციელი, რომლებიც დღესაც კი, ომიდან 5 წლის თავზე, ისევ იმ ინფორმაციულ ვაკუუმში არიან, რომ არც იციან, სინამდვილეში ვინაა მათი შვილის სიკვდილში დამნაშავე – ივანიშვილი, თუ სააკაშვილი და მისი დამნაშავე ბანდიტების მთავრობა – პუტინთან ერთად, რომელთაც თან ვითომ ებრძვიან და თან კი – მთელი საქართველოს ეკონომიკა ჩუმად გადაულოცეს.

მოკლედ, როდესაც სააკაშვილის ხელისუფლებას ვუყურებ, საუცხოო აფორიზმად მესახებ ცნობილი ამერიკელი ეკონომისტის და მოაზროვნის, ნობელის პრემიის ლაურეატის მილტონ ფრიდმენის სიტყვები:

„პრობლემის სამთავრობო გადაწყვეტა, ჩვეულებრივ, კიდევ უფრო უარესია, ვიდრე თავად პრობლემა.“

P.S. ვნახოთ, რას იზამს სააკაშვილი…

ალბათ, შეეცდება, ვინმე დაიჭიროს.

ან პირიქით – რაიმე საქმე გახსნას!..

არაა გამორიცხული, ორივე მოიმოქმედოს – დაიჭიროს და გახსნას…

ანდა „გრინბერგ-ქვინლან-როსნერს“ ახალი კვლევა დაუკვეთოს თემაზე – „ვინ უფრო მეტად დაეხმარა სეტყვით დაზარალებულ მოსახლეობას?“

სავარაუდო პასუხები ასეთი იქნება:

  1. საქართველოს ახალი აღმაშენებელი, მარად მოსახლეობაზე მზრუნველი მიხეილ სააკაშვილი
  2. საქართველოს ხერხემალი და მიხეილ სააკაშვილის მარჯვენა ხელი – ვანო მერაბიშვილი
  3. თავდაცვის, ექს-განათლების, ექს-ციხეების და ექს-IRI მინისტრი და მიხეილ სააკაშვილის მარცხენა ხელი – დიმიტრი შაშკინი
  4. კახეთის გუბერნატორი – მიხეილ სააკაშვილის ერთგული ხელი – გიორგი ღვინიაშვილი
  5. ეკონომიკის მდგრადი მინისტრი – მიხეილ სააკაშვილის მარადერთგული – ვერა ქობალია
  6. რუსი ოლიგარქი, კახეთის მოსახლეობისათვის მიუღებელი, პუტინის კარის მილიარდერი – ბიძინა (ბორის) ივანიშვილი…

NO LIE CAN LIVE FOREVER!

საქართველოს ბევრ ქალაქსა და სოფელში სულ უფრო მეტი ადამიანი ამაყად ეუბნება მათ საყიდლად ჩასულ ჩინოსნებს და ხელისუფლების ახლობლებს – „ჩვენ თქვენს მათხოვრულ დახმარებაზე არ ვიყიდებით!“

http://www.youtube.com/watch?v=t8c5LUgoRI8 


მრავალნაცნობიანი ნაცმო(უ)ძრ(ა)ობა


მაშ ასე, წილი ნაყარია და გემი ისევ მიცურავს (ოღონდ, სოხუმისკენ – აღარ).
წინა სტატიაში – „ირანული გამბიტი“ რამდენიმე დასკვნა გავაკეთე იმის შესახებ, რატომ დანიშნა მიხეილ სააკაშვილმა ვანო მერაბიშვილი პრემიერ-მინისტრად და რა შემდგომი ცვლილებები უნდა მოჰყოლოდა ამ ნაბიჯს. რამდენადაც 4 ივლისს პროგნოზი ძირითადად (სამთავრობო ცვლილებების ნაწილში) ახდა, თავს უფლებას მივცემ გავიმეორო იგი:
====================================================
„ა) მიხეილ სააკაშვილი თავდაუზოგავად ცდილობს დაარღვიოს ის ლამის ტრადიცია, როცა მისი ყოველი თავდასხმა ბიძინა ივანიშვილზე მას გაცილებით ნაკლებ დივიდენდებს აძლევს, ვიდრე დანაკარგებს!  მერაბიშვილის დანიშვნა პრემიერ-მინისტრად არის იძულებით ნაბიჯი და მიხეილ სააკაშვილი ამას არაფრით დაუშვებდა 2011 წლის სექტემბრის ბოლოს, როცა ძალიან კარგად ჰქონდა წარმოდგენილი საკონსტიტუციო ცვლილებებით ლამის გარანტირებული მარადიული პრემიერობა.
ბ) მიხეილ სააკაშვილი ამ ნაბიჯით აპირებს მოიგოს საპარლამენტო არჩევნები მერაბიშვილის ხელით, რომლის რეიტინგი ნამდვილად მეტია ნაცმოძრაობის რეიტინგზე (თუმცა გაცილებით ნაკლებია NDI-ის კვლევის შედეგებზე – ველის შერჩევის და მეთოდოლოგიის ცდომილების გამო). მერაბიშვილის გაპრემიერებით სააკაშვილი ცდილობს უზრუნველყოს ნაცმოძრაობის უსახური პარტიული სიის რეიტინგის მეტ-ნაკლები ამაღლება (ვანოს შხეფების გადმოსხურებით კუბლაშვილზე, ურუშაძეზე, კარბელაშვილზე და სხვა აბსოლუტურად დისკრედიტირებულ პოლიტიკანებზე ), ხოლო საპარლამენტო არჩევნების მოგების შემთხვევაში თავად ჩაანაცვლოს მერაბიშვილი პრემიერ-მინისტრის უკვე გაცილებით უფრო ძლევამოსილ პოსტზე. ამავდროულად, არაა გამორიცხული სარეზერვო ვარიანტებიც – ბ1)მიშა ცდილობს მოახდინოს კონსტიტუციის ხელახალი რევიზია, იმდაგვარად, რომ არა პრემიერ-მინისტრი იყოს ყველაზე ძლევამოსილი, არამედ – პარლამენტის სპიკერი და თავად იყაროს კენჭი საპარლამენტო არჩევნებში (იმ პირობებში, როცა ქვეყანას მერაბიშვილი მიხედავს), ბ2)მოგონილი/გათამაშებული მიზეზით, გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობა და გადადოს საპარლამენტო არჩევნები გაურკვეველი ვადით.
გ) ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილი ყველანაირად ეცდება, რომ  არ გააძლიეროს ხელისუფლებაში არსებული სხვადასხვა ბანაკები. პირიქით, მოახდინოს მათი შეძლებისდაგვარად დასუსტება და თითქმის ყველა არსებულ ძალოვან სტრუქტურაში შეცვალოს ხელმძღვანელობა, რომ მინიმუმამდე დაიყვანოს საკუთარი გადაყენების  შანსი. სწორედ ეს იყო ვანო მერაბიშვილის „დაწინაურების“ საკმაოდ მნიშვნელოვანი მიზეზი. აქედანვე გამომდინარე, ვანო მერაბიშვილის ერთგული კადრი (ამირან მესხელი ან დიმა შაშკინი) არ დაინიშნება შს მინისტრად, ბაჩო ახალაია არ დარჩება თავდაცვის მინისტრად, დიმა შაშკინი არ დარჩება განათლების მინისტრად, და ხათუნა კალმახელიძე – სასჯელაღსრულების მინისტრად. სააკაშვილს ექნება სერიოზული ცდუნება ასევე გადაანაცვლოს იუსტიციის მინისტრი ზურა ადეიშვილი და უშიშროების საბჭოს მდივანი – გიგა ბოკერია. თუმცა მეეჭვება, რომ ამ ეტაპზე მან ეს მოახერხოს. მაგრამ ახლო მომავალში რომ ცდას არ დააკლებს, ესეც მალე გამოჩნდება.“
===========================================
ახლა კი შევეცადოთ იმის ანალიზს, რას ნიშნავს და რას მოიტანს ის სამთავრობო ცვლილებები, რაც უკვე სახეზეა. დავიწყოთ არსებულით და მერე – ტენდენციებზეც შევჩერდეთ:
არსებული მდგომარეობა
1.      მიშა გაძლიერდა.
მან პოლიციას მოაშორა, და ხალხის დამსაქმებელ-გამაბედნიერებელი პრემიერ-მინისტრობის სიზიფეს ტვირთის აკიდებით დაასუსტა მერაბიშვილი. მან არ გააძლიერა ბოკერია-ადეიშვილის ისედაც ძლიერი კლანი. ძალაუფლება კი რეალურად გაუზარდა ახალაიებს, რომელთა წარსულის მიმართ სერიოზული კომპრომატები არსებობს და რომლებიც მისი კონკურენტები ვერასოდეს გახდებიან. გარდა ამისა, ძლიერი პიროვნების პრემიერ-მინისტრად დანიშვნით მან შექმნა საკმაოდ მომხიბვლელი ილუზია იმისა, რომ „მიშა გაემიჯნა პუტინის ვარიანტს“ (უკვე ერთმა რუსულმა გაზეთმა დღეს გამოჩეკა ეს „უტკა“) და რომ მან გადაწყვიტა 2013 წლის შემდეგ ქვეყანა მერაბიშვილს დაუტოვოს.
2.      ყოველგვარი ილუზია იმის თაობაზე, რომ «მერაბიშვილი გაძლიერდა», «მერაბიშვილი სუპერ-პრემიერად იქცა», «მერაბიშვილი არის ის პრემიერი, რომელიც პრემიერად დარჩება 2013 წელსაც, როცა სააკაშვილი პრეზიდენტობას დაემშვიდობება» და ა.შ… – მიმაჩნია აბსოლუტურად ფუყედ და უსაფუძვლოდ. მერაბიშვილს არავითარი გაძლიერება არ სჭირდებოდა, იგი ისედაც იყო დე-ფაქტო პრემიერ-მინისტრი და უამრავ სამინისტროს – შინაგან საქმეთა და უშიშროებას, განათლებას, სასჯელაღსრულებას, ჯანდაცვას, სოფლის მეურნეობას… და პარლამენტის მაჟორიტარ ინსიტატუს-დეპუტატთა რემას – აკონტროლებდა. რაც მთავარია, იგი აკონტროლებდა თავად პრემიერ-მინისტრ გილაურსაც. და ეს ყველაფერი ხდებოდა ნაცრისფერი კარდინალის კაბინეტიდან, რაც მერაბიშვილს იმის კომფორტსაც უქმნიდა (ოხ, ეს სეფერთელაძის ამოჩემებული სიტყვა), რომ ამ სფეროებზე (პოლიცია-უშიშროების გარდა) პასუხი არ ეგო. ახლა კი მერაბიშვილი ძალიან დასუსტდა – ჯერ ერთი მის პასუხისმგებლობაში გადავიდა ის სფეროები, რომელთა ამოქაჩვა მის „ტალანტს“ აღემატება – უმუშევრობა, ეკონომიკა, დასაქმება, სოფლის მეურნეობა, დაზღვევა და ლამის – ნამოცძრაობის მიერ 9 წლის განმავლობაში შეურაცხყოფილი, დაბეჩავებული და დამცირებული ქართველი ხალხის გულის მოგებაც. და მეორეც – მერაბიშვილი იქცა ნაპოლეონად, რომელსაც ჯარი არ ჰყავს და მის კუნძულ ელბას „სახელმწიფო კანცელარია“ ჰქვია… ერთ დროს უძლეველ ხერხემალს მხოლოდ განათლების სამინისტრო და მანდატურებიღა შემორჩა კალის ჯარისკაცებად…


3.      მერაბიშვილის მთავარი იარაღი, მისი ძლევამოსილების საიდუმლო, მისი მრავალათასიანი პოლიცია, მისი ასობით გამჭვირვალე შენობა –  რვა წლის რუდუნებით შეკოწიწებული და პირადი ურთიერთობებით დაცემენტებული, თვალსა და ხელს შუა იშლება! შსს შუშის შენობას დღეს ასეთი აბრა უნდა ამშვენებდეს – „შენი იყო, ახლა ჩვენია!“ (ახალაიები). შს სამინისტროდან წავიდნენ მინისტრის მოადგილე და მარჯვენა ხელი ამირან მესხელი, საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი შოთა უტიაშვილი, გენერალური ინსპექციის უფროსი გიორგი გეგეჭკორი, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის უფროსი დევი ჭელიძე და მრავალი სხვა სამსახურის თუ დეპარტამენტის უფროსი… თუმცა მერაბიშვილის მოთხოვნით ახალაიამ შეაჩერა უმაღლესი რანგის კადრების წმენდა, მაგრამ ეს მხოლოდ მოკლევადიანი პაუზაა. უახლესი ერთი თვის განმავლობაში შსს მინისტრის მაღალი რანგის კადრების უდიდესი ნაწილი გამოცვლილი იქნება. ვინც თავისით და უხმაუროდ წავა, ეცდებიან (ვანო ეცდება, თორემ ბაჩოს სულ ფეხზე არ ჰკიდია!) – რაიმე კარგი თანამდებობა მოუნახონ.  სხვებს კი ისეთ „პირობებს“ შეუქმნიან, რომ თავისით წავიდნენ. ბაჩო ახალაია არასდროს ენდობა მერაბიშვილის მიერ დატოვებულ კადრებს. მეტიც, ასეთი უნდობლობის კარტ-ბლანში, და, შეიძლება, – დავალებაც კი, მას მიხეილ სააკაშვილისაგან ექნება მიღებული.
4.      ქვეყანა გახდა „საახალაიო“. ამ კონტექსტში არა მარტო ბაჩო ახალაიას შსს მინისტრად მოსვლა არის მნიშვნელოვანი, არამედ მისი ძმის – დათა ახალაიას დანიშვნა თავდაცვის მინისტრის მოადგილედ. თუ ცოტაოდენ ლოგიკას მოვიშველიებთ და ვანო მერაბიშვილის ცხოვრების ნირს და გამოცდილებას გავითვალისწინებთ, მერაბიშვილის მიერ სააკაშვილისგან პრემიერ-მინისტრობის შეთავაზების პირველი პასუხი ის უნდა ყოფილიყო, ექნებოდა თუ არა მას უფლება შსს მინისტრის პორტფელი შეენარჩუნებინა. სააკაშვილი, სავარაუდოდ, თავის უარს ასეთი „შეთავსების“ დასავლეთის მხრიდან მიუღებლობით გაამართლებდა. მაშინ შემდეგი სვლა ვანოს მხრიდან უნდა ყოფილიყო თავის ადგილზე თავისი ერთგული კადრის დატოვების ბუნებრივი სურვილი – მესხელის, ზღულაძის ან შაშკინის (ამ სამიდან ნებმისმიერი მათგანის შს მინისტრად დატოვება იქ ვანოს დარჩენის ტოლფასი იქნებოდა). მიშამ ამაზეც უარი განუცხადა. სავარაუდოდ, იმის მომიზეზებით, რომ შსს-ს ძლიერი ხელი სჭირდებოდა. და ასეთად მხოლოდ ბაჩო ახალაია ეგულებოდა. ხოლო ვანო რომ ძალიან არ გაღიზიანებულიყო, კარგა მოზრდილი ძვალი გადმოუგდო, – არა უშავს, სამაგიეროდ, შენს კაცს – შაშკინს – თავდაცვის სამინისტროს ჩავაბარებო! ვანოს, ალბათ, ეს ვარიანტი ჭკუაში დაუჯდა. გამოდიოდა, რომ მან და ახალაიამ უბრალოდ სამინისტროები „გაცვალეს“ (ხომ მაგარ ქვეყანაში ვცხოვრობთ?!). და, მართალია, შსს უფრო შეკრული და დიდი სტრუქტურაა (საინტერესოა, ვინმემ თუ იცის, რამდენი ადამიანია შსს სისტემაში?), ვიდრე ჯარი, მაგრამ არც ჯარია მთლად ხელწამოსაკრავი. თან ჯარი ამერიკელებთან აუცილებელ და ხშირ კონტაქტს გულისხმობს, რაც მერაბიშვილისთვის ყოველთვის სუსტი წერტილი იყო და ვანო, (რომელიც თან ამ დანაელთა მოულოდნელ ძღვენში საფრთხეს უეჭველად გრძნობს, მაგრამ თან მოახლოებული საკონსტიტუციო ცვლილებების ამოქმედების ჭია ღრღნის და საკუთარ თავზე უკვე მეფის სკიპტრას იზომებს), ამერიკელებთან დაახლოებას თავისი კარიერული ზეაღსვლის აუცილებელ ელემენტად მიიჩნევს.
მაგრამ ეს „გაცვლა“ იმწამსვე სიაფანდად იქცა, როცა თავდაცვის მინისტრის პოსტზე თავისი თავზეხელაღებულობით ცნობილი დათა ახალაია დაინიშნა. მინისტრი შაშკინი როგორ „დაიმორჩილებს“ მოადგილე დათას, ყველასთვის გასაგებია. და არც თავად შაშკინს და არც უკვე ვანოს არ უნდა აწუხებდეს ილუზიები იმის თაობაზე, რა სიაფანდი აღმოჩნდა მიშას დაპირება – ახალაიები არც თავდაცვიდან წამოვიდნენ და შსს-ც ხელში იგდეს! ხოლო თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ კუდის უფროსად ახალაიების მარჯვენა ხელი და უერთგულესი კადრი – ლევან ქარდავა უკვე დანიშნულია და სოდ-ის უფროსის სავარაუდო კანდიდატად მერაბიშვილის მიერ შსს-დან გაგდებულ ერეკლე კოდუას ვარაუდობენ, აშკარაა, რომ შსს-დან ვანოს ფეხისამოკვეთის პარალელურად ახალაიების გაძლიერება სინათლის სიჩქარით მიდის. თუმცა ერეკლე კოდუას „გასოდება“ პირადად სააკაშვილის სურვილი უნდა იყოს, რომელიც „პატარკაციშვილის ოპერაციას“ არ ივიწყებს და საკუთარი ნათლულის მამის ამოტივტივება შეიძლება იმიტომაც უნდოდეს, რომ თავადაც ხედავს, რა თვალუწვდენელი უფლებები ჩაუგდო ხელში ახალაიებს, რომლებიც პროკურატურის დიდ ნაწილს (სამეგრელოში), ჯარს, სოდ-ს, კუდ-ს, სასაზღვრო ჯარებს და პოლიციას აკონტროლებენ.
5.      თავდაცვის სამინისტრო! ბედკრული სამინისტრო, რომელსაც 2008 წლამდე ყველანაირად აძლიერებდნენ და ფულს არ აკლებდნენ, ხოლო 2008 წლიდან მოძულებულ გერად შერაცხეს, ამბოხი და ღალატი დააბრალეს და სადისტების, მანქურთების და, ახლა უკვე, კომიკური ფარშევანგების სამართვად აქციეს. თავდაცვის სამინისტროში ახლა მიდის პოლიციური კადრების გადაქაჩვა. მარტო სოსო თოფურიძის დანიშვნა გენშტაბის ადმინისტრაციის უფროსად რად ღირს! ეს სოსო თოფურიძე რაიმე საგის ღირსია! – კაცი ლეგენდა, კაცი-კუდი, კაცი-მამხილებელი, შერონ სტოუნის უბის მაყურებელი, ამავდროულად – წმინდა სინოდის „მაყურებელი“, და ახლა უკვე -გენშტაბის „მაყურებელიც“! შეიძლება, ერთი შეხედვით მოგვეჩვენოს, რომ პოლიციური კადრებით არმიის გაჯერება ვანოს თამაშის ნაწილია, მაგრამ ცოტა უფრო მეტი დრო და მეტი დაკვირვება გამოკვეთავს იმას, რომ სინამდვილეში აქაც ახალაიების და მათი ერთგული კადრების მოზღვავება იქნება.
ნამდვილად საინტერესო ფიგურაა შაშკინი – ბედის ნებიერი პერი!
ადამიანი, რომლის ერთადერთი ტალანტი მისი რუსული გვარი და IRI- ული გამოცდილებაა, უკვე მესამე სამინისტროს იცვლის. გასაგებია, რომ სააკაშვილს, მისი პირადი კომპლექსების გამო, კოსმოპოლიტური მისწრაფებების ხაზგასმა მოსწონს – რუსებს თითქოს ვერ იტანს და ბიძამისის რუს მეგობრებს და ბიზნეს პარტნიორებს საქართველოს ნახევარი ბიზნეს-პოტენციალი ჩააბარა, საგარეო საქმეთა მინისტრად რუსეთის მოქალაქე ვაშაძე ჰყავდა (თანაც იმ დროს, როცა საქართველო და რუსეთი ომობდნენ), ძალიან უყვარს მთავრობაში ისეთი ხალხის ყოფნა, რომელთაც, მის მსგავსად უცხოელი თანამეცხედრეები ჰყავთ – ზღულაძე, იაკობაშვილი, არველაძე, ბაჩო ახალაია, ვიღაც უსურათო თავდაცვის მინისტრის მოადგილე – სიფრაშვილი-ლი… მაგრამ ამ ფონზეც კი რუსული გვარის მქონე შაშკინის კარიერული ცამპა-რუმპა ნამდვილად გაცილებით შთამბეჭდავია. ალბათ იმიტომ, რომ სააკაშვილს გარკვეული იდეა-ფიქსი აქვს, როგორ დაუმტკიცოს მსოფლიოს, რომ უდიდესი დემოკრატია და ამიტომაც თავად დაასახელა წარმომავლობით რუსი შაშკინი მომავალ პოტენციურ პრეზიდენტად. ამით კიდევ ერთი პიარული ნაბიჯი უნდა გადადგას. – ისეთი, რასაც პუტინი ვერ გაიმეორებს (თინა კანდელაკი რომ გამოაცხადოს მემკვიდრედ!) :)). მე პირადად მგონია, რომ  ნარცის-ფარშევანგი დიმა შაშკინი, თავისი განუყრელი სანჩო-პანსა – კოკა სეფერთელაძით, თავდაცვის სამინისტროში ნახევრადკომიკურ მარიონეტად გადაიქცევა. თან ისეთ მარიონეტად, რომელსაც კოორდინირებული მოძრაობა არ გამოსდის. რადგან თუ ადრე მისი ძაფები მხოლოდ ვანოს ეპყრა ხელთ, ახლა  მრავალი ადამიანი მოინდომებს ამ ძაფების ხელში მოგდებას – ვანო, ახალაიები, მიშა, და დიდი შანსია – ბოკერია/ადეიშვილიც.
6.      ბოკერია და ადეიშვილი ვახსენე და აქ ნამდვილად უნდა შევჩერდეთ. ქვეყანაში ამდენი რამ მოხდა და არცერთი არ გამოჩენილა ავანსცენაზე. ბევრი ფიქრობდა, რომ ბოკერია გახდებოდა თავდაცვის მინისტრი, რაც პირადად თქვენს მონა-მორჩილს ერთი წუთითაც არ დამიშვია. სააკაშვილი არასოდეს დაუშვებს ძალოვანი სამინისტროს სათავეში ისეთი ადამიანის მოსვლას, რომელსაც დასავლეთთან ლიბერალის და დემოკრატის პოზიტიური იმიჯი ექნება. ამიტომ იყვნენ დღემდე ძალოვანი სტრუქტურების სათავეში მერაბიშვილი, ადეიშვილი და ახალაია – სამივე დასავლეთისათვის არცთუ მომხიბვლელი და ზოგჯერ – მიუღებელიც კი ფიგურა. ხოლო დასავლეთისათვის მისაღებ ბოკერიას მხოლოდ ფიქტიური ორგანოს – უშიშროების საბჭოს – მდივნობა ერგო. რაც დასავლეთში კი ჟღერადი პოსტია, მაგრამ საქართველოს სინამდვილეში ბოკერიას მოსვლამაც კი ვერ შესძინა ამ თანამდებობას სერიოზული დატვირთვა.  ბოკერიამ და ადეიშვილმა, მრავალთა აზრით, თითქოს წააგეს. დღევანდელ დღეს შეიძლება ასეც ჩანდეს – მერაბიშვილი გაპრემიერდა, ახალაიებმა ძალოვანი სტრუქტურები გადაიბარეს, შაშკინს შაშკები (ხმლები) აჩუქეს, ხოლო ადეიშვილი და ბოკერია გამოდის – ხელცარიელები დარჩნენ და თითქოს გავლენის სფეროები სერიოზულად დათმეს. მაგრამ წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან და თუ მანამდე პრემიერ-მინისტრმა უმუშევრობა, სოფლის გაპარტახება და ინვესტიციური შიმშილი ბეჭებზე ვერ დადო, ხოლო ახალაიებმა მთელ მსოფლიოს ანახეს მიშისტური სადიზმის სახე, არაა გამორიცხული, რომ სააკაშვილს კადაფის აღსასრულისაგან გადასარჩენად სწორედ ადეიშვილ-ბოკერიას მოხმობა დასჭირდეს. ახლა საქართველოში ხელისუფლების აქტიური ქმედებების დრო დადგა, მაგრამ აბსოლუტურად ურეიტინგო და საკუთარი შეცდომების და დანაშაულის ტყვე ხელისუფლებას აქტიურობა ვეღარაფერს შველის და როგორც ჭაობში ჩაფლული ადამიანის გადარჩენის შანსი ფართხალით არ იზრდება, ასევე სათუოა, რომ დღეს ხელისუფლების ვერტიკალში დაწინაურება და აქტივობის დაწყება ვინმესთვის სტრატეგიულად გამარჯვების მომტანი აღმოჩნდეს.
7.      არის პოლიტიკური ფიგურა, რომელიც ამ კარუსელის შედეგად ერთმნიშვნელოვნდად წაგებული აღმოჩნდა. ეს მერი უგულავაა, რომელმაც გამინისტრებული პირადი მძღოლი დაკარგა. არადა, სუბელიანი, რომლის თავზე მოქუფრული ღრუბლები იმდენჯერ გადაიყარა, რომ თითქოს წაუქცეველ ფიგურად ჩანდა, რას ემსხვერპლა ამჟამად, ძნელი გასაგებია. პრობლემა სუბელიანში არაა – ის ამ ბოლო დროსაც უსეთივე სტანდარტულად უსარგებლო და მატყუარა იყო, როგორც ყოველთვის. პრობლემა მოახლოებულ არჩევნებშია, როცა ხელისუფლებამ აშკარად დაინახა, რომ უკვე ძალიან უჭირს ლტოლვილებში ხმების მოგროვება და ლტოლვილებს მათი ცრუ დაპირებების აბსოლუტურად აღარ სჯერათ. უმუშევრად დარჩენილი და ტრაპაიძის დასასაქმებელი სუბელიანი იქეთ იყოს და გიგი უგულავამ ამ კვირაში კიდევ ერთი მტკივნეული დარტყმა მიიღო – სახალხოდ გაცხადდა, თანაც სამღვდელოების საკმაოდ პოპულარული წარმომადგენლის მხრიდან, რომ სწორედ გიგი უგულავა არის ის ადამიანი, რომელიც ეკლესიის საქმეებში ჩარევას და პარტრიარქისადმი ხმამაღლა ლაპარაკს და მუქარის გამოყენებას ბედავს. ის, რომ ამ სატელევიზიო სიუჟეტს საპატრიარქოს მხრიდან უარყოფა არ მოჰყოლია, იმას ადასტურებს, რომ უგულავას „მოთხრა“ სწორედ საპატრიარქოს სურვილით და ფარული თანხმობით მოხდა. საინტერესო ისაა, რომ როცა უმაღლეს ხელისუფლებაში მრავლადაა ათეისტებიც, აგრესიული ანტიკლერიკალებიც და სხვა სარწმუნეობის მიმდევრებიც, სწორედ უგულავა გახდა ის პირი, რომელიც ბოლო ხანებში საპატრიარქოს სულ უფრო ფართო ფენების მხრიდან სულ უფრო მზარდი მიუღებლობის შეგრძნებას იწვევს, რადგან აქ ის პრინციპი მოქმედებს, ხემ რომ თქვა, – ნაჯახი რას დამაკლებდა, ჩემი ჯიში რომ არ ეგოს ტარადაო…  ყოფილი სტიქაროსნის მხრიდან საპატრიარქოს საქმეებში აქტიური ჩარევა გახდა ამ, გარკვეულად უკურექციის მიზეზი. არადა, რამდენიმე წლის წინ, როდესაც ნაციონალური მოძრაობის მხრიდან მომავალი პოტენციური ლიდერის  მიმართ სამღვდელოების დამოკიდებულებაზე ვფიქრობდი, სწორედ გიგი უგულავა მეჩვენებოდა იმ პიროვნებად, რომლის მიმართ (სხვათა ფონზე) ეკლესია შეიძლებოდა უფრო ლოიალური ყოფილიყო. ახლა ეს ძალიან ნაკლებსარწმუნოდ ჩანს. ასე რომ, გიგი უგულავა „კვირის წაგებულის“ წოდების უალტერნატივო გამარჯვებულია. და თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ხელისუფლება წინასაარჩევნო ფოჩიანი კამფეტის სახით მალე უგულავას ფანასტიური ინოვაციის – დენზე მიბმული ნაგვის გადასახადის – გაუქმებას აპირებს, მოსალოდნელია, რომ ტანად გიგის “შალაბანები” კიდევ ელოდება.
8.      რაც შეეხება ისეთ ახალ მინისტრებს, როგორც დალი ხომერიკი და ხატია დეკანოიძე არიან, სერიოზული კომენტარისაგან თავს შევიკავებ.
უნდოდათ ქალები და დანიშნეს ქალები! ძირითადად ესაა…
მიშას ყოველთვის უნდა ქალები! და მთავრობაშიც/ირგვლივაც რომ უნდა, ქალები მეტი იყოს, ეს მისი პირველი დღიდან და პირველი განცხადებიდან გვახსოვს. სხვათა შორის, ბევრს გაუკვირდა მისი „ხუმრობა“ – „პრემიერ-მინისტრიც გვინდოდა ქალი ყოფილიყო, მაგრამ მთლად არ გამოგვივიდაო!“, რომ განაცხადა ვანო მერაბიშვილის დანიშვნის შემდეგ. არადა,  („ყოველივე ახალი – კარგად დავიწყებული ძველია!“)  ზუსტად ეს ფრაზა წარმოთქვა მიშა სააკაშვილმა ჟვანიას დანიშვნის დროსაც და ასე მგონია, რომ ვანო მერაბიშვილს უფრო სწორედ მოკლულ პრემიერ-მინისტრთან ეს პარალელი ემცხეთებოდა უფრო მეტად და არა ის საკმაოდ გამჭვირვალე და უხერხული კონტექსტი, რაც სხვებს გაუჩნდათ სააკაშვილის „ხუმრობის“ შემდეგ.  მაგრამ ახლა „ქალების მონდომებას“ სხვა მიზეზიც ჰქონდა: მთავრობის ამ კარუსელამდე რამდენიმე დღით ადრე საქართველოში NDI-ის დელეგაცია იყო და ამ ორგანიზაციის პრეზიდენტმა კენეტ ვოლაკმა საკმაოდ სერიოზული რამდენიმე რეკომენდაცია გააცხადა მთავრობის მიმართ, რომელთა ფონზე შედარებით ნაკლებმნიშვნელოდ და ყველაზე საყველპუროდ მე ეს ჩავთვალე – კარგი იქნება, ხელისუფლების სხვადასახვა შტოებში წარმოდგენილ ქალთა რაოდენობა თუ გაიზრდებაო! ჰოდა, მეტი რა უნდოდათ ნაცმოძრაობის პლუტოკრატებს! დანარჩენი (და ძალიან მნიშვნელოვანი!) რეკომენდაციები – ძალადობას შეეშვით, ყველასთვის ამომრჩევლისადმი თანაბარი ხელმისაწვდომობა უზრუნველყავით და “Must Carry” არჩევნების დღის შემდეგაც გააგრძელეთო – ცალ ყურშიც კი არ შეუშვიათ, და მაინდამაინც ეს – „ქალები მეტად!“ აიტაცეს და სამ დღეში საქმედ აქციეს! სწორედ იმიტომ, რომ სათქმელი ჰქონოდათ – NDI-ის რეკომენდაციებს გულისყურით ვისმენთ და აგერ, ერთი სასწრაფოდ გავითვალისწინეთ კიდეც, დანარჩენებზო ვფიქრობთო! კიდევ კარგი, NDI-იმ ისიც არ დაიბარა, არჩევნებს მაინცდამაინც 5 რიცხვში ნუ ჩაატარებთო, თორემ ეგეც ექნებოდათ უკვე ასრულებული და მათ თავმომწონეობას საზღვარი არ ექნებოდა…
9.      არის კიდევ ერთი ახალი მინისტრი, რომელიც არა მარტო ახალი მინისტრია, არამედ ახალი სახელმწიფო სამინისტროს თავკომბალაცაა! აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ხელისუფლებამ, რომელმაც თავიდან სამინისტროების შერწყმით და ეკონომიკაში სახელმწიფოს მხრიდან ნაკლები ჩარევის მოწოდებებით დაიწყო, ახლა (8 წლის მერე!) სამინისტროების დაყოფა და სოციალისტურ ლოზუნგებზე გადასვლა შემოგვთავაზა.  თავად ეს სახ.მინისტრი, ვინმე პაატა ტრაპაიძე, იმითია ძალიან საინტერესო, რომ მისი წინა ორი ქმნილება – ანაკლიის ხიდი და ქუთაისის პარლამენტი – სააკაშვილის მიერ დასრულებულად გამოცხადებიდან რამდენიმე დღეში კატასტროფულად დაინგრა. ეს კაცი ასევე მორიგი მარიონეტი მგონია, მაგრამ თავად სამინისტრო და ის ფუნქცია, რაც მას დაეკისრა, ხოლო კიდევ უფრო მეტად, – ის მეთოდი, რომლითაც მან თავისი „ფუნქცია“ უნდა განახორციელოს, ძალიან საყურადღებო ჩანს და ამაზე ქვემოთ მოგახსენებთ.

ტენდენციები:
1)      მიშა ყველანაირად შეეცდება, რომ გავარდნილი ხმა – „მიშა პუტინობას აღარ აპირებს, ზეძლიერი პრემიერი ვანო იქნება!“ განამტკიცოს და თავის მომავალზე შეკითხვების დასმა დაავიწყოს ყველას – “მაესტროდან” დაწყებული და “როიტერით” დამთავრებული…  სამაგიეროდ, ხშირად გამოვა ვანოსთან ერთად და დავალებებს მისცემს, რომ მომავალში (თუ მისი ოცნება ახდა და არჩევნები ისე გააყალბა, რომ გაუვიდა), უცებ მოატრიალოს კეხი და ყველას შეგვახსენოს, რომ სწორედ მისი მზრუნველი ხელმძღვანელობის წყალობით შეძლო ვანომ ის, რაც შეძლო! სააკაშვილს მერაბიშვილი 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე სჭირდება პრემიერად, ხოლო შემდეგ პრემიერის ვინაობა (მიშასთვის მაინც!) გარკვეულია – „მიშა, მხოლოდ მიშა და არავინ მიშას გარდა!“ იმ ჰიპოტეთური ვარიანტის გარდა, თუ ავთანდილ კონსტიტუციათერძი დემეტრაშვილი რაიმე ახალ თარგს არ გამოჭრის (მიშას მზრუნველი ხელმძღვანელობის წყალობით, რასაკვირველია). აქვე უნდა ხაზი გავუსვათ ძალიან მნიშვნელოვან ფაქტს, რომელსაც არ იმჩნევენ დღემდე რატომღაც დასავლელი ექსპერტები – საქართველოს პრეზიდენტმა ისე მოიფიქრა, ისე დაგეგმა, ისე წარუდგინა მთელ საქართველოს და მსოფლიოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი და ისე მიულოცა ეს დანიშვნა და ისე დაჰკრა მხარზე ხელი და უთხრა, აბა წავედით და საქმეს შევუდგეთო, რომ პარლამენტის მხრიდან პრემიერის სავალდებულო დანიშვნის პროცედურა არც კი გახსენებია! ახლა ხომ აშკარა გახდა, როგორ პოლიტიკურ რუდიმენტად აქცია სააკაშვილმა პარლამენტი და რატომ გადააქვს ეს სტრუქტურა დედაქალაქიდან 220 კილომეტრში?
2)      მერაბიშვილი სულ მალე იგრძნობს, რა ძნელია, როცა ჟურნალისტებს უნდა უპასუხო და უწინდელივით ფეხებზე ვეღარ დაიკიდებ. უკვე ნახა! – იმ ეთერშიც კი, რომელიც ნინო ჟიჟილაშვილს ზედმეტად რბილად ჩაუთვალა აუდიტორიის დიდმა ნაწილმა, მერაბიშვილი საცოდავად ბლუკუნებდა, მუდმივად (შეკითხვის-და მიუხედავად)ორ ფრაზას ატრიალებდა და როგორც ია ანთაძემ მოსწრებულად აღნიშნა, სრული „სეფერთელიძეიზაცია“ დაემართა! ვანომ არ იცის, რაა, როცა შენი პოლიციის მიერ საცხოვრებლებიდან რტყმევით გამოყრილ  და დახურული ავეჯის ფურგონებით გადასახლებულ ლტოლვილებს უნდა ელაპარაკო… როცა უნდა ელაპარაკო იმ ხალხს, რომელსაც ქონება აახიე და აუხსნა, რომ ახლა, თურმე, მათ დასაქმებას აპირებ! როცა ყოველდღე გაგახსენებენ გირგვლიანს და ენუქიძეს, 7 ნოემბერს, ომს, ათას მამაძაღლობას და შენ ეს უნდა ისმინო… რომ მხოლოდ ლოგოპედის გაკვეთილება არაა საკმარისი კითხვებზე პასუხის გასაცემად… უკვე იგრძნო დღეს და ჯერ სად ხარ, ვანო… შენ არ იცი, რომ ვახტანგ გორგასლის შემდეგი ორდენი კი გელოდება, მაგრამ – „პასმერტნო“! (პოლიტიკურ სიკვდილს ვგულისხმობ, თუმცა სხვები, ვინ იცის, რას გულისხმობენ).
3)      ძალიან საინტერესო მგონია დასაქმების სამინისტროს იდეის სასწრაფოდ მოფიქრება და ელვისებური რეალიზაცია. საერთოდ ისიც ხომ აღსანიშნავია, რომ მთელი ეს სამთავრობო სუპერკარუსელი დაიწყო ამ მოწვევის პარლამენტის ბოლო სესიის დახურვიდან ორ დღეში (!) და არავითარი განხილვები, მოფიქრებები, მსჯელობები და დისკუსიები ყველაფერ ამის თაობაზე – ახალი სამთავრობო პროგრამა, ახალი მინისტრები და ახალი პრემიერ-მინისტრი  – მათ შორის ახალი სახ. მინისტრის აპარატის ფუნქციების განხილვაც კი – არ ყოფილა! ხომ მაგარი ნიშანია დემოკრატიული სახელმწიფოსი?!  მაგრამ მოდით, განვიხილოთ რა იქნება ამ სამინისტროს ფუნქცია, რომელსაც ფორმალურად ვინმე პაატა ტრაპაიძე უხელმძღვანელებს, ხოლო რეალურად – ამირან მესხელი, რომელსაც ვანო მერაბიშვილის მეგობრობის და პარტნიორობის (ხოლო ზოგის აზრით – მენტორობისაც!) ხანგრძლივი სკოლა აქვს გავლილი აქვს. თურმე ეს სამინისტრო მოაგროვებს და შექმნის მონაცემთა ბაზას საქართველოში ყველა უმუშევრის შესახებ! ძალიან საინტერესოა, რომ მაშინ როცა მინისტრი ტრაპაიძე აღიარებს, რომ საქართველოს სახელმწიფოს არ გააჩნია სანდო მონაცემები უმუშევართა რაოდენობაზეც კი, პრემიერ-მინისტრი  უკვე პატაკს აბარებს პარლამენტში, რომ 273,000 უმუშევარი დასაქმდება. ხოლო იმისათვის, რომ უმუშევრები არ შეწუხდნენ, მათ კი არ მოუწევთ მისვლა ტრაპაიძის უწყებაში (ხომ გადაქელეს 900 ათასად დაფინანსებული 30 დასაქმებული თანამშრომელი), არამედ 3,000 სოციალური აგენტი! – 25 ივლისიდან 9 ნოემბრამდე დასაქმების სამინისტროს მიერ დაქირავებული 3000 რეგისტრატორი (!) მოქალაქეებს სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის კითხვარებს შეავსებინებს. მოქალაქეებთან ვიზიტი კი ელექტროენერგიის სააბონენტო ნომრის მისამართების მიხედვით განხორციელდება. ”ამ ბაზის ანალიზი, გეოგრაფიის მიხედვით, ასაკის მიხედვით, პროფესიების მიხედვით, ანუ ვინ არიან დაუსაქმებელნი. პარალელურად ვიმუშავებთ უმუშევრის სამართლებრივი სტატუსის შექმნაზე, რადგან ჩვენ უნდა ვიცოდეთ ვინ არის უმუშევარი”, – ამბობს პაატა ტრაპაიძე.  და განმარტავს, რომ უმუშევართა ბაზის დამუშავების შემდეგ ბაზაში დარეგისტრირებულ მოქალაქეებს სპეციალური ტესტირების გავლა მოუწევთ, რის შემდეგაც დადგინდება მათი პროფესიონალიზმის ხარისხი და, შესაბამისად, დასაქმების შანსი, ამატებს რა, რომ უმუშევარნი და სამუშაოს მაძიებელნი, საჭიროებისა და სურვილის შემთხვევაში, გადამზადების კურსებსაც გაივლიან. მოკლედ ჩატარდება კიდევ ერთი სახელისუფლებო „კარდაკარ“, როდესაც საქართველოში მცხოვრები დაახლოებით 2 მილიონი შრომის ასაკისუნარიანი მოსახლიდან, რომელთაგან დღეს ხელფასს მხოლოდ 670,000 ღებულობს, ხოლო 1,4 მლნ – „ნატურით“ ცხოვრობს, ბინაზე მოვლენილი 3000 რეგისტრატორი (ჩათვალე – ნაცმოძრაობის მამაშა სოცაგენტი, შერჩეული ამირან მესხელის სტანდარტებით) გამოარკვევს, ვინ რით სუნთქავს და მერე ამ უმუშევრების პოლიტსანდოობის მიხედვით გადაწყვეტს – „ამას – შინ ჯდომა, ამას – დასაქმება!… ამას – შინ ჯდომა, ამას – დასაქმება!“ თან რამდენადაც ბაზა ნოემბერში დასრულდება, მთავრობა უმუშევრობის ამოცანის “გადაჭრაზე” არჩევნებამდე ერთ თეთრსაც არ დახარჯავს (თუ 3000 მამაშის 3 თვიან ხელფასს – დაახლოებით 1,5 – 2 მილიონ ლარს არ ჩავთვლით) და მხოლოდ ცარიელი დაპირებებით და „მესხელური დარწმუნების“ მეთოდებით  აიძულებს ასეულ ათასობით უმუშევარს მომავლის ფუჭი იმედით მხარი ნაცმოძრაობას დაუჭირონ. თუ 273,000 უმუშევარს დავამატებთ კიდევ მათი ოჯახების 2-3 წევრს, გამოდის, რომ ამ ახალი სიაფანდობით ხელისუფლება სადღაც 600-700,000 ხმის მოსყიდვას ცდილობს – ცალ მხარეს მომზირალი ნათია მოგელაძის სრული ლოცვა-კურთხევით და გამოლაზიკებული ლუის ნავაროს ნეტარმორწმუნეობრივი თვალისდახუჭვით, რასაკვირველია!

4)      მოგელაძემ უკვე ამოიღო ყველაფერი, რისი ამოღების შანსი ჰქონდა. მალე დაიწყება ამ გამდიდრების სპეცოპერაციის უკუეფექტი – „ქართუ ბანკის“ და „ქართუ ჯგუფის“ დაყადაღების პროცესი გადავა საერთაშორისო ასპარეზზე, რაც მიშას დასავლური – ბიზნესპრომოუტერის – იმიჯის კრახის დასაწყისი იქნება.  არაა გამორიცხული, მოგელაძის უწყება ახლა არასამთავრობო ორგანიზაციებს და რეგიონალურ ტელევიზიებს შეუსიონ. რადგან ფაქტია, რომ არჩევნების ლეგიტიმაციაში ამ ორი სექტორის როლი გადამწყვეტი იქნება და ხელისუფლება დროზე ეცდება მათ სისხლი გამოაცალოს და დააშინოს.
5)      ევროპარლამენტის მოსმენები სერიოზული სილა იყო სახელისუფლებო მანქანისათვის – აქამდე ვაშაძე-ბოკერია-ჩერგოლეიშვილი-მინაშვილი-ცისკარიშვილი-თაქთაქიშვილი და თარგამაძეც (!) ახერხებდნენ იმას, რომ ევროსაბჭოს და ევროპარლამენტის სტრუქტურებში მიშას ანტიდემოკრატიულობის საკითხი მხოლოდ კულუარული საუბრების თემა ყოფილიყო და არა მოსმენების და გარჩევების. ნამდვილად შეიძლება ეს ყველაფერი ივანიშვილის ლობისტებს დააბრალო, მაგრამ ისიც ხომ ფაქტია, რომ სააკაშვილის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე დაქირავებულ  ლობისტებს აქამდე უპირობო მონოპოლია ჰქონდათ,  თანაც მათ მხარს უმაგრებს საქართველოს 30-მდე საელჩო და დიპკორპუსი, რომელიც საჯარო მოხელეობიდან ნაცმოძრაობის პარტიულ ფუნქციონერებად იქცნენ. მართალია, მოსმენებზე გამომსვლელ ეროპარლამეტართა საკმაო ნაწილმა ივანიშვილის ოლიგარქობას და რუსეთის კარტის განხილვას დაუთმო დიდი დრო, მაგრამ ჯერ ერთი, ეს მხოლოდ ორი ფრაქცია იყო – ევროპის სახალხო პარტია და … კომუნისტები (!). მათგან პირველი ფრაქცია მიშას პარტიის დედობილია ევროპაში და ახლა აპირებენ ბათუმში გრანდიოზული შარაფ-კონფერენციის ჩატარებას და ევროკავშირის სახელით მიშას წინასაარჩევნოდ კურთხევას. მათ შორის არის ხალხი, რომელიც ყველაფერს იმის მიხედვით ლაპარაკობს და აზროვნებს, არის თუ არა რომელიმე პოლიტიკური მოღვაწე რუსეთის გამოცხადებული მტერი, რომელიც მზადაა რუსეთის დარტყმა თავის ქვეყანაზე მიიღოს და იმპერიას კიდევ ერთხელ ნიღაბი ჩამოაგლიჯოს… 1989 წელს ვიტაუტას ლანდსბერგისი მეც მიმაჩნდა ქართველი ხალხის ძალიან დიდ მეგობრად, მაგრამ დღეს ეს მხცოვანი ადამიანი რომ აბსოლუტურად ვერ ერკვევა იმაში, ვინაა ქართველი ხალხის ლიდერი და ვინ – ქართველი ხალხის წურბელა და ქართველთყლაპია, ეს აშკარაა. კიდევ უფრო საინტერესო იქნება მსგავსი მოსმენების გამართვა ამერიკაში, სადაც პოლიტიკურ პროცესში ჩაბმული პირისათვის ქონებრივი მდგომარეობის გამო სპეციალური და არნახული შეზღუდვების დაწესება ნონსენსია! იქ პირიქით, ძალიანაც მიესალმებიან, რომ ხელისუფლებაში მდიდარი და უზრუნველყოფილი ადამიანი მოდის და არა მიშას და ვანოსნაირი „გაღლეტილები“, რომლებსაც მერე სახელმწიფო ბიუჯეტის საკუთარ ჯიბეში გადაქაჩვის მაღალი ხარისხის ცდუნება ექნებათ.
6)      ჩვენ ყველა მალე ვიგრძნობთ ხელისუფლების ძირითად ტაქტიკას არჩევნების მოსაგებად – „ძალადობა! ძალადობა! ძალადობა!“
უკვე სახეზეა ცალკეული მონახაზები და სქემები, რომელთაც ახალაიას ბანაკი ამუშავებს და შეეცდება გამოიყენოს:
a.       ტაქსებში მძღოლად გაფორმებული პოლიციელები, რომელთა ამოცანა ჯერ ყასიდად ხელისუფლების, ხოლო შემდეგ ივანიშვილის გინება იქნება და იმის „ფაქტები“, რომ ივანიშვილი რუსული პროექტია…
b.      ივანიშვილის შეხვედრებზე დაძაბულობის შექმნა ნაცმოძრაობის აქტივისტების ოჯახის წევრების (განსაკუთრებით – ქალების და ახალგაზრდების) აქტიურად გამოყენებით; ქართული ოცნების საწინააღმდეგოდ ნაცმოძრაობის უკვე გაშიფრული სატელიტი პარტიების – ქრისტიან-დემოკრატების, ახალი მემარჯვენეების, ლეიბორისტების, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის, გია (პადოშა) თორთლაძის, ირაკლი წერეთლის და სხვა მოტივტივე, მიძინებული თუ დანაფტალინებული ”პოლიტიკოსების” გამოყენება;
c.       მე-9 არხის, მაესტროს და რეგიონალური ჟურნალისტების მიმართ ფსიქოლოგიური ტერორის კამპანია, რომელიც უკვე   დაიწყო და სულ უფრო ფართოვდება ყალბი ლოზუნგით „ჟურნალისტები ამხელენ ჟურნალისტებს!“ აქ გათვლა იმაზეა, რომ ფსიქოლოგიური პრესით გატანჯულ ნორმალურ ჟურნალისტებს ნერვები უმტყუნებთ და თავადაც დაიწყებენ პროვოკატორ-ურნალისტებისთვის ”ხურდის დაბრუნებას”, რის შემთხვევაში მათ მიმართ ადმინისტრაციულ ღონისძიებებს გაატარებენ…
d.      ზონდერბრიგადების ჩართვა შს ოფიციალურ სტრუქტურებში (ძირითადად  კუდ-ში) და პოლიციის უფრო მსაშტაბური გადაკეთება პოლიტიკურ პოლიციად (გესტაპოდ);
e.       ციხეებიდან პირობით და ვადამდე გამოშვებულების, განსაკუთრებით – ნარკომანების, კონტრაქტირება ზონდერბირგადების ცვლის დასაკომპლექტებლად, მათი ოჯახის წევრების ჩათრევა ოპოზიციის საწინააღმდეგო მიტინგებში და აქციებში;
f.        ერთი რაიონის ზონდერბრიგადების გადასროლა მეორე რაიონში და – პირიქით (რაც საქართველოს კუთხეებს შორის სამოქალაქო შუღლის გაღვივების მცდელობის და საქართველოს კიდევ უფრო მეტად გათიშვის ნაცმოძურ ამოცანასაც პასუხობს);
g.       ტერაქტების მოწყობა სხვადასხვა პრო-სამთავრობო სტრუქტურებში – გაზეთები, ტელევიზია, ასევე რიგ ბანკებში და ამ ტერაქტების შედეგად – ქართული ოცნების ატრიბუტიკის ამოღება, ან ქართული ოცნების აქტივისტებად გასაღებული დავერბოვკებული აგენტების „აღიარებები“ საჩვენებელი იარაღის ამოღებებით და „ენვერიადის“ მორიგი სერიალებით.

მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან ადვილად იშიფრება და უკვე ვეღარ შეიყვანს შეცდომაში ვერც ქართულ საზოგადოებას, და ვერც – უცხოელებს (თუ ლუის ნავაროს კალიბრის მხარედქცეულ რამდენიმე პირს არ ჩავთვლით). და ძალიან ამაზრზენია იმისათვის, რომ თუნდაც ლიზეკის ან ლანდსბერგისის ან ნავადვორსკაიას მხარდაჭერა გარანტირებულად ჰქონდეთ. დღეს ნაციონალურ მოძრაობას როგორც თანხების, ასევე – „კრეატიული“ იდეების და უკვე შემსრულებლების დეფიციტიც აქვს. თუ მხედველობაში არ მივიღებთ ჟურნალისტის ბირკებით და მიკროფონ-კამერებით  შეიარაღებულ უბირ ლაწირაკებს, რომელთაც 2003 წელი ვერ ემახსოვრებათ, დანარჩენებს გვახსოვს, რომ ზუსტად ანალოგიურად შევარდნაძის ხელისუფლების დაისი მაშინ დაიწყო, როცა ხალხი მიხვდა, რომ მთავრობას მათი ოჯახის წევრების და რამდენიმე ასეული ყველაფერზე მზადმყოფის მეტი მხარს არავინ უჭერდა. ნებისმიერი ის ზონდერი( და მათი სრული რიცხვი 3000-ც კი არ იქნება), რომელიც კადრში ხვდება და იშიფრება, იმ დღიდანვე – მეზობლების და ნაცნობებს დამოკიდებულებით უკვე მშვენივრად გრძნობს, რომ ის უმცირესობაშია, და როცა მიშა და მისი გუნდი თავს მშვენივრად უშველის გაქცევით, მათ პასუხის გაცემა მოუწევთ საკუთარი მეზობლების და ახლობლებისათვის, ვისაც ახლა ძალადობის ობიექტებად უსახავენ.  

სააკაშვილის მთავარი პრობლემა იმაშია,  რომ მან ასე თუ ისე პოპულარული ვანო, და დასავლეთში ასე თუ ისე ჯერ კიდევ დემოკრატის და დასავლელის იმიჯის მქონე ბოკერია „ჩააჩოჩა“ და სრული ბანდიტები მოიყვანა ხელისუფლებაში: ახალაიები და ქარდავები ხომ ის სისხლისმსმელი ავაზაკებია, რომლებიც ყველას სძულს – მათ შორის თავად ნაცმოძრაობის წევრებსაც! აქამდე მიშა ეყრდნობოდა პატრულს, ლიბერტარიანელებს, საჯარო მოხელეებს, სკოლების პერსონალს… მაგრამ ახალაიების და ქარდავების გამეფება ხომ ის საშინელებაა, რაც არცერთ ამ კატეგორიას არ მოეწონება! როგორ წარმოვიდგინო, რომ ე.წ. ”მედასავლეთე ინტელექტუალები” – გია ნოდია, ალექს რონდელი, კახა ლომაია, თემურ იაკობაშვილი,  და სხვები – ახალაიების და ქარდავების მანქურთულ-ზონდერული ოპრიჩნინის მომხრეები გახდებიან? თუ გახდებიან და ამით საკუთარ თავს და შთამომავლებს გამოუტანენ სამარცხვინო განაჩენს ისტორიის სამსაჯავროზე.

ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობა ხვდება, ვისთან აქვს საქმე – ეს არის საქართველოს სახადი, რომელიც მანამ უნდა მოვიშოროთ, სანამ სულ არ მოგვაშთო და დაგვახრჩო.

ეს არის როგორც ნეტარი ავგუსტინე განმარტავს – ხელისუფლება კანონის გარეშე – ანუ ავაზაკთა ბანდა, რომელიც ჩვენს ნაშრომს, ნაჯაფს, ჩვენს მიწას, ჩვენს კულტურას, ჩვენს საგანძურს, ჩვენს ტყეებს, ჩვენს მდინარეებს, ჩვენს ჯანმრთელობას, ჩვენს შვილებს გვართმევს… და უნდა ეს ყველაფერი ისე მოზილოს და გადაზილოს, რომ არც ქართული აღარ იყოს და არც – ჩვენი!

მათ უნდა ტარასი შავშიშვილების, ბაჩო და დათა ახალაიების, მეგის და ლევან ქარდავების, ნუგზარ წიკლაურების, მიშა თავხელიძეების, ქეთა გაბიანების, დავით ახლოურების საქართველო გამოძერწონ, სადაც ჩვენი და ჩვენი შვილების ხვედრად მხოლოდ მონობას და პირ-უტყვობას დაგვიტოვებენ. მათ უნდათ ჰქონდეთ მარადიული უფლება, ურტყან ნებისმიერ ქართველს, ვისაც ისინი არ მოსწონს… ჰქონდეთ უფლება 7 ქართული სოფელი ჩალის ფასად მიჰყიდონ ირანელ „ბიზნესმენს“. მათ უნდათ თურქების ბორდელად გადაქცეული აჭარა და ქართველებისაგან დაცვლილი და ჩინელებით ავსებული იმერეთი და კახეთი… მათ უნდათ დაგვტოვონ უმუშევრები, გვაყურებინონ ჩვენი დამშეული ოჯახების გაჭირვებას… გვაიძულონ, გადავიხვეწოთ საზღვარგარეთ და საკუთარ შვილებს და მშობლებს დანატრულებს იქ სხვისი მშობლების და შვილების მოვლაში გვძვრებოდეს სული… უნდათ, ყველას გაგვიყიდონ სახლები ბანკის ვალებში, რათა მერე მათ მიერ დაქურავებულ მანქურთებად ვიქცეთ და ყველაფერი თავად გავყიდოთ – ჩვენი სიცოცხლის და სინდისის ჩათვლით… მათ უნდათ მანდატურებით გავსებული სკოლები, სადაც ჩვენს შვილებს მიშმადიდებელ უსულო რობოტებად გამოზრდიან და სახლებში ჩვენს მაკონტროლებელ ჯაშუშებად დაგვიბრუნებენ.

მათ უნდათ სამუდამო ბატონობა ჩვენზე…

მათ უნდათ, როცა მოუნდებათ, დახოცონ ჩვენი ახალგაზრდები, გააუპატიურონ ჩვენი ქალიშვილები და ცხვირში ძმრად მუდამ ამოგვადინონ ის, რომ საქართველოში მანქანებს აღარ იპარავენ, გვაქვს შუქი (ღრმად შეიტენეთ მსოფლიოში ყველაზე ძვირი დენი ზედ მიბმული ნაგვით, რომელსაც ახლა თურმე ორი თვით დროებით გაგვიუქმებთ!) და 80 კმ ბეტონის გზა, რომელზეც მალე ფეხით მოგვიწევს სიარული, რადგან მათი ბენზინის ფასს ჩვენს ვეღარ შევწვდებით!

… და ამას ყველაფერს მჟღერი სიაფანდი სახელი ჰქვია -
-         „უფრო მეტი სარგებელი ხალხს!“

საინტერესოა, ეს რომელ „ხალხს“ – უფრო მეტი სარგებელი?

ალბათ იმ „ხალხს“, ვისაც უკვე ძალიან ბევრი სარგებელი აქვს და კიდევ უფრო მეტი უნდათ?!
მაგალითად, გიგი უგულავას, რომლის სანათესაო მთელ პლეხანოვს დაეპატრონა! ან – გია უდესიანს, რომელმაც ნახევარ საქართველოს ბიზნესი აახია! ასევე – დავით კეზერას, რომელიმაც მთელი საქართველო ნაბადივით გათელა და მერე იეფად ისრაელში გადაიტანა და იქ დააბანდა! და კიდე კახა ბენდუ ბენდუქიძეს, რომელიც პუტინის ერთგული ოლიგარქი იყო და ახლა მიშას ერთგული ოლიგარქია!..

და რატომაც არა – მიშას, ერთადერთს და განუმეორებელს, რომელიც მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზის მიუხედავად კიდევ დიდხანს და დიდხანს აპირებს ჩვენს ხარჯზე უფრო მეტი და მეტი სარგებლის მიღებას?!..


P.S. მურად გორგაძე, რომან სურმანიძე, მარად ართმელაძე – სამი უდანაშაულო აჭარელი ახალგაზრდა, რომლებიც  2006 წლის 1 დეკემბერს ჩამოვიდნენ თბილისში ნავთლუღის ბაზართან მათი განადგურების მიზნით და შეთითხნილი ბრალდებით სპეცოპერაციის დამგეგმავმა დათა ახალაიამ საკუთარი ხელით დახვრიტა!

http://natiarokva.blogspot.com/2009/05/blog-post_153.html

http://www.youtube.com/watch?v=CWIoTmvsV4Y

ასე იწყებოდა „უფრო მეტი სარგებელი ხალხს!“


ღია წერილი აშშ სახელმწიფო მდივანს, ქალბატონ ჰილარი როდჰემ კლინტონს


ძვირფასო ქალბატონო ჰილარი,

ჩვენ ბევრჯერ გვსმენია ამერიკის ადმინისტრაციის ლამის ყოველი ოფიციალური პირისაგან განცხადება, რომ საქართველოში 2012 და 2013 წლის არჩევნების დემოკრატიულად და ტრანსპარენტულად ჩატარებას და ძალაუფლების ოფიციალურ გადაცემას უაღრესად დიდი მნიშვნელობა ექნება, როგორც საქართველოს ხელისუფლების დემოკრატიულობის ლიგიტიმაციისათვის, ასევე – თავად ქვეყნის ნატოსა და სხვა ევროპულ ინსტიტუტებში ინტეგრაციის დაჩქარებისათვის. ჩვენთვის მართლაც მნიშვნელოვანი იყო თქვენს მიერ ამ ცოტა ხნის წინ ბათუმში სტუმრობისას ამ განცხადების ხელმეორედ საჯაროდ დადასტურება.

კარგად მესმის, რომ დიპლომატიური ეტიკეტი პოლიტიკური მანევრირების, ქვეტექსტების და ღმერთმა-ჰქნას-და-იქნებ-გამოვიდეს იმედების საკმაოდ რთული (მაგრამ საჭირო)  ნაზავია… ეს შეიძლება კიდევ უფრო რთული და კიდევ უფრო საჭიროც კი იყოს, როცა საქმე პოლიტიკურ პარტნიორს ეხება. ისიც კარგად მესმის, რომ ნატო-ს ISAF ოპერაციებში მონაწილეობამ, სხვა პოლიტიკური მომენტებმა და თავად სააკაშვილის მიერ დასავლური დემოკრატიის პრინციპების ფასადურად ათვისებულმა უნარ-ჩვევებმა ხელი შეუწყო ამ პიროვნების ამერიკის პოლიტიკურ მოკავშირედ აღქმას. მაგრამ მიხეილ სააკაშვილი სინამდვილეში არ არის დასავლური დემოკრატიული ფასეულობების მოზიარე და, ამდენად, რეალობაში აშშ ადმინისტრაციის ისეთივე „მოკავშირედ“ თუ გამოდგება, როცა ანასტასიო (ტაჩო) სომოსა იყო ფრანკლინ რუზველტისათვის.  ეს „ალიანსი“ კი რა „დიდებულად“ დამთავრდა და როგორი შედეგები მოუტანა მან ნიკარაგუელ ხალხსაც, და – გრძელვადიან პერსპექტივაში – აშშ-ნიკარაგუის ურთიერთობებსაც, კარგადაა ცნობილი. და ვერ წამომიდგენია თანამედროვე ამერიკელი პოლიტიკოსი, რომელიც იგივეს ისურვებდა ამერიკულ-ქართული ურთიერთობების განვითარების მხრივ. შეიძლება ეს ჩემი გულუბრყვილობაა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ აშშ ადმინისტრაციისათვის დემოკრატიული ფასეულობების და პრინციპების ერთგულება უფრო მაღლა დგას, ვიდრე დიპლომატიური ეტიკეტი და რეალპოლიტიკის წესები.

ბ-ნი სააკაშვილი, რომელიც სულ უფრო მეტად და მეტად ეშვება ქვევით 2008 წლის შემდეგ, წარმოადგენს ჭირვეულ ბავშვს (“L’Enfant terrible”) დასავლური დიპლომატიისთვისაც და – კიდევ უფრო მეტად და უფრო სავალალოდ – ქართული საზოგადოებისათვისაც. მისი ვარსკვლავის კაშკაშა ამობრწყინება და მკვეთრი ვარდნა წარმოადგენს იმის ნათელ მაგალითს, სადამდე შეიძლება მიიყვანოს უკონტროლო ძალაუფლებამ თუნდაც საკმაოდ იმედისმომცემი პოლიტიკოსი. სააკაშვილის დაცემა უცილობელი შედეგია 2008 წლის გაყალბებული არჩევნების „მოგებისა“, რომელიც მნიშვნელოვანწილად, ან – მთლიანადაც კი, იყო შედეგი დასავლელი ლიდერების მიერ მის მიმართ ავანსად გაცემული მცდარი მხარდაჭერისა, რომელიც სააკაშვილის მიერ დამსახურებული ნდობის ყველანაირ კრედიტს ცდებოდა. არჩევნების პროცესში დასავლელი ლიდერების ნაადრევი მილოცვები და არჩევნების „დემოკრატიის ტრიუმფად“ შერაცხვა იმ დროს, როცა ჯერ კიდევ ხმების დათვლაც კი არ იყო დამთავრებული, გახდა სააკაშვილის მიერ 2008 წლის არჩევნების (ჯერ საპრეზიდენტო და შემდეგ – საპარლამენტო) „მოგების“ ერთ-ერთი სერიოზული ფაქტორი. მაგრამ ამავე დროს სწორედ ამან გამოურეცხა საფუძველი სააკაშვილის გამარჯვების  ლეგიტიმაციას. საარჩევნო გადაცდენები და დარღვევები მას შემდეგ ბევრჯერ გახდა სხვადასხვა  – OSCE ODIHR, ევროსაბჭოს თუ აშშ სახ. დეპარტამენტის  – ანგარიშებში სინანულის (სამწუხაროდ –  ნაგვიანები სინანულის) მიზეზი:

„საერთაშორის დამკვირვებლების აზრით, 2008 წლის იანვრის საპრეზიდენტო არჩევნები უმრავლეს შემთხვევაში შეესაბამებოდა ეუთოს დემოკრატიული არჩევნების სულისკვეთებას. თუმცა, იყო მნიშვნელოვანი პრობლემებიც, მათ შორის დაშინების და ამომრჩევლებზე ზეწოლის ფართოდგავრცელებული მცდელობები, ხმათა არასწორი დათვლა და დაჯამება, და ხარვეზები საჩივრებისა და განაცხადების განხილვის პროცესში.  ეს და სხვა პრობლემები ასევე ლაქად დააჩნდა 2008 წლის მაისის არჩევნებსაც, რომელიც ეუთოს დამკვირვებლებმა არათანაბარ და საერთაშორისო სტანდარტებთან არასრული შესაბამისობის არჩევნებად ჩათვალეს.“ (აშშ სახ. დეპარტამენტის 2011 წლის ანგარიში მსოფლიოში ადამიანის უფლებების შესახებ)   

ნება მიბოძეთ, ეჭვი შევიტანო 2008 წლის იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების ეუთოს დემოკრატიული არჩევნების სულისკვეთებასთან შესაბამისობაში, რადგან სწორედ ეუთოს საბოლოო ანგარიშში წერია, რომ ამ არჩევნებში, სადაც მეორე ტურის არ-საჭიროება ხმათა მხოლოდ 3%-მა გადაწყვეტა, დამკვირვებელთა მიერ საარჩევნო უბნების 19%-ზე (!) ხმების ჩათვლა ჩაითვალა ცუდად ან ძალიან ცუდად!

ამ გაყალბებული არჩევნების შემდეგ იყო რუსეთის მიერ ეშმაკურად დაგებული ხაფანგი სამხრეთ ოსეთში, რომელშიც ბ-ნმა სააკაშვილმა თავქუდმოგლეჯილმა შეალაჯა მიუხედავად აშშ ადმინისტრაციის მხრიდან მრავალი გაფრთხილებისა… და ამის შემდეგ ბ-ნი სააკაშვილი სულ უფრო ქვევით ვარდება და როგორც თავად, ასევე მისი მთავრობაც, სულ უფრო დისტანცირდება დემოკრატიული ფასეულობებისა და პრინციპებისაგან. სადღეისოდ ის წარმოადგენს უცნაურ და საკმაოდ საშიშ შემთხვევას – ძალიან მცირე დოზით დრ. ჯეკილს და საკმაოდ „უხვად მომადლებულ“ მრ. ჰაიდს. აშკარაა, რომ პერიოდულად ამ ნაზავის დრ. ჯეკილად გარდასაქმნელად აუცილებელი წინაპირობაა ამერიკის ადმინისტრაციის მაღალი რანგის წარმომადგენლის გვერდით ყოფნა. თუმცა, როგორც კი „მონიტორინგის პროცესი“ სრულდება, გავეშებული მრ. ჰაიდი იმწამსვე თავს იშვებს და ისეთი ენერგიით და სისწრაფით ცდილობს ბოროტების ქმნის გაშვებული შესაძლობლების  ამოქაჩვას, რომ მაჰმუდ აჰმადინეჯადს და უგო ჩავესსაც კი შეშურდებოდათ!

თქვენს ვიზიტამდე ახლად გახსნილმა ოპოზიციურმა სატელევიზიო მე-9 არხმა თბილისის მასშტაბით მაუწყებლობის შანსი მიიღო, მაგრამ ეს მხოლოდ 2 დღე გაგრძელდა და თქვენი გამგზავრებისთანავე შეწყდა… ის „დარღვევა“, რაც საქართველოს ტელეკომუნიკაციების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ „აღმოაჩინა“, ამას იგი მანამდე წლების განმავლობაში ვერ ამჩნევდა სხვა – პროსახელისუფლებო ან გასართობი – არხების მიმართ, მაგრამ ახლა უცებ მაუწყებლობის ამ სახით გავრცელება საოცარ კრიმინალად და რაღაც მითიური ბიზნეს გარემოს საოცრად შემავიწროებელ ასპექტად იქნა შერაცხული.

თქვენს ვიზიტამდე მცირე ხნით ადრე მე-9 ტელეარხმა, როგორც იქნა, 6 თვის წვალების შემდეგ მოახერხა საჭირო აპარატურის აღდგენა იმ კონდიციამდე, რომ ეთერში გასულიყო. 6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა სახელმწიფო ტერორი ამ კომპანიის მიმართ, როცა საბაჟოზე უცხოეთიდან შემოსული ტექნიკური აღჭურვილობა უაზროდ დიდ ხანს ჩერდებოდა, ხოლო შემდეგ საბაჟოდან დაზიანებულ და უვარგის მდომარეობაში გამოდიოდა. დაზიანება რომ სწორედ ქართული საბაჟოს ტერიტორიაზე ხდებოდა, ეს დადასტურებული იქნა უცხოელი ექსპერტების მიერ და ასახულია სახ. დეპარტამენტის ადამიანის უფლებების ბოლო ანგარიშში. სამწუხაროდ, როგორც კი თქვენ წაბრძანდით, სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ეს ტერორისტული პრაქტიკა ოპოზიციური ტელეარხის მიმართ ისევ განახლდა!

სილქნეტი – საკაბელო და ციფრული ტელევიზიის კომპანია, რომელიც რეგიონებში მაღალსიჩარიანი ინტერნეტის მიწოდების პრაქტიკული მონოპოლისტია, ჯიუტად და ურცხვად უარს ეუბნება ინტერნეტის მომსახურების მიწოდებაზე რეგიონებში „ქართული ოცნების“ ოფისებს. ხოლო საქართველოს კომუნიკაციათა მარეგულირებელი ეროვნული კომისია არ იმჩნევს ინფორმაციის თავისუფლად გავრცელების ამ ფუძემდებლური პრინციპის დარღევას. კომისიის თავმჯდომარე და ბიზნეს-ოლიგარქი ირაკლი ჩიქოვანი ხომ სწორედ ისინი არიან, ვინაც გლობალ ტვ-ს და ტვ-9-ს ნორმალური მაუწყებლობის საშუალებას არ აძლევს. გასაგებია, რომ სააკაშვილთან ასოცირებული და „მაესტროსა“ და „მე-9 არხის“ დამჩაგვრელი ოფშორული „სილქნეტი“ კომუნიკაციების კომისიისა და მისი შეფისთვის ბუნებრივი მოკავშირეა და მის ყველა უმსგავსოებაზე ინდულგენცია წინასწარაა გაცემული.

თქვენს ვიზიტამდე სააკაშვილის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა ოპოზიისთვის მხარდამჭერი სპორტსმენი, ძიუდოს ჩემპიონი ამბაკო ავალიანი მოატაცებინა თავის უკანონო ზონდერბრიგადას და 2 საათის განმავლობაში უკანონოდ დაპატიმრებული ჰყავდათ! ფიზიკური და მორალური შეურაცხყოფა, ცინიკური ზეწოლა და დაშინება – აი, რა იარაღს იყენებს სააკაშვილის სანაქებო მაფიოზი მინისტრი, რომელმაც ასე განუცხადა მოტაცებულ სპორტსმენს, ყველას ვინც ივანიშვილის მხარეზე გადავიდა, დავიჭერთ და ელექტროშოკით ვაწამებთო! ოღონდ ჯერ არჩევნები მოვიგოთ და მერე ამერიკელები რომ აღარ დაგვაკვირდებიან, მერე განახებთ სეირსო!  – ამას ამბობს 2008 წლის აგვისტოს ომში კურდღელივით დამფრთხალი და რუსი გენერლებისთვის მძღოლად დამდგარი მხდალი, რომელსაც ახლა მაფიოზი მაჩოს ნიღაბი აუფარებია და  თანამოქალაქეების დაშინებით უნდა საკუთარი სკამის და კრიმინალური სტატუსის შენარჩუნება.

საქართველო სულ უფრო ემსგავსება ჯორჯ ორუელის ფანტასმაგორიულ სახელმწიფოს მინი-მოდელს – „დიდი ძმის“ მიერ მუდმივად დაკვირვების და მოსმენის საფრთხის ქვეშ მყოფი საზოგადოების მენტალიტეტი… პოლიცია ყველგან და ყოველთვის… საკუთარი არჩევნის გამოხატვის საფასურად ნებისმიერი სახის დაშინება (უპირველეს ყოვლისა – სამუშაოს დაკარგვა, ან სულაც – ციხეში მოხვედრა), ხელისუფლების გებელსური პროპაგანდის მანქანად ქცეული ნაციონალური მედია… სასამართლოები, სადაც აღლუმი პროკურატურას მიჰყავს… 30,000-მდე პატიმარი… ასეულათასობით პრობაციონერი, რომელთაც შეთითხნილი და აბსურდული ბრალდებების გამო იძულებული გახადეს საპროცესო გარიგებაზე ხელი მოეწერათ და   ბიუჯეტის სასარგებლოდ ფული გადაეხადათ, რითაც მართლმსაჯულება „მომგებიანი ბიზნესის“ რელსებზე გადაიყვანეს… ბიზნესის 90%-ის სამთავრობო წრეების მიერ გაკონტროლება, არაკონოტროლირებადი და ფარული ელიტური კორუფცია… სულ უფრო მეტად გაუმჭვირვალე სამთავრობო ხარჯები, რომლებიც სახელისუფლებო ნუვორიშული ფანტაზიების და ფუტურისტული მეგა-პროექტების განსახორციელებლად იხარჯება, იმ ქვეყანაში, სადაც 1,5 მილიონზე მეტი სიღარიბის ზღვარს ქვევით ცხოვრობს და 2 მილიონზე მეტს საერთოდ დაზღვევა არ  გააჩნია…

იმის ნაცვლად, რომ პასუხი გაეცათ სამოქალაქო საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციათა და 12 პარტიის მიერ მხარდაჭერილ კამპანიაზე – „აუცილებლად ჩართე! აუცილებლად შესთავაზე!“, რომელიც დაავალებდა საკაბელო და სატელიტურ მაუწყებელ კომპანიებს აუცილებლად ჩაერთოთ თავის პროგრამებში ნებისმიერი ლიცენზირებული ქართული სატელევიზიო არხი, ხოლო სატელევიზიო არხებს ასევე დაავალდებულებდა, შეეთავაზებინათ ნებისმიერი მაუწყებლისთვის და საკომუნიკაციო არხისათვის საკუთარი ტელეპროგრამები, რითაც დამთავრდებოდა საქართველოს რეგიონებში (სადაც მოსახლეობის 75% ცხოვრობს) სამთავრობო პროპაგანდის 8-წლიანი მონოპოლიური ბატონობის ერა – ბ-ნი სააკაშვილის მთავრობამ ბოროტების იმპერიის მსგავსად საპასუხო დარტყმა განახორციელა მაშინვე, რაც თქვენ  საქართველო დატოვეთ. კონტროლის პალატის და სასამართლოს მიერ კოსმოსური სისწრაფით მიტანილი იქნა იერიში გლობალ ტვ-ის სამაუწყებლო კომპანიაზე, რომელიც დაავალდებულეს, შეწყვიტოს სატელიტური ანტენების განთავსება და უკვე მოახდინოს დამონტაჟებული 11,000 ანტენის დემონტაჟი!, რითაც საქართველოს მოსახლეობის 75% ისევ დაბრმავებული და დაყრუებული დარჩება სამთავრობო პროპაგანდის ამარა. ჩაიდინა რა ეს, საქართველოს ხელისუფლებამ ღიად და ნათლად განუცხადა საქართველოს მოსახლეობას: „თქვენ არ გაქვთ უფლება უყუროთ და უსმინოთ იმას, რასაც ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ! თქვენ უნდა უყუროთ და უსმინოთ მხოლოდ ჩვენს პროპაგანდას და სიცურეს! ჩვენ არ დავუშვებთ, რომ თქვენ ინფორმირებულ ელექტორატად იქცეთ, რადგან მერე ჩვენ გაგვიჭირდება თქვენით მანიპულაცია!“

„ომი მშვიდობაა! თავისუფლება მონობაა! უცოდინრობა ძალაა!“ (ჯ. ორუელი)

ეს არის ის, რასაც თქვენ ბ-ნ სააკაშვილს ასწავლით?

სამწუხაროდ უნდა გითხრათ, რომ საქართველოში ბევრი ადამიანი შეიძლება ფიქრობდეს,  რომ თქვენ მხარს უბამთ სააკაშვილს მის ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებში – და განსაკუთრებით ბ-ნი სააკაშვილის ოცნებაა, რომ მათ ასე იფიქრონ! როცა თქვენი წასვლისთანავე მისი მარიონეტი მოსამართლეები ზემოთხსენებულ გადაწყვეტილებას აცხადებენ, ამით ბ-ნი სააკაშვილი ეუბნება საქართველოს მოქალაქეებს – „მე ქ-ნმა კლინტონმა მომცა ლიცენზია, რომ ის გავაკეთო, რასაც სწორად ჩავთვლი! ამერიკელმა პოლიტიკოსებმა დამარწმუნეს, რომ ჩემი ძალაუფლება იმის გარანტიაა, რომ ქართველი ხალხის აზრი ფეხებზე დავიკიდო! ამერიკის ადმინისტრაცია მიმაგრებს მე ზურგს და თქვენთვისვე აჯობებს, ფრთხილად იყვეთ, თორემ!…“

ა.წ. 12 ივნისს საქართველოს უსამართლო სასამართლომ (რომელმაც სუნთქვისშემკრელ 99.7%-ს მიაღწია ბრალდებულის დამნაშავედ ცნობის და პროკურატურის უპირობოდ დამორჩილების საქმეში)  სააკაშვილის კონკურენტი მომავალ არჩევნებზე, – ბ-ნი ივანიშვილი, აბსურდული და ფალსიფიცირებული ბრალდების საფუძველზე დააჯარიმა ასტრონომიული თანხით – 148 მილიონი ლარით (91 მილიონი დოლარით!)! ეს გადაწყვეტილება მარიონეტმა მოსამართლემ სულ რაღაც 15 წუთში მიიღო, ისე, რომ დაცვის მხარეს არც კი მოუსმინა! მანამდე კი ივანიშვილის მხარეს მხოლოდ 2 დღე მიეცა 600-გვერდიანი საბრალდებო დასკვნის გასაცნობად, რომელიც ივანიშვილის ადვოკატების განცხადებით არის სრული სიგიჟე, ფანტაზია და ფსიქოპათია ფაქტების ნაცვლად. ბ-ნ ივანიშვილს მხოლოდ 7 დღე მისცეს იმისათვის, რომ ეს თანხა გადაიხადოს, თუ არადა ქართული „მართლმსაჯულება“ მას საქართველოში და საზღვარგარეთ ქონების დაყადაღებით ემუქრება.

და ეს ყველაფერი ხდება სახელმწიფოს მიერ კონტროლირებული მედიის მხრიდან აღფრთოვანების და ტაშისკვრის ფონზე – ამ მედია-საშუალებების ურნალისტი „ჟურნალისტები“ მონაწილეობდნენ ქუთაისში ოპოზიციური მასობრივი მიტინგის დროს დადგმულ ფალსიფიცირებულ სპექტაკლებში, როცა ცდილობდნენ მოსახლეობის დაჯერებას, რომ ქართული ოცნების ოპოზიციური მოძრაობის წევრები მოსახლეობისათვის მაცივრების, სარეცხი მანქანების და სხვა საჩუქრების გადაცემას და ამით მოსახლეობის მოსყიდვას ახდენდნენ. თუმცა შემდეგ დადასტურდა, რომ იმ ოჯახმა, რომელსაც ტელეკომპანია „რუსთავი2“-მა ქრთამის სახით საჩუქრების მიღება დააბრალა, სინამდვილეში თავად შეიძინა ელექტროტექნიკა, ხოლო რუსთავი2-ის „მოწმის“ როლში სააკაშვილის პარტიის აქტივისტი იყო გამოყენებული! ეს არ არის ჟურნალიზმი! ეს უკვე პროპაგანდაც აღარ არის! ეს არის პოლიტიკურ ფაბრიკაციაში მონაწილეობა, რომლისთვისაც, ალბათ, ეს ურნალისტები ხელფასს და წოდებებს შსს-ში იღებენ.

სანამ თქვენ საქართველოში ჩამობრძანდებოდით, 27 მაისს თბილისში, თავისუფლების მოედანზე და რუსთაველის გამზირზე 120,000-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა  ქართული ოცნების გაერთიანებული ოპოზიციური ბლოკის და მისი ლიდერის მხარდასაჭერად. ახლა, 10 ივნისს მსგავსი დიდი მასა – 30,000-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა გაერთიანებული ოპოზიციის მხარდასაჭერად საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქ ქუთაისში. ბ-ნმა ივანიშვილმა ამ მიტინგზე კვლავ ხაზი გაუსვა, რომ მხოლოდ არჩევნები უნდა იყოს საქართველოში ხელისუფლების შეცვლის გზა და ამავე დროს ბევრ იმედისმომცემ ცვლილებებს დაჰპირდა მოსახლეობას – მრეწველობის აღორძინებას, 1-მილიარდიანი ფონდის ჩამოყალიბებას სოფლის მეურნეობის მხარდასაჭერად, თანამედროვე დონის  საუნივერსიტეტო ქალაქს უახლესი ტიპის ბიზნეს-ინკუბატორებით, და აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის თანდათანობით რეინტეგრაციას დემოკრატიულ, თავისუფალ კონკურენციაზე ორიენტირებულ და პასუხისმგებელი ხელისუფლების მქონე განახლებულ საქართველოში.

მეორე მხარეს კი – თბილისის მერ გიგი უგულავასთან დაახლოებულმა სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელობამ აუკრძალა თბილისის მიკროავტობუსების მძღოლებს რადიოს მოსმენა(!), რადგან ისინი უპირატესად სწორედ ოპოზიციურ (უფრო ზუსტად  – მთავრობის მიერ არაკონტროლირებულ) რადიოარხებს უსმენდნენ. გავრცელდა ინფორმაცია, რომ რამდენიმე მძღოლი, რომელმაც ეს აკრძალვა დაარღვია, სამუშაოდან გაანთავისუფლეს.

ბ-ნი სააკაშვილის ყველაფერზე კვერის დამკვრელმა სანოტარო კანტორამ, რომელსაც საქართველოს პარლამენტს უძახიან, 12 ივნისს, 101 ხმით 1-ის წინააღმდეგ, მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებები და სტრატეგიული გეგმა შავი ზღვის სანაპიროს ჭაობიან ზოლში ქალაქ ლაზიკის აშენების შესახებ. ეს ფუტურისტული ქალაქი-მირაჟი, რომელიც ბ-ნ სააკაშვილის ფანტაზიის ნაყოფია, 2022 წელს, მისი აზრით, 500,000 მოსახლეობით საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქი უნდა გახდეს. არავითარი დაფინანსების წყაროები და მასშტაბები არ ყოფილა გაცხადებული ოპოზიციის კითხვების საპასუხოდ.

დაბოლოს, მინდა მოგილოცოთ, ქ-ნო კლინტონ, რომ ბ-ნმა სააკაშვილმა ბათუმში გიმასპინძლათ და თავის მეორე იდეა-ფიქსი – ქუთაისის ახალი პარლამენტის შენობა არ დაგათვალიერებინათ, რომელიც სულ რაღაც 7 თვეში დაჩქარებული ტემპებით და სააკაშვილის დაჟინებული მუქარის ფონზე შენდებოდა (…თუ ქუთაისის პარლამენტი 26 მაისს ვერ გაიხსნება, რამაზ ნიკოლაიშვილს, ალბათ, ინფარქტი დაემართება, ხოლო ბევრი ადამიანი, ვისაც ამასთან შეხება აქვს, სამუშაოს დაკარგავს, – აცხადებდა 5 მაისს სააკაშვილი). დაუმთავრებელი, თუმცა ახლადგახსნილი შენობის ფლიგელი გახსნიდან ორ კვირაში – 7 ივნისს ჩამოინგრა, რასაც სულ მცირე ერთი მუშის სიკვდილი მოჰყვა. ამაზე სულმოკლე სააკაშვილმა სასწრაფოდ ასეთი კომენტარი გააკეთა – სულ ვრეკავდი და ვაფრთხილებდი რამაზ ნიკოლაიშვილს, რამაზ, მიხედე უსაფრთხოებას!..  ალბათ, ზედმეტია იმის თქმა, რომ პოლიციამ კატასტროფის მოხდენისთანავე დაბლოკა ნგრევის ადგილზე ჟურნალისტთა მისვლის შესაძლებლობა მანამ, სანამ მთელი ჩამონგრეული სამშენებლო ნაგავი არ გაწმინდეს (სააკაშვილმა იცრუა, რომ ვითომ ხარაჩო ჩამოინგრა და ამიტომ იყო დაბლოკილი ჟურნალისტების იქ მისვლა). ასევე რამდენიმე დღე ქუთაისის ყველა საავადმყოფოში არ უშვებდნენ ჟურნალისტებს, სანამ იქ მიყვანილი ყველა დაშავებული არ გამოწერეს, ან სხვაგან გადაიყვანეს. აი, სწორედ ამიტომ თვლის ბ-ნი სააკაშვილი თავისუფალ, არაკონტროლირებად მედიას თავისი რეჟიმის ძლიერების უპირველეს მტრად.

==============================================================================

თქვენ ძლევამოსილი ქვეყნის სახელმწიფო მდივანი ბრძანდებით და მე – საქართველოს ჩვეულებრივი მოქალაქე.

რა თქმა უნდა, სრული უფლება გაქვთ, დრო არ დახარჯოთ ჩემი მოსაზრებების გაცნობაზე. მით უფრო, ვიცი, რა დაკავებული ბრძანდებით ახლა, როცა მსოფლიოში ვითარება კიდევ უფრო ფეთქებადსაშიში გახდა.

მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ თქვენს სახელს და თქვენს ქვეყანას ზედმეტად  არ დაუკავშირებთ იმ ადამიანს, რომელიც დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, სამართლიანობის და კანონის უზენაესობის ფუძემდებელი პრინციპების ყველა ასპექტის სირცხვილს წარმოადგენს, რაც, ჩემი აზრით, კიდევ უფრო გაიზრდება და აშკარა გახდება უახლოეს მომავალში.

ქართველი ხალხის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ გაჩუმებულია სააკაშვილის მიერ ჩამოყალიბებულ „1984“-ში, მაგრამ ჩვენ ბრმები არ ვართ! ჩვენ ვხედავთ, რომ მიხეილ სააკაშვილი – ეს იგივე პუტინი-2-ია. სააკაშვილს არ შეუძლია, ძალაუფლებას განეშოროს! ის ძალაუფლების მანიაკია და ეს მანია მას აიძულებს რეალობის ფალსიფიცირება მოახდინოს!

იმედი მაქვს, არ არსებობს დიპლომატიური ეტიკეტი, რომ მანიაკს ამ ილუზორულ დაღმართში სიარულში ხელი შეაშველოთ.

 

პატივისცემით,

სოლომონ თერნალელი

ბლოგერი

http://solomonternaleli.wordpress.com


ქიში!.. ისევ ქიში!..


დაახლოებით 7 თვის წინ, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენიდან მალევე, გამოვაქვეყნე სტატია „ცუგცვანგის პირას“ – http://solomonternaleli.wordpress.com/2011/10/12, რომელიც დღემდე ყველაზე პოპულარულ სტატიად რჩება თქვენი მონა-მორჩილის ბლოგზე. სტატიაში ვწერდი, რომ იმ მომენტისათვის ორივე დაპირისპირებული მხარე ცუგცვანგის სიტუაციაში აღმოჩნდა, ნებისმიერი სვლა უფრო წამგებიანი შეიძლებოდა ყოფილიყო, ვიდრე, გარკვეულწილად – უმოქმედობა. დრომ დაადასტურა, რომ მართალი აღმოვჩნდი და მოიგო იმ ოპონენტმა, რომელმაც უფრო მშვიდი, გაწონასწორებული და შეიძლება ითქვას, ერთი შეხედვით, გარეგნულად ნაკლებეფექტურიც კი, კამპანია აწარმოა.

ერთი მხრივ, ჩვენ ვხედავდით ხელისუფლების სუპერაქტიურ ქმედებებს, რომლებიც თავისი საკმაოდ მტკივნეული უნდა ყოფილიყო ახალბედა პოლიტიკოსისთვის, ხოლო მეორე მხრივ საზოგადოებას თითქოს იმედი გაუცრუვდა – ბიძინა ივანიშვილი არ აღმოჩნდა მიშას დარი კაშკაშა, ექსტრავაგანატური და ცეცხლოვანი პოლიტიკოსი.

რამდენიმე ნაბიჯი, რომელიც ხელისუფლებამ გადადგა და ის შედეგები, რაც მათ მოიმკეს:

ა) საბანკო სფეროში დღემდე არნახული, დრაკონული კანონმდებლობის შემოღება, რომლის განხორციელებისას ქვეყნის ეროვნული ბანკი პროკურატურის ავანგარდად იქცა და ფიქტიური გაკოტრებების და ქონების ფიქტიური გადაფორმებების წყალობით ივანიშვილის ქართუ ბანკიდან 200 მილიონი ლარის აქტივების აორთქლებას შეუწყო ხელი. როდესაც ქონების ეს უკანონო ექსპროპრიაცია განახორციელა, პრეზიდენტმა სააკაშვილმა სასწრაფოდ გააუქმა კანონი, რომელმაც საქმის შემსრულებელი მავრის როლი უკვე ითამაშა. ნებისმიერ სხვა ოპონენტს ასეთი საშინელი ფინანსური დარტყმა გაანადგურებდა. ნებისმიერ სხვას, ოღონდ… ივანიშვილმა ეს დარტყმა გადაიტანა, ბანკში დამატებითი აქტივები ჩადო და ვითომც არაფერიო, ისე გააგრძელა საქმიანობა. ამით ხელისუფლებამ სერიოზული უკუდარტყმა მიიღო. პოლიტიკა ძალიან ჰგავს აიკიდოს. და თუ მოწინააღმდეგის სერიოზულ ზეწოლას დროულად გამოეცლები და ხელსაც მიაყოლებ, იგი საკმაოდ იოლად შეიძლება საკუთარ მოძრაობაზე წამოიკიდო და დასცე… განხორციელებული „ოპერაცია“ ვერ აღმოჩნდა საკმარისად ეფექტური, რომ ივანიშვილის ფინანსური იმპერია დაემსხვრია, ან ივანიშვილს პოლიტიკურ ზრახვებზე ხელი აეღო! სამაგიეროდ, მთელმა მსოფლიომ დაინახა, რა მასშტაბის კრიმინალურ ქმედებებში მიიღო მონაწილეობა ხელისუფლების ოთხმა სხვადასხვა შტომ: ეროვნულმა ბანკმა, ფინანსურმა პოლიციამ, პარლამენტმა და თავად პრეზიდენტმა. დამერწმუნეთ, რომ ხელისუფლებას ჯერ კიდევ წინ აქვს იმ უარყოფითი დივიდენდებით „ტკბობა“, რასაც მათ ასეთი ავანტიურა მოუტანს. ის, რაც სააკაშვილმა ჩაიდინა, მხოლოდ რობერტ მუგაბეს მსგავს „პოლიტიკოსებს“ თუ შეიძლებოდათ, ჩაედინათ. ხოლო რისი „შუქურის“ იმიჯი აქვს მსოფლიოში რობერტ მუგაბეს, ამაზე ლაპარაკი არ ღირს. თუმცა იმის გახსენება კი საჭიროა, რომ ერთ დროს მუგაბეც პროგრესულ პოლიტიკოსად ითვლებოდა, ასე რომ ნუ ეგონებათ ნაცმოძრაობის აპოლოგეტებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ ჯორჯ ბუშის პერიოდში მოპოვებული „ნომინაციები“ ათწელულებს და საუკუნეებს გასწვდება. მარშალმა ბეტანკურმაც კარგად დაიწყო, მაგრამ როგორ დაამთავრა, თავადაც მშვენივრად მოეხსენება… (ყოველ შემთხვევაში დოჩანაშვილის უბადლო მცოდნედ ასაღებს თავს)

ბ)  ხელისუფლებამ კონტროლის პალატა, რომელიც ისედაც არაფერს აკეთებს ბოლო წლებში თავისი ძირითადი დანიშნულების – საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის ეფექტურობის შესამოწმებლად, გადააქცია ოპოზიციის ჯიბის მაკონტროლებელ და მისი ფინანსური დაწიოკების მთავარ სუპერინსტრუმენტად. შეიქმნა აბსოლუტურად გაუმჭვირვალე მონსტრი ორგანიზაცია, რომელსაც სათავეში მორიგი „მომხიბვლელი მუტანტი ქალბატონი“  ჩაუყენეს (საერთოდ ნაცმოძრაობის მუტანტი ქალბატონების როლი საქართველოს დაქცევაში მომავალში არაერთი საინტერესო კვლევის საგანი გახდება, ალბათ). მართალია, ქალბატონ მოგელაძის მიერ განხორციელებულ ზოგიერთ მოკვლევაში შეიძლება მართლაც იყოს გარკვეული ლოგიკა, მაგრამ ჯერ ერთი ეს ლოგიკა კვაზიეჭვიანობის ნიშნითაა დაღდასმული, და თან, რაც ყველაზე საინტერესოა, ქალბატონი მოგელაძე (რომელსაც მოსწრებულად „ქ-ნი მოგელანდე“ შეარქვეს) იმ მასშტაბის ცალ კარში თამაშს ახორციელებს, რომ ეს უტიფრობის ყველანაირ „ნორმებს“  ცდება. აშკარა გახდა არა მარტო კონოტროლის პალატის მხრიდან ფინანსური კონტროლის ეს პოლიტმიკერძოებული ფორმა, არამედ ისიც, რომ როცა ჯერ კიდევ ოქტომბერში ხელისუფლებამ საარჩევნო მიზნებით გამოყენებულ ფინანსურ რესურსებზე მკაცრი რეგულაციები დააწესა, და ოპოზიციურ პარტიებს სარეკლამო ხარჯების სახელმწიფო ჯიბიდან გადახდასაც რომ დაჰპირდა (ოღონდ ძალიან ხელმომჭირენდ და იმის გაფრთხილებით, – „ამაზე მეტი არ შეგიძლიათ თავად დახარჯოთო!“) – პარტიათა შორის მანამდე არსებული ფინანსური უთანაბრობის („სახელისუფლებო პარტიას უნდა ჰქონდეს გაცილებით მეტი სახსრები, ვიდრე ყველა ოპოზიციურ ძალას ერთად აღებულს!“) სტატუს-ქვოს შენარჩუნებას ემსახურებოდა. სააკაშვილის ხელისუფლების „ოქროს წესი“ ასეთია – თუ რეალურად ოპოზიციური პარტია სერიოზულ ფულს ხარჯავს, ეს უნდა შეიზღუდოს, ხოლო სახელისუფლებო პარტია ბევრ ფულს არც დახარჯავს, ამას მის მაგიერ თავად ხელისუფლება გააკეთებს ლოზუნგით „ჩვენ ყოველთვის ხალხზე ვზრუნავთ!“ საარჩევნო პერიოდში მოსახლეობისათვის საჩუქრებს დაარიგებენ არა პარტიული მუშაკების ქურქში გამოწყობილი ხელისუფლები, არამედ ხელისუფლების ქურქში გამოწყობილი პარტიული ბონზები, რაც მომენტალურად მათი ქმედების „გაპრავების“ საფუძველი ხდება… ყველაფერი გათვლილია, როგორც ეს ყოველთვის იყო სააკაშვილის და ნაცმოძრაობის ისტორიაში. მაგრამ არის ერთი მაგრამ… როცა ნათია მოგელაძემ ქართული ოცნებისაგან 5 მილიონზე მეტი ამოიღო, ხოლო მსგავს სიტუაციაში ნაცმოძრაობისაგან – მხოლოდ 90,000, როცა ქართული ოცნების 200-ზე მეტი მხარდამჭერი მთელს ქვეყანაში ერთდროული ეროვნული კრიმინალური ოპერაციის მსგავსად სასწრაფოდ დაიბარეს და არნახული ჩხრეკა და დაკითხვა მოუწყვეს, მხოლოდ იმისთვის, რომ მათ „ქართული ოცნების“ გაზეთები დაარიგეს, ან ამ კოალიციას საოფისე ფართი მიაქირავეს, ხოლო ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებულ პირების სახელებიც კი არ გაახმაურეს… როცა არსებობს დოკუმენტური მასალებით დამტკიცებული ფაქტები, როგორ ურიცხავდნენ ნაცმოძრაობას ათეულ ათასობით ლარს იმ პირთა სახელით, რომელთაც ვალები აქვთ და ძალიან ხელმოკლედ ცხოვრობენ, და არაფერი იცოდნენ საკუთარი „ქველმოქმედების“ შესახებ, და ნათია მოგელაძის, (ახ, როგორი პრინციპული!) უწყება ამით არ ინტერესდება, ამით ხომ ძალიან აშკარა ხდება ამ ცალკარშიმოთამაშეთა „პრინციპულობის“ მოტივი?!  მოკლედ, ნათია მოგელაძემ აშოვნინა მიშას და ნაცმოძრაობას კიდევ რამდენიმე მილიონი ლარი და კიდევ უფრო გაათახსირა მათი ისედაც ჩამოლაბორანტებული  რეიტინგი. შედეგად მივიღეთ ის, რომ არასამთავრობო სექტორმა ძალიან მკაცრად და პრინციპულად აიმაღლა ხმა და უკან დაახევინა ხელისუფლებას იმ აბსოლუტურად დისკრიმინაციულ და ანტიკონსტიტუციურ საკითხში, რომელიც „პოლიტიკურ პარტიასთან პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებული“ (ეს რაღა ჯანდაბა იყო?) ფიზიკური პირების გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავდა და მათ ფინანსურ დისკრიმინაციას ისახავდა მიზნად. ამ ნაბიჯით დაიწყო სულ უფრო გაფართოებადი მოძრაობა „ეს შენ გეხება!“, რომელიც საკმაოდ წააგავს 2003 წლის მთავრობის გასაკონტროლებლად ჩამოყალიბებულ არასამთავრობოთა ალიანსს. საინტერესო დამთხვევა ისაა, რომ ამ მოძრაობას სულ უფრო კოჰერენტულად უერთდება ადამიანის უფლებადამცველ საერთაშორისო ორგანიზაციათა და დიპკორპუსის ხმები. ის, რომ ამის გასახმოვანებლად პირველად ამერიკის ელჩმა ფეისბუქის გვერდი აირჩია, სადაც „მოგელანდეობით“ შეშფოთება გამოხატა, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ეს გამოცდილი დიპლომატის პირადი აზრი იყო… უფრო მეტიც, ამით აშკარა გახდა ის, რაც ქვეცნობიერად ისედაც ვიცოდით – რომ მიშას ჯერ ტკბილად და საიდუმლოდ უთხრეს, შუქურა ასე არ უნდა ბრჭყვინავდესო, მერე ხმამაღლა და გასაგონად გაუმეორეს, არჩევნებს როგორც ჩაატარებ, „იმას მოგიცხებთ პირზეო“, მერე ელჩმა ფეისბუქზე დაწერა ოპოზიციური პარტიების შესაზღუდად მიმართული კონტროლის პალატის ეს „შემოქმედება“ ძალიან მაშფოთებსო, მერე სახელმწიფო დეპარტამენტმა კიდევ უფრო კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა, ახლა ელჩი უკვე გაზეთ „რეზონანსში“ წერს საკმაოდ ღიად და უკვე დაუფარავად, თანაც უკვე ერთ კონკრეტულ საკითხზე კი არ არის შეშფოთებული, არამედ მრავალზე – ციხეებში პატიმრების მდგომარეობიდან, ოპოზიციაზე ზეწოლიდან და სასამართლო დამოუკიდებლობიდან დაწყებული, და მედიის სამთავრობო კონტროლირებით დამთავრებული. საქმე იქამდე მივიდა, რომ აშშ ელჩი, რომელიც, სამთავრობო კორიფეების აზრით, რუმინეთის ელჩზე მეტად არ უნდა ლაპარაკობდეს და თავისთვის ჩუმად ჩემოდანს უნდა ალაგებდეს, უკვე რეკომენდაციებსაც იძლევა და თან რა რეკომენდაციებს! რომ საქართველოში საკაბელო კომპანიები განურჩევლად ყველა ლიცენზირებულ ტელევიზიას უნდა აძლევდნენ მათი პროგრამის ჩართვის საშუალებას. რომ მედია თავისუფალი უნდა იყოს და ვინმეს ახირებით არ უნდა ხდებოდეს რეგიონებში მოსახლეობის აზრის და სიმართლის წვდომის კონტროლირება და მოდელირება!

გ) არადა, ამ მხრივაც – მედიის კონტროლის კიდევ უფრო გასაძლიერებლად – როგორ აქტიური იყო ხელისუფლება, რამდენი იღვაწა?! ეროსი „მაესტროს“ ღობეზე, „მაესტროსათვის“ უკანონოდ დღემდე წართმეული ოფისი და აპარატურის ნაწილი, მფლობელებისათვის წართმეული „გურია ტვ“ და „პირველი სტერეო“, უნიათო მენეჯმენტისათვის საეჭვო ვითარებაში და საეჭვო ქონებრივი გაცვლის სქემებით გადაცემული ბათუმის „25-ე არხი“, სერიოზული პრობლემების შექმნა გორში ტელეკომპანია „თრიალეთისათვის“,  და რაც მთავარია, არნახული წნეხი „გლობალ-ტვ“-ზე და იმ მოსახლეობაზეც კი, რომელსაც „გლობალ ტვ“-ის ანტენა აქვს დამონტაჟებული… 21-ე საუკუნეში იმ ქვეყანაში, რომლის ხელისუფლება თავს „დემოკრატიის მიმდევრად“ და ლამის შუქურად თვლის, ხალხს აშინებენ პენსიის და დახმარების წართმევით, რომ უარი ათქმევინონ  ინფორმაციის მიღების თავისუფლებაზე! ამით სააკაშვილის ნაცმოძრაობა ცინიკურად ეუბნება ხალხს (ძირითადად, რეგიონების მაცხოვრებლებს, რომლებიც აქამდე წრეგადასული სამთავრობო პროპაგანდის მსხვერპლი იყვნენ და ალტერნატიულ ინფორმაციაზე ხელი არ მიუწვდებოდა) – „თქვენ რომ გაიგოთ, რა ცუდადაა საქმე ქვეყანაში, თქვენ არასოდეს არ მოგივათ თავში ჩვენთვის ხმის მოცემა, ამიტომ თქვენ არ უნდა უყუროთ იმ ტელევიზებს, სადაც სიმართლეს დაგანახებენ! თუ მაინც გაბედავთ, ჩვენ მოგიხსნით დახმარებას, პენსიას და სხვამხრივადაც სამაგალითოდ დაგსჯითო!“

დ) დაბოლოს, თავად პრეზიდენტის გამოუცხადებელი საარჩევნო კამპანია. ეს რაღაც აბსოლუტურად წარმოუდგენელი რამ იყო. პრეზიდენტი, როგორც Duracell-ის კურდღელი, შეუჩერებლივ დარბოდა მთელ საქართველოში, ხსნიდა საავადმყოფოებს (ხშირად დღეში 2-3-ს), სპორტულ დარბაზებს, გვირაბებს, სასადილოებს და სუპერმარკეტებს, გამოაცხადა ლაზიკიზაცია და ყოველგვარის გეგმის გარეშე დაიწყო ჭაობში მშენებლობა, მერე შარდენიზაციაც არ მოიკლო!.. სტუდენტებთან შეხვედრებზე დანერგა ახალი ფორმები ქართულ ენაში, როგორიცაა “გაზაფხულის მოტყვანა”… ხშირად თავს იწონებდა კიტრებით („10 წელი ირანულ კიტრებზე ვიჯექით, ახლა საკუთარი გვაქვს“…), მაპზე უკეთესის კიდე უფრო გადასარევით!.. ბათუმის უნივერსიტეტით, რომლიც 35-ე სართულზე (ვაუ!) ეშმაკის ბორბალი იქნება (ავოიეეე!), ხოლო იმის ზევით ბიბლიოთეკა და კაფეტერია, რომ სტუდენტებმა ჯერ იკითხონ და მერე „იჭამონ“… მსოფლიოში საუკეთესო ჯანდაცვით, რომელიც თურმე პრომეთესავით მოსტაცა „იმათ“ და ხალხს „მოუყვანა“ (ეტყობა აერია, რომ ეს პრომეთე იყო სულიერი, და არა – ცეცხლი და ჯანდაცვა), განათლების რეფორმით, (რომელსაც ახლა მარტო ორი მეციხოვნე მინისტრ/მოადგილე და ათასობით მანდატური კი არა, უკვე გამოცდებს და ხარისხსაც მთლიანად პოლიციელები აკონტროლებენ (ამაზე ქვემოთ), და ყველგან, სადაც საჯდომს ველოსიპედზე დადებდა, ელანდებოდა, რომ სწორედ ეს ადგილი უნდა ყოფილიყო ბათუმის მომავალი: ბარსელონა, დუბაი, მონტე-კარლო დაბოლოს – მიჩიგანის ტბის სანაპირო – აი, ის რასაც აერთიანებს ბათუმი სეროჟას სიზმრებში…

მოკლედ, ეს იყო გრანდიოზული ცანცარის რვათვიური კარგად ნაცნობი სიმღერით „ფიგარო ზდეს, ფიგარო ტამ“! საქმე იქამდე მივიდა, რომ პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ წარმოუდგენელი სერიოზულობის ნიღბიანი უტიფრობით განაცხადა, ხომ იცით, მე ყველაფერს შეგისრულებთ, რამეთუ, რაც აქამდე დაგპირდით, ხომ ყველაფერი შევასრულეო…

ამის ფონზე „ქართული ოცნების“ ლიდერმა მხოლოდ რამდენჯერმე მისცა  ინტერვიუ, რამდენჯერმე შეხვდა ხალხს რეგიონებში, და ჰქონდა რამდენიმე შეხვედრა დიპლომატებთან. სამაგიეროდ გაიხსნა 60-მდე რეგიონული ოფისი, კოალიციის წევრები რეგულარულად ხვდებიან რეგიონების მოსახლეობას და ყველა შეხვედრა დიდი ინტერესის ფონზე ტარდება, ზოგიერთი მათგანი საერთოდ გადასახლდა კიდეც რეგიონებში, რითაც იქაური მოსახლეობის იმედი კიდევ უფრო გაიზარდა, უკვე ყოველკვირეულად გამოდის გაზეთი „ქართული ოცნება“, რომლის ტირაჟმა 130,000-ს მიაღწია, ამოქმედდა და რეგიონებთან საინტერესო კოორდინაცია დაიწყო ახლადგახსნილმა მე-9 არხმა, რომელიც სწრაფად იკრებს ძალას, სულ უფრო იზრდება რეგიონებში „გლობალ ტვ“-ს და სხვა სატელიტური არხებით გადაცემული ამ ტელევიზიისა და „მაესტროს“ მაყურებელთა რიცხვი… მოკლედ, თუ შევადარებთ სახელისუფლებო და წამყვანი ოპოზიციური შტაბების მუშაობას, ერთ მხარეს იყო ხარაბუზების და ბუზანკლების ფანტასმაგროიული ბზრიალ-ბზუილი და ფეირვერკობანა და მეორე მხარეს – ფუტკრების ენერგიული, თუმცა – ნაკლებ შესამჩნევი საქმიანობა. გამოსავალიც და ხალხისთვისა სარგებელიც სწორედ ისეთივეა, როგორც ბუზების და ფუტკრების შემტხვევაში. ამიტომ გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ როგორც მოსახლეობაში, ისე განსაკუთრებით უცხოელ დიპლომატებსა და მედიასაშუალებების მხრიდან სწორედ ბიძინა ივანიშვილის და მისი გუნდის უფრო ნაკლებხმაურიანი, მაგრამ უფრო სერიოზული მუშაობა მეტ ინტერესს იჩენს (გამონაკლისია ბატონი ნავარრო, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის კოალიციაზე მეტად ლაზიკა აინტერესებს, რადგან ნაცმოძრაობის ხელიხელ საგოგმანებ „ფილდ-მუშაკებს“ ენდობა და ჰგონია, რომ ესაა ქართველი ხალხის პრიორიტეტი…)

მაგრამ მოვიდა მომენტი, როდესაც რაოდენობრივი ცვლილებები თვისობრივში გადაიზარდა და მოწმენდილ ცაზე მეხიც გავარდა…

ეს მოჰყვა 2-თვიან საკონსტიტუციო ჭინთვებს, რომელიც ხელისუფლებისთვის საკმაოდ კატასტროფულად – აბორტით დამთავრდა!

წარმოიდგინეთ, რა ენერგია ჩააქსოვეს მმართველი გუნდის და მასთან ასოცირებული ფსევდოპოზიციის როგორც უტვინოებმა (ნუგზარ წიკლაურმა, კობა ხაბაზმა, აკო მინაშვილმა, პადოშა თორთლაძემ), ასევე ტვინიანებმა (გიორგი თარგამაძემ, პალიკო კუბლაშვილმა, ავთანდილ დემეტრაშვილმა) იმაში, რომ ეს უპრეცედენტო, აბსოლუტურად დეგენერატული, და ნებისმიერი სახელმწიფოსათვის მიუღებელი და უზნეო ცვლილებები რამენაირად გაეთეთრებინათ!.. ჯერ 3 წელი უნდა ყოფილიყო საქართველოში ცხოვრების ცენზი, მერე – ჯამურად 10 წელი, მერე ბოლო 10 წელი და მერე, როცა ივანიშვილმა საკმაოდ აუღელვებლად სხვათაშორის თქვა, „მე რომ 10 წელი არ მიცხოვრიაო?“ სამთავრობო გუნდმა უკვე მეორე მოსმენით მიღებული კანონი სულ კბილების ღრჭენით „ჩაასწორა“ და 5 წელი დასწერა… ხან იმას იძახდნენ, ჩვენ ერთი კაცის გულისთვის კანონს ვერ შევცვლითო… მერე ერთი კაცის გულისთვის კანონი კი არა – საერთოდ კონსტიტუცია შეცვალეს… ხან თურმე ორი ქვეყნის მოქალაქე არ შეიძლებოდა პარლამენტის წევრი ყოფილიყო, ბოლოს კი გამოვიდა, რომ „ხელისშემშლელი ფაქტორი“ საქართველოს მოქალაქეობა ყოფილა (არა, ეს დემეტრაშვილი მაინც რამ გაათახსირა ასე, რომ პროფესიონალი კაცი ამას ყველაფერს კვერს უკრავს?) და რომ სულაც ევროკავშირის მოქალაქეს თურმე უნდა შეეძლოს არამცთუ პარლამენტარობა, არამედ საქართველოს უმაღლესი მმართველის ნებისმიერი პოსტის (მათ შორის პრეზიდენტის და მთავარსარდლის) დაკავება!

და ამის შედეგად ივანიშვილმა, საკონსტიტუციო ჭინთვების დასრულებიდან ზუსტად 50 წუთში (!) გააკეთა განცხადება – ეგ თქვენი უზნეო და ამორალური საკონსტიტუციო ცვლილებები ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია და მაგ ცვლილებებით მე არ ვისარგებლებო!!!

ეს იყო სწორედ ის პირველი ქიში, რაც ივანიშვილმა ხელისუფლებას გამოუცხადა და ამით იგი კატასტროფულად მძიმე სიტუაციაშია ჩააგდო!

ქართულ პოლიტიკაში არც ისე ბევრია მაგალითები, როდესაც პოლიტიკური ძალა მისთვის გაკეთებულ გამონაკლისზე უარს ამბობს! ივანიშვილმა ამ ნაბიჯით მორალური სილა გააწნა სააკაშვილის ხელისუფლებას და უთხრა – ეს თქვენ ხართ ის ხალხი, რომელიც მუდმივად კონსტიტუციას ჭრის და კერავს, მაგრამ მე თქვენი ამ მიუღებელი ნაბიჯის შედეგით სარგებლობას არ ვაპირებო. დაახლეობით ეს იგივეა, ქურდი რომ სხვას ნაქურდალის გაყოფას შესთავაზებს და პასუხად უარს მიიღებს – მე ნაქურდალს არ გეახლებითო. თანაც, რომ აეცილებინა თავიდან იმაში ბრალდება, რომ სპეციალურად ასე მოიქცა, და გამოუვალი სიტუაცია შექმნაო, ივანიშვილმა იქვე მიუთითა შესაძლებელ უკეთეს გამოსავალზე – პრეზიდენტს უთხრა, ნუ ჩაიდენ უკანონობას, ნუ მოაწერ ხელს ამ აბსოლუტურად მიუღებელ და უგვან ცვლილებას და თანახმა ვარ, იმ გზით წავიდე, რასაც შენი ლაქიები მუდამ მიკიჟინებდნენ – ეს გზა უნდა აგერჩიაო: თავმდაბლად გთხოვო ორმაგი მოქალაქეობის თავიდან მონიჭებაო. ეს კი სააკაშვილს ისევ გამოუვალ სიტუაციაში აყენებს  – მას არც უარის თქმა უნდა (ეტყობა, ვიღაცეებისთვის დაპირება აქვს მიცემული, ივანიშვილს საარჩევნო პროცესში სრულუფლებიანი მონაწილეობის უფლებას მივცემთო) და არც ის უნდა დაადასტუროს, რომ ივანიშვილის წინადადებას დაჰყვა, და ამით თარგამაძის მიერ გახმოვანებული საკუთარი გენიალური მიგნებაც დაასაფლავოს.

სააკაშვილმა ამ ქიშისაგან ნორმალურად დამალვა ვერ მოასწრო (არც ამერიკაში და არც შემდეგ არ უთქვამს, მოაწერს თუ არა ხელს მკვდრადშობილ საკონსტიტუციო ცვლილებებს). რომ ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ახალი ქიში გამოაცხადა. ეს იყო 27 მაისის მიტინგი.

მინდა გაგიზიაროთ ჩემი მოსაზრებები ამ მიტინგის მნიშვნელობის შესახებ, რომელიც ხელისუფლებამ ჯერ ან ვერ გაიაზრა, ან გაიაზრა, მაგრამ თავზარდაცემული თავის თავსაც კი ვერ უმხელს.

1)      ეს იყო პირველი მიტინგი, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” ჩაატარა და შეიძლება ითქვას,  რომ თბილისის აქამდე ჩატარებული მიტინგებიდან მას მხოლოდ ერთი შეიძლება შეედაროს – 2008 წლის იანვრის იპოდრომის მიტინგი, ხოლო რუსთაველზე მობილიზებული ხალხის რაოდენობის მხრივ, იგი ალბათ უპრეცედენტო იყო. 110 ათასი სულაც არ არის მაქსიმალური ციფრი მიტინგზე დამსწრეთა ოდენობის შეფასებაში, რომელიც საკმაოდ ობიექტურ გაზომვებს კი ეყრდნობა, მაგრამ არ ითვალისწინებს იმას, რომ როცა ეს გაზმოვები ჩატარდა, ხალხი რუსთაველიდან თავისუფლების მოედნისაკენ ჯერ კიდევ მოდიოდა.

2)      ეს იყო ერთ-ერთი იმ იშვიათ მიტინგთაგანი, როდესაც ორგანზატორებს რაიონებიდან ხალხი შეგნებულად არ ჩამოუყვანიათ! “ქართულმა ოცნებამ” გადაწყვიტა, მხარდამჭერთა მუხტი ამჯერად მხოლოდ თბილისელებში გაეზომა და გაზომა კიდეც. ხოლო თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ჯერ კიდევ არსებული შიშის ფაქტორის გამო, დაახლოებით 2-3 ამდენი ხალხი კიდევ სახლში დარჩა, ეს იმას ნიშნავს, რომ თბილისში “ქართული ოცნების” მხარდამჭერთა რიცხვი  თბილისის აქტიურ (საარჩევნო ხმის მქონე პირთა) მოსახლეობის 50%-ს უკვე უნდა ამეტებდეს.

3)      ათეულათასობით ადამიანის მსვლელობა დედაქალაქის სამი წერტილიდან თავისუფლების მოედანზე და იქაური შეკრება ძალიან კარგად იყო ორგანიზებული. ხელისუფლებამ სპეციალურად გააფრთხილა პატრული, რომ ღონისძიების ორგანიზებაში მონაწილეობა არ მიეღოთ(!!!). ეს კი, ჩვეულებრივ, გაუთვალისწინებელ პრობლემებს ჰქმნის. მაგალითად, ცენტრალური ქუჩების გადაკეტვისას იქ მოძრავ მძღოლებს, რა თქმა უნდა, პრობლემები ექმნებათ და გაღიზიანებულები ცდილობენ კორდონი გაარღვიონ. მსგავსი პრობლემები უფრო ნაკლებ მოსალდნელია, თუ ქუჩის გადაკეტვას პატრული ახორციელებს. ხელისუფლების ეს შედარებით მცირე სიდამპლეც სწორედ ამაზე იყო გათვლილი, რომ სხვადასხვა ადგილზე დაპირისპირებები მომხდარიყო. თუმცა იმ დღეს, როცა ახლობელს ველოდებოდი, მომიწია სწორედ იმ ადგილზე გაჩერება 10-15 წუთი, საიდანაც მანქანებს უკან მიბრუნება უხდებოდათ და დაახლოებით 30-40 მანქანიდან არ ყოფილა არც ერთი მძღოლი, რომელსაც სერიოზული დაპირისპირება და კამათი მოსვლოდა აქციის მონაწილე  მიტინგის ახალგაზრდა ორგანიზატორებთან, რაც იმით უნდა აიხსნას, რომ ყველა აზიარებდა მიმდინარე პროცესის მნიშვნელობას. ასევე აღნიშვნის ღირსია ისიც, რომ მერიამ აქციის შემდეგ არც დასუფთავების სამსახურის მანქანები გამოგზავნა, რაც მათი მოვალეობაა. მიუხედავად ამისა, აქციაში მონაწილე ახალგაზრდებმა ძალიან სწრაფად და კვალიფიციურად მოახერხეს მიტინგის ნარჩენებისაგან და ნაგვისაგან თავისუფლების მოედნის და მიმდებარე ტერიტორიის გაწმენდა. ITV-ის და რეალ-TV-ის ურნალისტების გულდასაწყვეტად, რომლებიც იმ დღეს  მხოლოდ იმაზე იყვნენ გაფაციცებულები, “ქართული ოცნების” ძირს დავარდნილი დროშა ენახათ და მსხვილი პლანით გადაეღოთ…

4)      იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლება სააკაშვილთან შეხვედრებზე უკვე არასრულწლოვანების და მასწავლებლების გაკვეთილებიდან მოხსნასა და მანქანებით გადაყვანაზე გადავიდა,  ხოლო პროფესიულად გაერთიანებულ ჯგუფებს (მასწავლებლებს, ექიმებს, მეწარმეებს) შეხვედრებამდე სახელობითი სიების გადაგზავნას თხოვს და 100%-იან დასწრებას ითხოვს, „ქართულ ოცნების“ მიტინგზე ხალხი საკუთარი სურვილით მივიდა. ამისათვის მხოლოდ ორი რამ გახდა საკმარისი – ბიძინა ივანიშვილის თხოვნა და ის მძიმე სოციალური მდგომარეობა და ხელისუფლებისადმი აბსოლუტური იმედგაცრუება, რაც დღეს სრულიად ნათელი მოცემულობაა.

5)      სააკაშვილის მომხრეები თავიანთ შეხვედრებს უკიდურესი კონფიდენციალობის პირობებში ატარებენ. შეხვედრებზე დარგის სპეციალისტებს შესაბამისი მინისტრები კი არ ხვდებიან (თუმცა რამდენად არის დიმიტრი შაშკინი განათლების სფეროს „შესაბამისი“, ეს მეორე საკითხია!), არამედ მერაბიშვილი, უგულავა, გილაური, ბაქრაძე… ვანო მერაბიშვილი დემონსტრატიულად ზურგს აქცევს ქართველ ჟურნალისტებს და პასუხის ღირსადაც არ თვლის, რომ ახსნას, ვის და რა საკითხზე ხვდება. შეხვედრებზე შემთხვევით ჟურნალისტებს ძალის გამოყენებით ატოვებინებენ დარბაზებს, ართმევენ და უშლიან ფოტო და ვიდეო-მასალას, აყენებენ ფიზიკურ და მორალურ შეურაცხყოფას. შეხვედრის ადგილებად არჩეულია რესტორნები, ხშირად შეხვედრები საღამოობით ტარდება…(მოგელაძე კი ამ ყველაფერს ვერ ამჩნევს, სათუთი!)  ნაცმოძრაობის მხრიდან ამ ნეობოლშევიკური მეთოდების და „აქტივთან“ დახურული შეხვედრების  საპირისპიროდ,  „ქართულმა ოცნებამ“ დემოკრატიული ქვეყნებისათვის დამახასიათებელ შეხვედრებს ატარებს, სადაც ყველას შეუძლია შესვლა, მათ შორის პროსახელისუფლებო ურნალისტებსაც.

6)      ბიძინა ივანიშვილის სიტყვა იყო სრულიად განსხვავებული იმისაგან, რასაც მიხეილ სააკაშვილმა საქართველოც და უცხოეთიც, სამწუხაროდ, მიაჩვია. არ ყოფილა ყვირილი, თვალების ბრიალი, უაზრო შედარებები და ტერმინები, აშკარა დაბოლებები, ნერვული ცახცახი. ივანიშვილი ხალხს დაჰპირდა საყოველთაო დაზღვევას, სამართლიანობის აღდგენას, მოვალეების კრიზისის გადაწყვეტას, ჯანდაცვის და სოფლის მეურნეობის რეფორმირებას… სავარაუდოდ, იყო მხოლოდ ერთი ფაქტობრივი შეცდომა, რომ დედათა და ბავშვთა სიკვდილობით საქართველო პოსტსაბჭოთა ქვეყნებში პირველია და რასაც ქორივით ჩააფრინდა ხელისუფლების მოჩითული ვარსკვლავი თამარა ჩერგოლეიშვილი, რომელსაც რატომღაც მიშას აბსოლუტურად ყალბ და ფანტასმოგორიულ „სტატისტიკაზე“ რეაქცია არ აქვს ხოლმე…  რამდენადაც ვიცი, საქართველო პირველი მართლაც არ არის, თუმცა „საპრიზო სამეულში“, მგონი, უნდა იყოს) და ორჯერ საკმაოდ სუსტი მცდელობა აუდიტორიისაგან „ბიძინა, ბიძინას!“ სკანდირება დაეწყოთ, რასაც მრავალათეულათასიანი თავყრილობისაგან და არც ბიძინა ივანიშვილისაგან მხარდაჭერა არ მოჰყოლია.   იყო გარკვეული მოლოდინები, რომ ივანიშვილი დაასახელებდა რაიმე კონკრეტულ ციფრს, მაგალითად, ვრცელდებოდა ჭორები 300 ლარიან პენსიაზე, 4 თეთრიან დენსა და 6-თეთრიან გაზზე…არ ვიცი, თქვენ როგორ, მაგრამ მე, გამართლებული მგონია ის, რომ ბიძინა ივანიშვილმა დეტალიზაციას თავი აარიდა, თუმცა თქვა, რომ საქართველოში ხელფასიც, პენსიაც და დახმარებაც უნდა იყოს ისეთი, რაც ა) მეტი იქნება მინიმალურ საცხოვრებელი დონზე და ბ) საშუალებას მისცემს ამ ადამიანებს, თავი ირჩინონ, ხოლო დასაქმებულებმა – ოჯახები შეინახონ. … ჯერ ერთი, თუ ბიძინა ივანიშვილი რომელიმე ციფრს (მაგ. პენსიას) დაასახელებდა, მაშინ სხვები გულდაწყვეტილი დარჩებოდნენ , რომ მათთვის საინტერესო ციფრი დაუსახელებელი დარჩა, ხოლო მოხსენება, ძალიან თუ გაიწელებოდა, არ ივარგებდა. და მეორეც, ბიძინა ივანიშვილს აქვს უნიკალური უნარი (რაც წლების განმავლობაში მის უანგარო ქველმოქმედებას უკავშირდება), უფრო მეტი მოლოდინი გააჩინოს თუნდაც დეტალების გარეშე, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს შეუძლია „სწორუპოვრად გაწერილი“ დეტალური სქემის წარმოდგენის შემთხვევაშიც კი. რადგან სააკაშვილს ნდობის რეიტინგი ძალიან დაბალი აქვს, ხოლო ივანიშვილს – ძალიან მაღალი. ივანიშვილი სიტყვის კაცია, ხოლო სააკაშვილი – სიტყვის მრავალჯერ (ლამის – ყოველთვის!) გამტეხი.   ნუ ახლა იმას არ ვგულისხმობ, პარლამენტს გავხსნი 26 მაისსო, რომ დაჰპირდება ერს, და მერე ხალხს ეგვიპტელი მონებივით ქანცგაწყვეტამდე რომ ამუშავებს, რათა ფიქტიურად მოჩვენებითი დამთავრების იმიჯი შექმნას, რისთვისაც შენობას დროებით უხარისხო პლასტმასის ფილებით ხურავდნენ და არა – რეალურად საჭირო მინით… კიდევ ერთიცაა, ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის ბიუჯეტს თუ რამეს მიუმატებს, თორემ სახლში ბიუჯეტიდან არ წაუღია. (არ ევალებოდა კაცს და ბიუჯეტს 1 მილიარდ დოლარზე მეტით დაეხმარა და, ვინ დაიჯერებს, რომ ახლა დაიწყებს ლტოლვილების და გაჭირვებულების ფულების თავისთვის ფლანგვას. ხოლო მიხეილ სააკაშვილის ხაზინა, რომ ფსკერგავარდნილია და ნაცმოძრაობა როგორმე საარჩევნოდ ფულის მოსაგროვებლად საკუთარ ბიზნესმენებს ტყავს აძრობს და საკუთარი ოფისების გარემონტებასა და ეგებ გაყიდვაზეა შეციცინებული, ასეთი ძალისგან დაპირებას ხომ ჩალის ფასი აქვს საერთოდ.

7)      განსხვავებით წინა მიტინგებისაგან, ხალხს არ ჰქონდა მოლოდინი, რომ იმ საღამოს მიშა დამთავრდებოდა. დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრს საღერღელი აუშალა ამდენი მობილიზებული ადამიანის ხილვამ (თავის დროზე მიხეილ სააკაშვილმა 30,000 მხარდამჭერით მოახდინა ვარდების რევოლუცია),  რაც ზემოთხსენებული ტიპის ამოცანის „გადაწყვეტის“ წინაპირობას ნამდვილად ქმნიდა, მაგრამ ასეთი „რევოლუციონერი“ ადამიანებიც კი – ამ 7-თვიან ნელ-ნელა მუშაობის დღევანდელი შედეგების შემყურე დარწმუნდნენ, რომ ბიძინა ივანიშვილს საკმაოდ დახვეწილი გეგმა აქვს და რომ აჩქარებითა სოფელი არავის მოუჭამია (რისი მაგალითიც დღევანდელი – ორგანოებისგადამცვლელი პრეზიდენტია). მიტინგის ბოლოს გახმოვანებული ახალი ამოცანაც – მასშტაბური მიტინგი 7 ივნისს ქუთაისში და შემდეგ – სხვა რეგიონებში უკვე ახალი მზადების აუცილებლობას უკავშირდება და თონეში ჩაკრული პურიც არ გაცივდება.

8)      დაბოლოს, რა ხდება მიტინგის შემდეგ? იქნება ხელისუფლება გონს მოეგო და უფრო ჭკვიანური თამაში დაიწყო? თქვენც არ მომიკვდეთ. პირველივე დღეს – 28 მაისს მაია მიმინოშვილის სამსახურიდან განთავისუფლება და გიგი წერეთლის კომენტარები იმაზე, რომ „საჯარო მოსამსახურეები ოპოზიციის მიტინგებზე არ დადიან!“ შაშკინის პირველი კომენტარი – „არ ვარ ვალდებული ჩემი გადაწყვეტილება აგიხსნათო!“ ხოლო იმის გაგებისას, რომ ეროვნული საგამოცდო ცენტრის თანამშრომლები თავინათუ უფროსის ერთგულების ნიშნად სამსახურიდან წასვლას აპირებდნენ, განათლების ცენტრში ჰიტლერის, მუსოლინის და გერინგის საუკეთესო  ტრადიციებში შავი მანქანების თვალუწვდენელი ესკორტით მიგრიალება, და საბოლოო ჯამში მთელი საგამოცდო ცენტრის პოლიციის აკადემიით ჩანაცვლება უკვე იმდენად გროტესკული და სავალალოა, არც ვიცი, რა ვთქვა! ალბათ ისევ „ვაი! მიქელე, ვაი!“ შედეგად კი მგონი, საკმაოდ კარგი მოცემულობა მივიღეთ: აბსოლუტურად ურეიტინგო და სახელმოთხრილი ხელისუფლებიდან გამოუშვეს კიდევ ერთი იშვიათად შემორჩენილი პროფესიონალი, ადამიანი, რომლის ღვაწლი  საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც, ცნობილია.  ნაცმოძრაობას დააკლდა კარგი პროფესიონალი, რომლითაც სააკაშვილი  ყოველთვის ამაყობდა. და დღეს უკვე ეს პროფესიონალი თავის გეგმებს “ქართულ ოცნებას” უკავშირებს, ეროვნული საგამოცდო ცენტრი პარალიზებულია 60 თანამშრომლის წასვლით, და მალე პოლიციის აკადემიის უდიდესი ექსპერტები „ჩაანაცვლებენ“! ისე, ლესლი ნილსენის და ო.ჯეი. სიმპსონის ჰოლოგრამებსაც თუ შექმნიან სასწრაფოდ, ალბათ, გამოადგებათ!.  და ძეგლთა დაცვის ვაჩეიშვილსაც თუ მოხსნიან მალე (ეგეც ნორმალური ადამიანი და რა უნდა იმ აფერისტებთან, არ ვიცი) და ისიც ოპოზიციის მხარეს გადმოვა, ესეც ძალიან  კარგი იქნება!

ამ დღეებში გავრცელდა “გურიანიუსის” ჟურნალისტის, ნათია როყვას მიერ მოპოვებული აუდიოჩანაწერი, რომელშიც ოზურგეთის გამგეობის მოვალეობის შემსრულებელი ილია ვაშაყმაძე დეტალურ ინსტრუქციებს აძლევს თავის თანამშრომლებს, რომ მათ არჩევნებზე უნდა მოიყვანონ მინიმუმ 10-10 მახარდამჭერი და არჩევნებამდე უნდა გადასცენ გამგებელს ამ მხარდამჭერთა სრული საიდანტიფიკაციო მონაცემები.

http://www.gurianews.com/index.php?option=com_content&view=article&id=3702%3A2012-05-06-20-37-04&catid=66%3A2010-11-25-16-47-31&Itemid=111

http://www.youtube.com/watch?v=Nfk_TkIrzPE ()

რა თქმა უნდა, ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში ასეთი ფაქტის გამოვლენისთანავე მმართველი პარტია სასწრაფოდ გაემიჯნებოდა ამ ფაქტს, გამგებელს თანამდებობიდან გაანთავისუფლებდა, ფაქტის შესახებ სრულ მოკვლევას ჩაატარებდა და საკუთარ – მაღალი რანგის – პასუხისმგებლობას აიცილებდა. მაგრამ საქმეც იმაშია, რომ საქართველოს ხელისუფლება ამას არ აკეთებს, იმაში თავხედური რწმენის გამო, რომ ეს “ოზურგეიტი”  მას ხახვივით შერჩება… სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი მოუწოდებს არასამთავრობო ორგანიზაციებს და საზოგადოებას – გაერთაინდნენ ამ დაუსჯელობის სინდრომის სათანადო შეფასებების გაკეთების მისაღწევად და მიაღწიონ მინიმუმ ამ გამგებლის თანამდებობიდან განთავისუფლებას, რაც სხვა საჯარო მოხელეებისათვის მნიშვნელოვანი გაკვეთილი იქნებოდა.

========================================================================

მოკლედ, ივანიშვილისგან გამოცხადებული ქიშები მომრავლდა, ხელისუფლებას ნორმალური ვარიანტები აღარც აქვს და თან ცაიტნოტშია… მურტალოს მეთოდები დაძველდა და როგორც ქართული საზოგადოების, ისე, უცხოური სადამკვირვებლო ორგანიზაციების სულ უფრო მზარდ პროტესტს იწვევს. ყველა ხედავს, რა მეთოდებით იმარჯვებდა და ისევ აპირებს გაიმარჯვოს ერთიანი ნაციონალურ-ნეობოლშევიკური მოძრაობა.

ვნახოთ, ჰილარი კლინტონის ვიზიტი რა ნაყოფებს გამოისხამს.

ფაქტი ისაა, რომ 27 მაისის წარმატებული მიტინგიდან მეორე დღეს ივანიშვილმა იგრძნო ის ძალა, რომელიც მას ხალხმა მიანიჭა და ამიტომ, უკვე ჰილარი კლინტონთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა. ჯერჯერობით, ეს მხოლოდ სურვილია, მაგრამ თავად ის ფაქტი, რომ ივანიშვილმა ის გაახმაურა, მათთვის, ვინც ბიძინა ივანიშვილს იცნობს, საკმაოდ მნიშვნელოვანია.

დაველოდოთ… 5 ივნისამდე ბევრი აღარ  რჩება.

 

P.S. ზურაბ აზმაიფარაშვილმა თქვა, მიშას ერთადერთი ნორმალური სვლა დარჩა და ეგ e4-e2 არისო :)))


Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 164 other followers