ლენინიზმიდან – ფელინიზმამდე


900_amarcord_blu-ray3x

ფეისბუქზე ჩემმა ერთ-ერთმა მეგობარმა “ამარკორდი” ახსენა და მივხვდი, რომ ქართველები, ბოლო თვეებია, ფელინის სურათებში გადავსახლდით. ოღონდ ძნელი გასარკვევია, კონკრეტულად, სად ვართ უფრო მეტად,  რომელ ფილმში  – „ორკესტრის რეპეტიცია“, „და გემი მიცურავს“, თუ მართლაც – „ამარკორდში“.

საშინელება თითქოს უკან დარჩა, მაგრამ ჯერ კიდევ შავი ყორანივით მოგვჩხავის და, გაურკვევლობის გამოც, და ხალხის გადაღლის გამოც, – გროტესკი მძლავრობს. ამას განსაკუთრებულ ტონს აძლევს პრეზიდენტის უსასრულობამდე მისული აბსურდული „ბრიყვინგები“ (შოთა გლურჯიძის ტერმინი), როცა ის არც იმას გვაკლებს, რომ თავისი თავი დედა ტერეზად და ალექსანდრე მაკედონელად წარმოგვიდგინოს (იანუსივით), მაგრამ თან მომავლის ისეთ აპოკალიფსურ სურათებს ხატავს, რომ წესით დედა ტერეზაც და მაკედონელიც ადგილზე დალევდნენ სულს დაზაფრულნი! რა თქმა უნდა, ამას ემატება მისი თანაგუნდელების ქოროს ანალოგიურად ეგზალტირებული კივილ-გალობა. ამ ფონზე ძალიან ჭირს იმაზე კონცენტრირება, რა გზით უნდა წავიდეთ, სად რა შეცდომებია (რომ არის, ფაქტია) და საერთოდ, რა უნდა ვაკეთოთ იმისთვის, რომ შეცდომა ნაკლები იყოს და პროგრესი მეტი… მიხეილ სააკაშვილი თავისი შლეგურ-მამობრივი გამოხტომებით მუდმივად გვაცხოვრებს მრუდე სარკეების გარემოცვაში და ჩვენ, თითქოს, მეტი არაფერი გვრჩება, რომ ალისას ასაკში დავბრუნდეთ და ვითამაშოთ, (მე პირადად დიდ დროს ღლაბუცობაში ვხარჯავ, ასე მგონია, რომ აღნიშნულ გაურკვევლობაში ეს საუკეთესო გამოსავალია) …

რადგან სხვა ალტერნატივა ან – უფრო უარესი კაფკაა და სრული სერიოზულობის ფონზე კიდევ უფრო მეტი ტკივილის განცდა თუნდაც იმისგან, რომ შვილდაკარგული დედის სიტყვები – „ჩემი შვილი ანაკლიაში ერთ-ერთ მშენებლობაში ჩააბეტონეს!“ სავსებით შეიძლება, რომ სრული სიმართლე იყოს! (სოციალისტური სამშობლოს პირობებში ჩვენთვის სპეციალურად ტირაჟირებული დამიანო დამიანი გამახსენდა)…

ან – ის, რომელიც ძმებმა ტავიანებმა დაგვიხატეს ფენომენალურ ფილმში „კეისარი უნდა მოკვდეს“. თუმცა, საქმე იმაშია, რომ არც ჩვენი თავი გვემეტება ამ როლისთვის და არც კეისარი – სიკვდილის შემდეგ გმირობისათვის… სულ უფრო მეშინია იმის, რომ მისივე თანაგუნდელებმა არ მიასაღონ, რათა შემდეგ საბოლოოდ არ აქციონ ნეობოლშევიკური ლიბერალიზმის ახალ მავზოლირებულ ლენინად.

აი მეორე ჩემი ფრენდის ნააზრევი იმაზე, არის თუ არა საქართველოში დღეს დემოკრატია:

„წიკლაური და ნასარიძე ქუჩაში რომ დადიან და არ ეშინიათ, ვანო რომ ისევ გარეთ არის, ოჩიაურისნაირი ნაძირლები რომ თანამდებობებზე ინიშნებიან…. დემოკრატიაა, აბა, რა არის…“

ძველით ახალ წელს ია ანთაძემ ძალიან კარგი სტატია დაწერა თავის ბლოგზე – “ოპერაცია „აპრილი“” http://www.radiotavisupleba.ge/content/blog-ia-antadze-operation-april/24823277.html  რომელიც ასე მთავრდება:

“ოპერაცია „აპრილის“ ოფიციალურ დახურვამდე კი მხოლოდ იმას გავიმეორებ, რაც ერთხელ უკვე დავწერე: შიში სწრაფად განქარდა, ხალხი გააქტიურდა, მომავლის დაგეგმვაც შესაძლებელი გახდა, არც უიმედობაა, ახალი წელიც დადგა, მაგრამ გულში სიხარული არ არის…”

ვეთანხმები იას, ოპტიმიზმი გაჩნდა, მაგრამ ეს გაურკვევლობა დამთრგუნველია. თან თითქოს სისულელეა იმაზე ფიქრიც კი, რომ ეს უკვე უსასრულოდ ლუსტრირებული და სასაცილოდ ქცეული პრეზიდენტი აპრილისთვის ისევ ფენიქსივით აღდგება ფერფლიდან, მაგრამ თან ეს, წინა პერიოდებისაგან განსხვავებული უფრო დემოკრატიული რეალობა, როცა დამარცხებულები ყინჩად დადიან და მთელი მსოფლიოს გასაგონად დაბოლებას არ იშლიან, მაინც ტოვებს ნერვული ეჭვიანობის საფუძველს… მით უფრო, რომ დღევანდელი კონსტიტუციის თანახმად, ეს სავსებით შესაძლებელია, ხოლო მათი „გაფრენის მაღალი პოტენციალი“ არასდროს ეჭვს არ იწვევდა…   

ჰოდა ვართ ასე… ქუთაისის პორტში შემოცურებული ტრანსატლანტიკური ლაინერის აჩრდილის მოლოდინში…


[ჯერ კიდევ] ჰალსტუხიანი მეამბოხე (კომენტარი ია ანთაძის ბლოგზე ”მეამბოხე პრეზიდენტი”)


ია ანთაძემ რადიო “თავისუფლების” ბლოგზე ძალიან საინტერესო ანალიზი შემოგვთავაზა – „მეამბოხე პრეზიდენტი“ http://www.radiotavisupleba.ge/content/blog/24549161.html

სააკაშვილის მართლაც, ბუნებით მეამბოხეა, რომელსაც ზომიერი და მშვიდი ევოლუციური განვითარება ორგანულად ჭირივით ეზარება. მისი სტიქიაა ამბოხი. აკი, უძახოდა კიდეც ოპოზიციას – “არ ვარგიხართ, თორემ მე რომ თქვენ ადგილზე ვიყო, 3 თვეში გადავაგდებდი ამ მთავრობასო” (ანუ, – ჩემისთანა წუწკი ქოფაკის  გადმოგდებას რა უნდაო?!)… პრეზიდენტობის დროს სააკაშვილის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა სწორედ ის იყო, რომ პრეზიდენტებს ამბოხის შეზღუდული რესურსი აქვთ… თუმცა, „გული გულობდეს და…“

ასე რომ, მიშასგან ამბოხის მზადება ყოველთვის მოსალოდნელია, და გაჭირვების ჟამს – მით უფრო. მაგრამ ამბოხიც არის და ამბოხიც… ბლადს (არაბელადან) დავეთანხმები, რომ ამჯერად მიშას ამბოხისათვის საკმაოდ შეზღუდული რესურსები აქვს.

1) გამჟღავნებული რეალობა და სახელგატეხილი საინფორმაციო-პიარ რესურსები. სააკაშვილის დღევანდელი მდგომარეობა ძალიან ჰგავს ქართული მილტფილმის გმირის – მშიშარა და ბაქია თაგუნას მდგომარეობას. გულკეთილი ჯადოქარი თაგუნას უძლეველ ვეფხვად აქცევს, რომელიც ომახიანად მღერის: „აქეთ გორასა წიხლსა ვკრავ, იქით გორასა ძვრას ვუზავ! ადიდებულსა მდინარეს დავაყენებ, ყლაპს ვუზამ, ას ლიტრა რკინას დავღეჭავ კევივითა და ყლაპს ვუზამ“… ამ სიმღერების უკან მდგარი რეალობა უკვე ყველამ გაიგო…  განმუხურის რეჟისორულად უნაკლოდ დადგმული მკერდითმიწოლის სპექტაკლის შემდეგ ხომ იყო გორის «let’s move away» სპრინტი და მიწაზე გორაობის ყველასთვისცნობილი რეალობა, ინტერნეტში კი, თუ მიხეილ სააკაშვილის სურათს მოიძიებ, პირველი, რაც ამოდის, ეს არის წითელი ჰალსტუხის ღეჭვაში გართული თვალებდაქაჩული მიშას სახება, რომლითაც იგი სამუდამოდ შევიდა ისტორიაში… და რაც არ უნდა ომახიანად ილაპარაკოს სააკაშვილმა იმაზე, რომ მტერი ვერ დააჩოქებს, რომ მტერს არ გაექცევა და მტერს ხელს არ აულოკავს – ეს ყველაფერი იყო! დაიჩოქა, გაიქცა და აულოკა… და სიამოვნებით აულოკავდა კიდევ მრავალჯერ, რომ არა ის პათოლოგიური აუტანლობა, რომელიც მის დამჩოქებელს მისდამი გააჩნია… ამას თან ერთვის ის, რომ თუ ადრე მიხეილ სააკაშვილის ხელიდან ნაკვები გოშიავიზიები, ასე თუ ისე, მედია საშუალებებად ითვლებოდნენ, დღეს არავის ეჭვი აღარ ეპარება, რომ ეს 100%-ით პროპაგანდისტული მანქანებია, რომელთა „დამოუკიდებლობა“, „მიუკერძოებლობა“ და „პროფესიონალიზმი“ იმდენად ცნობილია, რომ უცხოელი დიპლომატები გაყალბების თავიდან ასაცილებლად ან საერთოდ თავს არიდებენ მათთან რაიმეს კომენტირებას (მარტო სიცოცხლეგამწარებული ჯეიმს აპატურაის აზრი რუსთავი2-ზე რად ღირს!), ან თავის გამოსვლებზე წინასწარმომზადებულ ქართულ სუბტიტრებს დებენ, რომ გამორიცხონ მოსალოდნელი (უცილობელი!) გაყალბება.

2) ჩარეცხილი დემოკრატიული იმიჯი. ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო ის, ხარ თუ არა ამბოხებული, არამედ ის, რამდენად დემოკრატიულ იმიჯი გაგაჩნია ამბოხებამდე. დღეს სააკაშვილის დემოკრატიულობის მითი ეყრდნობა მხოლოდ იმას, რომ დასავლეთის ქვეყნებს არ უნდათ ღიად აღიარონ, რომ აშკარად ავტოკრატ მმართველს, ადამიანის უფლებების, მედიის თავისუფლების, სასამართლოს დამოუკიდებლობის და კანონის უზენაესობის არაერთხელ ჩამწიხლავს, პირწავარდნილ დემაგოგს და საერთოდ შლეგ პიროვნებას შეალიეს მხარდაჭერის ამდენი წელი და მრავალმილიარდიანი დახმარება. ამ სიტუაციაში, ასეთი ადამიანის მიერ დაწყებული ამბოხი ძალიან ემსგავსება კადაფის მიერ დაწყებულ რევოლუციურ ამბოხს. რაც არ უნდა აფრქვიოს მან პატრიოტული ლოზუნგები და რაც არ უნდა ამართლოს სოფლებში მოსახლეობისთვის იარაღის დარიგება, ამას ის ეფექტი აქვს, რაც მატყუარა მწყემსის მიერ მეშვიდეჯერ ატეხილ ყვირილს „მგელი, მგელიო!“.

3) ოპონენტების ახალი, მძიმე სპექტრი. სააკაშვილი ვერ ბედავს ამბოხის ახალი ადრესატების ღიად მინიშნებას. იმის მაგიერ, რომ ლუკაშენკოსავით პირდაპირ დაარტყას დასავლელ დემოკრატებს და მათი ელჩები პერსონა ნონ გრატებად გამოაცხადოს, იგი თავად ხმას არ იღებს და ყოველგვარი უკვე გაჟღერებული თუ მომავალი უკმაყოფილობები – ამერიკის ელჩის განცხადებებით, სახელმწიფო დეპარტამენტისა და ფრიდომ ჰაუსის ანგარიშებით, ან არჩევნების სადამკვირვებლო მისიის მიერ დაფიქსირებული კრიტიკული ფაქტებით – მეორე და მესამეხარისხოვანი პირების მიერ იყო და იქნება გახმოვანებული… ამისთვის ეყოლება დაგეშილი ბობოხიძე, წიკლაური, თორთლაძე, ბალავაძე, ხაბაზი და სხვა წვრილფეხობა… საქმე იმაშია, რომ ლუკაშენკოსაგან განსხვავებით, რომელიც მუდამ ორ პოლუსს (ევროკავშირსდა და რუსეთს) შორის დარბის და სარფიან კუშსაც ორივე მხრიდან ახერხებს და იღებს, მიშას რუსეთთან მისასვლელი კარი ოფიციალურად დაკეტილი აქვს პუტინის მიერ. პუტინი ალბათ არც იქნება წინააღმდეგი ნაცმოძრაობის რომელიმე სხვა ლიდერს დაელაპარაკოს – უგულავას, მერაბიშვილს, ან (განსაკუთრებით!) – ჩანგალსიმუს ბაქრაძეს, მაგრამ სააკაშვილი მას ხელისარჩამოსართმევთა კასტაში ჰყავს გამწესებული და სავარაუდოდ, ამ სტატუსს არც მოუხსნის. ამიტომ სააკაშვილისგან დასავლეთის ღიად კრიტიკა წარმოუდგენელი სიგიჟე იქნებოდა. მან მანამდე მეორე, ახალი პატრონი უნდა იპოვოს. სავარაუდოდ, ამ როლზე ერდოღანის იმედი აქვს, მაგრამ მწარედ ცდება, თუ ფიქრობს, რომ ერდოღანი ჭაჭამფრქვევი კოშკის და ერთი მეჩეთის ფასად ან დასავლეთს გააწბილებს და ან – პუტინს… თუმცა, მიშა ფსონად აჭარასაც ჩავა, თუ დასჭირდა…

4) პოლიტიკურ-ეკონომიკური ქანქარა. სააკაშვილისთვის ძალიან რთული დილემაა, არ იცის, რა უფრო დიდი პრობლემა იქნება მისთვის – ეკონომიკა თუ პოლიტიკა. პოლიტიკურად მას მართლაც აწყობს დაძაბულობის, ხიფათის, „მტერი გვიტევს!“ „ყველანი სამშობლოს დასაცავად!“ სიტუაციების იმიტირება-გათამაშება და ამბოხის დაწყება. მაგრამ ეს ყველაფერი პირდაპირ ურტყამს იმ სტაბილურ-იდილიური მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკური ბუმის სურათს, რომელიც სააკაშვილს არანაკლებ სჭირდება, რომ ძალიან გაჭირვებული ფინანსური მდგომარეობა გამოასწოროს და საკუთარ ზონდერებს და პოლიციას „ერთგულების“ გრადუსი არ დაუგდოს! ის საყოველთაო აუქციონი, რაც მთავრობას გამოცხადებული აქვს, ყველაფერზე ახალი გადასახადების შემოღების და ძველების გაზრდის ტოტალური ეპიდემია ხომ სწორედ ფინანსურ გაპარტახების გამოა გავრცელებული! ჰოდა, როგორ გინდა, თან პარლამენტის და ქალაქის საკრებულოს შენობები ამზადო გასაყიდად, თან 4 მილიონ ტურისტს ეპატიჟებოდე, თან ლაზიკის ინვესტორებს აგროვებდე გამწარებული, და თან ომახიანად აცხადებდე – ჩვენი მამაკაცების 100% რეზერვში ეწერება და მტერს საკადრის პასუხს გასცემსო? რომელი სულელი დაიჯერებს რუსი ტურისტების საქართველოში მოზღავების მითს, თუ სწორედ რუსებისაგან აგრესიის გამო დღედაღამ საჭირო სიფხიზლეზე დღედაღამ გაუთავებლად ლაპარაკობ და ახალი საომარი ტექნიკის ისეთ გამალებულ პრეზენტაციებს აწყობ კვირაში ერთხელ, რომ საჩვენებელი მილიტარიზაციის ტემპებით მალე რუსეთს, ირანს, ჩინეთს და ისრაელს, ერთად აღებულებს გადავასწრებთ! ასე რომ, მიშა როცა თავისი რეჟიმის პოლიტიკურ გადარჩენაზე ზრუნავს, უნდა თუ არ უნდა, ეკონომიკურად ძირავს საკუთარ ნავს!

5) ამბოხის ვადა. დაბოლოს, არის ერთი რამ, რაშიც ცოტათი ვერ დავეთანხმები ბლადის ანალიზს. სააკაშვილი იმდენად „არჩევნების მეორე დღისთვის“ არ ემზადება, რამდენადაც არჩევნების წინა დღეებისთვის! მთელი ეს „მიშურა“ – ფსევდორეზერვი, იარაღის დარიგება, ციხეებიდან სახიფათო კრიმინალების გამოშვება და რეზერვის სათავეში ჩაყენება, ახალაიების და სხვათა ზონდერების მობილიზება, ფინანსური ტერორი, კაბელური ტერორი, მედია ტერორი, და სხვა „ფსიხიჩესკი“ შეტევები – სწორედაც რომ არჩევნებამდე, ძირითადად, ქართული საზოგადოების, ასევე მიუკერძოებელი დამკვირვებლების („აქ სად მოდიხართ? არ იცით, ჩვენთან რა შეიძლება მოხდეს?!“) დაშინების მცდელობა უფროა, ვიდრე რეალურად სამოქალაქო ომის გაჩაღების მცდელობა. რადგან სააკაშვილს თუ არა, ამ სახიფათო თამაშებში მონაწილე სხვა პირებს მაინც, კარგად უნდა ესმოდეთ, რომ როგორც კი ისინი ამ დონის ავანტიურაზე წავლენ (უკვე მეორედ), ამით საკუთარ თავს ყველანაირად კანონგარეშე დააყენებენ. მთელი ეს ბრავადა და აქა-იქ ნაყიდ-ნანათხოვარ-გადაღებილი საომარი ტექნიკის თითო-ოროლა ნიმუშის დემონსტრირებით ჰაერით დაბერილი კუნთების თამაში, და იმის იმედზე ყოფნა, რომ კახეთში თუ სამეგრელოში იარაღდარიგებული მოსახლეობა ამ იარაღით მიხეილ სააკაშვილის ნულოვანი რეიტინგის მქონე რეჟიმს დაიცავს თავისი მეზობლებისაგან, არის ის, რასაც ინგლისურის ნაკლებად მცოდნე ხალხიც კი გასაგებ სიტყვას არქმევს – boolshit!… მიხეილ „უშიშარის“ (თუ – გამოუშუშარის) ოცნება ისაა, რომ მოწინააღმდეგე ოპონენტებს სათითაოდ შეაშინებს და არჩევნებამდე უკან დაახევინებს. მას არ აქვს იმის ილუზია, რომ ძველებურად ვინმეს საიდუმლო მოლაპარაკებებზე დააბოლებს, არც იმის, – რომ რაიონებში ისე გააყალბებს, რომ თბილისი და დიდი ქალაქები გადაფაროს, არც იმის, რომ ნავარო გადაარჩენს, და არც იმის, რომ რამდენიმე ასეული ზონდერი მთელ საქართველოს ტყვედ აიყვანს… ახლა ყველაფერი იმაზეა – პირველი ვინ დაახამხამებს…

მიხეილ სააკაშვილი არეკილი გარეკილი კია, მაგრამ იმდენი ტვინი შიგადაშიგ კი შერჩენია, რომ კადაფის ხვედრს ბენ ალის ხვედრი ამჯობინოს, ბოლო მომენტში. მით უფრო, რომ არჩევნებამდე კადაფის და მუბარაქის  პლეადას, ალბათ, ბაშარ ასადიც მიემატება… სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, რომ არჩევნების წინა დღეები იქნება ყველაზე მძიმე. აი, როდის იქნება მასიური დაშინება და ტერორი, რომ ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი არჩევნებზე არ წავიდეს! მრავალი ჩვენთაგანის სახლებში ჩუმჩუმად მოვლენ სიდამპლის გაბრწყინების ორდენის კავალრები – პაგონიანი და უპაგონო შარიკოვები და შმონდერები, სიდედრიონები და სახლმმართველობის გოშიები, და შეეცდებიან მათრახით და თაფლაკვერით დაგვარწმუნონ, რატომ უნდა დავუჭიროთ მხარი იმას, ვინც 8 წელია სისხლს გვწოვს და სამშობლოს ნაწილ-ნაწილ გვიყიდის… შეეცდებიან, დაგვაშინონ ჩვენი შვილების მომავლით (ვითომ ამათ ხელში ვინმეს მომავალი გაგვაჩნდეს), ჩვენი კარიერის დამსხვრევით (თორემ ხომ ისეთი კარიერა გვაქვს მათი წყალობით რომ…), ჩვენი საკუთრების წართმევით (თუ ჭკვიანად იქნებით, ცოტა უფრო გვიან წაგართმევთო…)… აი, როდის გველის მთავარი გამოცდა… თუ ამ ფსიქიურ შეტევას მშვიდად გავუძლებთ (ბოლო ბოლო, ვუთხრათ, რომ მათ მივცემთ ხმას და მერე ისე გადავაგდოთ, როგორც თვითონ გვაგდებემ ეს 8 წელია!) და თუ არჩევნებს მთელი ხალხი ( და არა მხოლოდ ოპოზიციური პარტიები) ღირსეულად ჩავატარებთ, ყველა მივალთ ჩვენს უბნებზე და უარს ვეტყვით ნაცმოძრაბის ტერორს, არჩევნების მეორე დღეს მიშა იქნებ არც ვიხილოთ…

P.S. მძიმე და კატასტროფული ვარიანტები

არის, რა თქმა უნდა, იმის შანსი, რომ არჩევნების წაგების შემდეგ მიშამ აჭარაში გამაგრება და თურქი ასკერებით მხარდაჭერილი ვანდეის ჩამოყალიბება სცადოს, მაგრამ არა მგონია, რომ ამ ვანდეამ დიდხანს გაძლოს. თურქეთის მმართველებმა შეიძლება მხარი დაუჭირონ გიულის ბიჭს, მაგრამ უცხო ქვეყნის შინაურ საქმეებში სერიოზულად ჯარით ჩარევას, სავარაუდოდ, მოერიდებიან.

სერიოზული ხიფათი (ძალიან მცირე შანსით, მაგრამ მაინც) მხოლოდ ერთია. – თუ სააკაშვილის აბსოლუტურად დისკრედიტირებული რეჟიმის კარტის სათავისოდ გათამაშებას რუსეთი და თურქეთი ერთობლივად შეეცდებიან. ეს უაღრესად საშიში სცენარი სააკაშვილის „ერთგულ სტრატეგებს“, ალბათ, მართლაც აქვთ მომზადებული (ისევე, როგორც კულახმეტოვის „გვერდზე გადგომის“ ოსტატურად დაგებული ხაფანგი), თუმცა, იმედი მაქვს, რომ ბოლო მომენტში – საკუთარი ტყავის გადარჩენის შიშით – უკან დაიხევენ.

კატასტროფული სცენარი კი ასეთია:

მიხეილ სააკაშვილის მიერ მომზადებული რეზერვი (დათო შენგელიას ექს-პარტიზნები) გალის რაიონში პროვოკაციას იწყებს. პრეზიდენტი ამ დროს ბათუმში რაიმე მორიგ კონცერტს ატარებს. აფხაზები და რუსები ანაკლიისკენ იწყებენ გადმოადგილებას. საქართველოს უშიშარი პრეზიდენტი მგზნებარე სიტყვით მიმართავს მთელ მსოფლიოს და რუსეთს მორიგ ნიღაბს ახევს სიფათიდან. სანამ მსოფლიო გაოგნებული ფიქრობს, რამდენჯერ, როგორ (ან რატომ?) – უნდა გადაარჩინოს ეს ნაკვები პროვოკატორი, რუსები სამეგრელოს იკავებენ და ფოთისაკენ მიიწევენ. ამის საპირწონედ კი (ყარსის ხელშეკრულების მომიზეზებით და მოძმე საქართველოს „ლეგიტიმური“ მთავრობის თხოვნით!) თურქეთის ჯარები აჭარას იკავებენ…

ამ მორიგ ხაფანგში შეგრიალებით მოგებულნი რჩებიან – რუსები (რომლებიც უკვე არა მარტო თბილისთან, არამედ ქუთაისთანაც იქნებიან ორმოცდაათიოდე კილომეტრში), თურქები (რომლებიც, როგორც ადრე რუსები,, დიდი ხნით შეინარჩუნებენ „მშვიდობისმყოფელის“ სტატუსს და აჭარის ოსმანიზაციას მართლაც შეუქცევადს გახდიან) და მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მთელ მსოფლიოს ნიშნს მოუგებს, „ხომ გიძახდით – რუსეთი დაგვესხმებაო!“. მოგებულნი შეიძლება დარჩნენ ამერიკელი რესპუბლიკელებიც, რომელთაც არჩევნებზე ობამას დამარცხების რეალური შანსი გაუჩნდებათ, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ამბოხისმოყვარული პროვოკატორის – მიხეილ სააკაშვილის – ამ ვარიანტით დაინტერესებას.

წაგებული მხარეები: ყველაზე კატასტროფულად – საქართველო! შედარებით ნაკლები მასშტაბით, მაგრამ მაინც – ამერიკა და ევროკავშირი.

რა თქმა უნდა, ეს მოდელირებაამაგრამ, როგორც ერთი დიდისტრატეგიიტყოდა, - „ძალიან მიახლოებული სინამდვილესთან


აბსურდის გენიალიზაციის მცდელობები [აბსურდის ამარა დარჩენილ ნაცმოძრაობაში და მის დეზავუირებულ სატელიტებში]


საქართველოს სახელმწიფო კიდევ ერთ ნომინაციით შევიდა გინესის წიგნის  საპატიო გრაფაში – „პირველად მსოფლიოში“.

პირველად მსოფლიოში (ყოველგვარი ბრჭყალების გარეშე!) საქართველოს მიშკურთხეულმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ როგორც საქართველოს პარლამენტის წევრი, ასევე, საქართველოს ხელისუფლების ნებისმიერი უმაღლესი რანგის პირი – პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი ან პარლამენტის თავმჯდომარე -შეიძლება გახდეს უცხო ქვეყნის (ევროკავშირის და, სავარაუდოდ, ასევე  – აშშ-ის) მოქალაქე, რომელიც არის დაბადებული საქართველოში, მიაღწია 21 წელს და 10 წელი მაინც იცხოვრა საქართველოში.

ეს ყველაფერი კი მოჰყვა იმას, რომ ბიძინა ივანიშვილს ხინჯად ჩაუთვალეს ის, რომ იგი ნატურალიზაციის განაცხადის შეტანის მომენტში ჯერ კიდევ იყო სწორედ ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქე და მიუხედავად იმისა, რომ მას უკვე შეტანილი ჰქონდა განაცხადი ამ მოქალაქეობის დატოვებაზე, ფორმალური და ყურით მოთრეული მიზეზით უარი უთხრეს ნატურალიზაციაზე!

სწორედ აქ არის აბსურდი.

სუპერაბსურდი!

თან ისეთი მასშტაბის სუპერაბსურდი, რომელიც დღევანდელ მსოფლიოში ჯერ არავის გაუგონია და ვერავის მოუგონია!

არა, არის შემთხვევები, რომ საზღვრისპირა რეგიონებში მცხოვრები ორი ქვეყნის ეთნიკური უმცირესობები პარიტეტულ საფუძველზე ერთი ქვეყნიდან – მეორის, და პირიქით, არჩევნებში მონაწილეობენ, მაგრამ საქმე პასიურ საარჩევნო უფლებას ეხება და არა – სხვა ქვეყნის პარლამენტის წევრად, ან, მით უფრო, უმაღლესი რანგის პირად არჩევის უფლებას!

ის, რომ ნაცმოძრაობის ბონზებს კარგად ესმით, რა ნეხვშიც ჩადგეს ფეხი ივანიშვილისთვი მოქალაქეობაზე უარის თქმით, იმითაც დასტურდება, რომ საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებაში მითითებული არ არის კანონის მუხლი, რომელსაც დაეყრდნო რეესტრი ამ გადაწყვეტილების მიღებისას! მეტიც, არამცთუ სააკაშვილმა არ გამოსცა განკარგულება ამ გადაწყვეტილებაზე, რაც მას კანონით ეკისრება, არამედ ამ გადაწყვეტილებას ხელს არ აწერს არც რეესტრის უფროსი ვაშაძე. მხოლოდ მის მოადგილეს, ვინმე გიორგი გაბრიელაშვილს გაახმოვანებინეს ეს აბორტის მსხვერპლი გადაწყვეტილება…

სამაგიეროდ, ახლა მოძებნეს დიადი გამოსავალი – კონსტიტუციის ახალი ჭრა-კერვა!

„ამით ყველა ბარიერი იხსნებაო!“ – ტრადიციულად ღიმილით განაცხადა ქვეყნის ოფიციალურად მეორე პირმა და ევროპის 200-ეულის ინტელექტუალმა დავით ბაქრაძემ.

„გიჟი თავისუფალიაო!“ – ამბობენ ჩვენს ხელისუფლებაზე, უკვე არა მარტო იმერეთში…

ფორმალური მიზეზით – კანონს ვერ დავარღვევთო! – არ მისცეს მოქალაქეობა და მერე გადაწყვიტეს  ქვეყნის მთავარი კანონის – კონსტიტუციის გადაკეთება, რაც თავისთავად მრავალი კანონის ცვლილების აუცილებლობას იწვევს! ევროკავშირის ქვეყნის მოქალაქე იყოო და ნატურალიზაციას როგორ მოვახდენდით, დაუშვებელიაო, და ევროკავშირის ყველა საქართველოში დაბადებული მოქალაქისთვის დაუშვეს ფორმალურად საქართველოს უმაღლესი თანამდებობის დაკავების უფლება! ივანიშვილი საფრანგეთის მოქალაქე გახდაო და იმიტომ ჩამოართვეს საქართველოს მოქალაქეობა, ახლა კი ევროკავშირის და ამერიკის მოქალაქეობის მქონე ათასობით ადამიანს, ისე, რომ მათ საქართველოს მოქალაქეობა არ ექნებათ – აძლევენ საქართველოს ხელისუფლებაში მოსვლის ლეგალურ შანსს!

ქვეშიდან გამოძრომა ჰქვია ამას!

საფრანგეთის მოქალაქე რომ არ ყოფილიყო ივანიშვილი და რუსეთის მოქალაქეობა რომ დაეტოვებინა, მაშინ რას იზამდით, მაშინ რუსეთის მოქალაქეებსაც მისცემდით სრულმასშტაბიან საარჩევნო უფლებასო? – ჰკითხა პალიკო კუბლაშვილს ეკა ბერიძემ „პირდაპირ საუბარში“ და მანამ არ მოეშვა, სანამ პალიკომ არ აღიარა, არ ვიციო… აქვე სხვა ძალიან სერიოზული კითხვები დასვა ჟურნალისტმა – რა დააშავეს თურქეთში მაცხოვრებელმა საქართველოში დაბადებულებმა, ან – სომხეთში ან – აზერბაიჯანშიო? თუ ის შენიშნა იუსტიციის სამინისტრომ, რომ ივანიშვილის მიერ საფრანგეთის საკონსულოდან მოტანილ წერილს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ აპოსტილირება აკლდა და ეს ხარვეზი 3 დღეში გაასწორებინა, ის რატომ ვერ შენიშნა მაშინვე, რომ მომმართველი პირი თურმე “არასწორი გზით” მიდიოდაო? 3 თვე რატომ ალოდინეს იმის მოსასმენად, “არასწორი გზით” მოგვმართეო?

ამავე გადაცემის მეორე ნაწილში ბატონ ვასილ მაღლაფერიძის თქვა, ამ აბსურდით ხელისუფლებამ ერთ დღეს გაბედა და უარი უთხრა ივანიშვილს, თქვენი გულისთვის კანონს ვერ დავარღვევო, ხოლო 24 საათში არამცთუ “კანონი დაარღვია”, მთელი კონსტიტუციის  გადასინჯვა და გადასწორება დაიწყო, თან აბსოლუტურად უპრეცედენტო ფორმითო. ბატონი ვასიკო ფიქრობს, რომ ამით ხელისუფლებამ აშკარა გახადა საკუთარი გაფარჩაკება და რომ ეს რაუნდი ივანიშვილის წინაშე მათი საბოლოო კაპიტულაციის ტოლფასია, როცა უარი თქვეს ნოკდაუნის აღიარებაზე, მაგრამ, თავისდა უნებლიედ, აღიარეს სრული ნოკაუტი, მაგრამ მე ამ აზრს სრულად და ბოლომდე ვერ დავეთანხმები.

უფრო სწორედ, ლოგიკის ჭრილში და ფსიქოლოგიური ფენომენის გათვალისწინებით – “მიშამ გაბედა, მაგრამ მაინც შეეშინდა და ბოლოს მაინც ვერ გაბედა” – სიამოვნებით დავეთანხმებოდი, მაგრამ  ვფიქრობ, რომ უნდა გავითვალისწინოთ ნაციონალური მოძრაობის და კერძოდ, მიხეილ სააკაშვილის, საკმაოდ სერიოზულად გამოხატული უნარი, რომ თავისთვის ძალიან წამგებიან ნაბიჯებშიც კი,  კრიტიკულ და კატასტროფულ სიტუაციებში აღმოჩენისას, მონახოს თავისთვის მომგებიანი პოზიციები და თითქოს დათმობების უკან შენიღბოს ის უკეთურობანი, რომელთაც თავის სასიკეთოდ გამოიყენებს. ამ შენიღბვის ერთ-ერთ ნათელ მაგალითად მახსოვს რეგიონული მედიისათვის დავალიანებების ჩამოწერის კამპანია, რომელიც ვითომ ყოყმანის შემდეგ ხელისუფლებამ გულმოწყალედ მიიღო და როდესაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამ მიზნით გამოყოფილი 30 მილიონის უდიდესი ნაწილი შემდეგ პროსახელისუფლებო „რუსთავი2“-ის, „იმედის“ და საზოგადოებრივი არხის  დავალიანებების (და პრემიების) დაფინანსებას მოხმარდა!

ამიტომ შევეცდები, გავთვალო ის პოტენციური საფრთხეები, რითაც ხელისუფლება ამ, ერთმნიშვნელოვანად სუპერაბსურდის, უკვე „გაგენიალურობას“ შეეცდება.  და ამით იქნებ მივხვდეთ, ხომ არ არის ივანიშვილისთვის შეთავაზებული გზა, როგორც ია ანთაძემ მოსწრებულად აღნიშნა, „მაპზე უკეთესი“!

1)      ყველაზე მარტივი საფრთხე – პოლიტიკაში სრულფასოვანი ჩაბმის და საარჩევნო პროცესის დაგვიანება! ხელისუფლება ლამისაა ტყავში გაძვრეს, ისე ცდილობს, რომ ნებისმიერი თვე და კვირა, კი არა, რამდენიმე დღით მაინც გადადოს ის მომენტი, როცა ივანიშვილს სრულფასოვანი პოლიტიკური უფლებები მიეცემა. ამიტომ, 100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ რამდენადაც ადვილად „დათანხმდა“ ნაციონალური უმრავლესობა ქრისტიან-დემოკრატების ამ „ინიციატივას“ (ორივე ამ ძალას როგორ ამოდის მზე ივანიშვილის „ქართულ ოცნებაზე“, ხომ ცნობილია, და ის ფაქტი, რომ თარგამაძეს წინადადება დამთავრებული არ ჰქონდა, რომ პალიკო და მისი რაზმი უკვე თანახმა იყო, ძალიან მრავლისმეტყველია!), იმდენად გაჯანჯლებული იქნება თავად პროცესი. იქნება ძალიან ჩაკირკიტებული პოზიციები, მოსმენების გადადებები, პარლამენტი ქუთაისში გადავა,  და ვინ იცის, იქნებ შვებულებაშიც გავიდნენ დასიცხული დეპუტატები… მე პირადად, ასე მგონია, რომ ეს ძალიან რეალური საფრთხეა – ყველა უცხოურ ორგანიზაციას და მეგობარ სახელმწიფოებს სააკაშვილი განუცხადებს – მეტი რა გინდათ, თქვე დალოცვილებო, თქვენი ეჭვების მოსახსნელად ასეთ გაუგონარ ნაბიჯზე – კონსტიტუციის ცვლილებაზეც კი წავედით და ხომ იცით, არაა ეს ადვილი საქმეო! და იქეთ დაამუნათებენ, თქვენ რომ დაგეწყოთ კონსტიტუციის ცვლილება (გეგონება, ვინმემ დააძალა!), ხომ არ იჩქარებდით და ძაან რუდუნებით მიუდგებოთ ამ საპასუხიმგებლო საქმესო! არ გამოვრიცხავ, რომ რომელიმე განსწავლულმა პარლამენტარმა (კობა ხაბაზის „იმედი მაქვს“ ძალიან და კიდევ მეტად გია თორთლაძის, რადგან ასეთი “ოპოზიციის” ხელის გასვრა უხდება ძაან ასეთი გასვრილი იდეების გახმოვანებას) რეფერენდუმის იდეაც კი წამოაყენოს, რაც სრულიად ლოგიკურია. აბა, ნიდერლანდებში ან საფრანგეთში ვინმე აბსურდისტებს, სხვა ქვეყნის მოქალაქეებისათვის  ქვეყნის უმაღლეს პირებად არჩევის უფლების მინიჭება რომ გაეხმოვანებინათ, ეს ამბავი ჩაივლიდა რეფერენდუმის გარეშე? არა, ბატონო, თქვენ პალიკოები ხომ არ ბრძანდებით! ჰოდა, აბა რა გაგიკვირდათ, დამაშვრალმა პალიკომაც რომ აღაპყროს თვალების ზეცისკენ – რა ვქნათ, ბატონებო, ოპოზიციონერი დეპუტატი, დემოკრატიული პარტიის ლიდერი პადოშა თორთლაძე აყენებს საკითხს და როგორ არ დავნიშნოთ რეფერენდუმიო? ასე რომ – ხაფანგი #1 – დრო! ამერიკის ელჩმა აღნიშნა, უნდა იქნეს მიღწეული თანასწორი პირობები არჩევნებში მონაწილეთათვის, და ეს უნდა მოხდეს უსწრაფესად! ჩემი აზრით, ნაცმოძრაობის გათვლა არის სწორედ ის, რომ პროცესი ივნის-ივლისამდე გაჭიმოს და სწორედ ამიტომ განაცხადეს დღეს უცხოეთიდან დამკვირვებლების მოწვევის ინიცირებაზე… სიფხიზლის მოდუნებაზე თამაშობენ ჩვენი შულერები.

2)       მეორე და უფრო სერიოზული საფრთხე – მორალური ხაფანგი + სხვა სატელიტების გამოყვანა ავანსცენაზე. მართალია, ნაცმოძრაობამ ასე ადვილად „დათმო“ ივანიშვილის პოლიტიკაში ჩაბმის  უფლების მიცემა, მაგრამ არ დათმო მოქალაქეობა და არა მგონია, ეს მარტო სააკაშვილის კაპრიზს (წართმეულის უკან დაბრუნება, ისიც ივანიშვილის ქადილის ფონზე – სისუსტეში არ ჩამეთვალოსო!) უკავშირდება. როგორც კი საკონსტიტუციო ცვლილებების ეტაპი  გავლილი იქნება, ნაცმოძრაობის ხელშემწყობი პიარ-კამპანიის მთელი აქცენტი გადანაცვლდება იმაზე, როგორი სახიფათოა სხვა ქვეყნის მოქალაქეების უმაღლეს თანამდებობზე მოსვლის პერსპექტივა! რომ ასეთი ადამიანი სხვა ქვეყნის პრეზიდენტის და კანონების მორჩილია მხოლოდ და შეიძლება გადამწყვეტ მომენტში სწორედ სხვა ქვეყნის ინტერესები დააყენოს ყველაზე მაღლა! მართალია, ნაცმოძრაობაც და პირველ რიგში ქრისტიან-დემოკრატები, როგორც ამ ინიციატივის მამები და მამინაცვლები (რომელი – ვინ, თავად გადაწყვიტეთ), ამ კამპანიის წინა ფლანგზე ვერ იქნებიან, მაგრამ აგერ არ არიან რეზერვში გადანახული მემარჯვენეები, რომელთა მხრიდან ივანიშვილზე დარტყმა არავის გაუკვირდება? აგერ არ არის პან გიმალაისკი თორთლაძე, რომელიც პატრიოტული აქტის ზეავტორია და რომლის პატრიოტული სიფრთხილე არავის გააკვირვებს? ბოლომდე მოხსნის გუდას თავს ბატონი შალვა ნათელაშვილი და კიდევ ერთხელ გააჭენებს ანტიამერიკულ და ახლა უკვე ანტიევროკავშირულ ულაყებს ბიძინა ივანიშვილისთვის დასავლეთიდან მართულობის დაბრალებით… დაბოლოს, აგერ არ არიან უძველესი პარტიის ლიდერები ბაჭუკი ქარდავა და გურამ ჩახვაძე? და თქვენ რა გგონიათ, უცხოეთში გადანახულ მანანა არჩვაძეს, ღვინოში ჩამბალ ლოთ ქობალიას და ზოგიერთ სხვა „ეროვნულს“ ვერ დააძრობს საიდუმლო რეზერვიდან მიხეილ სააკაშვილი? აქვე შეიძლება ვიხილოთ ზოგიერთი სასწრაფოდ შეწყალებული პირიც და მათ მიერ საარჩევნოდ გამომცხვარი ახალი სატელიტებიც… ისევე, როგორც ზოგიერთი ე.წ. „ოპოზიციური“ გაზეთები… სწორედ ისინი დაიწყებენ გნიასს და შექმნიან „უცხო ქვეყნებიდან მართული ძალების წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნულ ფრონტს“. კალისტრატესნაირი მამაოების იმედიც უნდა ჰქონდეს მათგან თაფლნაჭამ ხელისუფალს… თანაც თუ აქამდე რესპუბლიკელები, ფორუმი, თავისუფალი დემოკრატები და სხვები ხშირად ახსენებდნენ  ხელისუფლებას მის მიერ თავის სასარგებლოდ კონსტიტუციის ხშირ ჭრა-კერვას, ახლა უკვე ხელისუფლება დაუბრუნებს საყვედურით ხურდას – თქვენს გამო დაგვჭირდა ასეთ მძიმე ნაბიჯზე წასვლაო!..

3)      საფრთხე მესამე – „მინი/ფსევდო-ივანიშვილების კულტივაცია“. მაქვს ინფორმაცია, რომ დიასპორასთან მუშაობის სამინისტრომ (პირადად პაპუნა დავითაიამ) უკვე მიიღო დირექტივები საზღვარგარეთ მაცხოვრებელი მეტნაკლებ შეძლებული ქართველების ნაცმოძრაობაში რეკრუტირებისათვის.  სააკაშვილს საქართველოში უკვე არ დარჩა მეტნაკლებად პოპულარული ადამიანი, რომელსაც იგი პარლამენტში წარადგენს და ეს ადამიანი არჩევნებს (მაჟორიტარულ ოლქში) მოიგებს… მაგისთვის გადაინახეს ანდრია ურუშაძეო, ითქვა… გაწიე, ერთი!.. ანდრია ურუშაძის მოგებული არჩევნების იმედზე იყოს ჩემი მტერი! თუ წინა არჩევნებზე სააკაშვილის მიერ დარაზმულმა ბიზნესმენებმა მართლაც მოახერხეს რეგიონებში და თბილისის ზოგ რაიონშიც მეტ-ნაკლებად ნორმალური საარჩევნო კამპანიის წარმართვა, დღეს არც ფრიდონ თოდუა, არც თემურ კოხოძე, და ვერც, მით უფრო,  სხვა კიდევ უფრო ოდიოზური ფიგურები – რუსუდან კერვალიშვილი, მაგალითად,  მოახერხებენ არჩევნების მოგებას. ამ „ღვთისმოსავ“ ქალბატონს, საერთოდ, შეიძლება სულ ღერა-ღერა დააწიწკნონ „ისი-პარის“ სალონში სათითაოდ აფუებული თმები მის მიერ გადაგდებულმა ბინების პატრონებმა… ამიტომ, დასაშვებია, სააკაშვილმა ჩამოიყვანოს რამდენიმე ათეული უცხოელი ქართველი და მათ პარლამენტის არჩევნების მოგების ფასად მთელი ქვეყანა დაუნაწილოს. ასე რომ,  კი გვგონია, რომ თარგამაძის მიერ აწეული ეს „ტოპკა“ ინიციატივა ნაცმოძრაობამ მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის პრობლემის მეტნაკლებად უმტკივნეულოდ მოსაგვარებლად დაგეგმა, მაგრამ, ვინ იცის… იქნებ არც იყოს მარტო ერთ კაცზე გათვლილი! დღეს მსოფლიოში ბევრი ცნობილი ქართველია მიმოფანტული და ზოგიერთი, იქნებ, დათანხმდეს კიდეც აბსოლუტურად დისკრედიტირებული რეჟიმის „სარფიან წინადადებას“…

4)      საფრთხე #4 – „ყრმათა ღაღადი“… არ უნდა დაგვავწყდეს, რომ „ივანიშვილის აქტით“ კონსტიტუციაში საკმაოდ უგვანო შესწორება შედის – 21 წლის მოქალაქეებს ეძლევათ პარლამენტარის ადგილის დაკავების უფლება! დარწმუნებული ვარ, საპარლამენტო უმრავლესობა მიაფუჩეჩებს ამ „პრეთარგამაძეული“  ინიციატივის განხილვის აუცილებლობას, რაც არ უნდა დავუშვათ! საერთოდ, რაც დრო გადის, სააკაშვილი თავადაც უფრო ემსგავსება უწლოვან ბავშვებს და სწორედ უწლოვანებზე გადის მისი ავანგარდი. თუ აქამდე 25-35 წლის ახალგაზრდები იყვნენ სააკაშვილის რეჟიმის დასაყრდენი, ახლა ეს თამასა კიდევ უფრო დაიწევს და 15-25 წლიან თითქმის თინეიჯერებზე გავა. დიდი შანსია, რომ მინისტრებად შაშკინის და რურუას ასაკის ხალხი უკვე ბებრებად ჩაითვალოს.  წინა პლანზე გამოვლენ ნინო ლაპიაშვილის მსგავსი ნორჩი დაქოქილები, რომელთაც მორალური ავტორიტეტად გურამ რჩეულიშვილი და ოთარ ჭილაძე კი არა, სავარაუდოდ, თამარა ჩერგოლეიშვილი მიაჩნიათ და რობოკოპივით წამში 60 ტყვია-სიტყვას ისვრიან წრეზე… თუ დღევანდელი პარლამენტის სახეები არიან პალიკო კუბლაშვილი და აკო მინაშვილი, დიდი შანსია, რომ მომავალი პარლამენტის სახე გახდეს უნივერსიტეტის თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტი და ზონდერჯგუფის ლიდერი ბექა ახლოური… სწორედ ახლოურების, ლაპიაშვილების და კიდევ უფრო უწლოვანთა პარლამენტს ამზადებს მიხეილ სააკაშვილი. 21-წლიანებს შორის ხომ მრავლად მოიძებნება ისეთი, ვინც გაიზარდა „ლიდერი ყოველთვის მართალია!“  სულისკვეთებით!… ია ანთაძის ბლოგზე კომენტარების წერა ახალი დაწყებული მქონდა, როცა გავიხსენე დიდი ჰუმანისტის, ბავშვებისთვის თავგანწირული გმირი მასწავლებლის და მწერლის იანუშ კორჩაკის წიგნი „მეფე მათიუშ პირველი“ და სააკაშვილის ხელისუფლებას სწორედ მორალური იმპერატივების არმქონე ბავშვების ხელისუფლების საზარელი ბედი ვუწინასწარმეტყველე… საუბედუროდ, ყველაფერი სწორედ ამისკენ მიდის…

5)      საფრთხე #5. ორმაგი საფრთხე დიპლომატიურ ფრონტზე - აქამდე, გარეგნულად „დუნე“ პოლიტიკური კამპანიის მიუხედავად,  გრადუსი და უცხოელების დაინტერესებაც საქართველოს არჩევნებით მატულობდა. ახლა, შეიძლება უცხოელებმა ჩათვალონ, რომ მიშა “მორჯულდა” (2008 წლის მაისშიც ასე ჩათვალეს კონდოლიზა რაისმა და სხვა დასავლელმა ლიდერებმა) და ნაკლები ყურადღება დაუთმონ საქართველოს საარჩევნო გარემოს. სააკაშვილი ამას უეჭველად გამოიყენებს რეგიონებში ხალხის უფრო შენიღბული, მაგრამ გაძლიერებული დაშინებისათვის და მედია-კონტროლის გასაძლიერებლად. ამ მხრივ ნიშანდობლივია ის მასიური წნეხი, რომელიც უკვე მოდის რეგიონულ მედიაზე (ძირავენ და კონკურენტი „გაუჩინეს“ გორში ტვ „თრიალეთს“, ხელში ჩაიგდეს გურიის ტელევიზია, ფაქტიურად „ობიექტივით“ ჩაანაცვლეს ბათუმში „ტვ-25“, სულ უფრო არნახულ წნეხს მიმართავენ კაბელურ არხ “გლობალ-ტვ”-სთან დაკავშირებით, უკვე 50,000-ით დააჯარიმეს მაგთი (მაშინ როცა ბილაინს და ჯეოსელს გაფრთხილება აკმარეს!) და ძალიან უნდათ რაიმე სანქციები დაუწესონ მაგთისატს… სააკაშვილმა იცის, რომ ვერაფერი ვერ უშველის, როგორც კი რეგიონებში მართალი სიტყვა (ტელევიზია!) გავა… ამიტომ, აუცილებელია ამ პროცესების მუდმივად ინტენსიური გაშუქება – სტუდია „მონიტორის“ და GNS-ის ყველა ფილმის მეყსეულად ინდა იდებოდეს სუბტიტრებით იუთუბზე და გადიოდეს ყველა დიპლომატიური და არასამთავრობო არხით. თუმცა არის მეორე, საპირისპირო საფრთხე – თუ დიპლომატებმა ჩათვალეს, რომ ჩვენ – ქართველებს ჩვენი პრობლემების გადაჭრა მხოლოდ მათი ხელებით გვინდა, ეს მათ ენთუზიაზმს გაანელებს… მზა რეცეპტები არა მგონია, ვინმეს ჰქონდეს. საჭიროა სცილას და ქარიბდას შორის ვირტუოზული გავლა…

6)      რადგან კონსტიტუციის ჭრა-კერვის საბაბი იგდო ხელთ, სააკაშვილი უეჭველად რაიმე  კიდევ უფრო ქონიან დუმას მიითლის! არ გაგიკვირდეთ, თუ ეს იქნება კონსტიტუციური რეფორმის კიდევ ახალი (ჯერ კიდევ მიჩუმათებული) მოდიფიცირება, რომლითაც მთელი ძალაუფლება პრემიერ-მინისტრიდან ახლა უკვე პლარლამენტის თავმჯდომარეზე შეიძლება გადმოვიდეს! ეს ხომ ფორმალურად პუტინის გზის არგამეორება იქნება და სააკაშვილს უფლებას მისცემს ამტკიცოს, რომ მან ზედმიწევნით შეასრულა ობამას და დასავლელი პარტნიორების გზავნილი – არც მესამედ პრეზიდენტობა ინება, და არც პუტინის გზას გაჰყვა!.. სააკაშვილს თავად უნდოდა საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება და ამისთვის 21-წლიან ყრმათა მომიზეზება ვერ იყო მთლად გამართული არგუმენტი, ახლა კი განგებამ (“მიხვედრილი” გიორგი თარგამაძის სახით, უკვე მერამდენედ) აჩუქა შანსი, რომ თავისი საქმე (Cosa Nostra) სხვისთვის უფლებების მინიჭებით გადაფაროს! არა ნამდვილად დაუფასდება გიორგი თარგამაძეს ეს „პადაჩა“!  თუ ადრე ვინმეს ეეჭვებოდა, ვინ იქნება 2013 წელს მიშასთვის სასურველი საპრეზიდენტო კანდიდატი, ალბათ უკვე ბევრი ჩვენთაგანისთვის, თარგამაძის ამ სოლო გარღვევის შემდეგ, ყველაფერი ნათელია. სწორედ ეს იმედისმომცემი ახალგაზრდა (ჰ)ოპოზიციონერი, რომელსაც უწინასწარმეტყველა კიდეც სააკაშვილმა მის ადგილზე დაჯდომა, დაჯდება კიდეც. და იცით, რატომ? იმიტომ, რომ, როგორც ჩემი საყვარელი მწერალი იტყოდა: „…იმიტომ, რომ ავტორმა ასე ინება! – და რატომ ინება? იმიტომ, რომ აღწერა!“

7)      დაბოლოს, ისევ ის პირველი არგუმენტი – დრო! ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის არმინიჭების გამო დარჩა დღეს თითქოს მივიწყებული, მაგრამ საკმაოდ სერიოზული საფრთხე. მას, როგორც საფრანგეთის/ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეს, საქართველოში უვიზოდ ყოფნის დრო საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის დღიდან – 2011 წ. 7 ოქტომბრიდან – 360 დღით აქვს შემოსაზღვრული. თუ არჩევნები, დავუშვათ, 2012 წ. 14 ოქტომბერს დაინიშნება (მცხეთობა დღეა! – ერთ-ერთი აბსურდულად “კანდიდატი დღე”, რომელიც უკვე თქვენმა მონა-მორჩილმა, ვიწინასწარმეტყველე), მანამდე რამდენიმე დღით ადრე ჩვენი „კანონმორჩილი“ ხელისუფლება ივანიშვილს ქვეყნის დატოვებას მოსთხოვს, რაც მის მხარდამჭერთა განწყობაზე უეჭველად იმოქმედებს!

ისე, თუ უცხოეთის მოქალაქეს პრემიერ-მინისტრად ვირჩევთ, იქნებ უვიზოდ პრემიერ-მინისტრობის უფლებაც მიგვეცა, რომ რომელიმე გაბრიელაშვილის  მოთხოვნით მერე პირდაპირ სამთავრობო სხდომიდან დეპორტი არ გაუკეთონ!

P.S. წეღან თარგამაძე ვახსენე, გიორგი…

2009 წელს გიორგი თარგამაძე რადიო “თავისუფლების” ია ანთაძის ბლოგზე ინტერაქტიულ საუბარში გვეწვია და როგორც სხვა იანეთელებისაგან, ისე ჩემგანაც მრავალი მწარე მუჯლუგუნი მოხვდა. მის მერე, შეძლებისდაგვარად თავს ვიკავებდი, და თუ  რატომ, ეს ჩემი იმ კითხვიდან გახდება თქვენთვის ცხადი, რომელიც მე იანეთში დავუსვი… საბოლოო პასუხი კი სწორედ გუშინ და სწორედ იმ „სატოპკე“ ინიციატივით მივიღე… როგორც ჩანს, წილი საბოლოოდ ნაყარია…

————————————————————————–

ავტორი: სოლომონი საიდან გვწერთ: თერნალი

15.11.2009

კითხვა გიორგი თარგამაძეს

როსელინის აქვს ფანტასტიური ფილმი - „გენერალი დელა როვერე“. აფერისტი და ქურდი გრიმალდი გესტაპოს დავალებით შედის ციხეში წინააღმდეგობის გმირის, გერმანელების მიერ უკვე ჩუმად დახვრეტილი გენერალ დელა როვერეს სახელით, რომ წინააღმდეგობის სხვა უცნობ ლიდერებს დაუახლოვდეს და გასცეს. მაგრამ ის საყოველთაო თაყვანისცემა და სიყვარული, რომელსაც გრიმალდი/“დელა როვერეპატიმრებისგან გრძნობს, მასში საოცარ კათარზისს ახდენს და იგი არამცთუ უარს ამბობს გესტაპოსთან თანამშრომლობაზე, არამედ აბსოლუტურად განწმენდილი მთელი ციხის აპლოდისმენტების ქვეშ უშიშრად მიდის სიკვდილის შესახვედრად...
2006-07
წლებში თქვენ ქართველი ხალხის წინააღმდეგობის გმირი იყავით. 2008 წლის მაისში კი პარლამენტარის სკამზე გაცვალეთ გმირობა. თქვენ, მშობლებისაგან იმ რწმენით გაზრდილს, რომ „სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა – სიკვდილი სახელოვანი“, არ გენატრებათ ის დრო, როცა მთელი საქართველო გენერალ დელა როვერესავით ტაშს გიკრავდათ?

————————————————————————————

ჩემთვის უკვე მნიშვნელობა არ აქვს, რა მიპასუხა გიორგი თარგამაძემ. ენას ძვალი არ აქვსო, და პოლიტიკოსის ენას – მით უფრო… ხოლო ნიჭიერი და სააკაშვილის ხელში „დავაჟკაცებული“ ფსევდოოპოზიციონერისას – საერთოდ! ფაქტი სახეზეა. დღეს სწორედ გიორგი თარგამაძე იქცა სააკაშვილის ასბოლუტურად გაფარჩაკებული და სუპერაბსურდული, სამარცხვინო ხელისუფლების „პალოჩკა-ვირუჩალოჩკად“! სწორედ მან (უკვე მერამდენედ) მოწმინდა მარადმოუწმინდავი ცხვირი მიხეილ სააკაშვილს და პასუხისმგებლობა დროებით აარიდა. და რამდენადაც გიორგის ამბიციურობაში ეჭვი არ მეპარება, სრული დარწმუნებით ვამბობ – მან ამ მხსნელი მაშველი რგოლის გადაგდებისათვის 2013 წელს პრეზიდენტად გაქაჩვის გარანტია მიიღო… (რას მიიღებს სინამდვილეში – ეს სხვა ამბავია…)

ჩვენი გრიმალდი – გრიმალდიდ დარჩა, საბოლოოდ და უკანმოუხედავად.

მისგან ციტირებული „სიკვდილი სახელოვანი“ კი – ისეთივე გაცვეთილ პროფანციად, როგორც სააკაშვილის სასახლის პორტალზე ამოკვეთილი რუსთაველის მეორე უკვდავი აფორიზმი…

აბა, შენ იცი, გიორგი! :((

როგორც ევროკავშირის წევრ ქვეყანაში იტყოდნენ – „არ ააცდინო, ასუნტა!“

ხოლო თუ უფრო ეროვნულად გამოვხატავდით – „მიეცი, ამეთვისტო, მიეცი!“


„მიშა თავისუფალია!“ კომენტარი ია ანთაძის ბლოგზე „გადადგება თუ არა მიხეილ სააკაშვილი?“


მადლობა, ია! ჩვეულებისამებრ, ძალიან კარგი ანალიზია (http://www.radiotavisupleba.ge/content/blog/24441051.html#relatedInfoContainer)  და ახალი წლის ძალიან საინტერესო დასაწყისი ბლოგზე!

ახალ წარმატებებს და მეორე სუნთქვას  ვუსურვებ “იანეთს”, ხოლო მის დიასახლისს – მრავალ სიხარულს და გამარჯვებებს!

 

კითხვა ნამდვილად დროულია – გადადგება თუ არა ამხ. სააკაშვილი!

 

მე მაინც მგონია, რომ არ გადადგება და აი, რატომ:

 

მიხეილ სააკაშვილი არის ისეთი მოთამაშე, რომელიც მხოლოდ მაშინ მიდის რისკზე, როცა ორი ჯოკერიდან სამივე მისია! :))

2008 წელს მისი მთავარი ჯოკერი, ჩემი მოკრძალებული აზრით, იყო აშშ ელჩი ჯონ ტეფტი, რომელიც ყველაზე უფრო მიკერძოებული ელჩი იყო, რაც კი აშშ მთავრობას საქართველოში ჰყოლია. ელჩი, რა თქმა უნდა მიკერძოებულია ყოველთვის – თავისი ქვეყნის და მთავრობის ინტერესების გამტარებელია, აი, ტეფტი კი გაცილებით მეტად მიხეილ სააკაშვილის კლანური ინტერესების გამტარებელი იყო და იმედი მაქვს, მოვა დრო, როცა მას მოუწევს როგორც ქართველი კანონმდებლების, ასევე აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის სერიოზულ კითხვებზე პასუხის გაცემა. მაგალითად, რატომ ახდენდა ყველა სხვა ელჩისაგან განსხვავებული ინფორმაციის გადაცემას 2008 წლის აგვისტოს ომის წინა დღეებში და კიდევ იმ კითხვებზე, რაც სააკაშვილის ჩვენებების შემდეგ გაჩნდება… მაგალითად, დარწმუნებული ვარ, რომ  უეთოს მისიაში მთავარ დამკვირვებლად ამერიკელი სენატორის და ყოფილი ფედერალური მოსამართლის (რომელიც შემდეგ 150,000 დოლარის ქრთამის აღებისათვის ამ სამსახურიდან გაანთავისუფლეს) შერჩევა ტეფტის ჩარევის გარეშე არ მომხდარა, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ტეფტს მიშას ერთგულებას აშშ მთავრობა და სახ დეპარტამენტში მისი უშუალო კურატორი, ასევე ცნობილი მიშისტი მეთიუ ბრაიზაც ურჩევდნენ. აშშ პრეზიდენტის სულსწრაფი მილოცვაც ჯერ კიდევ შედეგების გამოცხადებამდე კიდევ ერთი ნიმუშია, რა სერიოზული ჯოკერი ეჭირა ხელში დემოკრატიის შუქურყოფილს.

დღეს აშშ ელჩის პოზიცია ძირეულად განსხვავებული მგონია იმისგან, რასაც ტეფტი აკეთებდა 2007 წლის ნოემბერში, როცა სააკაშვილის გადადგომის და დაბრუნების სცენარი იწერებოდა. ჯერ ერთი, ჯონ ბასი გაცილებით უფრო პრინციპული ადამიანი ჩანს მედიის და სასამართლოს დამოუკიდებლობის საკითხებში, ხოლო ახლა უკვე – საპარლამენტო თაღლითობების დაუყონებლივ კრიტიკაშიც, მეორეც – აშშ სახ. დეპარტამენტი სულ უფრო რეგულარულად ახსენებს სააკაშვილს, რომ არჩევნები მისი ტესტი იქნება და საქართველოსთან მომავალი ურთიერთობები სწორედ ამ ტესტის ჩაბარებაზე არის დამოკიდებული, და რომ აშშ ადმინისტრაცია მხარს არ უჭერს არცერთ პარტიას და კანდიდატს, არამედ არჩევნების სამართლიანად ჩატარებას.  და ბოლოს – არა მგონია, რომ მიშასადმი უნდობლობის დემონსტრირება პერსონალური ფაქტორებით იყოს განპირობებული. აშშ ადმინისტრაცია ვერ გაამართლებს თვალის დახუჭვას საარჩევნო დარღვევებზე საქართველოში, როცა ასე მკაცრად შეაფასა საარჩევნო დარღვევები რუსეთში. და თუ მაინც წავა ამაზე, ამით წერტილს დაუსვამს საქართველოს მოსახლეობის პოზიტიურ განწყობას ამერიკისადმი და ხელს უბიძგებს ქართულ საზოგადოებას, რომ ერთმორწმუნე რუსეთი უფრო მისაღებად აღიაროს, ვიდრე ისეთი ამერიკა, რომელიც ქართველი ხალხის  პარაზიტების მხარდაჭერით არის დაკავებული.

აქედან გამომდინარე, რამდენადაც სააკაშვილს არ უნდა ჰქონდეს ამერიკიდან მხარდაჭერის დიდი იმედი, ხოლო ევროპიდან მხარდაჭერის იმედი კიდევ უფრო მიზერულია, იმის შანსი, რომ იგი მშვიდად გადადგება და თავის ბედს სასწორზე შეაგდებს, ნაკლებია!

 

2. სააკაშვილს აბსოლუტურად არ უნდა ჰქონდეს იმედი, რომ იგი ივანიშვილს შეუთანხმდება! ასე რომ 2007 წელს მოქმედი მეორე ჯოკერიც არ აქვს. ივანიშვილის საცდუნებლად მას ქვეყნის ბიუჯეტიც კი არ ეყოფა. ივანიშვილი არ ყოფილა მისი საარჩევნი შტაბის უფროსი და ლევან გაჩეჩილაძისგან განსხვავებით არ ენდობა მიშას დაპირებას, ეს ერთი მომაგებინე და შემდეგ არჩევნებს წესიერად ჩავატარებო! მიშას მთელი ტაქტიკა ახლა გათვლილია იმაზე, რომ დააშინოს ივანიშვილი და ქვეყნიდან გაქცევა აიძულოს, მაგრამ მას ეს უნდა სხვების ხელებით განახორციელოს, ხოლო თავად აბსოლუტურად ყალბი განცხადება გააკეთა ბი-ბი-სისთან, რომ თურმე ივანიშვილი მისთვის და ნაცმოძრაობისთავის კარგია, რადგან კონკურენცია პირადად მას და ნაცმოძრაობას მოდუნების საშუალებას არ აძლევს და აძლიერებს!!! საინტერესოა, რომ ამის შემდეგ პრეზიდენტს საკმარისი დრო ჰქონდა, ეს „გამაძლიერებელი კონკურენტი“ საქართველოს მოქალაქედ დაებრუნებინა, მაგრამ არაფრით სურს ამის გაკეთება. პირიქით, აბსოლუტურად დრაკონული საბანკო, საფინანსო და პოლიტიკური რეგულაციები და რეტროაქტიული კანონები მიაღებინა პარლამენტს!

3. სააკაშვილი ბოლომდე ვერ ენდობა ბაქრაძეს! ბაქრაძემ კარგად დაინახა, როგორ გამოიყენა და გადააგდო სააკაშვილმა ნინო ბურჯანაძე და არა მგონია, ნინოს ბედის გაზიარება სურდეს. ბაქრაძე ბურჯანაძესთან შედარებით კი თონთლო ჟელეა, მაგრამ ამ ჟელეს უკან საკმაოდ ხისტი პიროვნებებია და არავინ იცის, მიშას რა კვანტს დაუდებენ, როცა იგი უკვე  რიგითი საპარლამენტო კანდიდატი იქნება. ვაი-და უცებ ისევ მოიშვას სადმე გაზის ვინტილმა, ან საბურავმა დაუშვას ტრასაზე? მერე ხომ დროებითი ბაქრაძე ხანგრძლივ მარიონეტად ტრანსფორმირდება? ამის შანსი, რა თქმა უნდა, დიდი არ არის, მაგრამ თქვენ როგორ გგონიათ, მიშას ხურვებაშეყრილი ტვინი ასეთ ვარიანტს არ ითვალისწინებს?

4. სააკაშვილი თუ პარლამენტის თავმჯდომარეობას აპირებს, მას კიდევ ერთხელ მოუწევს მრავალჯერ გადაკეთებული საკონსტიტუციო პიჯაკის ხელახლა გადაკეთება (ქვეყნის მთავარ კანონში პრემიერის ფიგურის „ჩამოლაბორანტება“ და სპიკერის „გაკეისრება“) და ეს – საახალწლო „ჭრა-კერვის“ მერე – უკვე საერთოდ მოთხრის მის რეიტინგს მსოფლიოში. თან გაითვალისწინეთ, თუ მას ეს უნდა გააკეთოს – ეს ახლავე უნდა გააკეთოს, სანამ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა გააჩნია!

5. მთელი მსოფლიო აშშ და ჩინეთის ჩათვლით სერიოზული პოლიტიკური პერტურბაციების (მაგალითად ირანზე დარტყმის, აშშ-პაკისტანის სერიოზული დაშორების და სულაც თურქეთ-ისრაელის ურთიერთობების გამწვავების) მოლოდინშია. მიხეილ სააკაშვილი ყველაფერს ამას იმ მღვრიე წყლად აღიქვამს, რომელშიც იგი სათავისო თევზის დაჭერას შეეცდება და ამდენად ძალიან არ ენდომება ამ მომენტებს უმრავლესობის სიის პირველ ნომრად მყოფი შეხვდეს და არა – ქვეყნის ნომერ პირველ პირად. იგივე ეხება სერიოზულ ეკონომიკურ კრიზისს, რომელიც თუ დაიწყო და საქართველოსაც გაჰკრა კუდი, სააკაშვილის გუნდმა (მაგალითად ბოკერიამ) დასავლეთის მხრიდან ნდობის მოსაპოვებლად სწორედ სააკაშვილის დაძირვა შეიძლება გამოიყენოს – არ დაგავიწყდეთ, ერთადერთი რეალური შანსი, რომ საქართველოს უკვე 2012 წელში გადასახდელი ვალების პროცენტების რესტრუქტურიზაცია მოუხდინონ, ეს ისაა, რომ ქვეყანაში მთავრობა შეიცვალოს. ასე რომ სააკაშვილის მიერ პუტინის კოპირება კი არ არის პრობლემა, არამედ ის, რომ 2013 წლის შემდეგ სააკაშვილი უნდა გახდეს რიგითი მოქალაქე – რა თქმა უნდა შეიძლება იყოს პარლამენტარი, ან მშენებლობის თუ კულტურის მინისტრი, მაგრამ არა ისეთი ძლევამოსილი პიროვნება, რომელსაც ჯარი, ფინანსები, პოლიცია ან სასამართლო დაემორჩილება!

ამიტომ ჩემი ვარაუდი ასეთია – მიხეილ სააკაშვილი, 2008 წლისგან განსხვავებით, ახლა არ წავა ასეთ სარისკო ნაბიჯზე (რომელიც, 2008 წელს მხოლოდ მოჩვენებით იყო „სარისკო“ და სინამდვილეში კარგად ჩაწყობილი ბლეფი იყო, რომელიც ჩელენტანოსაც კი შეშურდებოდა) და არ გადადგება.

იგი ეცდება არჩევნები დანიშნოს ვადამდე – მაგალითად 2012 წლის 5 მაისს, რაც შეიძლება შეზღუდოს ქვეყანაში უცხოელი დამკვირვებლების ჩამოსვლის შანსი, თუ დაჭირდა, წავიდეს სერიოზულ გართულებებზე დასავლეთთან, რომელიც თითქმის დარწმუნებულია, რომ მის მიერ ჩატარებულ არჩევნებს და სააკაშვილის გაპრემიერებას მაინც გააკრიტიკებს და მოიგოს არჩევნები სერიოზული ძალადობის წყალობით (რისთვისაც უკვე ამზადებს ე.წ. ნებაყოფლობით რეზერვს სამეგრელოში და ზონდერბრიგადებს შიდა ქართლში და კახეთში), რასაც დაემატება სახლმმართველობის მდედრიონის, ადმინისტრაციულოი მოსყიდვების და უბნებზე საკუთარი ამომრჩევლების მასიური მობილიზაცია და კარუსელები.

ანუ, 2012 წლის არჩევნები იქნება ყველაზე უსამართლო საქართველოს ისტორიაში, როდესაც ხელისუფლება წამსვლელია თუნდაც სამოქალაქო ომის გაჩაღებაზე ან – უფრო დახვეწილად – რუსეთის შემოჭრის იმიტაციაზე (რისი „წარმატებული“ ვერსია იმედმა უკვე დატესტა 2010 წელს) და არჩევნების წინ ოპოზიციის ლიდერების დროებით დაკავებაზე ან სხვა პროვოკაციებზე.

მაგრამ ბოლოს ისეთი რამე უნდა ვთქვა, რაც ნებისმიერი ლოგიკური ანალიზის სარგებელს აქარწყლებს.

მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი მდგომარეობა არის პარანოიდალური კრიზისის ზღვარზე და მისი არასტაბილური ფსიქიკა რას მოიმოქმედებს, ისევე ძნელი გასათვლელია, როგორც ჰიტლერის მოქმედებები 1945 წლის გაზაფხულზე. ასევ წარმოუდგენელია გათვალო მისი გუნდის წევრების ქმედებებიც, რომლებიც ჯერჯერობით ჩრდილში დარჩენას ამჯობინებენ, მაგრამ სააკაშვილისაგან განსხვავებით არანორმალური ფსიქიკა არ ახასიათებთ და სადამდე დარჩებიან ერთ ნავში არასტაბილური ფსიქიკის მქონე ადამიანთან, რომელიც რეალობას სულ უფრო შორდება, ძნელი სათქმელია.

 

ფაქტი ერთია, მიხეილ სააკაშვილი თუ გააგრძელებს ისეთივე მოქმედებებს, როგორც 2011 წლის 10 ოქტომბრიდან ახორციელებს, ბიძინა ივანიშვილის პოპულარობას სწორედ მიხეილ სააკაშვილი გაზრდის! თუ მიშას არჩევნების მოგება უნდა, იგი უნდა დაბრუნდეს ძალადობის და შულერობის ველიდან პოლიტიკური ბრძოლის ველზე, გამოაცხადოს თავისი გეგმები (და ეს არ გადააბაროს გრიგოლ ვაშაძეს, რომლის მარიონეტობა უცხოეთისთვის აშკარაა) და მიიღოს მონაწილეობა დებატებში, ნაცვლად იმისა, რომ მხოლოდ “პრეზიდენტ-ატკრივალკა” იყოს… თუ მას ჰგონია, რომ რაიონებში მის მიერ დადგმული სპექტაკლები ძალიან მაღალი დონისაა, მინდა გავაწბილო – არც მეიერჰოლდია და არც ეიზენშტეინი, რომ მსოფლიო 8 წელი ტაშს უკრავდეს…

მიხეილ სააკაშვილი, 2011 წლის შემდეგ, უფრო არალეგიტიმური და ავტოკრატი მმართველი გახდა რეგიონში, ვიდრე მეზობელი რესპუბლიკების ლიდერები. და მას არც რუსეთის არმია ჰყავს მხარდამჭერად და არც ნავთობის და გაზის უზარმაზარი რესურსები. ასე რომ მისი ერთადერთი შანსი ქვეყანაში სერიოზულ დესტაბილიზაციაზე გადის. ხოლო დესტაბილიზაცია რომ არავის აწყობს, ეს ორჯერ ორი ოთხია.

 

ასე რომ, შალვა ნათელაშვილის აფორიზმის პერიფრაზი რომ გავაკეთო, მიხეილ სააკაშვილის სიტყვები ასეთი იქნება

Not to be or… not to be :))


კომენტარი ია ანთაძის ბლოგზე ”შეხვედრა სამშობლოსთან” და თემურ ჭკუასელის გამოხმაურებაზე ”კვირის პალიტრაში”


ია,

თემურ ჭკუასელმა, როგორც კარგმა მეგობარმა, სწორედ ისე წაიკითხა ეს ბლოგი, როგორც მეგობრობით მიკერძოებული ადამიანი წაიკითხავდა. მის ადგილზე, ალბათ, მეც ასეთ წერილს დავწერდი. მე ვიცი, რომ თქვენ “სამშობლოსთან შეხვედრაში” სულ სხვას გულისხმობდით, და არა იმას, იყო თუ არა ნამყოფი ბიძინა ივანიშვილი ფშავში თუ სვანეთში და იცის თუ არა მან ქართული ადათ-წესები. ან რამდენად მოსალოდნელია, რომ ბიძინა ივანიშვილი ხალხში გაერევა და უბრალო ადამიანებთან საუბარს ჩვეულებრივი რიგითი ადამიანივით გააბამს. დიდად არ გამკვირვებია, რომ სწორედ ასე იქცევა.  

 

თქვენ გინდათ, ია (თუ მე სწორად გავიგე), რომ ბიძინა ივანიშვილი თავისი სახელით და გვარით მივიდეს ქართველებთან, გაეცნოს მათ და ჰკითხოს, რა უჭირთ და როგორ უჩანთ საქართველოს გადარჩენა.

თქვენ გინდათ, რომ იმ უამრავ კარგ მოქალაქეს, გულანთებულ პატრიოტს და სიმართლის მსახურ მოუსყიდველ ადამიანს (მაგალითად, ხარაგაულელ იზა ვეფხვაძეს ან ბათუმელ ეთერ თურაძეს), რომელთაც თქვენ – ია ანთაძე – საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ხშირი სტუმრობებიდან  და თქვენი საქმიანობიდან გამომდინარე, იცნობთ, მიეცეს ბიძინა ივანიშვილთან უშუალოდ შეხვედრის და საუბრის საშუალება. რითაც ბიძინა ივანიშვილი გაცილებით მეტად გაიცნობს საქართველოს ჭირ-ვარამს და ეცოდინება, ვინ არის ჩვენში ”მარილი მიწისა”, – ის ხალხი, რომელსაც უნდა ეყრდნობოდეს ნებისმიერი ნორმალური ხელისუფლება და რომლებიც არსებულმა არანორმალურმა ხელისუფლებამ ან ბატონი ტულივით (ნათელში ამყოფოს!) ჩარეცხა, ან  უნდა, ქალბატონი იზასავით მოიშოროს!  და ეს სურვილი არის აბსოლუტურად ლოგიკური და სამართლიანი!

 

არა მგონია, თავად ბიძინა ივანიშვილი არ იყოს ამის მსურველი! ნებისმიერი კარგი მენეჯერის ამოცანაა, არა ის, რომ წინასწარმეტყველივით მიხვდეს, რა უნდა აკეთოს, არამედ თავის ხალხთან მუდმივი შეხვედრებით განსაზღვროს, რაა პირველი რიგის ამოცანა, და რა – მოითმენს, სად იყო შეცდომები დაშვებული და როგორ ავიცილოთ ისინი მომავალში. და ამ საქმეში, რაც უფრო სწორად აარჩევს იგი ადამიანებს – არა პირადი ერთგულების, არამედ საქმის ერთგულების,  ნიჭისა და პროფესიონალიზმის ნიშნით, და რაც უფრო მეტად შეძლებს, რომ წლების განმავლობაში მხოლოდ ერთი და იგივე ”რჩეულთა” თვალებით არ უყუროს ზემოდან საქმეს და ქვეყანას, მით უფრო კარგი და სწორი იქნება მისი მენეჯერობა და მმართველობა.

 

ბიძინა ივანიშვილმა სწორად დაუწუნა ქვეყნის მართვა მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ყველაფერს იმის საწინააღმდეგოდ აკეთებს, რაც მენეჯმენტის სახელმძღვანელოებშია აღწერილი და სწორედ ისე აკეთებს, როგორც მედიჩების, ბორჯიების, მაკიაველის პოსტულატები ქადაგებს…

 

მაგრამ არის ერთი ”მაგრამ”!

 

ერთია, რა არის სწორი და მეორე, როგორ  და როდის იქნება სწორი.

 

ია, თქვენი სურვილი, რომ ბიძინა ივანიშვილი თავად მივიდეს ხალხის სახლებში, სანამ ისინი მივლენ მის ოფისებში, არის ცოტა შეუსაბამო იმ რეალობასთან, რაც სააკაშვილმა და მისმა მანქურთებმა საქართველოში შექმნეს. და პრაგმატული თვალსაზრისით, მე ვერ ვურჩევდი ბიძინა ივანიშვილს ამ ნაბიჯის ამჟამად გადადგმას.

 

კარგად უნდა ვხედავდეთ, რომ სააკაშვილი უზომოდ კომფორტული სიტუაციიდან, რომელშიც იყო ივანიშვილის გამოჩენამდე, მოხვდა უზომოდ დისკომფორტულ სიტუაციაში, როცა მისი ყოველი ქმედება თუ უმოქმედობა თანაბრად წამგებიანია მისთვის. რადგან ერთადერთი ველი, სადაც მან წესით და სამართლით უნდა მოახერხოს და მოუგოს ბიძინა ივანიშვილს, ეს არის ხალხის წინაშე პოლიტიკური დებატები, რაზეც აბსოლუტურად დისკრედიტირებული რეჟიმი და მისი პლასტელინივით მაგარი მიშა ვერაფრით ვერ წავლენ.

 

სამაგიეროდ, მათ კარგად ახსოვთ მათგან საჩვენებლად კვარცხლბეკიდან გადმოდგებული ბელადის შეგონება – ”არ არის ადამიანი, არ არის პრობლემა!” საჩვენებლად-მეთქი, ვამბობ, რადგან სააკაშვილის და მისი რაზმის სახით ნეობოლშევიზმს ერთგული გამგრძელებლები ჰყავს.

 

ამიტომ მე ძალიან მიჭირს დავეთანხმო ხალხში გასვლის არა იდეას, მაგრამ – ამ იდეის პრაქტიკული რეალიზაციის გეგმას – ამჟამად მაინც…

 

და იმაშიც ვეთანხმები ბატონ თემურ ჭკუასელს, რომ სააკაშვილის წალენჯიხიდან წამოსვლის გახსენება საკმაოდ ორაზროვან ასოციაციებს იწვევს. მგონი, ყველა ვთანხმდებით, რომ მიხეილ სააკაშვილის რევოლუციური გზა არ არის ის, რასაც უნდა ვესწრაფოდეთ.  თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ხელისუფლების სულელური პროვოკაციების შედეგად (თუ არჩევნებს ჩვეულებისამებრ გააყალბებენ) იგი მაინც ცუდ, მაგრამ უკვე ერთადერთ გამოსავლად იქცეს. მაგრამ დამეთანხმეთ, რომ მაშინ, თუ მაინც ისევ რევოლუცია გვიწერია, ბიძინა ივანიშვილის ქ-ნ იზა ვეფხვაძესთან და მისნაირ ათასობით ადამიანებთან პირადი შეხვედრები კი არ გადაწყვეტს საქართველოს მომავლის მიმართულებას გზაგასაყარზე, არამედ საქართველოს მილიონობით მოქალაქისაგან (ქვეყანაში, თუ ქვეყნის გარეთ) იმის გაცნობიერება, რომ ასე ცხოვრება აღარ შეიძლება! რომ ეს რეჟიმი არასდროს გადაშენდება და პირიქით, სულ უფრო წარმატებული იქნება ჩვენს გადაშენებაში, თუ ჩვენ არ გადავაშენეთ მუბარაქის და ბენ ალის რეჟიმებივით!

 

და ”მოქალაქეობის მოპოვების” თემაც ძალიან საფრთხილოა, რამეთუ აქაც კარგ მთქმელს ფანტასტიური გამგები სჭირდება. ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოქალაქე იყო, არის და იქნება თავისი საქმით, საქართველოს და მისი მოქალაქეების მიმართ თავისი ერთგულებით და არა – სააკაშვილის მიერ გაცემული პასპორტით. და სანამ იმაზე ვიმსჯელებთ, როგორ უნდა ”მოიპოვოს”  მან საქართველოს მოქალაქეობა ჩვეულებრივ ადამიანებთან შეხებით და ადამიანური ხიდების გაბმით, მე პირადად იმ ”მოღვაწეებზე” ფიქრს გავუსწრებდი, ვინც მიუხედავად თავიანთი დანაშაულებრივი ქმედებებისა, დღეს არამცთუ საქართველოს თავისუფალი მოქალაქის სტატუსს ფლობენ, არამედ იმასაც ბედავენ, რომ ვინმეს, და მით უფრო ბიძინა ივანიშვილს, საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვან!

 

საქართველოში უკანონობის წყვდიადი მეფობს!

 

ამას უნდა ვებრძოლოთ და ამისთვის უნდა გავერთიანდეთ. ძალიან ცუდი იქნება, თუ თქვენი სწორი მოქალაქეობრივი პოზიცია, ია, და ბატონ თემურის არანაკლებ სწორი მეგობრული პოზიცია გაბუტვებამდე მიგვიყვანს მაშინ, როცა რეჟიმის და მისი ერთგული აფთრების გადარჩენის ძირითადი შანსი მხოლოდ ამაშია: Divide et impera!

 

http://www.radiotavisupleba.ge/content/blog/24387106.html

http://www.kvirispalitra.ge/public/10140-gza-samshoblosaken.html

 


აფთრების ყმუილი


განმარტებები:
აფთარი (ანუ გიენა) შეიძლება იყოს – ზოლიანი, ხალიანი და ტასმანიური ეშმაკი;
ურნალისტთა შორის ყველაზე გავრცელებულია – ერორული, მიშ-იმედური და რეალ-ტივური ეშმაკი.

===================================================================

თითქმის ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ქართულ მედიაში ჟურნალისტის მოწმობას ამოფარებულ, მთავრობის დაქირავებულ პროპაგანდისტებს “ავლაბრის ტურფები” და “ურნალისტები” ვუწოდე. “ურნალისტების” ქვეშ ვგულისხმობდი რუსთაველის ცნობილი აფორიზმის პერიფრაზს, რომ ურნასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოდინდების.
მაშინვე ვიწინასწარმეტყველე, რომ რაც უფრო გავიდოდა დრო, ხელისუფლება სულ უფრო მეტად ტურფებად აქცევდა, სულ უფრო გებელსური პროპაგანდის ჰანგებს დაასწავლიდა და აშკარა პროვოკატორებად ჩამოაყალიბებდა, რომ რაც უფრო მეტი დრო გავიდოდა, სულ უფრო აშკარა გახდებოდა განსხვავება მეორე მხარესთან, სულ უფრო მეტი ჟურნალისტი თავისთვის მიუღებლად ჩათვლიდა ურნალისტობას და დატოვებდა ხელისუფლების პროპაგანდისტულ მანქანებს, ისევე როგორც სულ უფრო მეტი მანამდე ჟურნალისტად წოდებული სიამოვნებით გადავიდოდა ავლაბრის ტურფების რანგში და სამთავრობო პიარ-პროსტიტუციის კურსის წარმატებით გავლის შემდეგ სულ ამ ახალ, მაგრამ საკმაოდ უძველეს პროფესიას ისე აითვისებდა, რომ არ გაუჭირდებოდა სამთავრობო ფულის ათვისება არც ჭინჭებში, არც – ფეშენ შოუებზე ხუნტრუცში და არც – ძვირადღირებულ ალკოვებში გრიალში.

მიუხედავად იმისა, რომ თავად ჟურნალისტთა შორის ჩემს მაშინდელ ვრცელ სტატიას არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა, მგონი, დღეს ყველა ხედავს, პერსპექტივები და მოვლენების განვითარების ქარგა სწორად გამოვიცანი.

დღეს კი ურნალისტურ პრესას დეფილე ჰქონდა!

ჩემთვის პირადად ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი პრეს-კონფერენციის მთავარი მოქმედი გმირი თავად ბიძინა ივანიშვილი კი არ იყო – მას დღევანდელ დღეს ახლის ბევრის არაფრის თქმის საშუალება მიეცა. მთავარი მოქმედი პირი სწორედ საშოვარზე გამოსული ეს ხალებიან-ზოლებიანი ურნალისტთა ხროვა იყო, რომელთა ყმუილი ოქროყანიდან კოჯორს სწვდებოდა!

როგორ იბრძოდნენ, შეკვეთილი mission impossible-ს ასასრულებლად როგორ ფანტასტიურ მალაყებს გადადიოდნენ, ტომ კრუზსა და პირს ბროსნანს რომ შეშურდებოდათ! როგორ ირეკლებოდა მათ გაფართოებულ თვალებში ის მსხვილი ჰონორარებიც, რასაც დავალების პირნათლად ასრულებისთვის მიიღებდნენ და ის ლამის ცხოველური შიშიც, რაც სააკაშვილის მიკროგებელსების მხრიდან დავალების ჩაგდებისათვის შესაძლო დათხოვნაზე ფიქრს მოჰქონდა! იბრძოდნენ, ერთმანეთსაც ჰკრავდნენ მუჯლუგუნს, აღარფერს ვამბობ წესიერ ჟურნალისტებზე, თავიანთ ერთდროს კოლეგებს გაფართოებული თვალებით რომ უყურებდნენ, როგორც შლეგებს… და მიკროფონს რომ მოიგდებდნენ ხელში, ლამის მკლავჭიდის ჩემპიონებივით ებერებოდათ მანამდე ნაზი ბიცეპსები!
– ლიკა, დაწყნარდი მე ვაპირებ მაგ კითხვის დასმასო – მთელი დარბაზის გასაგონად გაიძახოდა ერთერთი შეთქმული  მეორის გასაგონად, მაგრამ იმ მეორეს, ხალებიანს, არ უნდოდა ისე წასულიყო, რომ კბილი არ ჩაესო… როგორ მედგრად იბრძოდა “იმედის” ქერათმიანი ჩოლკიანი ტურფა, რომ 230 კაციდან ერთადერთს მოეხერხებინა და უკვე მეორეჯერ ხელთ ეგდო ნანატრი მიკროფონი…

როგორ დურად და ძმურად იცავდნენ ჩხრეკისგან თავისუფლების წმიდათაწმიდა უფლებას! თუმცა, ხვალ რომ პრეზიდენტის სასახლეში საწმერთულები გაუჩხრიკონ, ალბათ ღაწვებიც არ შეეფაკლებათ, ტურფათ! და ვინ გაბედავს ჩხრეკაზე კრინტის დაძვრას. მაღლის დაცვისგან ჩხრეკა ხომ ავლაბრის ტურფებისთვის ცხონებაა და იქნებ მდგრადი კარიერის დასაწყისიც!..

როგორც გამოირკვა, ბლოკნოტების შემოწმების სპექტაკლი სრული პროვოკაცია იყო – სპეციალურად დადგმული, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს ამ ფაქტზე მრისხანე და აღშფოთებული განცხადება გაეკეთებინა…

ვიცი, რომ ვაჭარბებ!

ვიცი, რომ ივანიშვილის მიმართ კითხვები არის და იქნება, რომ სულაც არაა საჭირო მისი პიროვნებისაგან მესიის გამოქანდაკება და ნებისმიერი უხერხული კითხვის თვითცენზურული ჩახშობა!

მაგრამ სხვაა, როცა კითხვები აქვთ ია ანთაძეს, ლელა გაფრინდაშვილს, ნინო ჟიჟილაშვილს… და სხვაა, როცა აგრესიულ და ჩასაფრებულ კითხვებს სვამს ეს აგრესიულად მორჩილი ურნალისტური უმრავლესობა!

ესენი ხომ ისინი არიან, ვისაც არ უჩნდება კითხვები მიშასთან, ვანოსთან, გიგისთან! მათ არაფერი უკითხავთ გირგვლიანის საქმეზე სტრასბურგის ადამიანის უფლებების სასამართლოს დადგენილებაზე! მათ არაფერი უკითხავთ ტალიავინის დასკვნის იმ ნაწილზე და საპარლამენტო ასამბლეის იმ დასკვნაზე, სადაც საქართველოს ხელისუფლების მიერ საომარი მოქმედებების დაწყება დადასტურებულია და ის მოგონილი ვერსია, რომ როკის გვირაბში ამ დროს უკვე რუსები შემოსულნი იყვნენ, გაბითურებულია. მათ არ აქვთ კითხვა კეზერაშვილის და რურუების ბიზნესებზე, მათ არ აქვთ კითხვები მილიარდობით გაფლანგულ ლარზე, პრეზიდენტის საიდუმლო ფონდებზე, პრეზიდენტის ორგიებზე, მერაბიშვილის და კოდუას ხელქვეითების უკანონო ქმედებებზე, საპროცესო გარიგებებით გაყვლეფილ უდანაშულო ადამიანებზე, თბილისიდან გადასახლებულ ლტოლვილებზე, უგულავას მიერ მონოპოლიზირებულ სამარშრუტო ტაქსებზე და სწრაფი კვების ობიექტებზე!..

აი, ამას ყველაფერს რომ იკვლევდნენ და არკვევდნენ ჩვენი ურნალისტები, მაშინ არ დავარქმევდი მათ ამ სახელს და არ გავუტოლებდი აფთრებს!

მაშინ ვიფიქრებდი, რომ აგრესიული კითხვები, სიმართლის მიკვლევის ჟინი და ჟურნალისტური გამოძიების უფლებისათვის ბრძოლა მათთვის ისეთივე ბუნებრივია, როგორც კრისტიან ამანპურისთვის თუ ნანა ლეჟავასთვის.

მაგრამ ესენი ძალიან ცალ კარში თამაშს არიან მიჩვეულნი… აქამდე რვა წელია გაუდით და ადვილად ჭამენ ნაზუქებს, დადიან საზღვარგარეთ ბოზტურებში და ნაბახუსევზე გრიალებენ მერიის გადახდილ რედისონის ჯუნიორ სუიტებში… ნუ შეიძლება ხანდახან მაღალმა აუზში დაუპიროთ “ინტერვიუს მიცემა”, მაგრამ კარგი ურნალისტი მაღალის მათრახს არ დაიკრავსო, ნათქვამია!

- ნუ ნერვიულობთ, დაწყნარდითო – სიცილით უთხრა ბიძინა ივანიშვილმა ბრძოლაში ალეწილ ამორძალებს!

გააფარჩაკა! როგორც მაღალი იტყოდა…

და ამათზე რომ ვლაპარაკობ, ამ აკანკალებულ საცოდავ ხელის ურნალისტებზე, სულ იმათზე ვფიქრობ, აფთართ მწურთნელებზე, ნერვიულად რომ ჰქონდათ კრიჭა შეკრული და ერთმანეთს უყურებდნენ:
– გამოვრთოთ? აშკარაა, რომ ჩავარდა ნადირობა! გამოვრთოთ?

ყველაფერი მზად იყო გამოსართავად – საზარხის პროფილაქტიკური განცხადება – რომ იქ თურმე არნახული შეურაცხყოფა და ძალადობა ხდება ჟურნალისტებზე, ბლოკნოტების გადაფურცვლა და აღშფოთება. საზარხის ჟურნალისტის ქრესტომათიული პირველი კითხვა დაწერილი დაზვერვის და პროვოკაციის მთავარი კანონების გამოყენებით… ჩვენ მიღებული გვაქვს პირობა! ერთი შეკითხვა დასვეს, მეორე, მესამე უნდოდათ… აღშფოთება, სპეციალურად მომზადებული თავისი მიკროფონი და მიკროდინამიკი, რომელიც ყურადღების მისაპყრობად იყო გამოყენებული – დემოკრატიას ჩაგრავენ, ძმებო და დებო – აფთრებო!

ყველაფერი მზად იყო პრეს-კონფერენციის ჩასაშლელად!
თვალსაც უკრავდნენ უკვე… ბრძანებას ელოდნენ…

უკვე იმის მოლოდინი მქონდა, რომ ვინმე წითელი საღებავით სავსე ცელოფნის პარკსაც დაიხევდა ჯიშიან მკერდზე და გაიშოტებოდა კივილით -ააა, მომკლაა ამ პუტინის მოგზავნილმააა!

არ გამორთეს! მიხვდნენ, რომ უარესი იქნებოდა…

ბიძინა არ გააფთრდა, ღიმილით მოუწოდებდა დამშვიდებას და ერთმანეთის პატივისცემას… ამიტომ ვერ გამორთეს! უფრო მეტად გაფარჩაკდებოდნენ!

პრეს კონფერენცია ჩატარდა…
ურნები დროებით დაიცალა…

და ამაღამ ბევრი იფიქრებს იმაზე, რა ძნელია აფთრის ბედი საქართველოში, სადაც ხალხს იმედი გაუჩნდა… არველაძის კი არა, ნამდვილი იმედი…


”შუა უნდა გაიკრიფოს” – ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ ია ანთაძესთან (21/10/11)


ბატონო ბიძინა, საზოგადოება ხედავს, რა ნაბიჯებს დგამს ხელისუფლება თქვენ წინააღმდეგ და იმ ხალხის წინააღმდეგაც, რომლებიც თქვენთან არიან დაკავშირებულნი. რას ელოდებით კიდევ?
მე ვფიქრობ, ძირითადი უკვე გააკეთეს – ნათელია, რა მეთოდებსაც გამოიყენებენ. დაიჭირეს ჩემი უახლოესი მრჩევლის და თანამშეწის – ირაკლი ღარიბაშვილის – სიმამრი, ავტომატი ჩაუდეს, როგორც ამათ ჩვევიათ. ასეთივე ხელწერით დაიჭირეს ჩემი შვილის მეგობარი, პოპულარული დიჯეი, ნარკოტიკი ჩაუდეს. “ქართუ ბანკის” საინკასაციო მანქანა დააპატიმრეს. ღამის თერთმეტის ნახევარზე ჩემს დაცვას იარაღის ჩაბარება მოსთხოვეს. შეიძლება პროკურატურა შევიდეს და დახუროს “ქართუ ბანკი”; შეიძლება, საქველმოქმედო ფონდიც დახურონ – ქველმოქმედება ქრთამად ჩამითვალონ. ჩემი შვილის ერთ მეგობარს და მის მეუღლეს მანქანები დასდევენ. შეიძლება, ჩემი ნათესავი და ახლობელი დააპატიმრონ ბანკიდან.

დღენახევარში მათ თავისი სახის ლუსტრაცია მოახდინეს იმით, რაც გააკეთეს.
- პირადად თქვენი შესაძლო დეპორტის შესახებ რომ განაცხადეს, ამაზე რას იტყვით?
– ამ ხელისუფლებაში მენეჯმენტი საერთოდ არ იციან. სტუქტურები არსებობს, ხელფასებს არიგებენ, მაგრამ გადაწყვეტილებას სამი კაცი იღებს კაბინეტში. სამ კაცს უნდა, რომ ქვეყანა მართოს. ქვეყანა კი არა, პატარა საწარმო არ შეიძლება, რომ ასე იმართებოდეს. მათ რომ გადანაწილებული ჰქონდეთ ფუნქციები სამინისტროებზე, ასეთ უმეცრებას არ ჩაიდენდნენ. ისიც კი ვერ გათვალეს, რომ თუ ჩემ შემთხვევაში რაღაც მოსადავებელი კიდევ იყო, ჩემი მეუღლის მოქალაქეობასთან დაკავშირებით შეკითხვაც არ შეიძლება დაისვას.

ერთმა დეპუტატმა ქალბატონმა ახსენა 90 დღე და დეპორტაცია. ისიც კი არ იცის, რომ ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებს ერთი წელი აქვთ უვიზოდ ყოფნის უფლება. მათი უბედურება ის არის, რომ მაგ გუნდში ჭკვიანი კაცი არ ჩანს, რომ სწორად გააანალიზოს ვითარება. ამიტომ, არ გამოვრიცხავ, თქვან – ეს კაცი საშიშია სახელმწიფოსთვისო – და ჩემი დეპორტაცია გადაწყვიტონ. მაგრამ ეს არაფერს შეცვლის. ამით მხოლოდ მდგომარეობას გაიუარესებენ.

მათ უნდათ, მთელ ქვეყანას შავი ფარდა გადააფარონ; შუქი სადაც აღწევს და ვინც რაღაცას ხედავს, ისინი დააშინონ; მეორე ნაწილი კი სიცრუის მანქანით მოატყუონ. მათგან ყველაფერია მოსალოდნელი და არც იმას გამოვრიცხავ, რომ მესროლონ, ამას ვაცნობიერებ და ფრთხილად ვარ.

ძალიან არ მომწონს მათი არასწორი ნაბიჯები და ყველანაირად ვცდილობ, რომ აქ კადაფიზაცია არ დაიწყოს. ჩემი მთავარი მიზანია, რომ ესენი როგორმე შევაჩეროთ, როგორმე კანონიერების ფარგლებში დავაბრუნოთ. ამიტომ, ყველაფერს ვაკეთებ, რომ შიდა ტემპერატურა დავწიო, რათა არ მოხდეს დაპირისპირება. ძალიან მეშინია, ქუჩის აქციები არ დაიწყოს, რაც ამათ აწყობთ. არ უნდა ვითამაშოთ მათი თამაში. როგორმე არჩევნებამდე უნდა მივიდეთ.
- ბიზნესმენი იღებს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც საუკეთესოდ მიაჩნია და პირადი კეთილდღეობით რისკავს. პოლიტიკოსი იძულებულია, გადაწყვეტილებები სხვებთან შეათანხმოს და მის რისკებზე ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობაა დამოკიდებული. თუ ხელისუფალი იმას აკეთებს, რაც მას სურს, ესე იგი, ქვეყანაში ავტორიტარიზმია. ბიზნესიდან წამოღებული რა გამოცდილება გამოგადგებათ პოლიტიკაში და რამდენად ხართ მზად კომპრომისებისა და შეთანხმებებისთვის?
– სინამდვილეში, ძალიან ბევრია საერთო, განსხვავება კი – ცოტა. ჩემს კომპანიებში, სადაც 100 000 კაცი მუშაობდა, ყოველთვის 10-12 კაცთან ერთად ვიღებდი გადაწყვეტილებას. ვინც ვერ ახერხებდა ჩემს კრიტიკას, იმას ახლოს არ ვიკარებდი. არ შეიძლება, კაცმა წარმატებას მიაღწიო, თუ შენ კარნახობ ყველას, რა უნდა გააკეთოს – როგორც ჩვენი მთავრობა იქცევა.

ვინც წარმატებას მიაღწია – და მე არ ვიქნები გამონაკლისი – ის ყოველთვის მაქსიმალურ ოპონირებას მოითხოვს, რათა შეცდომა არ დაუშვას. თუ გინდა, წარმატებას მიაღწიო, აუცილებლად უნდა დაეყრდნო ლიბერალიზმსა და დემოკრატიას.

ბიზნესმენი, რომელიც ვერ ახერხებს დემოკრატიულ მართვას, ვერ ახერხებს ოპონენტების მოსმენას და ისეთი გუნდის შექმნას, რომელშიც გადაწყვეტილების მიღებამდე თავისუფლად გამოითქმება სხვადასხვა აზრი, ჩემი აზრით, სერიოზულ წარმატებას ვერ მიაღწევს. ამის შედეგი იყო, რომ როდესაც დეფოლტი მოხდა და ბანკი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, არც ერთი თანამშრომელი ადგილიდან არ დაძრულა, თვეობით მუშაობდნენ უხელფასოდ.

ახლა პოლიტიკოსი და ბიზნესმენი შევადაროთ. დემოკრატია რა არის? ხალხმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ბიზნესმენი ვერ მიაღწევს წარმატებას, თუ ლიბერალი არ არის და ერთპიროვნულად მართავს. მეორე მხრივ, პოლიტიკოსიც პირადი წარმატებისთვის იღვწის, თუმცა, ცდილობს, სხვაგვარად წარმოაჩინდეს. მაგრამ, სინამდვილეში, ეს ასეა.

წარმატებისკენ სწრაფვაში პოლიტიკოსი ბიზნესმენისგან არ განსხვავდება, პირიქით, ხშირად უფრო მეტადაც აგრესიულია. ბიზნესმენი თანდათან იზრდება და თვითონ ქმნის თავის სამოქმედო არეალს, პოლიტიკოსი კი მოდის გამზადებულზე და საზოგადოებისგან უკვე შექმნილის მოხმარებას იწყებს. ნიჭიერ პოლიტიკოსს შეუძლია – და ამის მაგალითი ბევრია – რომ სახელმწიფოც განავითაროს და სკამიც შეინარჩუნოს. უნიჭო და ნაკლებად ნიჭიერი, რომელიც ორივეს ერთად ვერ ახერხებს, რა თქმა უნდა, პირველ ადგილზე სკამს აყენებს და ყველაფერზე მიდის მის შესანარჩუნებლად. გააჩნია, რა დონეზე მისცემს ამის უფლებას საზოგადოება. სინამდვილეში, სხვაობა ბიზნესმენსა და პოლიტიკოსს შორის არც თუ ისე დიდია მართვის კუთხით.
- ამბობენ, მიხეილ სააკაშვილმა შექმნა ქმედურანიანი, ენერგიული მთავრობა. ამ პროცესს საქართველოს მოსახლეობა გარკვეული პერიოდის განმავლობაში იმედით შეჰყურებდა. შემდეგ ხელისუფლება სულ უფრო არაპოპულარული და მიუღებელი გახდა. თქვენი აზრით, რა იყო ის მთავარი მიზეზი, რამაც ხელისუფლებისადმი ნდობა უნდობლობად გადააქცია?
– ქმედუნარიანი მთავრობა?! ვერ დაგეთანხმებით. რამდენიმე პროექტი მართლაც განხორციელდა. პოლიციაში მოხდა რეფორმა და ის სირცხვილიც მოვიშორეთ, როდესაც უმაღლესში ქრთამით ეწყობოდნენ. მე არ მინდა, რომ ის კარგი დავკარგო, რაც გაკეთდა. მაგრამ განათლების სისტემაში უამრავი შეცდომა დაუშვეს, რაზეც ახლა არ შევჩერდები. საუბედუროდ, პოლიციამაც ის ეფექტურობა მთლიანად დაკარგა, რაც თავიდან ჰქონდა – პრაქტიკულად, სათავისოდ და ხალხის დასაშინებელ მანქანად იყენებენ.

ამიტომაც, ვერ დავეთანხმები იმ აზრს, რომ ქმედუნარიანი მთავრობა შეიქმნა. თანამდებობის პირთა მუდმივი გადაადგილებები საბავშვო თამაშებს ჰგავს. მართლაც ქმედუნარიანი მთავრობა ცოტა სხვანაირ შედეგებს მიიღებდა. ქმედითი შექმნეს ფულის შეგროვების მექანიზმი ბიუჯეტში, რაშიც მეც მივეხმარე და რასაც შევარდნაძის მთავრობა ვერ ახერხებდა.

სახელმწიფოს ფუნქციაა, რომ უნდა მოკრიბოს გადასახადი. საგადასახადო სამსახურში და საბაჟოზე ფულის დიდი ნაწილი ადგილზე რჩებოდა და ნაწილდებოდა, იმის მაგივრად, რომ ბიუჯეტში წასულიყო. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო თავის ფუნქციას ვერ ასრულებდა. პირველ ეტაპზე ეს იყო ეფექტური, როცა ბიუჯეტს თავისი სახე მიეცა. რაღაც ინვერსტიციები შემოვიდა, მშენებლობები დაიყო, მაგრამ დიდი და სერიოზული ინვესტიცია აქ არ განხორციელებულა.

ფულის შეგროვება რომ მოახერხეს, ეს ნამდვილად უნდა ჩავუთვალოთ, მაგრამ რაც ამ ბოლო დროს ხდება, წარმოუდგენელია. ჩემთვის სრულიად მიუღებელია, რაც ფინანსთა სამინისტროში ხდება. ან რას ჰგავს სახელმწიფო ბიუჯეტი?! ფინანსთა სამინისტრო და ბიუჯეტი საკუთარ ჯიბედ გადაიქციეს. ატარებენ კონცერტებს, უაზრო ღონისძიებებს, ეს ნონსენსია. ასეთი რამ ვერ მოხდება, მაგალითად, საფრანგეთში, რომელიც საკმაოდ წარმატებული სახელმწიფოა.
- მაინც, რა იყო მიზეზი, რომ ნდობა უნდობლობით შეიცვალა? ყველამ თავისი გზა გაიარა ნდობიდან უნდობლობამდე. თავიდან ხომ იყო ნდობა?
– დიახ, ნდობა იყო და მეც ეიფორიაში ვიყავი. ცალ-ცალკე ვიტყვი, რა იყო უნდობლობის გაჩენის მიზეზი ჩემთვის, და რა იყო, ჩემი აზრით, იმავეს მიზეზი ხალხისთვის. ნდობამ ჩაქრობა დაიწყო მაშინ, როცა ამათ თავისი რეალური სახის ჩვენება დაიწყეს; როცა რაღაც გაუგებარი მიზეზების გამო სახლებს ანგრევდნენ, როდესაც დამსახურებულ ადამიანებს აბუჩად იგდებდნენ და ასე შემდეგ.

დიახ, ეიფორია ნამდვილად იყო, რომ მოვიდა დემოკრატიული მთავრობა. მეც ამ განწყობით ვიყავი. თუნდაც, იგივე მეცხრე არხი, რომელიც დემოკრატიის მხარდამჭერ სათადარიგო არხად მქონდა. მთელმა პერსონალმა იცოდა, რომ თუ რამე მოხდებოდა, ჩვენ გამოვიწევდით წინა პლანზე თავისუფალი სიტყვის დასაცავად. როცა ეს მთავრობა მოვიდა, ვერ ვიკადრე, რომ ამ ტელევიზიას ფუნქციონირება გაეგრძელებინა. ვფიქრობდი, რომ, ასრულდა ჩვენი ოცნება და არ მინდოდა, ჩასაფრებულის როლში აღმოვჩენილიყავი. ხელისუფლებას ვაჩუქე ტელევიზია, რომლის ნაწილი “რუსთავი 2”-ს მისცეს, ნაწილი, მე მგონი, პირველ არხს გადაულოცეს.

გახსოვთ, ხალხს ქუჩაში გამოსვლა არ აპატიეს… ამას მოჰყვა უკანონო ნგრევა, ქონების წართმევა, კიდევ სხვა და სხვა… ხალხმა ჩემზე ადრე დაიწყო სინამდვილის გაცნობიერება.

მათ ნელ-ნელა გამოაჩინეს საკუთარი სახე. დღეს ხომ არ დაბადებულან? ყოველთვის ასეთები იყვნენ. მე, ჩემდა სამწუხაროდ, გვიან გავაცნობიერე, ვინ არიან ესენი. ამის მიზეზი, ალბათ, ის იყო, რომ მთლიანად ვიყავი ჩართული ჩემს საქმეში, მქონდა ჩემი დღის რეჟიმი, დაკავებული ვიყავი ოჯახით, არ ვხვდებოდი პოლიტიკოსებს. საერთოდ, პოლიტიკა ჩემი თემა არ იყო. ჩემთვის ინფორმაცია ან თავად სააკაშვილს მოჰქონდა, ან მერაბიშვილს, რომელსაც ხანდახან მიშა გამოგზავნიდა ხოლმე, როცა ჩამოსვლა არ შემეძლო. მთავრობაშიც თითქმის არავის ვიცნობდი.

არადა, თავიდან ყველანაირად გვერდში ვედექი – რჩევით, ფინანსებით. ვეუბნებოდი, ოღონდ თქვენ კორუფცია მოსპეთ და წესრიგი დაამყარეთ, რაც საჭიროა, ყველაფრით დაგეხმარებით-მეთქი. საზოგადოებას რომ ეგონა, მთავრობას სოროსი აფინანსებდა, სინამდვილეში, იმ თანხას, ძირითადად, მე ვიხდიდი.

დრო რომ გადიოდა, რაღაცეები მესმოდა და არ მომწონდა, მაგრამ 7 ნოემბერს უკვე ძალიან დავიძაბე და მიშას დავურეკე. მითხრა, მე მოგცემ ყველა მასალას, მერაბიშვილი ჩამოვა და ჩამოგიტანსო. ამასობაში “იმედის” ამბები დატრიალდა. ძალიან გაცეცხლებულმა დავურეკე, ჭორვილაში ვიყავი. კატეგორიულად მოვთხოვე: “შეაჩერე!” მეუბნებოდა: შენ არ იცი, რა ხდება… საშინელება ხდება… სახელმწიფო გადატრიალება ხდება… მერე აგიხსნიო.

მეორე დღეს ჩამოვედი და ვკითხე, აბა, რა მოხდა-მეთქი. რა თქმა უნდა, არაფერი ჰქონდათ რეალური, რითიც დამარწმუნებდნენ.

სულ მეუბნებოდა, შენთან ურთიერთობა ჩემთვის ძალიან ძვირფასიაო. მე ვუთხარი, რომ ჩვენს ურთიერთობაზე აღარ იყო საუბარი – “სასწრაფოდ გადადექი და საზოგადოებამ შეაფასოს შენი საქციელი. პირდაპირ გეუბნები, რომ ჩემთვის მიუღებელი პრეზიდენტი ხარ”.

მეორე დღეს დამირეკა და მითხრა, გადავდგებიო. მერე გავიგე, რომ ამაში უცხოეთიც ყოფილა ჩარეული.

გამიხარდა, რომ გადადგა. მაგრამ ამით რაღაც პასუხისმგებლობაც ვიგრძენი. რადგან რჩევით დახმარებას მთხოვდა, მეც, ნაწილობრივ, ჩავერთე პროცესში. ტელევიზორის ყურება დავიწყე და ამასობაში მივხვდი, რომ არ ყოფილა საქმე ისე, მე რომ მეგონა. თურმე, თბილისელები დასანახად ვეღარ იტანდნენ.

არჩევნებამდე ორი კვირით ადრე დავინახე, რომ ამან საზოგადოების ისე განაწყენება მოახერხა, – ხმებს ვერ აგროვებს. ვუთხარი – ისე ჩანს, არჩევნებს ვერ მოიგებ-მეთქი. თავიდან იხტიბარს არ იტეხდა, მაგრამ არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე გამომიტყდა, მძიმედ არის საქმეო. უკვე მივხვდი, რაც ხდებოდა, მაგრამ დაწყებულის გაწყვეტა და პროცესიდან გამოსვლა ვერ ვიკადრე, მაგრამ კონტაქტი შევამცირე. ძალიან შემრცხვა ჩემი თავისა ამ ყველაფრის შემდეგ. განვიცადე, რომ სწორი პოზიცია ვერ დავიჭირე დროულად. მოკლედ, ასე იყო თუ ისე, ინაუგურაციის დღეს დავურეკე და ვუთხარი, რომ ერთმანეთს ვემშვიდობებოდით. იმ წუთში ძალიან შეცბა და მითხრა – მტოვებო? მე კი ვუპასუხე, რას ნიშნავს, გტოვებ – ინაუგურაციის დღე გაქვს, არჩევნებს ხომ არ იწყებ-მეთქი. ასე დამთავრდა ეს ამბავი.

- როგორ ფიქრობთ, ხელისუფლებამ ნდობა იმის გამო ხომ არ დაკარგა, რომ 2004 წლიდან მოყოლებული, მიხეილ სააკაშვილს ერთპიროვნული ძალაუფლება ჰქონდა? პარლამენტში ნაციონალურ მოძრაობას მუდმივად გაჰყავდა საკონსტიტუციო უმრავლესობა, ხოლო ყველა ადგილობრივ არჩევით ორგანოში – უმრავლესობა; რაც სახელისუფლო პარტიას საშუალებას აძლევდა, არავისთვის გაეწია ანგარიში და თვითნებური გადაწყვეტილებები მიეღო.
– გეთანხმებით. როდესაც მე ვამბობ, რომ აბსოლუტური უმრავლესობით მოვალ, ვგულისხმობ საკონსტიტუციო უმრავლესობას – ⅔-ს პლუს ერთი. ჩემთვის იდეალურია პარლამენტი, სადაც სამი პარტიაა და არც ერთს მათგანს არ აქვს 50%. ორპარტიული პარლამენტი არ მიმაჩნია საუკეთესო ვარიანტად. ოთხიც შეიძლება იყოს, ხუთიც და მეტიც, მაგრამ ვფიქრობ, რომ პარლამენტში ყველაზე ეფექტური იქნება სამი პარტია.

როცა პარტია სულ რამდენიმე ადამიანით არის წარმოდგენილი პარლამენტში და გუნდი არ ჰყავს, ხედვებს ვერ აყალიბებს და პროცესებზე გავლენას ვერ ახდენს. ამ ეტაპზე საკონსტიტუციო უმრავლესობის აუცილებლობას იმიტომ ვხედავ, რომ, უფრო პატარა გუნდით არსებით სისტემურ ცვლილებებს ვერ განვახორციელებთ, ვინაიდან ჩვენი და ნაციონალების ხედვები ძირეულად განსხვავდება ერთმანეთისგან. არადა, პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, აუცილებელია, რომ კონსტიტუცია გავმართოთ.
- როგორი იქნებოდა კარგი კონსტიტუცია თქვენთვის? რა პრეტენზია გაქვთ ამ კონსტიტუციასთან?
– ამათ ხელწერას ვხედავ – როცა უნდათ და როგორც უნდათ, ერთ ღამეში ისე გადაწერენ და მოირგებენ კონსტიტუციას, რომ ხელისუფლებაში დარჩნენ და მიაღწიონ სინგაპურიზაციას, თუ რაღაც ასეთს… მაგათ რომ ჰკითხო, სულ ეგენი უნდა იყვნენ და იყვნენ. კარგი ის კონსტიტუცია კი არ იქნება, რომელსაც მე დავწერ, არამედ, ის, რომელზეც საზოგადოება შეთანხმდება. ასევე, უნდა შედგეს – რასაც მიშასაც ვთავაზობდი – ქვეყნის განვითარების სტრატეგიული გეგმა: რა უნდა გაკეთდეს დასავლეთში, აღმოსავლეთში, მთაში, ბარში… ეს გეგმა უნდა შეადგინონ პროფესიანალებმა და ის მისაწვდომი უნდა იყოს საზოგადოების ყველა წევრისთვის. მე კი მაქვს ჩემი წარმოდგენა, მაგრამ მარტო არაფერს გადავწყვეტ, საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს, როგორი წესით სურს ცხოვრება.
- მიხეილ სააკაშვილი საკონსტიტუციო უმრავლესობის აუცილებლობას ხსნიდა იმით, რომ ქვეყანაში სწრაფ და ეფექტიან რეფორმებს მხოლოდ ერთიანი, შეკრული გუნდი გაატარებდა. პრეზიდენტის გადაწყვეტილებები არც მთავრობაში ფერხდება და არც პარლამენტში, მაგრამ ამ რეალობამ შეიწირა დემოკრატია. ხომ არ ჯობდა, რეფორმები უფრო ნელა, დებატებისა და დისკუსიების ფონზე წარმართულიყო, რაც, მართალია, ხელისუფლების წარმომადგენლებს ნერვების წყვეტის ფასად დაუჯდებოდათ, მაგრამ ასეთ რეჟიმში მუშაობა მოსახლეობას ბევრი თვითნებური გადაწყვეტილებისგან დაიცავდა? ის არგუმენტი, რაც თქვენ ბრძანეთ, ზუსტად ემთხვევა სააკაშვილის არგუმენტს.
– რეფორმების ექსპორტიორი ქვეყანა ვართო, რომ აცხადებდნენ, რეალურად, ორი რეფორმა გაატარეს და ორივე დიდი ხარვეზებით, რაზეც ზემოთაც გესაუბრეთ. ამის გარდა, მათ არც ერთი რეფორმა არ განუხორციელებიათ.

მართვის გამოცდილება არ გააჩნიათ, არც იციან და ვერც შეიძენენ ვერასდროს. რაც მოხდა, ამათ სიჩქარის გამო კი არ მოუვიდათ, არამედ – უცოდინრობით. ვერ დავწამებ, რომ არ უნდოდათ. ბევრი მეუბნებოდა, ესენი ქვეყნის დასანგრევად არიან მოსულებიო. მე ამას ვერ ვიზიარებ. ბევრ რამეს მათი უმეცრებითა და თავისებურებით ვხსნი.

ახლა თქვენ მეუბნებით, რომ რასაც ისინი ამბობდნენ, თქვენც იმავეს ამბობთ და რატომ უნდა დაგიჯეროთო. რამდენიც უნდა ვირტყა გულში ხელი, რა თქმა უნდა, თეორიულად ამის საფრთხე არსებობს. თუმცა, იმისთვის, რომ მენდოთ, წარსულში უნდა გავიხედოთ, ჩემი გავლილი გზა უნდა გაითვალისწინოთ – რას მივაღწიე და რა დამოკიდებულება მაქვს ჩემი ქვეყნის მიმართ.

შეიძლება, მსოფლიოში ვერ ნახოთ მაგალითი, როცა კაცს პოლიტიკა კატეგორიულად არ უნდოდა და მაინც პოლიტიკაში მოვიდა. როცა ვამბობ, რომ ევროპელები შეიძლება გავაკვირვო დემოკრატიით, ვგულისხმობ იმას, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა და ბევრი რამის გაკეთება შედარებით იოლად შეიძლება. თუმცა, მე მეოცნებე ვარ, მაგრამ პრაგმატიზმიც მყოფნის და კონსერვატიზმიც. პოლიტიკაში რადგან მოვედი, ესე იგი, მაქვს განცდა, რომ შემიძლია, ეს მოვახერხო.
- და მაინც უნდა ჩაგეძიოთ. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიას ცუდად დაებედა ე.წ. “აბსოლუტური უმრავლესობის” სინდრომი. შეუძლებელია, დავივიწყოთ, რომ პარტიები ხელისუფლებაში მოდიოდნენ დიდი უმრავლესობით და დიდი ნდობით, მაგრამ მიდიოდნენ პოლიტიკური კატაკლიზმებით. მათ ადგილს იკავებდა ახალი უმრავლესობა – იმავე პერსპექტივით. თქვენ საქართველოს მოსახლეობას ჰპირდებით, რომ აბსოლუტური უმრავლესობით მოხვალთ და ორ–სამ წელიწადში არსებით რეფორმებს გაატარებთ. თავად ეს უმრავლესობა ხომ არ აღმოჩნდება საფრთხე, ერთი მხრივ, თქვენთვის და, მეორე მხრივ, მოსახლეობისთვის? უკეთესი ხომ არ იქნება, რომ მოჯადოებული წრე გაირღვეს და ძალთა ბალანსზე დამყარებული პარლამენტი ჩამოყალიბდეს? თუნდაც, შეიქმნას კანონი, რომელიც გამარჯვებულ პარტიას მანდატების რაოდენობის ზედა ზღვარს განუსაზღვრავს და კოალიციის შექმნას აიძულებს?
– ძალიან კარგი კითხვაა. ზუსტად ამას ვაპირებ, როცა კონსტიტუციურ ცვლილებებზე ვსაუბრობ. ჩვენ ისეთი კონსტიტუცია უნდა შევქმნათ, რომ გამოვრიცხოთ რისკები. მაგრამ ამ ეტაპზე, ჩემთვის იდეალური ბალანსით – ერთი მესამედით – რომ მოვიდეთ – ქვეყანაში არაფერი შეიცვლება. მე კი ძირეულ ცვლილებებს ვგეგმავ და ამის შემდეგ ხელისუფლებიდან წავალ. აქამდე ეს არ მითქვამს: ვაპირებ, გადავიდე ჩვენ მიერ შექმნილი მთავრობის ოპოზიციაში. როცა ჩემს პირველ წერილში ვთქვი, რომ ორი-სამი წლის შემდეგ წავალ. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემი მთავრობის პირველი ოპონენტი მე ვიქნები და ყველანაირად გავაძლიერებ ოპოზიციას, რათა სათანადო კონტროლი გავუწიო ხელისუფლებას. ამის პრეცედენტი მინდა, რომ შევქმნა.
- ახლა თქვენ ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთეთ, რომელიც გულზე ჩამოკიდებული ლოდივით გექნებათ: გინდათ, მოხვიდეთ უმრავლესობით, რათა შექმნათ კონსტიტუცია და ქვეყნის მართვის მოდელი, რომელიც ერთპარტიულ მართვას და ავტორიტარიზმს გამორიცხავს.
– დიახ, კონსტიტუცია ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ ავტორიტარიზმისგან მხოლოდ კონსტიტუცია ვერ დაგვიცავს. საზოგადოებაც მზად უნდა იყოს. სწორედ საზოგადოების გაძლიერებას ვაპირებ, ეს არის ჩემი უმთავრესი მიზანი.
- ბევრი კრიტიკა ისმის დღევანდელი მთავრობის პერსონალური შემადგენლობის მიმართ. აპირებთ თუ არა, საპარლამენტო არჩევნებამდე გამოაცხადოთ ჩრდილოვანი კაბინეტის შემადგენლობა, რათა საზოგადოებას ჰქონდეს შედარების საშუალება?
– ჩრდილოვან კაბინეტზე ჯერ არ მიფიქრია, მზა პასუხი არ მაქვს. ნელ-ნელა შემექმნება ხედვა, ვის რა შეუძლია და ვინ სად აჯობებს, რომ დადგეს. ზოგს არ მოსწონს ალასანია, ზოგს რესპუბლიკელები, ზოგს სხვა და ზოგს – სხვა. მაგრამ, ჩვენი საზოგადოება ეს არის. მთვარიდან ხალხს ვერ მოვიყვან. მეც ბევრს არ მოვწონვარ… უნდა გავიგოთ, რომ არჩევანი ჩვენი საზოგადოებიდან უნდა გავაკეთოთ. მეც აქედან შევარჩევ ოპტიმალურ ვარიანტს.
- ბევრი დარწმუნებულია, რომ თქვენ არჩევნების მოსაგებად საკმარის ხმებს მოიზიდავთ; ასევე, ბევრი ამბობს, რომ საარჩევნო გარემოს შეცვლის გარეშე არჩევნებში თქვენს მონაწილეობასაც კი ეკარგება აზრი – რადგან ნაციონალური მოძრაობა მაინც იმ შედეგს დადებს, რაც მას სჭირდება. როგორ აპირებთ, აიძულოთ ხელისუფლება, შეცვალოს საარჩევნო გარემო? თუ მიგაჩნიათ, რომ არსებულ პირობებშიც შესაძლებელია არჩევნების მოგება? საკუთარი პოლიტიკური გუნდის ჩამოყალიბებას თუ აპირებთ?
– გუნდის ჩამოყალიბებას აუცილებლად ვაპირებ. ცხადია, პარტიაც უნდა ჩამოვაყალიბო. მართალია, არსებობს განცდა, რომ ეს შეუძლებელია, მაგრამ მჯერა, რომ ეს შესაძლებელი იქნება.

ვფიქრობ, ხელისუფლება ლეგიტიმურ ჩარჩოში მოექცევა. ამის რწმენას არ ვკარგავ. რაც შეეხება საარჩევნო გარემოს: მაგალითად, მზად ვარ პირადად დავაფინანსო ბიომეტრიული პასპორტები, რაკი მთავრობამ განაცხადა, რომ ამის ფული არ აქვს. თუმცა, მიმაჩნია, რომ არჩევნებს არსებულ პირობებშიც მოვიგებთ, სულ რომ არაფერი შეიცვალოს.

ეს კანონმდებლობა მაშინ არის საშიში, თუკი ჩვენი და მათი შედეგი ახლოს იქნება ერთმანეთთან. ნაციონალები რეალურად მიიღებენ ათიდან ოც პროცენტამდე ხმებს. იმისათვის, რომ ამერიკამ და ევროპამ შედეგები ლეგიტიმურად ცნოს, მაქსიმუმ, ამ პროცენტის გაორმაგება შეუძლიათ და მეტი – არა. მე უკიდურეს ვარიანტს გეუბნებით, ამის მეტს ვერ შეძლებენ.
- 2003 წელს მიხეილ სააკაშვილმა თავისუფლების მოედანზე შეკრებილ ხალხს მიმართა, თუ შევარდნაძე ხალხის ნების წინააღმდეგ წავა, ის მიიღებს რევოლუციასო. თქვენ განაცხადეთ, რომ სააკაშვილს არ უნდა მივცეთ ქვეყნის მართვის გაგრძელების უფლება საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ. თუ იგი მაინც ვერ შეელევა ძალაუფლებას, ამ შემთხვევაში, თქვენს ლექსიკონში ხომ არ გაჩნდება სიტყვა “რევოლუცია”?
– ძალიან არ მინდა, რომ ეს სიტყვა გამოვიყენო. თუ ამ სიტყვის გამოყენება მომიხდა, ჩავთვლი, რომ ჩემი მოსვლა პოლიტიკაში მცდარი იყო. მაგრამ, მე მგონია, რომ დროულად და სწორად მოვედი და ხელისუფლების შეცვლას ყოველგვარი რევოლუციის გარეშე მოვახერხებთ. თუ სააკაშვილი არჩევნების გაყალბებას სხვადასხვა მექანიზმით მოახერხებს, შევძლებთ მისი არალეგიტიმურობის დამტკიცებას. ის ხელისუფლებაში გაყალბებული არჩევნებით ვერ მოვა. სიტყვა “რევოლუციის” გაგონება არ მინდა და არც სიტყვა “ქუჩის” ხსენება მინდა. ხელისუფლების არჩევნებით შეცვლის პირველი პრეცედენტი უნდა შევქმნათ. ეს ერთ-ერთი დიდი წარმატება იქნება.
- ბევრ ადამიანს გაუკვირდა თქვენი მხრიდან თანამშრომლობის შეთავაზება ვანო მერაბიშვილისადმი, რომელიც ხელისუფლებას საკუთარ ხერხემლად მიაჩნია. მერაბიშვილი – ან პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებელი სხვა პირები – როგორ შეიძლება სასარგებლო და მისაღები აღმოჩნდნენ იმ საზოგადოებისთვის, რომელიც თქვენგან დღევანდელი სისტემის ძირფესვიანად შეცვლას ელოდება?
– როიტერმა ასეთი შეკითხვაც კი დამისვა, მთავრობაში თუ მოიაზრებთ მერაბიშვილსო. ცხადია, რომ არა. რა თქმა უნდა, ეს არ მქონდა მხედველობაში, როცა მერაბიშვილს მივმართე. დღევანდელი ხელისუფლების საკვანძო ფიგურები ახალ მთავრობაში არავითარ შემთხვევაში არ მოიაზრებიან. მათ დათვური სამსახური გაუწიეს თვითონ სააკაშვილს და დღეს რაც გვჭირს – ამაში მათი დიდი წვლილია. მერაბიშვილისადმი ჩემი მიმართვის არსი იყო ის, რომ თუ სწორად მოიქცევიან და კანონის ფარგლებში დარჩებიან არჩევნებამდე – რისი დიდი სურვილიც მაქვს – მათ მიეცემათ საშუალება, რომ, თუნდაც, პოლიტიკური პარტია შექმნან, თუნდაც, იყვნენ ბიზნესში, ან სხვა რამე მოიფიქრონ. მაგრამ ჩვენს მთავრობაში არ იქნებიან.
- მალე ახლოს გაიცნობთ ქართულ სასამართლოს და მოგეცემათ შანსი, ამტკიცოთ, რომ იმ ქვეყნის მოქალაქე ბრძანდებით, სადაც შობილხართ, გაზრდილხართ და გისროლიათ ისარი… თქვენ ბრძანეთ, რომ თქვენი ერთ–ერთი პრიორიტეტია დამოუკიდებელი სასამართლო. თავის დროზე, მიხეილ სააკაშვილი იყო სასამართლო რეფორმის ავტორი. თქვენ რას გვთავაზობთ – რომ ვენდოთ თქვენს კეთილ ნებას, თუ რაიმე მექანიზმი გეგულებათ სასამართლოს დამოუკიდებლობის გარანტად?
– არ მაქვს მზა რეცეპტი, მაგრამ მაქვს პრინციპული პოზიცია, რომ სასამართლო დამოუკიდებელი უნდა იყოს. საქართველოში მრავლად არიან კვალიფიციური იურისტები. ზოგ მათგანს უკვე შევხვდი. თავს უფლებას არ მივცემ, რომ გადავწყვიტო, რა მექანიზმებით უნდა განხორციელდეს სასამართლოს დამოუკიდებლობა. მოვკრებ სპეციალისტებს და პოლიტიკური ნების პირობებში სწორედ ისინი მიიღებენ გადაწყვეტილებებს მექანიზმების შესახებ. მე არ მაქვს ამის ცოდნა, მაგრამ ვიცი, როგორ მოვთხოვო მცოდნეებს და როგორ მივიღო საუკეთესო შედეგი.
- საქართველოში მეტად მტკივნეულია უკანონო პატიმრების თემა. როგორ უნდა გაიმიჯნონ ერთმანეთისგან უკანონო და კანონიერი პატიმრები? არსებულმა სასამართლომ უნდა გადახედოს მათ საქმეებს? თუ ახალი სასამართლოს ფორმირებას უნდა დაელოდონ? ან, იქნებ, რაიმე საგანგებო კომისია უნდა შეიქმნას სწრაფი და სამართლიანი გადაწყვეტილებების მისაღებად?
– ძალიან რთული კითხვა მომეცით. მზა პასუხი არ მაქვს, ვინაიდან ეს საკითხიც სპეციალისტების გადასაწყვეტია. პროცედურები მათ უნდა შეიმუშაონ. მესმის, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და ამაზე ბევრი მიფიქრია. შევქმნი იმ პირობებს, რომ სპეციალისტებმა შეძლონ სამართლიანი გადაწყვეტილებების მიღება. საშინელ დღეში ჩააგდეს საზოგადოება. მაგრამ ისე არ უნდა ვქნათ, რომ შეცდომას შეცდომა დავამატოთ. ვაცნობიერებ, რა საშინელება დამხვდება ამ კუთხითაც. საზოგადოების დიდი ნაწილი გაატარეს პირობითი სასჯელების წნეხში. ეს მოსახლეობის გაღარიბების ერთ-ერთი მიზეზია. ადამიანები სახლებს ყიდიან, რომ ოჯახის წევრი ციხიდან დაიხსნან. წამლის ფული აღარ რჩებათ, ხალხი გაუგონარ სიღატაკემდე მიიყვანეს. ყველაფერს ყიდიან და ქუჩაში რჩებიან. არაფერი გააჩნიათ, გარდა ვალებისა.
- საქართველოს არაერთმა მოქალაქემ თავისი კუთვნილი ქონება, სხვადასხვა სახის ზეწოლის შედეგად, სახელმწიფოს აჩუქა. მათ უნდა ჰქონდეთ თუ არა იმედი, რომ საკუთარ ქონებას დაიბრუნებენ?
– მყისიერად ვერც ეს მოხდება, მაგრამ როგორ შეიძლება, რომ ამ ხალხს არ დავეხმაროთ?! სამართლიანობა უნდა აღდგეს იმ სასამართლოს მეშვეობით, რომლის ჩამოყალიბებაც ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანია.
- ხელისუფლება დაჟინებით ცდილობს ახალი ადამიანის, ახალი ქართველის შექმნას. თქვენ როგორი წარმოგიდგენიათ ეს ახალი ადამიანი? რა დამოკიდებულება გაქვთ ამ იდეის მიმართ?
– ასეთი ტერმინები, როგორიცაა “ახალი ადამიანის შექმნა” – კომკავშირული გამონათქვამების მსგავსია და ჩემთვის სრულიად მიუღებელია. საზოგადოება უნდა გარდაიქმნას. ამაზე ჩემს პირველ წერილშიც მოგახსენეთ – უახლოეს დროში უნდა შევქმნათ თავისუფლად მოაზროვნე ადამიანების კრიტიკული მასა. საზოგადოება დაშლილია. ამათ მოახერხეს და ის მუხტი, რაც იყო, ბოლომდე გაანადგურეს. მე საზოგადოებრივ ცვლილებებზე მაქვს პრეტენზია, საზოგადოებასთან ერთად დავდგები და ვიქნები, სანამ ცოცხალი ვარ. ახალი ტიპის ადამიანის შექმნა და ახალი ტიპის ადამიანის გამოყვანა ჩემთვის ძალიან უხერხული ტერმინებია. საზოგადოებამ უნდა მოახერხოს გარდაქმნა. ამ პროცესში ქართველებმა ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ და შევცვალოთ.
- თქვენ გაავლეთ სადემარკაციო ხაზი დღევანდელი ხელისუფლების მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის და ყველას მოუწოდეთ, რომ მკაფიოდ განსაზღვროს თავისი ადგილი. სად უტოვებთ სივრცეს დამოუკიდებელ მედიას?
– ობიექტური მედია, ვისაც უნდა ცვლილებები – არის სადემარკაციო ხაზის აქეთ. მე უფრო ტელევიზიებს ვაკვირდებოდი, რადგან ისინი ქმნიან ძირითად კლიმატს და ამჯერად მხოლოდ მათზე ვისაუბრებ. “იმედი”, “რუსთავი 2” და საზოგადოებრივი მაუწყებელი ნამდვილად ხაზის იქით არიან. არ გამოვრიცხავ, რომ ცოტა გადაჭარბებული იყო ჩემი რეაქცია “მაესტროსა” და “კავკასიის” მიმართ. აქვე მინდა ჩემი პატივისცემა გამოვხატო ბატონ რამაზ საყვარელიძის მიმართ. დამოუკიდებელი მედია ჩემთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც დამოუკიდებელი სასამართლო. თუ არ იქნა დამოუკიდებელი მედია, ვერ იქნება დამოუკიდებელი სასამართლო და პირიქით. დამოუკიდებელი მედია არის დემოკრატიის ერთ-ერთი ქვეკუთხედი, რომელიც უნდა შევქმნათ.
- მაგრამ სადერმაკაციო ხაზის აქეთ ყოფნა ოპოზიციონერობას ნიშნავს. ოპოზიციონერობა კი არ არის ჟურნალისტის საქმე. კეთილსინდისიერებაა მთავარი.
– მე ოპოზიციონერობისკენ არავის მოვუწოდებ. ეტყობა, თქვენც ვერ გამიგეთ, ან ჩემს ტექსტში ვერ გამოვხატე კარგად. არ მაქვს პრეტენზია ყველაფრის ცოდნაზე და შეიძლება, ტერმინები სწორად არ გამოვიყენე. მინდა, რომ, პირველ რიგში, ჟურნალისტმა აჩვენოს სინამდვილე ისეთი, როგორიც ის არის და მეორე – ის იყოს ღირებულებების მხარეს. უნდა მოახერხოს, რომ კარგი და ცუდი გაარჩიოს და თუ ორივე ცუდია, გაარჩიოს, რომელია ცუდი და რომელი – უარესი.
- როგორია ქვეყნის ეკონომიკური განვითარების თქვენეული ხედვა? რომელი სფეროები მიგაჩნიათ პრიორიტეტულად?
– მე კარგად ვიცი თანამედროვე ეკონომიკა. სოფლის მეურნეობა არც ერთ განვითარებულ ქვეყანაში არ არის წამყვანი, არ არის “ორთქმავალი”. უმეტეს ქვეყნებში სოფლის მეურნეობა დოტაციაზეა. მაგრამ ყველა განვითარებული ქვეყანა, მათ შორის, ამერიკა, აუცილებლად ინარჩუნებს სოფლის მეურნეობას.

ჩვენ, ტრადიციულად, აგრარული ქვეყანა ვართ, ამიტომ, სოფლის მეურნეობის განვითარება ჩვენთან ადვილია. თუმცა, მთავარია ის, რაზეც ვისაუბრე ჩემს წერილში და რასაც ოცნების პროექტი დავარქვი: მაღალი ტექნოლოგიების უნივერსიტეტი. ინტელექტი უნდა იყოს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ინტელექტი შენარჩუნდება საფინანსო ჯგუფებში, საბანკო სექტროში, თუ ეს სფეროები კარგად აწყობილი არ არის, ეკონომიკა არ განვითარდება. საბანკო სისტემასთან დაკავშირებით არსებობს კითხვები, მაგრამ ეს სისტემა, ძირითადად, გამართულია.

ტურიზმი, თავისთავად, საინტერესოა. მაგრამ ეს ბიზნესმა უნდა გადაწყვიტოს, სად რა გააკეთოს, კარნახით არ მოხდება. საინტერესო ქვეყანაა, საინტერესო კლიმატური პირობები გვაქვს, ჩამოვლენ, ნახავენ, გადაწყვეტენ.

მთავარი საფუძველი კანონიერებაა, ეს უნდა შეიქმნას. ბიზნესმენს არ უნდა ჰქონდეს განცდა, რომ დაუძახებენ და რაღაცას მოსთხოვენ. მე ვიცი, რა აფრთხობს ბიზნესმენს. აუცილებელია სტაბილური პოლიტიკა. კანონდებლობა უნდა შეიქმნას ისეთი, რომ ჩინოვნიკს არ ჰქონდეს უფლება, კანონის ზევით ბიზნესმენს რაღაც მოსთხოვოს. საქართველო პატარა ქვეყანაა და მაქვს განცდა, რომ ამას მოვახერხებ. ჩინოვნიკი ბიზნესმენს თუ არ ჩამოეხსნა, ილუზიაა, რომ ევროპელები აქ ინვესტიციას ჩადებენ.

ქართველები ზარმაცები რომ ჰგონიათ და ამბობენ, საქმის კეთება არ იციანო, სინამდვილეში, ქართველებს დიდი კულტურა გვაქვს. კულტურა კი იწვევს იმას, რომ თუ სწორად აუხსნი, უცებ იგებენ. ოღონდ, ერთი რამ არ შეგვეშალოს: ზოგიერთ ქართველს რომ მიაჩნია, რომ ჩვენ გვაქვს ის, რაც სხვას არავის აქვს, ასე არ არის. მაგრამ ქართველს აქვს ყველაფერი ის, რაც შეიძლება სხვაგანაც ნახო. სხვაგანაც მშვენიერი ბუნებაა, მაგრამ ამ ერთი ბეწო მიწაზე თუ ყველაფერი გინახავს, სხვაგან აღარაფერი გაგაოცებს.
- როგორ საგადასახადო მოწყობას უჭერთ მხარს?
– ძალიან მოკლედ გეტყვით: მთავრობამ იმდენი კვერცხი უნდა გამოართვას ქათამს, რამდენიც მის გამრავლებას არ შეაფერხებს. თუმცა, პენსიონერების რაოდენობაც უნდა გაითვალისწინოს. სახელმწიფო სტრუქტურებსაც შენახვა უნდა. ეს ყველა ქვეყანაში მუდმივად საკამათო თემაა. ამას ვერც საქართველო გადაურჩება. შუალედური პოზიცია უნდა მოვძებნოთ. ქათამი არ უნდა დავკლათ, ანუ ბიზნესი არ უნდა წავაქციოთ. ყველაზე მძიმე იქნება ჩემი მოსვლიდან 6 თვე, მაქსიმუმ, 1 წელი. ეიფორიაში მყოფ ხალხს ეგონება, ფულს დაგვირიგებენ და ყველანი უცებ გავმდიდრდებითო. მაგრამ ასე ვერ მოხდება. სიტუაციის აწონ-დაწონვა მოგვიწევს, როგორც ოჯახში – ამდენი და ამდენი ფული გვაქვს, როგორ მოვიქცეთ? შარვალი ვიყიდოთ? თეატრში წავიდეთ? ახალი სახლის მშენებლობა დავიწყოთ?

მოკლედ რომ ვთქვათ, ისეთი საგადასახადო სისტემა უნდა გვქონდეს, რომ არც პენსიონერები დავხოცოთ შიმშილით და ბიზნესსაც ჰქონდეს განვითარების საშუალება.
- დღევანდელ ხელისუფლებას სახელმწიფოს იდეალად სინგაპური მიაჩნია. გვიამბეთ ცოტა რამ იმ საქართველოზე, რომელში ცხოვრებასაც თქვენ ჰპირდებით მოსახლეობას; მაგალითად, სახელმწიფო რა დოზით მონაწილეობს ახალგაზრდების განათლებაში? ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაში? მეცნიერების, კულტურისა და სპორტის განვითარებაში?
– ამ სფეროებში სახელმწიფო იშვიათად და ნაკლებად უნდა ჩაერიოს; მაგრამ უნდა ჩაერიოს იქ, სადაც აუცილებელია. ამის მაგალითი იყო, როცა მიშას ვუთხარი, რომ დავეხმარებოდი სოფლის მეურნეობას. ასევე შეიძლება მოხდეს განათლებაშიც – მასაც დასჭირდეს დახმარება. სტრატეგიულ დარგებში – განათლება იქნება თუ მეცნიერება – განვითარებული სახელმწიფოები ამის კოორდინაციას ახდენენ და ჩვენთანაც ასე მოხდება. რა დოზით ჩაერევა სახელმწიფო, ამაზე პასუხის გაცემა ამჟამად რთულია. კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე მივიღებთ გადაწყვეტილებებს, სპეციალისტებთან ერთად. სოფლის მეურნეობას არ შეიძლებოდა, არ დავხმარებოდით. სხვათა შორის, პირველი ორი წელიწადი მევენახეებს ვეხმარებოდი. მესამე წელიწადს მიშამ მითხრა, აღარ არის საჭიროო.
- თქვენ მიმართ გამოთქვამენ პრეტენზიას, რომ თქვენი ფონდი აკადემიკოსებს ეხმარებოდა, რომლებიც უკვე ნაკლებად პროდუქტიულები არიან. ფაქტობრივად, ფონდი ადამიანებს ეხმარებოდა სიცოცხლის გადარჩენაში, მაგრამ პროგრესზე არ იყო ორიენტირებული.
– მომავალს უნდა მივცეთ დაფინანსება პირველ რიგში და ეს უნდა ავუხსნათ საზოგადოებას. მაგრამ, თქვენ აკადემიკოსები ახსენეთ და – არც დამსახურებული ადამიანები უნდა გავწიროთ შიმშილით სიკვდილისთვის. ვისაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი რამ შეუქმნია და დღეს აღარ შეუძლიათ, მათაც უნდა მივხედოთ, ეს ჩვენი ვალია. რა თქმა უნდა, ჩემი პოზიციაა, რომ ქველმოქმედება არ არის საუკეთესო გამოსავალი. ქვეყნისთვის საუკეთესოა სამუშაო ადგილების შექმნა, რათა ადამიანი თვითონ დასაქმდეს, თავისი ფული იშოვნოს. მეგობრები დავკარგე ამის გამო. თუ ეხმარები, დამოკიდებული ხდება და ვეღარ ინარჩუნებს ობიექტურობას. მძიმეა, როცა თვალებში გიყურებს კაცი იმის გამო, რომ დავალებულია. ისეთი სახელმწიფო უნდა ავაშენოთ, რომ ადამიანებს ეს არ სჭირდებოდეთ. ამ გაჭირვებულ ყოფაში სხვა ვერაფერი შევძელი და იოლი გზა ვნახე. უფრო დიდი დახმარება იქნებოდა ქვეყნისთვის, რომ მე რაც შეიძლება მეტი სამუშაო ადგილები შემექმნა. ორი პროექტი მოვიფიქრე, რაზეც წერილშიც ვსაუბრობდი. პირველი არ გამომივიდა, რადგან უარი მითხრეს; მეორე პროექტის – მაღალი ტექნოლოგიების უნივერსიტეტის იდეა მოეწონათ, ოღონდ, შენობის ნაწილში. მაშინვე მითხრეს, ცათამბჯენი ააშენეო. ძლივს დავარწმუნეთ “ჩვენი მაღალი”, რომ ეს არ შეიძლებოდა.
- სამუშაო ადგილებთან დაკავშირებით გამახსენდა – უფრო ადრე უნდა მეკითხა – ტელეკომპანია მეცხრე არხი რატომ დახურეთ?
– ჩვენ გვეჭირა შუალედური პოზიცია. შეგიძლიათ, ჟურნალისტებს ჰკითხოთ. შევარდნაძის მთავრობის დროს სხვადასხვა ტიპის საფრთხეები იგრძნობოდა. ჩანდა, რომ რაღაც არ მოსწონდათ “რუსთავი 2”-ის, რომელიც კარგად ასრულებდა თავის ფუნქციას. ამიტომ, ჩვენ შუალედური პოზიცია გვეჭირა და სათადარიგო ტელევიზიის როლი გვქონდა. თუ “რუსთავი 2”-ს საფრთხე დაემუქრებოდა, წინა პლანზე გადავიდოდით. ყველაზე დიდი შეცდომა მაშინ დავუშვი, როდესაც, რევოლუციის მერე, ეიფორიაში მყოფმა, ვეღარ ვიკადრე, რომ სათადარიგო ტელევიზია შემენარჩუნებინა, რაც ჩასაფრებულის პოზიციაში ყოფნას ნიშნავდა. ამ ვითარების შექმნაში, დღეს რაც გვაქვს, ჩემი ყველაზე დიდი ბრალეულობა და შეცდომა ტელევიზიის დახურვა იყო.
- სახელმწიფოში რისი გაყიდვა მიგაჩნიათ შეუძლებლად?
– არ შეიძლება იმ ობიექტების გაყიდვა, რაც სახელმწიფო უსაფრთხოებას უკავშირდება. მგონი, ასეთი აღარაფერი დატოვეს, თუმცა, გავითვალისწინოთ, რომ, ზოგადად, სახელმწიფო საკუთრების ყველაზე არაეფექტური მმართველია.
- რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი. ამ ორ ქვეყანას, ფაქტობრივად, გაწყვეტილი აქვს დიპლომატიური ურთიერთობა. დღევანდელი ხელისუფლება ჯერჯერობით უშედეგოდ ცდილობს, საერთაშორისო თანამეგობრობის მეშვეობით მოახდინოს რუსეთზე ზემოქმედება. რა არის თქვენი სტრატეგიის შინაარსი? როგორ გესახებათ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივა?
– ძალიან რთული კითხვაა. ვაცნობიერებ, რომ დიდი არჩევანი არ გვაქვს. ჩვენ გვქონდა უფრო ფართო არჩევანი გამსახურდიას მთავრობის დროს, მაგრამ შეცდომები დაუშვეს. ამას მოჰყვა ახალი შეცდომები შევარდნაძის მთავრობის დროს, მესამემ კიდევ დაამატა, თავის მხრივ. მანევრის საშუალება სულ უფრო მეტად შეგვიმცირდა.

პატარა ქვეყნების საქმე ასეა: ზოგს ამერიკის გავლენის სფეროში ასახელებენ, ზოგს – რუსეთის… ჩვენ უნდა მოვძებნოთ ჩვენი ადგილი. ამ მხრივ საქართველო რთულ სიტუაციაშია. ჩვენი ამოცანაა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და მაქსიმალური თავისუფლების შენარჩუნება.

რომ გითხრათ, რომ მაქვს კონკრეტული გეგმა – როგორ დავიბრუნოთ დაკარგული ტერიტორიები, თანაც, როგორ მოვახერხოთ ეს უახლოეს დროში – სწორი არ ვიქნები. მე ვიცი ერთი რამ, ისტორია და დღევანდელობა დიალექტიკაში უნდა განვიხილოთ. ეკონომიკურმა კრიზისმა აიძულა დიდი სახელმწიფოები, რომ ურთიერთობისთვის გადაეხედათ. ამერიკის და რუსეთის დამოკიდებულება შეიცვალა ერთმანეთის მიმართ და კიდევ შეიცვლება, ისევე, როგორც ევროპისა და რუსეთის.

ერთი რამ ზუსტად ვიცი: თუ არ გვექნება სამართლებრივი სახელმწიფო და არ გავხდებით საინტერესო აფხაზებისთვის და ოსებისთვის, თუ საზოგადოება არ იქნება ერთიანი და ძლიერი, – შედეგს ვერ მივაღწევთ. შიდა ვითარება დიდ გავლენას ახდენს საგარეო ურთიერთობებზეც. აფხაზები კი არა, ქართველები გარბიან საქართველოდან. აქ გაჩერება არავის უნდა. ამ პირობებში, როგორ მოახერხებ, აფხაზი დაარწმუნო, ჩვენთან მოდი, ჩვენთან ჯობიაო.

მდგომარეობა თუ არ შეიცვალა, თუ არ დაინახეს, რომ აქ მართლაც დემოკრატიაა და კომფორტული გარემოა, თვითონ თუ არ გაუჩნდათ ცდუნება, ძალიან რთული იქნება მათთან საუბარი.

ცალკე თემაა რუსეთი. რუსეთთან დაკავშირებით ერთ-ერთი – და არა ერთადერთი – იმედი ისაა, რომ მასთან ინტერესების თანხვედრა მოხდეს. ჩვენი ტერიტორიის ოკუპაცია, მე მგონი, რუსეთსაც ყელში აქვს გაჩხერილი. თუ რუსეთი გეგმავს ცივილიზებულ სამყაროსთან ურთიერთობის დალაგებას, წინსვლას ამ კუთხით, რა თქმა უნდა, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის საკითხი ლოდივით ექნება ჩამოკიდებული. თანაც, ამას ძალიან კარგად იყენებენ მისი ოპონენტები და მუდმივად გამოიყენებენ მომავალშიც. გარდა ამისა, ეს თვითონ რუსეთის მდგრადობისთვისაც საშიშია. კავკასია ძალიან რთული რეგიონია და ამ მიმართულებით შესაძლებელია საქართველოს და რუსეთის ინტერესების თანხვედრა.
- როგორ ფიქრობთ, რას ითხოვს რუსეთი საქართველოსგან, თუ არსებობს რაღაც ისეთი, რისი დათმობაც რუსეთს დააკმაყოფილებდა და საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს არ დააზარალებდა?
– მართალი მოგახსენოთ, არ ვიცი, რა არის ისეთი, რაც შეგვიძლია, დავთმოთ. დამოუკიდებლობა იყო და ყოველთვის იქნება უმთავრესი. თავისუფლების გარეშე არაფერი გვინდა. ეს არც კი შეიძლება, კითხვის საგანი გახდეს. ეკონომიკიდან რამე სერიოზული, რაც რუსეთს შეიძლება აინტერესებდეს, მგონი, არაფერი დაგვრჩა.

ის, რაც მოხდა, საშინელებაა ჩვენთვის. და არც მათთვის არის მომგებიანი. იმედი მაქვს, ამას ჩემ გარეშეც მიხვდებიან და მეც შევეცდები, დავარწმუნო. ამის იმედი მაქვს ძირითადად. ასეთი სამხრეთ ოსეთი და ასეთი აფხაზეთი რუსეთისთვისაც მძიმე ტვირთია. სხვა რამ დამატებით შეთავაზებებს რუსეთისთვის მე ვერ ვხედავ. თუ რამე გამოჩნდა მომავალში, საზოგადოებას დავეკითხები.
- თუ უშვებთ, რომ ისე წახვიდეთ ხელისუფლებიდან, ტერიტორიული მთლიანობა ვერ აღადგინოთ?
– რა თქმა უნდა. ამას ვაცნობიერებ. ძალიან დაბალია ალბათობა, რომ ეს ორ-სამ წელიწადში მოხდება, თუმცა, გამორიცხული არ არის.
- სულ რომ არ დაიძრას პროცესი ადგილიდან?
– ამას თითქმის გამოვრიცხავ. პროცესის დაძვრას აუცილებლად მოვახერხებთ. მტკიცე განცდა მაქვს, რომ ოდესმე აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ერთიან საქართველოში დაბრუნდებიან. ეს აუცილებლად მოხდება, ისეთ ვადებში რომ მე ნამდვილად მოვესწრები.
- ამისთვის რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას?
– პირველი და გადამწყვეტია, რომ ჩვენ უნდა გავხდეთ სამართლებრივი, დემოკრატიული სახელმწიფო, აფხაზებისთვის და ოსებისთვის მიმზიდველი ქვეყანა; მეორე – ეს არის რუსეთთან ინტერესების თანხვედრა; მესამე – ხელსაყრელი საერთაშორისო ვითარება და დემოკრატიული ქვეყნების მხრიდან უფრო ძლიერი მხარდაჭერა. ამ სამი კომპონენტის ერთიანობა წარმოადგენს პრობლემის გასაღებს.
- საგარეო საფრთხეებისგან თავის დაცვის ყველაზე ეფექტურ გზად ხელისუფლებას ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობა ესახება. თქვენ ბრძანეთ, რომ საქართველოს შეუძლია იპოვოს როლი, რომელიც მისაღები იქნება ამერიკისთვის, ევროპისა და რუსეთისთვის. იქნებ, უფრო მეტი გვითხრათ ამ როლის რეალურ კონტურებზე. როგორ ჯდება ამ კონტექსტში ნატო–ში გაწევრიანების თემა? ხომ არ გულისხმობს ეს როლი საქართველოს მხრიდან ნეიტრალიტეტის გამოცხადებას?
– ნეიტრალიტეტს, მე მგონი, ჩვენ ვერ შევძლებთ. ასეთი სუსტი სახელმწიფოს პირობებში, სუსტი ეკონომიკით, არსებული ვითარებიდან გამომდინარე – რომ ვთქვა, ნეიტრალიტატისთვის ვიბრძოლებ-მეთქი – ამის მოლოდინი ნუ გვექნება. იდეალური, რა თქმა უნდა, ნატო იყო ჩვენთვის და მასთან დაახლოებას კვლავაც ვეცდები.

ნატო საუკეთესო ვარიანტი იქნება ჩვენი უსაფრთხოებისთვის, მაგრამ არ მაქვს ილუზია, რომ ამ მიმართულებით ვითარება სწრაფად შეიცვლება. ის შანსი, რაც გაუშვეს ხელიდან დიდი ხნით, იმედი მაქვს, რომ სამუდამოდ არ დაგვიკარგავს და ამ საკითხს უნდა დავუბრუნდეთ.

რა თქმა უნდა, ამერიკასთან სტრატეგიულ პარტნიორობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ამ ქვეყანას ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული ჩვენთვის და მადლიერების მეტი არაფერი შეიძლება გამოვხატოთ მის მიმართ. მომავალში უნდა ვცადოთ ამ ურთიერთობის გაღრმავება და ჩვენ უნდა ვიყოთ საინტერესო, პირველ რიგში, მათთვის. ეს ჩვენ შეგვიძლია და უნდა გავაკეთოთ.

და, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია რუსეთის ფაქტორი, რომელიც საქართველოს ყველაზე დიდი მეზობელია. მას ვერავინ შეცვლის და სხვაგან ვერ გადაიტანს.
- რამდენად თავსებადია ერთმანეთთან ნატო, რუსეთი, ამერიკა, ევროპა…
– გლობალური პოლიტიკის ჭრილში ნატოს და რუსეთის დაახლოება ჩვენ გარეშე მიმდინარეობს. სერიოზულმა პოლიტიკოსებმა ეს იციან. პროცესი იქით მიდის, რომ მათ ერთმანეთი საფრთხედ არ განიხილონ. მე მაქვს იმედი, რომ გლობალურ პოლიტიკაში მოხდება დაახლოებები და ხისტი პოზიციები შერბილდება. ეს ჩვენც მოგვცემს, საშუალებას, რომ უფრო იოლად ვიყოთ კომფორტული ყველასთვის და ჩვენც ვიპოვოთ ჩვენი უსაფრთხო ადგილი.
- მიგაჩნიათ, თუ არა, რომ მიხეილ სააკაშვილი იყო და არის კარგი პარტნიორი ამერიკისთვის?
– რაღაც ეტაპზე, რა თქმა უნდა, ამერიკა საქართველოს განიხილავდა, როგორც საინტერესო პრეცედენტს რეგიონში, სადაც შეიძლებოდა დემოკრატიზაციის პროცესი დაჩქარებულიყო. ვარდების რევოლუციის შემდეგ, ამერიკელებს, ქართველების მგავსად, ჰქონდათ ეიფორია, რომ მოხდა ის, რაც მათ სურდათ. ამ მხრივ, რა თქმა უნდა, სააკაშვილი საინტერესო იყო მათთვის, ისევე, როგორც ბევრი ქართველისთვის. პირდაპირ გავავლებდი პარალელს. როგორც გვიყვარდა რევოლუციის დროს და პირველ ხანებში, ისევე უყვარდათ მაშინ ამერიკელებს. მე მგონი, ის გაწბილება, რაც ქართველებმა განვიცადეთ, განიცადეს ამერიკაშიც.

რა თქმა უნდა, ყველა სახელმწიფო თავისი ინტერესების მიხედვით მოქმედებს. ამერიკას საქართველოზე უარესი დემოკრატიის ქვეყნებთანაც აქვს დაბალანსებული ურთიერთობა. ამერიკელები არ გადადებენ თავს, რომ საქართველოში მოხდეს ის, რაც ჩვენ, ქართველებს, სანატრელი გვაქვს. ამერიკას თავისი ინტერესები აქვს და უნდა მიიღოს ის, რაც სურს. ამავდროულად, ამერიკა გვეხმარებოდა და ჩვენ ვერ გამოვიყენეთ ეს დახმარება.

რითია გამორჩეული მაინცდამაინც სააკაშვილი? ჩვენც მოვახერხებთ, რომ ანგარიში გავუწიოთ და ყველაზე დიდი სახელმწიფოს ინტერესები გავითვალისწინოთ. რას აკეთებს სააკაშვილი ისეთს, რასაც ჩვენ ვერ გავაკეთებთ? ამერიკა ისეთივე მსხვერპლია თავისი პროექტის – სააკაშვილის – როგორც ჩვენ. დღეს მისთვის იმდენადვე საინტერესოა სააკაშვილი, რამდენადაც – ჩვენთვის.

დღეს საქართველოს მიმართ ინტერესი ძალიან დაბალია. ხელისუფლებამ მოახერხა ლობისტური ჯგუფების შექმნა, ამაში უამრავ ფულს ხარჯავს და ლობისტებს ერთი დავალება აქვთ, რომ აქ დაგვაჯერონ; გარეთ ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ ჩვენს გასაკეთებლს არავინ გააკეთებს.

მიმაჩნია, რომ რომელიმე ერთი ქვეყნის სატელიტი არ უნდა ვიყოთ; არ უნდა გავაუარესოთ და მხოლოდ უნდა გავაუმჯობესოთ ურთიერთობა ამერიკასთან, კიდევ უფრო გავაღრმავოთ ურთიერთობა ევროპასთან და დავალაგოთ ურთიერთობა რუსეთთან.

ის, რაც ჩვენმა მთავრობამ გააკეთა – არ არის პოლიტიკა და ამას მხოლოდ რუსეთთან ომის გამო არ ვამბობ. ომამდე მათ, ფაქტობრივად, მოახერხეს და ყველანაირი ურთიერთობა გაწყვიტეს რუსეთთან, სააკაშვილის არადიპლომატიური, ემოციური, გაუაზრებელი, შეურაცხმყოფელი გამონათქვამების გამო საქართველოსთვის დაიკეტა რუსული ბაზარი, იმ დროს, როცა მთელი მსოფლიო ამ ბაზრისკენ გარბის. და არც ომის შემდეგ გადაუდია ვინმეს ჩვენთვის თავი. ყველა ცდილობს, რომ რუსეთს ზედმეტად არ აწყენინოს. ამათ ეს მოახერხეს. ღვინო ვეღარ გააქვთ რუსეთში და გააქვთ ჩინურ ბაზარზე. ჩინელები კიდევ ღვინოს არ სვამენ.
- ესე იგი, თქვენ ბალანსს უჭერთ მხარს?
– დიახ, ჩვენ ყველასთვის საინტერესო უნდა ვიყოთ და ამით ვიპოვნოთ ჩვენთვის საინტერესო ადგილი ცის ქვეშ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამას მოვახერხებთ.
- ბევრი ადამიანი საუბრობს ბიძინა ივანიშვილის მიერ განხორციელებულ დიდ პროექტებზე და ქველმოქმედებაზე. თუმცა, ჭორ–მართალი ერთმანეთშია არეული და საზოგადოებამ ცოტა რამ თუ იცის მათ კონკრეტულ შინაარსსა და მასშტაბზე. ხომ არ დადგა დრო, რომ საქართველოს მოსახლეობას ამ საკითხზე სრული ინფორმაცია მიაწოდოთ?
– მსოფლიო ბანკისგან აღიარებული ხუთი აუდიტორული ფირმა არსებობს. მათგან ერთ-ერთი ყოველ წელიწადს აწარმოებს ჩემი საქმიანობის აუდიტს. ყველაფერი, რასაც ვაკეთებ, სრულიად ღიაა – ფულის წარმოშობა, მოძრაობა, სად მიდის და რაში იხარჯება. კიდევ ერთხელ გეუბნებით, ამას მსოფლიო ბანკის მიერ აღიარებული აუდიტორული ჯგუფი ამოწმებს.
- თქვენ მიმართ სამგვარი დამოკიდებულება შეიმჩნევა: ბევრს გულწრფელად ეიმედებით; ამავე დროს, თქვენ წინააღმდეგ ღვარძლიანი კამპანია მიმდინარეობს და, ამის პარალელურად, თქვენი გაიდეალების ტენდენციაც შეინიშნება. როგორც წესი, ასეთ გარემოში მაამებლური გარემოცვა ლიდერსა და ხალხს შორის თანდათან გადაულახავ დაბრკოლებად იქცევა და მლიქვნელები გაცილებით საშიშები ხდებიან, ვიდრე აშკარა მოწინააღმდეგეები. როგორ ფიქრობთ, რამდენად გემუქრებათ ასეთი საფრთხე დღეს და, მით უმეტეს, სამომავლოდ, თუკი თქვენს დიდ ავტორიტეტს და ფინანსურ რესურსს პარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობაც დაემატება? ვინ და რა შეიძლება აღმოჩნდეს თქვენი საპირწონე?
– ძალიან კარგია, ეს რომ მკითხეთ. ჩემი პიროვნება, ჩემი ცხოვრების წესი უნდა იყოს ჩემი საპირწონე. ჩემი განვლილი ცხოვრების გარდა, სხვა მტკიცებულებები არ გამაჩნია. ჩვენს პოლიტიკოსებს რიტორიკაში ვერ ვაჯობებ. ამბობენ, თუ გინდა, კაცი გაიცნო, მიეცი მას ფული და ძალაუფლებაო. მგონია, რომ ორივე გამოცდა ჩავაბარე. ხელისუფლებაში არც ფულისთვის მოვდივარ და არც ძალაუფლებისთვის. ვინც აგრესიულად მლანძღავს, მგონია, რომ მათი უმრავლესობა მთავრობის მიერ არის დაქირავებული, ვინაიდან, არც ერთი ქართველისთვის ლანძღვის საფუძველი არ მიმიცია ჩემი ცხოვრების წესით.

ჩემს შვილებსაც იმას ვასწავლი, რომ, სულ ცოტა, შენი მეზობელი არ უნდა შეაწუხო შენი ყოფით. მე ასე ვცხოვრობ და საგინებელი რატომ უნდა ვიყო? იმის გამო, რომ ვიღაცეებმა კონკურენტად მიმიჩნიეს, მლანძღველთა მთელი ჯარი დაიქირავეს, ინტერნეტიც და ტელევიზიებიც ამით არის აჭრელებული.
- მაინც მგონია, რომ გამარჯვების შემთხვევაში, ძალიან ძლიერი ცენტრი გამოგივათ. საინტერესოა, რა დაგაბალნსებთ?
– მხოლოდ ჩემი ადამიანობა, ჩემ მიერ განვლილი ცხოვრება და ხელწერა. სხვა არგუმენტი არ მაქვს. აბა, ჩემზე უფრო ლამაზად სხვა პოლიტიკოსები ლაპარაკობენ.
- როგორ მოახერხებთ, თავი დაიცვათ იმ მლიქვნელებისგან, ვინც თქვენსა და საზოგადოებას შორის ჩადგომას შეეცდებიან?
– მოვახერხებ, მოვახერხებ. ჩემი წარმატების საფუძველი – თუ თქვენც იზიარებთ, რომ წარმატებული ვარ ბიზნესში – ზუსტად ის არის, რომ ძალიან კარგად ვერკვევი ადამიანებში. თუ ადამიანს ცოტა რამ აკლია წარმატებისთვის, ვეხმარები, რომ სწრაფად ჩამოყალიბდეს – ეს კარგად ვიცი. ყველაზე ნაკლებად ამის მეშინია. რადგან ეს იყო ჩემი წარმატების მთავარი მიზეზი – კარგად ვერკვეოდი, კარგად ვაყალიბებდი და კარგად ვეხმარებოდი. რუსეთში პირველი კოლეჯი მე შევქმენი, ლექტორი ვიყავი და უამრავი კადრი გავზარდე. კადრების სამჭედლოს ეძახდნენ “როსიისკი კრედიტს”. მთელი საბანკო სექტორი უზრუნველვყავი, იმდენი ახალგაზრდა გავზარდე. ნადირობა იყო ჩემ მიერ გამოზრდილ კადრებზე.
- კიდევ ერთ თემაზე მინდა ვისაუბროთ. იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც თქვენ გვერდით შეიძლება აღმოჩნდნენ ხვალ და ზეგ, ეჭვი გამოითქმის ხოლმე, რომ მათი მხარდაჭერა ნაყიდია. ადამიანები ამით თითქოს დაკომპლექსდნენ. ბევრი შეიძლება გულწრფელად გიჭერდეთ მხარს, მაგრამ თავი შეიკავოს დემონსტრირებისგან სწორედ იმის გამო, რომ “ნაყიდის” იარლიყი არ მიეწებოს.
– კარგი შეკითხვაა. მაქსიმალურად ვცდილობ, შეცდომები არ დავუშვა. მრჩეველთა საბჭოს შექმნა ჯერ არ დამთავრებულა და ყველა წევრთან დაკავშირებით ძალიან ვფრთხილობ. არ მინდა, საზოგადოებას იმედი გაუცრუვდეს. მგონი, შევძლებ, თუ საუკეთესო არა, ოპტიმალური ჯგუფის შეკრებას.

შეცდომები, რა თქმა უნდა, იქნება. ნუ მომთხოვენ, რომ ყველა იდეალური იყოს. თვითონ ჩემი იდეალიზებაც ჩემივე სერიოზული პრობლემაა. სადაც მაიდეალებდნენ როგორც ყოველისშემძლეს, ამ ილუზიას სწრაფად ვუქარწყლებდი, რადგან არასდროს არავის ვპირდები იმას, რაც არ გაკეთდება.

რაც შეეხება კადრებს, პირველ რიგში, ვეცდები, რომ უმწიკვლო ადამიანები შემოვიკრიბო. მეორეც – თუ საჭირო გახდა, ცალკეულ პირებთან დაკავშირებით განმარტებებს გავაკეთებ. შემიძლია, რომ წარსული შეცდომებიც ვაპატიო, თუ რომელიმე პიროვნებას თავისი გამოცდილებით საზოგადოებისთვის სარგებლობის მოტანა შეუძლია.

ერთად უნდა დავდგეთ, არავინ უნდა დარჩეს პროცესებისგან გარიყული. საზოგადოებაში ისედაც ცოტა რესურსია, ჩვენ ეს ვართ, რაც ვართ – ეს არის ჩვენი საზოგადოება და ამ რესურსით უნდა წავიდეთ წინ. ცუდიც გვაქვს და კარგიც, წარსულიც გვაქვს, აწმყოც და მომავალიც უნდა გვქონდეს.
- დღევანდელი საუბრის ფონზე, არ მიგაჩნიათ, რომ თქვენი წერილები კონფრონტაციული იყო?
– მე ვფიქრობ, რომ პირველი ორი წერილი სწორი იყო. და რაც ვთქვი, ამის თქმა მნიშვნელოვნად და საჩქაროდ მიმაჩნდა. ძალიან მეშინია შუალედური პოზიციის. ვითომ შუაში მდგომი და სინამდვილეში ორპირი ხალხია ჩემთვის ყველაზე დიდი საფრთხე.

შუა უნდა გაიკრიფოს.

იმიტომ, რომ ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას. ხალხს უნდა მივცეთ მკაფიო არჩევანის საშუალება.

მოგწონს სააკაშვილი? ღმერთმა მოგახმაროს – დაუჭირე მხარი. ოღონდ, ნუ თამაშობ, რომ, თითქოს, არც იქით ხარ და არც აქეთ. ეს არის ორპირობა. და თუ ორპირობა დარჩა შუაში, ამას ვერ შევეგუები, რადგან თუ შევეგუე, მეც ისევე ჩავიძირები, როგორც ჩემზე გამოცდილი პოლიტიკოსები ჩაიძირნენ.

ყველამ ზუსტად უნდა გაარკვიოს, მე მიჭერს მხარს თუ სააკაშვილს.

ჩემთვის პრინციპულია, რომ მოხდეს პოლარიზება. ისეთი პოლარიზება კი არა, რომ სამოქალაქო დაპირისპირება დაიწყოს – ღმერთმა დაგვიფაროს ამისგან – არამედ ის, რომ ხალხს ჰქონდეს შავის და თეთრის გარჩევის საშუალება.
- მაგრამ, ხომ არის ხალხი, ვისაც უნდა, რომ არც იქით იყოს და არც აქეთ.
– ისინი ჩუმად არიან. არ თამაშობენ და არ ცდილობენ, ზემოქმედება მოახდინონ პროცესებზე.
- ესე იგი, პრობლემა გქონიათ ორპირობასთან და არა იმ ადამიანებთან, ვისაც არც იქით უნდა დგომა და არც აქეთ.
– დიახ, მათთან პრობლემა არ მაქვს. ასეთები ტელევიზიით არ გამოდიან. ეს კარგი ხალხია.

მე მოთამაშე-მოლაპარაკეებს ვამხელ, საჯაროდ რომ გამოდიან და გვატყუებენ. თორემ, ღმერთმა გაუმარჯოს იმ ადამიანებს, რომლებიც თავისთვის არიან, სულ ეჭვით გიყურებენ, პოპულარობის პიკზეც რომ იყო, მაინც იმას ამბობენ – მხარი რომ დაგიჭირო, კიდევ უნდა გამოგცადო, რას წარმოადგენო!
- საზოგადოებამ ბევრი არაფერი იცის თქვენი ოჯახის შესახებ, თუმცა, ბერა მეტად პოპულარულია. რამდენი შვილი გყავთ? ვინ არის თქვენი საყვარელი მწერალი? სიმღერა თუ გეხერხებათ? როგორია თქვენი დამოკიდებულება ქართული სუფრის მიმართ? თამადობა თუ გიწევთ? რომელ ღვინოს სცემთ განსაკუთრებულ პატივს? ნარდი, ჭადრაკი თუ გიყვართ? რა ინტერესები აქვთ თქვენს შვილებს?
– ევროპულ ასაკში დავქორწინდი – 35 წლის ვიყავი. ვიეშმაკე და 19 წლის გოგონა მოვიყვანე ცოლად. ოთხი შვილი გვყავს. ყველაზე კარგი, რაც შემიქმნია ცხოვრებაში, ჩემი ოჯახია. მაქვს პრეტენზია, რომ თუ კარგი ოჯახი არსებობს, ჩვენი – სწორედ ასეთია. მეუღლე – ეკა ხვედელიძე – ჩემი ყველაზე ახლო მეგობარია. დღეს ჩვენი ჯვრისწერის ოცი წლისთავია და ჩემთვის, ისევე, როგორც ჩემი ოჯახისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი დღეა.

შვილები სწორ ადამიანებად გავზარდე. არც ერთი მათგანი არ იკადრებს, რომ სხვისი უბედურებით იოტისოდენა ბედნიერებას წაეტანოს. შეძლებენ თუ არა, რომ თავისი ნიჭით მხარში ამოუდგნენ ვინმე სხვას – ეს ცალკე საკითხია.

რაც შეეხება საყვარელ მწერლებს, ქართველებს გვერდს ვერ ავუვლი. ვაჟა ბუმბერაზია ჩვენთვის და ჭაბუა გვყავს ცოცხალი. კითხვა ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა და რადგან წიგნების შემრჩევი არ მყავდა, ყველაფერს ვკითხულობდი. დიუმა განსაკუთრებით მიყვარდა. თითქმის ზეპირად ვიცოდი. მისაღებ გამოცდებზე თემა დავწერე და ციტატები მოვიყვანე. ეგონათ, გადავიწერე. დამიბარეს და გამესაუბრნენ. მაღალი ნიშანი არ მიმიღია, ოთხიანი მივიღე იმიტომ, რომ გრამატიკული შეცდომები მქონდა. მზექალა შანიძე იყო კომისიის თავმჯდომარე და რთული თემები მოიტანეს. ჩაწვა ხალხი, ვერ დავწერეთ, “ტეხნარები” ვიყავით. ბოლოს თავისუფალი თემა შემოაგდეს და დავწერე “ჩემი საყვარელი მწერალი”.

ჩემი მეუღლე ძალიან კარგი მკითხველია. დიდხანს მეხვეწებოდა, ორუელის “ცხოველების ფერმა” წაუღე მიშასო. ჩემი საყვარელი მწერალია-მეთქი, ვერ ვიტყვი, მაგრამ ეს წიგნი კი მართლაც გაგახსენებს ჩვენი მთავრობის ამბავს.

რადგან სიმღერაზე მკითხეთ, სიმღერა ჩემი ჰობია. კარგად ვმღეროდი. ჩემი ძმა პროფესიონალია, მამია ხატელიშვილის გუნდში მღეროდა. მამაჩემი და დედაჩემიც კარგად მღეროდნენ. ჩემს შვილებს ოთხივეს აბსოლუტური სმენა აქვს და სხვადასხვა ინსტრუმენტზე უკრავენ.

უტა მყავს 19 წლის, ბერა – 16-ის, 14 წლის მყავს გვანცა და 6 წლის – ცოტნე. უტას კი შეეძლო, მაგრამ მუსიკოსობა არ მოინდომა. უნივერსიტეტში სწავლობს საფრანგეთში. გვანცა ძალიან კარგად ხატავს, უკრავს და მღერის. არ მინდოდა, რომ ჩემი ოჯახის წევრები პოლიტიკაში ჩართულიყვნენ. როგორც მე ვიყავი ნეიტრალური პოლიტიკის მიმართ, ისე იყვნენ ესენიც. მაგრამ ასე მოხდა, რომ გვანცას გარდა ყველანი ჩავერთეთ. პატარა ცოტნემაც კი ჩაიცვა მაისური “ქართული ოცნებით” და ყოველ საღამოს მახსენებს, მამიკო, შენ რატომ არ გაცვიაო.

სუფრაზეც ვთქვათ. თამადობა მიწევს, როცა სახლში სტუმრები მყავს და როცა ხასიათზე ვარ, მაგალითად, როცა ჩემს მეგობრებთან ვარ, “ქართულ ხმებთან”. მათ უყვართ ჩემი თამადობა. არავის ეწყინოს, მაგრამ, კარგი ტრადიცია ცოტა არ იყოს დავამახინჯეთ: სამი კაცი რომ შეიკრიბება და 60 სადღეგრძელოს ამბობს – არ მგონია ლამაზი. ეს უნდა ხდებოდეს იშვიათად და იმ პეწით, რაც ამშვენებს ქართულ სუფრას. კარგი ლექსი უნდა ითქვას სუფრაზე, კარგი სიმღერა, უნდა შეზარხოშდე კიდეც და არა – გატიალდე. და ეს შეზარხოშება, რაღა დაგიმალოთ, ძალიან მიყვარს. მაგრამ ეს ყოველდღიური ცხოვრების წესად არ უნდა იქცეს.

ქართული ღვინოები მომწონს ძალიან. ღვინოს სახლში ვაყენებ, მამაჩემის დანატოვარ ქვევრებში. ჩემი სიმამრიც მოყვარული იყო ამ საქმის. ამ ათი წლის წინ დიდი ტრაგედია გვქონდა ჩემს მეუღლეს და მე – სამი მშობელი დავმარხეთ ერთ წელიწადში.

დედა მყავს 89 წლის. ერთად ვაგრძელებთ იმ ტრადიციას, რაც მამაჩემს ჰქონდა და მეც ძალიან მიყვარს ეს საქმე. მხოლოდ ჩემი სახლის ღვინოს მოვიხმარ, თუმცა ფრაგული ღვინოების კარგი კოლექცია მაქვს.

დედაჩემმა პოლიტიკაში ჩემი წასვლის ამბავი რომ გაიგო, ტელეფონში მითხრა, შვილო, დაწინაურებას გისურვებო. მეორეჯერ რომ დაველაპარაკე – ჩემი ყოველი დილა იმით იწყება, რომ დედას ვურეკავ და მოვიკითხავ, სადაც არ უნდა ვიყო – ვეკითხები, დედა, დაწინაურებას აღარ მისურვებ-მეთქი? ეცინება და მეუბნება, კარგი, დამანებე თავი, დაივიწყე, რაც გითხარიო.

ნარდი ძალიან მიყვარს და ჭადრაკსაც კარგად ვთამაშობ. ნარდი ჩემთვის დასვენების ერთ-ერთი საშუალებაა. გრძელი ნარდი მიყვარს ძალიან და “ქართულ ხმებთან” მაგარი ომი გვაქვს. ჩემპიონატებს ვატარებთ ხოლმე.
- რა ნიშნავს თქვენთვის ჭორვილა? რითი ხართ სოფელში დაკავებული თავისუფალ დროს? ნადირობთ? თევზაობთ? ბოსტანს უვლით?
– არც ვნადირობ და არც ვთევზაობ. ძალიან მიყვარს ბუნება და ამას ვერაფრით ვიკადრებ. მახსოვს, 19 წლის ვიყავი, როცა მწყერზე ნადირობიდან ვბრუნდებოდი. ნახნავებიდან გვრიტი აფრინდა და ვესროლე. წაფრთხიალდა და დავარდა. მეორე, როგორც ეტყობა, მისი წყვილი იყო. იმდენი იწვალა, ჩავიდა-ამოვიდა იმის ამოსაყვანად, ჩავიდა-ამოვიდა. ისე გამიფუჭდა ხასიათი, დავაგდე ორლულიანი თოფი და მახსოვს, რომ კონდახი შუაში ამოტყდა. იმის შემდეგ თოფი ხელში აღარ ამიღია.

სხვათა შორის ბეღურები არ მიყვარს. მუდმივად ართმევენ ბუდეს მერცხლებს და ეს ვერ მიპატიებია.

ბუნება ძალიან მიტაცებს. ჩემი ჰობია – სეირნობა და ფიქრი. ჭორვილაა ჩემი სამშობლო. ყველაფერი მიყვარს მისი, სულ მესიზმრებოდა. სამი წელიწადია, გარეთ არ გავსულვარ, ისე მეძნელებოდა მისი დატოვება. უნიკალური ნერგები ჩამოვიტანე. ძალიან მიყვარს ბაღის გაშენება და სულ ჩემი ხელით ვაკეთე პარკი ჯერ ჭორვილაში, მერე ურეკში და თბილისშიც. უამრავი ნერგი მაქვს დარგული…

(გადმოტანილია გვერდიდან: http://kalmasoba.com/politika/516 )


უარყოფის უარყოფის კანონის ინტერპრეტაცია ქართულ პოლიტიკურ გან[გამო]ვითარებაში (გამოხმაურება ია ანთაძის ბლოგზე “ავთანდილის ანდერძი”)


 

გამოხმაურება ია ანთაძის ბლოგზე ”ავთანდილის ანდერძი” (www.radiotavisupleba.ge/content/blog/24318964.html)

————————-

სალამი იანეთს!

 

სალამი ია! და დიდი მადლობა ყველაფრისთვის კიდევ ერთხელ!

 

ბლოგი ძალიან მომეწონა! გამახსენდა მეორე გამორჩეული ბლოგი – ”ზღვისრეთის მბრძენებელი”.

 

გამოგიტყდებით, ვერასოდეს წარმოვიდგენ ხოლმე ”ვეფხისტყაოსნის” ფილოსოფიურ-რომანტიული ქარგიდან როგორ შეიძლება ასეთი ცოცხალი ძაფების გავლება დღევანდელ პოლიტიკურ მოვლენებთან და მოხბილული ვკითხულობ თქვენი და ვასილ მაღლაფერიძის რუსთველის გმირების ცხოვრებასთან პარალელებით დატვირთულ აქტუალურ სტატიებს ქართულ პოლიტიკაზე…

 

მე პირადად,მგონია, რომ ”მამების მკვლელობა” ქართულ პოლიტიკურ სინამდვილეში (განსხვავებით მე-19 საუკუნის ლიტერატურულ-საზოგადოებრივი ქარტეხილებისაგან) საკმაოდ რიტუალური და ფორმალურია.

 

ბოლო 20 წლის განმავლობაში, როდესაც მამის გამოცხადებული მკვლელობის ქრონიკა იწყება, ხდება იმის დიფერენცირება, რა იქნება დემონსტრირებულად გადაგდებული სანაგვეზე და რა იქნება შენარჩუნებული.

უბედურება იმაშია, რომ უმეტესწილად  ნეგატიური ტიპის ბიუროკრატიული  პრინციპების შენარჩუნება ხდება.

 

მართალია, ზვიად გამსახურდიამ უარყო შევარდნაძე, როგორც მამა – პრინციპში, მკრეხელობააო, იტყვიან, ზვიად გამსახურდიასთვის შევარდნაძის მამად ხსენებაო, -უფრო დასაშვებია ზვიადისთვის შევარდნაძის მამის მეგობრად მოხსენიება. ამიტომ მგონია, რომ ზვიად გამსახურდიას მხრიდან შევარდნაძის სახელის წაშლა სამი მომენტით იყო განპირობებული – 1) კომუნისტურ სისტემაზე შურისძიება 2) პირადი შურისძიება დაპატიმრების გამო და 3) თავისი მამისათვის იმ დამღის მოცილება, რასაც ზვიად გამსახურდიას უქმნიდა კონსტანტინეს მიერ შევარდნაძესთან საკმაოდ კარგი ურთიერთობა. მაგრამ დღეს, ალბათ არ ღირს ამაზე გავაგრძელო.

 

მთავარი ის მგონია, რომ ზვიად გამსახურდიამ, მისდა სავალალოდ, უცვლელი დატოვა კომუნისტური რეჟიმის ტენდენციები და მანკიერი წესები.

გარკვეულწილად, სოციალურ ჭრილში ზვიად გამსახურდიას მიერ გატარებული სოციალურ-პოლიტიკური ცვლილებები იყო საკმაოდ ტლანქი ვარიანტი ლექსისა – ”ძირს – ნიკოლოზ, მაღლა – მუშა!” გამსახურდიას ცვლილებები სახელმწიფო აპარატის მხრივ იყო ბიუროკრატიის პოზიტიური მუშაობისუნარიანობის დანგრევა, ხოლო ბიუროკრატიის ნეგატიური ტენდენციების – კლანურობის, ადგილობრივი ლიდერების არაარჩევითობის, ცენტრალიზებული დანიშვნების, ლოიალობის და ერთგულების უპირველეს ნიშნებად წარმოჩენის, სიმართლის ცენზურის, განსხვავებული აზრის აუტანლობის, ნეპოტიზმის და ლიდერისათვის გუნდრუკის კმევის და მაამებლობის -მიღება. რამდენადაც ქართველი ხალხის ენერგია და პატრიოტული სულისკვეთება ზვიად გამსახურდიას დროს მკვეთრად გაიზარდა, იმდენადვე მოხდა ამ პოზიტიური ტენდენციების ნიველირება იმ მკვეთრად უარყოფითი შედეგით, რაც არასწორმა საკადრო პოლიტიკამ, გაუწონასწორებელმა საგარეო პოლიტიკამ, ქვეყნის მართვის მექანიზმების დანგრევამ და შემცვლელი სტრუქტურების მოუმზადებლობამ გამოიწვია. ამიტომ, მე  ვერ დავეთანხმები აზრს, რომ გამსახურდიამ შევარდნაძისაგან ყველაფერი დაამსხვრია და არაფერი გადმოიღო. მართლაც ბევრი რამ შეცვალა, პირველ რიგში საგარეო ვექტორი და ნაციონალური თვითმყოფადობის როლი, მაგრამ გადმოიღო ადგილებზე საკუთარი ხალხის დანიშვნის წესი – პრეფექტები (სახელი არ ცვლის არსს), კორუმპირებული სასამართლო სისტემა, კლანურობა და ოპოზიციური აზრის გაუთვალისწინებლობის ჩვევა.

 

შევარდნაძის მობრუნება, კადნიერებაში ნუ ჩამომართმევთ და იყო, ჩემის აზრით, საქართველოში ჯერ კიდევ ერთადერთი შემთხვევა ”შვილის მკვლელობისა” – უძღები შვილისა, რომელმაც მაფიოზური ”მამის” ავტორიტეტი ფეხქვეშ გათელა და აუმხედრდა. ნამდვილად აბსოლუტურად უსუსური იყო შევარდნაძის მცდელობა, რომ 1991 წლის პუტჩი ”სახალხო რევოლუციად” გამოეცხადებინა, მაგრამ ისიც ძნელი დასაჯერებელია, გამსახურდიას იმ დროისათვის საყოველთაო სახალხო მხარდაჭერა რომ ჰქონოდა, პუტჩისტები ასეთი უმნიშვნელო სამხედრო ძალით მოეხერხებინათ ძალაუფლების ხელში აღება.

 

შევარდნაძის ”მობრუნების” შედეგად მანკიერი, მაგრამ მაინც ასე თუ ისე ფუნქციონირებადი სახელმწიფო აპარატი 1995 წლისათვის, როგორც იქნა, აღდგა, მაგრამ დაიკარგა ის ენთუზიაზმი და სულისკვეთება, რაც გამსახურდიას დროს – ყოველ შემთხვევაში – პირველ ხანებში – საზოგადოებაში არსებობდა. თავისთავად მამის (წარმავალის) ”გამარჯვება” აჯანყებულ შვილზე (მომავალზე) ისტორიული განვითარების ლოგიკის წინააღმდეგია და საზოგადოებაში ნიჰილიზმს იწვევს.

ეს კიდევ უფრო გაამძაფრა იმან, რომ საზოგადოებამ მალე დაინახა, რომ შევარდნაძე ვერც ეკონომიკურ სასწაულს მოახდენდა და არც კორუფციის და კლანურობის პრინციპებზე იტყოდა უარს. ამჯერადაც მხოლოდ გარსი იქნა მოცილებული – შეიცვალა ზედნაშენი, ხოლო მანკიერი ფუნდამენტი – უსამართლო სასამართლოები, ადგილზე არჩევნების მაგიერ – დანიშნული გუბერნატორები და მერები, გაყალბებული არჩევნები, ნეპოტიზმი, დაკრიშული ბიზნესი, ყალბი პათოსი და მაამებლობის და გუნდრუკის კმევის ჩვევები – ისევ დარჩა.  უბრალოდ, ზევით ისევ ”ნიკოლოზები” მოექცნენ, ქვევით – ”მუშები”…

 

სააკაშვილის მიერ შევარდნაძის ”მკვლელობა” უფრო თეატრალიზებული იყო. საქართველო მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოექცა, პიროვნება, რომელიც არც ისე დიდი ხნის წინ შევარდნაძის რეჟიმის ერთ-ერთი ახალგაზრდა ბურჯი იყო და პრეზიდენტის სეხნია შვილით ამაყობდა, პრეზიდენტის დაუძინებელ ”მტრად” იქცა – ხალხის ინტერესების დაცვის სახელით. სინამდვილეში კი – საკუთარი იდეა-ფიქსების, თეინეჯერულ-კულტურიუგენდული პროჟექტების და კომპლექსების განხორციელების და საკუთარი ეგოს და უაღრესად ქვენა ინსტიქტების დაკმაყოფილების მიზნით. ამ ”ნოვატორებმა” ვარდით შემოაბიჯეს, ხოლო რეალურად თავიანთი ფიქრების ავგიას თავლებიდან წამოღებული ტონობით სიბინძურე დაახვავეს! ჩემი აზრით, დღეს საქართველოს ჰყავს ყველაზე ამორალური, ყველაზე არაპროფესიონალური და ყველაზე გამყიდველი მთავრობა, რომელიც საკმაოდ საშიშია, რადგან უკვე ყველაფერზე წამსვლელია! მათ მოახერხეს და ერთდროულად ჩარეცხეს როგორც ზვიადისტები, ისე – შევარდნაძისტები, ესენი არიან კოსმოპოლიტი-ანტიდემოკრატები, მათ მოიტანეს რომის იმპერიის გახრწნის პერიოდის ჰედონიზმი და სისატიკე, მათ დაამკვიდრეს პრინციპი – ”აქლემის ქურდი ნემსის ქურდს უნდა ასამართლებდეს, ხოლო კაცის მკვლელი – ორივეს!”

სამაგიეროდ, სახელმწიფო აპარატი ძალიან გაძლიერდა, ოღონდ, აბსოლუტურად არაჰუმანური და სუპერკლანური გახდა… შეიცვალა ზედნაშენი, ხოლო მანკიერი ფუნდამენტი – უსამართლო სასამართლოები, მოსყიდული მედია, ადგილზე არჩევნების მაგიერ – დანიშნული გუბერნატორები და გამგებლები, გაყალბების უმაღლეს დონეზე ჩატარებული არჩევნები, ნეპოტიზმი, ბიზნესის საყოველთაო დაკრიშვა, საზოგადოების ტოტალური კონტროლი, ყალბი პათოსი და მაამებლობის და გუნდრუკის კმევის ჩვევები უმაღლეს საფეხურზე ავიდა. 200-მდე პარლამენტარში არ არსებობს, ალბათ, ერთიც კი, რომელიც ქართველი კალიგულას მიერ ცხენის გაპარლამენტარებას ტაშს არ დაუკრავს! რადგანაც მათ შორისაც ბევრია ფარული თუ აშკარა ულაყი და ფაშატი…

 

ისე კი, მამის (თუ შვილის) ”მკვლელობები” შედარებით უფრო დამანგრეველი მგონია, ვიდრე ”მამის გაღმერთება”. რადგან ”მამის გაღმერთების” შემთხვევაში განვითარება კი ნელდება, და ჭაობი მკვიდრდება, მაგრამ რადგან გაღმერთება ხელოვნურია, ბოლოს ”ღმერთი” ბუნებრივი სიკვდილით კვდება და მის ადგილს შვილი იკავებს (სამწუხაროდ, ეს შვილი, კორდელია არ იქნება, ალბათ!)

 

ხოლო მამის მკვლელობის შემთხვევაში ვექტორი 180 გრადუსით იცვლება, ბიუროკრატია – ლამის 100%-ით. ბიზნესები თავიდან გადანაწილდება, ინვესტორები თავმოჭრილი ქათმებივით კრიახებენ, ინფლაცია კატასტროფულ ტემპს აღწევს და ქვეყანა იმდენად კატასტროფულ ტორტმანს იწყებს, რომ გამოუვალია სერიოზული კატაკლიზმები, საბოლოო ჯამში ქვეყანა უფრო სერიოზულად ზარალდება. ეს, რა თქმა უნდა, არ ეხება იმ ტიპის ლიდერებს, რომლებიც რევოლუციის პოზიტიურ შედეგებს (სახალხო ენერგიის მოზღვავება, ენთუზიაზმი, ამტანობის მატება და ქვეყნისათვის საკუთარი  (და არა მხოლოდ – სხვისი!) კეთილდღეობის მსხვერპლად მიტანა) საზოგადოების საკეთილდღეოდ მოიხმარენ და არა საკუთარი სასახლეების, ავტოპარკების და მასაჟისტების და მინისტრ-ჰარემების მოსამრავლებლად.

 

რა თქმა უნდა, კარგია ავთანდილის ანდერძის მსგავსი ქმედება, როცა ზრდასრული შვილი თავისი ქმედების განსახორციელებლად სხვაგან მიდის და მამისგან მიღებული გამოცდილების, სიბრძნის და საკუთარი ცოდნის ჰარმონიულად გამოყენებით იმ საქმეს ემსახურება, რომელიც შემდგომში მის სახელს და სიქველეს გაამდიდრებს და უკან დასაბრუნებელ გზას გაუხსნის, შინ დაბრუნებულს გაღატაკებულს და ცოდვებით დატვირთულს არ ექნება სალუღლუღო, – ”მამაო, ვცოდე ცად მიმართ და წინაშე შენდა”…

 

მართლაც, რა უცნაურია, რომ ჩვენ რვანახევარი საუკუნის წინ მოვძებნეთ თაობათა ცოდნის გადაბარების და მამისგან გარიდების (არც-გაფეტიშების და არც-მოკვლის) ეს საუკეთესო ფორმულა, მაგრამ მხოლოდ ბალტიისპირელებმა შეძლეს მისი რეალიზება. ლიტვა რომ ავიღოთ, როგორი განსხვავებული პიროვნებები იყვნენ ბრაზაუსკასი, ლანდსბერგისი, პრუნსკენე, ადამკუსი, გრიბაუსკაიტე… რატომ ვერ გაიმეტეს მათ ერთმანეთი ან უღვთო გაღმერთებისათვის, ან – რიტუალური მკვლელობისათვის? როგორ მოახერხეს, რომ თან ეკრიტიკებინათ ერთმანეთი და თან არ დაენგრიათ ჯერ კიდევ მყიფე სტრუქტურები და ლიტვის სახელმწიფობრიობის გემის შტურვალი მნიშვნელოვანი ზიგზაგების გარეშე ეტარებინათ მსოფლიო პოლიტიკის ოკეანეში? რატომ ჯერდებოდნენ ისინი მეორეკაცობას? საიდან იცოდნენ, რომ ნორმალური პოლიტიკოსობა სჯობს სულსწრაფ პრეზიდენტობას? რატომ არ ააგეს თავიანთი მოღვაწეობა იმაზე, რომ ეგინებინათ წინამორბედი და ხალხისთვის მალიმალ თავმომწონედ ეკითხათ – ”აბა, სარკეო, მართალი მითხარი – ხომ ვჯობივარ ჩემს წინამორბედს, ხომ უფრო კარგად გივლი, ხომ უფრო ლაღად ხარჯავ ჩემგან მომატებულ [და მაინც - მიზერულ] პენსიასო”? რატომ ხდება ის, რომ ქვეყანა, სადაც მილიარდჯერ უფრო ხშირად ისმება სამშობლოს სადღეგრძელო, ყოველთვის ისეთ ხელმძღვანელს ირჩევს, რომელიც სამშობლოს მხოლოდ სადღეგრძელოსას და   კამერის წინ ”ეერთგულება”? სად მიდის ავთანდილის სიბრძნე და რატომ გვრჩება მხოლოდ ის ორი დამაქცევარი გზა – ან ოსანა ვუმღეროთ და ან გადავაგდოთ?

 

P.S. ვერ ვიხსენებ, ვინ თქვა… მგონი, სიგუამ… ერთხელ ვუთხარი ზვიადს, ჩამოვიყვანოთ ედუარდი, მაგის გამოცდილების მქონე კაცს ხანდახან რჩევა ვკითხოთ, ეგებ რამე სასარგებლო გვითხრას, რუსეთთანაც უფრო მოგვარიგებს და ამერიკაც უფრო დაუგდებს ყურსო. გავოცდი, ცოტა ხნის სიჩუმის მერე მითხრა, მე არ ვარ წინააღმდეგი, თუ ჩამოვა და მრჩევლობას დაჯერდება, კი ბატონოო… მაგრამ ცოტა ხანი რომ გავიდა, უცებ შეცვალა აზრი – მაგის სახელი არ გამაგონოთო!.. ავთანდილი არავის ახსოვდა მაშინ…

 

მეორედ, 1993 წლის სოხუმის ალყის დროს იყო შანსი, რომ ედუარდი გაცლოდა, ან ზვიადს ეთქვა ქობალიასთვის – წადი, მიეხმარე, სოხუმში საქართველო იღუპებაო… არც მაშინ გახსენებია ვინმეს ავთანდილის ანდერძი…

 

2007 წლის დეკემბერში მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა შანსი – გაცლოდა ქვეყანას, რამდენიმე წელი დალოდებოდა, რა მოხდებოდა უმისოდ ქართულ პოლიტიკაში და დიდი შანსი ჰქონდა, 4 წლის მერე ისევ დაბრუნებულიყო თეთრ რაშზე – ომის არწამგები, გორის ქუჩებში არგაფორთხებული, ჰალსტუხის დაუღეჭავად და ქართველი ხალხისთვის რადიონოვის სტატუსის გარეშე…

 

მაგრამ… სად – ავთანდილი და სად – მიშა?!

 

და ახლა, დღევანდელ ბაკქანალიას რომ ვუყურებ, ჟამიანობის ლხინს… გუმანით ვხვდები, რომ ამ უნაკლო მამის ”გაღმერთებას” ახალი რიტუალურ-თეატრალური მკვლელობა მოჰყვება… ეგ არ ვიცი მხოლოდ, ბრუტუსი ვინ იქნება…

 

და ისევ ვფიქრობ იმაზე, რაც აკა მორჩილაძის წიგნის და ია ანთაძის იგივე სახელის მქონე ბლოგის წაკითხვის მერე ვიფიქრე – ან ჩვენ ძაან გადავგვარდით ავთანდილის შემდეგ… ან ავთანდილი მართლა არაბი იყო…. ხოლო ”ვეფხისტყაოსანი” – არაბთა  სიბრძნეზე და მამის მემკვიდრეობის არგაფეტიშება/შენახვა/გამდიდრების მათეულ გზაზე გენიოსის მიერ ამოთქმული ქართველი ხალხის ნატვრა-ოცნება…

 

”ნუთუ ყოველივე ეს?..”

 


Quo Vadis, Kartlos?


ია ანთაძის მიერ, როგორც ყოველთვის, ზუსტად იქნა დაჭერილი (ბლოგი – „გამოხედვა მომავლიდან“ http://www.radiotavisupleba.ge/content/blog/24290252.html) ამ ბოლო დროის, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი ორი წერილის: ვასილ მაღლაფერიძის – „გამოხედვა წარსულიდან“  http://kalmasoba.com/analitika/509-gamokhedva-tsarsulidan.html  და დავით ზურაბიშვილის – „ფოტოგრაფების საქმე – პრეცედენტი, რომელიც შედგა“ http://7days.ge/index2.php?newsid=9558   – პოლიტიკური აქტუალობა.

საერთოდ, ჩვენი უბედურებაა, რომ ეს სამი ადამიანი, (ისევე, როგორც კიდევ მრავალი სხვა) რომელთაც პოლიტიკური ანალიზის განსხვავებული ხედვები, მაგრამ ბრწყინვალე უნარი გააჩნიათ, არამცთუ პარლამენტს გარეთ არიან, არამედ – ნაციონალური მასშტაბის ტელევიზიების ეთერიდანაც პრაქტიკულად ამოღებულნი. სწორედ ეს ფაქტი,  რომ ნიჭიერი ადამიანების ხმა ყოველნაირად იგნორირებულია რეჟიმის მიერ, და ლამის მხოლოდ გაქნილი მედროვეების ან სრული  შარიკოვების არენად ქცეულა პარლამენტიც და ტელევიზიებიც, არის თანამედროვე საქართველოს სრული უპერსპექტივობის ლამის გარანტია სააკაშვილის ხელისუფლების ხელში – არასოდეს არ მოხდება ნაცმოძრაობის ბატონობის პირობებში ის, რასაც კამათში საღი აზრის გამარჯვება ჰქვია. და ამიტომ მათი გადაწყვეტილებები ყოველთვის ვოლუნტარისტული, არაპროფესიონალური და ქვეყნისთვის საზიანო იქნება, იმ იშვიათ შემთხვევაშიც კი, თუ ეს ხელისუფლებას ასე არ სურდა…

მაგრამ დავბრუნდეთ ამ ორ სტატიას და იას შეკითხვას – რა უფრო მოსალოდნელია უახლოეს 2012 წლის ყველაზე მნიშვნელოვან არჩევნებზე – ის, რომ სააკაშვილი კიდევ ერთი უსამართლო და არათავისუფალი არჩევნების გზით უკვე პრემიერ-მინისტრის რანგში მოგვევლინება დასავლეთის მხრიდან უმნიშვნელო შეშფოთების და ჩუმი მხარდაჭერის ფონზე (და გამართლდება ვასილ მაღლაფერიძის პროგნოზი)? თუ ის, რომ დასავლეთი, რომელიც უკვე კარგად ხედავს სააკაშვილის არადემოკრატიულობას და მისი „რეფორმების“ ფასადურობას, რეალურად შეეცდება და მიაღწევს მის პოლიტიკურ პენსიაზე გასვლას და ხელისუფლებაში პროდასავლური ძალის მოსვლას (ანუ გამართლდება  დავით ზურაბიშვილის პროგნოზი)?

და კიდევ – რა როლს ითამაშებს ამაში ყველაფერში ქართული საზოგადოება – ანუ, რა ვაკეთოთ ჩვენ?

სიმართლე გითხრათ, მე პირადად დღემდე გაორებული ვარ და არ მაქვს პასუხი იმაზე, რომელი პოზიცია არის ჩემთვის უფრო დამაჯერებელი. სადღაც შუაში ვდგევარ და ალბათ ამის გამოხატულება იყო ჩემი წერილი ამერიკის ელჩისადმი, სადაც ვეცადე იმედგაცრუებაც და ჯერ კიდევ შერჩენილი სულისმღაფავი, მაგრამ მაინც იმედი – გამეერთიანებინა.

გულით ვასილ მაღლაფერიძის პოზიციას ვიზიარებ და ვხვდები, რომ სტრატეგიულად ის პოლიტიკა, რასაც ქართველი მეფეები (ყოველ შემთხვევაში, მათ შორის ყველაზე ბრძენნი) საუკუნეების განმავლობაში ატარებდნენ, რომ საჭიროა ლავირება რამდენიმე ძლიერ რეგიონულ ზესახელმწიფოს შორის და სტრატეგიული პარტნიორის არჩევა საკუთარი ინტერესების მაქსიმალური შენარჩუნების კუთხით, დღესაც აქტუალური რჩება.

ამავდროულად, გონება მკარნახობს, რომ ტაქტიკურად, დროებით მაინც, დავით ზურაბიშვილის პოზიცია, რომ დღეს პროამერიკულ ვექტორს ალტერნატივა არ გააჩნია და ყველანაირად უნდა ვეცადოთ ამერიკას დავანახოთ, რომ ეს ვექტორი მიშას და ნაცმოძრაობის გარეშეც შენარჩუნდება, შეიძლება უფრო მომგებიანი აღმოჩნდეს, ვიდრე ამჟამად ახალი სტრატეგიული მეკავშირის ძიება. მით უფრო, როცა ამ პოტენციურ მეკავშირეს სადღეისოდ საქართველოს ტერიტორია აქვს ანექსირებული და არავითარი იმედი არ არის, რომ თუნდაც ყველაზე პრორუსული ძალის მოსვლის შემთხვევაში, იგი ამ ფაქტის გაუქმებას და ტერიტორიების რეალურ დაბრუნებაზე და საქართველოს რეალურ სუვერენულ აღიარებაზე წამოვა.

რა თქმა უნდა, არ იქნებოდა ცუდი, რომ რეგიონში მესამე ძალაც არსებობდეს, მაგრამ ასეთი ძალა ან თავს არ იწუხებს აქტიური ჩარევით და ეს არც შეუძლია 1918 წლისგან განსხვავებით (ევროპა). ან – უაღრესად ოდიოზური და ფუნდამენტალისტურია (ირანი). ან – საკუთარი სკივრში ჩალაგებული ოცნებების ამოღება დაუწყია საქართველოს რეგიონების ნელი მისაკუთრების კუთხით და არაა გამორიცხული 10-20 წლის პერსპექტივაში რუსეთზე არანაკლებ საშიში გახდეს საქართველოსათვის  (თურქეთი. ამ ბოლო ვარაუდში პირველი დედა და მისი პირმშო არ დამეთანხმებიან, ვიცი, მაგრამ მათი აზრი ამ შემთხვევაში ჩემთვის ექსპერტული, ან მიუკერძოებელი მაინც, ვერ იქნება).

ჩვენი მდგომარეობის სირთულე იმაშია, რომ დღეს კარგი გამოსავალი არ არსებობს არავისთვის და როგორც ია ანთაძე ამბობს, არის სრული ჩიხის განცდა, როგორც – ხელისუფლებისათვის, ისე – ოპოზიციისათვის.

ხელისუფლებას, თუ იგი სააკაშვილის პრემიერობის ვერსიას აირჩევს, ფიასკო გარანტირებული აქვს.

იმიტომ, რომ სააკაშვილი არის აბსოლუტურად უპერსპექტივო ფიგურა.

პრობლემა არა მარტო იმაშია, რომ რუსეთმა როგორც პუტინის, ისე მედვედევის პირით განაცხადა, რომ ამ ადამიანს არასოდეს დაელაპარაკებიან და მშვენივრად იყენებენ ამ პოზიციას თავიანთი კატეგორიულობის გასამართლებლად. უფრო სერიოზული პრობლემა იმაშია, რომ საქართველოს პრეზიდენტის დღევანდელი საგარეო ფუნქციები ორი საკითხით ამოიწურება – 1)ვის რა მიყიდოს (სომხეთს – სამცხე და ეკლესიები, თურქეთს – აჭარა, აზერბაიჯანს – დავით-გარეჯი და სასაზღვრო სოფლები), რომ ეკონომიკური კრახისაკენ მიმავალი სიტუაცია ოდნავ მაინც გამოასწოროს და 2)ვის ინაგურაციას დაესწროს (ამ მხრივ, ძირითადად სამხრეთ ამერიკას წყალობს და იქაური პრეზიდენტებიც შეეჩვივნენ, რომ ევრაზიას მათ ინაგურაციებზე ყველაზე ექსტრავაგანტური პრეზიდენტი წარმოადგენს).

ადამიანი, რომელმაც, როგორც „გონივრული ეჭვი“ არსებობს,  ორი პრემიერ-მინისტრი მოიშორა  თავიდან საფერფლის ოსტატური ტყორცნით, უკვე კალიგულას მსგავს ორგიებს სახალხოდაც არ ერიდება და ნახევარ მინისტრთა კაბინეტს დაცვის თვალწინ უჟაპუნებს. ადამიანი, რომელიც სახალხოდ აღიარებს, რომ მისი საქმე ცალკეული ახალგაზრდული ბანაკების დიზაინი და მშენებლობები, ოპერების გაფორმება, ძეგლების გატანა და დაუმთავრებელი სასტუმროების პომპეზური გახსნაა, შეუძლებელია, რომ სერიოზულად (თუ გიორგი ასანიძეს, კობა ხაბაზს, შოთა მოლაშხიას და სხვა ვაჰ-პოლიტიკოსებს არ ჩავთვლით), თუნდაც საკუთარ გუნდში ქვეყნის მძიმე მდგომარეობიდან გამომყვან პირად მიაჩნდეთ! ადამიანი, რომელზეც არსებობს ავტორიტეტული დასკვნა, რომ მან ავანტურისტული გადაწყვეტილებით ომი დაიწყო და მოსაზრება, რომ არა მარტო საკუთარი ქვეყანა, არამედ ამერიკაც და ევროპაც უნდოდა ბირთვულ დაპირისპირებაში ჩაეთრია, პრეზიდენტი, რომელიც ყოველ შუადღეს საქართველოს არსებული ტურისტული პოტენციალის საპნის ბუშტების ბერვით იღვიძებს და ყოველ შუაღამეს ახალი შპიონომანიური სკანდალების გამოგონებით ამთავრებს, არ შეიძლება რეალურად სტაბილურობის მომტანი იყოს. მისი “სტაბილურობა” მთლიანად ემყარება ჟანდარმულ-პოლიციურ რეჟიმს და შიშის სინდრომს. მაგრამ იმ რესურსებით, რაც საქართველოს დღეს გააჩნია, გამორიცხულია, რომ პრემიერმა სააკაშვილმა ქვეყნის გადარჩენის რაიმე ალტერნატივა მონახოს. ერთადერთი გზა, რაც მას რჩება, ეს არის ქვეყნის ღიად, აუქციონზე გაყიდვა. ბურებმა და კულტურულმა ჩამოსახლებამ არ გაამართლა, ამიტომ მიშას ისღა დარჩენია, ტერიტორიები ზედ მაცხოვრებელი მოსახლეობით გაასხვისოს – ჩინეთზე, თურქეთზე, არაბებზე… ამ მხრივ სიმბოლური ნაბიჯი ალბათ რუსთაველზე პარლამენტის შენობის გაყიდვა იქნება. ხოლო როცა ეს ნაბიჯები მასშტაბური გახდება, ტერიტორიების და ინფრასტრუქტურის (მაგალითად – რკინიგზის გაყიდვას) შედეგად ის მოჰყვება, რომ სააკაშვილის კარის ბიზნესმენები დაკარგავენ მათ გამგეობაში არსებულ ყველაზე მსუქან ნაჭრებს, გადაზიდვის შედარებით იაფ ფასებს და პრეფერენციულ რეჟიმებს. არა მგონია, ცეზარ ჩოჩელი, არჩილ გეგენავა, დინოზავრი ჭყონია, მამა ბოკერია, დედა ღაჭავა, ან თუნდაც გიგი უგულავა მშვიდად გრძნობდნენ თავს – სააკაშვილს სანამდე ეყოფა წვრილფეხა ბიზნესმენების საპროცესო გარიგებებით შემოსული მილიონები  და როდის გადავა მსხვილი საკბილოების გატყავებაზე, არავინ იცის.

ასე რომ, თუ ვასილ მაღლაფერიძის პროგნოზი სწორია, რომ ამერიკას მიშა, როგორც მათი სურვილების მონურად ამსრულებელი, ავღანეთში საზარბაზნე ხორცის უპრობლემოდ და ზეგეგმით მიმწოდებელი, საქართველოში ამერიკელი უმუშევრების ინგლისურის მასწავლებლის სტატუსით ჩამომყვანი, და რუსეთზე მიქსეული გამაღიზიანებელი (მაგალითად, ჩერქეზების გენოციდის ამბავში და ა.შ.) ძალიანაც აწყობს და მხოლოდ უმნიშვნელოდ შეშფოთდებიან, ხოლო საქმით კი არც არაფერს გააპროტესტებენ „პრემიერ პუტინ-2“-ის ქართულ რიმეიკზე, მაშინ დიდი შანსია, რომ საქართველოში დაიწყოს (სავარაუდოდ, 2013 წლის ეკონომიკური სიდუხჭირით და საპრეზიდენტო არჩევნებზე უგულავას ან ბაქრაძის კანდიდატურის დაყენებით გაცხელებული) საპროტესტო გამოსვლები, რომელთაც, ალბათ, უკვე მკვეთრად ანტიამერიკული და პრორუსული ხასიათიც შეიძლება ჰქონდეს.  ძალიან მეეჭვება, რომ ასეთ პირობებში რუსეთი დღევანდელ მოჩვენებით ინდიფემერე რა იქნება, ძნელია. არაა გამორიცხული, საქართველოს მომავალი პრეზიდენტი შალვა ნათელაშვილი გახდეს, ხოლო რეალური ბერკეტები ჩრდილში წასულმა მერაბიშვილმა შეინარჩუნოს, რომელიც, ალბათ, ჩამოიხსნის ნიღაბს და უკვე ღიად მოახდენს თავისი პრორუსული შინაარსის დემონსტრირებას.

რაც შეეხება ზურაბიშვილის პროგნოზს.

რატომღაც, აქაც ვერ ვხედავ რეალურ და იოლ „ჰეფი ენდს“, რადგან ამერიკას მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეიძლება გაუჩნდეს ოპოზიციის მხარდაჭერის სურვილი (ანალოგიურად 2003 წლისა) – თუ დაინახავს, რომ ოპოზიციამ მოახერხა ხალხის დარაზმვა და ნაციონალურ მოძრაობის წინააღმდეგ პროტესტი ისეთივე მასიურია, როგორც ეს ეგვიპტეში თუ ტუნისში იყო 2011 წელს, ან საქართველოში – 2007-09 წლებში. მხოლოდ მაშინ, და ისიც იმ შემთხვევაში, თუ ამ პროტესტის სათავეში არ იქნება ძალა, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა მოახერხებს, რომ პრორუსულად დაანახოს დასავლეთს, არის მოსალოდნელი, რომ გამეორდება ბეიკერის ფორმულა და ძირითადად მშვიდობიანი გადაცემა ამ ახალი ძალისათვის. რამდენადაც, კიდევ ვიმეორებ, რომ ეს მხოლოდ მასიური საპროტესტო მოძრაობის შედეგად შეიძლება მოხდეს, მე გამოვრიცხავ ამ შემთხვევაში ნაცმოძრაობის რომელიმე „ახალი სახის“ მოსვლას ხელისუფლებაში (მაშინ ასეთი „ახალი სახე“ უკვე 2011 წელსვე უნდა გამოეყოს ნაცმოძრაობას და მის წინააღმდეგ ისეთივე ძლიერი კამპანია დაიწყოს, როგორც ეს სააკაშვილმა გააკეთა 2002 წლიდან) და ასევე ძალიან მეეჭვება, რომ ქრისტიან-დემოკრატები მოახერხებენ ამას. ასე რომ ექვსიანს, კერძოდ კი, ალასანიას, რესპუბლიკელებს და ფორუმს – თუ ადგილობრივი არჩევნების დროს მშვიდობისმტრედობის და ბუნჩულობის დამღუპველ გამოცდილებას გაითვალისწინებენ, შეიძლება რეალური შანსი გაუჩნდეთ. პრობლემა იმაშია, რომ თუ ამის გაკეთებას გადაწყვეტენ, ექვსიანმა დღეს გაცილებით მეტი უნდა აკეთოს, როგორც საგარეო, ასევე – განსაკუთრებით – საშინაო არენაზე მასიური პროტესტის ასაგორებლად. აქვთ თუ არა მათ ამის პოტენციალი, ეს შემოდგომაზე უნდა გამოჩნდეს. მთავრობა, რა თქმა უნდა, გულხელდაკრეფილი არ იქნება და ეცდება, ექვსიანს კიდევ „ჩამოათალოს“ რომელიც წევრი ორგანიზაცია. თუმცა ექვსიანსაც აქვს შანსი, ზოგიერთი განსმდგომი პარტია, თავისი საპროტესტო მუხტის ამოქმედების წყალობით, შემოიმატოს. დღეს პოლიტიკური მომენტი ისეთია, რომ კაბინეტში ჯდომით პოლიტიკოსი ოპოზიციის კი არა, მხოლოდ ნაცმოძრაობის საქმეს თუ გააკეთებს.

ასე რომ მივედით მარტივ დასკვნამდე – პრორუსული იქნება, თუ პროამერიკული, საქართველოში სააკაშვილის რეჟიმის შეცვლა მხოლოდ აქტიური საპროტესტო გამოსვლების შედეგად შეიძლება მოხდეს. მიხეილ სააკაშვილმა მრავალჯერ დაამტკიცა, რომ თავისი ნებით ხელისუფლებას კი არა, ერთ თავისუფალ ტელეარხს არ დათმობს და მინისტრის ერთი მოადგილეც კი არ დანიშნა ოპოზიციონერი. მას მხოლოდ დემონსტრირებული ძალის (მათ შორის – საპროტესტო მიტინგების) ეშინია და ანგარიშს უწევს. ასე რომ, არა აქვს მნიშვნელობა, რამდენად მოინდომებს და რომელი – ამერიკა თუ რუსეთი, – სააკაშვილის სეთურობის დასასრული ძირითადად ხალხის აქტივობაზეა დამოკიდებული.  თუ ახლა გვეყოფა შნო და გამოვიჩენთ ფხას, მაშინ შანსი უფრო უკეთესი იქნება… ნუ ვიქნებით გაზულუქებულები და ვიძახებთ – “ადრე რომ გამოვედით – მერე რაო?”! საკუთარი თავის გადასარჩენად ან უნდა გაინძრე, ან… უნდა სუდარა გადაიფარო…

თუ ჩვენ უკვე მივხვდით – ლტოლვილებიც, უმუშევრად დატოვებულებიც, ექიმებიც, მასწავლებლებიც, ბიზნესმენებიც, ახალგაზრდებიც, პენსიონერებიც, ქალაქელებიც და სოფლელებიც, ქართველებიც და არაქართველებიც, – რომ სააკაშვილის გზა არამცთუ ტაძრამდე ვერ მიგვიყვანს, არამედ ეს არის თითოეული ჩვენგანის დამარცხების, გაცამტვერების და ლტოლვილობის გზა, რომ ეს არის საქართველოს გადაშენების გზა, მაშინ ჩვენ უნდა გვეყოს ძალა, რომ ქუჩაში გამოვიდეთ, თუნდაც იმის შიშის ფასად, რომ გვირტყამენ და დაგვიჭერენ.

ჩვენ  უნდა გავერთიანდეთ!

სააკაშვილი იგებს იმით, რომ ჩვენს შორის მოღალატეებს და შტრეიკბრეხერებს ნახულობს, რომელთაც ჩვენი ჯიბეებიდან ამოცლილი მილიონებიდან 300-300 ლარს უხდის, რათა ამ უტვინო და უნამუსო მოღალატეებმა თავისი შვილების და ჩვენი – ქვეყნის ღალატის ხარჯზე 2-3 თვე თავი გაიტანონ! უკვე გამოჩნდა ინფორმაცია, რომ 2012 წლის არჩევნებისთვის ნაცმოძრაობა 40,000 დაქირავებული აქტივისტის დაპურებას გეგმავს, რომ მათ ჩვენი არჩევანი გააყალბონ. ჩვენ უნდა გვეყოს ძალა, რომ მეტნი ვიყოთ (მინიმუმ 200,000 ადამიანი უნდა გავერთიანდეთ არჩევნების სამოქალაქო მონიტორინგის მიზნით!) და ამ მდედრიონს თუ მანქურთების ზონდერჯგუფებს დავუპირისპირდეთ. უნდა მივხვდეთ, რომ მათთვის მიცემული ფული, ეს ჩვენი პენსიები და ავადმყოფებისთვის მოკვეთილი პროგრამებია, და ჩვენთვის გაძვირებული წყალი, დენი და საბავშვო ბაღია!

3 მილიონ ადამიანს წაგვიჭირეს ყულფი, რომ 40,000 იუდა სამი თვით მოიმადლიერონ!

სხვა გამოსავალი არ არსებობს – თავისუფლებას არავინ მოგვიტანს ლანგარზე.

ლანგარზე პირიქით, მალე მოგვიტანენ ჰაერის გადასახდის ქვითარსაც და  ჩვენი სახლებიდან გამოსახლების ბრძანებასაც! დამერწმუნეთ, არ არის ეს დღე ძალიან შორს… აგერ, უკვე თურმე, მკვდრის მეოთხე დღეს დამარხვაზეც უნდათ გადასახადის დაწესება… ამათი ტვინგაცხელებული “კრეატიულობა” რომ არ მოიფიქრებს, ეგეთი გარეწრობა ხომ ძნელად…


ოვოთ,  ამით ჩვენ ამ მთავრობას მორიდებულად ვაქეზებთ – „მეტის ღირსიც ვართ!..“

„არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა!“


საარჩევნო ცვლილებების მოთხოვნა თუ პროტესტი? – ერთიც და მეორეც! კოორდინირებულად!


საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მიმართული ოპოზიციური 8-იანის და ხელისუფლების მოლაპარაკებები შეჩერდა… ჩიხში შევიდა და ალბათ ან ჩაიშალა, ან ისეთ ჩოგბჯენში გადავა, რომ აჯობებს ჩაიშალოს…

http://www.radiotavisupleba.ge/content/article/3537080.html

 

აშკარაა, რომ ხელისუფლებას არ სურს სამართლიანი არჩევნების ჩატარება. მათ არამცთუ ბიომეტრიული პასპორტების გამოყენების მცდელობა მიაჩნიათ მიუღებლად (რადგან გამომჟღავნდება, რომ ამომრჩეველთა ყალბი სიები ლამის 1 მილიონითაა ”გაბერილი”!), არამედ უარი თქვეს 2010 წელს  მოსახლეობის მორიგი აღწერის ჩატარებაზეც – რომელიც ასევე შეიცავდა იმის ხიფათს, რომ დაფიქსირდებოდა ქვეყანაში არსებული მოსახლეობის გაცილებით დაბალი მაჩვენებელი, ვიდრე წინა აღწერაზე 10 წლის წინ. და საერთოდ შეცვალეს კანონი, რომელიც დემოგრაფიული აღწერის ჩატარებას ყოველ 10 წელიწადში სავალდებულოდ აწესებდა: აქაოდა – ფულის უქონლობის გამოო! ეს არის მარაზმი! ხელისუფლება, რომელიც მილიონებს საეჭვო ღირებულებების პროექტებში ხარჯავს, ხოლო ასობით მილიონს ისე ხარჯავს საპრეზიდენტო ფონდიდან, რომ არავის ანგარიშს არ აბარებს, უცებ ასე მგრძნობიარე ხდება 5-20 მილიონი ლარის ხარჯვაზე! ასევე გამორიცხულია, რომ ხელისუფლებამ დათმოს მაჟორიტარების არჩევნის (თუ ნაცმოძრაობის მიერ დანიშვნის!) პრინციპი.

საერთოდ, ასე მგონია, რომ ხელისუფლებას აწყობს ქუჩის გამოსვლების პროვოცირება, რადგან ამ ასპარეზზე უფრო მაგრად მიაჩნია თავი, ვიდრე სამართლიან არჩევნებში… მაგრამ ვაითუ გაუცუდდეთ ანგარიში… თუმცა ერთი რამ აშკარაა, რომ ბოლო დროს დაიწყო საეჭვო რეპუტაციის ხალხის ”მივლინება” ზოგიერთ პარტიაში, რაც მე პირადად ამ პარტიების რეიტინგისთვის ძალიან სახიფათოდ მიმაჩნია.

ხელისუფლების გათვლა არის შემდეგი, მათ უნდათ მოახდინონ დაპირისპირების პროვოცირება, შემდეგ დაიჭირონ ოპოზიციური სპექტრის ლიდერები და გამოაცხადონ სასწრაფო რიგგარეშე არჩევნები ძველი საარჩევნო კოდექსით და დააყენონ რვიანის პარტიები ძალიან ცუდი არჩევნის წინაშე – ”ან ისევ დარჩით პარლამენტის გარეთ, ან მოდით და ითამაშეთ ჩვენი წესებით და დაჯერდით საცოდავ 20-25%-ს პარლამენტში”!

მე მიმაჩნია, რომ ამ კოდექსით არჩევნებზე წასვლა სიგიჟეა და ერის ღალატი. მე პირადად აბსოლუტურად ლუსტრირებულად ჩავთვლი ყველა პადოშას,რომელიც არსებული კოდექსით და სიებით არჩევნებზე წავა!

საჭიროა კოორდინირება საარჩევნო და საპროტესტო ოპოზიციურ ძალებს შორის! ისინი ისევე შეწყობილად, მაგრამ განსხვავებულად უნდა მოქმედებდნენ, როგორც ავიაცია და არტილერია! ეს მაჯლაჯუნა მთავრობა უნდა დამთავრდეს! ან კარგად – არჩევნებით და მათი პოლიტიკური შანსის მომავალში შენარჩუნებით! ან ცუდად – რევოლუციით და მათი ისტორიის სანაგვეზე მოსროლით – აქედან გამომდინარე ყველა შედეგით! მე პირველი მირჩევნია, და მათაც ამისკენ მოვუწოდებ, მაგრამ მიშას, ეტყობა, კადაფის როლი ხიბლავს – მცველი ქალწულებით გარშემორტყმული…


Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 164 other followers