მედიის პირმშო და დაუძინებელი მტერი – გამოუცხადებელი ცივი ომის და ცხელი რეიდერული დაპყრობების ქრონიკები


ვარდების რევოლუცია იყო მედიის პირმშო!

და ბედის ირონიაა, რომ სწორედ მიხეილ სააკაშვილი და მისი ნაცმოძრაობა იქცნენ სამართლიანი მედიის ყველაზე დაუძინებელ მტრად! თანაც – ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან!

ქართულ მედიაზე შეტევა სააკაშვილმა პრეზიდენტად არჩევისთანავე დაიწყო. უკვე 2004 წელს  ქართული საინფორმაციო სივრციდან გაუჩინარდა რამდენიმე გაზეთი და ტელეკომპანია – ტელეკომპანია ”იბერია”, გაზეთი ”ახალი ეპოქა”, ”დილის გაზეთი”, ”მთავარი გაზეთი”, ჟურნალი ”ომეგა”, საინფორმაციო სააგენტო ”ინტერ-პრესი”; დაიხურა წამყვანი ანალიტიკური გადაცემები – ”ღამის კურიერი”, ”ღამის მზერა”, ”რა ხდება”, ”ტაიმაუტი”, ”ცაიტნოტი” და, განსაკუთრებით აღსანიშნავია – ”60 წუთი”,  შევარდნაძის დროს საოცრად მაღალი რეიტინგის მქონე ყოველკვირეული ჟურნალისტური გამოძიება, რომელსაც მაშინდელი ოფიციოზის რამდენიმე პირის კარიერა ემსხვერპლა. დაიწყო ეთერიდან ხელისუფლების ამა თუ იმ წარმომადგენლისთვის მიუღებელი სიუჟეტების მოხსნა. ჟურნალისტების დახარისხების პარალელურად დაიწყო ზოგიერთი მათგანის ხელის მოოქროვების, ხოლო სხვების – არშემჩნევის, განქიქების და მოკვეთის  პოლიტიკა.

2005 წელს მთავრობის მხრიდან განხორციელებული ზეწოლის შედეგად დაიხურა ტელეარხ ”მზის” საინფორმაციო გადაცემები – იმ მოტივით, რომ საჭირო იყო მკაცრად გასართობი არხი, და რომ მოსახლეობას არ უნდოდა ზედმეტი ინფორმაცია. პარლამენტარ კობა ბექაურის მიმართ თანხის გამოძალვის ბრალდებით დააკავეს პოპულარული ჟურნალისტი და სააკაშვილის პიარ-ქმედებების მენეჯერი, პოპულარული შოუ “დარდუბალას” ავტორი და ტელეკომპანია 202-ის დირექტორი შალვა რამიშვილი, ხოლო არხი, რომელიც სულ უფრო მეტად ხდებოდა მთავრობის მოქმედებების კრიტიკოსი, ასევე დაიხურა.

აი, რა განცხადება გააკეთეს ქართველმა ჟურნალისტებმა 2005 წლის 8 ივლისს რუსთაველზე მშვიდობიანი აქციის ხმაურიანი დაშლის და ზოგიერთი ჟურნალისტის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ზემოქმედების პასუხად:

”ჩვენ, საქართველოში მოქმედი ჟურნალისტები, ღიად ვაცხადებთ, რომ ხელისუფლება ცდილობს, ჩაერიოს და გააკონტროლოს ჩვენი საქმიანობა. აგვიკრძალოს მისთვის არასასურველი ინფორმაციის სატელევიზიო ეთერსა თუ საგაზეთო ფურცლებზე მოხვედრა, პრობლემები შეგვიქმნას ინფორმაციის მოპოვებასა და შემდგომ მის გავრცელებაში. განახორციელოს სადამსჯელო ღონისძიებები იმ მედია-საშუალებათა წინააღმდეგ, რომელთა ინფორმაციები, ანალიტიკური გადაცემები თუ თოქ-შოუებიც არ მოეწონება. დღევანდელ საქართველოში მედია-საშუალებებზე ზეწოლა და მათ საქმიანობაში უხეში ჩარევის მცდელობა მზარდი დემოკრატიული სახელმწიფოსთვის განვითარების საუკეთესო ინდიკატორად ნამდვილად არ გამოდგება. ამიტომაც მოვუწოდებთ ხელისუფლებას, თავი შეიკავონ დამოუკიდებელი მედიის საქმიანობაში ჩარევისა და იმ უპასუხისმგებლო განცხადებებისგან, რომელსაც მმართველი პარტიის ხელმძღვანელები ჩვენი მისამართით აკეთებენ.” 

2005 წლის 1 დეკემბერს, ადგილობრივი ტელეკომპანია „რიონის“ პირდაპირ ეთერში, აკაკი ბობოხიძემ, რომელიც მაშინ იმერეთში პრეზიდენტის რწმუნებული იყო, სცემა ჟურნალისტი ირაკლი იმნაიშვილი, რომელსაც ცხვირი გაუტყდა და ტვინის შერყევა მიიღო. იმის მაგიერ, რომ ბობოხიძე პოლიტიკური საქმიანობისათვის ჩამოეშორებინა, პრეზიდენტმა თავისი სურვილით თანამდებობიდან გადამდგარი გუბერნატორი რამდენიმე კვირაში კიდევ უფრო დააწინაურა – საქართველოს ეროვნული გვარდიის სარდლად! ხოლო ნიჭიერი ახალგაზრდა ჟურნალისტი, სავარაუდოდ – მასზე განხორციელებული ზეწოლის შედეგად – იძულებული გახდა საქართველო დაეტოვებინა და ამჟამად ინგლისში ცხოვრობს.

2005 წლის დეკემბერშივე გაზეთებში თავისი თავის მიმართ მზარდი კრიტიკით გაღიზიანებულმა საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის ქართულ პრესას თითქმის არ კითხულობს. მანვე გასცა არაოფიციალური ზეპირი ბრძანება, რომლითაც სამთავრობო ორგანიზაციებს აეკრძალათ (!) ქართული ჟურნალ-გაზეთების გამოსაწერად ხარჯების გაწევა. ამ სერიოზული ფინანსური წნეხის გავლენა 2006 წელს ძალიან მტკივნეულად იგრძნეს ქართულმა გაზეთებმა, რომელთა უმრავლესობის ტირაჟი  1000-3000-ით შემცირდა.

2006 წელს სატენდერო განცხადებების განთავსების უფლება მიიღო შევარდნაძის დროს ყველაზე მკვეთრად ოპოზიციურმა გაზეთმა „24 საათი“,  რომელიც 2004 წლიდან მკვეთრად პროსამთავრობო გახდა. ბოლო 3-4 წელია, აღნიშნული გაზეთის რეიტინგი უაღრესად დაბალია და მისი არსებობის ერთ-ერთი ან ერთადერთი სერიოზული წყარო სწორედ სატენდერო განცხადებებიდან შემოსული მსუყე დოტაციაა.

2006 წ. 7 ივლისს -ტელეკომპანია ”რუსთავი2”-ის ყველაზე რეიტინგული გადაცემის “თავისუფალი თემის” ავტორმა და წამყვანმა, და ამავდროულად საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ეკა ხოფერიამ პირდაპირ ეთერში ძალოვნების მიერ ახალგაზრდა ბანკირის სანდრო გირგვლიანის მოტაცების, სადისტურად წამების და მკვლელობის თემის განხილვისას განაცხადა, რომ მან ნაცმოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის – გიგა ბოკერიასაგან (დღეს – საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი) მიიღო ინსტრუქციები იმის შესახებ, რა უნდა ეთქვა და რა – არა. ჟურნალისტმა განაცხადა, რომ ხელისუფლებიდან წამოსულმა ასეთი ”რჩევებმა” უკვე სისტემატური ხასიათი მიიღო, რომ იგი არ აპირებს, დაემორჩილოს ზეწოლას და პროტესტის ნიშნად დატოვა ტელეკომპანია რუსთავი-2. არავითარი გამოძიება ამ ფაქტს არ მოჰყოლია.

სტუდია „მონიტორის“ (ავტორი – ნინო ზურიაშვილი) ძალიან მძაფრ და საინტერესო ფილმი ქართული  ტელევიზიების მძიმე ბედის შესახებ (http://www.ijp.ge/video_blank.php?vid=38)  დოკუმენტურად აჩვენებს, რომ 2003 წელს საქართველოში იყო 12 კერძო ტელევიზია, რომელთაგან 4 მთელ საქართველოზე მაუწყებლობდა და რომელთა ნახევარი მაინც ხელისუფლებისაგან დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხით გამოირჩეოდა. ვარდების რევოლუციის შემდეგ 4 წელიწადში აქედან 11-ს (“რუსთავი2″-ს, “იბერიას”, მე-9 არხს, “202″-ს, “ევრიკას”, … ფაქტიურად ყველას, გარდა ტვ „კავკასიიისა“) შეეცვალა მფლობელი, ან გააუუქმდა ლიცენზია! ევროკავშირის და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ დაფინანსებულმა კვლევებმა აჩვენეს, რომ ტელევიზიათა მფლობელობის საკითხი მჭიდროდაა გადაჯაჭვული  ამ ტელევიზიების სახელმწიფოს მხრიდან კონტროლის ასპექტთან, ასევე – მათდამი ნდობის ხარისხთან

http://www.epfound.ge/files/geo_media_research_report_ge.pdf   http://irdb.wordpress.com/2009/11/24/სატელევიზიო-სივრცე-საქარ/ http://www.humanrights.ge/index.php?a=article&id=3795〈=ge

ამჟამად საქართველოში მოქმედი 40-ზე მეტი სატელევიზიო არხის მფლობელი, მიუხედავად კანონის მხრიდან აკრძალვისა, ზოგ შემთხვევაში, იყვნენ ან არიან ხელისუფლების მოქმედი ან ახლო წარსულში აქტიური პირები, ან მათი ოჯახების წევრები, (კონკრეტულად – კავშირგაბმულობის მარეგულირებელი კომისიის დირექტორი ირაკლი ჩიქოვანი, ამავე კომისიის  წევრის სოფიო ბრიტანჩუკის მეუღლე ნოდარ ჭარხალაშვილი, პრეზიდენტის კანცელარიის უფროსი გიორგი არველაძე), მუნიციპალიტეტები (ახმეტის) ან მუნიციპალიტეტის წევრები. გამოვლენილია, რომ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები და მათი ნათესავები/მეზობლები ხშირად გაურკვეველ ვითარებაში დაეუფლნენ ტელევიზიების მსხვილ ან საკონტროლო პაკეტებს. ერთი და იგივე საკმაოდ ბუნდოვანი წარმოშობის და ოფშორებში რეგისტრირებული კომპანია – Degson Limited  - ჰოლდინგ „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფთან“ ერთად ფლობს ეროვნული რანგის ტელეკომპანიებს „რუსთავი-2“ და „მზე“.  მეორე მისტიკური ორგანიზაცია – Denial Union – ტელეკომპანია „საქართველოს“ (თავდაცვის სამინისტროსთან ასოცირებული არხის) 100%-ს და ტელეკომპანია „ევრიკის“ 51%-ს ფლობს. ტელეკომპანია „იმედის“ აქციების 100%–ის მფლობელია „Georgian media production group”.  ამ კომპანიების უმრავლესობა რეგისტრირებული ოფშორულ ზონებში და მიუხედავად სპეციალური საკანონმდებლო ცვლილებებისა, საქართველოს ხელისუფლება არ ჩქარობს მოახდინოს ეროვნულ სამაუწყებლო კომპანიებზე ასეთი ოფშორული მფლობელობის წესის პრაქტიკულად აკრძალვა და ტელეკომპანიების მფლობელთა შესახებ ინფორმაციების გასაჯაროება.

2004 წლიდან დაწყებული I სატელევიზიო არხის – ანუ საზოგადოებრივი არხის ხელმძღვანელობაში მოდიოდნენ მთავრობის მიერ დანიშნული – სულ უფრო ოდიოზური, სულ უფრო მეტად კონტროლირებადი პირები და საზოგადოებრივი არხიც სულ უფრო ხდებოდა სააკაშვილის სურვილების შემსრულებელი და ქართული საზოგადოების დეზინფორმაციის სერიოზული ინსტრუმენტი…

2006-07 წლები – ვანო მერაბიშვილმა და ნაცმოძრაობის სხვა დიდმოხელეებმა მოახერხეს მრავალი მედიასაშუალების დაქვემდებარება, რის შემდეგ ეს მედიარესურსები ან დაიხურა,  ან მყვირალა, არაეთიკურ და ნაკლებად ობიექტურ მედიასაშუალებებად იქცა, რომელთა საქმიანობის სტილი მარტივად შეიძლება ასე დახასიათდეს – „ვაკრიტიკოთ ხელისუფლება და ლაფში გავსვაროთ ოპოზიცია!“

2007 წლის 7 ნოემბერი – უკანასკნელი ეროვნული მასშტაბის დამოუკიდებელი ტელევიზია – „იმედი“განადგურებულ იქნა  სპეცნაზის შეჭრის და არნახული დარბევის შედეგად.

2008 წელი – იმედის ტელეარხი ღამით ზეწოლისა და სხვადასხვა მაქინაციებით გადაუფორმდა პატარკაციშვილის შორეულ ნათესავს, საქართველოს მთავრობასთან გარიგებაში მყოფ ჯოზეფ კეის, ხოლო შემდეგ – ვითომ არაბულ ”რაკიინ ჯორჯია ჰოლდინგს”, რომლის ”წარმომადგენელი”, ვინმე მარკ მონემი, ისე გაქრა პრეზენტაციის შემდეგ, რომ არავის არსად აღარ უნახავს. არაბული კომპანიის ”რაკ”-ის ხელმძღვანელმა 2009 წელს განაცხადა, რომ ტელევიზია ”იმედი” მათი აქტივი არასოდეს ყოფილა და რომ ის ”რაკიინ ჯორჯია ჰოლდინგი” მისთვის უცნობი კომპანია იყო! და ამით ირიბად დაადასტურა, რომ ”იმედი” სინამდვილეში საქართველოს ხელისუფლებას ეკუთვნოდა, შექმნა რა არაბული რაკიინის ვითომდა შვილობილი მსგავსი სახელის მქონე კომპანია, რომელიც რეალურად ხელისუფლების მიერ დაქირავებული პირები მართვადნენ. ამას ისიც ადასტურებდა,რომ 2008 წელს ტელეკომპანია იმედის სახელფასო ხარჯებს ქ. თბილისის მერია ფარავდა! 2011 წელს პატარკაციშვილის ოჯახმა სხვა აქტივების დათმობის სამაგიეროდ ოფიციალურად დაუთმო იმედი საქართველოს მთავრობას, რითაც ფაქტიურად დადასტურდა, რომ ჯოზეფ ქეიც და ”არაბებიც” სააკაშვილის ხელისუფლების შირმა იყო მხოლოდ.

2008 წლიდანვე დაიწყო სამივე ნაციონალურ მასშტაბის ტელეარხის – ”საზოგადოებრივი არხი”, ”რუსთავი2”, ”იმედი” – თანდათან სულ უფრო მზარდი სახელმწიფო ცენზურა. ნაციონალური მოძრაობის სხვადასხვა ლიდერები – გიგი უგულავა, ლევან რამიშვილი, გიგა ბოკერია, გოკა გაბაშვილი, გიორგი არველაძე – სხვადასხვა დროს ამ არხების პირადი ცენზორების როლს ასრულებდნენ.

2010 წ. – თბილისის მერიის გადაწყვეტილებით ჟურნალ-გაზეთებით და წიგნებით ქუჩაში ვაჭრობა – თუნდაც სტელაჟებიდან – გარე ვაჭრობის ნაირსახეობად ჩაითვალა და აიკრძალა. რამდენიმე ასეული ადამიანი თბილისში უმუშევარი დარჩა.

2010 წ. – სტელაჟებიდან მოვაჭრეების ლიკვიდაციის შემდეგ თბილისის მერის გიგი უგულავას განკარგულებით თბილისში რამდენიმე ასეული Press ჯიხური ჩაიდგა. ამ Press ჯიხურებში, რომელსაც ვითომ დუბაიური ფირმა, ხოლო სინამდვილეში – ლატარიის კომპანიის მაშინდელი მფლობელი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი აკონტროლებდა, მალე საქართველოს ლატარეის ბილეთების გაყიდვა დაიწყო და ისინი ჟურნალ-გაზეთების გაყიდვაზე უკვე ნაკლებ დამოკიდებულნი გახდნენ. დღეს ეს ჯიხურები ჟურნალ-გაზეთებსაც ჰყიდიან, მაგრამ ეს მათი შემოსავლების მინიმუმია და თუ მთავრობას (ვინც მათ საკუთარი ახლობლების ხელით მართავს) დასჭირდა, რომ პრესა, ან  რომელიმე კონკრეტული გაზეთი, არ გაიყიდოს, ეს ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე განხორციელდება.

2010-2011 – საქართველოს მთავრობამ დაიწყო საქართველოს ფოსტის პრივატიზაციის პროცესი და საბოლოოდ ეს უკვე კერძო კომპანია სააკაშვილის მთავრობის ყოფილ ფინანსთა მინისტრს – კახა ბაინდურაშვილს ჩააბარა. არაა გამორიცხული, რომ სხვა მიზნებთან ერთად ეს ფოსტის მეშვეობით ჟურნალ-გაზეთების გავრცელების კონტროლის მიზნითაც გაეკეთებინოთ. კერძო კომპანიას ერთ დღეს შეუძლია რაღაც მოგონილი მიზეზით უარი თქვას პრესის გავრცელებაზე, ან – უფრო ტექნიკურად, დისტრიბუციის ისეთი ტარიფი დააწესოს, რომელიც ნებისმიერი გაზეთის ბინაზე მოტანის შემთხვევაში მის ფასს გააორმაგებს. სანამ გაზეთები ჯიხურებში იყიდება, და ეს ჯიხურები საკმარისად მრავლადაა, გამოწერის პრობლემა დიდი პრობლემა არ უნდა იყოს, მაგრამ ჯიხურებზე ზეწოლის ახალი ნაბიჯები სწორედ ამჟამად ხორციელდება.

2011 წლის დასაწყისიდან, მას შემდეგ რაც ტელეკომპანია ”მაესტრომ” ლამის ერთწლიანი ბრძოლის შედეგად სატელიტური მაუწყებლობის ლიცენზია მიიღო, მთელი საქართველოს რეგიონების მასშტაბით დაიწყო  ”მაესტროს” მიმართ საკაბელო ტელევიზიების დაუსაბუთებელი უარის კამპანია, რის შედეგად თელავის, რუსთავის, ახმეტის და ბევრ სხვა ქალაქებში ”მაესტროს” გავრცელება შეიზღუდა. ხშირად საკაბელო კომპანიების თანამშრომლები კერძო საუბრებში აღიარებდნენ, რომ მათ ამ სახის დავალება სახელისუფლებო წრეებისაგან მიიღეს. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ თბილისში ბოჭკოვანი ქსელების და კაბელური ტელევიზიის ორივე დუოპოლისტი  – ”სილკნეტი” და ”კავკაზუს ონლაიანი” – ტელეკომპანია ”მაესტროს” ჯიუტად არ რთავს თავის პროგრამების სიაში, აშკარაა, რომ როგორც კი მაღალსიჩქარული  ინტერნეტის და ტელევიზიის ერთობლივ პაკეტზე დემპინგური ფასებით მოხიბლულ თბილისელთა უმრავლესობა ამ საკაბელო ტელევიზიებიდან ერთ-ერთს აირჩევს, მათ მოუწევთ ცხოვრება „მაესტროს“ გარეშე და „მაესტროს“ მიღების ერთადერთი წყარო სატელიტური თეფში გახდება, რაც არც მაღალი ხარისხით იქნება გარანტირებული, და თანაც – საეჭვოდ ჩატარებული ტენდერის შემდეგ – ტელეანძის საეჭვო მფლობელს არაა გამორიცხული, საჭირო მომენტში (მაგალითად – არჩევნების დღეს!) ტექნიკური პრობლემების ”გაუჩნდეს”.

2011 წ. 26 მაისის ღამეს – ხელისუფლებამ არნახული სისასტიკით დაარბია უკვე არასანქცირებული, მაგრამ მშვიდობიანი მიტინგი რუსთაველზე. მიტინგის დარბევისას დაიღუპნენ მშვიდობიანი მოქალაქეები და პოლიციელი, რომელიც ოპოზიციის ლიდერს ნინო ბურჯანაძის კორტეჟის მანქანას დაბრალდა, თუმცა გამოძიებამ და ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ეს ვერ დაადასტურა. მიტინგის დარბევის დროს ათობით ჟურნალისტის მიმართ პოლიციის და სპეცნაზის მხრიდან გამოყენებულ იქნა ფიზიკური და მორალური ძალადობის მეთოდები. ზოგიერთი უკანონოდ დააკავეს და უკვე განყოფილებაშიც სცემეს, ჩამოართვეს აპარატურა და გადაღებული მასალები. დღემდე ამ საქმის გამოძიება არ დასრულებულა.

2011 წელი ივნისიდან – საგადასახადო პოლიციამ დაიწყო უსასრულო (დღემდე დაუსრულებელი! მხოლოდ – შეჩერებული!) შემოწმება მედია ჰოლდინგ „პალიტრას“ 6 დამოუკიდებელ სტრუქტურაში. მართალია, დარღვევები ფაქტიურად ვერ აღმოაჩინეს, მაგრამ სურვილი ძალიან დიდი იყო, რომ „პალიტრა“ დაეხურათ და სავარაუდოდ „პალიტრა“ გადარჩა მხოლოდ იმ არნახული სოლიდარობისა წყალობით, რაც საზოგადოებამ, ჟურნალისტებმა და უცხოელმა დიპლომატებმა (განსაკუთრებით – აშშ საელჩომ) გამოიჩინეს. შემოწმების ბოლო ვადის დამთავრებამდე 4 დღით ადრე შეჩერებული შემოწმება შეიძლება ნებისმიერ მომენტში განახლდეს და ეს დამოკლეს მახვილი საგადასახადომ იმიტომ დატოვა  ”პალიტრის” თავზე, რომ მედია, რომელმაც 26 მაისის მიტინგის სისხლიანი დარბევის ბეჭდვითი და ვიდეომასალები გაავრცელა, მორჩილი გახადოს!

2011 წ. 7 ივლისს დაიწყო ე.წ. ”ჯაშუში ფოტოგრაფების” საქმე. დაკავებულ იქნა ის 4  ფოტოგრაფი (მათ შორის პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფი), სწორედ რომელთა მიერ გადაღებულ იქნა და გავრცელდა  26 მაისის მიტინგის სასტიკი დარბევის ფოტომასალა. დაკავებულ იქნა ერთ-ერთი მათგანის მეუღლეც – ასევე ფოტოგრაფი, რომელიც მალე გაასამართლეს და 10,000 ლარის გირაოთი გამოუშვეს, ხოლო მისმა ქმარმა ნახევარ საათში ჯაშუშობის შესახებ აღიარებითი ჩვენება მისცა… აშშ საელჩოს ჩარევით დაკავებიდან მალევე გაანთავისუფლეს ”Associated Press”-ის თანამშრომელი შაჰინ აივაზოვი, რაც ადასტურებს, რომ ეს თათრი ძაფით ნაკერი საქმე პოლიტიკური შეკვეთა იყო და მართლაც რომ ჯაშუშობა ყოფილიყო, ამერიკის საელჩო ვერ მოითხოვდა ”რუსი ჯაშუშის” განთავისუფლებას(!). საბოლოოდ, ჟურნალისტებზე განხორციელებული არნახული ზეწოლის შედეგად საქმე საპროცესო გარიგებით დამთავრდა და „ჯაშუშები“ – საქმის დეტალების საიდუმლოდ შენახვის პირობით – გაანთავისუფლეს! თავისი ამ საქციელით სააკაშვილის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ პოლიტიკურად არასასურველი მასალების გავრცელებისას ის ჟურნალისტების მიმართ ნებისმიერი იარლიყის მიკერებაზე წამსვლელია, თან ისე, რომ არც არაფერს დაამტკიცებს და დაადასტურებს (ერთადერთი ნივთმტკიცება იყო სიმბარათი, რომელიც ვითომ რუსეთის ფსბ თანამშრომელს ეკუთვნოდა და ბოლოს თბილისელი პენსიონიერის საკუთრება აღმოჩნდა).

2011 წ აგვისტო – სააკაშვილმა და ნაცმოძრაობამ საკუთარ კარის ბიზნესმენებს (კერძოდ – ძმებ შარანგიებს და ოფშორულ ზონაში დაფუძნებულ International Online Network-ს) საბოლოოდ ჩაუგდეს ხელში ორივე ინტერნეტ პროვაიდერი – სილქნეტი და კავკაზუს ონლაინი. ამავდროულად, კავკაზუსის მფლობელობაში მყოფი ორივე ინტერნეტ რესურსი – ITV.ge  და presa.ge ასევე ნაცმოძრაობის ერთგული პოლიციელ-ჟურნალისტ გურამ დონაძის პოლიციურ ტელევიზიას რეალ-ტივის მფლობელობაში გადავიდა.

2011 წლის ნოემბერი – თბილისის მერიამ წამოიწყო ტენდერი, რომ გაანადგუროს ის რამდენიმე ათეული პრესის ჯიხური, რომელიც გიგი უგულავას და ნაცმოძრაობის კონტროლის გარეთ რჩება. სატენდეროდ გამოცხადდა სწორედ ის ადგილები, სადაც ათეული წლებია „პლანეტა ფორტეს“, „ელვა-სერვისის“ და „მაცნეს“ პრესის ჯიხურები იყო განთავსებული. ელექტრონული ტენდერის ჩატარების მომენტში სერვერი გაითიშა და ზოგიერთმა მსურველმა მონაწილეობა ვერ მიიღო. ძველი ჯიხურები 2 დღეში ასაღებად გამოაცხადეს (მიუხედავად იმისა, რომ მათ აბსოლუტურ უმრავლესობას სრულიად სამართლიანად აქვს შეძენილი ეს ჯიხურები), ხოლო ახალი ჯიხურის მეპატრონეებს სრული თავისუფლება მიანიჭეს, რომ გაყიდონ იქ ნებისმიერი პროდუქტი (ხელისუფლების ერთ- ერთი პროპაგანდისტული მედიასაყვირის – ჟურნალ ”ტაბულას” მთავარი რედაქტორის და ამავე დროს ქვეყნის უშიშროების მდივნის გიგა ბოკერიას თანამეცხედრის – თამარა ჩერგოლეიშვილის განცხადებით არაა გამორიცხული, რომ ჯიხურებში შაურმა, ან ცოცხები გაიყიდოს, როგორც საკუთრების ახალი  მფლობელი გადაწყვეტს).

ყველა ზემოთხსენებული შეზღუდვების და პრესის გავრცელების თანდათანობით შევიწროების გამოყენების ფონზე ხელისუფლებამ მწყობრ ლეგიონად აქცია სახელისუფლებო პროპაგანდისტები, რომელთაც ერთადერთ ამოცანად საქართველოს მოსახლეობის დაბრმავება, დაყრუება და მოტყუება დაუსახა, და რომლებიც ამ ამოცანას მართლაც შესაშური  ერთგულებით ასრულებენ.

ერთ-დროს ხელისუფლების ქმედებების კრიტიკით ცნობილი იმედის ტელევიზი გაცილებით უფრო ცნობილი გახდა 2010 წლის 13 მარტს, როდესაც მისმა ხელმძღვანელობამ ერთერში ე.წ. რუსეთთან მოდელირებული ომის ქრონიკა ისე გაუშვა, რომ მაყურებლები არ გაუფრთხილებია, რამაც საქართველოში მასიური პანიკა გამოიწვია. მოგვიანებით ინტერნეტში გაჩნდა აუდიოჩანაწერი, სადაც სავარაუდოდ არხის გენერალური დირექტორი, სააკაშვილის აპარატის ყოფილი უფროსი გიორგი არველაძე სავარაუდოდ არხის საინფორმაციო უზრუნველყოფის უფროსს ეკა წამალაშვილს ეუბნებოდა, რომ ”მიშას” სურვილია, სუბტიტრებით არ წასულიყო წარწერა, რომ ეს მოდელირებული, და არა რეალური ომის სცენები იყო! აღნიშნულის შესახებ ასევე არ ჩატარებულა გამოძიება, ხოლო ოპოზიციის მიერ ინგლისის ცნობილ კერძო ფირმაში ჩატარებულმა ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ სავარაუდოდ ჩანაწერი ავთენტური იყო.

www.news.bbc.co.uk/2/hi/8566571.stm

http://www.rferl.org/content/Saakashvilis_Erratic_Response_To_Invasion_Hoax_Raises_Suspicions/1984530.html?page=2 

ხელისუფლების, სავარაუდოდ – შსს მინისტრის ვანო მერაბიშვილის მონაწილეობით შეიქმნა პოლიციელებით დაკომპლექტებული ტელევიზია – რეალ-ტვ, რომელსაც ადამიანის უფლებების დარღვევების შესახებ აშშ სახ.დეპარტამენტის ანაგარიშებში მრავალჯერ მოხვედრილი ექს-ჟურნალისტი და რეალურად ხელისუფლების სადამსჯელო მანქანის ერთ-ერთი უგვანო პირი – გურგენ დონაძე ხელმძღვანელობს.

www.humanrights.ge/index.php?a=article&id=4664&lang=en     www.civil.ge/eng/article.php?id=11921

ხელისუფლების პროპაგანდისტული მანქანის ამ კოჰორტას ავსებენ გიგი უგულავას ცოლისდის მიერ მართული ”პრაიმ-ტაიმი” და სახელისუფლებო დოტაციაზე მყოფი, ერთ დროს პოპულარული და ამჟამად აბსოლუტურად ურეიტინგო – ”24 საათი”. ეს სწორედ ის ბეჭდვითი მედია-საშუალებებია, რომლებიც მერიის მხრიდან პრესის გამავრცელებელ ჯიხურებზე და ინფორმაციის მიღების თავისუფლებაზე ბოლო შეტევის დროსაც კი სოლიდარობას არ უცხადებენ სხვა ჟურნალისტებს, რადგან ისინი თავად არც არიან ჟურნალისტები, ისინი პროპაგანდის ნაცისტურ-ბოლშევიკური ტრადიციების გამგრძელებლები არიან და მათ მერიის ეს ნაბიჯი თავიანთი მომავლის საფრთხედ, გაზეთების დისტრიბუციის და კონსტიტუციის 41-ე და 42-ე მუხლების დარღვევად არ მიაჩნიათ.

დაბოლოს, 2011 წლის 30 ნოემბერს, დილის 07:15-ზე ტელეკომპანია ”მაესტროს” მმართველი კომპანიის დირექტორი ეროსი კიწმარიშვილი 10 დაუდგენელ პირთან ერთად შეიჭრა დამოუკიდებელი კომპანია ”მაესტროს” ტერიტორიაზე, არ მისცა ”მაესტროს” თანამშრომელ ჟურნალისტებს ტელეკომპანიის ტერიტორიაზე შესვლის უფლება, გამოაცხადა, რომ მმართველობიდან აძევებს კომპანიის დამფუძნებლებს და გენერალურ დირექტორს (რისი უფლებაც წესდებით არ ჰქონდა!), გამაგრდა შენობაში პოლიციის დახმარებით, რომელიც არ ამხელს, ვისი ბრძანებით მოქმედებს, და ფაქტიურად თავისი რეიდერული დაპყრობით ჩაშალა ”მაესტროს” გადაცემები. აღნიშნული ძალიან ჰგავს რუსეთის ხელისუფლების მიერ ტელეკომპანია ნტვ-ს რეიდერულ დაპყრობას. საქართველოს ხელისუფლება ისეთ პოზას იჭერს, რომ ეს თითქოს დამოუკიდებელი კომპანიის დამფუძნებლებსა და მმართველს შორის მიმდინარე ყოფითი გაუგებრობაა, შინაგან სამინისტროს პრესს-სპიკერი მთელი დღე ტელეფონს არ იღებს და აცხადებს, რომ არ იცის,ვის უნდა მიმართონ დაზარალებულმა დაფუძნებლებმა და ”მაესტროს” ჟურნალისტებმა.  სავარაუდოდ, ხელისუფლების მოთმინების ფიალა აავსო იმან,  რომ 29 ნოემბერს ”მაესტროზე” გავიდა ხელისუფლების მთავარი თავის ტკივილის – ახალი ოპოზიციონერი კანდიდატის – მილიარდერი ბიზნესმენის და ფილანტროპის – ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ. ხელისუფლებამ მოთმინება დაკარგა და ეროსი კიწმარიშვილის ხელით თავისუფალი სიტყვის და აზრის გამოხატვის ერთ-ერთი ბოლო კუნძულის მოსპობას შეეცადა. ხაზი უნდა გავუსვათ, თავის პირველივე გამოსვლებში ბატონი ივანიშვილი საკმაოდ უარყოფით აზრებს გამოთქვამდა ბ-ნი კიწმარიშვილის როლზე, რომელმაც დააფუძნა ოპოზიციური პარტია – ” ქართული პარტია”, რომლის მთავარი მოქმედების გეგმა პრეზიდენტ სააკაშვილის რეჟიმის ქუჩის აქციებით დასრულება იყო. გასაგებია, რომ კიწმარიშვილის და ხელისუფლების ინტერესები, სულ ცოტა, ერთმანეთს დაემთხვა. ხელისუფლება ისევ ცდილობს სხვის ზურგს ამოფარებულმა მოახერხოს დამოუკიდებელი მედია საშუალების დაპატრონება, დამუნჯება და არჩევნების წინ საზოგადოების სრულ ინფორმაციულ ვაკუუმში გადაყვანა.

აუცილებელია, მივმართოთ ყველა უფლებისდამცველ ორგანიზაციებს, ჟურნალისტთა თავისუფლების დამცველ პროფესიულ ორგანიზაციებს, ევროპის საბჭოს, ეუთო-ს, Human Rights Watch-ს, Transparency International-ს, საქართველოში განთავსებულ დიპლომატიურ კორპუსს – მისცენ შეფასება მიხეილ სააკაშვილის და მის მიერ მართული ნაცმოძრაობისა და მთავრობის მთელ რიგ მწყობრ, დესტრუქციულ, უკანონო და პროვოკატორულ მოქმედებებს, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოს მოსახლეობისათვის თავისუფალი ინფორმაციის შეზღუდვას, ჟურნალისტთა საქმიანობის დაბლოკვას და მათთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლას, ჟურნალისტების დაშინებას, ცენზურისა და თვითცენზურის დამკვიდრებას, მედია საშუალებების ტოტალურ კონტროლს და მედიის პროპაგანდისტულ მანქანად ქცევას, იმ მანქანად, რომელიც განამტკიცებს მითს მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოში თავისუფალი და დემოკრატიული სამოთხის აშენების შესახებ…

No Lie Can Live Forever!

About these ads


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 164 other followers